გლობალური ეკონომიკური კრიზისები და მათი გავლენა ეკონომიკაზე
ავტორის სტილი დაცულია
ლიკა სარაჯიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის III კურსის სტუდენტი
Lika.sarajishvili106@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
ეკონომიკის ზრდასა თუ განვითარებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, ზოგი დადებითად მოქმედებს მასზე, ზოგი კი უარყოფითად. ამ უკანასკნელის მაგალითს წარმოადგენს სწორედ გლობალური ეკონომიკური კრიზისები. ისტორიამ არაერთხელ დაგვანახა, რომ ისეთ მოვლენებს, როგორიც გახლდათ მაგალითად: დიდი დეპრესია, ნავთობისა თუ მსოფლიო ფინანსური კრიზისები და რაღა თქმა უნდა კოვიდ19-ის გავრცელება, შესამჩნევად უარყოფითად აისახება თითოეული ქვეყნისა და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკაზე. ნაშრომი ეხება სწორედ აღნიშნულ საკითხებს, დასასრულს კი განხილული და შეფასებულია პანდემიის გავლენა საქართველოზე ეკონომეტრიკული მოდელის საშუალებით.
Annotation
Many factors affect the growth and development of the economy, some of them have a positive impact on it and some negative. An example of such case is the global economic crisis. History has shown us many times that events such as the Great Depression, the oil and the global financial crisises and, of course, the spread of Covid19 have a markedly negative impact on each country and on the world economy as a whole. The paper describes these issues, and in the end the impact of the pandemic on Georgia is discussed and evaluated through an econometric model.
რას გულისხმობს ეკონომიკური კრიზისი?
ეკონომიკაში მიმდინარე აქტივობებს თუ დავაკვირდებით, პერიოდულად შევნიშნავთ გარკვეული სახის რყევებს, შეიძლება იყოს ეს ეკონომიკის აღმავლობა, ვარდნა, გაფართოება ან გამოცოცხლება და ყოველივე ეს ხასიათდება განმეორებადობით. აღნიშნული ეკონომიკაში საქმიანი ციკლის გაგებას წარმოადგენს, მის გამოსაკვლევად კი ეკონომიკური ციკლების თეორია გამოიყენება, უფრო კონკრეტულად ეს უკანასკნელი იკვლევს ეკონომიკაში აქტივობებისა და გამოშვების დროში ცვლილებას.
აღსანიშნავია რომ ეკონომიკის განვითარების ციკლურობის საკითხი სხვადასხვა დროის საკმაოდ აქტუალური საკითხია თითოული ეკონომისტისა თუ პოლიტიკოსისათვის და შესაბამისად ცდილობენ კიდევაც ახსნან მსოფლიო კრიზისების გამომწვევი მიზეზები, რაც თავის მხრივ გახდება საფუძველი შეიქმნას ეკონომიკის ციკლური განვითარებისათვის ხელშემწყობი თეორიები.
უშუალოდ ეკონომიკური კრიზისი გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკური მდგოომარეობის გაუარესებას, წარმოების მკვეთრ დაცემას, უმუშევრობის ზრდას, შესაბამისად მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუარესებასა და ა.შ.
განასხვავებენ ეკონომიკური კრიზისის შემდეგ 2 სახეს: ჭარბწარმოებასა და ნაკლწარმოებას. პირველ შემთხვევაში საუბარია მდგომარეობაზე, როდესაც კონკრეტულ ბაზარზე არსებული მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას, რასაც თან სდევს პროდუქციის გასაღებასთან დაკავშირებული სიძნელეები და შესაბამისად ამ უკანასკნელის მარაგის ზრდა,სამრეწველო თუ სავაჭრო ფირმების გაკოტრება, ფინანსური სისტემის მოშლა, ამასთანავე უმუშევრობის ზრდა, ხელფასის შემცირება და სხვა. რაც შეეხება ნაკლწარმოების ეკონომიკურ კრიზისს, აქ საპირისპირო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მომხმარებელთა მოთხოვნილების დაკმაყოფილება ვერ ხდება საბაზრო მექანიზმის საშუალებით. ამგვარი შემთხვევები ძირითადად დამახასიათებელი იყო სოციალისტური ორიენტაციის ქვეყნებისათვის.
განვიხილოთ ეკონომიკური კრიზისის რამდენიმე მაგალითი ისტორიიდან, რომ შევძლოთ მისი ეკონომიკაზე გავლენის შეფასება.
