ქართული ღვინის ბრენდი და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლების გზები

გიგი ელიზბარაშვილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტი
gigielizbarashvili@yahoo.com

რეზიუმე

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ქართული ღვინის ბაზარი აქტუალური განხილვის საგანია, ვინაიდან ჩვენს ქვეყანას ღვინის წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია. თუ საქსტატის 2017 წლის მონაცემებს დავეყრდნობით, ღვინოს უმსხვილეს საექსპორტო საქონლებს შორის მეოთხე ადგილი უკავია, რაც თვალსაჩინოს ხდის ღვინის ბაზრის მნიშვნელობას საქართველოსთვის.
ქართული ღვინის ბაზრის წარმატებული ფუნქციონირების მიუხედავად, არსებობს უამრავი წინაღობა, რომელიც აფერხებს მისი პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზაციას და ზიანს აყენებს მის ეკონომიკურ ეფექტიანობას.
მოცემული სტატია განიხილავს ქართული ღვინის ბაზრის კონიუნქტურას, ქართული ღვინის ბრენდს და იმ მეთოდებს, რომლითაც შესაძლებელია მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლება.

კონიუნქტურა ქართული ღვინის ბაზარზე

ქართული ღვინის ბაზარზე საუბრისას უნდა შევეხოთ ზოგადად ქართული ღვინის წარმოებას და მის რეალიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის გარეთ.
ცხრილში ასახულია საწარმოთა დეკლარირებული მონაცემები ღვინის წარმოების შესახებ 2010-2017 წლებში:

1

გარდა ამისა, 2018 წლის პირველი კვარტალში, ქართული ღვინის ექსპორტი 24%-ით გაიზარდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან, მსოფლიოს 43 ქვეყანაში 17,7 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 24%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 40,47 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26% შეადგინა.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროპის, ისე აშშ-ს, აზიისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ბელარუსი – 429% (233220), იაპონია – 230% (53160), დიდი ბრიტანეთი – 98% (37740), საფრანგეთი – 71% (24248), ყაზახეთი – 85% (877494), ჩეხეთი – 68%(18888), ლატვია – 61% (412626), ნიდერლანდები – 46% (21993), გერმანია – 38% (136222), უკრაინა – 36%(1771928), პოლონეთი – 32% (740922), ესტონეთი – 28% (120246), რუსეთი – 28% (11511830), ისრაელი – 24% (52722, აშშ – 3% (68620), და სხვა.
2017 წელს ექსპორტიორი ქვეყნების ტოპ 5-ეული:

2

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 134 კომპანიამ განახორციელა. ამასთან, იანვარ-მარტში ექსპორტირებულია 3,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 43,8 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. სულ, ღვინის, ბრენდის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 64,8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

რაც შეეხება ორგანიზაციებს, რომლებიც ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებენ. მათი ტოპ 5-ეული 2017 წლის მონაცემებით არის:

3

კონკურენტუნარიანობის ამაღლების გზები

ბევრი უცხოელი ღვინის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ქართული ყურძნის ჯიშებიდან ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ყურძნის ჯიში და, შესაბამისად, ღვინოც საფერავია. საფერავი აუცილებლად მშრალია, განსაკუთრებით ქვევრის ღვინო. ფაქტია, რომ საფერავი ყველაზე წარმატებულია საერთაშორისო ბაზარზე. კიდევ ერთი უნიკალური ჯიში – რქაწითელია, შემდეგ მოდიან: ხიხვი, ქისი და მწვანე, რომლებიც, სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდში მივიწყებული იყო, რადგან სხვებთან შედარებით მცირემოსავლიანი ჯიშებია და არ ექცეოდა ყურადღება.

ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და იშვიათი ჯიშია უსახელოური, რომელიც ლეჩხუმის გარდა სხვა რაიონებში თითქმის არ ხარობს. იგი მაღალმთიან რაიონში მოდის და, შესაბამისად, ღვინოც შეზღუდული რაოდენობით მზადდება. უსახელოურისგან დამზადებული ღვინო და ასევე ხვანჭკარა, რომელიც ალექსანდროულისგან და მუჯურეთულისგან მზადდება, ნახევრად ტკბილი ღვინოებია. ეს ღვინოები საკმაოდ სახელგანთქმული იყო საბჭოთა პერიოდში, შესაბამისად, პოპულარული უფრო რუსეთის ბაზარზე იყო. ისეთ ქვეყნებში, სადაც ღვინის მაღალი კულტურა აქვთ, ნახევრად ტკბილი ღვინოები ნაკლებად აინტერესებთ, იქ უფრო მშრალ ღვინოებს ანიჭებენ უპირატესობას.

