მონეტარული პოლიტიკა – ზოგადი ხედი და საქართველო
ავტორის სტილი დაცულია
გიორგი კოხრეიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
giokokhreidze1@gmail.com
ანოტაცია
მოცემულ ნაშრომში განხილული იქნება მონეტარული პოლიტიკა, მისი არსი, ინსტრუმენტები. ყურადღებას გავამახვილებთ მონეტარული პოლიტიკის გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე, სიღრმისეულად შევისწავლით მონეტარული პოლიტიკის გამოყენებას ინფლაციასთან მიმართებაში. ზოგად შედეგებს აღვწერთ საქართველოს მაგალითზე, სადაც მიმოვიხილავთ მონეტარული პოლიტიკის გამტარებელ ორგანოებს, მონეტარული პოლიტიკის გატარების მიზეზს, მიზნებს და შედეგებს, ვისაუბრებთ მისი გამოყენების სტრატეგიაზე და ფუნქციებზე. შემდგომ საბოლოოდ შევაჯამებთ მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელობას.
Annotation
This article discusses monetary policy, its essence, instruments. We will focus on the pros and cons of applying monetary policy, we will study in depth the application of it to inflation. We will describe the general facts on the example of Georgia, where we review monetary policy pursuing institutes, motive of carrying out this policy, goals and results. In addition, we will speak about application strategy and functions. Finally, we will sum up the importance of monetary policy.
მონეტარული პოლიტიკის არსი
ტერმინი “მონეტარიზმი” პირველად გამოიყენა ამერიკელმა ეკონომისტმა კარლ ბრუნერმა 1968 წელს. მონეტარიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან მილტონ ფრიდმანი, კარლ ბრუნერი, ალან მელტცერი და ანა შვარცი.
მონეტარიზმი მიჩნეულია ნეოკლასიკური ეკონომიკური სკოლის ერთ-ერთ მიმართულებად. იგი აღმოცენდა გასული საუკუნის 50-იან წლებში აშშ-ში და მის ფუძემდებლად ითვლება “ჩიკაგოს სკოლის” დამაარსებელი, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში – მილტონ ფრიდმანი. თავდაპირველად მონეტარიზმი არსებობდა როგორც ფულის მიმოქცევის შემსწავლელი ვიწრო ეკონომიკური მიმართულება. უფრო ზუსტად, იგი შეისწავლიდა ფულზე მოთხოვნის საკითხს. შემდგომში მონეტარისტული ანალიზის სფერო საგრძნობლად გაფართოვდა და XX საუკუნის 70-იანი წლების შუახანებიდან იგი გადაიქცა თანამედროვე მაკროეკონომიკური თეორიის “მეინსტრიმად”. მოგვიანებით, ამ მოვლენამ მიიღო “მონეტარისტული კონტრრევოლუციის” სახელწოდება. აქ იგულსხმება “კონტრრევოლუცია” კეინზისა და კეინზიანურ თეორიებთან მიმართებაში. თანამედროვე მონეტარიზმი ემყარება როგორც ნეოკლასიკური სინთეზის ცალკეულ დებულებებს (მაგ., საკუთრების თეორია, ფილიპსის მრუდი და ა.შ.), ისე იგი წარმოადგენს კეინზიამდელი ფულის რაოდენობრივი კლასიკური თეორიის გაგრძელებას და განვითარებას.
მონეტარული პოლიტიკა – მაკროეკონომიკური პროცესი, რომელიც მართავს ქვეყანაში ვალუტის მარაგს, რათა მიაღწიოს ისეთ ეკონომიკურ მიზნებს, როგორიცაა ფასების სტაბილურობა, მოსახლეობის სრული დასაქმება, ფინანსური სტაბილურობა და სხვ. მონეტარულ პოლიტიკას ძირითადად წარმართავს ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების მეშვეობით.
