ფასიანი ქაღალდების განვითარების საკითხვისთვის

კახა კაპანაძე

გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და შემდგომში მისი მდგრადი ფუნქციონირების ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს მაღალი აქტივობის მქონე, მობილური საფონდო ბაზარი. პოსტკომუნისტურ პერიოდში, ეკონომიკური რეფორმების სტრატეგიული შემუშავების პირველსავე ეტაპზე ცნობილი იყო, რომ გარდამავალ პერიოდში საფონდო ბაზარი სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული და მიზანმიმართული მხარდაჭერის გარეშე ვერ განვითარდებოდა.

მხარდაჭერის პირველი ეტაპი იყო საკანონმდებლო ბაზის შექმნა და მის საფუძველზე იმ ინსტიტუტის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს კაპიტალის ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების დროსა და სივრცეში კონცენტრაციას, პოტენციური ინვესტორების დაცვისა და გარიგებისათვის ჯანსაღი და არადისკრიმინაციული პირობების შექმნას.

1998 წლის 30 ოქტომბერს მიღებულ იქნა კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი კანონი “არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ”, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალური დეპოზიტარის ცნებები, აგრეთვე ის მარეგულირებელი სფერო, რომლის სუბიექტს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია წარმოადგენს.

საკანონმდებლო ბაზაში უმთავრესი ადგილი უჭირავს საქართველოს პარლამენტის მიერ 1998 წლის 24 დეკემბერს მიღებულ კანონს “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ”, რომელიც შეიქმნა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვის, ემიტენტთა მიერ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებებისას და გაყიდვისას მათი ინფორმაციის, აგრეთვე ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობის ღიაობის უზრუნველყოფის, ფასიანი ქარალდებით საჯარო ვაჭრობაში სამართლიანი წესებისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრების მიზნით. კანონში განისაზღვრა და განმარტებულ იქნა ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების ცნება, გათვალისწინებულ იქნა მოთხოვნები, ემისიის პროსპექტისა და შეთავაზების საჯაროობაზე. დადგინდა ანგარიშვალდებული საწარმოების ცნება, რომლის მიხედვითაც ამგვარ საწარმოებად ჩაითვლება რომელიმე კლასის ასზე მეტი ფასიანი ქაღალდის მფლობელი საწარმოები, ან ისეთი საწარმოები, რომელთა ფასიანი ქაღალდებიც დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე. აქვე განიზასღვრა ის მოთხოვნები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილონ ანგარიშვალდებულმა საწარმოებმა ანგარიშის წარდგენისას. კანონი, “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” არეგულირებს აგრეთვე ფასიანი ქაღალდების საჯარო ვაჭრობის წესებს საფონდო ბირჟაზე და მის გარეთ, ადგენს ფასიან ქაღალდებზე საკუთრების რეგისტრაციის მეთოდს. დადგენილია საბროკერო კომპანიის, ბროკერის, საფონდო ბირჟის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის და ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირების, ლიცენზიის შეჩერების, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობების შემცირებისა და ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები და პროცედურები. კანონის დებულებებით განსაზღვრულია აგრეთვე პასუხისმგებლობანი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ორგანოს შექმნა და მისი კომპეტენციები.

აღსანიშნავია ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციის მიზნით “მეწარმეთა”, “საქართველოს ეროვნული ბანკის”, “კომერციული ბანკების საქმიანობის”, “ნორმატიული აქტების” შესახებ კანონებში და სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში შეტანილი ცვლილებები.

