Covid-19-ის გავლენა ეკონომიკაზე
მაკა ღანიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დოქტორანტი
maka.ghaniashvili@tsu.ge
ანოტაცია
Covid-19, რომელიც 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა ჩინეთში, რამდენიმე თვეში მსოფლიო პანდემიად იქცა. დაავადების ზემოქმედება უკვე ძალიან დიდია ნებისმიერ სფეროზე. ვირუსს ადამიანების ჯანმრთელობაზე გავლენის გარდა, მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს მსოფლიო ეკონომიკაზე. მიუხედავად ბოლო ათწლეულის მანძილზე მიღწეული პროგრესისა სამედიცინო, ბიოტექნოლოგიურ თუ გენეტიკის სფეროებში, მსოფლიო მაინც ძალზე მოუმზადებელი შეხვდა უცნობი ვირუსით გამოწვეულ პანდემიას. ქვემოთ მოცემულ კვლევაში შემოგთავაზებთ პანდემიით გამოწვეული მაკროეკონომიკური ტენდენციების ანალიზს როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ ეკონომიკაში.
Abstract
Covid-19, which was detected in China at the end of 2019, became a global pandemic in a few months. The impact of the disease is already enormous in any area. In addition to affecting human health, the virus has a significant impact on the world economy. Despite advances in medicine, biotechnology, or genetics over the past decade, the world is still unprepared for a pandemic caused by an unknown virus. The following study provides an analysis of the macroeconomic trends caused by the pandemic in both, the global and local economies.
საკვანძო სიტყვები: მშპ ზრდა; საგარეო შოკები; ეკონომიკური კრიზისი; პანდემია
შესავალი
ის, რომ პანდემია უდიდეს უარყოფით გავლენას მოახდენდა ეკონომიკური განვითარების ტრენდებზე უკვე 2020 წლის გაზაფხულისათვის გახდა ნათელი, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მთავრობებმა გადახედეს ეკონომიკური ზრდის მიმდინარე და საშუალოვადიან პროგნოზებს. „საერთაშორისო სავალუტო ფონდმა“ 2020 წლის აპრილის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, 2020 წელს მსოფლიო ქვეყნების 90%-ს უარყოფითი ეკონომიკური ზრდა უწინასწარმეტყველა. ცნობისათვის, 2009 წელს, ღრმა ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დროს, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 60%-ს შეადგენდა.
აპრილში გამოქვეყნებული პროგნოზის შემდეგ (რაც გლობალური ეკონომიკის 3%-იან შემცირებას ითვალისწინებდა) მოვლენები კიდევ უფრო დამძიმდა და შემდგომ გამოქვეყნებულ პროგნოზებში ზრდის მაჩვენებელი კიდევ უფრო პესიმისტური გახდა. „მსოფლიო ბანკის“ საპროგნოზო მაჩვენებელი მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის ტემპებთან დაკავშირებით 2020 წლისთვის -5.2%-ია.
„ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“ (OECD) პროგნოზის ორ სცენარს გვთავაზობს, პირველ შემთხვევაში მსოფლიოს რეალური ეკონომიკური ზრდა -6%-ს უტოლდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელების მომდევნო ტალღების შესახებ არსებული ვარაუდი რეალური გახდება და აუცილებელი იქნება რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება, მსოფლიო ეკონომიკური ზრდა -7.6%-მდე შემცირდება. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, 2020 წლის მეორე ნახევარში ასევე უარესობისკენ შეცვალეს პროგნოზები ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მწვავედ დადგა დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის საკითხი და, შედეგად, პანდემიამ ძალიან დიდი ნაბიჯებით დახია უკან ის პროგრესი, რომელიც მსოფლიოს სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით ჰქონდა 1990-იანი წლებიდან.
1. გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე
2020 წლისათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზის მიხედვით (2020 წლის ივნისი) გლობალური ზრდის ტემპი -4.9%-იანი მაჩვენებლით განისაზღვრება, რაც 1.9%-ით ნაკლებია 2020 წლის აპრილის პროგნოზზე. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა არ არის ერთგვაროვანი. მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, სადაც გლობალიზაციისა და მომსახურების დარგების წილი მაღალია, უფრო მაღალი ეკონომიკური კლებაა მოსალოდნელი, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში (გრაფიკი 1).