დიდი დეპრესია
რთულია საუბრობდე ეკონომიკურ კრიზისებზე და ყოველივე ამის განხილვა არ დაიწყო დიდი დეპრესიით. ეს გახლდათ ყველაზე ღრმა და ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისი, რომელიც აშშ-ში 1929 წელს, ნიუ-იორკის საფონდო ბაზრის კრახით დაიწყო, თუმცა ყოველივე ამას წინ უძღვოდა სხვადასხვა ფაქტორების გავლენა, რომელთაც ერთგვარი საფუძველი შექმნეს ეკონომიკური კრიზისისათვის. [1]
გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ეკონომისტებსა თუ ისტორიკოსებს შორის დღემდე არსებობს აზრთასხვადასხვაობა დიდი დეპრესიის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით. მაგალითად ზოგი თვლის, რომ საფონდო ბირჟაზე აქციათა ფასების ამგვარ ვარდნამ საზოგადოებაში დანერგა ერთგვარი შიში და გაურკვევლობა, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მათივე გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა ბუნებრივია მხოლოდ ეს დიდ დეპრესიას ვერ დაიწყებდა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოსაზრებით აღნიშნული კრიზისის მიზეზი გახლდათ არასწორად გატარებული მონეტარული პოლიტიკა. ვფიქრობ ეს უკანასკნელი ყველაზე ლოგიკურ ახსნას წარმოადგენს დიდი დეპრესიის დაწყებასთან დაკავშირებით. საქმე ის არის, რომ კრახის გავლენა კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც შემცირდა ნომინალური ფულის მარაგი. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია გასათვალისწინებელი, ფულადი მასა შემცირდა არა მონეტარული ბაზის, არამედ ბანკების გაკოტრების გამო. 1929 წლიდან 1933 წლამდე ბანკების გაკოტრება სულ უფრო იზრდებოდა მანამ, სანამ არ მიაღწია პიკს, უფრო კონკრეტულად ამ პერიოდისათვის არსებული დაახლოებით 20000 ბანკიდან გაკოტრდა 4000. ბუნებრივია ბანკების ამგვარი მდგომარეობა ხელს უშლიდა მათ თავის მხრივ გაეცათ სესხები და ფულადი მასა კიდევ უფრო გაეზარდათ. სწორედ აქ ვლინდება ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ დაშვებული შეცდომა, რაზეც მიუთითებდნენ კიდეც მილტონ ფრიდმანი და ანა შვარცი. მართალია ფულადი მასის შემცირება უშუალოდ ფედერალური სარეზერვო სისტემის დანაშაული არ გახლდათ, თუმცა ამ უკანასკნელს რაიმე მაინც უნდა მოეფიქრებინა ბანკების გადასარჩენად, რაც რეალურად არ მომხდარა. არ არის გასაკვირი რომ ყოველივე ამას თან ახლდა გამოშვების შემცირება (ეკონომიკა შემცირდა 15%-ით 1929-1930 წლებში), დეფლაცია, უმუშევრობის დონის ზრდა (აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში აღნიშნულმა გადააჭარბა 25%-ს) და მოკლედ რომ ითქვას, დიდი დეპრესიის დაწყება. [1]
მას შემდეგ რაც პრეზიდენტად აირჩიეს ფრანკლინ რუზველტი, დაიწყო კრიზისის დაძლევისაკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა. აღნიშნული განხორციელდა პირველ რიგში მონეტარული პოლიტიკის ცვლილებისა და ნომინალური ფულის ზრდის ხარჯზე. 1933 წელს დეფლაცია დასრულდა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუზველტის ადმინისტრაციის მიერ გატარებულ ღონისძიებებმა. აქვე ყურადღებას იმსახურებს საზოგადოებაში არსებული მოლოდინები, რაც ასევე უკეთესობისაკენ შეიცვალა რუზველტის არჩევის შემდგომ. ყოველივე ზემოხსენებულმა კი განაპირობა ის, რომ 1936 წლიდან ეკონომიკურ მდგომარეობამ გაუმჯობესება დაიწყო და 1939 წელს დიდი დეპრესიაც დასრულდა.
