კარტელების როლი მსოფლიო ეკონომიკაში

ავტორის სტილი დაცულია
მარიამ დანელია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
Mariam.danelia326@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია
სტატიაში განხილულია კარტელი, როგორც მონოპოლიის ერთ-ერთი მთავარი ფორმა. მოცემულია მისი წარმოშობისა და განვითარების მოკლე ისტორია. ყურადღება გამახვილებულია ნავთობ ექსპერტიორი ქვეყნების ორგანიზაციაზე(OPEC) და მსოფლიო ეკონომიკის ტრენდებზე . ასევე სტატიაში განხილულია რუსეთ-საუდის არაბეთის 2020 წლის ნავთობის „საფასო ომი“.

Annotation
The article scrutinizes cartel as a basic form of Monopoly , gives the short description of their history and development. The attention is given to the Organization of the Petroleum Exporting Countries(OPEC) and trends in the world economy. Also , the article discusses the Russia-Saudi Arabia oil price war of 2020.

კარტელი კლასიკური მონოპოლიის ერთ-ერთი მთავარი ფორმაა, რომელიც მრეწველობის რომელიმე დარგის მსხვილ მეწარმეთა გაერთიანებას გულისხმობს მოგებისა და ბაზარზე ბატონობის უზრუნველყოფის მიზნით.

საერთაშორისო კარტელის ნათელი მაგალითია ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში არსებული შეთანხმება ამერიკულ ტრესტს „ჯენერალ ელექტრიკისა“ და გერმანული კორპორაციის AEG შორის.1907 წელს ამ ორმა გიგანტურმა ორგანიზაციამ ,შეიძლება ითქვას, შეთანხმების საფუძველზე გაინაწილეს მსოფლიო.

გერმანელი ეკონომისტის რობერტ ლიფმანის(1874-1941) გამოკვლევა „კარტელი და ტრესტების“ მიხედვით 1897 წელს მსოფლიოში 40-მდე საერთაშორისო კარტელი ფუნქციონირებდა გერმანიის თანამშრომლობით , ხოლო 1910 წლისთვის უკვე 100. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ XX საუკუნის დასაწყისში თითქმის არცერთი საერთაშორისო კარტელი არ არსებობდა გერმანული და ამერიკული კომპანიების თანამონაწილეობის გარეშე, რომლებიც მსოფლიო ბაზრის აგრესიულ დაპყრობას ახორციელებდნენ.ისინი ართმევდნენ ბაზრებს თავიანთ ინგლისელ, ფრანგ, ბელგიელ და ჰოლანდიელ კონკურენტებს.[1]

მიუხედავად იმისა, რომ საუკუნის დასაწყისში მრავალ ქვეყანაში მოქმედებდა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს კარტელების შექმნას, კარტელს სხვა მონოპოლიურ ფორმებთან (ტრესტი, სინდიკატი, კონცერნი) შედარებით გააჩნია უპირატესობა. იგი შეიძლება შეიქმნას სახელმწიფოსგან მალულად, როგორც „ჯენტლმენური შეთანხმება“.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საერთაშორისო კარტელები წარმოადგენდნენ და დღესაც წარმოადგენენ ჩრდილოვანი ეკონომიკის ვერსიას. ხშირად კარტელები შენიღბულია: საინფორმაციო ცენტრების, სამეცნიერო ინსტიტუტების, მეწარმეთა კავშირების , კომისიების და მსგავსი ორგანიზაციების სახით.

კომპანიები , რომლებიც შედიან კარტელურ შეთანხმებებში, ინარჩუნებენ თავიანთ იურიდიულ და ფინანსურ დამოუკიდებლობას. ხშირად კარტელის მონაწილეები მართვის ფუნქციის შესასრულებლად ქმნიან ერთობლივ კომპანიას სააქციო საზოგადოების სახით. კარტელის მონაწილეთა საბაზრო და საწარმოო კვოტები შეესაბამება მათ წილს საერთო კაპიტალში.

