დასაქმების აქტიური პოლიტიკა შრომის ბაზარზე
ავტორის სტილი დაცულია
ანი ოთარაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი
რეზიუმე
მოგვეხსენება, ნებისმიერ ქვეყნაში ეკონომიკური განვითარების დაჩქარებისა და არსებული სოციალური პრობლემების გადაჭრისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ეფექტიანი დასაქმების უზრუნველყოფას, რომელშიც უმთავრესი როლი დასაქმების აქტიური პოლიტიკის შემუშავებამ და მისმა შემდგომმა პრაქტიკულმა რეალიზაციამ უნდა შეასრულოს. სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას და მოვალეობას.
კერძოდ, სახელმწიფოს მარეგულირებელი როლი უნდა გამოიხატოს დასაქმების აქტიური პოლიტიკის განხორციელებაში და პასიური პოლიტიკის ღონისძიებების მინიმუმამდე შემცირებაში. დასაქმების აქტიური პოლიტიკის სტრატეგიის შესაბამისად საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობას.
აქტიური პოლიტიკის მთავარი მიზანი მოსახლეობის პროდუქტიული დასაქმების შესაძლებლობების გაზრდაა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ისეთ მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიც არიან ახალგაზრდები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სხვა.
არსებული მნიშვნელოვანი ინიციატივების საფუძველზე, შეიქმნა შრომის ბაზრის საკითხებზე მომუშავე გარკვეული პასუხისმგებელი სტრუქტურები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაზე ჩამოყალიბდა დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი.
დასაქმების აქტიური პოლიტიკის უპირატესობა აღიარებულია ცივილიზებული ქვეყნების მრავალწლიანი გამოცდილებით, რადგან ასეთი პოლიტიკა სტიმულს აძლევს მოსახლეობის ყოველ სოციალურ-დემოგრაფიულ ჯგუფს შრომის ბაზარზე აქტიური მოქმედებისათვის, ხელს უწყობს კადრების მომზადება-გადამზადებისა და უმუშევართა სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებას .
Resume
As we know, in order to accelerate economic development and solve existing social problems in any country, it is extremely important to ensure effective employment of the population, in which the main role should be played by the development of active employment policy and its subsequent practical implementation. The latter is one of the main functions and duties of the state.
In particular, the regulatory role of the state should be manifested mainly in the implementation of active employment policy and in minimizing passive policy measures. In line with the active employment policy strategy, the Government of Georgia attaches special importance to the need to develop an active labor market policy.
The main goal of active policy is to increase the productive employment opportunities of the population, especially when it comes to vulnerable groups such as young people, people with disabilities and others.
Based on the existing significant initiatives, certain responsible structures working on labor market issues were established: the Department of Labor and Employment Policy of the Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories of Georgia, the Department of Employment Programs was established on the basis of the Legal Entity-Public Service Agency.
The advantage of an active employment policy is recognized by the many years of experience of civilized countries, as such a policy stimulates each socio-demographic group of the population to take active part in the labor market, promotes staff training and improves the social protection system for the unemployed.
საქართველოს მთავრობის დადგენილება
2013 წელს წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ევროკავშირის წარმომადგენლობასთან დასაქმებისა და პროფესიული განათლების სფეროში სექტორული მხარდაჭერის პროგრამის ამოქმედების შესახებ“[1]. სტრატეგიაში ასევე მოცემულია დასაქმების სახელმძღვანელო პრინციპები ევროპაში (ევროპა 2020 წლის სტრატეგიის სახელმძღვანელო პრინციპების მე-2 ნაწილი), რომელიც აქცენტს აკეთებს დასაქმების აქტიური პოლიტიკის განხორციელებაზე. ამ მხრივ შრომის ბაზრის სერვისები ითვალისწინებს დასაქმების საჯარო სამსახურის მიერ განხორციელებულ ყველა სერვისსა და აქტივობას, ამ უკანასკნელში ასევე შედის საჯარო დაფინანსებით განხორციელებული ნებისმიერი პროგრამა სამუშაოს მაძიებელთათვის. შრომის ბაზრის სხვადასხვა ღონისძიება/ზომა კი, თავის მხრივ, მოიცავს უმუშევართა და სხვა სამიზნე ჯგუფების გააქტიურებაზე მიმართულ ღონისძიებებს, რაც მოიცავს ტრენინგს, სამუშაო ადგილზე როტაციას და სამუშაოს დანაწილებას, დასაქმების წახალისებას, სამუშაო ადგილის პირდაპირ შექმნასა და მეწარმეობის განვითარებას.