ნავთობის კრიზისი
შემდეგი მაგალითი, რომელიც ასევე იმსახურებს ყურადღებას აღნიშნული თემის განხილვისას , გახლავთ ნავთობის ფასის ზრდით გამოწვეული კრიზისი. ნავთობზე ფასი თავდაპირველად 1973 წელს 4-ჯერ გაიზარდა, ხოლო 1979 წელს აღნიშნული კვლავ განმეორდა. თავდაპირველი ფასების ზრდის მიზეზი გახლდათ ის, რომ ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის მიმდინარეობდა ომი, ამან კი თავის მხრივ განაპირობა არაბეთის ქვეყნების მხრიდან ემბარგოს დაწესება დასავლეთისათვის ნავთობის მიწოდებაზე. აქვე მიზეზებში უნდა განვიხილოთ აშშ-ს მხრიდან ნავთობის მოპოვების შემცირება და დოლარის გაუფასურება (ფიქსირებული კურსების სისტემის მოშლიდან გამომდინარე). [6] [8]
რა გავლენა ჰქონდა ნავთობზე ფასების ზრდას მსოფლიო ეკონომიკაზე? ამ უკანასკნელის გავლენა საკმაოდ შესამჩნევი გახლდათ. დაიწყო ეკონომიკის რეცესიაში შესვლა და ე.წ ,,სტაგფლაცია“, რომელიც გულისხმობს ინფლაციასა და სტაგნაციას ერთდროულად. განსხვავებით წინა შემთხვევისაგან, როდესაც ვსაუბრობდით დიდ დეპრესიასა და სახელმწიფოს როლზე ამ ყველაფერში (რომელსაც არაფერი გაუკეთებია საბანკო სისტემის გადასარჩენად), აქ ვითარება ოდნავ განსხვავებულია. ვგულისხმობ,„ რომ მთავრობებმა სცადეს გაეზარდათ დანახარჯები და მაქსიმალურად დახმარებოდნენ ეკონომიკას რეცესიიდან თავის დაღწევაში, მაგრამ ვინაიდან ნავთობზე გაზრდილი ფასები აფერხებდა პროდუქციის მიწოდებას, აღნიშნულ ღონისძიებებს არანაირი გავლენა არ ჰქონიათ ეკონომიკის მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. ვფიქრობ ამ შემთხვევაში თითოეულ ქვეყანას ყურადღება უნდა დაეთმო უშუალოდ წარმოების წახალისებისათვის, რაც თავის მხრივ შესაძლოა მიღწეულ ყოფილიყო გადასახადებისა და სხვადასხვა რეგულაციების შემსუბუქებით. ყოველივე ეს შექმნიდა მეტ სტიმულებს მწარმოებელთათვის, გაიზრდებოდა მიწოდება და გარკვეულწილად აღმოიფხვრებოდა ნავთობის ფასების ზრდით გამოწვეული უარყოფითი ეფექტები.
როგორც უკვე ვახსენე ნავთობზე ფასების ზრდა მალევე განმეორებით დაფიქსირდა 1979 წელს. ამ პერიოდში ირანის ისლამისტურ რევოლუციამ განაპირობა ის, რომ შემცირდა ნავთობის მიწოდება და ამან გაზარდა შესაბამისად მისი ფასი. ყოველივე ამას მოჰყვა 1980 წლის ომი ირანსა და ერაყს შორის, კიდევ უფრო შემცირებული ნავთობის მოპოვება და კიდევ უფრო გაზრდილი ფასები, შედეგად კი 5%-ით შემცირებული მსოფლიო ეკონომიკა. [7]
განსხვავებით 1973 წლის შემთხვევისაგან, 1979 წლის ნავთობზე ფასების ზრდას საპასუხოდ ნამდვილად მოყვა გადასახადებისა თუ ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის შემცირება, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ფასების კონტროლი, რაც უკავშირდებოდა მარგარეტ ტეტჩერსა (ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი) და რონალდ რეიგანს (აშშ-ის პრეზიდენტი). სწორედ მათი და მათ მიერ გატარებული რეფორმებისა თუ ღონისძიებების დამსახურება იყო ყოველივე ზემოთქმული და შედეგად ნავთობის შოკით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევა.