გრაფიკი 1. გლობალური ეკონომიკა. რეალური მშპ-ს ზრდის
პროგნოზი (% ცვლილება)
წყარო: IMF, World Economic Outlook, October, 2020
თავდაპირველი შოკის შემდეგ უფრო აქტიურად დაიწყო პანდემიის ეკონომიკური შედეგების გაანალიზება. ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუ რა გავლენას მოახდენს ეს პროცესი მსოფლიო გეოპოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, გარემოს დაცვასა თუ სოციალურ ურთიერთობებზე. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დასაქმება-უმუშევრობის მაჩვენებლებს. უმუშევრობის გაზრდილ მაჩვენებელთან ერთად, პირველი ტენდენცია რაც 2020 წლის პირველ ნახევარში გამოიკვეთა არის ის, რომ ძალიან დიდია განსხვავება უმუშევრად დარჩენილთა შორის პროფესიებისა და სამუშაოს ტიპის მიხედვით. უთანასწორობა სამუშაოების/შემოსავლის დანაკარგებში დაფუძნებულია სამუშაოს ტიპზე და დასაქმებულის კვალიფიკაციაზე. ცხადია, რომ ის დასაქმებულები უფრო ხშირად კარგავენ სამუშაოს, რომელთა საქმეც ონლაინ შესრულებას არ ექვემდებარება. ასევე უფრო მეტად შემცირდა იმ ახალგაზრდებში უმუშევრობის მაჩვენებელი, ვისაც უმაღლესი განათლება არ აქვს.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 2020 წლის მეორე კვარტალში გლობალურმა ეკონომიკამ სამუშაო საათების 6.7% დაკარგა (რაც 195 მილიონ, სრულ განაკვეთზე დასაქმებულ, სამუშაო ძალას ნიშნავს), ეს გაცილებით დიდი მაჩვენებელია 2008-09 წლების ფინანსური კრიზისის დროს გაუქმებულ სამუშაო ადგილებზე. გლობალური სამუშაო ძალის 38% დასაქმებულია საწარმოებში, სასტუმროებში, ტურიზმის სექტორში, ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროში და იმ სერვისებში, რომელიც დღეს მოთხოვნისა და შემოსავლების მკვეთრ ვარდნას განიცდის და გაკოტრების პირასაა. იმავე ორგანიზაციის სპეციალისტთა პროგნოზის მიხედვით, უფრო მეტად დაზარალდებიან დაბალ უნარიანი დასაქმებულები, რომელთა სამსახურიც, ძირითადად, ფიზიკურ მუშაობას გულისხმობს. შედარებით უსაფრთხოა უმაღლესი განათლების მქონე მუშაკთა შემოსავალი, რომელთა ანაზღაურებაც ისედაც უფრო მაღალია, მათთან შედარებით, ვისაც ფიზიკურად უწევს მუშაობა – ეს ტენდენცია კიდევ უფრო გააღრმავებს გლობალური უთანასწორობის საკითხს. იმ შემთხვევაშიც კი თუ ეკონომიკის გაჯანსაღება ნავარაუდევზე სწრაფი ტემპებით წარიმართა, საწყის რელსებზე დაბრუნება მარტივი არ იქნება, არსებული კრიზისი დასაქმების ბაზარზე დიდ ძვრებს გამოიწვევს. რაც თავის მხრივ, ბევრი მაკროეკონომიკური პარამეტრის მდგრადობაზე აისახება.
გრაფიკი 2. უმუშევრობის საშუალო მაჩვენებლები OECD-ის ქვეყნებში 2008 და 2020 წლის იანვარ-აგვისტოში
ავტორის გრაფიკი
სტატისტიკა: OECD data base
2. გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე
საქართველო მცირე ზომის ღია ეკონომიკაა, რომელიც დოლარიზაციის ჯერ კიდევ მაღალი დონის, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტისა და საერთაშორისო ფინანსურ ნაკადებზე მზარდი დამოკიდებულების გამო, დიდადაა დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე. გამონაკლისი არც Covid-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და მისი გავლენაა საქართველოზე. კერძოდ, მსოფლიო პანდემიამ საქონლის ექსპორტიდან და საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების, ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებების მნიშვნელოვანი კლება განაპირობა. გლობალური მაკროფინანსური გარემოდან მომდინარე ისეთი რისკები, როგორებიცაა მსოფლიოს მასშტაბით შემცირებული მოთხოვნა, განვითარებად ქვეყნებში რისკების ზრდა, მოგზაურობასთან დაკავშირებული გაურკვევლობა და ფულადი გზავნილების შემცირება, საქართველოს საგადასახდელო ბალანსის შემოდინებებზე და უახლოეს მომავალში ეკონომიკის ზრდის ტემპებზე უარყოფით გავლენას მოახდენს.
