საქართველიში ფული ღია ცის ქვეშ ყრია
ქეთი მიქელაძე
გარდა იმისა, რომ ნაგებობების იერსახემ საუკუნეებს უნდა გაუძლოს, ახალ გემოვნებასაც უნდა უპასუხოს. საქართველოს კლიმატისთვის (მკაცრი ზამთარი, დასავლეთით – ნესტი) სასურველია ნაგებობების ძირი (თუ პირველი სართული არა) მოპირკეთდეს მაღალი თბოიზოლაციური თვისებების მასალებით, როგორებიცაა დიაბაზი, გრანიტი, გაბრო-გრანიტი, ტუფი და ბაზალტი. ხალხისთვის ეს მასალები ჯერჯერობით მიუწვდომელი ფუფუნებაა, მაგრამ ძვირი ელექტროენერგიის პირობებში ისინი შეუცვლელნი იქნებოდნენ დენის ეკონომიის თვალსაზრისით.
ამას გარდა, ტუფი, ბაზალტი და გრანიტი კარგია მიწისძვრაგამძლეობის და სხვა დაზიანებების საწინააღმდეგო კუთხითაც, თუმცა, მარმარილოს ეს მახასიათებლები ნაკლებად აქვს. ეკლესიებიც ამ პრინციპითაა მოპირკეთებული – სითბოს დამჭერი და გამძლე მასალებით. მაგალითად, ალავერდი – ქვიშა ქვით, ბაგრატი – ეკლარის ქვით, ბოლნისის სიონი ტუფით, სვეტიცხოველი და ჯვარი ქვიშა ქვით.
მეტი სიცხადისათვის ჩამოვთვალოთ საბადოები: 1. ძირულის მასივის გაბროები; 2. ამავე მასივის გრანიტები და კვარციანი დიორიტები; 3. ძირულის ტეშენიტები (კურსების, ოფურჩხეთის საბადოები); 4. დიაბაზები და გაბრო-დიაბაზები. (აიგბის ყაზბეგის, ქვარშაურის, უშლევის, ჭორკვალის და სხვა საბადოები); 5 სამხრეთ საქართველოს ბაზალტები (წალკის, ბეშთაშენის, კაზრეთის, რატევანის, მარნეულის საბადოები); 6. მესხეთ-ჯავახეთის ანდეზიტები (შემოქმედის და კობისის საბადოები; 7. ბოლნისის მადნიანი რნ-ის ტუფები (ბოლნისის ჯგუფის საბადოები, ჭივჭავი I და II); 8. სვანეთის მარმარილოები (დიზის, ჭუბერის, ჭოლურის); 9. სხვადასხვა ასაკის გამარმარილოებული კირქვები (კლდიანას, გუმისტის, შრომის, სალიეთის, ძველი და ახალი შროშის, ლოპოტის, სადახლოს, ჭობარეთის და სხვა); 10. შუაიურული პერიოდის კირქვები (ეკლარის, დარკვეთის, მოწამეთას საბადოები).
დღეს რეალურად, მეტ-ნაკლები დატვირთვით მუშაობს ლოპოტის, ხორითის, ჭუბერის და ტვიბის, სალიეთის მარმარილოს კარიერები. (შეჩერებულია სადახლოსა და თივის კარიერზე მუშაობა).
გრანიტებიდან მუშაობს კურსების, ოფურჩხეთის, ყაზბეგის კარიერები. (შეჩერებულია რაჭის, სვანეთის, მარტვილისა და ახალციხის საბადოები).
ტუფებიდან მოიპოვებენ ბოლნისის, აკაურთის, სარაჩლოს მასალებს, (შეჩერებულია დმანისის და მარნეულის კარიერზე მუშაობა). მარაგები ყველა მასალებისათვის საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგალითად, სადახლოს კირქვების მარაგია 1,881,000 მ3, დარკვეთის კირქვისა – 6,115 000მ3, ეკლარის კირქვის – 3,858 000მ3, და ა.შ. სულ, მოსაპირკეთებელ მასალათა ნედლეული რესპუბლიკაში უდრის 196, 4მლნ მ3. მოსაპირკეთებელი რესურსების მარაგები მოყვანილია “სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ბიულეტენში (1998, #9 ივნისი).
