რა მიზანს ემსახურებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
მაკა ღანიაშვილი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ონ-ლაინ დამკრედიტებელი კომპანიების „პოპულარობა“ მოსახლეობაში სულ უფრო იზრდება (ჩვენს ქვეყანაში არსებულ ონ-ლაინ სესხების ბაზარზე „საქართველოს ეკონომიკა“ უკვე წერდა:
იხილეთ სტატია). ეს არც არის გასაკვრისი მძიმე სოციალური ფონისა და უმუშევრობის დონის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით. ხშირად ადამიანს გამოსავალი არ რჩება და მიუხედავად იმისა, ესმის თუ არა რას აწერს ხელს, კაბალურ პირობებს თანხმდება სესხის მისაღებად. ონლაინ კრედიტების გამცემი კომპანიების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ხშირად 1000-1500%-ს აღწევს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასულ წელს მიღებულმა წმინდა მოგებამ კი 80 მილიონი ლარი შეადგინა.
მიკროფინანსოები ფინანსური შუამავლობის სახეობაა, რომელიც კომერციული ბანკების ალტერნატივას წარმოადგენს. ტრადიციული გაგებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის დამახასიათებელი ნიშნებია მცირე მოცულობის სესხები, დაკრედიტება უზრუნველყოფის გარეშე და მსესხებლების სახით, ძირითადად, დაბალი შემოსავლების მქონე მეწარმეები, რომლებსაც საკრედიტო ისტორიისა და სესხის უზრუნველსაყოფად საჭირო აქტივების უქონლობის გამო არა აქვთ წვდომა საბანკო მომსახურებაზე. თავდაპირველად ფინანსური მომსახურების ამ ინოვაციური ფორმით საერთაშორისო განვითარების სააგენტოები და მათი დონორები დაინტერესდნენ, რომლებმაც მასში სიღარიბის დაძლევის იაფი გზა დაინახეს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს უნდა შეექმნათ ფინანსური რესურსი მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც მანამდე საბანკო სესხებზე წვდომა არ ჰქონდა, მაგრამ საქართველოში (ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში) დარგის განვითარებამ სხვა მიმართულება მიიღო და ღარიბი მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად გაღარიბება გამოიწვია.
თავდაპირველმა ჩანაფიქრმა არ გაამართლა იმის შესახებ, რომ მიკროფინანსები სიღარიბის დაძლევის შესაძლებლობას წარმოადგენდა. კაპიტალზე წვდომის ალტერნატიული წყარს გაჩენა დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი სიღარიბის დასაძლევად. ფინანსებზე წვდომამ ვერ გამოიწვია მსესხებლების სრულყოფილი ინტეგრაცია ეკონომიკურ პროცესებში. უფრო მეტიც, ეკონომიკური განვითარებისთვის განკუთვნილი ფულადი ნაკადები წარიმართა სამომხმარებლო საჭიროებების დასაფინანსებლად. იგიევა საქართველოშიც.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების დიდი წილი სამომხმარებლოა. მიკროსაფინანსო სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია, 2008 წელსაც კი, როდესაც ქვეყანაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, რასაც მსოფლიოს ფინანსური კრიზისიც დაემატა, მიკროსაფინანსო სექტორის აქტივები 2007 წელთან შედარებით 100%-ით გაიზარდა, ხოლო გაუნაწილებელი მოგება თითქმის 8-ჯერ.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საქართველოში 2006 წელს გამოჩნდნენ, როცა პარლამენტმა მიიღო კანონი „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“. 2014 წლის მეოთხე კვარტლისათვის მიკროსაფინანსოების რაოდენობა 70 ერთეულს აღწევს, სექტორში 4101 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სერვისცენტრების და ფილიალების რაოდენობა 294-ს შეადგენს. 2014 წლის მე-4-ე კვარტლის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივები 1,107 მილიარდი ლარია და ეს მაჩვენებელი ერთ წელიწადში 300 მილიონ ლარაზე მეტით გაიზარდა. შარშან მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 80 მილიონ ლარს მიაღწია, ხოლო ამ ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების მოცულობამ 6 მლნ ლარს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სულ 852 მილიონი ლარი აქვს გასესხებული. ყველაზე დიდი წილი სამომხმარებლო სესხებზე მოდის – 427 მილიონი ლარი. შემდეგია სოფლის მეურნეობა – 187 მილიონი ლარი და ვაჭრობა – 170 მილიონი ლარი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ბაზარს საკრედიტო პროდუქტების თვალსაზრისით ყველა იმ კატეგორიის კრედიტებს სთავაზობს, რასაც კომერციული ბანკები. მისო-ები კლიენტებს სთავაზობენ იპოთეკური სესხებს, ავტო სესხებს, აგრო სესხებს, ბიზნეს სესხებს, სალომბარდო სესხებს და სამომხმარებლო სესხებს. სასესხო პროდუქტებს უკვე საკრედიტო ბარათებიც დაემატა და მისო-ები მას კლიენტებს უახლოეს მომავალში შესთავაზებენ.
