ქალები როგორც უხილავი სოციალურ-ეკონომიკური მოთამაშეები
თამარ მძელური
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
IV კურსი
tam.mdzeluri@gmail.com
საკითხის აქტუალურობა
ქალების სოციალურ-ეკონომიკური როლის შესახებ ხშირად საუბრობენ. კულტურების მიხედვით დამოკიდებულებები განსხვავებული და არაცალსახაა. თუმცა მხოლოდ კულტურა, რელიგია და სტერეოტიპული დამოკიდებულება არ არის ის, რაც ქალს აკნინებს და დაუფასებელს ხდის.
რთულია გენდერული პრობლემების სწრაფად და ერთბაშად მოგვარება. XX საუკუნის დასაწყისიდან თანასწორობის იდეის პოპულარიზაცია სხვადასხვა ჯგუფის მიერ სისტემურ ხასიათს ატარებს. სურათი კარგად რომ დავინახოთ, შეგვიძლია რომელიმე კონკრეტული მაჩვენებლით შევადაროთ ქვეყნები ერთმანეთს და ვნახავთ, რომ სკანდინავიაში ყველაზე კარგი მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის, თანასწორობის, ჯანდაცვის და სხვა ცვლადების მიხედვით. ყველა ეს შემადგენელი საბოლოო ჯამში ეკონომიკურ მაჩვენებელს უკავშირდება და გამოდის, რომ სადაც ცხოვრების დონე მაღალია, იქ ნაკლებად ვხვდებით სოციალურ პრობლემებს.
ნაშრომი მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას და სამეწარმეო შესაძლებლობების გამოვლენას. აქცენტი ასევე გაკეთებულია რეგიონად მცხოვრები ქალების წინაშე მდგარი გამოწვევების იდენტიფიკაციაზე, ასევე რეკომენდაციების შემუშავებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს უშუალოდ მათ ეკონომიკურ გაძლიერებას.
ზოგადი მდგომარეობა
საქართველოს მოსახეობის გენდერული ბალანსი დაცულია 51%-ს ქალები შეადგენენ, ხოლო 49% მამაკაცები. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაში დეტალურადაა განხილული ქალთა და მამაკაცთა ასაკობრივი განაწილება, როგორც ვხედავთ თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში ქალთა რაოდენობა აღემატება მამაკაცების რაოდენობას. ასევე აღსანიშნია ის მაჩვენებელიც, რომ მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი 0-4 და 55-59 წლის ასაკობრივ ჭრილში იმყოფება, ხოლო ძირითადი სამუშაო ძალის გადანაწილბა მეტ-ნაკლებად თანაბარია.
წყარო: www.geostat.ge
ერთი შეხედვით საქართველოში ქალი – როგორც ეკონომიკურად აქტიური სამუშაო ძალა, მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს ქვეყნის განვითარებაში. თუმცა ეროვნული კულტურა და ტრადიციული დამოკიდებულებები საკმაოდ განსხვავებულად წარმოგვიდგენს ქალის ფუნქციებს ოჯახსა და განსაკუთრებით სამეწარმეო საქმიანობის კუთხით. აღნიშნული ტრადიციული მიდგომები განსაკუთრებით მყარადაა მოკიდებული რეგიონებში და შესაბამისად იმთავითვე ტრადიციულად განსაზღვარვს ქალის როლს და ფუნქციებს.
ქალთა როლის გაზრდისა და გაძლიერების პერსეპექტივების გამოსავლენად აუცილებლია, მეტ-ნაკლებად სრულად მოხდეს მათი არსებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის ანალიზი.
აქტუალურია აღნიშნული საკითხი, როდესაც საქმე ეხება რეგიონებად მცხოვრები ქალების ეკონომიკურ განვითარებას. რეალურად მათი დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობების შესაძლებლობების განვითარებისა და დივერსიფიკაციის „გასაღები” უფრო მეტად პროფესიულ განათლებაში დევს, ვიდრე უმაღლესში. ამისათვის საჭიროა, ერთი მხრივ მოხდეს პროფესიულ სასწავლებლებში ისეთი მიმართულებების დანერგვა, რომლებიც სწორედ ქალებს მისცემს დასაქმებისა და საკუთარი საქმიანობების დაწყების შესაძლებლობას. ეფექტიანი იქნებოდა გარკვეული სასწავლო კურსების ადგილზე მიწოდების ორგანიზება, რაც გაზრდიდა სოფლად მცხოვრები ქალების ხელმისაწვდომობას პროფესიულ სწავლებაზე. ამ გზით შესაძლებელი გახდება ადგილობრივ დონეზე პრიორიტეტული პროფესიების მიღება და შესაბამისად ქალებისათვის გაიზრდება დასაქმების პერსპექტივა.