2007-2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისი
2007-2008 წლებში არსებული ფინანსური კრიზისი ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კრიზისი იყო დიდი დეპრესიის შემდგომ. აღნიშნული შემთხვევის საწყისი გახლავთ 2007 წლის ზაფხულში აშშ-ის უძრავი ქონების ბაზარზე სუბსტანდარტული იპოთეკური დაკრედიტების ჩავარდნა, რაც შემდგომ სხვა ქვეყნებზეც აისახა უარყოფითად. განვითარებულ ქვეყნებში უმუშევრობის დონე გაიზარდა 5%-დან 9%-მდე, შემცირდა მსოფლიო ეკონომიკა 3.3%-ით, ასევე დაეცა ფასები აქციებსა თუ უძრავ ქონებაზე, მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობაში 2008 წლის მეორე ნახევრიდან შეინშნებოდა ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელება და ა.შ. რაც შეეხება უკვე ფინანსური კრიზისიდან გამოსვლას, ეს უკანასკნელი იწყება 2010 წლისათვის, ძირითად ბერკეტს ქვეყნების მხრიდან კრიზისთან საბრძოლველად კი წარმოადგენდა საბიუჯეტო დახმარების პროგრამები. [4]
საქართველო 2007-2008 წლის ფინანსურ კრიზისის ფონზე
როგორც უკვე ვახსენე ფინანსურ კრიზისმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა და სამწუხაროდ გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა 2008 წლის აგვისტოს ომმა და საქართველოს მოუწია უმძიმესი წლების გადატანა. აღნიშნულ პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილები საქართველოში, შემცირდა ინფლაციის დონე, წარმოიშვა მიმდინარე ანგარიშის ბალანსის დეფიციტი და ა.შ. ყოელივე ამან კი შესამჩნევად გააუარესა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და შესაბამისად უარყოფითად აისახა ცხოვრების დონეზეც. კონკრეტულად 2009 წელს დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდის უარყოფითი მაჩვენებელი (-3,65%), ხოლო უმუშევრობის დონემ მიაღწია პიკს (18,3%). ამ უკანასკნელს თუ 2006 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს შევადარებთ, შევნიშნავთ რომ უმუშევრობის დონე გაიზარდა 16%-ით, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. [5]
კრიზისიდან თავის დასაღწევად საქართველოში 2010-2013 წლებში შემუშავდა გარკვეული სახის საშუალოვადიანი გეგმები, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არსებულ რთულ სიტუაციასთან ბრძოლაში.
COVID 19 – გლობალური კრიზისი დღეს
თანამედროვე მსოფლიო გარკვეული პრობლემებისა და საფრთხეების წინაშე დადგა, რაც გამოიწვია ახალი ვირუსის, COVID 19-ის გლობალურმა გავრცელებამ. ვირუსის გავრცელება 2019 წლის ბოლოს დაიწყო ჩინეთში, ქალაქ უხანში და მალევე მსოფლიო პანდემიად იქცა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა როგორც ქვეყანათა ეკონომიკებს, ასევე საზოგადოების თითოეულ წევრს.
იმ ფაქტმა რომ თითოეული ქვეყანა დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად ცდილობს გაიხედოს საკუთარი ქვეყნის საზღვრებს გარეთ და ურთიერთობა ჰქონდეს სხვა ქვეყნებთან, კიდევ უფრო გაამარტივა კრიზისის ერთი ქვეყნიდან მეორეზე გავრცელება და მალევე ეკონომიკურ კრიზისში მთელი მსოფლიოს ეკონომიკა ჩაიძირა. ვფიქრობ საერთაშორისო ურთიერთობების ხარისხობრივად გაუმჯობესება და ქვეყნების დაახლოება უფრო მეტად კარგი შედეგების მომტანია, ვიდრე ცუდის. თუმცა ფაქტი რჩება ფაქტად, რომ ყოველივე ამის გათვალისწინებით მსოფლიოში გავრცელებულ კრიზისს გვერდს ვერ ავუვლით. [2]