დოკუმენტალურად დადასტურებულია, რომ საერთაშორისო კარტელები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ მეორე მსოფლიო ომის მომზადებასა და მიმდინარეობაში. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისათვის (1939-1945 წ) ზოგიერთი შეფასებით კარტელების რიცხვი 1200-მდე გაიზარდა და ისინი აკონტროლებდნენ მსოფლიო ბაზრის ნახევარს. უმთამრესად ეს იყო სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მონოპოლიების შეთანხმება. იმის გამო , რომ კაპიტალისტური ქვეყნები ჩაფლულნი იყვნენ ეკონომიკურ კრიზისში, დაიწყეს ანტიმონოპოლიური პოლიტიკის დიფერენციაცია . მთავრობები ქვეყნის შიგნით ცდილობდნენ შეეზღუდათ მონოპოლია და კონკურენციისათვის მიეცათ სტიმული. იმ შემთხვევაში კი, თუ იქმნებოდა საერთაშორისო კარტელები , რომლებსაც შეეძლოთ გაეძლიერებინათ შიდა ბაზრებზე ნაციონალური კომპანიების პოზიციები, მთავრობები არავითარ წინააღმდეგობას არ უქმნიდნენ. პირიქით- ხელს უწყობდნენ მათ წარმოქმნას. ზოგიერთი საერთაშორისო კარტელი ამერიკული და გერმანული კომპანიების მონაწილეობით ომის წლებშიც ფუნქციონირებდნენ , რაც გაპროტესტებული იქნა პოტსდამის 1945 წლის კონფერენციასა და ნიუნბერგის პროცესზე. ომის შემდეგ კი , რიგ ქვეყნებში ჭარბობდა ანტიკარტელური განწყობა. გაეროში განიხილეს საკითხი კარტელების აკრძალვის შესახებ , უკანასკნელ შემთხვევაში კი, მათ შექმნასა და ფუნქციონირებაზე კონტროლის დაწესებაზე. ყოველივე ამის შედეგად 1970 წლისათვის საერთაშორისო კარტელების რიცხვი 70-80 ითვლიდა . აღსანიშნავია , რომ მათი უმეტესობა იყო ტრანსატლანტიკური კარტელები ანუ გაერთიანებები, ევროპული და ამერიკული მონოპოლიების ერთობლივი მონაწილეობით.[1]

70-იანი წლებისთვის მსოფლიოში მეტ-ნაკლებად ცნობილი იყო საერთაშორისო კარტელები: საზღვაო გადაზიდვების დარგში, ელექტრომოწყობილობების, რადიოაპარატურის, ავტომობილების, ქიმიური საშუალებების , ფერადი და შავი ლითონების დარგში . რა თქმა უნდა, საერთაშორისო კარტელები არ აფიშირებდნენ თავიანთ მოღვაწეობას, საზოგადოებასა და სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოებს არწმუნებდნენ , რომ ისინი დაკავებული იყვნენ კვლევითი საქმიანობით. მაგალითად, საერთაშორისო „კალიუმის კარტელის“ ფუნქციებს ომის შემდგომ ახორციელებდა სამი ინსტიტუტი : პირველი- საერთაშორისო კალიუმის ინსტიტუტი ბერნში(შვეიცარია), რომელიც წარმოადგენდა დასავლეთ ევროპული კომპანიების ინტერესს. ასევე ამერიკის ორი ორგანიზაცია- ამერიკის კალიუმის ინსტიტუტი და საერთაშორისო კვლევების ფონდი კალიუმის დარგში.

საერთაშორისო კარტელები „ფარად“ იყენებდნენ მეწარმეთა კავშირებს. მაგალითად: ფოლადის საერთაშორისო კარტელმა 1967 წელს „ფარად“ შექმნა თუჯისა და ფოლადის საერთაშორისო ინსტიტუტი. ოფიციალურად გაცხადებულ იქნა , რომ ინსტიტუტის შექმნის მიზანი სხვადასხვა ქვეყნების ფოლადის მეწარმეთა კონტაქტების გაძლიერება და შავი ლითონის ბაზართან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა იყო. 1970 წელს უნივერსიტეტი აერთიანებდა 24 ქვეყნის 100 მეტალურგიულ კომპანიას, რომლებიც აწარმოებდნენ მთლიანი ფოლადის 95%-ს.[1]
გარდა ამისა, ომის შემდეგ წარმოიშვა საპატენტო კარტელები. სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის პირობებში საერთაშორისო ვაჭრობაში გაიზარდა იმ წარმოებათა მიერ გამოშვებული პროდუქციის წილი , რომლებიც სამეცნიერო-ტექნიკურ ცოდნას იყენებდნენ. ასეთი წარმოების მფლობელმა კორპორაციებმა აქტიურად დაიწყეს თავდაცვა ისეთი ინსტრუმენტებით, როგორიცაა: პატენტი და ლიცენზია. საპატენტო კარტელები დაფუძნებული იყო პატენტებისა და ლიცენზიების გაცვლაზე, სხვადასხვა ქვეყნის კომპანიების ვიწრო წრეებში. ამ დროს კარტელები არა თუ იმალებოდნენ, არამედ თავს იცავდნენ პატენტებითა და სხვადასხვა სამსახურებით მსხვილი კაპიტალის ინტელექტუალური საკუთრებების გაფრთხილებით.