ვირუსის გავრცელებამ შეაფერხა იმ ტენდენციების გაგრძელება, რომელიც წინა წლებში დაფიქსირდა ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ, 2019 წელს დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდა – 5.1%. ტურიზმიდან ქვეყნის ეკონომიკაში გენერირებულმა შემოსავალმა შეადგინა 3.3 მლრდ. აშშ დოლარი (მშპ-ს 18.4%), საქონლის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა – 3.8 მლრდ. აშშ დოლარი (მშპ-ს 21.2%), ხოლო წმინდა ფულადმა გზავნილებმა – 1.5 მლრდ. აშშ დოლარი (მშპ-ს 8.4%). აღნიშნულის შედეგად, ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ის 5.1% შეადგინა. მიუხედავად აღნიშნული პოზიტიური ეკონომიკური მაჩვენებლებისა, კორონავირუსის პანდემიის შოკმა მნიშვნელოვნად გააუარესა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა 2020 წლის განმავლობაში.
საერთაშორისო მაკრო-ფინანსურ გარემოში პანდემიით გამოწვეული რისკები საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას რამდენიმე ძირითადი არხით გადაეცემა. Covid-19 ვირუსის სწრაფი გავრცელების თავიდან ასაცილებლად შემოღებულმა შეზღუდვებმა საერთაშორისო ფინანსური ნაკადების შემოდინებებზე უარყოფითად იმოქმედა. კერძოდ, საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვამ 2020 წლის პირველ ორ კვარტალში მნიშვნელოვნად შეამცირა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა და საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები. ამასთან, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში შექმნილმა ეკონომიკურმა სირთულეებმა ფულადი გზავნილები და საქონლისა და მომსახურების ექსპორტი შეამცირა. ასევე, მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში რისკის პრემიის ზრდის შედეგად გამკაცრდა ფინანსური პირობები, რაც, მიუხედავად გლობალური პროცენტების კლებისა, მიწოდების მხრიდან უცხოური ვალუტის სესხების გაძვირებას განაპირობებს. ყოველივე ეს ფინანსური ნაკადების შემოდინებების მნიშვნელოვან კლებაში აისახა, რამაც, თავის მხრივ, ადგილობრივი ვალუტის გაუფასურება და გაცვლითი კურსის გაზრდილი მერყეობა გამოიწვია.
საქართველოს ეროვნული ბანკის „ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის“ (2020) მიხედვით, ბოლო წლებში საქართველოს მზარდმა დამოკიდებულებამ საერთაშორისო სავაჭრო და ფინანსურ ნაკადებზე პანდემიის პირობებში ფინანსური სტაბილურობის რისკები წარმოშვა. ისტორიულად, აღნიშნული ნაკადების ძირითად წყაროს საქონლის ექსპორტი წარმოადგენს, თუმცა ბოლო წლებში შემოდინებებში მნიშვნელოვნად იზრდებოდა ტურიზმიდან შემოსავლების წილი.
მართალია, ბოლო წლებში გაზრდილი სავაჭრო და ფინანსური ნაკადები დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა, ასევე, განაპირობებს მზარდ დამოკიდებულებას სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზე. წარსულში შემოდინებების შეფერხებებმა რომლებსაც თან ახლდა შიდა დისბალანსი, აჩვენა, რომ მსგავს ეპიზოდებს მშპ-ის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. Covid-19 პანდემიით გამოწვეულმა მსოფლიო ეკონომიკის რეცესიამ აღნიშნული რისკების რეალიზება კიდევ ერთხელ მოახდინა. კერძოდ, რეგიონსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა საგადასახდელო ბალანსის შემოდინებები. რაც ადგილობრივი ეკონომიკური შენელების ფონზე, უარყოფით გავლენას ახდენს მშპ-ს ზრდაზე და ფინანსური სტაბილურობის რისკებს წარმოქმნის. საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ევროკავშირში, რუსეთსა, და თურქეთში არსებულ ვითარებაზე, რაც Covid-19-ის პირობებში განსაკუთრებით საყურადღებოა. 2020 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ამ ქვეყნების წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 40, ხოლო მთლიან საგარეო შემოდინებებში 43% იყო. ევროკავშირის, რუსეთისა და თურქეთის საერთო წილი ექსპორტსა და მთლიან საგარეო შემოდინებებში წინა წელთან შედარებით (47 და 53 პროცენტი შესაბამისად) მნიშვნელოვნად შემცირდა.