[www.tsu.ge (გვ.47)]
მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები
მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები გამოიყენება ცენტრალური ბანკის მიერ საოპერაციო ორიენტირის მისაღწევად. ძირითადად განასხვავებენ სამი ტიპის ინსტრუმენტს:
• მინიმალური რეზერვების რეგულირება
• რეფინანსირების ოპერაციები
• ოპერაციები ღია ბაზარზე
მინიმალური რეზერვების რეგულირება – ავალდებულებს კომერციულ ბანკებს მოზიდული სახსრების (ძირითადად, კლიენტთა დეპოზიტების) ნაწილის განთავსებას ცენტრალური ბანკის ანგარიშებზე. კერძოდ, საშუალო მოზიდული სახსრებისთვის კომერციული ბანკები ვალდებულები არიან წინასწარ ცნობილი (დასაცავი) პერიოდის განმავლობაში ცენტრალურ ბანკში საკორესპოდენტო ანგარიშზე საშუალო ნაშთის სახით იქონიონ არანაკლებ მინიმალური სარეზერვო თანხისა. როგორც წესი, სარეზერვო თანხას ერიცხება სარგებელი.
რეფინანსირების ოპერაციები – განსაზღვრავს ფულის ბაზარზე განაკვეთის დიაპაზონს ზედა და ქვედა საზღვრებს შორის, რასაც რეფინანსირების მარჟა ეწოდება. რეფინანსირების მაქსიმალური მოცულობა ემსახურება კომერციული ბანკების მოკლევადიანი ლიკვიდურობის დეფიციტებიდან შედარებით მაღალ განაკვეთზე გადასვლას.
ოპერაციები ღია ბაზარზე – ხშირად ღია კონკურსის , ტენდერის ან აუქციონის სახით ხორციელდება, სადაც ხდება ცენტრალური ბანკის მიერ ვალუტის, ობლიგაციების ყიდვა ან გაყიდვა.
მონეტარული პოლიტიკის გამოყენება
როგორც ნებისმიერ ეკონომიკურ მოვლენას, მონეტარულ პოლიტიკასაც ორი მხარე გააჩნია. ერთი მხრივ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რამდენად ეფექტური და სწრაფია მონეტარულის პოლიტიკის გავლენა ეკონომიკაზე, მეორე მხრივ არსებობს მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომლებსაც იწვევს ამგვარი პოლიტიკის გატარება.
მონეტარული პოლიტიკის დადებითი მხარეები
ერთ-ერთი აშკარა უპირატესობა, რომელიც გააჩნია მონეტარულ პოლიტიკას ეს შინაგანი დროითი ლაგის არარსებობაა. დროითი ლაგი წარმოადგენს დროის პერიოდს ეკონომიკური სიტუაციის გაანალიზების და საპასუხო ქმედებების განხორციელებას შორის. ვინაიდან ცენტრალური ბანკი სწრაფად რეაგირებს ამგვარ ქმედებებზე დროითი ლაგი არ წარმოიქმნება.
მეორე დადებითი მხარეა ის, რომ ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის დროს არ არსებობს გამოდევნის ეფექტი. ის გულისხმობს საპროცენტო განაკვეთის შემცირებას, რაც თავის მხრივ ზრდის ინვესტიციების სტიმულირებას, რაც დადებითად აისახება გამოშვებაზეც.
მესამე დადებითი მხარე არის მულტიპლიკატორის არსებობა. მონეტარულ პოლიტიკას გააჩნია ორი სახის მულტიპლიკატორი: პირველი, საბანკო საქმიანობით გამოწვეული, რომელიც უზრუნველყოფს დეპოზიტების გაფართოების პროცესს ანუ ფულადი მასის მულტიპლიკატორულ ზრდას და მეორე საპროცენტო განაკვეთის შემცირების კვალობაზე, გაზრდილი ფულის მიწოდების პირობებში, ავტონომიური დანახარჯების ზრდით გამოწვეული, რაც აისახება ერთობლივი გამოშვების ზრდაში.
მონეტარული პოლიტიკის უარყოფითი მხარეები
მიუხედავად დადებითი თვისებებისა და იმ ეფექტურობისა, რომელსაც იწვევს მონეტარული პოლიტიკა. მას გააჩნია რიგი ნაკლოვანებებიც.
პირველი, ინფლაციის საშიშროებაა. მასტიმულირებელი მონეტარული პოლიტიკა, როგორიცაა ფულის მიწოდების ზრდა, შეიძლება გამოიწვიოს ინფლაცია, როგორც მოკლევადიან ასევე გრძელვადიან ასპექტებში. კეინზიანური მიმდევრების აზრით, რეცესიის დროს გამოყენებული უნდა იყოს არა მონეტარული არამედ ფისკალური პოლიტიკა.