მოსაპირკეთებელი მასალების წარმოება-რეალიზაციაში სერიოზული კაპიტალი ტრიალებს და მოსახლეობის დიდ ნაწილს, ნანატრ შეძლებულ ფენად ჩამოყალიბების შანსს აძლევს. ამ მასალათა ასორტიმენტი ისე სწრაფად იცვლება, მშენებლებიც ძლივს ასწრებენ სიახლეების ათვისებას. ეს ყოველივე ქალაქის იერს დღითიდღე ცვლის. ბუნებრივ მოსაპირკეთებელ მასალებთან დაკავშირებული ყველა პრობლემა და სურვილი თავს იყრის შემდეგნაირად: ა) გვაქვს ბევრი საჭირო და საინტერესო მასალათა საბადოები; ბ)როგორ გავზარდოთ ადგილობრივ ბაზარზე მათი მუშაობის მოცულობა შესაბამისად სახელმწიფოს კეთილდღეობის ზრდით; გ)როგორ გავიდეთ მსოფლიო ბაზარზე. ამ პუნქტების განხორციელებაში სხვადასხვა პოზიციები იკვეთება. მაგ: მკაცრად გავაკონტროლოთ (და არა ავკრძალოთ) ამ მასალათა იმპორტი, ანუ არ დავუშვათ კონტრაბანდა და ყველაფერი მოგვარდება თავისუფალი კონკურენციით; მეორე პოზიციით: ავიღოთ კრედიტები, შევიძინოთ ყველანაირი ტექნიკა და მთელი დატვირთვით ავამუშაოთ ეს დარგი. ეს მოსაზრებები საკმაოდ ბუნდოვანია, მიუხედავად იმისა, რომ მათში სიმართლის მარცვლებიცაა. თუ როგორ გამოვიყენებთ იმ “ქერის ორმოს, რომლის პირასაც ვზივართ”, დამოკიდებულია უფრო ანალიტიკური მოსაზრებების გაცნობაზე. გვესაუბრება ალმასებისა და კომპოზიციური მასალების ლაბორატორიის გამგე ნიკოლოზ ლოლაძე:
“არავინ უარყოფს იმას, რომ ვულკანური ქანების დიდი პოტენციალი გვაქვს. მართალია, ბარბაროსულად მოპოვებული მეთოდი გვქონდა, მაგრამ პარადოქსია, რომ ტრადიციულად ქვის დამამუშავებელ ქვეყანაში, არსად ისწავლება სპეციალობა – ქვის დამუშავების ტექნოლოგია. ყველა ქვას თავისი თვისებები აქვს, თავისი დაზგა სჭირდება, თავისი ინსტრუმენტი. ძველი პერიოდიდანვე კარიერთა უმრავლესობასთან იქმნებოდა ე. წ. “ცეხები”. ვინ ინიშნებოდა დირექტორად? იმ რაიონის პარტ-ნომენკლატურა. ინჟინრად და ტექნოლოგადაც – ადგილობრივი კადრები. ითვლებოდა, რომ თუ პაპის პაპა ქვას თლიდა, ეს მეთოდია ცოდნის ზენიტი და სპეციალისტის რჩევა არ სჭირდებათ. ამასთან, რუსეთი როგორც თავის (ურალში), ისე მოძმე რესპუბლიკების საბადოებში ნედლეულს აფეთქებებით მოიპოვებდა. არა იმიტომ, რომ ჩვენი ჯავრი სჭირდა, უბრალოდ, ყველაზე მარტივი მეთოდი შეარჩიეს. ბევრმა არ იცის, რომ აფეთქებებშიც არის სხვა მეთოდები. არსებობს ქანის აფეთქებით მოპოვების საკმაოდ უდანაკარგო ვარიანტები, მაგრამ ამას მეტი განათლება და ინტელექტი სჭირდებოდა… 1986 და 1988 წლებში საქართველოში შემოვიდა ქვის დამუშავების იტალიური ქარხნები. ერთი მოხვდა კაზრეთში, მეორე – სადახლოს მარმარილოს კარიერზე. კაზრეთისა არ აუმუშავებიათ, სადახლოში