ევროკავშირის ქვეყნებში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა გამიზნულია ბაზარზე არსებულ კონკრეტულ ჯგუფებზე: უმუშევრები; დასაქმებულები, რომლებიც სამუშაოს არანებაყოფლობითი დაკარგვის რისკის წინაშე დგანან, ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა, რომელსაც სამუშაოს დაწყება სურს.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკას განსაზღვრავს შემდეგნაირად: „შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა არის ნებისმიერი სოციალური დანახარჯი (განათლების სფეროს გარდა), რომელიც მიმართულია იმაზე, რომ ბენეფიციარს გაეზარდოს დასაქმების ან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა“. ეს პოლიტიკა მოიცავს დასაქმების საჯარო სამსახურსა და ადმინისტრაციაზე გაწეულ ხარჯს, მომზადება/გადამზადების პროგრამებს, სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის წამახალისებელ სპეციალურ პროგრამებს ახალგაზრდებისათვის, პროგრამებს, რომლებიც უმუშევარ ადამიანებს ეხმარება სამუშაოს პოვნაში და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალურ პროგრამებს.
დასაქმების აქტიური პოლიტიკა, მიზანი და ძირითადი მიმართულებები
დასაქმების აქტიური პოლიტიკის განხორციელებას საფუძვლად უნდა დაედოს დასაქმების სახელმწიფო, რეგიონალური და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, სადაც განისაზღვრება დასაქმებისა და კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადების ძირითადი მიმართულებები, უმუშევართა სოციალური დაცვის ქმედითი მექანიზმები.
დასაქმების აქტიურმა პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს:
- შრომის ბაზრის სტრუქტურის სრულყოფა;
- სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების ოპტიმალური თანაფარდობის მიღწევა;
- დასაქმების სამსახურების ფუნქციონირების არსებითი გაუმჯობესება.
პერსპექტივაში აღნიშნული პოლიტიკის მიზანია სიღარიბის დონის შემცირება, ვინაიდან მისი გამომწვევი უმთავრესი მიზეზი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაუსაქმებლობაა. დასაქმების აქტიური პოლიტიკის მიზანი პერსპექტივაში ასევე უნდა იყოს შრომითი ცხოვრების ხარისხისა და შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება.
განვითარებულ ქვეყნებში დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელს დასაქმების სახელმწიფო სამსახურები წარმოადგენენ, როგორც მთელი ქვეყნის, ისე რეგიონების მასშტაბით. შრომის ბაზარზე საშუამავლო მომსახურების გარდა, დასაქმების სამსახურები, რომლებიც ცალკეულ ქვეყანაში სხვადასხვა სახელწოდებით (დასაქმების სააგენტო, შრომის ბირჟა, დასაქმების სამსახური და სხვ.) ფუნქციონირებენ, უზრუნველყოფენ შემდეგი სპეციფიკური ფუნქციების შესრულებას:
ანალიტიკური ფუნქციები:
- შრომის ეროვნული და რეგიონული ბაზრების კონიუნქტურის შესწავლა და პროგნოზირება;
- შრომის ბაზრის ტევადობისა და სტრუქტურის ცვლილების ანალიზი და პროგნოზი;
- ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, დემოგრაფიული, სოციალური, ეკოლოგიური, საკანონმდებლო და სხვა ფაქტორების ცვლილების ანალიზი;
- დასაქმების დინამიკის შესწავლა;
- სამუშაო ძალის დამქირავებლების ქცევის მოტივაციის და მისი განმსაზღვრელი ფაქტორების შესწავლა;
- ეროვნული მეურნეობის სტრუქტურული ცვლილებების შესწავლა და პროგნოზირება. მისი სამუშაო ძალით უზრუნველყოფა და მასზე მოთხოვნის ცვლილების ტენდენციების განსაზღვრა;
- არსებული სამუშაო ადგილების სტრუქტურის, მათი ხარისხობრივი მახასიათებლების შესწავლა;
- რეგიონის სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის შესწავლა და პროგნოზი;
- შრომის საერთო დანახარჯებში სამუშაო ძალის ღირებულებისა და ფასის ანალიზი;
- სამუშაო ძალის ფასზე მოქმედი ფაქტორების ანალიზი.