მეორე, არის მონეტარული პოლიტიკის გარეგანი დროითი ლაგის არსებობა. გარეგანი დროითი ლაგი არის დროის შუალედი, საპასუხო ქმედებების განხორციელების მომენტიდან ამ ქმედების შედეგების ეკონომიკაზე გავლენის ასახვამდე. მაგალითად, ფულის მიწოდების ზრდამ შეიძლება გამოიღოს შედეგი, ეკონომიკური ბუმის პერიოდში, რითაც გაამძაფრებს ინფლაციურ პროცესებს.
მესამე, ასიმეტრიაა. „ძვირი ფულის პოლიტიკა“ ინფლაციის შემცირებას იწვევს. „იაფი ფულის პოლიტიკა“ კომერციულ ბანკებს დამატებითი რეზერვებით უზრუნველყოფს, მაგრამ არ არსებობს გარანტია იმისა, რომ რეზერვების ზრდის კვალობაზე, კრედიტების მოცულობა არ გაიზრდება. გარდა ამისა, მოსახლეობამ შეიძლება უარი თქვას კრედიტების აღებაზე მომავლის პესიმისტური ხედვიდან გამომდინარე.
როგორც ვხედავთ მონეტარულ პოლიტიკასაც გააჩნია ბევრი ნაკლი, ამიტომ არ შეიძლება ცალსახად უპირატესობა მივანიჭოთ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას.
[studfile.net]
მონეტარული პოლიტიკის უმთავრესი გამოწვევა: ინფლაცია
ინფლაცია ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი და ურთულესი პრობლემაა. სახელმწიფოს და სხვა ორგანოებს აქვს ბევრი ბერკეტი და ინსტრუმენტი მის შესაჩერებლად, მაგრამ ის რაც თეორიულად სრულყოფილი და ლამაზი ჩანს, პრაქტიკაზე ხშირად ფუჭი და გამოუყენებელი გამოდის. მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნე, სწორედ ინფლაციასთან ბრძოლაა.
როდესაც ვსაუბრობთ მონეტარული პოლიტიკის ინფლაციასთან ბრძოლაზე, საჭიროა განვიხილოთ გრძელვადიანი ფულადი პოლიტიკა. მისი განმასხვავებელი თავისებურება ფულის მასის ყოველწლიურ მატებაზე მკაცრი ლიმიტების შემოღებაა. ეს მაჩვენებელი ყალიბდება რეალური წარმოების ზრდის გრძელვადიანი ტემპისა და ინფლაციის ისეთი დონისაგან, რომელსაც მთავრობა მისაღებად თვლის და მისი გაკონტროლების ვალდებულებას იღებს. სახელმწიფო ასეთი ქმედებით ეკონომიკას ამარაგებს ფულის მინიმალურად აუცილებელი რაოდენობით, რომლის ძირითადი დანიშნულება საბაზრო სისტემის სწრაფი განვითარების უზრუნველყოფაა.
იმისათვის, რომ ფულადი პოლიტიკა ნამდვილად ანტიინფლაციური იყოს, აღნიშნული ლიმიტი დიდი ხნის მანძილზე უნდა შენარჩუნდეს (მაშინ ეკონომიკა, ყველაფერთან ერთად, განცხადების ეფექტსაც შეიგრძნობს) და, რაც მთავარია, დამოკიდებული არ უნდა გახდეს ბიუჯეტის მდგომარეობაზე, კაპიტალდაბანდების ინტენსიურობაზე, უმუშევრობის დონეზე და ა.შ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინფლაციურ ეკონომიკაში ფულადმა პოლიტიკამ უნდა შეასრულოს სრულიად განსაკუთრებული, გაბატონებული როლი. ფულადი ექსპანსიის ზღვარი უნდა გადაიქცეს ჭერად, რომელიც შეზღუდავს ფულის მასის ცვლილებებთან დაკავშირებულ სახელმწიფოს ნებისმიერ საქმიანობას.