აამუშავეს, მაგრამ ლამის მოშალეს, ხარისხის მხრივ დიდი შედეგები არ ყოფილა. რატომ? ის ტექნიკა გათვლილი იყო მზა კუბების დამუშავებაზე, აქ კი ზოდებს შემოდებდნენ. ჩვენს ლაბორატორიას ქართული “ქვის კადრებთან” ურთიერთობის სამი ათეული წლის გამოცდილება აქვს და შეიძლება ითქვას, რომ ეს მცდელობები ამაოა. ქართული მენტალიტეტი საქმიან წინადადებას “ცხვირის ჩაყოფად” იგებს ან დისკრიმინაციულ გარიგებას გვთავაზობს მომსახურებაში. არსებობდა საშენი მასალების სამინისტრო, ბიზნეს-გეგმები ჰქონდათ. დაინტერესდა ვინმე? არა. ჩვენი გამოცდილების შედეგია ბიზნეს-გეგმა, რომელშიც დეტალურადაა განხილული ქვის დამამუშავებელი მინი-ქარხნის მუშაობა, იმის გათვალისწინებით, რომ იგი უნდა დამონტაჟდეს საქართველოში, დაზგასთან დადგეს ქართველი მუშა, გათვალისწინებულია “ქართული” ანუ ცვალებადი დენი, ჩვენი, ანუ გაუფილტრავი წყალი. შესაძლებელია 5მმ სისქიდან 2 სმ-მდე სისქის დიაპაზონში დამზადდეს ქვები. 1999 წელს პროექტის სამეცნიერო მხარე დააფინანსა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ხუროძემ, მაგრამ ამ ეტაპზე გავჩერდით, ეს 100 ათას დოლარიანი პროექტია თვეში 1000მ2 მასალის დამზადების სიმძლავრით, მაგრამ ბიზნესმენები ექვს თვეში ცდილობენ ფულის ამოღებას, როგორც ჩანს, ჯერ არავის აინტერესებს ადგილობრივი ბაზრისთვის გათვლილ ასეთ წარმოებაში ფულის დაბანდება. რაც შეეხება ექსპორტს, კარგია გრანიტები, ის გამძლეა, იშვიათი, ძვირად ღირებული. მაგრამ მთავარი სხვა რამეა. თუ წელიწადში უცხოეთს სთავაზობ 10 ათას მ2, ეს ცოტად ითვლება. მით უმეტეს, თუ მოლაპარაკებაზე შუამავალი მიდის, მას დიდი რაოდენობიდან სურს მოიგოს. შევესწარი ინგლისელების საუბარს გერმანიაში: ინგლისის ერთ-ერთი კერძო ტელევიზიის მოპირკეთებაზე დახარჯულა 7 500მ2 მასალა, რაც ალჟირიდან შეუტანიათ. აღინიშნა, რომ ექსპორტი 500 ათასი ან მეტი მეტრკვადრატი მაინც უნდა იყოს, ორივე მხარეს რომ აძლევდეს ხელს”.
აღიარებულია, რომ მსოფლიო და ქართული ბაზარიც გაჯერებულია ბუნებრივი მოსაპირკეთებელი მასალებით, მაგრამ ჩვენი ბაზარი მაინც ისრუტავს ყოველწლიურად უკრაინის ძვირადღირებულ გრანიტებს, გაბროებს, რომლებიც შავი ზღვიდან შემოდის. ამაში სასაფლაოს მესვეურებიც დაგვეთანხმებიან. ამის გარდა, უცხოეთის მასალებიდან საფლავებისთვის იყენებენ ურალის თეთრ მარმარილოსაც, ბერძნულს. თუმცა, მოხმარებაში ადგილობრივი მასალა ჭარბობს: გოხნარის, ახალციხის, ბოლნისის ბაზალტი. კურსების, ქუთაისის, ტყიბულის გრანიტი. აღნიშნავენ, რომ მარტო თბილისში სარიტუალო დატვირთვით 40-მდე საამქრო მუშაობს, შეკვეთების სიმცირეს არ უჩივის.