ერთი შეხედვით მარტივად გავაკეთებთ დასკვნას, რომ პანდემიის შემთხვევა ზემოთგანხილული შემთხვევებისაგან განსხვავდება.არ ვსაუბრობთ ჩვენ არც დიდ დეპრესიაზე, ნავთობის ფასების შოკსა თუ მსოფლიო ფინანსურ კრიზისზე, თუმცა რეალობა გახლავთ ის, რომ პანდემიამ მნშვნელოვანი ზეგავლენა იქონია მსოფლიო ეკონომიკაზე და საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო ის. უფრო კონკრეტულად ქვეყნების მთლიანი სამამულო პროდუქტის (GDP) ცვლილებას თუ გავითვალისწინებთ, საუბარია GDP ზრდის ტემპზე, შევნიშნავთ რომ ქვეყანათა უმრავლესობაში ეს უკანასკნელი არა თუ შენელდა, არამედ უარყოფითი მნიშვნელობაც კი მიიღო. მათ შორისაა აშშ-ც, სადაც 2018 წლამდე GDP ზრდის ტემპი მზარდ სახეს ატარებდა, თუმცა 2020 წლისასთვის აღნიშნული მაჩვენებელი -3,5%-ს გაუტოლდა (მაშინ როცა 2019 წელს უდრიდა 2,2%-ს). თუ შევაჯამებთ ქვეყნების მონაცემებს, რომ დავინახოთ პანდემიის მთლიანი ეფექტი მსოფლიო ეკონომიკაზე, ვნახავთ რომ GDP ზრდის ტემპი მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით 2019 წელს გახლდათ 2,33%, ხოლო 2020 წელს უკვე უარყოფითი მნიშვნელობის, კონკრეტულად -3,6%. პანდემიის ეფექტი ასევე აისახა უმუშევრობაზეც, თუ უმუშევრობის დონე მსოფლიოს მასშტაბით 2018 წელს იყო 5,4% (მსოფლიო ბანკის მონაცემებით), 2020 წელს აღნიშნული 6,5%-ს გაუტოლდა. [9]
პანდემიის გავლენა საქართველოზე
ვფიქრობ სანამ უშუალოდ პანდემის გავლენას შევაფასებდეთ საქართველოსთან მიმართებაში, სიტუაციის უკეთ აღქმას გაგვიმარტივებს შესაბამისი ეკონომეტრიკული მოდელის აგება ისეთ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, როგორიცაა: მშპ, უმუშევრობის დონე, წმინდა ექსპორტი და სახელმწიფო ვალი. ყოველივე ეს ერთი მხრივ დაგვეხმარება, რომ შევაფასოთ რამდენად დიდი როლი აქვს თითოეულ მაჩვენებელს ეკონომიკის განვითარებასა და ზრდაში, მეორე მხრივ კი ვნახავთ როგორ შეიცვალა ეს მაჩვენებლები პანდემიის გავლენის შედეგად და როგორ აისახა ყოველივე ეს საქართველოს ეკონომიკაზე.
ცხრილში მოცემულია მონაცემები საქართველოს მშპ-ს, უმუშევრობის დონის, სახელმწიფო ვალისა და წმინდა ექსპორტის ცვლილების შესახებ (ცვლილების უკეთ დასანახად აღებულია თითოეული მაჩვენებლის ზრდის ტემპი) 2002 წლიდან 2020 წლის ჩათვლით.
ცხრილი 1. საქართველოს მშპ-ის, უმუშევრობის დონის, სახელმწიფო ვალისა და წმინდა ექსპორტის ზრდის ტემპი, 2002-2020 წლები.
წყარო: https://www.geostat.ge
მონაცემების გამოყენებით უკვე შეგვიძლია ჩავწეროთ რეგრესიის განტოლება:
GDPGR=8.9819-0.1363unemr-0.1092GdebtGR+0.0547NXr
სადაც GDPGR – მშპ-ის ზრდის ტემპი და საშედეგო ცვლადია, ფაქტორული ცვლადები კი გახლავთ შემდეგი: unemr-უმუშევრობის დონე, GdebtGR- სახელმწიფო ვალის ზრდის ტემპი და NXr – წმინდა ექსპორტის წრდის ტემპი. მაშასადამე, აღნიშნული განტოლების საფუძველზე შეგვიძლია დავინახოთ თუ რა გავლენას ახდენენ ფაქტორული ცვლადები საშედეგო ცვლადზე. უფრო კონკრეტულად შევნიშნოთ, რომ უმუშევრობის დონე და სახელმწიფო ვალის ზრდის ტემპი მშპ-ის ზრდის ტემპთან უარყოფით დამოკიდებულებაშია (უმუშევრობის დონის 1 %-ით ზრდა იწვევს მშპ-ის ზრდის ტემპის 0,1363 %-ით შემცირებას, ხოლო სახელმწიფო ვალის ზრდა 1 %-ით ზრდა ასევე ამცირებს მშპ-ის ზრდის ტემპს 0,1092 %-ით), წმინდა ექსპორტის ზრდა კი დადებით დამოკიდებულებაში (1%-ით ზრდა მშპ-ის ზრდის ტემპს 0,0547 %-ით ზრდის), რაც საკმაოდ ლოგიკური მოცემულობაა. უმუშევრობის დონის ზრდა (რაც ფაქტობრივად პირდაპირი შედეგი გახლავთ ეკონომიკური კრიზისის ) სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების რიცხვის ზრდას გულისხმობს, ეს უკანასკნელი თავის მხრივ თითოეული მათგანის შემოსავლებს ამცირებს, ჩვენი შემოსავლების შემცირებას კი მოხმარებაზე გაწეული ხარჯების შემცირებით რომ ვპასუხობთ, ვფიქრობ გასაკვირი არ უნდა იყოს. შემცირებული მოთხოვნა ბუნებრივია აისახება გამოშვებაზე და ამცირებს მას, ე.ი ქვეყნის მთლიანი სამამულო პროდუქტი მცირდება და თავისთავად GDP ზრდის ტემპიც იწყებს შენელებასა და შემცირებას.
