ოლიგოპოლია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ავტორის სტილი დაცულია

ნათია  ხვთისიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  IV  კურსის სტუდენტი
Khvtisiashvilin99@gmail.com

ანოტაცია
ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და შემოსავლიან ბიზნესს წარმოადგენს. მოცემულ ნაშრომში განხილულია  საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე 2010 – 2018 წლებში არსებული მდგომარეობა. განვიხილავთ ოლიგოპოლიის სტრუქტურას ჯერ ზოგადად ბუნებრივი წყაროების ოლიგოპოლიის მაგალითზე, ხოლო შემდგომ ვიხილავთ ფარმაცევტული  კომპანიების წილებს, იმპორტს, წარმოებას, ბაზრის ბრუნვას, მოგებას, ექსპორტიორებსა და იმპორტიორ ქვეყნებს. ასევე მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებსა და ბაზარზე წამყვან კომპანიებს.

Annotation
The pharmaceutical market is one of the largest and most profitable businesses in Georgia. This topic is about the current situation in the Georgian pharmaceutical market in 2010-2018 years. We discuss the structure of the oligopoly first in general on the example of oligopoly of natural resources and then the shares of pharmaceutical companies, imports, manufacturing, market turnover, profits, exporters and importing countries. We will also discuss changes to the law, quality assurance of medicines, and market-leading companies.

კონკურენცია არის მეტოქეობა ცალკეულ სუბიექტებს (კონკურენტებს) შორის რაიმე ასპარეზზე უპირატესობის მოსაპოვებლად. ეკონომიკის სფეროში იგი წარმოგვიდგება როგორც მეწარმეთა შეჯიბრი საქონლის (მომსახურების) წარმოებისა და გასაღების ხელსაყრელი პირობებისათვის. ვინც გაიმარჯვებს ამ შეჯიბრში, მას გარანტირებული აქვს მტკიცე პოზიციები და მაქსიმალური მოგება.

იმ პირობების თავისებურებათა გათვალისწინებით, რომლებშიც წარმოიშობა კონკურენცია, ეკონომიკურ მეცნიერებაში გამოყოფენ საბაზრო სტრუქტურის (ბაზრის მოდელის) 4 ძირითად ტიპს: სრულყოფილი კონკურენცია, მონოპოლისტური კონკურენცია, ოლიგოპოლია და მონოპოლია.

   განვიხილოთ ოლიგოპოლია საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის მაგალითზე. ოლიგოპოლია ისეთი საბაზრო სტრუქტურაა, სადაც რამდენიმე მსხვილი საწარმო აწარმოებს მთელი პროდუქციის დიდ ნაწილს. კომპიუტერული ტექნიკა, გამაგრილებელი სასმელები, ნავთობპროდუქტები, მედიკამენტები ასეთი დარგების მაგალითია [ 6. www.intermedia.ge]

ბაზარზე შესვლა და  ბარიერები

ოლიგოპოლიაში საწარმოები კონკურენციას სხვადასხვანაირად ეწევიან. ისინი პროდუქციის დიფერენცირებაზე მეტად ზრუნავენ, რათა მომხმარებლებმა იცოდნენ წარმოებულ პროდუქციას შორის განსხვავება. ოლიგოპოლიის დროს საწარმოები ფასის მაძიებელნი არიან, თუმცა, ვინაიდან ბაზარზე რამდენიმე საწარმოა, ფასი დამოკიდებულია თითოეულ მათგანზე. თუ ერთი შეამცირებს ფასს, იმისათვის რომ შეინარჩუნოს მომხმარებელი, მეორე საწარმოც ანალოგიურად იმოქმედებს და ეს გამოიწვევს ორივე მათგანის შემოსავლის შემცირებას, სწორედ ამის გამო ფასთა კონკურენციას ოლიგოპოლიის დროს ნაკლებად აქვს ადგილი. მოგების გაზრდის მიზნით, საწარმოები ერთმანეთთან გარიგებას დებენ ფასის დადგენის თაობაზე, გარიგებას ხშირად მთავრობა კრძალავს. ოლიგოპოლიურ ბაზარზე ახალი ფირმების შეღწევა საგრძნობლად გაძნელებულია მონოპოლიურ მდგომარეობაში მყოფი მსხვილი ფირმების მიერ გავლენის სფეროების განაწილების გამო. ბაზარზე რამდენიმე მსხვილი ფირმის მეტოქეობა განაპირობებს იმის შესაძლებლობასა და აუცილებლობას, რომ ფასისმიერ კონკურენციასთან ერთად გამოყენებული იქნეს არაფასისმიერი კონკურენცია. თითოეული ფირმის ქცევა სულ უფრო მჭიდროდ დამოკიდებული ხდება კონკურენტი ფირმების რეაქციასა და დაცვაზე.