აღნიშნულმა საკანონმდებლო ბაზამ საფუძველი ჩაუყარა ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, კერძოდ – შეიქმნა სფეროს მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო – ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია, რომელმაც, თავის მხრივ, სრულყო და განავითარა ის ნორმატიული ბაზა, რომელმაც განამტკიცა ბაზრის ინსტიტუციონალური დაფუძნების პროცესი:

1999 წლის იანვარში დაფუძნდა და 2000 წლის იანვარში ფასიანი ქაღალდების კომისიამ ლიცენზია გასცა საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რომელიც ვაჭრობებს მართავს 2000 წლის აპრილიდან, კომისიის მიერ აღიარებულია თვითრეგულირებად ორგანიზაციად და კომპანიებისადმი დაწესებული აქვს სპეციალური მოთხოვნები ბირჟის სავაჭრო სისტემაში დასაშვებად და ლისტინგში მოსახვედრად:

1999 წლის ნოემბერში დაფუძნდა, ხოლო 2000 წლის მარტში ლიცენზირებულ იქნა ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი, რომელიც აგრეთვე აღიარებულია თვითრეგულირებად ორგანიზაციად;

2002 წლის 1 იანვრისათვის ლიცენზირებულია 38 საბროკერო კომპანია;

ამავე თარიღისათვის ფუნქციონირებს 7 ლიცენზირებული აქციათა რეგისტრატორი, რომლებიც მთლიანობაში აწარმოებენ 694 ემიტენტის რეესტრს;

2002 წლის 1 იანვრისთვის ანგარიშვალდებულ საწარმოდ კვალიფიცირებულია 415 საწარმო, რომელთაგან 191-მა კომისიას 2001 წლის განმავლობაში წარუდგინა სხვადასხვა ტიპის ანგარიშები;

2000-2001 წლების განმავლობაში კომისიის მიერ 301 საწარმოს ფასიანი ქაღალდების კლასს მინიჭებული აქვს საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი, მათგან 282 საწარმოს ფასიანი ქაღალდები დაშვებულია საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში.

საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და ინსტიტუციონალური დაფუძნების თვალსაზრისით შესამჩნევი პროგრესის მიუხედავად, მდგომარეობა საფონდო ბაზრის გამართული მუშაობისათვის მაინც არასაკმარისია, ვინაიდან საფონდო ბირჟაზე არ მიმოიქცევა იმ რაოდენობის კაპიტალი, რომელიც მის სრულყოფილ და დინამიურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა. მაგალითისათვის: 2000 წლის განმავლობაში ბირჟაზე დადებულ იქნა 601 გარიგება, 5,9 მლნ ლარის ღირებულებით, 2001 წელს – 1591 გარიგება – 31,1 მლნ ლარის ღირებულებით. აღნიშნული მონაცემებით შედარებით ნათელია პროგრესი წინა წელთან მიმართებაში, თუმცა გარიგებების მთლიანი მოცულობის აბსოლუტური მაჩვენებელი მიგვანიშნებს საფონდო ბაზრის მეტად უმნიშვნელო როლზე ქვეყნის მეურნეობაში. ასეთი სიტუაცია შეიძლება შევადაროთ ახლად შექმნილ, ჯერ კიდევ გაუცვეთავ და დაუჟანგავ წყალსადენის სისტემას, რომელშიც წყალი (ანუ კაპიტალი) ხან ძალიან მცირე რაოდენობით, ხან საერთოდ არ მიედინება.

საქართველოში სახელმწიფო რჩება იმ კაპიტალის უმსხვილესი მფლობელი, რომელსაც საფონდო ბირჟაზე მოხვედრის პერსპექტივა აქვს. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სააქციო კაპიტალის პრივატიზება არასაბირჟო წესით ხორციელდება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით პრივატიზება ხდება კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონების შესყიდვით. ყველა ჩამოთვლილი წესით ქონების პრივატიზების ორგანიზება მიმდინარეობს სახელმწიფო დაწესებულების მიერ, რომელიც თვითონ წარმოადგენს მესაკუთრეს, და არა დამოუკიდებელი კერძო ინსტიტუტის მიერ, რომელიც უზრუნველყოფდა ქონების შედარებით კონკურენტულ გარემოში პრივატიზებას, ამ პროცესის საჯაროობასა და გასაყიდ ქონებაზე რეალური საბაზრო ფასის დადგენას.

