უმუშევრობა და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები

მარიამ მოდებაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი
Mariammodebadze777@gmail.com

რეზიუმე
სიღარიბის დაძლევა ის პრიორიტეტული ამოცანაა, რომელზეც არავინ დაობს. ყველა ერთხმად აღიარებს აღნიშნული პრობლემის სწრაფად და ეფექტიანად მოგვარების აუცილებლობას. ქვეყანაში სიღარიბის აღმოფხვრა, ერთის მხრივ, მიზანმიმართული სოციალური პროგრამებითა და მეორე მხრივ, განვითარებული ეკონომიკითაა შესაძლებელი. ეკონომიკის განვითარება ნიშნავს მის თვისებრივად ახალ, უფრო სრულყოფილ მდგომარეობაში გადასვლას, რაც თავის მხრივ გულისხმობს ქვეყანაში არსებულ მრავალ სამუშაო ადგილს, შედეგად კი შემოსავლების სტაბილურ დონეს მოსახლეობისთვის. შეიძლება ითქვას , რომ დასაქმების სტაბილური და მაღალი დონის უზრუნველყოფა წარმოადგენს ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის სუკეთესო გზას. ამისათვის აუცილებელია შრომის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირება და სახელმწიფო დასაქმების პროგრამის განხორციელება.

Abstract – Poverty Reduction is this priority task for which no one argues. Everyone unanimously admits the need to solution this problem quickly and efficiently. Poverty eradication in the country is affordable, on the one hand, with targeted social programs and on the other hand, with developed economics. Development of economy means transition to a more perfect condition, which in turn means many workplace, as a result, the stable level of revenue. It can be sad that a stable and high level of employment is the best way to overcome poverty in the country. Effective functioning of the labor-market and implementation of the state employment program is essential.

უმუშევრობა საბაზრო ეკონომიკის თანმხლები სოციალურ-ეკონომიკური მოვლენაა, რომლის დროსაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ვერ პოულობს სასურველ სამუშაოს, სასურველი ანაზღაურებით. მონათმფლობელურ და ფეოდალურ (ბატონყმურ) წყობილებებში უმუშევრობა ფაქტობრივად არ არსებობდა, რადგან ადამიანს არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა მუშაობაზე. თუ ადამიანს ვაიძულებთ, უხელფასოდ ან სასურველზე დაბალი ანაზღაურებით იმუშაოს – შესაძლებელ იქნება ყველას დასაქმება. უმუშევრობა შრომის კომერციალიზაციამ, ანუ შრომაში სასურველი ანაზღაურების მოთხოვნის თავისუფლებამ წარმოშვა. შესაბამისად, თუ ქვეყანაში არასასურველი ეკონომიკური მდგომარეობაა და ნაკლებად ვხვდებით სამუშაო ადგილებს, სადაც შრომის ანაზღაურება მაღალია ( ხშირ შემთხვევაში ხელფასი საარსებოდ საჭირო თანხებსაც ვერ ფარავს), ადამიანებს კი თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა აქვთ, მოსახლეობის ნაწილს არ უღირს დაბალი ხელფასისთვის დაქირავებულად მუშაობა, ცდილობს სხვა ქვეყანაში იპოვნოს უკეთესი სამსახური ან სოფლის მეურნეობას მიჰყოს ხელი. საქართველოსთვის ორივე სიტუაცია აქტუალურია – ემიგრაციაც და მიწაზე მუშაობაც. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერც ამ ორ კატეგორიაში ხვდებიან,ისინი სოციალურ ან უმუშევრობის დახმარებებს იღებენ, ბევრ ქვეყანაში უმუშევართა შემწეობები საკმაოდ სოლიდურია და კონკურენციას უწევს დაბალანაზღაურებად სამსახურს, იგი მოტივაციას უკარგავს უმუშევარს და მოკლევადიანი უმუშევრობის ზრდის კიდევ ერთი მიზეზი ხდება, თუმცა ეს შემთხვევა ქართული რეალობისგან შორსაა (გამომდინარე იქედან რომ არ არსებობს უმუშევართა შემწეობები).

