პრივატიზაციის როლი პოსტპანდემიური კრიზისის დაძლევის პროცესში

ავტორის სტილი დაცულია

გრიშა ლაბაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. მეოთხე კურსი.

grishalabadze@gmail.com

ანოტაცია

სტატიის შესავალში საუბარია კერძო საკუთრებისა და პრივატიზაციის მნიშვნელობაზე, რასაც ლოგიკურად მოყვება პრივატიზაციის ფორმების დახასიათება. მკითხველი გაეცნობა კვლევების შედეგებს, რომლებიც კერძო საკუთრების მასშტაბის ზრდის ეფექტიანობის ამაღლებასთან დადებით კორელაციას ადასტურებს. განვიხილავთ, როგორც პრივატიზაციის მომხრეთა, ისე მის მოწინააღმდეგეთა არგუმენტირებულ მოსაზრებებს. აშშ-ში კერძო ციხეების მაგალითს, მოყვება ჩეხეთის, პოლონეთის, უნგრეთის შემთხვევები და სისტემატიზირებულ კვლევის შედეგები. სახელმწიფო კომპანიების რეალობა, მათი და ტყის პრივატიზაციის ეკონომიკური შედეგების ანალიზი ცხადყოფს პოსტპანდემიურ პერიოდში წარმოდგენილი გზის მნიშვნელობის ზრდას. დასკვნით ნაწილში წარმოდგენილია სტატიის მიზანი და ავტორისეული დასკვნა.

Annotation

The introduction to the article discusses the importance of private property and privatization, which is logically followed by a description of the forms of privatization. Readers will be introduced to the results of studies that confirm a positive correlation with increasing the scale of private property growth. We will discuss the arguments of both proponents and opponents of privatization. The example of private prisons in the USA is followed by the cases of the Czech Republic, Poland, and Hungary, and the results of a systematic study. The reality of state-owned companies, the analysis of their and the economic consequences of forest privatization, reveals the growing importance of the road presented in the post-pandemic period. The concluding section presents the purpose of the article and the author’s conclusion.

შესავალი

კერძო საკუთრება არის ფუნდამენტი, რომელიც უზრუნველყოფს საბაზრო ეკონომიკის ფრომირების პროცესს. თავად კერძო საკუთრების საფუძველს კი კერძო საკუთრების ინსტიტუტების დამკვიდრება, ინვესტიციების ხელშეწყობა და რა თქმა უნდა, სახელმწიფო ქონების განკერძოება წარმოადგენს.

არსებობს საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირი-თად პირობებს. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას.(https://matsne.gov.ge)

საბაზრო ეკონომიკის და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში მყოფი ქვეყნების რესტროსპექტული ანალიზი გვიჩვენებს , რომ კერძო საკუთრება არის სამეწარმეო საქმინაობის ძირითადი მამოძრავებელი ძალა. ეკონომისტთა რიგებიდან თითქმის აღარავინ დავობს, რომ კერძო სექტორია ყველაზე მეტად ორიენტირებული მოგების ზრდაზე. ლოგიკურია, რომ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებას ეფექტიანობის ზრდა და გაზრდილი ეკონომიკური კეთილდღეობა მოყვება.

პრივატიზაცია შეიძლება მცირე ჯგუფის გამდიდრების წყაროდ იქცეს, ამიტომ საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, ეკონომიკური ზედვა და პრაქტიკაში რეალიზაციის უნარი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.

პრივატიზაციის 3 გზა

„სახალხო“ საკუთრების პრივატიზების ყველაზე მარტივ ფორმას წარმოადგენს სახელმწიფო საწარმოების ახალ, კერძო მესაკუთრეებზე მიყიდვა ან აუქციონზე გატანა. მეთოდის პლიუსია საკუტრების უფლების სრაფი ცვლა. ხოლო ნაკლს, საკუთრების უფლების ჭარბი მიწოდება, წარმოადგენს რასაც შედეგად „სახალხო“ საკუთრების ფასების შემცირება მოყვება. აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ  კომპანიის თანამშრომლები საკუთრების უფლების მიღების შესაძლებლობას არიან მოკლებულნი. ეს გზა გამოიყენა გერმანიის სახელმწიფო საკუთრების მართვის უწყებამ.