იმისათვის, რომ ბაზარი იყოს ოლიგოპოლიური ფირმათა სასრული რაოდენობით ნაცვლად სრულყოფილად კონკურენტულისა, როდესაც ფირმათა რაოდენობა უსასრულოდ დიდია, საჭიროა არსებობდეს გარკვეული სახის ბარიერები, რაც ბაზარზე შესვლას არამიმზიდველს ან შეუძლებელს გახდის. 

  ბაზარზე შესაძლებელია იყოს n ფირმა, ხოლო  შესვლის ბარიერებს წარმოადგენს:

  • შეზღუდული საწარმოო შესაძლებლობები;
  • ფირმათა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა გადაწყვეტს შევიდეს ბაზარზე წონასწორობის პირობებში, რადგან არსებულზე უფრო მეტი რაოდენობის ფირმას შორის კონკურენცია შეამცირებს მოგებას იმ ზღვარზე დაბლა რაც საჭიროა შესვლის აუნაზღაურებელი დანახარჯების დაფარვისათვის.
  • მთავრობის ჩარევა პატენტის გაცემის ან ლიცენზიის გზით, რამაც შესაძლოა შეზღუდოს ფირმების ბაზარზე შესვლა;
  • პროდუქტების დიფერენციაციამ ბრენდისადმი ერთგულების გამო შესაძლებელია შექმნას ბაზარზე შესვლის ბარიერები
  • კონკურენტების შესვლის ხელშეშლისათვის, წარმოების ან გამოშვების მაღალი დონის შენარჩუნება, მტაცებლურ ფასწარმოქმნაში მონაწილეობა  და სხვა.

 იმისათვის, რომ განვსაზღვროთ ოლიგოპოლიის პირობებში ბაზრის მთლიანი გამოშვება, საბაზრო ფასი და ყველა ფირმის მთლიანი მოგება შეგვიძლია  განვიხილოთ  „ბუნებრივი წყაროების ოლიგოპოლია“.

   ვიხილავთ შემთხვევას, როდესაც ბაზარზე n რაოდენობის ფირმაა, ხოლო მოგება i ფირმისათვის:  

ამრიგად ჩვენ განვსაზღვრეთ ოლიგოპოლიის პირობებში ბაზრის მთლიანი გამოშვება, საბაზრო ფასი და ყველა ფირმის მთლიანი მოგება, მაგრამ  თუ  n=1 მნიშვნელობას ჩავსვავთ  Πდა Q* ტოლობაში მივიღებთ მონოპოლიური ბაზრის ფუნქციონირების შედეგებს, ხოლო n-ის მნიშვნელობის უსასრულოდ ზრდასთან ერთად ვუახლოვდებით სრულყოფილად კონკურენტული ბაზრის ფუნქციონირების შედეგებს.

 შეგვიძლია გრაფიკულად განვიხილოთ მოგება და მომხმარებლის ნამეტი წონასწორობაში მყოფი n ფირმისათვის. სადაც მომხმარებლის ნამეტს წარმოადგენს CS(n)  დაშტრიხული არე (სამკუთხედის ფორმის), ხოლო მთლიანი მოგება ng(n) ყველა ფირმისათვის (მთლიანი აუნაზღაურებელი დანახარჯები) არის მართკუთხედის დაშტრიხული ნაწილი.

ნახაზი.1: მოგება და მომხმარებლის ნამეტი [1. მიკროეკონომიკური თეორია – Walter Nicholson; Christopher Snyder.]