უმუშევრობის არსის და მისი გაზომვის გზების უკეთ გასაგებად მნიშვნელოვანია განვმარტოთ ზოგიერთი ტერმინი. ეკონომიკურად აქტიურია – 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც დასაქმებულია, ან სთავაზობს საკუთარ სამუშაო ძალას შრომის ბაზარს(უმუშევარი). დასაქმებულია – 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც დაკავებულია ეკონომიკური საქმიანობით. უმუშევრობის პირობებში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ნაწილი ვერ იყენებს თავის სამუშაო ძალას. შრომის ბაზარზე დარღვეულია მოთხოვნასა და მიწოდებას შორის შესაბამისობა, სამუშაო ძალის მიწოდება აღემატება(ჭარბობს) მასზე მოთხოვნას. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებიდან გამომდინარე, ადამიანი უმუშევრად რომ ჩაითვალოს, ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. იყოს „სამუშაოს გარეშე“ ე.ი არ გააჩნდეს ანაზღაურებადი სამუშაო გარკვეული დროის განმავლობაში (არ მუშაობდა გამოკითხვის მომენტში გასული 7 დღის განმავლობაში)
2. „მზად იყოს მოცემულ მომენტში მუშაობისთვის“ ე.ი მზად იყოს იმუშაოს დაქირავებით ან გახდეს თვითდასაქმებული. ( მომავალი 2 კვირის ვადაში)
3. „ეძებდეს სამუშაოს“ (ბოლო 4კვირის განმავლობაში)
აღნიშნული კრიტერიუმებით, უმუშევრობის დონე დაიანგარიშება, როგორც უმუშევართა პროცენტული წილი ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში:

11

არსებობს უმუშევრობის შემდეგი კატგორიები:
• ფრიქციული უმუშევრობა – მოკლევადიანი უმუშევრობა, რომელიც წარმოიშობა მომუშავის ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეზე გადასვლისას. დროის გარკვეული მონაკვეთი აუცილებელია, რათა მოხდეს დამსაქმებლებისა და მომუშავეების ურთიერთდაკავშირება.
• სტრქტურული უმუშევრობა- მეტად ხანგრძლივია და განპირობებულია სამუშაო ძალაზე მოთხოვნასა და მიწოდებაში ტერიტორიული და პროფესიული დისპროპორციების შედეგად. ერთ-ერთი ნაირსახეობაა ტექნოლოგიური უმუშევრობა, რომლის წარმოშობის მიზეზსაც მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი წარმოადგენს.
• ციკლური უმუშევრობა- გამოწვეულია ეკონომიკური ციკლის იმ სტადიით, რომელიც ხასიათდება ერთობლივი დანახარჯების დაბალი დონით, როცა საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა მცირდება, მნიშვნელოვნად ეცემა წარმოებისა და დასაქმების დონე,რაც ზრდის უმუშევრობის დონეს.
• სეზონური უმუშევრობა-დამახასიათებელია ცალკეული დარგებისათვის, ამ დროს სამუშაოს ხანგრძლივობა გარკვეული პერიოდი გასტანს.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის (საქსტატის) მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავინახოთ უმუშევრობის დინამიკა საქართველოში, იხ. დიაგრამა.

1

როგორც ვხედავთ გასულ წლებთან შედარებით უმუშევრობის შემცირების ტენდენცია შეინიშნება, 2018 წლის მონაცემებით უმუშევრობის დონე 12.7%-ია , რაც კიდევ უფრო ნაკლებია 2017 წელთან შედარებით.

უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემებს ვაწყდებით უმუშევრობის დონის დადგენისას, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემების მიხდევით უმუშევრობის არც თუ ისე მაღალი დონე ფიქსირდება, კვლევები, რომლებიც უშუალოდ მოსახლეობაში ტარდება სულ სხვა შედეგს გვიჩვენებს. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 62% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. კითხვაზე „ხართ თუ არა დასაქმებული“, რაც განიმარტა, როგორც სრული ან ნახევარი განაკვეთის თანამშრომელი, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული და ა.შ., მთავარია მას ჰქონდეს შემოსავალი, გამოკითხულთა მხოლოდ 37% პასუხობს დადებითად.

საქსტატი, დასაქმება/უმუშევრობის სტატისტიკის შემუშავებისას ხელმძღვანელობს შრომის საერთაშორისო ორანიზაციის (ILO) მეთოდოლოგიით (ზემოთ მოყვანილი უმუშევრობის კრიტერიუმები), რომლითაც ასევე ხელმძღვანელობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა. აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ოფიციალური სტატისტიკის ურთიერთშესადარისობას. სატსტატი სამუშაო ძალის სტატისტიკას აქვეყნებს წელიწადში ერთხელ.

საინტერესოა რა განაპირობებს სამუშაო ძალის გარეთ დგომას და შედეგად უმუშევრობის „დაბალ“ დონეს. იმ ადამიანებთან ერთად, რომელთაც არ აქვთ სამუშაოს პოვნის სურვილი ან ვერ ახერხებენ მუშაობას ეკონომიკური აქტივობის მიღმა არიან ისინიც ვინც ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ დაკარგა სამსახურის პოვნის იმედი ან ადამიანები, რომლებსაც არსებული დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ ურჩევნიათ მიიღონ სოციალური შემწეობები, ასეთი კატეგორიის ადამიანები კლასიფიცირდებიან, როგორც იმედდაკარგული მუშახელი, ხოლო უმუშევრობის ეს კატოგორია, როგორც ფარული უმუშევრობა.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ოფიციალური სტატისტიკა ვერ ასახავს არასრულ დასაქმებას, ვინაიდან დასაქმებულად ითვლება ყველა, ვისაც კვლევის მომენტში გასული 7დღის განმავლობაში 1საათით მაინც უმუშავია. ადამიანების ეს კონტიგენტი თავს რაღა თქმა უნდა დაუსაქმენლად მიიჩნევს. ამ კატეგორიის ძირითად სეგმენტს წარმოადგენენ სოფლის მეურნეობით და მცირე მეწარმეობით დასაქმებული პირები, ასევე სეზონურად დასაქმებულები. როგორც ვხედავთ, არა მხოლოდ უმუშევრობა, არამედ მისი „გაზომვადობაც“ პრობლემად გვევლინება.

საინტერესოა განვიხილოთ და შევაფასოთ უმუშევრობის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მის დადებით შედეგებთან ერთად.

უმუშევრობის დონის ზრდა კავშირშია ისეთ მოვლენებთან, როგორიცაა: საზოგადოებაში მორალის დაცემა, დაავადებების, თვითმკვლელობის და სიკვდილიანობის მაჩვენებლების ზრდა, ქორწინებისა და შობადობის რიცხვის კატასტროფული შემცირება, კრიმინოგენური სიტუაციის დამძიმება და სხვა.

უმუშევრობის მაღალი დონე ქვეყნებში დამნაშავეობის ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორიც გახდა. განსაკუთრებით თვალშისაცემია მძიმე დანაშაულების მაღალი ხვედრითი წონა. სავარაუდოა, რომ დამნაშავეთა უმრავლესობა უმუშევარი ან არაკანონიერი საქმიანობით დაკავებული პირებია. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური დაღმავლობის პერიოდში უფრო მეტ ადამიანს აქვს მოტივი, ჩაიდინოს დანაშაული. ისინი ძალადობის გზით ცდილობენ მიიღონ ის, რისი შეძენის საშუალებაც თავად არ აქვთ. მეცნიერთა მეორე ნაწილი, მათ საწინააღმდეგოდ მიიჩნევს, რომ გაუმჯობესებული ეკონომიკური პირობების შედეგად იზრდება მოთხოვნა ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებზე, რასაც კვლავ ძალადობისკენ მივყავართ.

