ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა
ავტორის სტილი დაცულია
ხატია ჯავახიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი
javakhishvilikhatia@gmail.com
ანოტაცია
ეკონომიკურ ზრდაში იგულისხმება ეკონომიკის რაოდენობრივი ზრდა, ქვეყნის დოვლათის მოცულობისა და საწარმოო პოტენციალის გადიდება, რაც ცალკეული სახელმწიფოს ცხოვრების დონის განსაზღვრის არა უნივერსალური თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ეკონომიკური ზრდა აუცილებელია სიღარიბის შესამცირებლად, თანაც ეს ზრდა უნდა იყოს მდგრადი. მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევისათვის კი აუცილებელი მოთხოვნაა ინკლუზიური ეკონოომიკური ზრდა, რომელიც ითვალისწინებს სამუშაო ძალის ფართო ჩართულობას. ინკლუზიური ზრდა გულისხმობს ღარიბთა პირობების გაუმჯობესებას არა გადანაწილების პოლიტიკით, არამედ მათი ჩართულობით ეკონომიკურ აქტივობაში. ამდენად, მნიშვნელოვანია ზუსტად გვესმოდეს, რას გულისხმობს ინკლუზიურ ზრდაზე ორიენტირება.
Annotation
Economic growth refers to the quantitative growth of the economy, the increase in the country’s wealth and production potential, which is not the universal but the most important indicator of determining the standard of living of an individual state. Economic growth is necessary to reduce poverty, and this growth must be sustainable. Achieving sustainable economic growth is a prerequisite for inclusive economic growth, which involves a broad involvement of the workforce. Inclusive growth means improving the conditions of the poor not through redistributive policies but through their involvement in economic activity. Thus, it is important to understand exactly what it means to focus on inclusive growth.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განმარების მიხედვით, ინკლუზიური ზრდა არის ეკონომიკური ზრდა, რომელიც სამართლიანად ნაწილდება საზოგადოებაში და ქმნის შესაძლებლობებს ყველასთვის. (OECD, 2008) მსოფლიო ბანკის ექსპერტების თანახმად, ინკლუზიური ზრდა წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მოდელს, რომელიც ითვალისწინებს : 1) ზრდის უზრუნველყოფის პროცესში საზოგადოების ყველა ფენის ჩართულობას 2) ზრდის შედეგების რაც შეიძლება უფრო ფართო განაწილებას. პრიორიტეტი ენიჭება ისეთ პოლიტიკას, რომელიც რესურსების, პირველ რიგში კი – ადამიანური რესურსების – მაქსიმალურ ათვისებას უწყობს ხელს. ინკლუზიური განვითარების მოდელი განსხვავდება ე.წ. ღარიბებზე ორიენტირებული ზრდის მოდელისგან. მთავარი განსხვავება ეკონომიკური ზრდისთვის პრიორიტეტის მინიჭებაში მდგომარეობს, მაშინ, როდესაც ღარიბებზე ორიენტირებული ზრდის მოდელი რედისტრიბუციის და ზრდის იმპერატივების შეთანხმებას ცდილობს. ცხადია, მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა უდავოდ აუცილებელია სიღარიბის შესამცირებლად, მაგრამ იმისათვის, რომ ზრდა იყოს მდგრადი მან უნდა უზრუნველყოს სამუშაო ძალის ფართო ჩართულობა ზრდის პროცესში. ინკლუზიური ზრდა ხაზგასმით გულისხმობს ღარიბთა პირობების გაუმჯობესებას არა გადანაწილების პოლიტიკით, არამედ მათი ჩართულობით ეკონომიკურ აქტივობაში.