გვესაუბრება, რესურსების მართვის ექსპერტი, სანდრო თვალჭრელიძე: “რაც ქვის მოპოვება-დამუშავება-რეალიზაციაში ხდება, თითქმის 100%-ით ჩრდილოვანია. ლეგალური ფირმებიც შემოსავლის მეათედს აჩვენებენ. თუმცა, საუბარი უფრო შორიდან არის დასაწყები. ჩვენში, (კავშირში) გაბატონებული უტილიტარული მიდგომით, წიაღისეული განიხილებოდა როგორც მხოლოდ ადგილობრივი და სტრატეგიული მნიშვნელობის ნედლეული, რკინის ფარდის მიღმა რომ ეარსება დიდ სახელმწიფოს. დასავლეთის ქვეყნებში კი რესურსები უძრავი მატერიალური ქონების ფორმას წარმოადგენდა. ის შეიძლება გაიყიდოს, გაქირავდეს, დაგირავდეს, ჩაიდოს გარანტიად და ა.შ. მოკლედ, გამოუსადეგარია საბჭოთა მიდგომა და სახელმწიფო ბალანსზე აყვანილი რესურსები უნდა გადაითვალოს დასავლეთის მეთოდიკით, უნდა შეიცვალოს მაკროეკონომიკური მიდგომა მათი ძებნა-ძიებისადმი. არის ჩვენთან კარიერები (მაგ. ასკანა), რომელსაც 1929 წლიდან 1980 წლამდე იძიებდნენ. გეოლოგებს ერჩივნათ, დიდხანს გაგრძელებულიყო ეს პროცესი, თანხები მოსკოვიდან მოდიოდა. როცა კარიერებს აფეთქებდნენ, დასავლეთში ქანებს 25 მეტრიანი ხერხებით ჭრიდნენ, თუUჩვენთან დანაკარგები, წუნი და დაბალი გამოსავლიანობა იყო, დასავლეთი მოგებაზე მიდიოდა, ტექნოლოგიებს ანვითარებდა. ამ მოდელების შეცვლაზე არც ფიქრობდნენ. იმის გამო, რომ კავშირი რესურსებს ასაიდუმლოებდა, საქართველოს საბადოებზეც პრაქტიკულად არ იყო ინფორმაცია. ამიტომაც იქმნებოდა და იქმნება მითები, ერთი მხრივ, რესურსების ეკონომიკური მნიშვნელობის გაზვიადებით, მეორეს მხრივ – უგულებელყოფით. საქართველოს საბადოების გეოეკონომიკური შეფასება აჩვენებს, რომ მოსაპირკეთებელი მასალების ხვედრითი წილი 8,6% წარმოადგენს, სამრეწველო ათვისების ხარისხი-10%, რესურსების ფასის ინდექსი 7,74 მილიარდი დოლარია. (დეტალური მონაცემები. ცხრილი #4.) თუმცა, ამ მასალებზე უფრო მნიშვნელოვანია ენერგორესურსები (ნავთობი, ქვანახშირი, მურა ნახშირი, ტორფი), რომლებიც ფასის ინდექსით მინერალურ წყლებსაც აღემატება. მიზეზი, თუ რატომ ვერ ხერხდება ჩვენი მოსაპირკეთებელი მასალების კომერციალიზაცია დასავლეთის ბაზარზე, არის დასავლური ტექნოლოგიების უქონლობაში. (როგორც ფილების დამზადება-შეფუთვა, ისე ქანების “მოჭრის” ტექნიკა). მათი აქ დანერგვა აუცილებელია საერთაშორისო ბაზარზე სათანადო ადგილის მოსაპოვებლად. მსოფლიოში ახალი სტანდარტები შემოდის, 2მმ-იანი ფილები. არის საინტერესო ინფორმაციები, რომლებიც ინტერნეტში არ ხვდება, ამიტომ კომპიუტერს მიმჯდარი მეწარმე, შეიძლება შუამავლის შუამავალზე გავიდეს და ერთჯერადი ოპერაციაც განახორციელოს, მაგრამ ეს არაა საკმარისი. გეოლოგიის დეპარტამენტის ადგილას წავიდოდი ვერონაში, მოსაპირკეთებელი მასალების ყოველწლიურ გამოფენაზე, იქაა ამ საქმის მსოფლიო ცენტრი, ხდება მნიშვნელოვანი გარიგებები რესურსების საკითხში. სახელმწიფო ვიწრო მასშტაბებით ვერ შემოიფარგლება. კარგი იქნებოდა თუ რესურსების მართვის სამინისტრო შეიქმნებოდა. საჭიროა მსოფლიო სამარკეტინგო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. სამწუხაროდ, ამ დარგის მმართველ ორგანოებს ასეთი რამ გეგმაშიც არა აქვთ, ხოლო, თუ საუბედუროდ, საქართველოში სიკვდილიანობა არ კლებულობს და ქვისმთლელი საამქროები უმუშევრობას არ უჩივიან, მხოლოდ ეს, ეკონომიკას ვერ გამოასწორებს”.