წინგადადგმულ ნაბიჯად, აღნიშნული მიმართულებით, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ შემუშავებული “სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულებაში ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სპეციალიზებული საბირჟო აუქციონის ინსტიტუტის შემოღებას, რომლის ორგანიზება განხორციელდება საფონდო ბირჟის მეშვეობით. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციებზე ცხადდება საწყისი ფასი და გასაყიდი ფასი აღნიშნულ აქციებზე აუქციონის გამართვის შემდეგ დგინდება, – იმის მიხედვით, თუ რომელი მყიდველი უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს. პროექტით გამორიცხულია აქციის რეალიზება საწყის ფასზე დაბალ ფასში, ე.ი. გასაყიდი ფასი მეტი ან ტოლი მაინც იქნება საწყისი ფასისა. ყოველივე ტარდება საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემის გამოყენებით, რაც გარდა იმისა, რომ უზრუნველყოფს ვაჭრობის პროცესის მოქნილობასა და მასში მონაწილეთა მიერ გადაწყვეტილებების მიღების ოპერატიულობას, ასევე უზრუნველყოფს ამ პროცესში საფონდო ბაზრის პროფესიონალ შუამავალთა და კონსულტანტთა მონაწილეობის მიღებას და მათი საშუალებით აქციათა შესახებ ინფორმაციის გავრცელებას საერთაშორისო ქსელში. შემოთავაზებული მექანიზმი მნიშვნელოვნად გააფართოებს აუქციონში მონაწილეობის მსურველთა წრეს, რაც, მთლიანობაში, ხელს შეუწყობს საფონდო ბაზრის კაპიტალიზაციისა და აქტივობის ზრდას.

ეფექტური ნაბიჯი იქნებოდა ისეთი წესების დამკვიდრება, როცა კანონმდებლობა საშუალებას მისცემდა გამყიდველს, სახელმწიფოს კუთვნილი საბირჟო აუქციონის წესით გასაყიდი აქციების საწყისი ფასით წარუმატებელი ვაჭრობის შემდეგ, აქციები გაიყიდოს საწყის ფასზე ნაკლები ფასით – არა 50%-იანი ფასდაკლებით, როგორც ეს დღესაა, არამედ საბაზრო ფასით. სწორედ ამგვარი წესით ბირჟაზე აქციების გაყიდვა უზრუნველყოფდა სახელმწიფო ქონების რეალური საბაზრო კურსით რეალიზებას და არა დღეს არსებული წესის მიხედვით – ქონებაზე არასაბაზრო მექანიზმებით ფასწარმოქმნას, რაც, საბოლოო ჯამში, ერთ-ერთი მთავარი საფუძველია ქვეყანაში ყველა სახის ქონებაზე არარეალური ფასების ჩამოყალიბებისა და სხვადასხვა ეკონომიკური აგენტების მიერ ქონების რადიკალურად განსხვავებული პრინციპებით შეფასებისა. დღეს მოქმედი კანონის თანახმად, საწყისი ფასით წარუმატებელი ვაჭრობის შემთხვევაში, აქციებზე გამოცხადდება 50%-იანი ფასდაკლება, რაც ხელს შეუშლის საბაზრო პრინციპებით ფასწარმოქმნას. რეალური საბაზრო ფასი დროის იმ მომენტში, როცა აქცია გამოტანილი იყო გასაყიდად, შეიძლება საწყისი ფასის 50-დან 100%-იან დიაპაზონში ყოფილიყო.