ოპეკი – როგორც კარტელის საუკეთესო მაგალითი
ოპეკი- ნავთობ ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციაა. იგი, როგორც მუდმივმოქმედი ორგანიზაცია, შეიქმნა ბაღდათში, 1960 წლის 10-14 სექტემბრის კონფერენციაზე. აშშ-ს იმდროინდელმა პრეზიდენტმა, დუაიტ ეიზენჰაუერმა,კანადისა და მექსიკის ნავთობის მრეწველობის სასარგებლოდ, ვენესუელისა და სპარსეთის ყურის ნავთობის იმპორტზე იძულებით დააწესა კვოტა.ამის საპასუხოდ , ვენესუელისა და საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრების ინიციატივით, ერაყის,ირანის,ქუვეითის, საუდის არაბეთისა და ვენესუელას მთავრობებმა ბაღდათში შეხვედრისას განიხილეს თავიანთ ქვეყნებში წარმოებული ნედლი ნავთობის ფასის ზრდა. აღნიშნულის შედეგად ,ოპეკი დაარსდა, რათა აღადგინოს და მოახდინოს ორგანიზაციის წევრთა ნავთობის პოლიტიკის კოორდინაცია. შესაბამისად , ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან: ირანი, ერაყი, ქუვეითი, საუდის არაბეთი და ვენესუელა. იმავდროულად ოპეკმა დაიწყო გაფართოება და მას შეუერთდნენ შემდეგი ნავთობმომპოვებელი ქვეყნები: კატარი(1961წ.), ინდონეზია (1962-2008წწ.), ლიბია(1962წ.), არაბთა გაერთიანებული საამიროები(1967წ.), ალჟირი(1969წ.), ნიგერია(1971წ.), ეკვადორი(1973-1992წწ. 2007წ.), გაბონი(1975-1994წწ.), ანგოლა(2007წ.).[2]

ოპეკის შტაბ-ბინა თვდაპირველად განთავსებული იყო ჟენევაში(შვეიცარია), ხოლო 1965 წლის 1 სექტემბერს გადაიტანეს ვენაში(ავსტრია).ორგანიზაციის გენერალური მდივანია-მოჰამედ ბარკინდო.ოპეკის ოფიციალური სამუშაო ენა არის ინგლისური. ნავთობის ფასს ყოველთვის ანგარიშობენ აშშ დოლარებში, ერთი ბარელისათვის.

წესდების მიხედვით ორგანიზაციის მთავარი მიზანია, მისი წევრების ინდივიდუალური და კოლექტიური ინტერესების ოპტიმალური დაცვის საშუალებების განსაზღვრა, რაც ითვალისწინებს, გზებისა და საშუალებების გამონახვას ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე, ფასების სტაბილიზაციის მიზნით, ზიანის მომტანი ცვალებადობის თავიდან ასაცილებლად.
ოპეკის ძირითადი ამოცანებია:
o ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ინტერესების დაცვა;
o ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა;
o ნავთობის სხვა ქვეყნებში რეგულარული მიწოდების უზრუნველყოფა;
o ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისათვის ნავთობის გაყიდვის შედეგად სტაბილური შემოსავლების უზრუნველყოფა;
o ნავთობის წარმოების და რეალიზების სტრატეგიების განსაზღვრა.

ოპეკი რეგიონული თვალსაზრისით
ნავთობის მოპოვებისა და არსებობის სიდიდით, პირველ რიგში უნდა განვიხილოთ ახლო აღმოსავლეთის რეგიონი. ამ რეგიონში ნავთობის მარაგი ძირითადად თავმოყრილია სპარსეთის ყურის ნავთობმომცემ პროვინციაში.1908 წელს სამხრეთ ირანში , მასჯედ-ე-სოლეიმანის მახლობლად, ჭაბურღილიდან პირველად ამოხეთქა ნავთობმა . დღეისათვის თანამედროვე მეთოდებით ძიების შედეგად რეგიონის ნავთობის მარაგი კიდევ უფრო იზრდება.[2]