ანალოგიურად შეგვიძლია განვიხილოთ სახელმწიფო ვალი. ხშირად არის შემთხვევები და განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის დროს, როდესაც ამა თუ იმ სახელმწიფოს უწევს ბიუჯეტის დეფიციტთან გამკლავება, ე.ი შემთხვევები როდესაც მთავრობა ხარჯავს იმაზე მეტს ვიდრე ღებულობს. ასეთ დროს არსებობს 3 გზა, რომლის საშუალებითაც ხდება სამთავრობო გადიდებული ხარჯების დაფინანსება : გადასახადების გადიდება, ფულის ემისია და სახელმწიფო ვალის აღება. თითოეულ მათგანს შესაძლოა ახლდეს უარყოფითი შედეგებიც. მაგალითისთვის გადასახადების გადიდებას შეუძლია მომუშავეთა შრომის სტიმულები შეამციროს, ვინაიდან გადასახადების ყოველი ზრდა მათივე განკარგვადი შემოსავლის შემცირებას გულისხმობს. ფულის ემისია და საჭირო რაოდენობაზე მეტი ფულის ბეჭვდა საბოლოოდ ინფლაციას გამოიწვევს და შესაძლოა ახლა უკვე მასთან დაკავშირებული პობლემებიც გახდეს სახელმწიფოს საზრუნავი. რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ვალის აღებას, რეალურად ეს უკანასკნელი თითქოს ყველაზე კარგად გამოიყურება არსებულ 3 მეთოდს შორის და მას მიმართავენ კიდეც სახელმწიფოები უმეტესწილად ხარჯების ძირითადი ნაწილის დაფინანსებისათვის. თუმცა ნიშნავს კი ეს იმას რომ სახელმწიფო ვალის გადიდებას უარყოფითი ეფექტები არ ახლავს? რა თქმა უნდა არა. ასეა თუ ისე, დღეს აღებული ვალი ოდესმე უნდა დაიფაროს, ანუ ამ უკანასკნელისათვის ფინანსური რესურსების მოძიება უნდა მოხდეს, ეკონომიკური კრიზისის და გაუარესებული ეკონომიკის დროს კი ეს ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება. საბოლოოდ მივდივართ გადასახადების გაზრდამდე, საზოგადოების მხრიდან მოხმარებისა და სახელმწიფო ხარჯების შემცირებამდე. ყოველივე ეს კი ისევ და ისევ ამცირებს GDP-ის ზრდის ტემპს. [3]
რაც შეეხება წმნინდა ექსპორტს, ეს უკანასკნელი გულისხმობს ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობას. შესაბამისად ღებულობს დადებით მნიშვნელობას, როდესაც ექსპორტი აჭარბებს იმპორტს და უარყოფით მნიშვნელობას, როდესაც იმპორტი აჭარბებს ექსპორტს. დავიწყოთ იმით რომ ზოგადად ქვეყანა ახორციელებს კონკრეტული პროდუქციის ექსპორტს მაშინ, როდესაც მას აქვს ამ პროდუქციის წარმოებაში შეფარდებითი უპირატესობა (ნაკლები დანახარჯებით აწარმოებს სხვა ქვეყანასთან/ქვეყნებთან მიმართებაში), თუ უგულებელვყოფთ რა თქმა უნდა მთავრობის დახმარებას (მაგ: სუბსიდირებას ექსპორტის გაზრდის მიზნით). ასეთ შემთხვევაში კონკრეტული პროდუქციის ადგილობრივი ფასი ნაკლებია მსოფლიო ფასზე და ქვეყანა ხდება ექსპორტიორი, რაც პირველ რიგში რესურსების ეფექტიანად გამოყენებას უსვამს ხაზს, ეს კი ბუნებრივია გამოშვებისა და მთლიანად ეკონომიკისათვის დადებითი შედეგების მომტანია. გარდა ამისა ადგილობრივი წარმოების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანა თავისთავად გულისხმობს ქვეყანაში სხვა ქვეყნებიდან ფინანსური რესურსების შემოდინებას, რაც ასევე დადებითად აისახება ეკონომიკაზე. ყოველივე ზემოთქმულის საპირისპირო შედეგები შესაძლოა მივიღოთ იმპორტის ზრდის შემთხვევაში, რასაც შესაბამისად ახლავს წმინდა ექსპორტის შემცირება (გამონაკლისი შემთხვევის გარდა, როდესაც ექსპორტის ზრდა აჭარბებს იმპორტის ზრდას და წმინდა ექსპორტი მაინც დადებითი რჩება). მაგალითად ამ უკანასკნელის დროს ქვეყნიდან მუდმივად გაედინება ფინანსური რესურსები იმპორტირებული საქონლის