საქართველოს გარდა მოსაპირკეთებელი მასალათა საბადოები გააჩნია ირანს, თურქეთს, საბერძნეთს, იტალიას, აფრიკას, კალიფორნიას, ნორვეგიას, ჩილეს, მექსიკას. ერთი სიტყვით, საქართველოს ყოველი მხრიდან კონკურენტები ახვევია.
კარიერების შესახებ გვესაუბრება ბოლნისის ტუფის გენერალური დირექტორი, პეტრე ივანიშვილი:
“მართალია, ტუფს გაცილებით გაუმართლა სამების ტაძრის მშენებლობის გამო, შენდება სხვა ეკლესიებიც და ტუფით პირკეთდება, მაგრამ არის პრობლემებიც: ჯერ კონტრაბანდა, შემდეგ ღარიბი ბაზარი, თანამედროვე ტექნკის უქონლობა კარიერების უმრავლესობაზე. მრავალმა ფირმამ დაანება თავი ამ საქმეს. თუ ქვები ლეგალურად შემოვა, აქაურზე ძვირი იქნება, თუ არალეგალურად, აი, მაშინ აქაურს ჯაბნის. ისე, ვცდილობთ თანამედროვე სტანდარტებზე გასვლას. ქანების უდანაკარგოდ მოსაჭრელად უნდა შევიძინოთ იტალიური ფირმა “დაცინის” ტექნიკა. ამის გარდა, ხორითის მარმარილოს დასამუშავებლად შეძენილია იტალიური ტექნიკა, საქართველოშიც იყო მცდელობები, გაეკეთებინათ ქანის მჭრელი თანამედროვე ტექნიკა, მაგრამ მაღალ დონეზე მისვლა ვერ მოხერხდა. ექსპორტს რაც ეხება, უნდა გავიტანოთ ის, რაც იშვიათია: მრავალფეროვანი ტექსტურის ტუფები, წითელი მარმარილო სალიეთიდან (ასეთი მხოლოდ საფრანგეთს აქვს), შეიძლება უცხოეთის დაინტერესება გრანიტებითაც. ბევრი სურვილი ჯერ თეორიის დონეზეა”.
1992 წელს სალიეთის საბადოზე შემოვიდნენ იტალიელები. შემდეგ წელს ბლოკებიც მოჭრეს, ტექნიკაც შემოტანილი ჰქონდათ, მაგრამ 1996 წელს წავიდნენ. საერთოდ, ამ თემაზე რესპონდენტები ძალზე ძუნწად საუბრობენ. მათ წასვლაზე ასეთი ვარაუდები არსებობს: წავიდნენ იმიტომ, რომ მეტი მარმარილო იქ აღარ გაუსაღდებოდათ. მეორე ვერსიით, ბლომად დასამუშავებელი ქანები წაიღეს და სათლელად კარგა ხანს ეყოფათ. ამ საქმეში არსებული ინფორმაციული ვაკუუმის გამო დასკვნების გაკეთება ძნელია.
