კერძო კაპიტალის ფონდები – ქართული ფინანსური სექტორის განვითარების შესაძლებლობა

თამარი ბოჭორიშვილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი
Takobochorishvili28@gmail.com

ფინანსური სექტორი თანამედროვე ეკონომიკური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის უზრუნველყოფს ეკონომიკის სექტორებში ფულადი ნაკადების მოძრაობას და ერთმანეთთან აკავშირებს დამზოგველებსა და ინვესტიციის მსურველებს. განვითარების დონის და ისტორიული ფაქტორების გავლენის მიხედვით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მეტნაკლებადაა განვითარებული ფინანსური ბაზრები და ფინანსური შუამავლები. საქართველოში, რომელიც ეკონომიკური და ფინანსური მოდელით კონტინენტური ევროპის ქვეყნების მოდელს იმეორებს, ფინანსური შუამავლები, კერძოდ კი კომერციული ბანკები საკმაოდ მაღალ განვითარების საფეხურზე არიან და ქვეყნის ფინანსურ სექტორს, ფაქტობრივად, სრულად მოიცავენ.

საქართველოს ფინანსურ ბაზარზე არსებული სურათის უკეთესად აღსაქმელად საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემები დაგვეხმარება. 2019 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოში 15 კომერციული ბანკი მოქმედებს (134 ფილიალით და 801 სერვის-ცენტრით), მათი სააქციო კაპიტალის სიდიდე კი 5.2 მლრდ. ლარამდე მერყეობს. საქართველოს ფინანსურ ბაზარზე მოქმედებს 2 არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, 908 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, 2 საფონდო ბირჟა, 17 სადაზღვევო კომპანია და 3 საპენსიო ფონდი. თუმცა, აქტივების მოცულობის მიხედვით კომერციული ბანკების დომინანტური პოზიცია სრულიად ნათელია. საქართველოს ფინანსურ ბაზარზე ფინანსურ კორპორაციათა აქტივების წილი ქვემოთაა მოცემული. (ნახაზი 1)

naxazi 1
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

კერძო კაპიტალის ფონდები მსოფლიოში

ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის მხოლოდ კომერციული საბანკო სექტორის მონაწილეობა რომ არ არის საკმარისი, ეს ცალსახაა, მისი ერთ-ერთი ალტერნატივა კი მსოფლიოში საკმაოდ ახალი სექტორი – კერძო კაპიტალის ფონდია. ის მსოფლიო საფინანსო სექტორში ერთ-ერთი ახალი და წარმატებული დარგია, რომელიც არსებობის ჯერ მხოლოდ 45 წელს ითვლის, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ განვითარდა და ბოლო წლების მონაცემებით 8000-მდე მსგავსი ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით 3 ტრილიონ დოლარზე მეტ აქტივებს მართვას. კერძო კაპიტალის ფონდის მოქმედების პრინციპი შემდეგია: ის იზიდავს ინვესტიციებს კერძო სექტორისგან და მოზიდული ფონდებით ინვესტირებას ახდენს ზრდის განსაკუთრებული პოტენციალის მქონე კომპანიებში. ინვესტირების პერიოდი კი როგორც წესი 4-დან 6 წლამდე მერყეობს. კერძო კაპიტალის ფონდები ბანკებისგან და სხვა სახის საინვესტიციო კომპანიებისგან იმით განსხვავდებიან, რომ ისინი კომპანიებში ინვესტირების შემდეგ მათ განვითარების პროცესში ერთვებიან, შესაბამისად მხარს უჭერენ თავიანთ პორტფელურ კომპანიებს როგორც ფინანსური რესურსებით, ასევე ეხმარებიან მათ მმართველობითი სისტემების გამართვასა და სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში.

კერძო კაპიტალის ფონდების სექტორი მთელს მსოფლიოში ვითარდება წლიდან წლამდე. მასშტაბის უკეთ წარმოსადგენად კერძო ბაზრებზე ბოლო 7 წლის განმავლობაში მოზიდული ინვესტიციების მოცულობით კერძო კაპიტალის ფონდები $2.5 ტრილიონით, თითქმის სამჯერ, უსწრებენ უძრავი ქონების ბაზარზე მოზიდულ ინვესტიციებს. ზოგადად, კი აღნიშნული სექტორი ძირითადად აშშ-შია განვითარებული, თუმცა ბოლო წლებში არც აზიისა და ევროპის ქვეყნები ჩამორჩებიან და ზრდის მაღალი ტემპებით გამოირჩევიან. 2018 წელს მოზიდული ფონდების მიხედვით ჩრდილოეთ ამერიკა მოწინავე პოზიციაზეა $450 მილიარდით, შემდეგ კი ევროპისა და აზიის ქვეყნები მოდიან შესაბამისად $200 და $100 მილიარდით. (ნახაზი 2)

