მსოფლიოს 2015 წლის მოაზროვნეები
მოამზადა მაკა ღანიაშვილმა
ბრიტანული გამოცემა – Prospect, ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით ატარებს გამოკითხვას და ადგენს მსოფლიო მოაზროვნეების სიას. გამოკითხვაში ჩართულნი არიან სოციალური ქსელების (Facebook, Twitter) მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
2014 წლის გამოკითხვაში ლიდერობდა ეკონომისტი და ფილოსოფოსი ამარტია სენი, რომლის ნაშრომებიც ფოკუსირებულია სოციალურ, პოლიტიკურ და გარემო გამოწვევებზე, რომელიც გავლენას ახდენს ეკონომიკის ზრდაზე განვითარებად ქვეყნებში. როგორც 2015 წლის გამოკითხვის შედეგებმა აჩვენეს, მსოფლიო მოაზროვნეების ათეული რადიკალურადაა შეცვლილი. თუმცა, აღსანიშნავია ერთი გარემოება, მართალია, სხვადასხვა გზებით და მსჯელობის განსხვავებული ფორმებით, მაგრამ, როგორც გასული წლის, ისე 2015 წლის შედეგები მეტყველებენ იმაზე, რომ მსოფლიო მოაზროვნეების სიაში ის კანდიდატები ლიდერობენ, რომელთა კვლევების თემაც ასე თუ ისე უკავშირდება განვითარებადი ქვეყნების მომავალს და იმის დეფინიციას, თუ რას ნიშნავს განვითარებული მსოფლიო.
2015 წლის მოაზროვნეების სიას სათავეში ფრანგი ეკონომისტი, თომას პიკეტი უდგას და ეს არ არის გასაკვირი. მიმდინარე წლის იანვრისთვის მისი წიგნის „კაპიტალი 21-ე საუკუნეში“ მსოფლიოში 1.5 მილიონი ეგზემპლარი იყო გაყიდული სხვადასხვა ენაზე. გასული წლის შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური უთანასწორობა პოლიტიკური და ეკონომიკური დისკუსიების მთავარი თემა ხდება.
თომას პიკეტის გარდა, ათეულში ეკონომიკასა და ბიზნესთან დაკავშირებული სხვა სახეებიც მოხვდნენ, მათ შორის: იანის ვარუფაკისი, ნაომი კლეინი, პოლ კრუგმანი და რასელ ბრენდი. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი პოლიტიკურად მემარცხენე ფრთის იდეოლოგიის მიმდევარია. ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი გრეგორი მენქიუ, რომელიც პიკეტის იდეებს აკრიტიკებს და იცავს მსოფლიო მოსახლეობის უმდიდრეს 1%-ს, 2015 წლის მოაზროვნეების სიის 50 კანდიდატში ბოლოშია, 45-ე ადგილით.
მსოფლიოს 2015 წლის ტოპ-10 მოაზროვნე:
1. თომას პიკეტი
ძნელია, განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში, მოიძებნოს ეკონომიკის სფეროს ისეთი ავტორი, რომელმაც იმხელა ვნებათაღელვა და აზრთა რადიკალური სხვაობა გამოიწვია თვითონ ეკონომისტებში, როგორც თომას პიკეტმა და მისმა წიგნმა. წიგნის – „კაპიტალი 21-ე საუკუნეში“ -მთავარი თეზა ის არის, რომ კაპიტალისტურ წყობას აქვს ბუნებრივი მიდრეკილება კიდევ უფრო შეუწყოს ხელი უთანასწორობის ზრდასა და სიმდიდრის მცირერიცხოვან ჯგუფში კიდევ უფრო მეტად კონცენტრირებას.
წიგნმა ბევრი ადამიანის სათქმელი თქვა, შესაბამისად, არ არის მოულოდნელი მისი პოპულარობა, უთანასწორობის პრობლემა მსოფლიო მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აწუხებს.მიუხედავად ამისა, პიკეტის წიგნს ასევე მოჰყვა დიდი კრიტიკა პროფესიონალების მხრიდან. Financial Times-მა პიკეტი სტატისტიკური მონაცემების მცდარ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა, რომელზეც პიკეტი თავის მსჯელობას აგებს და წიგნის ბოლოს დასკვნასაც აკეთებს. პიკეტმა ბრიტანული გამოცემის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამაში ტრაგედიას ვერ ხედავს და მომავალში მონაცემების ბაზა გაუმჯობესდება. სტატისტიკური მონაცემების არასწორი ინტერპრეტაციის გარდა, კრიტიკოსები პიკეტის სიმდიდრეზე გლობალური გადასახადის დაწესების იდეასაც აკრიტიკებენ. თუმცა, მიუხედავად დიდი კრიტიკისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ მისი წიგნი მილიონობით იყიდება მსოფლიოს სახვადასხვა ქვეყნებში, წიგნის ავტორი კი2015 წლის მსოფლიოს გავლენიან მოზაროვნეებს შორის ლიდერია.