გრაფიკი 3. ძირითადი ბაზრების მიმართ მოწყვლადობა (ნაკადების ფარდობა მშპ-თან)
წყარო: www.nbg.gov.ge
2020 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, მთლიანი ნაკადების ფარდობა მშპ-თან წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია. ევროკავშირში პანდემიით გამოწვეულმა შემცირებულმა მოთხოვნამ და ჩაკეტილმა საზღვრებმა ექსპორტისა და ინვესტიციების კლება გამოიწვია. რუსეთში პანდემიის ეფექტს თან დაერთო ნავთობის ფასების მკვეთრი შემცირება, რის შედეგადაც, 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, შემცირდა შემოდინებების თითქმის ყველა კომპონენტი.
პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა ცხადყო, რომ საერთაშორისო ბაზრებზე მაღალი დამოკიდებულება საგარეო შემოდინებების მყისიერი ვარდნის რისკს ქმნის, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე და, შესაბამისად, ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითად აისახება. შემცირებული გლობალური მოთხოვნიდან გამომდინარე, საქონლის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები შემცირებას გააგრძელებს. ასევე, მსოფლიოში ეკონომიკური გარემოს გაუარესების ფონზე შემცირდა ინვესტორთა რისკის მიმღეობა, რაც განსაკუთრებით განვითარებადი და მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რისკის პრემიების ზრდასა და ამ ქვეყნებიდან კაპიტალის დიდი ოდენობით გადინებაში აისახა და მომავალშიც აისახება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ძირითად წყაროს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს, გაზრდილი რისკის უარყოფითად აისახება საგადასახდელო ბალანსზე. ამასთანავე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება დაფინანსების წყაროებში სავალო ინსტრუმენტის წილს გაზრდის, რაც საგარეო მოწყვლადობას კიდევ უფრო გაამძაფრებს. რისკის პრემიის ზრდა ასევე ზრდის მოკლევადიანი საგარეო ვალის ტვირთს და აჩენს რეფინანსირების რისკებს.
ისევე როგორც მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, ჭარბი დავალიანების პრობლემის წინაშე აღმოჩენის რეალური საფრთხეა საქართველოს შემთხვევაშიც. საქართველოს მთავრობის Covid-19-თან ბრძოლის ანტიკრიზისული გეგმის პირველი და მეორე ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებების ბიუჯეტი 2020 წლის განმავლობაში მოიცავს:
1. მოქალაქეებზე ზრუნვასა და მათ სოციალურ მხარდაჭერას – 1.04 მლრდ. ლარის მოცულობით;
2. ეკონომიკაზე ზრუნვა და მეწარმეთა მხარდაჭერა – 1.76 მლრდ. ლარი;
3. ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და პანდემიასთან ბრძოლა – 350 მლნ. ლარი.
2020 წელს საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავლები, საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოყოფილი გრანტებისა და კრედიტების გარეშე დაგეგმილი იყო 13.7 მლრდ. ლარის ოდენობით, რაც განახლებული პროგნოზების მიხედვით შემცირდა 1.8 მლრდ. ლარით. ეს ყველაფერი ზრდის წნეხს ქვეყნისბიუჯეტზე.
ასევე, Covid-19 პანდემიის პირობებში გაზრდილი რისკის პრემია და ადგილობრივი ვალუტის გაუფასურება ვალის მომსახურების ტვირთის ზრდაში აისახა და პანდემიით გამოწვეული რეცესიის შესარბილებლად მობილიზებულმა ფინანსურმა რესურსებმა საგარეო ვალი გაზარდა.
გრაფიკი 4. საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურება (მილიონი აშშ დოლარი)
ავტორის გრაფიკი
წყარო: www.mof.ge
აუცილებელი გახდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის გამოყენება. საქართველოს მთავრობის მიერ ჯამში მოზიდულ იქნა, 1.5 მლრდ. აშშ დოლარის საბიუჯეტო დახმარება, მათ შორის: IMF – 200 მილიონი აშშ დოლარი; ADB – 400 მლ აშშ დოლარი; WB – 250 მლ აშშ დოლარი; AFD – 200 მლ აშშ დოლარი; KfD – 250 აშშ დოლარი; EU – 200 მლ აშშ დოლარი; AIIB – 100 მლ აშშ დოლარი. შედეგად, საქართველოში გაიზარდა სახელმწიფო ვალის მთლიანი მოცულობა. გაიზარდა როგორც მთავრობის საგარეო, ასევე საშინაო ვალების მაჩვენებელი.
გრაფიკი 5.
