2019 წლის ნობელის პრემია ბევრ ჩარჩოს სცდება
მოამზადა მაკა ღანიაშვილმა
10 წელი გავიდა მსოფლიოს ფინანსური და ეკონომიკური კრიზისიდან, რომელმაც რეალურ ეკონომიკასთან ერთად, ეკონომიკური მეცნიერების პრესტიჟიც საგრძნობლად შეარყია. წამყვანი უნივერსიტეტების სულ უფრო ბევრი კურსდამთავრებული აღნიშნავს, რომ თეორია, რომელსაც წიგნებიდან სწავლობენ და რეალობა ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება. ხშირად აკრიტიკებენ ნობელის პრემიის კომიტეტსაც „რეალობას მოწყვეტილი“ გადაწყვეტილებების მიღების გამო. მაგალითად, 1997 წელს მეირონ სქოულზმა და რობერტ მერტონმა მიიღეს ნობელის პრემია ეკონომიკაში ნაშრომებისთვის, რომელიც დერივატივების მართვას უკავშირდება. ზუსტად მომდევნო წელს, იმ ჰეჯ-ფონდებმა, რომელთაც მათი მოდელის მიხედვით მართავდნენ, მხოლოდ 6 კვირის განმავლობაში დაკარგეს 4 მილიარდი აშშ დოლარი და დასჭირდათ სახელმწიფოს დახმარება.
ახალი არ არის ფაქტი, რომ სულ უფრო და უფრო სცილდება ერთმანეთს ეკონომიკური თეორია და პრაქტიკა. თუმცა, კრიტიკოსთა ძალიან დიდი ნაწილის შეფასებით, ეს არ ეხება წლევანდელ ნობელიანტებსა და მათი კვლევის თემატიკას. მათმა ნაშრომებმა ნაწილობრივ ამოავსო ხვრელი თეორიასა და პრაქტიკას შორის.
2019 წელს ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში სამმა მეცნიერმა მიიღო – ინდოელ-ამერიკელ აბჰიჯით ბანერჯის (MIT), ფრანგ ესთერ დაფლოსა (MIT) და ამერიკელ მაიკლ კრემერს (ჰარვარდის უნივერსიტეტი) ნობელის პრემია მიენიჭათ იმ ექსპერიმენტული მიდგომისთვის, რომელიც შექმნეს მსოფლიო სიღარიბესთან საბრძოლველად. მაიკლ კრემერმა ეს ძირითადად კენიის სკოლებში ჩატარებული ექსპერიმენტებით გააკეთა, ბანერჯიმ და დაფლომ კი ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში ჩაატარეს ექსპერიმენტები. ნობელის პრემიის სხვა ლაურეატებთან შედარებით ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რეალურ მაგალითებსა და პრაქტიკაზე დაფუძნებული თეორიებისა და პოლიტიკის შემუშავებაში. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში 700 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში. ორ ათწლეულზე მეტია წლევანდელი ნობელიანტები იკვლევენ სიღარიბეს, მის კომპლექსურობასა და ცდილობენ მიაგნონ მასთან ბრძოლის ეფექტიან გზებსა და მეთოდებს. მათი კვლევის მთავარი საგანია ღარიბი ეკონომიკები, სიღარიბის ბუნება და სტიმულები, რომელზეც ღარიბი მოსახლეობა რეალურად რეაგირებს.
ბანერჯის, დაფლოსა და კრემერის კვლევის მეთოდი (Randomised Controlled Trials- RCT) გულისხმობს ინოვაციურ მიდგომას, რაც მოიაზრებს ადგილობრივ დონეზე მიკრო-ექსპერიმენტების ჩატარებასა და ბევრი პატარ-პატარა ექსპერიმენტის შედეგების საფუძველზე თეორიული საკითხების შემუშავებას.
რას ნიშნავს მიკრო დონეზე მუშაობა?
