წრიული ეკონომიკა

ბექა ბაიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IV კურსის სტუდენტი
ელ-ფოსტა: beka.baiashvili@wikimedia.ge

ანოტაცია: წრიული ეკონომიკის საფუძვლებს რესურსების რეგენერაციასთან, რესურსების ოპტიმზიაციასთან და გარემოს მდგრადობის ჩაკეტილი სისტემით მიღწევის აუცილებლობასთან მივყავართ. წრიული ეკონომიკა ევროკავშირის, რამდენიმე ქვეტნისა და მსოფლიოს არაერთი ბიზნესის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი კონცეფციაა. ამის მიუხედავად, წრიული ეკონომიკის მიმართულებით კვლევები ზედაპირული და არაორგანიზებულია. წრიული ეკონომიკა ბუნდოვანი და დანაწევრებული იდეებისა და ნახევრადმეცნიერული ცნებების გაერთიანებაა. ამ სტატიის მიზანია, წრიული ეკონომიკის კვლევაში გარკვეული წვლილის შეტანა.

Annotation: Circular economy system comes from resource regeneration, and must optimize resource and environmental sustainability within the closed-loop system in the supply chains. Circular economy (CE) is currently a popular concept promoted by the EU, by several national governments and by many businesses around the world. However, the scientific and research content of the CE concept is superficial and unorganized. CE seems to be a collection of vague and separate ideas from several fields and semiscientific concepts. The objective of this article is to contribute to the scientific research on CE.

მსოფლიოში აღიარებული კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის მოსახლეობის მოხმარების დონე ძალიან გაიზრდება. პროგნოზების მიხედვით ზრდამ შეიძლება პროპორციულად სამჯერ დიდი მასშტაბის პლანეტის საჭიროება მოითხოვოს (United Nations). მოსალოდნელია, რომ მომავალი 40 წლის განმავლობაში ბიომასის, წიაღისეულის, მეტალების და მინერალების გლობალური მოხმარება გაორმაგდება (OECD, 2019), პარალელურად, 2050 წლისთვის ნარჩენების წლიური რაოდენობა 70%-ით გაიზრდება. აღნიშნული პროცესები მნიშვნელოვნად იმოქმედებს ზოგადად ეკონომიკაზე. გართულდება ისეთი გამოწვევები, როგორიცაა მიწოდების შემცირების რისკი, საკუთრების უფლებათა პრობლემები, დერეგულირებული ბაზრები. ეს და სხვა უარყოფითი ფინანსურ-ეკონომიკური ეფექტები დააზარალებს კერძო კომპანიებსა და მთლიან ეკონომიკას (Jackson, 2009; Sachs, 2015).

მსოფლიომ კლიმატის სტაბილურობის, რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და კონკურენტუნარიანი ეკონომიკისათვის შეჯერებული სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგიის მიხედვით, ქვეყნები 2050 წლისათვის შეამცირებენ სწორხაზოვან ეკონომიკურ ზრდას რესურსების რაციონალური გამოყენების ხარჯზე და თან უზრუნველყოფენ ევროკავშირის გრძელვადიან კონკურენტუნარიანობას. ზემოთხსენებულ სტრატეგიას წრიული ეკონომიკა (Circular Economy, CE) ეწოდება (EU, 2020).
პრობლემების თავიდან ასარიდებლად, წრიულმა ეკონომიკამ, მიუხედავად იმისა, რომ ის სრულიად ახალი თეორია არაა, უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა შეიძინა და პოლიტიკოსების დღის წესრიგშიც გამოჩნდა (Brennan, G.; Tennant, M.; Blomsma, F.;, 2015). ამის აშკარა მტკიცებულებაა ევროპის წრიული ეკონომიკის სრული პაკეტი (European Commission, 2015) და ჩინეთის წრიული ეკონომიკის მხარდამჭერი კანონი (Lieder & Rashid, 2016). გასულ ათწლეულში წრიული ეკონომიკა აკადემიური კვლევის მნიშვნელოვანი საგანიც გახდა. რაზეც მეტყველებს ამ საკითხზე შექმნილი არაერთი სტატია და ჟურნალი. მსოფლიოში ბევრი კომპანია სულ უფრო და უფრო რწმუნდება წრიული ეკონომიკის შესაძლებლობებში და აანალიზებს მის დადებით მოსალოდნელ შედეგებს მათსავე საქმიანობისთვის (Ellen MacArthur Foundation, 2013).