სახელმწიფო საწარმოების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნა და საწარმოში დასაქმებულთათვის გადაცემა ან მიყიდვა, არის „სახალხო“ საკუთრების პრივატიზების მეორე გზა. მისი დადებით მხარეს წარმოადგენს საკუთრების უფლების უფრო სამართლებრვივი საწყისი განაწილება, რომლის ცვლილება შემდგომში ყიდვა-გაყიდვის პროცესებითაა შესაძლებელი. უარყოფითია ის საშიშროება რომ საწარმოში ნაკლები ახალი კაპიტალი შევიდეს და მან ვერ უზრუნველყოს საჭირო განახლება.

მესამე გზა სახელმწიფო საწარმოების აქციების შესაძენად მთელი მოსახლეობისთვის ვაუჩერების გადაცემას ითვალისწინებს. არსებობს საფრთხე, რომ  საკუთრების უფლებები ზედმეტად გაიფანტოს, ასევე გაჩნდეს ვაუჩერების ბაზარი და საკუთრების უფლებებმა თავი მოიყაროს შედარებს ნაკლები კაპიტალის ინვესტორების ხელში, თუმცა მათი პირველადი მფლობელებიც სავრაუდოდ გარკვეული ქონების დაგროვებას შეძლებენ. ეს ფრომა გამოიყენეს ჩეხეთში.

კვლევები და პროგნოზი

საქართველოში ყოველწლიურად რამდენიმე ათეული მილიონი ლარის საკუთრება იყიდება, ხოლო  ეკონომიკის დიდი წილი (სავარაუდოდ, მიმინუმ 100 მილიარდი ლარის ღირებულების აქტივი), რომლის ზუსტი რაოდენობის მითითებაც სამთავრობო ინსტიტუტების გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო გაგვიჭირდება, კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება. საერთაშორისო გამოცდილებასა და კვლევებზე დაყრდნობით, გავაკეთოთ პროგნოზი, როგორი განვითარების ტენდენციები იქნება საქართველოში მოსალოდნელი:

ქვეყნები, რომლებიც პერმანენტულად ზრდიან კერძო საკუთრების წილს ეკონომიკაში, 0.8-1.5%-ით უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდით ხასიათდებიან. (Plane, 1997)  

კვლევამ, რომელიც 45 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა, აჩვენა რომ კერძო საკუთრებაში გადასვლის შემდეგ რესურსების გამოყენების შედეგად მიღებული მოგება 45%-ით იზრდება. (Al-Obaidan, 2002)

კერძო საკუთრებაში გადასვლა პოტენციურად ზრდის კომპანიების ღირებულებას (განვითარებული ქვეყნების შემთხვევაში საშუალოდ 15.2%-ით). (Boardman, Vining, 2012)

ამ მონაცემებით ვიგებთ ეფექტიანობის ზრდის ზოგად ტენდენციას და შეგვიძლია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივების ნაწილის კერძო საკუთრებაში გადასვლის შესაძლო შედეგები დავთვალოთ.

ჩინეთი, ექსპერტთა და ნობელიანტთა მოსაზრებები

ჩინეთი მთელს მსოფლიოში ნომერ მეორე უდიდესი ეკონომიკის და უმსხვილესი დადებითი სავაჭრო სალდოს მქონე ქვეყანაა. მისი სავაჭრო პოზიციები და გლობალურ ეკონომიკაში წილი სტაბილურად იზრდება.  მისი მშპ 14.34 ტრილიონი აშშ დოლარია 2019 წელს.(https://data.worldbank.org). 2009 წელს, როდესაც სახელმწიფოთა უმრავლესობა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის უარყოფით შედეგებს უპირისპირდებოდა , ჩინეთის ეკონომიკა თითქმის 9%-იანი ზრდით ხასიათდებოდა. გასაოცარია და ამ პერიოდში იყო ჩინეთი აშშ-სთვის მთავარი კრედიტორი ქვეყანა, ხოლო 2010 წლის მაჩვენებლებით, ჩინეთმა მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა მთლიანი შიდა პროდუქტის საერთო მოცულობის მიხედვით და იაპონია უკან ჩამოიტოვა.