მაღალხარისხიანი ღვინის დამზადება არ იწყება მარნიდან, ღვინის დამზადება ნიადაგის მოვლიდან იწყება. დღეს მომრავლებულია სხვადასხვა ქიმიური სასუქი, რაც საბოლოოდ ღვინის ხარისხზე ნეგატიურად აისახება. მნიშვნელოვანია ვენახის სწორად მოვლა, მისი შესაწამლი პრეპარატები. მაღალხარისხიანი ღვინის მისაღებად ყოველთვის სჯობს ვაზის ნიადაგი ორგანული სასუქით იყოს განაყოფიერებული. ვენახი კი შეწამლული იყოს ე.წ. კონტაქტური წამლებით და არა პესტიციდშემცველი წამლებით. გარდა ამისა, ჭარბი მოსავალი არასოდეს არის კარგი ხარისხის გარანტი. როცა ვენახს ზომიერად ასხია, ყურძენი უფრო კარგად მწიფდება, შესაბამისად, მასში მჟავიანობის და შაქრიანობის კონცენტრაცია ნორმაშია და ასეთ შემთხვევაში, უფრო მაღალი კვებითი ღირებულების ღვინო მიიღება. მაშინ როცა ჭარბი მოსავალია, ღვინო უფრო დაბალი ხარისხის გამოდის, უფრო დაუბალანსებელია, შესაძლოა ჰქონდეს მკვახე გემო.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ღვინის დაყენება ქვევრში ქართული ტრადიციაა და ჩვენს ღვინოს კონკურენტუნარიანობას მატებს საერთაშორისო ბაზარზე. საქართველოს იმიჯი და პოპულარობა ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ტექნოლოგიას უკავშირდება. თიხის ეს ჭურჭელი მიწაშია ჩამარხული. თანამედროვე ღვინის სახეობების უმრავლესობა შემდეგნაირად მზადდება: ყურძნის წვენს ნაჭუჭისა და თესლებისგან სწრაფად აცალკევებენ, უძველესი წესის მიხედვით ქვევრში ფერმენტაციის მიზნით ერთად ათავსებენ სითხეს, ყურძნის კანს, ღეროს და თესლს. შედეგად კი ვიღებთ მუქი ფერის, მშრალ ღვინოს.

ქართული ძვირადღირებული ხარისხიანი ღვინის მომხმარებელი, ძირითადად, მაინც უცხოელები იყვნენ და არიან, მაგრამ ბოლო წლებში ამ მხრივ გემოვნება აქაც დაიხვეწა და უკვე ბევრი ქართველი ადგილობრივ ბაზარზე ქართულ ძვირადღირებულ ღვინოს ყიდულობს. საქართველოს შინამეურნეობებში ღვინის საშუალოთვიური მოხმარება, გაანგარიშებული ერთ შინამეურნეობაზე და ერთ სულზე (ლიტრი):

4

მიუხედავად საქსტატის ამ მონაცემებისა, ჩამოსასხმელი და ოჯახში წარმოებული (ხშირად, ფალსიფიცირებული) ღვინის დომინირება ადგილობრივ ბაზარზე „შეუიარაღებელი“ თვალითაც ჩანს. ეს ფაქტორები კი, ცხადია, კვლევებში არ აისახება. ამიტომ კითხვა – რა რაოდენობით ღვინო მოიხმარება საქართველოში (მთლიანად თუ ერთ სულ მოსახლეზე) კვლავ ღიად რჩება. ბოლო დროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევა ფალსიფიცირებული ღვინის წინააღმდეგ იძლევა იმის იმედს, რომ სულ მალე ოჯახში დაწურულ, ე.წ. „სუფთა“ ღვინოს ფასი მიეცემა და ეს პროდუქტი, როგორც მინიმუმ, საზოგადოებრივი კვების ობიექტებსა და სარეალიზაციო წერტილებში ჩაანაცვლებს ე.წ. „გაკეთებულ ღვინოს“. ანუ, ადამიანები უფრო მეტ ღვინოს მოიხმარენ და, შესაბამისად, ღვინის წარმოებაც უფრო შემოსავლიანი გახდება.

ღვინის ექსპორტის სტიმულირების პოლიტიკა თანხვედრაში უნდა იყოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებასთან, რაც მიიღწევა ფინანსური სისტემის გაუმჯობესებითა (გრძელვადიანი დაფინანსების არხების გაჩენა) და საგადასახადო და საბაჟო საქმიანობის გამარტივებით. როგორც ჩანს, ღვინის ექსპორტის სტიმულირების პოლიტიკა არ არის ერთი ან ორი ინსტრუმენტის წყობა, არამედ – ინსტრუმენტების კომპლექტი.