რეგიონს დიდი უპირატესობა გააჩნია სხვა რეგიონებთან შედარებით, არამარტო მარაგის სიდიდეში , არამედ სხვა რეგიონებთან შედარებით, ახლო აღმოსავლეთში ნავთობის მოპოვება და გატანა უფრო იაფი ჯდება. ნავთობის მოპოვების მცირე ხარჯებს განაპირობებს გეოლოგიური თავისებურება, რეგიონის ნავთობმომცემი ფენები ძალიან დიდია და არც ისე ღრმაადაა მიწის ქვეშ. ჭაბურღილიდან ხშირად ნავთობი შადრევნად ამოდის და საკმარისია მისი მილსადენების სისტემასთან შეერთებაც. იაფი მოპოვების მეორე მიზეზი ის არის , რომ ნავთობის მოპოვება ძირითადად უდაბნოებში ხდება , სადაც მილსადენების მშენებლობა არ მოითხოვს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ან განაშენიანებული ადგილების გადაკვეთას. ასევე აღსანიშნავია , რომ აზიის მენავთობე უფრო იაფი მუშახელია, ვიდრე მისი კოლეგა აშშ-ში თუ დასავლეთ ევროპაში.[2]
მეორე რეგიონი არის აფრიკის რეგიონი , რომლის მთავარი სამთო-სამრეწველო რაიონია, ალჟირისა და ლიბიის ფარგლებში მდებარე საჰარის უდაბნოს ტერიტორია. ლიბიისა და ალჟირის საბადოების მიერ მოპოვებული ნავთობის დაბალ თვითღირებულებას განსაზღვრავს მათი ხმელთაშუა ზღვასთან სიახლოვე. ლიბიაში ნავთობის მოპოვების მაქსიმუმი 1970 წელს იქნა მიღწეული, ხოლო ალჟირში -1979 წელს; შემდეგ ნავთობის მოპოვება შემცირდა , რაც გამოწვეული იყო ოპეკის მიერ დაწესებული კვოტებით.[2]

ნავთობის მოპოვების მესამე რეგიონია სამხრეთ ამერიკა, სადაც ნავთობის მოპოვება მთათაშორის ჩაზნექვებთანაა დაკავშირებული , რომელიც დანალექი გროვებისგან შედგება. ვენესუელაში , ორინოკოს ქვედა დინების რაიონში, გამოირჩევა ერთ-ერთი მსხვილი ნავთობის აუზი. იგი ჯერჯერობით არ მუშავდება, აქ განლაგებულია ე.წ. მძიმე ნავთობი , რომლის მოპოვებისთვის სპეციალური ტექნოლოგიაა საჭირო. ხშირად ამ აუზს „ასფალტის სარტყელსაც“ უწოდებენ.[2]

ოპეკის ფასების პოლიტიკა და 2020 წლის მოვლენები

1960-იანი წლების განმავლობაში ნავთობის ბარელი სტაბილურ ფასს ინარჩუნებდა, რასაც “შვიდი დის“ კარტელი უზრუნველყოფდა.( 1920-1940-იან წლებში არაბულმა ქვეყნებმა გასცა კონცესიები ნავთობის ძიებისა და მოპოვებისთვის. მთავარ კონცესიონერებად შვიდი უმსხვილესი ნავთობის კომპანია იქცა , რომელთაც ირონიულად „შვიდ დას „ უწოდებდნენ.ესენი იყვნენ : Standard Oil of New Jersey; Royal Dutch Shell Group; Texaco; Standard Oil of California; Mobil; Gulf; British Petroleum.)[1],[2]

პირველი „მსოფლიო ფასების რევოლუცია“ 1973 წელს მოხდა , როდესაც ისრაელისა და არაბული ქვეყნების ომმა უბიძგა არაბული ქვეყნების ემბარგოს, „პროისრაელურ“ დასავლეთ ევროპაში ნედლი ნავთობის გატანაზე.