შესყიდვიდან გამომდინარე, ეს კი ფინანსების მოძიების პრობლემას ქმნის, როგორც წესი ამ პრობლემას სახელმწიფო ვალის ზრდა აგვარებს, რაზეც ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი და ვნახეთ, რომ სახელმწიფო ვალის ზრდა იწვევს მშპ-ს შემცირებას. შესაბამისად თითოეული სახელმწიფო ცდილობს შეინარჩუნოს სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდო და ამგვარად დადებითად იმოქმედოს მშპ-ს ზრდის ტემპსა და ზოგადად ეკონომიკაზე. ისეთი იმპორტდამოკიდებული ქვეყნისათვის კი, როგორიც საქართველოა, კიდევ უფრო რთულდება სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდოს შენარჩუნება და ეკონომიკაზე მოქმედი ფაქტორების უარყოფითი გავლენის შემცირება. [1] [2]
ვინაიდან ამ ნაწილში მსურს პანდემიის გავლენა ვაჩვენო საქართველოს მდგომარეობაზე, მაგრამ ამასთანავე არ შემიძლია Covid19-ის გავლენა მოდელში ჩავრთო რაოდენობრივად, მივმართავ ეკონომეტრიკის ერთ-ერთ მიდგომას – ფიქტიური ცვლადის შემოღებას. ეს უკანასკნელი გახლავთ ხელოვნური ცვლადი, რომლის მნიშვნელობები განისაზღვრება პირობითად იმის მიხედვით, თუ რა შესაძლო მდგომარეობა შეიძლება გააჩნდეს თვისობრივ ცვლადს. ამ შემთხვევაში რადგან პანდემიის გავლენის შეფასება მსურს, ლოგიკური იქნება ზემოთ მოტანილი მონაცემები წლების მიხედვით გავყოთ 2 ნაწილად: 2002-დან 2019 წლის ჩათვლით და 2020 წლიდან დღემდე. ამ შემთხვევაში ფიქტიური ცვლადი Covid19 მიიღებს 2 მნიშვნელობას: 0-სა (2002-2019 წლებისათვის) და 1-ს (2020 წლისა და შემდგომი პერიოდისათვის). ხოლო რეგრესიის განტოლება იქნება შემდეგი:
GDPGR=10.0849b0-0.2071unemr-0.0493GdebtGR+0.0509NXr-9.0724Covid19
რა თქმა უნდა ფიქტიური ცვლადი Covid19-ც ასევე უარყოფით დამოკიდებულებაშია მშპ-ის ზრდის ტემპთან. თავის მხრივ განტოლებაში განხილული თითოეული ცვლადი უარესდება პანდემიის გავლენის ზრდასთან ერთად. ყოველივე ამის შეჯამებისას ვფიქრობ ვხვდებით რაოდენ დიდი როლი ითამაშა პანდემიამ ეკონომიკური კრიზისის წარმოქმნასა და გაღრმავებაში, ყოველივე ამან კი რამდენად გააუარესა საქართველოსა და არამარტო საქართველოს, ეკონომიკური მდგომარეობა.
აქვე შეგვიძლია ვიზუალურადაც ვნახოთ საქართველოს GDP-ის ზრდის ტემპის ცვლილება 2002-2020 წლებში (ნახაზი 1).
გრაფიკი 1. GDP-ის რეალური და შეფასებული ზრდის ტემპი საქართველოში (%), 2002-2020 წლები
ავტორისეული გრაფიკი. მონაცემების წყარო : https://www.geostat.ge
გრაფიკი აგებულია რეალური და ჩემს მიერ შეფასებული მონაცემების საფუძველზე. ბუნებრივია შეინიშნება რამდენიმე გადახრა, თუმცა ეს უკანასკნელი არც არის გამორიცხული, ვინაიდან შეუძლებელია ზუსტად მოხდეს ყველა მნიშვნელოვანი ცვლადის გავლენის გათვალისწინება მოდელში. მაგრამ ყოველივე ეს არ გვიშლის ხელს გარკვეული დასკვნების გაკეთებაში. შევნიშნოთ, რომ 2008-2009 წლებში განსაკუთრებით შესამჩნევია რეალურ და შეფასებულ მონაცემებს შორის არსებული განსხვავება, რაც განპირობებულია 2007-2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისით, საქართველოს შემთხვევაში კი ასევე გასათვალისწინებელია ამ პერიოდში არსებული პოლიტიკური დესტაბილიზაცია. რაც შეეხება 2019-2020 წლებს, ვინაიდან მოდელში გავითვალისწინე პანდემიის გავლენა, ამ პერიოდის მონაცემები ზუსტად აისახა ჩემს მოდელში. ყოველივე ეს კი ადასტურებს, რომ მოდელი საიმედოა და მეტ-ნაკლებად რეალურ ეკონომიკურ სიტუაციას ასახავს.