ფაქტია, რომ გენდერულ ჭრილში თუ განვიხილავთ, ქალი იაფი მუშახელია. ქალები ძირითადად დასაქმებული არიან კერძო სფეროში და წარმოადგენენ ძირითად ბირთვს ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნაში. დასაქმებული კაცების უმრავლესობა კი საჯარო სექტორში მუშაობს. ეს ის სივრცეა, სადაც ხდება მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადების ხელფასების სახით დისტრიბუცია და არ იქმნება ეკონომიკური დოვლათი.
ქალთა დასაქმება – არსებული მდგომარეობა და შესაძლებლობები
წყარო: www.geostat.ge
რაც შეეხება, უმუშევრობის მაჩვენებელს, აქაც დასტურდება ის, რომ საქართველოში ძირითადი სამუშაო ძალა ქალები არიან და სწორედ ეკონომიკის ერთ-ერთ ბერკეტს წარმოადგენენ.
2018 წელს საქართველოში კაცის საშუალო ანაზღაურებამ 1360.5 ლარი შეადგინა, ქალის ხელფასმა კი 856.2 ლარი, რაც 37.07%-იან სხვაობას ნიშნავს. არათანაბარი ანაზღაურების ანალიზი შესაძლებელია 2001 წლიდან მოყოლებული, როდესაც ქალის ანაზღაურება კაცთან შედარებით 49%-ით ნაკლები იყო. მიუხედავად იმისა, რომ ორი სქესის საშუალო ხელფასების აბსოლუტური სხვაობა თანდათან იზრდება, პროცენტული სხვაობა 2005 წლიდან მოყოლებული მცირდება. 2005-დან 2013 წლამდე ეს სხვაობა 51.06%-დან 36.43%-მდე დაეცა, თუმცა შემდგომ ნახევარი პროცენტით გაიზარდა.
სხვაობა ქალებისა და მამაკაცების ხელფასებს შორის ამერიკაში
სამუშაო ადგილზე გენდერული განსხვავებებისადმი დიდი ყურადღების მიუხედავად, ამერიკაში ქალი ექიმებისა და მამაკაცების ხელფასებს შორის სხვაობა ისევ შესამჩნევია. კვლევამ დაადგინა, რომ ქალი ექიმები ყველა აკადემიურ რანგში, დაახლოებით 10%-ით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე მათი საპირისპირო სქესის კოლეგები.
ეს განსხვავებები განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, იმის გათვალისწინებით, რომ ქალი ექიმები ზოგიერთ დარგში არაფრით ჩამოუვარდებიან მამაკაც ექიმებს და მეტიც, უკეთესებიც კი არიან.
კვლევამ აჩვენა, რომ ქალ ექიმებს მნიშვნელოვნად ნაკლები პაციენტების სიკვდილიანობა და რეჰოსპიტალიზაცია უფიქსირდებათ. ძნელი მისახვედრია, თუ რა გაანგარიშებით უხდის ჯანდაცვის ორგანიზაცია ქალებს ნაკლებ ხელფასს.
ამ შეუსაბამობის აღმოფხვრა რთულია, მაგრამ მიღწევადი, თუკი გენდერული თანასწორობის პირობებს მკვლევარებიც და დამქირავებლებიც თანაბრად დაიცავენ. (თაქთაქიშვილი, სხვაობა ქალებისა და მამაკაცების ხელფასებს შორის ამერიკაში, 2019)
რა როლს ასრულებს კერძო სექტორი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით?
კერძო სექტორი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. კერძო კომპანიებს თავიანთი გლობალური ღირებულების მქონე ქსელების მეშვეობით წვდომა აქვთ მილიარდობით ადამიანთან მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. მიზანმიმართულ ძალისხმევას, რომელიც ემსახურება ამ ქსელში ქალთა ჩართვას, აქვს პოტენციალი, პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს ისეთ სფეროებზე, როგორიცაა თანამშრომელთა სამუშაოდ აყვანის (რეკრუტინგის) დივერსიფიკაცია, განვითარების ხელშეწყობა (რაც, კვლევის თანახმად, ძალიან სასარგებლოა კომპანიისათვის) და ასევე შესყიდვებზე გაწეული ხარჯების დაბრუნების უკეთესი მაჩვენებელი. თავის მხრივ, ქალებს ეძლევათ მეტი შესაძლებლობა, იყვნენ დასაქმებული, ლიდერები, მმართველი საბჭოს წევრები, მომწოდებლები და ა.შ. შესაბამისად, ქალებს თავიანთი ნიჭითა და რესურსებით მეტი შანსი აქვთ, შეიტანონ წვლილი გლობალური ეკონომიკის განვითარებაში. თავისი ფართო წვდომისა და უზარმაზარი ეკონომიკური გავლენის წყალობით, კერძო სექტორს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაში.
პროფესორ ლინდა სკოტის ანგარიშში აღწერილია მსოფლიოს ცხრა უმსხვილესი მულტინაციონალური კომპანია. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ კომპანიებს მსოფლიოს 132 ქვეყანაში აქვთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამები და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მათთან დასაქმებულ ქალბატონთა რიცხვმა 2004 წლის შემდეგ 18.5 მილიონს გადააჭარბა. ანგარიშში ასევე განხილულია, თუ როგორ და რატომ გადაწყვიტეს აღნიშნულმა კომპანიებმა ამ მიმართულებით მუშაობა და ასევე ძალზე სასარგებლო ინფორმაციას სთავაზობს სხვა კომპანიებს, რომელთაც ამ მიმართულებით მუშაობის სურვილი აქვთ. ანგარიშში აღწერილია ის გასაოცარი ღონისძიებები და ზომები, რომლებიც აღნიშნულმა კომპანიებმა გაატარეს კერძო სექტორში უფრო მეტი მანდილოსნის დასაქმების მიზნით. მათი მიზანი იყო როგორც სხვა კერძო კომპანიებისათვის მაგალითის მიცემა, ასევე საჯარო სექტორისათვის იმის დემონსტრირება, თუ როგორ შეიძლება დამატებითი ზომების მიღებით მთელ მსოფლიოში ქალებისათვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კერძო სექტორში მხოლოდ მსხვილი მულტინაციონალური კომპანიები როდი მოიაზრება. მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესში არის დასაქმებული. ჰაიტიში მოქმედი ხელნაკეთი ნივთების დამამზადებელი საწარმო Papillon Enterprise-ი. ამ კომპანიაში თავდაპირველად ოთხი მარტოხელა დედა იყო დასაქმებული, ამჟამად თანამშრომელთა რაოდენობა 200 ადამიანს შეადგენს, ხოლო წლიური შემოსავალი $1.5 მილიონს აჭარბებს. კომპანია დაარსების პირველივე დღიდან თანამშრომლებს უზრუნველყოფს შეღავათების სრული პაკეტით, რომელშიც შედის საარსებო მინიმუმი, ბავშვთა კვებისა და ასევე განათლებისათვის საჭირო თანხა. თუკი მცირე კომპანიას მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში შეუძლია ასეთი წარმატების მიღწევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, მაშინ ჩვენთვის ეს არამცთუ შესაძლებელი, არამედ უმარტივესად განხორციელებადია. (სინტია ლ. დრაკემანი)
ჰელენ უოლბი, მცირე ბიზნესის ფედერაციის ჯანდაცვისა და ინკლუზიური პოლიტიკის თავმჯდომარე ამბობს:„She Means Business“ („ქალი ნიშნავს ბიზნესს“), აღნიშნული კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილი იყვნენ ბრიტანელი ქალბატონები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს მცირე ბიზნესის როლს. გაერთიანებული სამეფოს მცირე ბიზნესის მინისტრმა მარგო ჯეიმსმა, რომელიც თავად იყო წარსულში მცირე ბიზნესის მფლობელი, სპეციალურად სოციალური მედიისათვის ამ საკითხთან დაკავშირებით ვიდეოკლიპი ჩაწერა.
ერთ-ერთი პრაქტიკული საკითხი, რომელსაც ჩვენ ამ ეტაპზე ვლობირებთ, არის თანაბარი წვდომა ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებაზე თვითდასაქმებული ქალებისათვის. ოჯახის შექმნის შემთხვევაში ნაკლები შემოსავლის ალბათობა არ უნდა იქცეს დაბრკოლებად იმ ქალებისათვის, ვისაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურს. ტრადიციული გენდერული ბარიერების გადასალახად, ურიგო არ იქნებოდა, რომ თვითდასაქმებული მამებისთვისაც დაწესდეს დეკრეტული ანაზღაურება.
„ჩემს მშობლიურ უელსში, მთავრობასთან წარმატებული ლობირების შედეგად, ქალთა საწარმოების ეროვნული ჩარჩოს კონცეფცია შევიმუშავეთ, თითქმის ისეთივე, როგორიც 2014 წელს შოტლანდიაში შეიქმნა. ამჟამად მე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ვარ. აღნიშნული საბჭო აერთიანებს კორპორაციულ პარტნიორებს, ანტრეპრენიონერს, მეცნიერებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს. ჩვენი მიზანია, ერთად მოვიფიქროთ, რისი გაკეთება შეიძლება ამ მიმართულებით და რა იქნება ჩვენი მიზნის მიღწევისათვის საუკეთესო საშუალება.