გვესაუბრება ტექნიკური უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოების და მაღაროს აეროლოგიის კათედრის გამგე, ნაომ ბოჭორიშვილი:
“მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდში ინტენსიურად იღებდნენ ქანებს, დაძიებული მასა არსებული მარაგის 2-3% ძლივს შეადგენს. გრანიტები, პრაქტიკულად ულევი გვაქვს. 40-იანი წლებიდან მარმარილო გადიოდა ექსპორტზე მოსკოვში, კიევში, ლენინგრადში, პოლონეთში. სამწუხაროდ, საქართველომ ვერ გამოიყენა ერთი შემთხვევა, რაც თანამედროვე ტექნიკის შეძენაში დაგვეხმარებოდა. 1972 წელს იტალიელები ჩამოვიდნენ. მათ აქვთ სილამაზით განთქმული კარიერის თეთრი მარმარილო. თითქოს არ უნდა გაკვირვებოდათ თეთრი მარმარილო, მაგრამ ძალზე მოეწონათ სალიეთის მასალა. გამოთქვეს ბარტერის სურვილი. ჩვენგან უნდა წასულიყო დაუმუშავებელი ქვები, იტალიიდან უნდა შემოსულიყო ტექნიკა. მოულოდნელად დაიწყო ისეთი მოვლენები, რომლებიც დღემდე გაურკვეველია. კარიერთან ყველას ინტერესები გადაიხლართა. ჩაერივნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, “შავები” და სხვა. ამ ამბავზე უფრო ღრმა ინფორმაცია არ მაქვს. სხვა საწყენი რამეც მოხდა. დამზადებული გვქონდა ქანის უდანაკარგოდ მოხსნის ტექნოლოგია (სტუ-ში შექმნილი ბოჭორიშვილის მიერ). ანუ ბაგირ-ხერხი, აფეთქებები ხომ დიდ მასებს აფუჭებდა, ბზარები დამუშავებისას იზრდებოდა, ეს სიახლე კი დანაკარგებს აგვაცილებდა. მოწყობილობა სწორედ სალიეთში გვქონდა დამონტაჟებული. “საქმის გარჩევები” რომ დაიწყო, ეს ტექნიკა დაკონსერვდა. მას მუშა მდგომარეობაში ყოფნა სჭირდებოდა. თანაც, ადგილობრივმა მოსახლეობამ (არა მარტო მათ) ძვირფასი მეტალებისგან გაძარცვეს. ამგვარი ძარცვის ისტორია განმეორდა 1990 წელსაც. 80-იან წლებში ეკლარის კარიერზე დადგმული იყო იგივე ტექნოლოგია და საცდელად გაკეთდა კიდეც ერთი მოპოვება”.
როგორც ჩანს, “გარჩევები” და არეულობები არა 10 წლის წინ, არამედ გაცილებით ადრე, 30 წლის წინ დაწყებულა “მზიანი უძრაობის” დროს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კარიერებთან დაახლოებულმა პირებმა მეტი იციან, მაგრამ ნაკლებს საუბრობენ, ან შესაძლოა, თავადაც არ იციან, რა მოვლენასთან ჰქონდათ საქმე, ვის რა უნდოდა და რის საფუძველზე. სავარაუდოდ, ეს იმ ინტერესთა დაპირისპირების ჩანასახები იყო, რაც დღეს აშკარადაა გამოკვეთილი, ესაა, ერთი მხრივ, ადგილობრივი ტექნოლოგიების გაუმჯობესებისკენ ხარისხიანი პროდუქციის მოცულობის გაზრდისკენ მიმართული მცდელობები და მეორე მხრივ, იმპორტულ მასალაზე ორიენტირებულთა ინტერესები, რომელთაც არ აწყობთ პირველთა მიზნები.
1963 წელს იყო ერთი ფაქტიც. ხრუშჩოვს მოუნდომებია რუსეთის ქვის დამამუშავებელი ქარხანა საქართველოში ჩამოეტანათ. რეპრესიების ექო ჯერ არ იყო ჩავლილი და მოსკოვში დაბარებულ ჩვენ ცეკას მდივანს ამ ტექნიკაზე უარი უთქვამს. მოვლენის სიძველის გამო ვეღარ გაირკვევა, რა მიზნები ჰქონდა გენერალურ მდივანს ქართულ მოსაპირკეთებელ მასალებთან დაკავშირებით. ის ტექნიკა მოგვიანებით სომხებმა მოითხოვეს და ლენინაკანში დაამონტაჟეს. იყო მეორე საინტერესო ფაქტიც, ახლო წარსულში, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პერიოდში, საქართველოში ჩამოსულა ედინბურგის მთავარი არქიტექტორი. ძნელი სათქმელია, საიდან გაიგო, რომ საქართველოში არსებობს მსოფლიოში უნიკალური და არარსებული, თეთრი გრანიტი სვანეთში. პრეზიდენტს მიმართა წინადადებით, ტექნიკა, დამუშავება ედინბურგის მხრიდან იქნებოდა, მასალა ქართული. პრეზიდენტი დათანხმებულა, მხოლოდ გერმანელს შემოსავლებიდან 5% დაუთმო, დანარჩენი 95% საქართველოს უნდა დარჩენოდა. არქიტექტორი ამაზე არ დათანხმებულა. ამაზე მეტი თეთრ გრანიტზე ცნობილი არაფერია.