დასკვნა
დასასრულს შევაჯამოთ განხილული საკითხები და ჩამოვაყალიბოთ ერთიანი დასკვნა. ნაშრომის პირველ ნაწილში განვიხილე დიდი დეპრესიის, ნავთობზე ფასების ზრდისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამომწვევი მიზეზები და მათი შედეგები, რის შედეგადაც მკაფიოდ შევძელით დაგვენახა, რამდენად არასასურველი გავლენის მოხდენა შეუძლია ამა თუ იმ გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს ეკონომიკის ფუნქციონირებაზე. თითოეულ შემთხვევას თან ახლდა გამოშვების შემცირება, უმუშევრობის დონის ზრდა, რიგ შემთხვევებში სახელმწიფო ვალის გადიდება და ა.შ. რაც საბოლოოდ ეკონომიკის ზრდასა და განვითარებას აფერხებს, ეს კი თავის მხრივ აისახება ქვეყნების მდგომარეობაზე და უარყოფითად მოქმედებს ცხოვრების დონეზე.
მეორე ნაწილში განვიხილე ამ დროისათვის ერთ-ერთი აქტუალური, Covid19 პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები. პირველ ნაწილში თუ წარსულ ფაქტებზე ვისაუბრე, ეს ნაწილი უშუალოდ დღევანდელ რეალობას დავუთმე. ვნახეთ რომ პანდემია უარყოფითად აისახა მთელი მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს ეკონომიკაზეც. ამ უკანასკნელის უკეთ გაანალიზებაში კი დაგვეხმარა ეკონომეტრიკული მოდელის აგება ისეთ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, როგორიც არის: მშპ, უმუშევრობის დონე, სახელმწიფო ვალი და წმინდა ექსპორტი. მოდელმა აჩვენა, რომ GDP-ის ზრდის ტემპზე უარყოფით გავლენას ახდენს უმუშევრობის დონისა და სახელმწიფო ვალის ზრდა და ასევე წმინდა ექსპორტის შემცირება. პანდემიამ კი სწორედ ამ მიმართულებით შეცვალა თითოეული, შესაბამისად შემცირდა გამოშვება, GDP-ის ზრდის ტემპი და ეკონომიკა სერიოზულ ჩიხში შევიდა.
საბოლოოდ მსგავს გლობალურ კრიზისებს რომ საკმაოდ არასასურველი ეფექტი ახლავს ეკონომიკასთან მიმართებაში, ვფიქრობ ლოგიკური და მარტივად გასაგებია. მთავარია ყურადღება ასევე გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ მოხდება აღნიშნული კრიზისების დაძლევა. აქ კი ვფიქრობ ძალიან დიდ როლს სწორედ სახელმწიფო და მის მიერ გატარებული/არ გატარებული ღონისძიებები თამაშობს. სწორად შერჩეული პოლიტიკა კი უმეტეს შემთხვევებში აუცილებლად შეამცირებს ეკონომიკური კრიზისების უარყოფით გავლენას.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ბლანშარი ო., მაკროეკონომიკა, მე-5 გამოცემა, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა – 2010 წ ;
- პ.კრუგმანი, მ.ობსტფელდი, მ.მელიტცი ,,საერთაშორისო ეკონომიკა“;
- ხადური ნ., მაკროეკონომიკური პოლიტიკა, (ლექციების კურსი, რიდერი, განახლებული ვარიანტი), 2016;
- ,,2007-2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისი : მიზეზები და ინტერპრეტაციები“, გიორგი ბაქრაძე – (https://www.nbg.gov.ge/uploads/journal/2014/2014_2/1.pdf )
- www.geostat.ge
- ,,Arab oil embargo” , Written by The editors of Encyclopedia Britannica (https://www.britannica.com/event/Arab-oil-embargo)
- ,,Oil Shock of 1978-1979”, by Laurel Graefe ( https://www.federalreservehistory.org/essays/oil-shock-of-1978-79 )
- ,,The Economic Impact of Oil Prices”, by Rurik Krymm (https://www.iaea.org/sites/default/files/publications/magazines/bulletin/bull16-1/161_204006065.pdf )
- ( https://data.worldbank.org/about/get-started )