RCT აპლიკაციის გამოყენებისას, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ცენტრალური ან ადილობრივი მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას უკეთესი ტექნოლოგიები დანერგოს, დავუშვათ, სკოლებში მიკრო დონეზე (ვთქვათ 6-8 კლასებში), RCT აპლიკაცია სამიზნე 400 სკოლიდან შემთხვევითობის პრინციპით შეარჩევს 100 სკოლას, სადაც ხდება სიახლის დანერგვა. დანარჩენი 300 სკოლა აგრძელებს ჩვეულებრივი მეთოდით მუშაობას. შემდეგ ხდება 400-ვე სკოლის შედეგების შეჯამება და განსაზღვრა, თუ რამდენად უწყობს ხელს 100 სკოლაში დანერგილი სიახლე უკეთესი საგანმანათლებლო შედეგის მიღებას და რამდენად განსხვავდება მათი შედეგები დანარჩენი 300 სკოლის შედეგისგან. ამ მიდგომამ შეცვალა ექსპერიმენტული ანალიზის მეთოდები ეკონომიკაში.
* * *
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის 46 წლის პროფესორი ესტერ დაფლო არის ნობელის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული ეკონომიკის დარგში. ამასთანავე ის 2009 წლის გამარჯვებულ, ელინორ ოსტრომთან ერთად, არის მხოლოდ მეორე ნობელიანტი ეკონომისტი ქალი. თავის მხრივ, მისი მეუღლე, და ასევე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი, აბჰიჯით ბანირჯი არის მეორე ინდოელი, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია. აღსანიშნავია იმ ეკონომისტთა ძალიან მწირი რაოდენობა, რომლებიც განვითარებად სამყაროს ეკუთვნიან და რეალურად ჰქონიათ მასთან შეხება. ამას მოწმობს ისიც, რომ დღეს წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაგალითად საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მსოფლიო ბანკს და სხვებს, მაღალ ეშელონებში ნაკლებად ჰყავთ დასაქმებული განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების წარმომადგენელები. რაც კიდევ უფრო აღრმავებს უფსკრულს ეკონომიკურ თეორიებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და რეალობას შორის და კიდევ უფრო აქტუალურს ხდის წლევანდელი ნობელიანტი ეკონომისტების მიერ შემუშავებული ექსპერიმენტული ანალიზის მეთოდების დანერგვა.
„პოლიტიკა, რომელიც მიმართულია სიღარიბის აღმოფხვრისკენ შაბლონურ ფორმულარებზე დგას: „თავისუფალი ბაზარი ღარიბებისთვის“, „ადამიანის უფლებები უმთავრესია“, „პირველ რიგში ვებრძოლოთ კონფლიქტებს“, „მივცეთ მეტი ფული ღარიბებს“- წერენ ბანერჯი და დაფლო თავის ერთ-ერთ ნაშრომში. მათი შეფასებით, პრობლემა ისაა, რომ ღარიბები ხშირად აღიქმებიან, როგორც აღმაფრენის ან თავზარდაცემის ობიექტებად, ლიტერატურის ან ფილმის პერსონაჟებად და არავინ განიხილავს მათ, როგორც განათლებულ და უნარიან ძალას, რომელიც ეკონომიკურად სასარგებლო და შედეგიანი შეიძლება გახდეს. „სამწუხაროდ, მსგავსმა მიდგომამ მკვეთრად შეარყია გლობალური სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობა. სიღარიბის აღმოფხვრისკენ მიმართული პოლიტიკა სავსეა სასწაულების მოლოდინებით, რომელიც ნაკლებად ხდება“ – წერს წყვილი და მოუწოდებს ყველას შეწყვიტონ ღარიბების ლიტერატურულ პერსონაჟებად ქცევა და რეალურად დაიწყონ მათი ცხოვრების გაგება, მთელი თავისი სირთულეებით, კომპლექსურობით და დამალული სიმდიდრეებით.