სიღარიბის სწრაფი და მდგრადი შემცირება მოითხოვს ინკლუზიურ ზრდას, რაც ხალხს საშუალებას მისცემს ერთი მხრივ ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას, ხოლო მეორე მხრივ სარგებელი მიიღოს აღნიშნული პროცესისგან. ზრდის სწრაფი ტემპი უდავოდ აუცილებელია სიღარიბის არსებითი შემცირებისთვის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ზრდა მდგრადი უნდა იყოს ფართომასშტაბიან სექტორებში და მოიცავდეს ქვეყნის სამუშაო ძალის დიდ ნაწილს. ინკლუზიური ზრდის ეს განმარტება გულისხმობს პირდაპირ კავშირს ეკონომიკური ზრდის მაკრო და მიკრო განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის. ზრდისა და განვითარების კომისია „მდგრადი ზრდისა და ინკლუზიური განვითარების სტრატეგიებიში“ აღნიშნავს, რომ ინკლუზიურობა-კონცეფცია, რომელიც მოიცავს სამართლიანობას, შესაძლებლობების თანასწორობას და დაცვას ბაზარსა და დასაქმების გარდამავალ ეტაპზე – ეკონომიკური ზრდის წარმატებული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ინგრედიენტია და მიიჩნევს, რომ შესაძლებლობების სისტემატური უთანასწორობა ”ტოქსიკურია”, რადგან ეს ხელს უშლის ზრდის პროცესს პოლიტიკური არხებით ან კონფლიქტებით. (Inclusive Growth Analytics Framework and Application, 2009)
ინკლუზიური ზრდის კონცეფცია გრძელვადიან პერსპექტივაში ფოკუსირებულია პროდუქტიულ დასაქმებაზე და არა მოსახლეობის ღარიბი ფენებიისთვის პირდაპირი შემოსავლის გადანაწილებაზე. მოკლევადიან პერიოდში, მთავრობას შეუძლია შემოსავლის განაწილების სქემების გამოყენება, რათა შეამსუბუქოს უარყოფითი ზეგავლენა სიღარიბეზე, მაგრამ გადაცემის სქემები არ შეიძლება მუდმივად იყოს სიღარიბის თავიდან აცილების პასუხი გრძელვადიან პერსპექტივაში და შეიძლება პრობლემურიც კი აღმოჩნდეს მოკლევადიან პერსპექტივაში. ღარიბ ქვეყნებში გადანაწილების სქემები დიდ ტვირთად აწვება ისედაც გადატვირთულ ბიუჯეტებს და თეორიულადაც კი შეუძლებელია სიღარიბის შემცირება გადანაწილების გზით იმ ქვეყნებში, სადაც საშუალო შემოსავალი წელიწადში 700 აშშ დოლარზე დაბალია. OECD-ს კვლევის თანახმად, განვითარებულ ქვეყნებშიც კი, გადანაწილების სქემები არ შეიძლება იყოს ერთადერთი პასუხი მოსახლეობის გარკვეულ სეგმენტებში სიღარიბის დონის მატებაზე. ამდენად, სახელმწიფოსათვის საჭიროა ეტაპობრივად განავითაროს პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ინკლუზიური ზრდის წახალისებას. (OECD, 2008) (Inclusive Growth Analytics Framework and Application, 2009)
აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, ის გარემოებაც, რომ ინკლუზიური ზრდა ფოკუსირებულია არა მხოლოდ ერთ ჯგუფზე ღარიბების სახით, არამედ მდგრადი მაღალი ზრდის მიღწევის გზებისა და სხვადასხვა შეზღუდვების ადრეული ანალიზზე. მოცემულ ანალიზში ყურადღება გამახვილებულია ზრდის ტემპის ასამაღლებლად სხვადასხვა გზების ძიებაზე, განხილვასა და მათ პრაქტიკაში დანერგვაზე. მთავარია შეირჩეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც უფრო სრულად გამოიყენებენ იმ სამუშაო ძალას, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო დაბალი პროდუქტიულობით ხასიათდებიან (მაგალითად, შშმ პირები) ან გამორიცხულნი არიან ეკონომიკური ზრდის პროცესისაგან.