II. მართვის ფუნქცია:
- სამუშაო ძალის მარკეტინგის მართვის ინფორმაციული უზრუნველყოფა;
- სამუშაო ძალის მარკეტინგის სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვა;
- დასაქმების სფეროში სოციალურ პარტნიორებს შორის საქმიანი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;
- შრომის ბაზარზე მარკეტინგული საქმიანობის მეთოდური უზრუნველყოფა;
- სამუშაო ძალაზე შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით პროფესიული მომზადების სისტემის ტრანსფორმაციისათვის ხელშეწყობა.
დასაქმების აქტიური პოლიტიკის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა დაეფუძნოს შრომის ბაზარზე რეალურად არსებული მდგომარეობის შეფასებას და მიმდინარე პროცესებზე სისტემატური დაკვირვების შედეგად გაკეთებულ დასკვნებს. აღნიშნულის უზრუნველყოფა შეიძლება შრომის ბაზრის კვლევის და მონიტორინგის გზით.
შრომის ბაზრის კვლევის მიზანი უნდა იყოს სამუშაო ძალაზე სხვადასხვა რეგიონის ეკონომიკის მოთხოვნისა და მოსახლეობის შრომითი ორიენტაციის შესწავლის საფუძველზე მათი დასაქმების შესაძლებლობების დადგენა და რეკომენდაციების შემუშავება დასაქმებაში ხელშეწყობის კონკრეტული პროგრამების მოსამზადებლად. ეკონომიკური და სოციალური განვითარების მონიტორინგის, მეწარმეთა სოციოლოგიური გამოკითხვის საფუძველზე უნდა განისაზღვროს კვლევაში ჩართული მოსახლეობის ჯგუფების, რეგიონების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები, პრიორიტეტული მიმართულებები და მაკროეკონომიკურ თუ რეგიონულ დონეზე განსახორციელებელი ღონისძიებები.
შრომის ბაზრის კვლევა უნდა განხორციელდეს შემდეგი კონკრეტული მიმართულებებით:
- რეგიონების ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის და განვითარების შესაძლებლობების მონიტორინგი;
- მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის მონიტორინგი;
- მოსახლეობის პროფესიული ინტერესების, შრომითი ორიენტაციისა და სამუშაოსადმი წაყენებული მოთხოვნების მონიტორინგი;
- სამუშაო ძალაზე დამსაქმებელთა (მეწარმეთა) მოთხოვნის მონიტორინგი.
შრომის ბაზრის კვლევის მიმართულებებიდან, დასაქმების პრობლემების გადაწყვეტაში, შეიძლება ითქვას, რომ ძირითადია სამუშაო ძალაზე დამსაქმებელთა მოთხოვნის შესწავლა[2]. ნებისმიერ დონეზე კვლევის მიზანი უნდა იყოს სამუშაო ძალის დასაქმების შესაძლებლობებისა და წინაპირობების განსაზღვრა, იმ მოთხოვნების დადგენა, რომლებსაც დამქირავებლები აყენებენ პოტენციური მომუშავეების წინაშე. აღნიშნულთან ერთად კვლევის პროცესში უნდა გამოვლინდეს მეწარმეობის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორები, მათი დაძლევის ძირითადი გზები და საშუალებები. კვლევის შედეგების დამუშავებისა და განზოგადების საფუძველზე შესაძლებელია:
- განისაზღვროს საკვლევი რეგიონის, ქალაქისა თუ ცალკეული საწარმოს შრომის ბაზრის განვითარების ძირითადი მიმართულებები და პარამეტრები;
- დადგინდეს მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობები, სფეროები და ობიექტები;
- გამოიყოს შრომის ბაზრის ცალკეული სეგმენტები და მოსახლეობის გაზრდილი სოციალური რისკის მქონე ჯგუფები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებენ აქტიურ მხარდაჭერას;
- განისაზღვროს დაუსაქმებელი მოსახლეობის სოციალურ-დემოგრაფიული და პროფესიული სტრუქტურა, შრომითი და პროფესიული ორიენტაცია, შრომითი მობილურობა და მათი შესაბამისობა სამუშაო ძალაზე მეწარმეთა მოთხოვნებთან;
- შემუშავდეს კონკრეტული მიმართულებები, რეკომენდაციები და ღონისძიებები მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობისათვის.