ახლა უკვე ნობელიანტი წყვილი, ბანერჯი და დაფლო, 2015 წელს დაქორწინდა, მანამდე კი დიდხანს მუშაობდა ერთად. მათ მსოფლიოს უღარიბესი მოსახლეობის ცხოვრების კვლევა ორიათასიანი წლებიდან დაიწყეს. 2003 წელს მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში დააარსეს სიღარიბესთან ბრძოლის ლაბორატორია – Abdul Latif Jameel Poverty Action Lab (J-Pal) და დაიწყეს სიღარიბის კვლევა ზემოთ განხილული მეთოდოლოგიის მიხედვით. წლების განმავლობაში ინდოეთში და აფრიკაში აკვირდებოდნენ და იკვლევდნენ რას ყიდულობდნენ ღარიბები, რას აკეთებდნენ საკუთარი შვილების ჯანმრთელობისთვის, რამდენი შვილის ყოლას ირჩევდნენ, რატომ დადიოდნენ მათი შვილები სკოლაში და ბევრს მაინც არ/ვერ სწავლობდნენ, რამდენად კარგად იკვებებოდნენ, საკმარისი იყო თუ არა მათი კვების რაციონი და სხვა ყოფით საკითხებს. დღეისათვის J-PAL ჩართულია 850-880 RCT ექსპერიმენტში დაახლოებით 80 ქვეყანაში და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ჯანდაცვა, მიკროფინანსები, სამუშაო ძალის ბაზრის მართვა, გარემო და სოციალური პროგრამების შემუშავება და სხვა.
ბანერჯიმ და დაფლომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს მტკიცება, რომ ღარიბები ჭამენ იმდენს, რამდენის ყიდვაც შეუძლიათ და რომ მათთვის პრიორიტეტული მხოლოდ საკვებია. 18 ქვეყნაში ჩატარებული RCT ექსპერიმენტების შედეგების მიხედვით, მათ დაადგინეს, რომ საკვებ პროდუქტებზე გაწეული დანახარჯი შეადგენს სოფლის ყველაზე ღარიბი მოსახლეობის მთლიანი ხარჯების 36-70%-ს და ქალაქის უღარიბესი მოსახლეობის ხარჯების 53-74%-ს. ამასთანავე, საკვების ყიდვისას ისინი აქცენტს აკეთებენ უფრო მეტად გემოვნურ თვისებებზე და არა საკვების სარგებლიანობაზე, რაც, ბუნებრივია, დროთა განმავლობაში მათ ჯანმრთელობაზე აისახება. წყვილის მტკიცებით, ღარიბებისთვის უფრო პრიორიტეტულია საქონელი, რომელიც „ცხოვრებას ნაკლებად მოსაწყენს ხდის“, თუნდაც საკვები პროდუქტების შემცირების ხარჯზე. შედარებისათვის, ჩრდილოეთ ინდოეთის ერთ-ერთ რეგიონში, სადაც თითქმის არავის აქვს ტელევიზორი, უღარიბესი მოსახლეობა ბიუჯეტის 14%-ს ხარჯავს გასართობ ფესტივალებზე. ამის საპირისპიროდ, ნიკარაგუაში, სადაც ღარიბ სოფლებში მოსახლეობის 56%-ს აქვს რადიო და 21%-ს ტელევიზია, ხარჯების ძალიან მცირე ნაწილი მოდიოდა მსგავს ფესტივალებზე.
ბანერჯი, დაფლო და კემერი ურჩევენ მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს თავიდან ბოლომდე შეცვალონ საკვებთან დაკავშირებული პოლიტიკა, რაც გულისხმობს ღარიბი მოსახლეობის მეტი და უფრო მრავალფეროვანი შემადგენლობის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას. „საკმარისი არ არის ღარიბებს მეტი ფული მივცეთ, მათი შემოსავლის გაზრდაც კი არ შეიძლება იყოს ამ პრობლემის გადაჭრის გზა მოკლევადიან პერიოდში. როგორც ინდოეთში დავინახეთ, ღარიბები არ იწყებენ უფრო მეტი ან უკეთესი ხარისხის საკვების მიღებას შემოსავლის გაზრდის შემთხვევაში, მათ აქვთ ბევრი სხვა მოთხოვნა და საჭიროება, რომელიც საკვებს უწევს კონკურენციას და შემოსავლის ზრდის დროს წინა პლანზე გადმოდის“ – წერენ ისინი და აცხადებენ, რომ არ არსებობს ერთი უნივერსალური მეთოდი ვითარების გამოსასწორებლად და სიღატაკის დასამარცხებლად, აუცილებელია კომპლექსური ზომების მიღება.