საბანკო საქმიანობის რეგულირება

ანი ოთარაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი
aniotarashvili17@gmail.com

ანოტაცია
მოცემული სტატიის ძირითადი მიზანია საბაზრო ეკონომიკის პირობებში ახალი საბანკო სისტემის ფორმირებისა და განვითარების პროცესში ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ეკონომიკური თავისებურებების განხილვა, საბანკო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების მდგომარეობის გაანალიზება. საქართველოს საბანკო საქმიანობის რეგულირების მექანიზმების საკითხების შესწავლას განსაკუთრებულ აქტუალობას ანიჭებს მართვის თანამედროვე ეტაპზე ბანკების როლის გაძლიერება. საბანკო საქმიანობა გულისხმობს შესაბამის ინსტიტუტთა ერთობლივ მუშაობას, ამიტომ მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური გარდაქმნების ტემპების დაჩქარება, მისი განვითარების მიმართულებებისა და ეფექტურობის განსაზღვრა. საბაზრო ეკონომიკის პირობებში საბანკო საქმიანობის მნიშვნელობა განპირობებულია ასევე იმ როლით, რომელსაც იგი ასრულებს ეკონომიკის ტრანზაქციური დანახარჯების საერთო დონის შემცირებასა და კაპიტალის გადინების პროცესის შეზღუდვაში.

Annotation
The main purpose of this article is to discuss the peculiarities of the National Bank and commercial banks in the process of formation and development of a new banking system in a market economy, to analyze the state of banking regulation. The strengthening of the role of banks in the modern stage of management gives special importance to the study of the mechanisms of regulation of banking activities of Georgia. Banking involves the co-operation of the relevant institutions, so it is highly dependent on accelerating the pace of economic transformation of the country, determining its development directions and efficiency. In the context of a market economy, the importance of banking is also due to its role in reducing the overall level of transaction costs of the economy and limiting the process of capital outflow.

საქართველოს კომერციული ბანკების წარმოშობისა და განვითარების კანონზომიერებანი
საქართველოში უძველეს ხანაში არსებობდა ზარაფებისა და მევახშეობის ინსტიტუტები, კერძოდ, იბერიასა და კოლხეთში, რომელთა მიერ განხორციელებულ საბანკო ოპერაციებს ორტაღის სახელწოდება ჰქონდა. მეფე ერეკლე II დროს ქართლ-კახეთში არსებულ საზარაფო დაწესებულებებში ხდებოდა მონეტების მოჭრა და საკრედიტო-საანგარიშსწორებო ოპერაციები.

ქართული ვერცხლის მონეტა „კოლხური თეთრი” ძველი წელთაღრიცხვის VI-III საუკუნეებით თარიღდება. ძვ.წ.აღ. მე-III საუკუნემდე ქართული ოქროს მონეტა „კოლხური სტარტერი” – იჭრებოდა. VII საუკუნეში მიმოქცევაში იყო ქართლის ერისთავის სტეფანოზის მონეტა, ხოლო XVIII საუკუნეში იჭრებოდა ორაბაზიანი „ქართული თეთრი”. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში უკვე უძველეს ხანაში ადგილი ჰქონდა პირველ პრიმიტიულ ფულა-საკრედიტო ურთიერთობებს.
საქართველოში კომერციული საბანკო საქმიანობის ისტორია მე-19 საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება. დღევანდელ ბანკებთან ყველაზე ახლოს მდგომი იყო 1875 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული “თბილისის საადგილმამულო ბანკი”, რომელშიც დიდგვაროვნები მიწებს აგირავებდნენ, ხოლო გლეხებს ამ მიწების გამოსყიდვა შეეძლოთ, თუნდაც ისევ ამ ბანკისგან აღებული სესხით. აღნიშნულმა ბანკმა 1909 წლამდე იარსება.