ინკლუზიური ზრდის პოლიტიკა მდგრადი ზრდის სამთავრობო სტრატეგიების უმრავლესობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მაგალითად, ქვეყანაში, რომელიც ათი წლის განმავლობაში სწრაფად გაიზარდა, მაგრამ ვერ მიაღწია სიღარიბის დონის მნიშვნელოვან შემცირებას, შეიძლება საჭირო გახდეს მისი ზრდის სტრატეგიის ინკლუზიურობის ფოკუსირება მაგალითად ინდივიდებისა და ფირმების შესაძლებლობების მეტად რეალიზებაზე ეკონომიკაში. სხვა მაგალითების მოყვანა შეიძლება რესურსებით მდიდარი ქვეყნებიდან. იმ ქვეყნებში, რომლებიც ძალიან დაბალი შემოსავლის დონით და დაბალი ზრდით იწყებენ, ინკლუზიური ზრდის მიდგომა ძალიან ახლოს იქნება ზრდის ტემპის დაჩქარებასთან, რადგან ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს ზრდის საფუძვლების სწორად რეალიზებაზე. (Inclusive Growth Analytics Framework and Application, 2009)
ზემოთაღნიშნულის გვერდით, ძალზედ მნიშვნელოვანია ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ადეკვატური შეფასების ინდიკატორები, რომელთა იდენტიფიცირება საკმაოდ საკამათო საკითხია მთელ მსოფლიოში. დავოსის 2015 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მიღებული მეთოდოლოგიით ინკლუზიური ზრდის გზაზე მიღწევები შეიძლება დაჯგუფდეს 7 კატეგორიად, რომლებიც თავის მხრივ კიდევ მოიცავენ უამრავ სუბ-ინდიკატორს, ესენია:
1) განათლებისა და უნარების განვითარება;
2) დასაქმება და სამუშაო ძალის კომპენსაცია;
3) აქტივების ზრდა და კერძო საკუთრება;
4) კორუფცია და რენტა;
5) საბაზისო სერვისები და ინფრასტრუქტურა;
6) რეალურ ეკონომიკაში ინვესტირებისათვის ფინანსური შუამავლობა;
7) საბიუჯეტო ტრანსფერები. (The Inclusive Growth and Development Report, 2015)
ინკლუზიური ზრდა საქართველოში
საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ყოფილი კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ხადური განმარტავდა: „…ინკლუზიური ზრდა არ ნიშნავს უბრალოდ შემოსავლების გადანაწილებას მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ინკლუზიური ზრდა ნიშნავს იმას, რომ ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს სარგებელი ეკონომიკური ზრდისგან – ეს ნიშნავს მეტ დასაქმებას, მეტ შემოსავლებს, ეს ნიშნავს მეტ შესაძლებლობებს საზოგადოების ყველა ფენისათვის. ჩვენ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისაგან შემოსავლების გათანაბრება და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა. ეს უკანასკნელი არის მოსახლეობის ჩართულობა და ჩვენი პოლიტიკაც სწორედ ასეთია, რომ მოსახლეობის რაც შეიძლება ფართო ფენები იყვნენ ჩართულნი ეკონომიკურ პროცესებში, მიიღონ შემოსავლები, რაც, თავისთავად ცხადია, აისახება მათი ცხოვრების დონეზეც. ეს არის ქვეყნისათვის უფრო მეტი შესაძლებლობა, ებრძოლოს სიღარიბეს და ეს, რაც მთავარია, სიღარიბესთან ბრძოლის სწორი გზაა. თავისთავად ცხადია, რაც უფრო ნაკლები ღარიბი ადამიანია ქვეყანაში, მით უკეთესი ფონია ქვეყანაში, მათ შორის, ეკონომიკური ზრდისათვის. ინკლუზიურობა არაა მყისიერება და არ არის სტატიკა. ინკლუზიურობა დინამიკაა და ყოველი შემდგომი ნაბიჯი უფრო ინკლუზიური უნდა იყოს. ქვეყნის ეკონომიკა უნდა იზრდებოდეს, და უნდა იზრდებოდეს რაც შეიძლება ფართო ფენების ჩართულობით და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ამ შედეგსაც მოსახლეობის რაც შეიძლება ფართო ფენები უნდა გრძნობდნენ.“ (“ინკლუზიური განვითარება ქართულად”, 2016)
საქართველოში ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე ფართოდ მახვიდება ყურადღება 2015 წელს მიღებულ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში საქართველო 2020. ამ დოკუმენტის მეინსტრიმი სწორედ ინკლუზიურ ზრდაზე გადის, ვინაიდან მოცემული სტრატეგიის მიზანი საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორების იდენტიფიკაციასთან ერთად მათ გადასაჭრელად შესაბამისი პრიორიტეტული ამოცანების განსაზღვრაა.