მაგრამ, როგორც მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, ამ შემთხვევაშიც კი არ არის ადვილი ანტიინფლაციური ფულადი პოლიტიკის ორგანიზება. მაგალითად, აშშ-ში, სადაც მოქმედებს მაღალეფექტიანი საბანკო სისტემა, მრავალჯერ ყოფილა და ახლაც არის ამისი მცდელობა, განსაკუთრებით, 2007-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად. თუმცა ყველა ცდა წარუმატებლად დასრულდა, რადგანაც ბიუჯეტური უწესრიგობით, ეკონომიკური კონიუნქტურის მხარდაჭერის აუცილებლობით და ა.შ. დამძიმებული სახელმწიფო მერყეობდა, გადაუხვევდა ხოლმე დასახული ანტიინფლაციური კურსიდან, ეკონომიკას „ბერავდა“ ფულის ზედმეტი რაოდენობით. ამგვარმა გადახრებმა მხოლოდ გააძლიერეს ინფლაციური მოლოდინი, გაართულეს ინფლაციის დაძლევის ამოცანა. ცხადი გახდა, რომ თუ სახელმწიფო დარწმუნებული არ არის თავის უნარში – ბოლომდე მიიყვანოს ანტიინფლაციური ფულადი სტრატეგია, უკეთესია საერთოდ არ წარმოიწყოს ეს საქმე. მეტ-ნაკლებად თანმიმდევრული ფულადი სტრატეგია განხორციელდა რ. რეიგანის დროს, რაც სწრაფად დაეტყო ფასების მოძრაობას ამერიკის ეკონომიკაში.
მკაცრი ფულადი შეზღუდვების რეჟიმი მიეკუთვნება ეკონომიკის ძლიერმოქმედი რეგულატორების ჯგუფს. მაგრამ მისი გამოყენება ძალზე საფრთხილოა. საქმე ისაა, რომ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, სერიოზული ინფლაციის პირობებშიც კი, აგრძელებენ ფუნქციონირებას წარმოების მხარდამჭერი მექანიზმები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ მის მკვეთრ ვარდნას. ეს საბაზრო მექანიზმები მოთხოვნაზე ფასების გარკვეულ ელატიკურობას ინარჩუნებენ. და როდესაც ამ უკანასკნელის ზრდას ამუხრუჭებს ფულადი შეზღუდვები, მათ ზეგავლენას ფასებიც განიცდიან. ამიტომაც სახელმწიფოს მიერ ფულადი ლიმიტების შემოღებასა და მათ განუხრელ დაცვას ბოლოს და ბოლოს ნამდვილად შეუძლია გამოიწვიოს ინფლაციური პროცესის გარკვეული სტაბილიზაცია.
[„ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება“ ( ნ.კაკულია, მ.ჩიქობავა, თბილისი, თსუ) (თავი 5, გვ. 13-15; თავი 11, გვ.12-15)]
[„ეკონომიკური პოლიტიკა“ (რ.კლუმპი, 2015, თბილისი, 423 გვერდი) (გვ. 145-147)]
მონეტარული პოლიტიკა საქართველოში
გამტარებელი ორგანოები
“ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები” ყოველწლიურად მუშავდება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ შემდეგი სამი წლისთვის და დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.
“მონეტარული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში” მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი იყენებს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის გატარებისას.
მიზნები
ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანია ქვეყანაში ფასების სტაბილურობა. ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას, ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი მიზნის შესრულებას.
მაშ, რა არის ფასების სტაბილურობა? ფასების სტაბილურობა გულისხმობს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაბალი და სტაბილური ინფლაციის მაჩვენებლის შენარჩუნებას. მაღალ ინფლაციას დიდი მერყეობა ახასიათებს, ამიტომ სტაბილური ინფლაციის მისაღწევად მნიშვნელოვანია ინფლაციის დაბალი დონის შენარჩუნება. ფასების სტაბილურობა აუცილებელი პირობაა რესურსების ეფექტიანად განაწილებისათვის. არაპროგნოზირებადი ფასები ამცირებს გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას. მაღალი ინფლაციის დროს რესურსები პროდუქტიული გამოყენების ნაცვლად ინფლაციისგან დასაზღვევი მარაგების შესაქმნელად მიემართება. ფასების სტაბილურობა ასევე მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისითაც. ზოგადად, დაბალი და სტაბილური ინფლაცია ხელს უწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას.