ჩვენ უელსის მასშტაბით კვლევა ჩავატარეთ და 2018 წლის ზაფხულში ვგეგმავთ ჩარჩოს ინიციირებას. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამხელა ძალა აქვს ჩვენს ხმას და რომ ამ ხმას შეუძლია გააერთიანოს სხვებიც, რათა ჩვენ ერთად დავუჭიროთ მხარი ეფექტიან ცვლილებებს. ამ ინიციატივამ გაეროს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების უმაღლეს საბჭოსთან დაახლოების საშუალება მოგვცა, რაც ჩვენ დაგვეხმარება, უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ანტრეპრენიორულ საქმიანობაში ქალთა ჩართულობას როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
მე მოუთმენლად ველი იმ დროს, როდესაც ის, თუ რას საქმიანობ ბიზნესში, უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ის, თუ ვინ მართავს ამ ბიზნესს. მსურს, რომ ჩვენი საქმიანობა აღარ იყოს ასე ფოკუსირებული ინკლუზიურობასა და მრავალფეროვნებაზე, რადგან ჩვენ ისედაც ვართ ინკლუზიური და მრავალფეროვანი. ასეთ შემთხვევაში საზოგადოების ყველა წევრი თანაბრად შეძლებს იმ სტიმულითა და უპირატესობებით სარგებლობას, რომელთაც მცირე ბიზნესი გვთავაზობს.“ (ჰელენ უოლბი).
დასკვნა
ქალთა გაძლიერებისათვის აუცილებელი წინაპირობაა, რომ მივცეთ მათ საშუალება, სრულად გამოიყენონ თავიანთი ეკონომიკური პოტენციალი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმ შეზღუდვებისა და გამოწვევების აღმოსაფხვრელად, რომელთა წინაშეც ქალები დგანან როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში.
მაკინზის გლობალური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლისათვის გლობალური მშპ შეიძლება $13 ტრილიონით გაიზარდოს, თუკი ქალთა
თანასწორობის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ. შესაბამისად, ისმის კითხვა, როგორ მივიდეთ ამ წერტილამდე?
გაეროს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების უმაღლესი საბჭოს წევრმა ქვეყნებმა უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები, რაც ემსახურება იმ სოციალური და კულტურული ნორმების დარეგულირებას, რომლებიც საფუძვლად უდევს ქალთა და გოგონათა მიმართ დისკრიმინაციას; ქალებისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნას თანასწორი წვდომა განათლებაზე; შეიქმნას ისეთი პირობები და კანონმდებლობა, რომელიც დაეხმარება ქალებს თავიანთი უნარების გაუმჯობესებაში და გაზრდის მათ ფინანსურ ინკლუზიურობას. ქალებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი სოციალური და ეკონომიკური უფლებებითა და ასევე ლიდერობის შესაძლებლობით სარგებლობის საშუალება.
ქალებს სჭირდებათ მხარდაჭერა, რათა „უხილავი სოციალური და ეკონომიკური მოთამაშის” პოზიციიდან აქტიურ ეკონომიკურ მოთამაშეებად გარდაიქმნან, რომელთაც ძლიერი ხმა ექნებათ. ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას აქვს გადამდები ეფექტი, რომლის სარგებელი არა მხოლოდ ქალებზე, არამედ უფრო ფართო საზოგადოებაზეც აისახება. ეს სარგებელი უფრო საგრძნობი იქნება, როდესაც ქალები დაიწყებენ რეინვესტირებას საზოგადოებაში და წვლილს შეიტანენ თავიანთი ქვეყნების ეკონომიკაში.იმისათვის, რომ სრულ პოტენციალს მივაღწიოთ, საჯარო და კერძო სექტორმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს და გააძლიეროს ქალის როლი საზოგადოებაში, სამუშაო ადგილას და დასაქმების ბაზარზე.
გამოყენებული ლიტერატურა
1. ზამბახუძე, ნ. (2019). გააძლიერე ქალები. თბილისი: ფორბს ვუმენ (forbes.ge)
2. თაქთაქიშვილი, ნ. (2019). სხვაობა ქალებისა და მამაკაცების ხელფასებს შორის ამერიკაში. თბილისი: ფორბს ვუმენ( forbes.ge);
3. თაქთაქიშვილი, ნ. (2019). სხვაობა ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის ამერიკაში. თბილისი: ფორბს ვუმენ (forbes.ge).
4. სინტია ლ. დრაკემანი, ფ. დ. (forbes.ge)
5. ჰელენ უოლბი, მცირე ბიზნესის ფედერაციის ჯანდაცვისა და ინკლუზიური პოლიტიკის თავმჯდომარე. (n.d.).( forbes.ge)
6. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (www.geostat.ge/ka).