შენობათა მოპირკეთების კონცეპტუალურ-ადმინისტრაციულ პლანში მეტი კონკრეტიკაა. ფასადი ყველამ “დიზაინფონდთან” უნდა შეათანხმოს. ქალაქის მთ. მხატვრის, დიმა მოსულიშვილის აღნიშნავს, რომ: “ამის მიუხედავად, რამდენიმე ფირმას კონფლიქტამდე მიჰყავს საქმე, ისეთ მყვირალა ფერებში აქვს გადაწყვეტილი ექსტერიერის დიზაინი. ასევე “მოდაში შემოვიდა” კედელზე და ფილაქნად მეტლახის დაგება, რაც უგემოვნობის განსახიერებაა, ქალაქის ზოგიერთი ადგილი სააბაზანო ოთახს წააგავს. პრობლემაა ისტორიული ძეგლის სტატუსით არსებული შენობებიც, რომელთაც ადრე იმდენჯერ გადაღებავდნენ ხოლმე, პირვანდელი იერი ეკარგებოდა. ამჟამად უნდა ვეცადოთ მათ ის ისტორიული იერსახე დავუბრუნოთ, რაც ჰქონდა”.
თუ ფასადის იერსახეზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, ადმინისტრაციულ ინსპექციას 200 ლარიანი ჯარიმა აქვს დაწესებული. მისი ხელმძღვანელის, ირაკლი გვალიას თქმით, “მიუხედავად იმისა, რომ პროექტს ყველა ათანხმებს “ქალაქდიზაინში” და ინსპექციასთან მოპირკეთებაზე ნებართვასაც იღებენ, დარღვევების 70-მდე შემთხვევაა. თუ ჯარიმას გადაიხდის, მაგრამ ფასადს არ ცვლის, ადმინისტრაციული კოდექსის 41-ე მუხლით პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება, ფასადის ყოველ შეცვლილ 1მ2-ზე 1 ლარი უნდა გადაიხადოს. ზოგი ამასაც არ იხდის, არ ურჩევნია გადაიხადოს, ვიდრე – 200 ლარიანი ჯარიმა? როგორც ჩანს, ზოგს არ ურჩევნია. რადგან მოპირკეთების პროექტს არღვევენ და ნაწილობრივ ჯარიმებსაც იხდიან, შეიძლება ბევრის გემოვნება “ქალაქდიზაინის” გემოვნებას არ ემთხვევა.
2002 წლის გამოცემაში “საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები?? (ა. თვალჭრელიძე, პ. კერვალიშვილი, დ. გეგია, ს. ესაკია, ს. სანაძე) თვალნათლივ ჩანს თბილისის მთავარი როლი როგორც სამშენებლო სამუშაოების განაწილებაში მხარეების მიხედვით, ისე ვაჭრობით საქართველოს მხარეებში. ასევე წარმოდგენილია ჩვენი მოსაპირკეთებელი რესურსების გეოეკონომიკური შეფასება. მოსაპირკეთებელი მასალების ყიდვა-გაყიდვის ცენტრსაც თბილისი წარმოადგენს. კერძო პირები ჯერჯერობით ვერ შეწვდებიან დიდი რაოდენობის ძვირფასი მოსაპირკეთებელი მასალების შეძენას. მართალია, ბევრმა ფირმამ, მოაპირკეთა ექსტერიერები, ინტერიერები უცხოური და ადგილობრივი მასალებით, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. მაგალითად, სასტუმრო “მარიოტის” ინტერიერი გაკეთდა ესპანური და იტალიური მარმარილოთი. ექსტერიერი-ადგილობრივი ბაზალტისა და გრანიტისაგან; სასტუმრო “თორის” ინტერიერი მოპირკეთდა იტალიური და თურქული მარმარილოთი. რაც შეეხება ახალ ბიზნეს-ცენტრს, რომელიც თავისუფლების მოედანზე შენდება, “მორისონჯორჯიას” ოფისში გამოსაყენებელი მასალების