ფარმაცევტული ბაზრის რეგულირება

 ფარმაცევტულ ბაზარს, სახელმწიფო ორი მიმართულებით უწევს ზედამხედველობას:

  1. ბაზარზე კონკურენციის დაცვა
  2. პროდუქციის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ნორმების დაცვა.

აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა ითვალისწინებს მომხმარებლისათვის ეფექტიანი, უსაფრთხო და ხარისხიანი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდებას.

საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის დაშვება ხორციელდება შემდეგი ორი რეჟიმით:

  • პროდუქტის სახელმწიფო აღიარებითი რეჟიმით (მაგ., ევროპის წამლების სააგენტოს ან აშშ-ის და ევროპის განვითარებული ქვეყნების ეროვნული სააგენტოების მიერ დარეგისტრირებული წამლების აღიარება);

   ამ მიმართულებით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია კარგი საწარმოო პრაქტიკის – GMP-ის სტანდარტის შემოღება და მისი სავალდებულოდ დანერგვა. კარგი საწარმოო პრაქტიკის მიზანია უზრუნველყოს, რომ პროდუქცია, როგორიცაა ფარმაცევტული, სამედიცინო მოწყობილობები, რომელიც პირდაპირ ეხება ადამიანთა ჯანმრთელობას, მზადდებოდეს საიმედო გარემოში და პირობებში.

  აღნიშნული სტანდარტების ნუსხა შემდეგია:

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული GMP-ის სტანდარტი (WHO GMP);
ევროკომისიის მიერ აღიარებული GMP-ის სტანდარტი (European Commission – EC GMP)
ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ აღიარებული GMP-ის სტანდარტი (Food and Drug Administration – FDA Current GMP)
ფარმაცევტულ ინსპექციათა თანამშრომლობის მიერ აღიარებული GMP-ის სტანდარტი (Pharmaceutical Inspection Co-operation Scheme – PIC/S GMP).

  დადგენილების თანახმად, 2019 წლის 1 ივლისიდან, ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების ნებართვა ან დამატებითი საქმიანობისთვის ნებართვა გაიცემა მხოლოდ საწარმოს საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტისადმი შესაბამისობის დადგენისა და შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში. ამასთან, ფარმაცევტული წარმოების ნებართვის მფლობელებმა, საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტით წარმოება უნდა უზრუნველყონ 2022 წლის 1 იანვრიდან (2019 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდი შეადგენს გარდამავალ პერიოდს).

 კონკურენციისა და ხარისხობრივი ნორმების დაცვა

 „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2014 წლის 14 აპრილს შეიქმნა გაზრდილი უფლებამოსილების მქონე სსიპ „კონკურენციის სააგენტო’’, რომელმაც 2012 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ჩაანაცვლა. აღნიშნული ცვლილებების შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

  საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი 2018 წელს დაიწყო და არსებობს ორწლიანი გეგმა აღნიშნული მონიტორინგის შედეგების დასრულებისთვის.

 მისი თქმით, კონსულტაციები გაიმართება როგორც კომპანიებთან, ისე ევროპელ ექსპერტებთან, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრულფასოვანი სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე.

  სავარაუდოდ 2021 წლისთვის გვექნება კვლევის შედეგები.
[ 4. https://1tv.ge/news/irakli-leqvinadze-ackhadebs-rom-farmacevtuli-bazris-kvleva-mimdinare-wels-dasruldeba/ ]
2. www.transparency.ge ]

საქართველოში არსებული სიტუაციის ანალიზი

როგორც ცნობილია, დღეს საქართველოში ფარმაცევტული წარმოების ნებართვა გააჩნია 69 დაწესებულებას. კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია განთავსებულია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე მედიკამენტების ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

საქართველოს ბაზარზე დაშვებულია დაახლოებით 14 000 ფარმაცევტული პროდუქტი. საქართველოს მასშტაბით, ფარმაცევტული პროდუქტით რეალიზაციაში სულ 1,813 საწარმო ფუნქციონირებს, მათ შორის საბითუმო ვაჭრობის სფეროში 531 საწარმოა, ხოლო საცალო ვაჭრობაში – 1,282 საწარმო.