2. იანის ვარუფაკისი
კიდევ ერთი წინააღმდეგობრივი ფიგურა, რომელსაც მისი იდეების გამო ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ სიის სათავეში მეორე ადგილზეა, არის საბერძნეთის ახალარჩეული მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრი – ფინანსთა მინისტრი იანის ვარუფაკისი. იანვარში საბერძნეთის არჩევნებში „სირიზას“ გამარჯვება, როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, დიდწილად განაპირობა ვარუფაკისის რადიკალურმა განცხადებებმა.
ვარუფაკისი ფლობს ესექსის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს თამაშთა თეორიაში, და ის თავს „შემთხვევით ეკონომისტს“ უწოდებს. ვარუფაკისი ცდილობს, ევროპის ლიდერებს მოახვიოს თავს მის მიერ შემუშავებული საბერძნეთის ვალის რესტრუქტურიზაციის გეგმა. მან რამდენჯერმე მოახერხა ევროპელი ლიდერების დარწმუნება. მაგრამ ახლა მისი პოზიციები არცთუ ხელსაყრელია – ევროპელი ლიდერები უკვე აცხადებენ, რომ დაიღალნენ ვარუფაკისის ორმაგი თამაშით, რადგან ის ერთს ამბობს ბრიუსელში მოლაპარაკებების მაგიდასთან და მეორეს – საკუთარი ამომრჩევლის წინაშე საჯაროდ გამოსვლების დროს.
3. ნაომი კლაინი
ნაომი კლაინის ნაშრომების მთავარი თეზა კაპიტალიზმი და მისი ზეგავლენაა გარემოზე. The New Yorker აღწერს მას, როგორც „ამერიკის მემარცხენე ფრთის ყველაზე გავლენიან და თვალსაჩინო თანამედროვე წარმომადგენელს“, თუმცა მისი იდეები ამერიკის ფარგლებს დიდი ხანია გასცდა და მსოფლიოშიც არანაკლები წარმატებით და პოპულარობით სარგებლობს. ის 21-ესაუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მემარცხენე აქტივისტია, რომელიც კორპორატიული გლობალიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე კრიტიკოსად შეგვიძლია მივიჩნიოთ. განსაკუთრებით დიდი აღიარება მოჰყვა ნაომი კლაინის წიგნს „ლოგოს გარეშე“. წიგნში ავტორი საუბრობს მსხვილი კორპორაციების მხრიდან უფლებების დარღვევებზე, აგრესიულ მარკეტინგზე, ბრენდინგზე, ცენზურაზე და სხვა თემებზე.
4. რასელ ბრენდი
რასელ ბრენდი შეიძლება მივიჩნიოთ ბრიტანეთის, არალოიალურად განწყობილი ანტი-კაპიტალისტური თინეიჯერების ლიდერად. გასული წლის ოქტომბერში ცნობილმა მსახიობმა გამოაქვეყნა „რევოლუცია“, მანიფესტი, რომელიც სიმდიდრისა და ძალაუფლების გადანაწილების რადიკალურ ცვლილებებს ეძღვნება. „ინგლისს უსათუოდ რევოლუცია სჭირდება! ეს თვალთმაქცობაა! სისხლისმღვრელი რევოლუციის დროა.
ერთადერთი, რაც ამ სიტუაციას უშველის, ვინმესთვის თავის მოკვეთაა“ – განაცხადა რასელმა ერთ-ერთ ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის დედოფლის ბრილიანტის იუბილესთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი კრიტიკოსი უბრალოდ მასხარას უწოდებს, ფაქტია, რომ ბევრი თინეიჯერისთვის ის კერპია და მის იდეებსაც იზიარებენ და არამხოლოდ თინეიჯერებში, რასელის პოპულარობა სულ უფრო იზრდება ბრიტანეთის მოსახლეობის მემარცხენე ფრთაში.
5. პოლ კრუგმანი
ნობელის ლაურეატი და პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ კრუგმანი განაგრძობს მსოფლიოს მასშტაბით წარმართული დისკუსიების ეპიცენტრში ყოფნას, ძირითადად, მისი სვეტის საშუალებით, რომელიც New York Times-ში მიჰყავს. ასევე, ძალიან პოპულარულია მისი ბლოგი. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში. კრუგმანი ევროს შემოღებას მიიჩნევს შეცდომად, მაგრამ ამავე დროს აცხადებს, რომ რადგან ევრო უკვე შემოღებულია, მის გადასარჩენად ყველაფერი უნდა ვიღონოთ. „თუ შესაძლებელია, ევროს გადარჩენა საჭიროა.