შრომის ბაზრის სისტემატური კვლევა და მონიტორინგი მიმართული უნდა იყოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის თვითდასაქმებისა და სამეწარმეო ინიციატივების მხარდაჭერისაკენ. სამუშაო ადგილების შექმნისა და არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებისათვის უნდა განხორციელდეს სამეწარმეო საქმიანობის მსურველთა სამეურნეო ინიციატივების ფინანსური, ტექნიკური და საკონსულტაციო მხარდაჭერა, რაც ითვალისწინებს მოსახლეობის აღნიშნული კატეგორიის მომზადებასა და გადამზადებას კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ორგანიზების გზით.
დასაქმების აქტიური პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება უნდა გახდეს სტრუქტურული უმუშევრების პროფესიული მომზადება და გადამზადება. აღნიშნული ღონისძიების ძირითადი ამოცანა უნდა გახდეს უმუშევართა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და სამუშაოზე მოწყობა. მომზადება და გადამზადება ორიენტირებული უნდა იყოს არსებულ ვაკანსიებზე და სამუშაო ძალის პროგნოზირებულ მოთხოვნაზე.
უმუშევრობის თანამედროვე მდგომარეობიდან გამომდინარე, დასაქმების აქტიურმა პოლიტიკამ უნდა მოიცვას უმუშევართა დროებითი დასაქმების პროგრამები, რაც გულისხმობს დროებითი სამუშაოების ორგანიზებას. საზოგადოებრივი სამუშაოები ძირითადად უნდა ხორციელდებოდეს სოციალური ინფრასტრუქტუ-რის ობიექტების განვითარება-რეაბილიტაციის მიზნით.
დასაქმების აქტიური პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა პროფესიული კადრების მომზადება შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. რისთვისაც საჭიროა „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს მზარდი და ცვალებადი შრომის ბაზრის არსებულ და სამომავლო მოთხოვნებს შეესაბამებოდეს“. აღნიშნული შედეგის მისაღწევად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროფესიული სტანდარტების განახლებასა და შემუშავებას დამსაქმებელთა აქტიური მონაწილეობით, მოდულური პროგრამების დანერგვას და არაფორმალური განათლების აღიარების პრაქტიკაში გატარებას.
შრომისა და დასაქმების სფეროში აქტიური სახელმწიფო პოლიტიკის გატარება საჭიროებს დასაქმების, შრომითი მიგრაციისა და შრომის უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის დახვეწას და მის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, რაც უზრუნველყოფს საქართველოში აღნიშნულ სფეროებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-14 თავის „დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების“ შესახებ 349-ე მუხლი განსაზღვრავს დასაქმებასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებს:
- დასაქმების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილის შექმნისკენ, რათა შემცირდეს არაფორმალური ეკონომიკა და არაფორმალური დასაქმება;
- შრომის ბაზრის აქტიური ზომების წახალისება და დასაქმების ეფექტიანი სერვისების ხელშეწყობა, რათა მოხდეს შრომის ბაზრის მოდერნიზება და მისი მორგება მონაწილე მხარეების საჭიროებებზე;
- უფრო მეტად ინკლუზიური შრომის ბაზრისა და სოციალური დაცვის სისტემის განვითარება, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების (შშმ პირებისა და უმცირესობების ჯგუფების) ინტეგრირებაზე იქნება მიმართული;
- სოციალური პარტნიორების ჩართულობისა და სოციალური დიალოგის გაძლიერება, მათი შესაძლებლობების გაძლიერებით.