სტრატეგია
მონეტარული პოლიტიკის სტრატეგია აღწერს მონეტარული პოლიტიკის ძირითად პრინციპებს საქართველოში და მისი განვითარების მიმართულებებს. “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანას ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. დაბალი და სტაბილური ინფლაცია აუცილებელი პირობაა მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის, რაც თავის მხრივ აუცილებელია მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდისათვის, დაბალი საპროცენტო განაკვეთებისა და მაღალი დასაქმებისთვის.
რაც უფრო ეფექტიანია მონეტარული პოლიტიკა, ფასების სტაბილურობის მიღწევა მით უფრო დაბალი საზოგადოებრივი დანახარჯით არის შესაძლებელი. შესაბამისად ცენტრალური ბანკები მუდმივად ზრუნავენ მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდისთვის. წინამდებარე სტრატეგიის განხორციელება ხელს შეუწყობს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდას საქართველოში.
ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა ეყრდნობა ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს. ინფლაციის თარგეთირება არის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი, რომლის დროს ქვეყნის ცენტრალური ბანკი აცხადებს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, რაც არის არსებულ ეტაპზე ქვეყნისათვის სასურველი ინფლაციის დონე, და შემდეგ მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია შეინარჩუნოს მიზნობრივ დონეზე.
ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი განისაზღვრება ეკონომიკის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. იგი უნდა ასახავდეს ფასების ცვლილების ისეთ მაჩვენებელს, რომელიც ოპტიმალური იქნება ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება სხვადასხვა ფაქტორები. პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ სამომხმარებლო კალათის სხვადასხვა კომპონენტებზე ფასების ცვლილება არ არის ერთნაირი. აქედან გამომდინარე ინფლაციის 0 პროცენტამდე შემცირება გულისხმობს, რომ ზოგიერთ საქონელზე ან მომსახურებაზე ფაქტობრივად უნდა იყოს დეფლაცია. ინფლაციის დადებითი მიზნობრივი მაჩვენებელი კი საშუალებას იძლევა აცილებულ იქნას დეფლაციის რისკი და მისი უარყოფითი შედეგები ეკონომიკაზე.
აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ინფლაციის შესაფასებლად გამოყენებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს (სფი) ახასიათებს გარკვეული ცდომილება (გვიჩვენებს უფრო მაღალ ინფლაციას ვიდრე რეალურად არის), რასაც რამდენიმე მიზეზი განაპირობებს:
1. სფი არა პირდაპირად აფასებს სამომხმარებლო ხარჯების ცვლილებას, არამედ ეყრდნობა საშუალო მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონლისა და მომსახურების ფიქსირებული კალათის ღირებულებას. აქედან გამომდინარე, ვერ იქნება გათვალისწინებული მომხმარებლის მიერ გაძვირებული პროდუქციის სანაცვლოდ მისი საქონელჩამნაცვლებლის გამოყენება.
2. დროთა განმავლობაში ხდება საქონლისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მასზე ფასის მატება შეიძლება ამით იყოს განპირობებული. თუმცა ხარისხის ცვლილებით გამოწვეული ფასის მატება შეუძლებელია სრულყოფილად გამოიყოს სამომხმარებლო ფასის ინდექსის გამოთვლისას.
3. ბაზარზე მუდმივად გამოდის ახალი პროდუქცია, რომელიც ჩაანაცვლებს სამომხმარებლო კალათაში შეტანილს. ამის ასახვა კი ხდება დროში დაყოვნებით.
ეროვნული ბანკის ინფლაციის გრძელვადიანი მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის დამახასიათებელია ინფლაციის მაღალი დონე, რაც პროდუქტიულობის ზრდის შედარებით მაღალ ტემპებს უკავშირდება. ამიტომ, საქართველოში ინფლაციის თარგეთირებაზე გადასვლიდან გარკვეული პერიოდის მანძილზე ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტზე მაღალი იყო. თუმცა განვითარების არსებულ ეტაპზე, აღნიშნული მიზნობრივი მაჩვენებლის შემცირება მიზანშეწონილი გახდა. შესაბამისად, 2018 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მის გრძელვადიან დონემდე, 3 პროცენტამდე შემცირდა.