პრივატიზაცია ხშირად ასოცირდება ინდუსტრიულ და მომსახურებაზე ორიენტირებულ წარმოებებთან, როგორიცაა მაღაროები, მანუფაქტურა და ენერგო-გენერაცია, თუმცა ის შეიძლება შეეხოს ნებისმიერი სახის ქონებას, მათ შორის მიწას, გზებს, წყალზე უფლებებსაც კი. ბოლო დროს მრავალ ქვეყანაში, სახელმწიფო მომსახურების დარგები, როგორიცაა ჯანდაცვა, სანიტარული მომსახურება და განათლება პრივატიზაციის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კერძო საკუთრების წილის ზრდა დადებითი და აუცილებელი მოვლენაა. მათი ლოგიკა შემდეგნაირია: კერძო საკუთრების პირობებში, სარგებელი თუ ზარალი მესაკუთრესია, რის გამოც მას რესურსის ეფექტიანად გამოყენების სტიმული უჩნდება (Mises, 1949; Demsetz, 1967; Schmidt, 1996). როცა რესურსი კოლექტიურ საკუთრებაში გადადის პასუხისმგებლობა იფანტება, მესაკუთრეთა განსხვავებული მოტივები კი, საბოლოო ჯამში, ამ რესურსის შენარჩუნებას და გონივრულ გამოყენებას ნაკლებ მოსალოდნელს ხდის (Hardin, 1968). კიდევ უარესი შედეგი დგება, თუკი აქტივი სახელმწიფო საკუთრებაში გადადის, რადგან მაშინ სარგებელსა და ზარალზე პასუხისმგებლობა არათუ გაფანტულია, არამედ განსხვავებულ ჯგუფებზე ნაწილდება. მაგალითად, თუ სახელმწიფო კომპანიის ბენეფიციარები, ანუ ამ კომპანიის მენეჯმენტი და პოლიტიკოსები, შეცდომას დაუშვებენ და გააკოტრებენ კომპანიას, ზარალის კომპენსაცია არა მათი ჯიბიდან, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ ყველა სხვა მოქალაქის ხარჯზე მოხდება. როცა ადამიანი მილიარდებს მართავს ისე, რომ ყველაზე მეტი რამდენიმე ათასიანი ხელფასით რისკავს, მისი მოტივაცია, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს და აქტივი ბოროტად არ გამოიყენოს, მნიშვნელოვნად ნაკლებია ბიზნესმენთან შედარებით. მოსაზრებას, რომლის თანახმადაც კერძო საკუთრებაში აქტივების არსებობა მის მეტ ეფექტიანობას უზრუნველყოფს, არაერთი კვლევა ადასტურებს (Mckenzie, Mookherjee, 2002, Gassner et al., 2008, Kikeri, Nellis, 2004).

ექსპერტთა მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ სახელმწიფო საკუთრების განკერძოება არათუ იდეურად მიუღებელია, არამედ გარკვეულ შემთხვევებში შეუძლებელიცაა. არსებობს ე.წ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები, რომელთა კერძო საკუთრებაში გადასვლა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს. მაგ: რუსეთის მხრიდან არსებობს მუდმივი ინტერესი სახელმწიფო კომპანია – საქართველოს რკინიგზისადმი. არის  შემთვევები როცა კოლექტიური საკუთრება კერძო საკუთრებაზე უფრო ეფექტიანია. მათი უდიდესი უმრავლესობა კი ტრადიციულ საზოგადოებებს ეხება, სადაც რესურსების გამოყენების ისტორიულად ჩამოყალიბებული წესები ეფექტიანად მუშაობს. მაგალითად, სავსებით შესაძლებელია რომ რამდენიმე სოფელს შორის საუკუნეების განმავლობაში ისეთი ქცევის პატერნები შემუშავდეს, რომლებიც საერთო საკუთრების ეფექტიან გამოყენებას უწყობს ხელს. ამ პირობებში, კერძო საკუთრებაში რესურსების იძულებით გადაყვანამ შეიძლება როგორც ნეგატიური ეკონომიკური შედეგი მოიტანოს, ასევე, ზოგადი სოციალური ფონიც გააუარესოს, რისი მაგალითები სხვადასხვა დროს აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და აზიაში დაფიქსირდა (Ostrom, 1990; Leeson, Harris, 2018; Anderson, Hill, 1983; Kerekes, Williamson, 2010). კოლექტიური საკუთრება გავრცელებულია მაშინაც, როცა რესურსი შეზღუდული არ არის. მაგალითად, ბევრგან, სადაც წყლის პრობლემა არ არსებობდა, წყლით მომარაგება კოლექტიურ და შემდგომ სახელმწიფო საკუთრების რეჟიმში ფუნქციონირებდა (Rose, 1990, National ResearchCouncil, 2002).