უმუშევრობა საქართველოს დასაქმების პოლიტიკის კვალდაკვალ
უმუშევრობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემაა, განსაკუთრებით კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის შემდგომ. პანდემიამ, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, რამდენიმე თვით სრულიად გააჩერა ეკონომიკა და შეცვალა ადამიანების ცხოვრების რიტმი. დღეს, თითქმის ყველა ქვეყანაში, კორონავირუსის პირველი ტალღა გადავლილია და მთავრობები ცდილობენ აქტიური ეკონომიკური პოლიტიკით მოსახლეობა კვლავ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნონ, თუმცა, მოსალოდნელი საფრთხის (მეორე ტალღა) გათვალისწინებით და იმ დანაკარგით რაც სხვადასხვა კომპანიებმა COVID-19-ით მიიღეს რეაბილიტაციის პროცესები საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დასაქმების პრობლემა კორონავირუსამდეც იყო, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად მცირე პროგრესი გვქონდა დასაქმების კუთხით. შესაბამისად, დღეს, ჩვენმა ხელისუფლება განსაკუთრებით უნდა ეცადოს ეფექტური დასაქმების პოლიტიკა წარმართოს, რათა ეკონომიკის გაჯანსაღებასა და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყოს ხელი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2019 წელს უმუშევრობის საშუალო მაჩვნებელი ქვეყანაში 11.6% იყო, რაც წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებული შედეგია, თუმცა ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, სადაც უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 6.7%-ია, ორჯერ მაღალია. 2019 წელს, საქართველოში ეკონომიკურად აქტიური იყო 1.911.2 მილიონი ადამინი, მათგან 1.690.2 მილიონი დასაქმებული, ხოლო 221.0 ათასი დაუსაქმებელი. მართალია ყოველწლიურად დაუსაქმებელი ადამინების რაოდენობა მცირდებოდა და 2020 წელსაც წინასწარი მონაცემებით უმუშევრობის მაჩვენებელი კიდევ უფრო უნდა შემცირებულიყო, თუმცა კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ სულ სხვა რეალობის წინაშე დაგვაყენა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.3 პროცენტი შეადგინა. დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.3 პროცენტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტით. კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ დასაქმების პრობლემა შექმნა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. საერთაშორისო მონეტარული ფონდის (IMF) კვლევით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი უმუშევრობა განვითარებულ ქვეყნებშიც.
წყარო: IMF
გავრცელებული წარმოდგენა, რომ თუ ეკონომიკური ზრდა იქნება მაღალ უმუშევრობას დავძლევთ, სინამდვილეს არ შეესაბამება. ეკონომიკაში არსებობს ასეთი ტერმინი Jobless Growth, რაც ნიშნავს, ეკონომიკურ ზრდას ისე რომ, შესაბამისი ეფექტურობით არ იზრდება დასაქმება.
საქართველოს მთავრობა დასაქმების აქტიურ პოლიტიკას მიმართავს, რაც გულისხმობს სტარტაპების წახალისებას, სახელმწიფო სამსახურების შექმნას, პროფესიული გადამზადების პროგრამებს, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ა.შ. მიუხედავად ამისა, უმუშევრობა გაცილებით მაღალია ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რატომაც ვერ ხდება უმუშევრობის სწრაფად შემცირება არის ის, რომ დასაქმებული ადამინების დიდი ნაწილი მუშაობს აგრარულ სექტორში, რომლის პროდუქტულობაც თანდათან მცირდება, რაც ზოგადად ეკონომიკური კუთხით თუ შევაფასებთ პრობლემა საერთოდ არ არის. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებაში აგრარული სექტორის წილი საშალოდ 1.1% ია, საქართველოში კი 6.22%. მთავარი პრობლემა, მდგომარეობს იმაში, თუ დასაქმებული ადამიანების რამდენი პროცენტი ქმნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6.22% -ს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევით, საქართველოში დასაქმებული ადამინების დაახლოებით 39% მუშაობს სოფლის მეურნეობაში. შესაბამისად აგრარულ სექტორში დასაქმებული ადამიანის შრომა საშუალოდ, 7-ჯერ უფრო არაეფექტიანია ვიდრე სხვა სექტორში დასაქმებულის.
წყარო: STATISTA
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიული საკანონმდებლო აქტები
დასაქმების აქტიური პოლიტიკის შემუშავებისა და რეალიზაციის თვალსაზრისით ბოლო პერიოდში ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული შემდეგი ნორმატიული საკანონმდებლო აქტები:
- საქართველოს მთავრობის დადგენილება N400 „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“ დამტკიცებისა და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“, 2014 წლის 17 ივნისი, ქ. თბილისი.
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №199 „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“, 2013 წლის 2 აგვისტო ქ. თბილისი.