ფესვებიდან დღევანდელობამდე

ისტორიულად, წრიული ეკონომიკის ცნებისეულ ფესვებს XVIII საუკუნის ბოლოსკენ მივყავართ. 1978 წელს თომას მალთუსის გამოქვეყნებულ ნაშრომში „ნარკვევები მოსახლების შესახებ“ ავტორი შეშფოთებულია მსოფლიოს მოსახლეობის გეომეტრიული პროგრესიით ზრდის გამო და აღნიშნავს, რომ ამ ტემპის გაგრძელების შემთხვევაში, საზოგადოება საკუთარი თავის გამოკვებას ვეღარ შეძლებს (Lacy & Rutqvist, 2015). მალთუსმა, ფაქტობრივად, წამოჭრა პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც დღეს მსოფლიოსთვის უმთავრეს მიზნად იქცა. მალთუსი პრობლემის გადასაჭრელ საუკეთესო გზად მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას განიხილავდა, რის გამოც არ შეგვიძლია მისი ნაშრომი უშუალოდ წრიული ეკონომიკის ფუნდამენტად მივიჩნიოთ. მან სწორად განსაზღვრა პრობლემა, მაგრამ მისი გადაჭრის გზა ახალი წრიული ეკონომიკის პრინციპებისგან შორსაა.
წრიული ეკონომიკის კონცეფციას პირველი მნიშვნელოვანი ბიძგი 1970-იანი წლებიდან მიეცა (Ellen MacArthur Foundation, 2013). ამ პერიოდში არაერთი მკვლევარი ალაპარაკდა სწორხაზოვან და წრიულ ეკონომიკებს შორის ფუნდამენტურ განსხვავებებზე. ამას ბიძგი მისცა კენეტ ბოულდინგის 1966 წლის პუბლიკაციამ, სადაც დედამიწა განხილულია როგორც ჩაკეტილი და წრიული სისტემა შეზღუდული რესურსებით. ავტორი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს შენარჩუნების თანხვედრით, რაიმე წონასწორული წერტილის აღმოჩენა (Boulding, 1966).

წრიული ეკონომიკა თანამედროვე ეკონომიკური მოდელია, რომლის მთავარი არსია რესურსების ეფექტიანი გამოყენებისკენ სწრაფვა მოხმარების შემცირების, გრძელვადიანი გამოყენების, პირველხარისხოვანი რესურსების ფლანგვის შეჩერების, პროდუქტებისა და მათი შემადგენელი კომპონენტების წრიული გამოყენების გზით. აქედან გამომდინარე, ეს მოდელი ბოულდინგის წონასწორული წეტილის მიღწევის იდეალისტური ვარიანტია. წრიულ ეკონომიკას შეუძლია მდგრადი განვითარების მთავარ მოდელად იქცეს, რადგან სწორხაზოვანი ეკონომიკა გარემოზე მავნედ ზემოქმედებს და იწვევს რესურსების ამოწურვას (ZeroWIN, 2010). იგივეს იმეორებს მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის 2014 წლის მოხსენება „წრიული ეკონომიკისაკენ“ (WEF, 2014).

მსოფლიოში წრიული ეკონომიკის რამდენიმე მოდელი განიხილება. მათგან პოპულარულია ბი ჯონსონის ე.წ. „5R“-ის მოდელი (მოცემულია მაგალითებთან ერთად):
2

Refuse (უარი თქვი): დაივიწყე ყველაფერი ის, რაც არ გჭირდება. თუ შეგიძლია, შეიშრე ხელი სწრაფი მოძრაობით და არ გამოიყენო ზედმეტი ხელსახოცი. აუცილებლობის გარდა, არ გამოიყენო პოლიეთილენის პარკები და მაღაზიიდან შენაძენი ხელით წაიღე.
Reduce (შეამცირე): შეამცირე უსარგებლო შენაძენები. იყიდე მხოლოდ ის, რაც აუცილებლად გჭირდება
Reuse (გამოიყენე თავიდან): უარი თქვი ერთჯერადი გამოყენების ნივთებზე და აქცენტი გააკეთე მრავალჯერადზე.
Recycle (გადაამუშავე): თუ ნივთებს თავიდან ვეღარ გამოიყენებ დაფიქრდი, შესაძლებელია თუ არა მისი გადამუშავება?
Rot (დააკომპოსტირე): ისეთი მასალები, რაც შესაძლოა დაკომპოსტირდეს, გამოიყენე ნიადაგის გასანაყოფიერებლად. (Zero Waste)
გარდა „5R“ მოდელისა, ცნობილია „3R“ და „4R“ მოდელები, რომლებიც, ფაქტობრივად, ბი ჯონსონის მოდელის შემცირებული ვარიანტია.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისის ოფიცრის, მაკა ბიწაძის განმარტებით, წრიული ეკონომიკის მოდელი:
• ცდილობს გარემოდან უკვე მიღებული რესურსის ღირებულება მაქსიმალურად გამოიყენოს რამდენიმე სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში;
• გვაძლევს საშუალებას გადავამუშაოთ, აღვადგინოთ და ისევ ბიზნესში დავაბრუნოთ რესურსი, რითაც ვამცირებთ გარემოზე ზემოქმედებას ორი მიმართულებით: ერთი მხრივ, ნარჩენს არ ვათავსებთ ნაგავსაყრელზე და მეორე მხრივ, არ გვჭირდება რესურსის ხელახალი მოპოვება ბუნებაში;
• ქმნის ახალ, ინოვაციურ ბიზნეს-შესაძლებლობებს;
• ქმნის უკვე დახარჯული ენერგიის, წარმოებაში ჩადებული ნედლეულის დაცვისა და მეორედ გამოყენების შესაძლებლობას (მელქაძე, 2018).