ამ საკითხზე რადიკალურად განსხვავებული შედეგებს გვაწვდიან ნობელის ლაურეატები:

პოლ სემუელსონმა, თავის ცნობილ სახელმძღვანელოში ჩანაწერი გააკეთა, რომ შუქურა ვერანაირად ვერ იქნება კერძო საკუთრებაში, რადგან უბრალოდ შეუძლებელია დავადგინოთ, თუ რომელმა გემმა რამდენად ისარგებლა მისი მომსახურებით. აქედან გამომდინარე, შუქურა კერძო ბიზნესის სახით ვერ იარსებებს და მხოლოდ გადასახადებით შეიძლება იყოს დაფინანსებული. 1974 წელს რონალდ ქოუზმა (Coase, 1974) შეისწავლა, თუ ვის საკუთრებაში იმყოფებოდა შუქურები ინგლისში და აღმოაჩინა, რომ ისინი მე-20 საუკუნემდე, სანამ მისი ნაციონალიზაცია არ მოხდა, კერძო საკუთრებას წარმოადგენდა.

მსოფლიო მაგალითები

აშშ-ში პატიმრების 8% (121,420 ადამიანი) კერძო ციხეებშია განთავსებული, ხოლო ცალკეულ შტატებში ეს მაჩვენებელი 20-25%-ს აღემატება (Bronson, 2019). ამასთან, სახელმწიფო საპენსიო სისტემის კრიზისში შესვლის პარალელურად, შესამჩნევია კერძო საპენსიო ფონდების პოპულარობის ზრდა და ბიზნესმენების მიერ იმ სოციალური ფუნქციების შეთავსება, რომლებიც ბევრი ადამიანის მიერ სახელმწიფოს ფუნქციად აღიქმება (OECD, 2018).

მსოფლიოში კერძო საკუთრებაში არსებული ტყის ფართი, ყოველწლიურად იზრდება. 2010 წელს ეს მაჩვენებელი 20%-ს შეადგენდა. ამ 20%-ის უდიდესი ნაწილი კი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაზე მოდის, მაშინ როცა შედარებით ღარიბ და განვითარებად ქვეყნებში ტყის 90-95% სახელმწიფო საკუთრებაშია (FAO, 2015).

ცნობილია ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის შემთხვევები, სადაც სოციალიზმის დასრულების შემდეგ, კერძო საკუთრებაში გადასული კომპანიების მომგებიანობა სულ რამდენიმე წელიწადში, საშუალოდ, 77%-ით გაიზარდა (Frydman et al., 1997). ასეთი ისტორიები,ბევრია ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში, თუმცა პრივატიზაცია განვითარებულ ქვეყნებშიც პერმანენტული პროცესია (Davis et al., 2000) და მსოფლიო მასშტაბით კერძო საკუთრებაში გადასული აქტივების ღირებულება, 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, ფაქტობრივად, ყოველწლიურად იზრდება (Privatizacion Barometer, 2015).

აშშ-სა და ევროპაში არსებობს კარგი გამოცდილება მუნიციპალური სერვისებში (ნაგვის გატანა, ქალაქის დასუფთავება და ა.შ.) (Linowes et al., 1988);ჯანდაცვა (Ramamonjiarivelo et al., 2016); ავიაინდუსტრია (Ng, Seabright 2001).

ეს კონსენსუსი აკადემიური კვლევებიდანაც კარგად ჩანს. მაგალითად,  კვლევაში ადრე ჩატარებულ კვლევების სისტემატიზაცია განხორციელდა (Villalonga, 2000). 153 შესწავლილი კვლევიდან, 104 მიუთითებდა კერძო საკუთრებაში გადასვლის შემდეგ ეფექტიანობის ზრდაზე, 35 მათგანში ნეიტრალური შედეგი დადგა, ხოლო, ეფექტიანობის შემცირება მხოლოდ 14 შემთხვევაში დაფიქსირდა. თუმცა ავტორის ძირითადი მიგნება ის იყო, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეფექტიანობა მცირდება, საქმე გვაქვს მოკლევადიან შედეგთან და 7-8 წლის პერსპექტივაში, კერძო კომპანიების ეფექტიანობა მაინც უფრო მაღალია, ვიდრე სახელმწიფო კომპანიების. საინტერესოა, რომ ყველაზე მკაფიოდ კერძო საკუთრების წილის ზრდა ჯანდაცვას, მუნიციპალურ სერვისებს (დასუფთავებას, ნაგვის გატანის სერვისს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს), ავიაკომპანიებს, რკინიგზას, განათლებას და წყლის მომარაგებას ეხებოდა. მსგავსი შედეგები მიღებული იქნა უფრო ადრე ჩატარებულ კვლევაშიც (Kikeri et al., 1992; Megginson et al., 1994).

სახელმწიფო კომპანიების რეალობა, მათი და ტყის პრივატიზაცია

2018 წელს, წინა წელთან შედარებით, სახელმწიფო კომპანიებმა 160 მილიონი ლარით მეტი იზარალეს.  სახელმწიფო 67 საწარმოს ინფორმაცია 2019-2023 წლის ფისკალური რისკების დოკუმენტის მიხედვით, 2018 წლის ზარალით დაასრულეს სახელმწიფო კომპანიებმა: საქართველოს რკინიგზამ, ენერგოტრანსმა, საქართველოს მელიორაციამ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, მარაბდა-კარწახის რკინიგზამ. “სახელმწიფო საწარმოების აქტივების ღირებულება 2018 წლისთვის შემცირდა 2%-ით, კაპიტალი შემცირდა 14%-ით, ხოლო ვალდებულებები გაიზარდა 8%-ით”. 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით ეს 67 საწარმო სახელმწიფოსთვის ზარალის მომტანია:

სახელმწიფო კომპანიები ხშირად არის მმართველი პარტიის მხარდამჭერთა დასაქმების და შესაბამისად ნეპოტიზმისა თუ კრონიზმის სივრცე. აღნიშნული კარგ საფუძველს ქმნის კორუფციისთვის. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“- ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში – საქართველოს სახელმწიფო საწარმოები: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და კორუფციის პრევენცია (2016წ) – მოყვანილ ინფორმაციაზე დაყრდნობით:   საქართველოს ფოსტა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე მყოფი სახელმწიფო კომპანიაა. 2010 წელს სახელმწიფომ კომპანიის პრივატიზაცია გადაწყვიტა, თუმცა 2011 წელს ობიექტი საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოიღეს. იმავე წლის მარტში კახა ბაინდურაშვილი, ყოფილი ფინანასთა მინისტრი საქართველოს ფოსტის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარედ დაინიშნა. ფოსტის გენერალურ დირექტორად კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, სსიპ შსს-ს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან სანაძე დაინიშნა.  2012 წლის არჩევნების აღნიშნული კომპანის და ანალოგიურად დაკომპლექტებული, საქართველოს რკინიგზის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის და საპარტნიორო ფონდის  მმართველი რგოლი ჩანაცვლდა ახალი პოლიტიკური კონიუქტურის შესაბამისად.

კერძო საკუთრების გაჩენამ და მისი დაცულობის მექანიზმების შემუშავებამ ყველა იმ სიკეთის არსებობა განაპირობა, რომელთა ერთობლიობასაც ჩვენ ცივილიზაციას ვუწოდებთ. (Hayek, 1991) მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი განსხვავებულ საზოგადოებებში იდენტურად არ მიმდინარეობდა და უკუსვლაც ხშირად შეინიშნებოდა, საბოლოო ჯამში, იმ ქვეყნებმა მიაღწიეს წარმატებას, რომლებშიც კერძო საკუთრება მეტად გავრცელებული და უკეთ დაცული იყო (Bethell, 1999, Megginson, 2005).