  საქართველოში ფარმაცევტული პრეპარატების და მასალების წარმოება ზრდის დადებითი დინამიკით ხასიათდება. პროდუქციის გამოშვებამ 2018 წელს 208,8 მლნ. ლარი შეადგინა და ბოლო ათწლეულის განმავლობაში გამოშვების საშუალო ზრდა 13.3%-ს გაუტოლდა.

დიაგრამა.1: ფარმაცევტული პრეპარატების და მასალების წარმოება და გამოშვება (მლნ. ლარი)

2018 წელს ფარმაცევტულ სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება 97,9 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო ამავე პერიოდში, სექტორში რეალურმა მწარმოებლურობამ 32,5 ათას ლარს მიაღწია, რაც მრეწველობის საშუალო მწარმოებლურობას 3.0 ათასი ლარით აღემატება.

დიაგრამა.2: ფარმაცევტული სექტორის რეალური მწარმოებლურობა (ლარი)

იმპორტისა და ექსპორტის მაჩვენებლები

 2012-2019 წლებში მედიკამენტების როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტი ზრდის დადებითი დინამიკით ხასიათდება.

დიაგრამა.3: წმინდა ექსპორტი ქვეყნების მიხედვით, 2019 წ. (ათასი აშშ. დოლარი)

წმინდა ექსპორტის ყველაზე დიდი წილი – 16,1% უზბეკეთზე მოდის და ნომინალში 2,5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორისაა, ასევე, აზერბაიჯანი (2,4 მლნ აშშ დოლარი, 15.9% წილი), ტაჯიკეთი (1,8 მლნ აშშ დოლარი, 11.5% წილი), სომხეთი (1,2 მლნ. აშშ დოლარი, 8.1% პუნქტი), ყაზახეთი (1,0 მლნ. აშშ დოლარი, 6.6% პუნქტი) და ა.შ. აღსანიშნავია, რომ დსთ-ს ქვეყნების გარდა, საექსპორტო ქვეყნებს შორისაა ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, გერმანია, ჰონ-კონგი, თურქეთი, ჩინეთი, ყატარი და სხვ. საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენს შემდეგი ჯგუფის პროდუქცია, როგორიცაა, პროვიტამინები და ვიტამინები, ანტიბიოტიკები, როგორც დაუფასოებელი ასევე, დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, ბამბა, მარლა, ბინტები და ანალოგიური ნაწარმი და სხვა დანარჩენი ფარმაცევტული პროდუქცია.

საქართველოში ფარმაცევტული პროდუქციის მოხმარებაში იმპორტირებული პროდუქციის წილი კი კვლავ მაღალია. 2019 წელს მედიკამენტების იმპორტმა 382.5 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი იმპორტის 4.2%-ს აღწევს და 2,2-ჯერ აღემატება მედიკამენტების ექსპორტის მოცულობას. 2012-2019 წლების პერიოდში იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის მთლიანი ღირებულება ჯამურად 2.7 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

დიაგრამა.4: მედიკამენტების ექსპორტ-იმპორტი წლების მიხედვით (ათასი აშშ დოლარი)

  საქართველოში ფარმაცევტული პროდუქციის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანაა თურქეთი. 2019 წელს თურქეთიდან იმპორტის მოცულობამ 85,2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის 22.3%-ს შეადგენს. ასევე, უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებს შორისაა გერმანია (9.5%), უნგრეთი (8.4%), საფრანგეთი (7.1%), უკრაინა (5.0%), შვეიცარია (4.4%) და სხვა.

დიაგრამა.5:  მედიკამენტების იმპორტი მწარმოებელი ქვეყნების მიხედვით, 2019 წელი (ათასი აშშ დოლარი)

[ 3. www.economy.ge]

 ბაზრის ძირითადი მოთამაშეები

 Forbes Georgia-ს რეიტინგის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია „Grant Thornton“-თან პარტნიორობით მომზადდა, საქართველოს  უმსხვილესი კომპანიების ასეულში მოხვდნენ  შემდეგი ფარმაცევტული კომპანიები:

  • შპს „პსპ ფარმა ჯგუფი“ – აერთიანებს 202 აფთიაქს, ფარმაცევტულ საწარმო GMP-ისა და მრავალპროფილიან კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალს“.
  • შპს „ავერსი-ფარმა“ – აერთიანებს 241 აფთიაქს, სააფთიაქო ქსელთან ერთად, ფლობს კლინიკების ქსელსაც. ასაქმებს 3 175 ადამიანს.
  • „ჯიპისი“ – აერთიანებს თბილისში 159 და რეგიონებში მდებარე 96 აფთიაქს. ასაქმებს 1500 ადამიანზე მეტს.
  • “გლობალფარმ ჯგუფი”

დიაგრამა.6:  უმსხვილესი კომპანიები ფარმაცევტულ ბაზარზე

[5. https://forbes.ge/news/6055/reitingi-saqarTvelos-100-umsxvilesi-kompania]

დასკვნა

  სახელმწიფო პოლიტიკის მიზანია, მომხმარებლისათვის ეფექტიანი, უსაფრთხო და ხარისხიანი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდება და ამასთან, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტიორი კომპანიებისთვის.

   უმნიშვნელოვანესია რეგულირების გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე. როგორც წესი, მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობა მცირე და საშუალო ბიზნესს განსაკუთრებით დიდ ფინანსურ ტვირთად აწვება, რაც მათი ბაზრიდან გასვლის მთავარ მიზეზს წარმოადგენს. ბაზრიდან მცირე და საშუალო საწარმოების გასვლა კი კიდევ უფრო მეტად გაზრდის ფარმაცევტულ ბაზარზე ჯერ კიდევ სუსტი ოლიგოპოლიების გაძლიერებას.

  ამრიგად  მონაცემებზე დაყრდნობით, დღეს არც ერთ კომპანიას/კომპანიებს ერთობლივად განსაკუთრებული დომინანტური პოზიცია არ უკავიათ, რის გამოც ფარმაცევტული ბაზარი შეიძლება დახასიათდეს როგორც სუსტი ოლიგოპოლია, რადგან ბაზრის მხოლოდ 70%-ია ოთხი კომპანიის ხელში.

 ნაშრომში გამოიკვეთა კონკურენციის სააგენტოს როლი, რომ მან  ყურადღება უნდა მიაქციოს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის უზრუნველყოფას, ხოლო რაც შეეხება  ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგს შემოღებული და დანერგილია GMP/GDP სტანდარტები. ფარმაცევტული ნაციონალური ინსპექტორატის შექმნა არის ქვეყანაში GMP/GDP სტანდარტის დანერგვის მთავარი წინაპირობა. ინსპექტორატის სამსახურის მთავარი მიზანია, განახორციელოს მონიტორინგი და შეაფასოს წარმოების და დისტრიბუციის პროცესის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. ამისთვის მნიშვნელოვანია კვალიფიციური ინსპექტორების არსებობა, ასევე, უზრუნველყოფილ უნდა იქნას მათი უწყვეტი პროფესიული განვითარება შესაბამისი სასწავლო მოდულების შესაბამისად.

  ფარმაცევტული სექტორის რეაულური მწარმოებლურობა 2010-2018 წლების განმავლობაში ზრდადობით ხასიათდება, 2019 წელი კი ლიდერობს ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლით.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. მიკროეკონომიკური თეორია – Walter Nicholson; Christopher Snyder.
  2. https://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/parmacevtuli_bazari_sakartveloshi.pdf?fbclid=IwAR15W-5Y84F6mxMcrEDuiWGo1XV9v9oEHL6zJIV2kt8mQ6YwLaPA15W1om8
  3. http://www.economy.ge/uploads/files/2017/reformebi/ria_gmp.pdf?fbclid=IwAR3gvJ36zqT9vsrFlzZsYlVPGikhIo8PYXLiW4N87sS6i_qtGhCGGKhAoIc
  4. https://1tv.ge/news/irakli-leqvinadze-ackhadebs-rom-farmacevtuli-bazris-kvleva-mimdinare-wels-dasruldeba/
  5. https://forbes.ge/news/6055/reitingi-saqarTvelos-100-umsxvilesi-kompania
  6. http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/52929-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/27/