ექსპორტის სუბსიდირების პოლიტიკის გარდა საქართველო მეტ ნაკლები მასშტაბით უკვე იყენებს ექსპორტის ხელშეწყობის თითქმის ყველა სახის ინსტრუმენტს. ის ინსტრუმენტები, რომლებსაც შედარებით მეტი ეფექტიანობა ახასიათებს ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით „სტრატეგია 2020“-ის მიერ გამოცხადებულია პრიორიტეტად. ესენია: სავაჭრო ბარიერების მოხსნა, საერთო საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება (მაგალითად, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ქსელის გაუმჯობესება) და საექსპორტო ბაზრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ბოლო წლებში ტექნიკური ბარიერების მოხსნისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ხელი მოეწერა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ევროკავშირთან, რაც გაამარტივებს საქონლის ექსპორტის შესაძლებლობებს ევროპულ ბაზრებზე. ჩინეთთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ „სტრატეგია 2020-ით“ განსაზღვრული ეს პრიორიტეტები არ შეიცვალოს და არ იქნეს წამოწყებული ისეთი ტიპის ღონისძიებები, როგორიცაა, მაგალითად, ექსპორტის სუბსიდირების პოლიტიკა (ექსპორტის დაკრედიტება, საგადასახადო შეღავათები და ა.შ.). როგორც პრაქტიკა უჩვენებს, მსგავსი პოლიტიკა არაეფექტურია და დამოკიდებულია ბიუროკრატიული სიტემის გამართულობასა და პროგრამის განმახორციელებლების კვალიფიკაციაზე.

ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოში მეღვინეობის განვითარებას და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინო-პროდუქციის პოპულარიზაციას, ცნობადობის ამაღლებასა და საექსპორტო მიწოდების კიდევ უფრო ზრდას გეგმავს. ღვინის პოპულარიზაციისთვის, 2017 წელს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოს 12 ქვეყანაში საერთაშორისო და ადგილობრივი დეგუსტაციები, კონკურსები, საერთაშორისო ღვინის კონფერენციები, გამოფენები და პრესტურები ჩატარდა. გარდა ამისა, მედია-კამპანიების, სარეკლამო რგოლებისა და სხვადასხვა ბაზრის კვლევების ჩატარდა, წარმომადგენლობითი და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და მაღალხარისხიანი ქართული ღვინის საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე მოხმარების პოპულარიზაციისა და ზრდისკენ მიმართული ღონისძიებები.

დასკვნა

მრავალი კვლევის მიხედვით, საქართველოში ღვინოზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. მოცემული კვლევები ადგილობრივი ღვინის შინ (საქართველოშივე) მოხმარების განვითარების ტენდენციას აჩვენებს. ამიტომ, შესაძლოა, სულაც არ იყოს უპერსპექტივო, რომ ღვინის ადგილობრივმა მწარმოებლებმა, რომლებიც მსოფლიოში ღვინის მზარდი ბაზრების შესწავლით არიან დაკავებულნი, შინაური რესურსების ათვისებასაც გარკვეული ყურადღება დაუთმონ. შესაძლოა, ქვეყანაში, სადაც ღვინის მოხმარების ათასწლეულების ისტორია და ღირებულებრივი წინაპირობები არსებობს, სულ მცირე სტიმულიც კი საკმარისი იყოს ღვინის ცნობიერების ამაღლების, სამომხმარებლო კულტურის განვითარებისა და ღვინის მოხმარების გაზრდისათვის.

გარდა ამისა აუცილებელია კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართული ღვინის ბრენდის ცნობადობა და მოხდეს მისი პოპულარიზაცია სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებით. ამ ყველაფერმა რომ შედეგი გამოიღოს, უმნიშვნელოვანესია ბარიერების მაქსიმალურად შემცირება და სავაჭრო ხელშეკრულებების კიდევ უფრო მეტ ქვეყანასთან/ქვეყანათა ჯგუფთან გაფორმება, რათა ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი მაქსიმალურ ნიშნულამდე გაიზარდოს.

ბიბლიოგრაფია
ხარაიშვილი ე., ღვინის ბაზარი და მევენახეობა-მეღვინეობის დივერსიფიკაციის კონკურენტული მოდელები საქართველოში, თბილისი, 2017.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდი, http://geostat.ge/
ღვინის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის I კვარტლის ანგარიში, http://georgianwine.gov.ge/
ღვინის სექტორის საექსპორტო ბაზრების განვითარების სამოქმედო გეგმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, www.gwa.ge
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წწ სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში, 2016.
Anderson K., Is Georgia the next “new” wine exporting country? Robert Mondavi Institute center for Wine Economics Working Paper, 2013.
ჩავლეიშვილი მ., აგროტურიზმის განვითარების შესაძლებლობები საქართველოში, თსუ, ჟურნალი, „ეკონომიკა და ბიზნესი“, N3. თბილისი, 2010.