მსხვილი და საშუალო სახელმწიფო კომპანიების კერძო საკუთრებაში გადასვლის ეფექტი გამოვთვალოთ იმ დაშვებით, რომ მათ პრივატიზაციის შემდეგ სუბსიდირება აღარ დასჭირდებათ, მათი შემოსავალი 10%-ით გაიზრდება (რაც ემპირიული გამოცდილებით დაგროვებულ საშუალო მაჩვენებელზე დაბალი ნიშნულია (Boardman, Vining, 2012), ხოლო ზოგადი ეფექტიანობის ზრდის შედეგად, მოგება შემოსავლის არანაკლებ 10%-ს შეადგენს. საუბარია, 288 კომპანიაზე, რომელთა 2018 წლის შემოსავალი 3,142,692,000 ლარს შეადგენდა და რომლებზეც დამატებით 168 მლნ ლარი დაიხარჯა სუბსიდიების სახით.  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს გამოვიყენებთ და 2019 წლის ლარებში გადავთვლით (ანუ 7%-იან ინფლაციას გავითვალისწინებთ), ჩვენი დაშვებების ფარგლებში, ამ კომპანიების პრივატიზაცია 549,654,848.4 ლარის დამატებითი ყოველწლიური შემოსავლის წყარო გახდება.

თუ შვედეთის, ფინეთის და სხვა ევროპის წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას გავიმეორებთ, და ტყეს კერძო საკუთრებაში გადაყვანით, ჩვენი შემოსავალი მკვეთრად გაიზრდება. საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანახმად, ტყის ფონდს ქვეყნის დაახლოებით 43% უკავია. თუ ოკუპირებულ და დაცულ ტერიტორიებზე არსებულ ტყის ფართს გამოვაკლებთ (642.1 ათასი ჰა და 312.9 ათასი ჰა), კერძო საკუთრებაში დაახლოებით 2 052 ათასი ჰექტარის გადაცემაა შესაძლებელი. მოსალოდნელი სარგებლის დასათვლელად კი შეიძლება ერთი ჰექტრის მომგებიანობის მაჩვენებელი გამოვიყენოთ. ეს პარამეტრი ყველა ქვეყანაში განსხვავებულ ნიშნულზეა, რომელიც 300-დან (88€) რამდენიმე ათას ლარამდე მერყეობს. თუმცა ჩვენი გათვლებისთვის 428 ლარს (126€) გამოვიყენებთ, რაც 2017 წელს ფინეთში დაფიქსირებული საშუალო მაჩვენებელია. ერთი მხრივ, საქართველოში შეუძლებელია იგივე ბიზნეს-პროცესების აწყობა რაც ფინეთშია და შესაბამისად, იგივე ეფექტიანობით ტყის რესურსების გამოყენება. მეორე მხრივ, არსებობს ორი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება იყოს საქართველოში საშუალო მომგებიანობა კიდევ უფრო მაღალი:

1. საქართველოში უფრო დაბალი გადასახადები და ნაკლები რეგულაციებია, ვიდრე ფინეთში.

2. ტყე ფინეთში მნიშვნელოვნად უფრო დიდ ფართს იკავებს და დიდწილად პირდაპირ ხე-მასალის გამოსაშვებად გამოიყენება, ამიტომ ერთი ჰექტრის მომგებიანობის საშუალო მაჩვენებელი დაბალია. ხოლო, სხვა ტიპის ბიზნესს, მაგალითად, სასტუმროებს, რომლებიც არსებულ ლანდშაფტს მეტი მომხმარებლის მოსაზიდად იყენებენ, რამდენჯერმე უფრო მაღალი მოგება აქვთ. საქართველოში კი ასეთი ტურისტული ინფრასტრუქტურის აწყობა შედარებით მარტივი და მომგებიანია, ვიდრე მაღალკონკურენტული ხე-მასალის ბიზნესში შესვლა.

ტყის პრივატიზაციის ეფექტის დასათვლელად შეიძლება მეორე მეთოდს მივმართოთ დამერქნის ჯამური მოცულობის (454.5 მლნ მ³) ღირებულება გამოვთვალოთ. გათვლებისთვის მერქნის 1 კუბომეტრის ღირებულება 99 ლარი (300 SEK) შეიძლება გამოვიყენოთ, რაც შვედეთში მერქნის საშუალო ღირებულებაა.

პირველი მეთოდის შემთხვევაში, ყოველწლიური მოგება 879 მლნ ლარი იქნება, მეორე მეთოდის გამოყენების შემთხვევაში კი ტყის ჯამური ღირებულება 45 მლრდ ლარი გამოდის, ანუ დაახლოებით 4.5 მლრდ ლარი ყოველწლიური მოგება (თუ ინვესტიციის 10% მომგებიანობას დავუშვებთ). თუ ამ ორი მაჩვენებლის საშუალოს ავიღებთ, წლიური მოგება დაახლოებით 2.69მლრდ ლარს შეადგენს.