სპეციალისტთა შეფასებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსის მქონე საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირებული ინსტიტუტიდან უმრავლესობა თავისი შინაარსით სამომხმარებლო ფინანსების კომპანიას წარმოადგენს. მათი საქმიანობა აბსოლუტურად ლეგიტიმურია, მაგრამ გასესხება ეფუძნება არა მომხმარებლის ფინანსების ანალიზს, არამედ მის მიერ სესხის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი ნივთის ან ქონების (ძვირფასეულობა, ავტომობილი ან უძრავი ქონება) შეფასებას, ხოლო სახსრები მიემართება არა ბიზნესის დასაფინანსებლად, არამედ ნემისმიერი სამომხმარებლო საჭიროებისათვის. გასესხების აღნიშნულ მოდელში იგნორირებულია მომხმარებლის ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი, რაც შესაძლოა, ჭარბი საკრედიტო ტვირთის წარმოშობის მიზეზი გახდეს. ამას ემატება მაღალი საპროცენტო განაკვეთებიც.
საპროცენტო განაკვეთები ამ სექტორში საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით ავტოსესხებზე და სალომბარდო სესხებზე. საპროცენტო განაკვეთები ცალკეული პროდუქტების მიხედვით 18-დან 60%-მდე მერყეობს. რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მაშინ როცა ევროპის ცენტრალური ბანკის ოფიციალური მონაცემები ცხადყოფს, რომ ევროპულ სახელმწიფოებში მიკროკრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაცილებით დაბალია, ვიდრე საქართველოში. 2013 წლის ივლისის მდგომარეობით ბულგარეთის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 7.07%-ია, ფინეთის – 1.18%, ჩეხეთის – 2.68%, ესტონეთის – 2.65%, უნგრეთის – 7.0%, ლატვიის – 2.71%, ლიტვის – 3.15%, რუმინეთის – 9.02%, პოლონეთის – 4.9%, სლოვენიის – 4.1% და ა.შ.
ეროვნული ბანკი აწარმოებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგისტრაციას, რა დროსაც გარკვეულ სტანდარტებს უწესებს კანდიდატ კომპანიებს, მათ დამფუძნებლებსა და დირექტორებს. მისო-ები სებ-ს რეგულარულად აბარებენ ანგარიშს, ხოლო ცენტრალური ბანკის საზედამხედველო ჩარჩო მიმართულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის, უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისკენ. ეროვნული ბანკი არ ახდენს მისო-ების სიღრმისეულ რეგულირებას, რასაც ადგილი აქვს კომერციული ბანკების შემთხვევაში. კომერციული ბანკების მკაცრი რეგულირების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ ბანკები იზიდავენ დეპოზიტებს მოსახლეობიდან, საზედამხედველო ორგანოს მოვალეობა კი არის, ის რომ მოსახლეობის დეპოზიტები ჯანსაღ ინსტიტუტებში იყოს განთავსებული. როგორც აღვნიშნეთ, მიკროსაფინანსოების მკაცრი მარეგულირებელი ჩარჩოები არ არსებობს, მაგრამ მათ არც დეპოზიტების მოზიდვის ფუნქცია აქვთ. ბანკებისგან განსხვავებით, მისო-ებს ეკრძალებათ მოსახლეობისგან დეპოზიტების მიღება.
მიკროსაფინანსოების არსებობა აუცილებელია, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ის საბანკო მომსახურების ალტერნატივას წარმოადგენს, მაგრამ საქართველოში პრობლემაა მაღალი საპროცენტო განაკვეთები და კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ის, რომ მიკროსაფინანსოების უმტესობა თავის არსს ვერ ამართლებს და არათუ სიღარიბის აღმოფხვრას უწყობს ხელს ქვეყანაში დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის ფინანსებზე წვდომის თვალსაზრისით, არამედ პირიქით, მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და სასესხო უზრუნველყოფის პირობების გათვალისწინებით, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად გაღარიბებას უწყობს ხელს, რასაც ემატება ისიც, რომ გაცემული სესხების დიდი წილი სამომხმარებლოა, რაც ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის შემცირების ხელშემწყობის ერთ-ერთ წინაპირობად ვერ გამოდგება.