თუმცა ახლანდელი პოლიტიკა ამას არ ცდილობს. ახლანდელი პოლიტიკა, სინამდვილეში, წირავს მას. ძალიან ცუდი იქნება, თუ ევრო მოკვდება, თუმცა მე ადრევე ვფიქრობდი, რომ მისი შემოღება შეცდომა იყო. მაგრამ ჩვენ ეს შეცდომა უკვე დავუშვით და ახლა საჭიროა მისი გადარჩენა, რადგან ევროს სიკვდილი ძალიან ცუდი იქნება იმ პროექტისთვის, რომელსაც „ევროპა“ ჰქვია“ – წერს პოლ კრუგმანი.
კრუგმანი ნობელის პრემიით დააჯილდოვეს ვაჭრობის მოდელებისა და ეკონომიკური გეოგრაფიის პრობლემების ანალიზისთვის.
6. ერანდეტი როი
1997 წელს როიმ მიიღო ლიტერატურული პრემია წიგნისთვის „პატარა საგნების ღმერთი“. მისი წიგნისა და შემდეგი პუბლიკაციების მთავარი თემა არის ქალების მდგომარეობა ინდოეთში, კორპორაციული კორუფცია და ქაშმირის დამოუკიდებლობა.
2014 წელს მისი კრიტიკის მთავარი ობიექტი გახდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოუდი, რომლის არჩევასაც როიმ ტრაგედია უწოდა. ის აკრიტიკებს ინდოეთის კასტური სისტემის სისასტიკეს.
7. იურგენ ჰემბერმესი
მაშინ როცა „სირიზას“ გამარჯვების მერე საბერძნეთის მთავრობა ცდილობს ევროპას ვალების რესტრუქტურიზაციის ახალი მოდელი შესთავაზოს და ამით შვება მოჰგვაროს ვალებით დამძიმებულ ბევრ ევროპულ ქვეყანას, ჰემბერმესის ნაშრომების მთავარი თემა ევროზონის კრიზისია და ის, რომ მას როგორც არასდროს სჭირდება ძირეული რეფორმები.
მისი წერილების კრებულში „ტექნოკრატიის საცდური“ ის განიხილავს ევროპული ინსტიტუტების ძირეული დემოკრატიზაციის აუცილებლობის საკითხებს.
8. დანიელ კენმენი
მას ხშირად აფასებენ, როგორც მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ფსიქოლოგს. 2012 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი „ფიქრი სწრაფად და ნელა“, რომელიც მსოფლიო ბესტსელერი გახდა.
წიგნი განიხილავს გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს ფსიქოლოგიური ასპექტით. კენმენს 2002 წელს ნობელის პრემია მიენიჭა ეკონომიკაში „ეკონომიკურ მეცნიერებაში ფსიქოლოგიური ასპექტების კვლევისთვის“.
9. ჯონ გრეი
გრეი ცნობილია როგორც დასავლეთის კატასტროფების წინასწარმეტყველი. ის ამბობს, რომ კომუნიზმის დამარცხებიდან 25 წლის განმავლობაში ჩვენ ისევ ვცხოვრობთ „ლიბერალური სიცრუის“ ხანაში, რომელსაც ძალიან დიდი საერთო აქვს რელიგიურ იდეოლოგიასთან, წიგნში „მარიონეტის სული: ადამიანური თავისუფლების მოკლე კვლევა“.
10. ეთალ გავანდი
2015 წლის მოაზროვნეების პირველ ათეულს ბოსტონის ქალთა ჰოსპიტალის ქირურგი ეთალ გავანდი ასრულებს, რომელიც ასევე აქვეყნებს მედიცინასთან დაკავშირებულ წერილებს New Yorker-ში. მისი პირველი წიგნი „არეულობა“, რომელიც 2002 წელს გამოქვეყნდა, განიხილავს სამედიცინო პრაქტიკასთან დაკავშირებულ ეთიკურ საკითხებს. მისი ბოლო წიგნი „მომაკვდავად ყოფნა“ და ასევე ლექციების ციკლი ეძღვენება იმის მოწოდებას ადამიანებისთვის, რომ მედიცინის შესაძლებლობებს ლიმიტი აქვს და როგორც ექიმები, ისე პაციენტები რეალისტები უნდა იყვნენ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მსოფლიოს გავლენიანი მოაზროვნეების სიას არა პროფესიონალები, არამედ სოციალური ქსელების რიგირთი მომხმარებლები ადგენენ, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგების მიხედვით კი შეიძლება თამამად ვიმსჯელოთ იმ თემებზე, რომელიც მსოფლიო მოსახლეობას ამ ეტაპზე ყველაზე მეტად აწუხებს. სიის პირველ ათეულში მყოფი ავტორების პუბლიკაციების მთავარი თემები კი სოციალური უთანასწორობა, კორუფციასთან დაკავშირებული საკითხები და ევროზონის პრობლემებია.