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“-ში მთავრობის პოლიტიკა სამ უმნიშვნელოვანეს პრინციპს ემყარება, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაა, რაც გულისხმობს მოსახლეობის საყოველთაო ჩართულობას ეკონომიკური განვითარების პროცესში (დიასპორის, მიგრანტების, ეთნიკური უმცირესობების და სხვა ჯგუფების ჩათვლით), ეკონომიკური ზრდის შედეგად საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობას, მათ სოციალურ თანასწორობასა და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. (“საქართველო 2020”)
ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის წარმატებით განსახორციელებლად აუცილებელია რამდენიმე წინაპირობის შესრულება, კერძოდ, მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა და ეფექტიანი საჯარო მმართველობის უზრუნველყოფა. სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს მიღწევა სტრატეგიის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. შესაბამისად, ფისკალური დისციპლინა, უმუშევრობის დაბალი დონე და ფასების სტაბილურობა, მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლობა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის თანდათანობით შემცირება ზომიერ სიდიდემდე და ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი ფაქტორებია; ეფექტიანი საჯარო მმართველობა – სტრატეგიის წარმატებით განსახორციელებლად საჭიროა სახელმწიფო ორგანოების შესაძლებლობების ადეკვატურად გაძლიერება სტრატეგიით დასახული მიზნების მისაღწევად. ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად მთავარი ამოცანა საქართველოს ეკონომიკის შემაფერხებელი ყველაზე კრიტიკული პრობლემების იდენტიფიკაცია და დაძლევაა. კრიტიკულ პრობლემათა შორის გამოიკვეთა კერძო სექტორის დაბალი კონკურენტუნარიანობა, არასათანადოდ განვითარებული ადამიანური კაპიტალი და ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა. (“საქართველო 2020”)
დასკვნა
ამრიგად, თუკი რომელიმე სახელმწიფოს აქვს პრეტენზია ეკონომიკური ზრდისა, რომელიც საბოლოოდ ცხოვრების დონის ზრდაში პოვებს ასახვას, აუცილებელია თავისი ეკონომიკის საჭე მიმართოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისკენ. ამ გზით შეძლებს ერთი მხრივ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში გამეფებული სიღარიბის დაძლევის რელსებზე შედგომას და მეორე მხრივ, შიდა სახელმწიფოებრივ დონეზე უზრუნველყოფს მოსახლების გრძელვადიან კეთილდღეობას. ლიტერატურულ პარალელს თუ გავავლებთ, ძველი ჩინური ანდაზის მსგავსად, ჯობს გაჭირვებულს ვასწავლოთ თევზაობა და ქონდეს საკვები ყოველდღე, ვიდრე ერთი დღისთვის სამყოფი თევზი და საკვები მივცეთ.
გამოყენებული ლიტერატურა
“ინკლუზიური განვითარება ქართულად”. (2016). Retrieved from forbes.ge: forbes.ge
“საქართველო 2020”. (n.d.). Retrieved from www.economy.ge: www.economy.ge
Elena Ianchovichina, S. L. (2009). In Inclusive Growth Analytics Framework and Application. The World Bank, Economic Policy and Debt Department, Economic Policy Division .
OECD. (2008). Retrieved from www.oecd.org: www.oecd.org
The Inclusive Growth and Development Report. (2015, september). Retrieved from http://www3.weforum.org/: www3.weforum.org
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2020). Retrieved from geostat.ge: www.geostat.ge