2020 წლის 11 მარტს გამოქვეყნებული ევროკავშირის „ახალი წრიული ეკონომიკის“ სამოქმედო გეგმის მიხედვით, ბიზენსის კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელია მდგრადი პროდუქტების წარმოებისათვის ფუნდამენტის შექმნა, რაც ევროკავშირისთვის და მის გარეთ, ახალი შესაძლებლობების სარკმელს გახსნის. მდგრად, წრიულ ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლის პროგრესული და შეუქცევადი პროცესი ევროკავშირის ინდუსტრიული სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. უკანასკნელი კვლევები გვიჩვენებს, რომ წრიულ ეკონომიკას აქვს პოტენციალი, 2030 წლისათვის გაზარდოს ევროკავშირის მშპ (მთლიანი შიგა პროდუქტი) დამატებით 0.5%-ით და შექმნას დამატებით 700 000 სამუშაო ადგილი (Cambridge Econometrics, 2018).

ევროკავშირი წრიული ეკონომიკის განვითარებისთვის განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ელექტრონიკის, ტექსტილის, პლასტმასას, საკვების და მათი შეფუთვის ინდუსტრიას. ასევე აპირებს რესურსების ფლანგვის შემცირებას (The European Green Deal, 2020).

ამბიციების ასასრულებლად ევროკავშირმა და არა მარტო, უნდა ააჩქაროს რეგენერაციულ ზრდაზე, რომელიც პლანეტას უფრო მეტს მისცემს, ვიდრე წაართმევს, გადასვლის ტემპი. დედამიწის მოსახლეობის მოხმარება გარკვეულ საზღვრებში უნდა მოექცეს, ამისათვის რესურსების გამოყენების მნიშვნელოვნად შემცირება და მომავალ დეკადაში წრიული მასალების გაორმაგებაა საჭირო (EU, 2020).

გამოყენებული ლიტერატურა
მელქაძე, ქ. (2018). წრიული ეკონომიკა: ალტერნატიული კონცეფცია მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. დაბრუნებული 2020 წლის აპრილი, eugeorgia.info-დან
Boulding, K. (1966). The Economics of the Coming Spaceship Earth. დაბრუნებული 2020 წლის 1 მაისი, www.ub.edu-დან
Brennan, G.; Tennant, M.; Blomsma, F.;. (2015). Business and production solutions: Closing the Loop in Kopnina, H. EarthScan.
Cambridge Econometrics. (2018). Impacts of circular economy policies on the labour market.
Ellen MacArthur Foundation. (2013). the Circular Economy. Isle of Wight.
EU. (2020). A new Circular Economy Action Plan For a cleaner and more competitive Europe. Brussels.
European Commission. (2015). Closing the loop – An EU action plan for the Circular Economy. Brussels: European Commission.
Jackson, T. (2009). Prosperity without growth. Economics for a finite planet. London, New York.: Earthscan.
Lacy, P., & Rutqvist, J. (2015). Waste to Wealth. Palgrave Macmillan.
Lieder, M., & Rashid, A. (2016). Towards circular economy implementation: A comprehensive review in context of manufacturing industry.
OECD. (2019). Global Material Resources Outlook to 2060: Economic Drivers and Environmental Consequences. Paris: OECD Publishing.
Sachs, J. (2015). The Age of Sustainable Development. Columbia University Press.
The European Green Deal. (2020). Circular Economy Action Plan.
United Nations. (თ. გ.). Goal 12: Ensure sustainable consumption and production patterns. დაბრუნებული 2020 წლის აპრილი, www.un.org-დან
WEF. (2014). Towards the Circular Economy: Accelerating the scale-up across global supply chains. WEF.
Zero Waste. (თ. გ.). Zero Waste. დაბრუნებული 2020 წლის აპრილი, www.addisoncountyrecycles.org-დან
ZeroWIN. (2010). Towards Zero Waste in Industrial Networks. “Approaches to Zero Waste”. .