ქართული საადგილმამულო ბანკი, ილია ჭავჭავაძის საბანკო პოლიტიკა

„ჩვენთვის მარტო ბანკია ის მოედანი, რომელზეც უნდა აღიზარდოს, ფეხი აიდგას, გაიწურთნოს, გაინავარდოს ჩვენმა თვითმოქმედებამ, ჩვენმა ზნეობრივმა ძალ-ღონემ. ვისაც ჩვენი ქვეყანა გულწრფელად უყვარს და ჩვენთვის კეთილი არ შურს, ის დიდის სიფრთხილით, დიდის მოსაზრებით უნდა ეკიდებოდეს ყოველს საგანს, ყოველს აზრს ბანკის შესახებ“(ილია ჭავჭავაძე)

საინტერესოა ის ფაქტი, რომ თბილისის ქართული საადგილმამულო ბანკის დაარსების იდეა საგლეხო რეფორმის პერიოდში წარმოიშვა. ამ დროს ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი, დიმიტრი ყიფიანი იყო, რომელიც ცხადია, იცავდა მათ ინტერესებს და თვლიდა, რომ შექმნილ ვითარებაში თავადაზნაურობისთვის სწავლა-განათლება სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. ის მოუწოდებდა თავადაზნაურობას, რომ სახელმწიფოსგან ყმების განთავისუფლებისთვის მიღებული თანხის მეხუთედი გაეღოთ და შექმნილიყო ბანკი, რომელიც საზოგადოებრივი დანიშნულების იქნებოდა და სწორედ მათ სწავლა-განათლების საქმეს მოხმარდებოდა.

„დღეს, თვითეული ჩვენგანი ჰგრძნობს, რომ აქამომდე მივიწყებულს ეკონომიკურს მხარეს ჩვენის ცხოვრებისას პირველი ადგილი უნდა დაეთმოს სხვა საზრუნავთაშორის; რომ ეკონომიკური ცხოვრების მოედანზე უნდა ვეძიოთ ღონე ჩვენის გაძლირებისა, ტანში გამართვისა და აქ უნდა გავისარჯნეთ და ვიამაგოთ“, – ამბობს ილია. ილიამ ბანკი გადააქცია ქართველი ხალხის ეროვნული თვითშეგნების ამაღლების, საკუთარი ქვეყნის განვითარებაში წარმოების როლის და ამასთან, ეკონომიური წინსვლის მნიშვნელობის გააზრების ერთ-ერთ ინსტრუმენტად.

დადებითი ტენდენციები საბანკო სისტემაში

საქართველოში კომერციული ბანკების ფორმირებისა და საქმიანობის ანალიზი გვიჩვენებს, რომ საბანკო სისტემაში ჩამოყალიბდა მთელი რიგი დადებითი ტენდენციები, რომელთაგან აღსანიშნავია შემდეგი: 1) საბანკო რეფორმა განხორციელდა, რაც გამოიხატება კომერციული ბანკების რაოდენობრივი შემცირების ფონზე მათი ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესებითა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნით; 2) ინფლაციური პროცესების მართვის საფუძველზე შენარჩუნებული იქნა სხვა ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობა; 3) სტაბილურ გაცვლით კურსზე დაყრდნობით საბანკო სისტემისადმი მოსახლეობის ნდობის უმნიშვნელო ამაღლებამაც დადებითი ზეგავლენა მოახდინა დეპოზიტებისა და საკრედიტო დაბანდებების ზრდაზე, ბანკების კაპიტალიზაციის მოცულობების გადიდებაზე; 4) დეპოზიტების ზრდის ტენდენცია ნასესხებ სახსრებთან შედარებით მეტყველებს იმაზე, რომ კომერციული საქმიანობისათვის საჭირო რესურსების ზრდა ქვეყანაში ხდება ფულადი მასის საბანკო არხებში მოქცევის მეშვეობით; 5) მინიმალური საწესდებო კაპიტალის ეტაპობრივმა ზრდამ მნიშვნელოვნად განაპირობა ბანკების კონსოლიდაციისა და გამსხვილების პროცესი

ფინანსური სექტორის სტაბილურობა საქართველოში

დღეს საქართველოში ფინანსური სექტორის სტაბილურობაზე ზედამხედველობას სებ–ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი ახორციელებს. კომიტეტის მთავარი ამოცანაა, შეაფასოს და გააანალიზოს ფინანსური სტაბილურობის რისკები და შეიმუშაოს შესაბამისი პოლიტიკა მათ აღმოსაფხვრელად ან შესამცირებლად. კომიტეტი ადგენს ე.წ. მაკროპრუდენციური პოლიტიკის ინსტრუმენტებს, როგორიცაა: კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი, სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების ლიმიტები, კაპიტალის დამატებითი მოთხოვნა, ლიკვიდობის მოთხოვნა და სხვა.

კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის მიზანი დაკრედიტების ჭარბი ზრდისას წარმოქმნილი სისტემური რისკებისგან საბანკო სისტემის დაცვაა. ბუფერი გაიზრდება მაშინ, როდესაც კომიტეტი მიიჩნევს, რომ ბანკების მიერ დაკრედიტების ჭარბი ზრდა ხდება, რამაც შესაძლებელია, სისტემური რისკების დაგროვება გამოიწვიოს. ხოლო რისკების მატერიალიზაციის შემთხვევაში კონტრციკლური ბუფერის მოთხოვნა შემცირდება, რაც ბანკებისთვის დამატებით კაპიტალს გამოათავისუფლებს და დაეხმარება ფინანსურ სისტემას, რომ ეკონომიკის დაკრედიტება მკვეთრად არ შემცირდეს.

კონტრციკლური ბუფერი დგინდება კაპიტალის მინიმალურ მოთხოვნებზე დანამატის სახით. მისი მოცულობა განისაზღვრება რისკის მიხედვით შეწონილი მთლიანი აქტივების მიმართ 0%-დან 2.5%-მდე შუალედში. კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის დადგენისას, კომიტეტი სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) ფარდობას და მისი გრძელვადიანი ტრენდიდან გადახრის ინდიკატორებს ითვალისწინებს.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა 2018 წლის 1 მარტის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება კონტრციკლური ბუფერის უცვლელად – 0%-ზე დატოვების შესახებ. კომიტეტის შეფასებით, მიმდინარე პერიოდში, საერთო დაკრედიტების ზრდა შეესაბამება ნომინალური მშპ-ის ზრდას. 2017 წელს სესხების წლიურმა ზრდამ (ლარის გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით), 16.7% შეადგინა. 2017 წლის 31 დეკემბრისთვის საბანკო სისტემის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 22.3 მილიარდ ლარს მიაღწია. სესხების ფარდობა მშპ-სთან 60%-ის ფარგლებშია და ახლოსაა მის გრძელვადიან, საიმედო ტრენდთან.

საბანკო სექტორის სტაბილურობის მნიშვნელოვანი კომპონენტია ლიკვიდობის დონე – ბანკის უნარი, მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე დააფინანსოს აქტივების ზრდა და დაფაროს ვალდებულებები მათი დაფარვის ვადის დადგომისას. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის დასკვნით, საბანკო სექტორი მაღალ ლიკვიდობას ინარჩუნებს, ხოლო უმოქმედო სესხების წილი მთლიან დაკრედიტებაში შემცირების ტენდენციით ხასიათდება.

საბანკო სექტორის სტაბილურობის მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია მოგებიანობის (უკუგების) კოეფიციენტი აქტივებზე (ROA) და კაპიტალზე (ROE). აღნიშნული კოეფიციენტები დადებით კორელაციაშია სექტორის სტაბილურობასთან. მათ ბოლო წლების მაქსიმალურ მაჩვენებელს (ROA – 3.8%, ROE – 27.6%) 2017 წლის მესამე კვარტალში მიაღწიეს, მას შემდეგ კი კლება დაიწყეს. თუმცა, ბოლო რამდენიმე წელს თუ ვნახავთ, საერთო ჯამში სექტორში მოგებიანობას ზრდის ტენდენცია აქვთ.