ავტორის გრაფიკი
სტატისტიკა: mof.gov.ge
ვალების მომსახურების საკითხს გაართულებს ლარის მკვეთრი გაუფასურებაც. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ყველაფერთან ერთად, 2020 წელი საქართველოში საარჩევნო წელია, რაც ყოველთვის ახდენს გავლენას ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და საინვესტიციო პოზიციებზე.
დასკვნა
როგორც ზემოთ მოცემული მსჯელობიდან ვხედავთ, მომდევნო რამოდენიმე წელი რთული გადასატანი იქნება არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად გლობალური ეკონომიკისთვის. საქართველოზე ზეწოლას აძლიერებს შემდეგი რამოდენიმე ფაქტორი: (1) ქვეყანა დიდადაა დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე; (2) საქართველოში მიმდინარეობს საპენსიო რეფორმა, რომელიც დამატებითი ფისკალური წნეხია ქვეყნის ეკონომიკისათვის; (3) გარდა იმისა, რომ ქვეყანაში იზრდება როგორც საშინაო, ასევე საგარეო ვალის მოცულობა, 2021 წლიდან დგება საგარეო ვალების მომსახურების საკითხიც; (4) არსებული ვითარება ზრდის ზეწოლას გაცვლით კურსზე. 2020 წლის განმავლობაში, ბევრი განვითარებადი ქვეყნის ვალუტის მსგავსად, ქართული ლარის კურსიც დიდ რყევებს განიცდიდა და მკვეთრად დაეცა. ამიტომ უახლოეს მომავალში უნდა შემცირდეს საბიუჯეტო ხარჯები, შეწყდეს ვალების აღება 2021-22 წლებში და ბიუჯეტი მიმართულ უნდა იქნეს საინვესტიციო ხარჯებისკენ.
გამოყენებული ლიტერატურა
1. საქართველოს ეროვნული ბანკი (2019), წლიური ანგარიში, ISSN 1512-1739
2. პაპავა ვ. კორონომიკა და ეკონომიკა კრიზისის წინაშე for.ge
3. OECD (2020), Employment rate by age group (indicator). doi: 10.1787/084f32c7-en (Accessed on 23 October 2020)
4. Carlsson-Szlezak, Philipp, Reeves, M., & Swartz, P. (2020, March 27). Understanding the Economic Shock of Coronavirus. Harvard Business Review. hbr.org
5. Baldwin, R. (2020, March 13). Keeping the lights on: Economic medicine for a medical shock. VoxEU.Org
6. Gourinchas, P.-O. (2020). Flattening the pandemic and recession curves. Mitigating the COVID Economic Crisis: Act Fast and Do Whatever.
7. Baker, S. R., Bloom, N., Davis, S. J., & Terry, S. J. (2020). COVID-Induced Economic Uncertainty (Working Paper No. 26983; Working Paper Series). National Bureau of Economic Research. https://doi.org/10.3386/w26983
8. Coibion, O., Gorodnichenko, Y., & Weber, M. (2020b). The Cost of the Covid-19 Crisis: Lockdowns, Macroeconomic Expectations, and Consumer Spending (Working Paper No. 27141; Working Paper Series). National Bureau of Economic Research.
9. Yasenov, V. I. (2020). Who Can Work from Home? (SSRN Scholarly Paper ID 3590895). Social Science Research Network. papers.ssrn.com
10. Brynjolfsson, E., Horton, J., & Ozimek, A. (2020). COVID-19 and Remote Work: An Early Look at US Data.16
11. Jgerenaia E., Ghaniashvili M. (2020) The Problem of Over-Indebtedness in the Corona Economy (Case of Georgia). International Journal of Economics, Business and Management Research Vol. 4, No. 10; pp. 213-221. ijebmr.com
12. Hurd M.D., Rohwedder S. (2008) ‘The Adequacy of Economic Resources in Retirement’, MRRC- Working Paper No. 2008-184
13. Borella, M., & Fornero, E. (2009). Adequacy of pension systems in Europe: An analysis based on com- prehensive replacement rates. ENEPRI Research Report No. 68. aei.pitt.edu
14. www.nbg.gov.ge
15. Measures Implemented by the Government of Georgia against Covid-19 (stopcov.ge)
16. www.imf.org
17. www.mof.ge
18. www.oecd.org
19. www.sgi-network.org
20. OECD (2013). Pension at a glance: OECD and G20 indicators. OECD Publishing. www.oecd-ilibrary.org
21. data.worldbank.org
22. World Economic Outlook Update, International Monetary Fund | June 2020 web: www.imf.org
23.www.ft.lk