უმუშევრობის უარყოფითი სოციალური შედეგები ვლინდება საერთო დემოგრაფიული სიტუაციის გაუარესებაში, იზრდება განქორწინებულთა რაოდენობა, მცირდება ოჯახებში ბავშვთა რაოდენობა, რაც განაპირობებს უარყოფით შედეგებს.

უმუშევრობის ნეგატიურ შედეგებზე მსჯელობა შეიძლება მისი ხანგრძლივობის მიხედვით. უმუშევრობის ხანგრძლივი პერიოდი ამცირებს მომუშავის პროფესიულ-კვალიფიციური ცოდნის დონეს, ასეთ პიროვნებას საკმაოდ დიდი დროს სჭირდება სამუშაოზე ხელმეორედ ადაპტაციისთვის. სიტუაცია რთულდება, როდესაც საწარმოში ადგილი აქვს ინოვაციურ პროცესებს და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის შედეგად იცვლება წარმოების ტექნოლოგია, ასეთ შემთხვევაში შეიძლება მათი კვალიფიკაცია არასაკმარისი ან პროფესია მოძველებული აღმოჩნდეს და უმუშევარს ხანგრძლივი გადამზადება დასჭირდეს, რაც ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. მართალია, უმუშევრობის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები აშკარად თვალშისაცემია, თუმცა უარყოფითთან ერთად არსებობს გარკვეული დადებითი ასპექტებიც, რომლის უკეთ ილუსტრაციისთვისაც ვიხელმძღვანელოთ ქვემოთ მოყვანილი ცხრილით. იხ. ცხრილი #1:

2

ზემოთ მოცემული ცხრილი ნათელ წარმოდგენას გვიქმნის უმუშევრობის როგორც დადებით, ასევე უარყოფით სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე.

საქართველოში შრომის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია: არ არის დაწესებული ხელფასის მინიმალური ზღვარი, შედარებით მარტივია სამუშაოზე აყვანა-გათავისუფლება, არ არსებობს უმუშევართა შემწეობები, განსაზღვრულია სამუშაო საათების მაქსიმალური ხანგრძლივობა, თუმცა მკაცრად არ კონტროლდება…მნიშვნელოვანია დარეგულირდეს შრომის ბაზარზე მიმდინარე უარყოფითი მოვლენები, თავიდან იქნეს აცილებული მასშტაბური ეკონომიკური რყევები და სახელმწიფომ შესაბამისი პროგრამებით ხელი შეუწყოს უმუშევრობის შემცირებას( თუმცა არაა ბიუროკრატიული ხარჯების ზრდით). საბაზრო ეკონომიკაში უმუშევრობის ნულოვანი დონე აბსტრაქტული ცნებაა, ქვეყნები შედარებას უმუშევრობის ბუნებრივ დონესთან აკეთებენ და ცდილობენ მაქსიმალურად მიუახლოვდნენ ამ ზღვარს. ზოგჯერ კი სახელმწიფო უმუშევრობასა და ინფლაციას შორის არჩევანის წინაშე აღმოჩნდება, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შეცდომები, რომლებიც საბოლოო ანგარიშით დაგვაზარალებს საჭიროა მეტი სიფრთხილე გადაწყვეტილებების მიმღებთა მიერ. მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, საკუთრების უფლების დაცვისა და უსაფრთხოების ამაღლება, რაც კარგ ფონს ქმნის მეტი ინვესტიციის მოზიდვისა და შესაბამისად მეტი სამუშაო ადგილის შექმნისათვის.

გამოყენებული ლიტერატურა

რამაზ აბესაძე – ეკონომიკური განვითარება
მურმან ცარციძე- დასაქმება და შრომის ბაზრის რეგულირება
www.geostat.ge
www.forbes.ge
www.ndi.org