ბანკების საკრედიტო პორტფელის ხარისხობრივი კლასიფიკაცია

2017 წლის ბოლოს საბანკო სესხების (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 89% სტანდარტული, ანუ უპრობლემო სესხები იყო. შესაბამისად, 11% იყო ნეგატიური სესხები, თუმცა მათგან მხოლოდ 1.4% (310 მლნ ლარი) იყო უიმედო სესხი. აღსანიშნავია, რომ ნეგატიურ სესხებს შემცირების ტენდენცია აქვს. მაგალითად, 2016 წლის მარტში მათი წილი დაახლოებით 16% იყო.
სებ–ის ინფორმაციით, 90 და მეტი დღით ვადაგადაცილებული სესხების წილი მთლიანი საკრედიტო პორტფელის 2.81 პროცენტს შეადგენს, რაც აღმოსავლეთ რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ- ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. საქართველოს მაჩვენებელი მხოლოდ ესტონეთის ანალოგიურ მაჩვენებელს ჩამორჩება.
საქართველოს საბანკო სისტემის მდგრადობის ზრდაზე მიუთითებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ორი ქართული ბანკის – “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს ბანკის” აქციებზე ფასების მატებაც. “საქართველოს ბანკი” 2012 წლიდან არის ლონდონის ბირჟაზე, ხოლო “თიბისი ბანკი” – 2016 წლიდან.
ფინანსური სტაბილურობის ძირითადი ინდიკატორებისა და ტენდენციების განხილვის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს საბანკო სექტორი საკმაოდ სტაბილურია და ამასთან, სტაბილურობის დონე უმჯობესდება.

საქართველოში დეპოზიტების დაცვის პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები

საბანკო დეპოზიტების დაცვის სისტემა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხსს, მას უნდა ჰქონდეს სისტემური ხასიათი და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებს. ამისათვის კი აუცილებელია, 1. სადეპოზიტო დაცვა გამაგრებული იყოს სამართლებრივად; 2. გააჩნდეს გაანგარიშების ზუსტად დამუშავებული მეთოდიკა; 3. ჰქონდეს სესხების შეფასების, რეგულირების და კონტროლის ოპტიმალური სისტემა; 4. სახელმწიფო მოხელეებს უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება და გადაეცეს ის აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია გაკოტრებული გადახდისუუნარო ბანკების მიმართ სპეციალური ღონისძიებების გასატარებლად და ბოლოს, 5. სადეპოზიტო დაცვის სისტემა შემოღებულ უნდა იქნეს რესტრუქტიზაციის შემდეგ, მან უნდა მოიცვას ყველა ბანკი, უზრუნველყოს ყველა ტიპის დეპოზიტების შეუზღუდავი დაფარვა და სწრაფი კომპენსირება ბანკის გაკოტრების შემთხვევაში.

საბანკო დეპოზიტების დაზღვევის ეფექტიანმა სისტემამ მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს ბანკთა გაკოტრების შესაძლებლობა და ამასთანავე გადაწყვიტოს მასთან დაკავშირებული პრობლემები. ასეთი სისტემის შექმნა გულისხმობს შემდეგ ღონისძიებათა განხორციელებას: 1. საბანკო დეპოზიტების სადაზღვევო სისტემისათვის საკანონმდებლო ბაზის შექმნას; 2. საბანკო საქმიანობისა და სტრუქტურის ანალიზს; 3. სადაზღვევო სისტემის ადმინისტრაციული რეგულირების ორგანიზაციას; 4 დამოუკიდებელი სახელმწიფო მმართველობის ორგანოს შექმნას და 5. სადაზღვევო სისტემის ფინანსურ და საკრედიტო უზრუნველყოფას.