ამგვარად, მიზანშეწონილია კანონმდებლობის მიერ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონით განისაზღვროს საბირჟო აუქციონის ისეთი წესით ჩატარების პროცედურა, რომელიც დაუშვებს აქციების საწყისი ფასით არარეალიზების შემთხვევაში, გასაყიდი ფასი დადგინდეს და ისინი რეალიზებულ იქნას საწყის ფასზე ნაკლები ღირებულებით – საბაზრო კურსით. აუქციონის ამგვარი წესით ჩატარებას უწოდებენ “ჰოლანდიურ აუქციონს”. კანონში უნდა განისაზღვროს “ჰოლანდიური აუქციონის” ცნება, რომლის საფუძველზეც შეიქმნება საკანონმდებლო პირობა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისათვის, რათა მათ, თავის მხრივ, გამოსცენ შესაბამისი ნორმატიული აქტები ე.წ. “ჰოლანდიური აუქციონის” ორგანიზების პროცედურების თაობაზე. ამგვარად მოხდება სახელმწიფოს მიერ გასაყიდ აქციებზე საბაზრო ფასწარმოქმნის პრინციპების დამკვიდრება, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციების უფრო კონკრეტულ გარემოში რელიზაციას და პოტენციური ინვესტორების გაცილებით უფრო ეფექტურ მოზიდვას კერძო და არა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ და მეორე მხრივ, საფონდო ბირჟის კაპიტალიზაციის ზრდასა და ბირჟაზე საბროკერო კომპანიების გააქტიურებას.
უნდა აღინიშნოს აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების კიდევ ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორის შესახებ, რომელიც მსხვილ კომპანიათა (განსაკუთრებით სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა) მართვის არაადეკვატურ პრინციპებში მდგომარეობს.

საქართველოს რეალობაში ჩამოყალიბებული დღეს მოქმედი კორპორატიული მართვის წესები, უმრავლეს შემთხვევაში, გარდა რამდენიმე კომპანიისა, ეწინააღმდეგება მსოფლიოში დღეს დამკვიდრებულ მენეჯმენტის პრინციპებს, რომლის მიხედვითაც კომპანიათა საქმიანობაზე ზედამხედველობა ხელმისაწვდომი უნდა იყოს წვრილი აქციონერებისთვის. კომპანიების მენეჯმენტი ღია უნდა იყოს საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის, რაც კომპანიების მართვის ეფექტურობის ზრდას უწყობს ხელს. ჩვენს სინამდვილეში კორპორატიული მართვის თვალსაზრისით, განსაკუთრებით “დახურულ” მდგომარეობაში იმყოფებიან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები, რომელშიც მართვის პრინციპები ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში არაა მოყვანილი. ასეთ საწარმოთა უმრავლესობაში მოქმედებს მოძველებული, არაეფექტური მენეჯმენტი, რომელიც საწარმოთა მართვის რესტრუქტურიზების, მათში რეზერვების გამოვლენისა და ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდისათვის ერთ-ერთ უმთავრეს დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს.

ამგვარი ტიპის საწარმოთა გამჭვირვალობის ზრდისა და მართვის საჯაროობის ამაღლების ერთ-ერთი რეზერვია – სააქციო საზოგადოებების სახით ჩამოყალიბებული საწარმოების ანგარიშვალდებულ საწარმოებად გამოცხადება, რაც უზრუნველყოფს ყველა სააქციო საზოგადოების მიმართ ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების დაწესებას, რის გამოც მნიშვნელოვნად გაიზრდება ასეთ საწარმოთა მართვის გამჭვირვალობა, რაც საბოლოო ჯამში, მენეჯმენტის სრულყოფასა და კომპანიაში არსებული რეზერვების მაქსიმალურ გამოვლენას უზრუნველყოფს.

ამგვარად, შესაბამისმა საკანონმდებლო ცვლილებებმა უნდა უზრუნველყოს “მეწარმეთა შესახებ” და “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” კანონთა დებულებების ისე ჩამოყალიბება, რომ ყველა სააქციო საზოგადოება გამოცხადდეს ანგარიშვალდებულ საწარმოდ, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათზე საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერებას, საწარმოთა საქმიანობის გამჭვირვალობას და მაქსიმალურად გამორიცხავს მმართველების მიერ სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას. უზრუნველყოფილი იქნება აგრეთვე პოტენციური ინვესტორის მიერ საწარმოს შესახებ ინფორმაციის მოპოვება და საწარმოთა მმართველობის მიერ ახალ პირობებეში დამატებითი ემისიის საშუალებით ინვესტიციების მოზიდვით დაინტერესება.

აღნიშნული ღონისძიებები კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყანაში ცივილიზებული საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებისაკენ მიმავალ გზაზე.