თუ ერთის მხრივ სახელმწიფო კომპანიების და მეორეს მხრივ ტყის პრივატიზაციის შესაძლო ეფექტს დავაჯამებთ, მივიღებთ 3.2 მლრდ ლარ მოგებას ყოველწლიურად, რაც მშპ-ს დაახლოებით 6.4%-ს წარმოადგენს ანუ აქტივების მხოლოდ ამ მცირე წილის კერძო საკუთრებაში გადაყვანის შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის ტემპი 2.5-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე ბოლო ხუთი წლის მშპ-ს ზრდის საშუალო მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, დაახლოებით 870 ლარს დამატებით ერთ მოქალაქეზე ან 64.8 მლრდ ლარს (2019 წლის ფასებში) 20 წლის განმავლობაში. მაგრამ ეს რიცხვები ვერც კი შეედრება იმ დოვლათს, რომელიც შეიძლება იყოს ეკონომიკურ ბრუნვაში შეყვანილი სასოფლო-სამეურნეო მიწების, უძრავი ქონების, ბაგა-ბაღების, სკოლების, უნივერსიტეტებისა და მუზეუმების კერძო საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში. სავარაუდოდ, საუბარია 200-500 მლრდ ლარის ღირებულების აქტივებზე, რომლის ეფექტიანმა გამოყენებამაც სულ ერთი თაობის ცხოვრების პერიოდში საქართველოს საშუალო მოქალაქე შეიძლება რამდენჯერმე გაამდიდროს (Gnomon Wise, 2019).

დასკვნა

სტატიის მიზანს პრივატიზაციის მნიშვნელობისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის მისი საჭიროების წარმოჩენა წარმოადგენს. აღნიშნული განსაკუთრებით, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების დაძლევისას არის აქტუალური. გავეცანით პრივატიზაციის გზებს. ზოგადი ტენდეციები აჩვენებს, რომ საქართველოში უმეტესად წამგებიანი სახელმწიფო კომპანიების და ტყის პრივატიზაციის ეკონომიკური შედეგი დიდი მასტიმულირებელი ფაქტორი იქნება ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპების მისაღწევად,  ხოლო სახელმწიფო აქტივების უმრავლესობის კერძო საკუთრებაში გადაყვანის შემთხვევაში ამ ეფექტის რამდენჯერმე ზრდაა მოსალოდნელი. ზემოაღნიშნულ სტატიაზე დაყრდნობით, ვასკვნი, რომ საქართველოში უნდა დაიწყოს პრივატიზაციის ახალი ტალღა. დღეს მასშტაბური პრივატიზაცია არის ქვეყნის ეკონომიკური გადარჩენისა და ამავე დროს გაძლიერების ერთადერთი პრაგმატული გზა.

გამოყენებული ლიტერატურა

რაინერ კლუმპი (2015): ეკონომიკური პოლიტიკა, მიზნები, ინსტრუმენტები და ინსტიტუციები

https://info.parliament.ge
https://data.worldbank.org
https://matsne.gov.ge

Al-Obaidan. (2002).

Bethell. (1999).

Bethell, 1999, Megginson, 2005. (n.d.).

Boardman, Vining. (2012).

Bronson. (2019).

Davis et al., 2000. (n.d.).

FAO. (2015).

Frydman et al., 1997. (n.d.).

Gnomon Wise, 2019. (n.d.).

greenalt.org. (2014).

Hardin. (1968).

Hayek. (1991).

Kikeri et al., 1992; Megginson et al., 1994. (n.d.).

Linowes et al., 1988. (n.d.).

Mckenzie, Mookherjee, 2002, Gassner et al., 2008, Kikeri, Nellis, 2004. (n.d.).

Mises, 1949; Demsetz, 1967; Schmidt, 1996. (n.d.).

MIses, Demsetz, Schmidt. (1949, 1967, 1996).

Ng, Seabright 2001. (n.d.).

OECD. (2018).

Ostrom, 1990; Leeson, Harris, 2018; Anderson, Hill, 1983; Kerekes, Williamson, 2010. (n.d.).

Plane. (1997).

Privatizacion Barometer, 2015. (n.d.).

Ramamonjiarivelo et al., 2016. (n.d.).

Rose, 1990, National ResearchCouncil, 2002. (n.d.).

Villalonga, 2000. (n.d.).