საბანკო სექტორის მნიშვნელობა ეკონომიკისათვის

ეროვნული დანაზოგი ქვეყნის მომავალი კეთილდღეობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. პიროვნული დანაზოგის მსგავსად, ეროვნული დანაზოგიც ხშირად ინვესტიციების განსახორციელებლად გამოიყენება, რაც ქვეყნის შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს. მაგალითად, როდესაც კონკრეტული პიროვნება საკუთარი შემოსავლის ნაწილის დაზოგვას გადაწყვეტს, ის რაღაც პერიოდის განმავლობაში მიიღებს შემოსავალს პროცენტის სახით, გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ კი შეძლებს საკუთარი დანაზოგის გამოყენებას მოხმარების ან ინვესტირების გზით. თუმცა, მანამ სანამ აღნიშნული პიროვნება საკუთარი დანაზოგით ისარგებლებს, ფინანსური ინსტიტუტები (უმეტესწილად ბანკები), მოახდენენ აღნიშნული თანხის გასესხებას ბიზნესმენებსა თუ ფიზიკურ პირებზე, რომელნიც მოცემულ თანხას საინვესტიციო საქმიანობისთვის გამოიყენებენ (შექმნიან ახალ კაპიტალს) და ამით წვლილს შეიტანენ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში. მაშასადამე, ეკონომიკისთვის დაზოგვას, ისევე როგორც ინვესტირებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
იმისათვის, რომ დანაზოგები ინვესტიციებად გარდაიქმნას, დაზოგვის მსურველებმა ფული უნდა მიაწოდონ სესხების მსურველებს. აღნიშნული ფუნქცია ფინანსურ ინსტიტუტებს, ჩვენს ქვეყანაში კი უმეტესწილად ბანკებს აკისრიათ. აქედან გამომდინარე, ფინანსური ინსტიტუტების სტაბილურობა, ქვეყნის კეთილდღეობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია.

საბანკო სისტემის საიმედოობისა და მდგრადობის განმტკიცების აუცილებლობა

საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში კომერციული ბანკის საიმედოობისა და მდგრადობის ეკონომიკურ შინაარსში უნდა იგულისხმებოდეს კონკურენციის პირობებში არასასურველი საგარეო-პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ბანკის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა. სწორედ აღნიშნული განაპირობებს საბაზრო ეკონომიკის პირობებში ამ პრობლემის სირთულესა და აქტუალობას. კომერციული ბანკების საიმედოობისა და მდგრადობის განმსაზღვრელი პირობებისა და ფაქტორების განხილვა საზღვარგარეთის განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე ქვეყნის ეკონომიკის თავისებურებების გათვალისწინებით საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ:
1. საბაზრო ეკონომიკის პირობებში საბანკო სისტემის მდგრადობა და საიმედოობა განხილული უნდა იქნეს დინამიკაში, რომელიც მნიშვნელოვანია არა მარტო საქმიანი აქტივობის დაცემის დროს, არამედ ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის პროცესში;
2.საბანკო სისტემის საიმედოობისა და მდგრადობის უზრუნველყოფა გულისხმობს, როგორც ამა თუ იმ ბანკის მესაკუთრეთა ინტერესების დაცვას, ასევე კლიენტებისა და მეანაბრეების, მთლიანად საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას და ქვეყნის საბანკო სისტემის საქმიანობის სტაბილიზაციას და განმტკიცებას;
3.მსოფლიოს პრაქტიკულმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ კომერციული ბანკების საიმედოობის და მდგრადობის განსაზღვრის დროს მიზანშეწონილია „მდგრადობის ხარისხის“ შემოღება;
4. საბანკო სისტემის საიმედოობისა და მდგრადობის განმტკიცებისათვის მნიშვნელოვანია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება შესაბამის საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობით, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების და საბანკო სისტემაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით. ამ საკითხს პრაქტიკულად ამოქმედების თვალსაზრისით საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებთან და საბანკო საქმის სპეციალისტებთან ერთად განხილვის შემდეგ უნდა მიეცეს მსვლელობა.
რამდენად სტაბილურია საქართველოს საბანკო სექტორი?

საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების ეკონომიკის სტაბილურობა საბანკო სექტორის სტაბილურობაზე დგას. საბანკო სექტორში წარმოშობილ პრობლემებს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის (შემოსავლებისა და დასაქმების შემცირება) გამოწვევა მარტივად შეუძლია. ამასთან, საბანკო სექტორი მოსახლეობის ნდობაზეა დაფუძნებული. ორი აღნიშნული მიზეზიდან გამომდინარე, ყველა ქვეყნის ხელისუფლება აკვირდება საბანკო სექტორის სტაბილურობას, რომ პოტენციური პრობლემების შემთხვევაში, დროულად მოახდინოს რეაგირება. საბანკო სექტორის ზედამხედველობას ძირითადად ქვეყნების ეროვნული ბანკები ან სპეციალური სამსახურები ახორციელებენ.
დღევანდელი ქართული საბანკო სისტემა 1991 წელს აღმოცენდა, თუმცა კომერციული ბანკების დაარსება და განვითარება ქაოსურად დაიწყო, საბანკო ლიცენზიის მიღება პრობლემას არავისთვის წარმოადგენდა. შედეგად, ორ წელიწადში ასობით ბანკი გაიხსნა, თუმცა ასობითვე დაიხურა. ხშირ შემთხვევაში ბანკები მხოლოდ აფერა იყო – ისინი მოსახლეობისგან ფულს იღებდნენ, შემდეგ მუშაობას წყვეტდნენ და ბანკის მფლობელები ქვეყნიდან გარბოდნენ. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ კერძო საბანკო სისტემაში ისედაც გაუთვითცნობიერებულმა მოსახლეობამ კიდევ უფრო დაკარგა ნდობა ბანკების მიმართ.
საქართველოს ეროვნულ ბანკს (სებ) წლების მიხედვით აქვს გამოქვეყნებული ინფორმაცია საქართველოში მოქმედი ბანკების რაოდენობის შესახებ. 1995 წელს 102 ბანკი იყო, შემდეგ მათი რიცხვი სწრაფად მცირდებოდა და მინიმუმს, 16 ბანკს, 2017 წელს მიაღწია.

უკვე ათ წელზე მეტია, საქართველოში ბანკი აღარ გაკოტრებულა. მოხდა ბანკების შერწყმა, საქმიანობის დასრულება და ა.შ., მაგრამ ბანკის მეანაბრეები არ დაზარალებულან. ეს მნიშვნელოვანწილად ბანკებზე ზედამხედველობის გაწევამ განაპირობა.

ფინანსური ინსტიტუტები საქართველოში

იმის გასარკვევად თუ რამდენად კარგად ფუნქციონირებენ ფინანსური ინსტიტუტები საქართველოში, მიმოვიხილოთ ქართული საბანკო სექტორი. ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2015 წლის პირველი ორი კვარტალის განმავლობაში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 243 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 26%-ით აღემატება. კომერციული ბანკების შემოსავლების 57% პროცენტულ შემოსავლებზე მოდის, ხოლო დანარჩენი 43% არაპროცენტულ შემოსავლებზე. შემოსავლების გადანაწილების აღნიშნული სტრუქტურა განსხვავებულია წინა წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლისაგან, ვინაიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში (2012-2014) კომერციული ბანკების შემოსავლები მიახლოებით შემდეგნაირად ნაწილდებოდა: შემოსავების 70% პროცენტულ შემოსავლებზე მოდიოდა, ხოლო 30% არაპროცენტულ შემოსავლებზე, 2015 წლისათვის კი შემოსავლების გადანაწილება პროცენტულ და არაპროცენტულ შემოსავლებად შედარებით თანაბარი გახდა, რაც არაპროცენტული შემოსავლების ზრდითაა განპირობებული (2015 წლის იანვარ-ივნისში კომერციული ბანკების არაპროცენტული შემოსავალი 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 109%-ით გაიზარდა). მიუხედავად არაპროცენტული შემოსავლების კუმულაციური მაჩვენებლის ზრდისა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ივნისის თვეში კომერციული ბანკების არაპროცენტულმა შემოსავლებმა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით იკლო.

შეუძლია თუ არა საქართველოს გახდეს ფინანსური ცენტრი?

საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს უწოდებენ ადგილს, რომელიც ფინანსური ინსტიტუტების, საფონდო ბირჟებისა და სხვა კომერციული ინსტიტუტების
კონცენტრაციით გამოირჩევა. თანამედროვე მსოფლიოში სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრი შეიძლება გამოიყოს: ლონდონი, ნიუ-იორკი და ჰონკონგი. ლონდონი იყო პირველი ფინანსური ცენტრი, რომელიც ჯერ კიდევ ბრიტანეთის იმპერიის ჰეგემონიის პერიოდში შეიქმნა. მეორე მსოფლიო ომმა მნიშვნელოვნად დააზიანა როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურა, ისე ბრიტანეთის ეკონომიკა, რის შედეგადაც ესტაფეტა ნიუ-იორკს გადაეცა. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კი, აზიის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, ჰონკონგი იქცა მსოფლიოს მნიშვნელოვან ფინანსურ ცენტრად და ჩინეთის მზარდ ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელების ერთგვარ პლაცდარმად.

საქართველოს შედარება თანამედროვე მსოფლიოს ძირითად ფინანსურ ცენტრებთან, რასაკვირველია, აზრს მოკლებულია, რადგან ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური განვითარების აბსოლუტურად განსხვავებულ ეტაპზე იმყოფება და მასშტაბებიც გაცილებით მცირეა. მიუხედავად ამისა, საქართველო უნდა შეეცადოს გამოიყენოს არსებული პოტენციალი და შექმნას რეგიონალურ დონეზე კონკურენტული ფინანსური ცენტრი.

ახალი საბანკო რეგულაციები
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ახალი რეგულაციები შეიმუშავა, დახვეწა და დანერგა.
1. ცვლილებები ორგანულ კანონში “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ”, რომლის მიხედვით ეროვნულ ბანკს მიეცა სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს მთელ საფინანსო სექტორს (ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორები, საბროკერო კომპანიები, საფონდო ბირჟები, ცენტრალური და სპეციალიზებული დეპოზიტარები, აქტივების მმართველი კომპანიები, ანგარიშვალდებული საწარმოები, საინვესტიციო ფონდები, საგადახდო სისტემის ოპერატორები და საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, ნაწილობრივ ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები) და ცვლილებები კანონში “კომერციული ბანკების საქმიანობის” შესახებ, რომლებიც 2017 წელს განხორციელდა. მათი დიდი ნაწილი მიმართულია სექტორის ფინანსური მდგრადობის, გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და კორპორაციული მართვის კულტურის ასამაღლებლად.
2. ასევე აღსანიშნავია, ცალკეული სიახლეები, რომელთა მიზანია საბანკო ინსტიტუტებში გამჭვირვალობისა და კორპორაციული მართვის სტანდარტების ამაღლება. ამ ცვლილებების მიხედვით, კომერციულმა ბანკებმა აუდიტის კომიტეტი უმრავლესობით უნდა დააკომპლექტონ დამოუკიდებელი დირექტორებით, რაც სამეთვალყურეო საბჭოში მინიმუმ ორი დამოუკიდებელი წევრის არჩევას ნიშნავს. ასევე, გამოირიცხა აღმასრულებელი დირექტორების არჩევა სამეთვალყურეო საბჭოში.
2017 წელს დამტკიცდა და უკვე ამოქმედდა ბაზელ 3-ის ჩარჩოზე დაფუძნებული “კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესი”, რომლის მიხედვითაც ბანკები ვალდებული არიან, გამოაქვეყნონ რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაცია კაპიტალის, რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების, მენეჯმენტის ანაზღაურებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
3. სიახლეების შემდეგი რიგი შეეხება კომერციული ბანკების უსაფრთხო ფუნქციონირებას. ბანკების ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის “ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითადი პრინციპების” შესაბამისად, ბაზელ 3-ის ფარგლებში, კომერციული ბანკების საზედამხედველო კაპიტალის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შემუშავდა “კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულება” (ცვლილება), “პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკების კაპიტალის დამატებითი ბუფერების განსაზღვრის წესი”, “სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკების განსაზღვრისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის დაწესების თაობაზე”, “კონტრციკლური ბუფერის განაკვეთის განსაზღვრა”. ასევე, პილარ 2-ის ფარგლებში კომერციულ ბანკებს უწესდებათ კაპიტალის დამატებითი ბუფერი რისკების შეფასების საერთო პროგრამის (General Risk Assessment Program – GRAPE) მიხედვით და სხვა. ეს მნიშვნელოვანი და საგრძნობი სიახლეები ბანკებისაგან მოითხოვს კაპიტალის ადეკვატურობის უფრო მაღალ კოეფიციენტს ან შემოსავლიანი აქტივების ზრდის შეზღუდვას, რაც ბანკების აქტივობის შენელებას და მოგებიანობის შემცირებას გამოიწვევს.