კონკრეტიზაციისგან აშკარად თავს იკავებენ. თუმცა, ცნობილია, რომ მოპირკეთება დაწყებულია. რესპუბლიკის საბაჟოს პრეს-ცენტრის ინფორმაციით, მოსაპირკეთებელი მასალების ექსპორტით ლიდერობდა 2000 წელი. გავიდა დაახლოებით 1370ტ. ბაზალტი, 120ტ. გრანიტი, 1800ტ. – მარმარილო, 84ტ. ტუფი, 604ტ. – სხვა ქვები. ჯამში 4 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის. ამავე წელს, იმპორტი ნაკლები ყოფილა – 622,9 ათასი დოლარის ოდენობის. შემდეგ წლებში ექსპორტმა იკლო. მაგ: 2001 წელს 1,7 მლნ. დოლარამდე ჩამოვიდა (ანუ წინა წლის მაჩვენებლები 58%-ით შემცირდა), ამასთან, “ამოვარდა” ისეთი საექსპორტო მასალა, როგორიცაა ტუფი და გრანიტი. სამაგიეროდ ამ წელს იმპორტი ყველაზე მეტი ჯამური საბაჟო ღირებულებისაა. 999,5 ათასი დოლარი. რაც შეეხება 2002 წელს, ამჯერად ექსპორტიდან მარმარილოც გაქრა, გავიდა მხოლოდ 395 ტ. ბაზალტი და 55 ტ. – სხვა ქვები. (სულ 753,5 ათასი დოლარის). ამავე წელს იმპორტიც კლებულობს, თუმცა, მისი ასორტიმენტიდან რომელიმე სახეობა არ გამქრალა. იმპორტზე ღირებულება წინა წლის მაჩვენებლის ნახევარზე ნაკლებია – 417,7 ათასი დოლარი. ამ მონაცემებში ძუნწად, მაგრამ მაინც ჩანს მოსაპირკეთებელი მასალით მსოფლიო ბაზრის თანდათანობით გაჯერება. ყველაზე დიდი ობიექტი, რომელმაც გამოაცოცხლა მოსაპირკეთებელ მასალათა მწარმოებლები, სამების საკათედრო ტაძარია. ისევ რელიგიამ გვიშველა, რაც ბოლო სამ წელიწადში რამდენიმე ფონდის დახმარებით ეკლესიების მშენებლობაში გამოიხატა. ორიენტაცია მშენებლობის ფონდმა ადგილობრივ სამშენებლო მასალებზე აიღო. ასევე მოხდა მოსაპირკეთებელ მასალებშიც. ფონდის დირექტორი, თენგიზ აბულაძე თვლის, რომ ეს არაა ახირება და ჩვენ დიდი არჩევანი გვაქვს: “მოდიან როგორც იმპორტიორები, ისე ჩვენები. ფონდის თავმჯდომარემ ირაკლი ანდრიაძემ გადაწყვიტა, ტაძარი გარედან ბოლნისის ტუფით მოპირკეთდეს. 1958 წელს დახურული ფახრალოს კარიერი გავხსენით. დასაქმდა ხალხი. ტაძრის ძირი გაკეთდა ტეშენიტის ნაცრისფერი ქვით. შიდა ინტერიერი როგორი იქნება, ამას მერე გადავწყვეტთ. ალბათ, უცხოურ მასალებსაც გამოვიყენებთ მცირედ, რადგან ძალიან ძვირია”.
ისე, თავისი ტონალობის გამო ტუფს ყველაზე მეტად გაუმართლა, თუმცა, ფონდის ოფისში შეფასებას ასევე ელიან კირქვის ნიმუშები (დმანისიდან და ახალქალაქიდან), დიაბაზი (ყაზბეგის, ტყიბულის, რაჭის), ბერძნული გრანიტები.
სამების ტაძრის მშენებლობამ მრავალი პროფესიის ადამიანი დაასაქმა და გარკვეული პერიოდი კიდევ დაასაქმებს, ამიტომაც უწოდეს საუკუნის მშენებლობა და ეკონომიკის ამოძრავების სიმბოლოდ ჩათვალეს, მაგრამ უკვე დღეს იგრძნობა შეშფოთება უფუნქციოდ დარჩენის გამო, რაც ტაძრის მშენებლობის დასრულების შედეგადაა მოსალოდნელი.