კაპიტალის თავისუფალი მობილობის (ლიბერალიზებული კაპიტალის ანგარიშის) პირობებში, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი მოითხოვს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის არსებობას. აღნიშნული რეჟიმის პირობებში სავალუტო ბაზარი ხასიათდება მოკლევადიანი რყევებით. ასეთი რყევები კიდევ უფრო დიდია საქართველოს მსგავს პატარა და ღია ეკონომიკის, მაღალი დოლარიზაციის მქონე ქვეყნებში, რაც უკავშირდება სავალუტო ბაზრის მცირე მოცულობასა და კაპიტალის მერყევ ნაკადებს. სამთავრობო თუ კერძო სექტორის ოპერაციებით გამოწვეული გაცვლითი კურსის გადაჭარბებული მერყეობის შემცირების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი დროგამოშვებით ახორციელებს ინტერვენციებს სავალუტო ბაზარზე სავალუტო აუქციონების საშუალებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს არ გააჩნია გაცვლითი კურსის მიზნობრივი მაჩვენებელი.
ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე გადასვლის შემდეგ საგრძნობლად გაუმჯობესდა მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა. 2010 წლის აპრილში მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების გააქტიურების შემდგომ შემცირდა ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების მერყეობა და შედეგად გაიზარდა ლარის ფულადი ბაზრის მოცულობა. ფულადი ბაზრის განვითარებამ საშუალება მისცა კომერციულ ბანკებს, უფრო ეფექტიანად მართონ ლიკვიდობა, რამაც ლარის რესურსს ბანკებისთვის უფრო მეტი მიმზიდველობა შესძინა. აღნიშნულის შედეგად საგრძნობლად გაიზარდა ბანკების ვალდებულებების ლარიზაციის მაჩვენებელი. რეფინანსირების განაკვეთისადმი სანდოობის ზრდის პარარელურად კომერციულმა ბანკებმა დაიწყეს მსესხებლებისთვის ეროვნული ვალუტით ცვლადი განაკვეთით სესხების შეთავაზება, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მონეტარული პოლიტიკის გადაცემა. ცალკე აღნიშვნის ღირსია გაცვლითი კურსის პოლიტიკის რეფორმა, რომელიც 2009 წელს განხორციელდა და რაც გულისხმობს სავალუტო ინტერვენციების მხოლოდ სავალუტო აუქციონებით განხორციელებას, რომელიც თავის მხრივ ემყარება საბაზრო მექანიზმს. სავალუტო აუქციონებზე გადასვლის შემდეგ შემცირდა სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება, გაცვლითი კურსი მოკლევადიან პერიოდში გახდა არაპროგნოზირებადი, რამაც აღმოფხვრა სპეკულაციური წნეხი გაცვლით კურსზე.
აღნიშნული ღონისძიებების შედეგად საგრძნობლად გაიზარდა მონეტარული პოლიტიკის გავლენა რეალურ ეკონომიკაზე და მისი როლი მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაში. საქართველოს ეროვნული ბანკი გააგრძელებს მუშაობას მონეტარული გადაცემის მექანიზმის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.
ინსტრუმენტები
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობა. ინფლაციის დონის მიზნობრივ მაჩვენებელზე შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკი იყენებს მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთს, რომლის ცვლილებაც მონეტარული გადაცემის მექანიზმის საშუალებით ზეგავლენას ახდენს ერთობლივ მოთხოვნაზე და შედეგად იცვლება ფასების დონეც. ამ მიზნის მისაღწევად სებ–ი იყენებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებს, როგორებიცაა რეფინანსირების სესხები, სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონები, ერთდღიანი სესხები და ერთდღიანი დეპოზიტები და მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები. ამ ინსტრუმენტების საშუალებით ეროვნული ბანკი ფინანსურ ბაზარზე საპროცენტო განაკვეთს არეგულირებს. ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მცირდება საბანკო რესურსები რაც, შესაბამისად, ფულის მასის შემცირებას იწვევს და ხდება საბანკო სისტემიდან ჭარბი ლიკვიდობის ამოღება. გარდა ამისა, სადეპოზიტო სერტიფიკატები და სახაზინო ფასიანი ქაღალდები მიეკუთვნება დაბალი რისკის მატარებელი აქტივების კლასს და კომერციულ ბანკებს საშუალებას აძლევს შეამციროს საკრედიტო პორტფელის რისკიანობის მაჩვენებელი. ამავდროულად, ვითარდება ფასიანი ქაღალდების ბაზარიც.
ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების საშუალებით საბანკო სისტემას მოკლევადიანი ლიკვიდობა მიეწოდება. მათი გაცემა ხორციელდება აუქციონების საშუალებით, შესაბამისი გირაოს წარმოდგენის საფუძველზე. ერთკვირიანი რეფინანსირების სესხებით სებ-ის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გადაეცემა საბანკო სექტორის ჯერ მოკლევადიან და შემდგომ კი გრძელვადიან განაკვეთებს. ერთდღიანი სესხებისა და ერთდღიანი დეპოზიტების განაკვეთების საშუალებით იქმნება ე.წ. კორიდორი ბანკთაშორის ბაზარზე, რომელიც ამცირებს ამ ბაზრის განაკვეთის მერყეობას.
მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები არის მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლის საშუალებით ეროვნული ბანკი გავლენას ახდენს მონეტარულ აგრეგატებსა და ფულის მასაზე. გარდა ამისა, სავალდებულო რეზერვების მოთხოვნის გამოყენებით სებ-ი უზრუნველყოფს ბანკების მიერ საჭირო ლიკვიდური სახსრების არსებობას რეზერვში მოულოდნელი ფულადი გადინების დასაფარად. სარეზერვო მოთხოვნების გაზრდა იწვევს დაკრედიტებისთვის საჭირო ფულადი სახსრების შემცირებას ბანკებისთვის, ხოლო დაწევა კი – პირიქით, გამოიწვევს ფულის მიწოდების გაზრდას.
მონეტარული პოლიტიკის ამ ინსტრუმენტების გამოყენების მთავარი მიზანი ერთობლივ მოთხოვნაზე გავლენის მოხდენაა, რაც საბოლოოდ აისახება ინფლაციის მაჩვენებელზე. (იხ. ლიკვიდობის მართვის ძირითადი პრინციპები საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე).
[www.nbg.gov.ge ]
დასკვნა
ამრიგად, განვიხილეთ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის არსი. აღვნიშნეთ მისი მთავარი სამიზნეები და ინსტრუმენტები, რომლის საშუალებით ის მოქმედებს ეკონომიკაზე. ჩამოვთვალეთ მონეტარული პოლიტიკის დადებითი და უარყოფითი მხარეები და დავასკვენით , რომ პოლიტიკის არჩევა ცალსახა საკითხი არ უნდა იყოს, რადგან გარკვეულ სიტუაციებში მონეტარულ პოლიტიკას მეტი ზიანის მიყენება შეუძლია ეკონომიკისთვის ვიდრე სარგებლის.
ხაზი გავუსვით მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას ინფლაციის სახით. ავხსენით მთავარი მექანიზმი, რომლითაც სახელმწიფო და შესაბამისი ორგანოები ებრძვიან ინფლაციას ფულად-საკრედიტო პოლიტიკით .
ზოგადი შემთხვევა გადავიტანეთ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს, მაგალითზე. აღვწერეთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნები, სტრატეგიები და მთავარი ინსტრუმენტები.
დასასრულს, მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ მონეტარულ პოლიტიკას გააჩნია ბევრი სერიოზული ნაკლი, ეკონომისტების ხელში ის მაინც რჩება რეგულირების ერთ-ერთ უმძლავრეს ინსტრუმენტად, რომლის გონივრული გამოყენება დადებითან აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.
გამოყენებული ლიტერატურა :
1. „ეკონომიკური პოლიტიკა“ (რ.კლუმპი, 2015, თბილისი, 423 გვერდი) (გვ. 145-147)
2. „ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება“ ( ნ.კაკულია, მ.ჩიქობავა, თბილისი, თსუ) (თავი 5, გვ. 13-15; თავი 11, გვ.12-15)
3. www.tsu.ge (გვ.47)
4. www.nbg.gov.ge (1)
5. www.nbg.gov.ge (2)
6. www.nbg.gov.ge (3)
7. www.nbg.gov.ge (4)
8. www.nbg.gov.ge (5)
9. studfile.net (1)
10. studfile.ne (2)