ყოველივე ეს ნათლად მიუთითებს, რომ საფინანსო ინსტიტუტების ბაზარზე ახალი ეტაპი იწყება – ლიბერალურიდან გადავდივართ რეგულირებად რეჟიმზე. აქამდე ქართული ბანკების ცალკეული წარმომადგენლების წარმატებებისათვის წინა მიდგომას ხელი არ შეუშლია, თუმცა მთლიანად საფინანსო ინსტიტუტებისათვის დრო მოვიდა განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად.

რას მოიტანს ეს სიახლეები?

მოკლევადიან პერიოდში ეს მოიტანს საცალო დაკრედიტების შენელებას, სექტორში ხარჯების ზრდას, კაპიტალზე მოთხოვნის ზრდას და მოგებიანობის შემცირებას, გრძელვადიან პერიოდში კი, იმედი ვიქონიოთ, ქართული საფინანსო სისტემის ხარისხობრივ გაუმჯობესებას.

ეროვნული ბანკი საბანკო რეგულაციების გამარტივებას გეგმავს

საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წელს საბანკო რეგულაციების გამარტივებას გეგმავს. შესაბამისი ცვლილებები სავარაუდოდ, მომავალი წლის მარტამდე განხორციელდება. ამის შესახებ საუბარია დოკუმენტში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.
დღეისთვის სესხის მომსახურების კოეფიციენტები ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი – 1000 ლარამდე, 1000-დან 2000 ლარამდე, 2000-დან 4000 ლარამდე და 4000 ლარზე მეტი.

ცვლილების შემდეგ, დარჩება მხოლოდ ორი კატეგორია. სავალუტო ფონდში აღნიშნავენ, რომ ცვლილება დადებითად აისახება მათზე, ვისი შემოსავალი 1000-დან 4000 ლარამდეა, ანუ მათ შედარებით დიდი მოცულობის სესხის აღება შეეძლებათ.

დასკვნა
ამგვარად, იმისთვის, რომ ავხსნათ საფინანსო-საკრედიტო სისტემის სამართლებრივი ინფრასტრუქტურა, თუ როგორ გამოიყენება იგი საქართველოში ფულადი კაპიტალის და გადახდის მომსახურების ერთიანი ბაზრის შესაქმნელად, აუცილებელია საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირების, რეგისტრაციის და ლიცენზირების სისტემის ანალიზი.საბანკო რეგულირებისა და ზედამხდეველობის მთავრია მიზანია საბანკო სისტემის სტაბილურობის შენარჩუნება, კომერციული ბანკების საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფა, შესაძლო რისკის თავიდან აცილება და ამ გზით კომერციული ბანკების, მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა, აგრეთვე საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ინტერესების მაქსიმალურად დაცვა. საბანკო ზედამხედველობის მარეგულირებელი ორგანოს ამოცანაა, ასევე მომხმარებლის უფლებათა დაცვა, ვინაიდან მომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებელი არის კომერციული ბანკების მომსახურეობა ან არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების საიმედოობა. საბანკო ზედამხედველობის მთავარი ამოცანაა არ დაუშვას სისტემური კრიზისი, როდესაც რამოდენიმე ბანკის საფინანსო პრინციპები იწვევენ საბანკო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილის ლიკვიდობის დარღვევას.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. forbes.ge
2. www.nplg.gov.ge
3. forbes.ge
4. forbes.ge
5. forbes.ge
6. forbes.ge
7. commersant.ge
8. www.tabula.ge
9. www.marketer.ge