ნავთობის ფასების ზრდის ერთ-ერთი პიკი იყო 1980 წელს, როდესაც ირანის ისლამური რევოლუციისა და მალევე დაწყებული ირან-ერაყის ომით გამოწვეულმა პანიკამ ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 36.83 დოლარამდე აიყვანა .ეს რეკორდი 2007 წლის ბოლოს მოიხსნა , როდესაც ერთი ბარელის ფასი 100 დოლარი გახდა. [2]

ნავთობის ინდუსტრიაში საფასო ომის მაგალითია 2020 წლის იანვარში დაწყებული ნავთობის ფასის შემცირება , რომელმაც უკანასკნელი ათწლეულების რეკორდი მოხსნა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნავთობის ფასის შემცირება ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო, რაც დაკავშირებული იყო COVID-19 ტიპის ვირუსის გავრცელებასთან მთელ მსოფლიოში. შემცირებული ფრენებისა და ტრანსპორტირების შედეგად იკლო საწვავის გამოყენებამ . შემცირდა ნავთობზე მოთხოვნა, რამაც ,ცხადია, დიდი გავლენა მოახდინა ნავთობის გლობალურ ინდუსტრიაზე. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია(OPEC) ნავთობის მოპოვებისა და მიწოდების შემცირებას განიხილავდა .შეხვედრა მიმდინარე წლის 6 მარტს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა. შეთანხმება ვერ შედგა ,რადგან რუსეთმა უარი განაცხადა გაეგრძელებინა 2016 წელს საუდის არაბეთთან შექმნილი ალიანსი , რომლითაც კონტროლდებოდა ლიმიტები და ნავთობის ფასები. მოლაპარაკების ჩაშლის შედეგი იყო ნავთობის ფასის ერთბაშად 10%-ით შემცირება.ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, უარყოფითი შედეგები მოუტანა რუსეთს. 1 ამერიკული დოლარის ფასი 71 რუსულ რუბლამდე შემცირდა. ამის საპასუხოდ, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა , შიდა ბაზარზე უცხოური ვალუტის შეძენა 30 დღით, 9 მარტიდან 7 აპრილამდე შეაჩერა. ამასთან ერთად, 18%-ით დაეცა რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიის გაზპრომის აქციები. გაზპრომს არც სხვა რუსული კომპანიები ჩამორჩნენ და მათი აქციები დაახლოებით 14-22%- ით შემცირდა. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა , როდესაც 8 მარტს, საუდის არაბეთმა გლობალურ ბაზარზე საკუთარი წილის გასაზრდელად ნავთობის ფასი შეამცირა და წარმოების დონის გაზრდა დაანონსა. რის შედეგადაც, საერთაშორისო ბაზარზე შავი ოქროს ფასმა კიდევ 30%-იანი კლება განიცადა.[3]

რა თქმა უნდა, ნავთობზე ფასების კლებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ნავთობმომპოვებელ ქვეყნებთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობის მქონე ეკონომიკებზეც. მათ შორის საქართველოს ეკონომიკაზეც. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორი საგარეო მოთხოვნა იყო .2019 წლის მონაცემებით, მთლიანი ექსპორტის ყველაზე დიდი წილი 13.2% აზერბაიჯანში განხორციელდა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის ეკონომიკა ნავთობის ფასებზეა დამოკიდებული, რადგან ამ უკანასკნელის წმინდა ექსპორტიორია და მთლიანი ეკონომიკის -ზე მეტი ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას უჭირავს. გარდა აზერბაიჯანისა , ფასების დაცემა რუსეთის საშუალებით საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება, რადგან რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორი რუსეთია. ასეთივე ქვეყნების რიგს მიეკუთვნება ყაზახეთიც. მისმა წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 1.8% შეადგინა.[4]

ნავთობის ფასის შემცირებასთან ერთად ნავთობექსპორტიორ ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება მცირდება, რადგან მოხმარების დაფინანსება დიდწილად ნავთობის ექსპორტიდან მიღებულ რესურსებს უკავშირდება. ყოველივე ეს ქვეყნის საგარეო მოთხოვნას ამცირებს , რომელიც სხვა ქვეყნისთვის ექსპორტს წარმოადგენს. მეორე მხრივ, თუ ნავთობის ფასი ეცემა, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში უფასურდება. ამის შედეგად ქვეყანას იმპორტი უძვირდება და საგარეო მოთხოვნის ტემპი ნელდება.

მოვლენების ამგვარი გაგრძელება საქართველოს ექსპორტზე ცალსახად უარყოფით გავლენას მოახდენს . ეს კი, რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას გამოიწვევს. ამიტომ აუცილებელია, რისკის შეფასება და სწორი ანალიზის გაკეთება, რათა მართებული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული მთავრობის მიერ.

გამოყენებული ლიტერატურა:
1) www.geopolitica.ru
2) intermedia.ge
3) sector3.ge
4) bm.ge
5) sputnik-georgia.com
6) www.opec.org