naxazi 2
Private markets come of age – McKinsey&Company

რაც შეეხება კერძო კაპიტალის ფონდებში არსებული აქტივების მოცულობას, ის წლების განმავლობაში სტაბილურად და საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდებოდა. 2005 წლის $917 მილიარდიდან 2017 წელს $3 ტრილიონს მიაღწია და 12 წლის განმავლობაში საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა 11% შეადგინა. (ნახაზი 3)

naxazi 3
Year in review: Rapid growth rules – By Christopher Elvin

დღეს მსოფლიოში კერძო კაპიტალის სექტორში მოღვაწეობენ ისეთი გიგანტური კომპანიები, როგორებიც არიან ბლექსთოუნ ჯგუფი (The Blackstone Group) $457 მილიარდი აქტივებით, კარლაილ ჯგუფი (The Carlyle Group) – $201 მილიარდის აქტივებით და კოლბერგ კრავის რობერტსი (Kohlberg Kravis Roberts) – $195 მილიარდის აქტივებით.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან ეს სექტორი ჯერ კიდევ ინიციალურ სტადიაშია. კერძო კაპიტალის კომპანიის მოდელით თითქმის ერთი წელია, რაც სინერჯი კაპიტალი, საკონსულტაციო კომპანია სინერჯი ჯგუფის შვილობილი კომპანია, საქმიანობს. 1 წლის განმავლობაში სინერჯი კაპიტალის პორტფელში 12-მდე ქართული კომპანია მოხდვა და აქტიურად მუშაობს მათ სისტემურ და სტრატეგიულ განვითარებაზე. სინერჯი კაპიტალის პორტფელში დღეისთვის არიან კომპანიები როგორც წარმოების, ასევე საცალო რეალიზაციის, სამედიცინო, მომსახურებისა და სხვა სექტორებიდან. მიუხედავად იმისა, რომ სინერჯი კაპიტალი ჯერ მხოლოდ 1 წლიანი არსებობის პერიოდში საკმაოდ წარმატებულ ქეისს წარმოადგენს ის ჯერ კიდევ ვერ იძლევა ქვეყანაში კერძო კაპიტალის სექტორის განვითარების გარანტიას. აღნიშნული სექტორის მნიშვნელოვნად განვითარებისთვის და ფინანსურ ბაზარზეც რეალური ცვლილებებისთვის სინერჯი კაპიტალის და მსგავსი კომპანიების ბევრად დიდ მასშტაბებში საქმიანობაა საჭირო.

კერძო კაპიტალის სექტორის მნიშვნელობა ქართული ეკონომიკისთვის

კერძო კაპიტალის ფონდი მისი მუშაობის სტრუქტურით საკმაოდ პროგრესული და განვითარებაზე ორიენტირებული მოდელია. მსგავსი მოდელი კი განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოსთვის და მისი მსგავსი ქვეყნებისთვის, ამას კი რამდენიმე მიზეზი გააჩნია:
კერძო კაპიტალის ფონდები ინვესტირებას ახორციელებენ ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი პოტენციალის მქონე სექტორებში მოღვაწე კომპანიებში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინვესტირების შემდეგ წლების განმავლობაში ზრუნავენ აღნიშნული კომპანიების განვითარებაზე. საქართველო, რომელიც 1991 წლიდან მოყოლებული პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციის პროცესშია და დღემდე განვითარებად ეკონომიკად ითვლება, კერძო სექტორში სწორი კორპორატიული მმართველობისა და სტრატეგიული მიდგომების ნაკლებობას განიცდის. კომპანიები, რომლებიც ბაზარზე ფეხის მოკიდებას ცდილობენ და კონკურენციის გაწევა უწევთ საკმაოდ მსხვილი და მაღალგანვითარებული უცხოური კომპანიებისთვის, დახმარებას არა მხოლოდ ფინანსური, არამედ სტრატეგიული მიმართულებითაც საჭიროებენ. სწორედ კერძო კაპიტალის ფონდის მსგავსი კომპანიების დახმარებით არის შესაძლებელი ჯერ კიდევ სუსტი ადგილობრივი კომპანიების გაძლიერება და ადგილობრივი ეკონომიკის, როგორც იმპორტშემცვლელი, ასევე ექსპორტზე ორიენტირებული ზრდის დასტიმულირება.
კერძო კაპიტალის ფონდებს საქართველოში ადგილობრივი დამზოგველებისთვის დაზოგვის ახალი შესაძლებლობების შექმნა შეუძლიათ. კაპიტალის ფონდები იძლევიან რა მზარდ, მაღალი პოტენციალის მქონე კომპენიებში ინვესტირების შესაძლებლობას სთავაზობენ ადამიანებს საბანკო დეპოზიტების ან უძრავი ქონების ნაცვლად თავიანთი დანაზოგები ბევრად რენტაბელურ და საინტერესო აქტივში, კომპანიაში დააბანდონ. ეს კი გრძელვადიან პერიოდში პოტენციურად ბევრად მაღალ უკუგებასა და სტაბილურ აქტივს წარმოადგენს. ჯამურად კი ქვეყანაში არსებული დანაზოგები მეტად კონცენტრირებულად მიემართება ადგილობრივი მზარდი ეკონომიკური სექტორებისკენ.

საქართველოში კერძო კაპიტალის ფონდების განვითარებისთვის საჭირო ფაქტორები

საქართველოში კერძო კაპიტალის სექტორის განვითარებაზე მრავალი ისეთი ფაქტორი შესაძლოა ახდენდეს გავლენას, რაც აღემატება ამ სექტორში მოღვაწე და პოტენციურად მოღვაწე კომპანიების შესაძლებლობებს. მათ შორის ორი უმთავრესი ფაქტორი კი საფონდო ბაზრის და კერძო კაპიტალის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის სათანადო დონეზე არსებობაა.

1. ცალსახა და ნათელია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ორგანიზებული საფონდო ბაზარი, როგორც კერძო სექტორში ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება. სიახლეს არ წარმოადგენს ის, რომ საქართველოში საფონდო ბაზარი განვითარების ნაკლებობას განიცდის და ეს, პირველ რიგში, კორპორატიული სექტორისთვის კაპიტალით დაფინანსების გართულებას განაპირობებს. პრობლემა ყველაზე მწვავედ კერძო კაპიტალის ფონდებზე აისახება. საფონდო ბაზრის არ არსებობის პირობებში ისინი სირთულეებს აწყდებიან კომპანიებში ინვესტირების და მოგვიანებით მათი აქციების გაყიდვის ნაწილში. აღნიშნული სექტორის წარმატებით განვითარებისათვის ქვეყანაში გამართული და ორგანიზებული კაპიტალის ბაზრის არსებობაა აუცილებელი.

2. დღეს არსებული საქართველოს კანონმდებლობა არ სცნობს კერძო კაპიტალის ფონდებს, როგორც განსხვავებულ სამართლებრივ სუბიექტებს, რის გამოც ამ მოდელით მომუშავე კომპანიებს რეგისტრაცია და საქმიანობა მოუწევთ საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონით განსაზღვრული სხვა ნებისმიერი ფორმით. აღნიშნული სექტორის განვითარებისთვის აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს საკანონმდებლო ჩარჩო-ნორმები, რომლებიც გაუადვილებს მსგავს კომპანიებს სამართლებრივად გამართულ საქმიანობას.

3. დაბოლოს, კერძო კაპიტალის ფონდების მიმართ ცნობადობა დღეისათვის ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ არსებობს. საჭიროა მოხდეს ამ სექტორის შესახებ ცნობადობის შექმნა, რათა საზოგადოება და ბიზნეს ერთეულები მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებულები მათი საქმიანობის შესახებ და მათი მხრიდან არსებობდეს სურვილი ჩაერთონ პროცესებში როგორც ინვესტიციის განხორციელების, ასევე საკუთარი ბიზნესის განვითარების კუთხით.

დასკვნა
პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის პროცესში და მის შემდეგ საქართველოში ფინანსურ სექტორში ლიდერობა კომერციულმა ბანკება ითავეს, რითაც უდაოდ შეუწყვეს ხელი ქვეყნის განვითარების პროცესს. თუმცა, კომერციული ბანკების გაძლიერებამ ავტომატურად განაპირობა სხვა ფინანსური სუბიექტების, საფონდო ბაზრების დასუსტება და ფაქტობრივად გაქრობაც კი. საქართველოს ეკონომიკის მეტად დაჩქარებული და სწორი განვითარების მიზნით უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ფინანსური სექტორის, მათ შორის ისეთი ინოვაციური და პროგრესული სუბიექტების განვითარება, როგორებიც კერძო კაპიტალის ფონდებია. კერძო და სახელმწიფო სექტორის აქტიური თანამშრომლობაა საჭირო იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად იქნეს წახალისებული მსგავსი მოდელით საქმიანობა.

გამოყენებული ლიტერატურა
1. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
2. Private markets come of age – McKinsey&Company
3. The 8 Best Private Equity Firms of 2019 – The Balance
4. Year in review: Rapid growth rules – By Christopher Elvin
5. Private equity firms see assets under management approach $3 trillion mark – Consultancy.uk