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №733 „შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების კონცეფციისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“, 2014 წლის 26 დეკემბერი
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №167 „შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“. 2016 წლის 4 აპრილი;
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №68 „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, 2016 წლის 11 თებერვალი;
- საქართველოს პრემიერ მინისტრის ბრძანება N300 “პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე (2013-2020 წლები)”, 26 დეკემბერი 2013 წელი;
- საქართველოს მთავრობის განკარგულება №2420 “საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევის განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” 2014 წლის 24 დეკემბერი ქ. თბილისი
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №333 „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 18 ივლისი ქ. თბილისი;
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №451 „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი
აღნიშნული სტრატეგიებისა და კონცეფციების საფუძველზე შემუშავდა კონკრეტული ღონისძიებები და პროგრამები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება დასაქმების აქტიურ პოლიტიკის რეალიზაციას. მათგან მნიშვნელოვანია:
- „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამა“[3], რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება/განხორციელება;
- სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა[4], რომელიც მიზნად ისახავს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კონკურენტუნარიანობის გაზრდას და მათი პროფესიონალიზმის გაუმჯობესებას შრომის ბაზარზე მოთხოვნილ პროფესიებში, სამუშაო ადგილზე სტაჟირების დახმარებით, რამაც საბოლოო ჯამში ხელი უნდა შეუწყოს სამუშაოს მაძიებელთა დასაქმებას;
- მუშავდება შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის მიზანი იქნება ღია შრომის ბაზარზე შშმ პირთა ინტეგრაცია და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდა.
შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სტრატეგიის რეალიზაცია საჭიროებს საქართველოს მთავრობის მიერ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ეროვნული დოკუმენტის შემუშავებას, რომელშიც განსაზღვრული იქნება, თუ რას წარმოადგენს პოლიტიკის ეს მიმართულება, რა მიზნები გააჩნია და როგორია მისი განხორციელების ძირითადი პრინციპები.
საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები
შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელების მიზნით ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შემდეგი კონვენციები:
- 88-ე კონვენცია ,,დასაქმების სამსახურის ორგანიზების შესახებ“ – რატიფიცირებულია 18.05.02 წელს;
- 122-ე კონვენცია ,,დასაქმების პოლიტიკის შესახებ“ – რატიფიცირებულია 23.04.94 წელს;
- 142-ე კონვენცია ,,ადამიანის რესურსების განვითარების სფეროში პროფესიული ორიენტაციისა და პროფესიული მომზადების შესახებ“– რატიფიცირებულია 04.05.95 წელს;
- 181-ე კონვენცია ,,დასაქმების კერძო სააგენტოების შესახებ“ – რატიფიცირებულია 07.06.02 წელს;
დასკვნა
ამგვარად, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედევად, საქართველოში არ არსებობს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სრულყოფილი საკანონმდებლო რეგულაცია. ამიტომ, ზემოაღნიშნულ ღონისძიებებთან ერთად შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სტრატეგიის წარმატებით რეალიზაციისათვის საჭირო იქნება შემდეგი ძირითადი ამოცანების გადაწყვეტა:
- შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებისათვის საჭირო კონცეპტუალური, იურიდიული და ოპერაციული ჩარჩოს შექმნა.
- სტრატეგიის განხორციელებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება.
- სამუშაო ძალაზე მოთხოვნა – მიწოდების დისბალანსისა და სხვა სტრუქტურული შეუსაბამობების შემცირება, მომზადება/გადამზადების პროგრამების საშუალებით.
- საჯარო საინვესტიციო პროექტებსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის კავშირის დამყარება.
- შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებისა და შედეგების მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის დანერგვა.
გამოყენებული ლიტერატურა:
- https://matsne.gov.ge/ka/document/view/3245367?publication=0
- https://emc.org.ge/ka/products/dasakmebis-politika-sakartveloshi
- https://forbes.ge/blogs/umushevroba-saqarthvelos-d/#!
- „დასაქმებისა და შრომის ბაზრის რეგულირება“ (მ.ცარციძე,2017,თბილისი)
- http://gov.ge/files/276_37891_115102_199020813.pdf
- https://www.ilo.org/wcmsp5/groups/public/—ed_dialogue/—lab_admin/documents/publication/wcms_627047.pdf
[1]საქართველოს მთავრობის დადგენილება №167 „შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“. 2016 წლის 4 აპრილი.
[2]საქართველოს მთავრობის განკარგულება №2420 “საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევის განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” 2014 წლის 24 დეკემბერი ქ. თბილისი.
[3]საქართველოს მთავრობის დადგენილება №333 „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 18 ივლისი ქ. თბილისი.
[4]საქართველოს მთავრობის დადგენილება №451 „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი.