ინოვაცია, როგორც კაცობრიობის განვითარების მექანიზმი
ავტორის სტილი დაცულია
ანი შანიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
ani.shanidze105@eab.tsu.edu.ge
ნაშრომის პირველ ნაწილში ვისაუბრებ ინოვაციების არსზე და მათ მნიშვნელობაზე, განვიხილავ ძირითად კონცეფციებს და განსაზღვრებებს, რომელიც ამ საკითხს ეხება. შემდგომ, ვისაუბრებ ინოვაციების როლზე უშუალოდ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს კაცობრიობის განვითარების მამოძრავებელ ძალას. ვისაუბრებ უახლოეს მიღწევებსა და პროექტებზე, შევეხები მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებს ინოვაციების კუთხით. ნაშრომის მეორე ნაწილში განვიხილავ კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ინოვაციურ გზას და ამ გზაზე წარმოშობილ გამოწვევებს. ვისაუბრებ მსოფლიოში უახლოეს მოვლენაზე, კორონავირუსის პანდემიაზე. ბოლოს, შევაჯამებ ჩემ ნაშრომს და გამოვიტან ძირითად დასკვნებს.
Annotation
In the first part of the paper I will talk about the essence of innovations and their importance, I will discuss the main concepts and definitions that address this issue. Next, I will talk about the role of innovation directly in the economic development of the country, which, in turn, is the driving force of human development. I will talk about the latest achievements and projects, touch on the current changes in the world in terms of innovation. In the second part of the paper I will discuss specifically the innovative way of our country, Georgia and the challenges arising on this way. I will talk about the latest event in the world, the coronavirus pandemic. Finally, I will summarize my paper and draw the main conclusions.
ინოვაციების არსი და მნიშვნელობა
სიტყვა „ინოვაცია“ წარმოადგენს სიახლის შემოღების ან სიახლის სინონიმს და შეიძლება იხმარებოდეს მის ნაცვლად. ინოვაციის ქვეშ იგულისხმება ეკონომიკურ სისტემებში სიახლეების შექმნისა და ათვისების პროცესი, ასევე, ამ პროცესის შედეგი. აუცილებელია ხაზი გაესვას ინოვაციას, როგორც პროცესს, რომელიც განისაზღვრება, როგორც ინოვაციური პროცესი.
ინოვაციებს შეისწავლის მეცნიერება ინოვატიკა, რომლის საგანს წარმოადგენს ინოვაციების წყაროები, მათი გენერირების მეთოდები, პრინციპები და სხვა. ინოვაციებს განიხილავენ, როგორც ახალ ტექნოლოგიებს და ახალ პროდუქტებს, რომელიც სამეცნიერო – ტექნიკური პროგრესით მიიღწევა.
ინოვაციის სპეციფიკური შინაარსი ცვლილებებია, ხოლო საინოვაციო მოღვაწეობის მთავარი ფუნქცია ამ ცვლილებების განხორციელებაა. [3]
შუმპეტერმა ჩამოაყალიბა ცვლილებების ხუთი ტიპი:
- ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიის გამოყენება
- ახალი თვისებების მქონე პროდუქციის ათვისება
- ახალი ნედლეულის გამოყენება
- ახალი პრინციპები წარმოების ორგანიზაციაში
- ახალი ბაზრის წარმოქმნა
მანვე ჩამოაყალიბა ინოვაციის ცნება, როგორც ცვლილება დაკავშირებული ახალი სამომხმარებლო საქონლის სახეობის, ახალი საწარმოებისა და სატრანსპორტო საშუალებების, საწარმოთა ახალი ორგანიზაციის ფორმირების, ახალი ბაზრის ათვისების მიზნით. [1]
ინოვაციები შეგვიძლია დავყოთ ტექნოლოგიურებად და ინსტიტუციონალურებად. ინსტიტუციონალური ინოვაციები თავის მხრივ არის: ახალი ინსტიტუციები, ეკონომიკაში ოპერაციების წარმოების, ბაზრების ორგანიზაციისა და ინსტიტუციების ურთიერთქმედების ახალი პროცედურები და კულტურის ახალი „მატრიცები“. ეს უკანასკნელი გულისხმობს მოცემული მომენტისთვის საზოგადოების სამეურნეო ცხოვრების ორგანიზაციაში არსებული ტრადიციები, მომუშავეთა მოტივაციის ხერხები და სხვა.
დარგების მიხედვით ინსტიტუციონალური ინოვაციები იყოფა 5 ტიპად. ესენია: 1) ორგანიზაციული, 2) მმართველობითი, 3) სამართლებრივი, 4) სოციალური, 5) ეკოლოგიური.
ტექნოლოგიური ინოვაციები იყოფა 2 ჯგუფად: პროდუქტულად და პროცესულად.
პროდუქტიული ტექნოლოგიური ინოვაციები დაიყვანება საქონლისა და მომსახურების ახალ სახეებამდე, რომლებიც იქმნება და აითვისება საწარმოების მიერ წარმოებასა და გასაღებაში.
პროცესიული ტექნოლოგიური ინოვაციები მოიცავენ ახალ ტექნოლოგიურ პროცესებს, ანუ ეს არის საწარმოო საშუალებების კომბინაციის ახალი ხერხები ეკონომიკური რესურსების და შრომის მწარმოებლურობის ამაღლების მიზნით. ახალი ტექნოლოგიური პროცესი ხშირად საჭიროებს ახალი მოწყობილობებისა და ახალი მასალების გამოყენებას.
შეიძლება ითქვას, რომ პროდუქტული და პროცესული ინოვაიცების რეალიზაცია ერთად ხდება, რადგანაც ახალი პროდუქტის დასამზადებლად ხშირად საჭიროა ახალი ტექნოლოგიური პროცესის დანერგვა.
ტექნოლოგიური ინოვაციების კლასიფიცირება შეგვიძლია:
- ეკონომიკური სიახლის ხარისხით
- მეცნიერულ-ტექნოლოგიური სიახლის ხარისხით
- სასიცოცხლო ციკლის სტადიით
- კომპლექსურობით
საკუთრივ ეკონომიკური სიახლის ხარისხის მიხედვით ინოვაციები იყოდა:
- მთელი ბაზრისთვის
- რეგიონური ბაზრისთვის
- ცალკეული საწარმოებისთვის
სიახლის გამოყენების დროს საწარმო იყენებს შემტევ ინოვაციურ სტრატეგიას, რითაც ცდილობს გახდეს მონოპოლისტი ამ პროდუქტის ბაზარზე და მიიღოს დამატებითი მოგება. იმის მიუხედავად, რომ ეს მონოპოლიური მდგომარეობა დროებითი იქნება, საწარმო მაინც იღებს მოგებას.
კონკურენტ საწარმოებს სიახლის წარმოების უფლება გამოგონებასა და ნოუ-ჰაუზე შეუძლიათ მიიღონ ლიცენზიის ყიდვის გზით. შესაძლებელია, ასევე, სახელმწიფომ აიძულოს კომპანია მონოპოლისტს გაყიდოს ლიცენზიები. ხშირია, აგრეთვე ახალი პროდუქტის წარმოების ტექნოლოგიების არალეგალური გამოყენება. პოპულარულია ასევე, საწარმოები – იმიტატორები. მათთვის დამახასიათებელია, რომ საწარმო არ აწარმოებს რადიკალურად ახალ პროდუქტს, ელოდება ბაზრის რეაგირების შედეგებს ამ ახალ პროდუქტზე, რომელსაც აწარმოებს სხვა ფირმა აქტიური ინოვაციური პოლიტიკით. თუკი ეს შედეგი დადებითია, მაშინ ეს საწარმო იმიტირებს სხვა ფირმის სიახლის გამოშვებას, რომელიმე მეთოდით და ეს მისთვის გაცილებით ნაკლები უჯდება. [3]
მეცნიერულ-ტექნოლოგიური სიახლე ხასიათდება კვლევების მოცულობით, რომლებიც სპეციალურად ტარდება ინოვაციის შესაქმნელად. სიახლეების ხარისხის მიხედვით გამოყოფენ მაღალი, საშუალო და დაბალი სიახლის ხარისხის ინოვაციებს. ფორმალურ ნიშნად შეიძლება გამოდგეს ის, თუ რამდენი დაპატენტებული გამოგონება შეადგენს ასათვისებელი ტექნოლოგიის საფუძველს.
ხანდახან ხდება ისეც, რომ ყველაზე მოწინავე გამოგონებები არ პატენტდება გამიზნულად, რათა გამოირიცხოს გარდაუვალი ინფორმაციის გახსნა სიახლეზე. ხშირად სიახლის დაპატენტება ვერ ხერხდება, თუ არსებულ პატენტებში გამოგონების ფორმულა იმდენად ფარულია, რომ ვერ ხერხდება გამოგონების ფორმულის ფორმულირება ისე, რომ გვერდი აუარონ კონკრეტულ პატენტს.
მეცნიერულ – ტექნოლოგიური სიახლის თვალსაზრისით გამოიყოფა: საბაზისო, გასაუმჯობესებელი და ფსევდო-ინოვაციები.
საბაზისო ეწოდება ისეთ ინოვაციებს, რომლებიც ტექნოლოგიური წყობის ძირეული ცვლილებების საფუძველში დევს და ასტიმულირებენ ტექნოლოგიური ცვლილებების აღმოცენებას წარმოების მრავალ სფეროში.
გასაუმჯობესებელი ინოვაციები ეფუძნება საბაზისო ინოვაციებს და დაკავშირებულია მათი საბაზისო პრინციპების გამოყენებასთან კონკრეტულ დარგში, წარმოების სფეროში.
ფსევდოინოვაციები ეწოდება ისეთ ინოვაციებს, რომლებშიც გამოიყენება დიდი ხნის მანძილზე გამოყენებული პრინციპები, რომლებიც საღდება როგორც ახალი.
სასიცოცხლო ციკლის სტადიის მიხედვით, რომელშიც იმყოფება ინოვაცია, პროდუქტული ტექნოლოგიური ინოვაციებს შორის შეიძლება გამოიყოს ახალი პროდუქტები, რომლებიც იმყოფება ერთ-ერთ ეტაპზე (შემუშავების, საცდელი ათვისების, სამრეწველო ათვისების, გასაღების გაფართოების, მოდერნიზაციის). ზოგჯერ გამოყოფენ იდეის ჩასახვის სტადიასაც.
ინოვაციებისთვის იდეების წყაროდ შეიძლება გამოდგეს ფუნდამენტალური და გამოყენებითი კვლევები. ფუნდამენტალური ეწოდება კვლევას, რომელიც მიმდინარეობს ბუნების და ადამიანთა საზოგადოების არსებობისა და განვითარების ძირითადი კანონზომიერების შემეცნების მიზნით. გამოყენებითი კვლევები ტარდება ფუნდამენტური კვლევების შედეგების პრაქტიკული მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობის გარკვევის მიზნით.
ფუნდამენტალური და გამოყენებითი კვლევების საშუალებით ხდება ყველაზე რადიკალური სიახლეების რეალიზება, რომლებიც ამ იდეების ბაზაზე ფართო ჰორიზონტებს შლის მომავალი ინოვაციების მთელი სპექტრისთვის.
სახელმწიფოს ინოვაციური პოლიტიკის კონცეფციის მიხედვით, ინოვაცია არის ინოვაციური მოღვაწეობის საბოლოო შედეგი, რომელიც რეალიზებული იქნება ბაზარზე, როგორც ახალი ან გაუმჯობესებული პროდუქტი, განახლებული და გაუმჯობესებული ტექნოლოგიური პროცესისა, რომელიც გამოყენებული იყო პრაქტიკაზე. ხაზგასასმელია, რომ ინოვაცია განხორციელებულად ითვლება, თუ ბაზარზე ან საწარმოო პროცესში არის დანერგილი.
ინოვაციები მჭიდროდაა დაკავშირებული მეცნიერულ – ტექნიკურ პროგრესთან, რადგანაც წარმოადგენენ მის შედეგს.
ინოვაციური პროცესი არის მეცნიერული ცოდნის ინოვაციებად გარდაქმნის პროცესი. ინოვაციური პროცესი არ სრულდება დანერგვით ბაზარზე და არ წყდება დანერგვის შემდეგაც. მისი მიმართულება, ტემპი და მიზანი დამოკიდებულია იმ სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე, რომელშიც ის ფუნქციონირებს და ვითარდება. მისი საფუძველი არის ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიის შექმნა და ათვისება.
ინოვაციური საქმიანობა არის საქმიანობა, რომელიც მიმართულია მეცნიერული კვლევის შედეგების გამოყენებასა და კომერციალიზაციაზე, რათა განახლდეს და გაფართოვდეს ნომენკლატურა, გაუმჯობესდეს გამოშვებული პროდუქციის ხარისხი, მოხდეს მათი დამზადების ტექნოლოგიის სრულყოფა შემდგომი დანერგვითა და ეფექტური რეალიზაციით, როგორც საშინაო, ისე საგარეო ბაზარზე. [3]
ინოვაციურ საქმიანობას საფუძვლად უდევს მეცნიერულ-ტექნიკური საქმიანობა, რომელცი მჭირდროდაა დაკავშირებული მეცნიერებისა და ტექნიკის ყველა სფეროში არსებული მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნის შექმნასთან. მეცნიერული პრობლემა არის მეცნიერულ-ტექნიკური მიმართულებების ნაწილი და წარმოადგენს მისი გადაწყვეტის ერთ-ერთ გზას. მეცნიერული თემა – არის პრობლემის ნაწილი, რომელიც წყება მეცნიერული ორგანიზაციის ფარგლებში. თემის მიზანი არის კონკრეტული ამოცანის ეფექტური გადაწყვეტაა. ის შეიძლება დაიყოს ეტაპებად და ქვეეტაპებად.
ინოვაციების როლი ეკონომიკურ განვითარებაში
ეკონომიკური განვითარება ეკონომიკის მასშტაბების თვისებრივად ახალ, უფრო სრულყოფილ მდგომარეობაში გადასვლას ნიშნავს. გასაკვირი არაა, რომ სწორედ ტექნოლოგიური და ინოვაციური პროგრესი გვაძლევს ბიძგს ამ პროცესის სწორად წარმართვისთვის.
დღევანდელ საბაზრო ეკონომიკაში სულ უფრო და უფრო რთულდება ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება საწარმოებისთვის, ქვეყნებისთვის, რადგან გლობალიზაციის მზარდმა გავლენამ სრულიად შეცვალა მსოფლიო ეკონომიკის სურათი და შესაბამისად, საზოგადოებისთვის ღირებულს არ წარმოადგენს ის საქონელი და მომსახურება, რომელიც თუნდაც რამდენიმე წლის წინ სიახლეს წარმოადგენდა. თუ ფირმებს და ქვეყნებს სურთ ბაზარზე თავისი ადგილის დამკვიდრება, მათ ფეხი უნდა აუწყონ ინოვაციურ განვითარებას.
ინოვაციას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ქვეყნების ეკონომიკურ კეთილდღეობაშიც. ის ხელს უწყობს მაღალ კონკურენტუნარიანობას, რაც ეხმარება ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებას. სტატისტიკურად, იქ სადაც განვითარებულია ინოვაცია, მაღალია საზოგადოების ცხოვრების დონეც. ეს უკანასკნელი კი, ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ფაქტორია.
განვითარება, თავის მხრივ, მრავალგანზომილებიანი პროცესია, რომელიც მოიცავს, როგორც ეკონომიკის, ასევე სოციალური სისტემის რეორგანიზაციას. იგი ახდენს ინსტიტუციონალური, სოციალური და ადმინისტრაციული სტრუქტურების რადიკალურ ცვლილებას, რაც საზოგადოებრივი აზროვნების ცვლილებებს იწვევს.
განვითარებისთვის დამახასიათებელია სპეციფიკური თვისებები:
- განვითარების პროცესში წარმოიქმნება ახალი, რომელიც ადრე არ არსებობდა
- პროცესი არის შეუქცევადი
- ყოველ კონკრეტულ განვითარების პროცესს გააჩნია საკუთარი წყარო და ფორმა
- მას აქვს მიმართუელბა წარსულიდან, აწმყოსა და მომავლისკენ
პროფესორი საიმონ კუზნეცი ეკონომიკური ზრდის სამ მთავარ მახასიათებელს გამოყოფდა:
- ეროვნული პროდუქტის მუდმივ ზრდას, ანუ მეურნეობის შესაძლებლობას მოსახლოების სულ უფრო ფართო ფენების მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის
- ტექნიკურ პროგრესს, როგორც ეკონომიკური ზრდის საფუძველს
- ახალი ტექნოლოგიების პოტენციალის გამოყენებისთვის აუცილებელი ინსტიტუციონალური, ქცევითი და იდეოლოგიური ცვილელებების განხორციელება.
მან ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის ზრდის ისეთი მახასიათებლების მნიშვნელობაზე როგორიცაა: მოსახლეობის სულადობრივი შემოსავლების, შრომის ნაყოფიერებისა და საწარმოო ფაქტორების ზრდის ტემპები, ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნის სოციალური და იდეოლოგიური ტრანსფორმაციის რეალიზაციის მდგომარეობა. ეკონომიკური ზრდის აღნიშნული ფაქტორები მჭიდრო ურთიერთკავშირს ამყარებენ ერთმანეთთან. სულადობრივი შემოსავლების ზრდა წარმოადგენს შრომის ნაყოფიერების სწრაფი ზრდის შედეგს, რაც, თავის მხრივ, იწვევს მოსახლეობის მოთხოვნილებების სტრუქტურის ცვლილებებს, ანუ მეურნეობის სტრუქტურულ გარდაქმნას. სტრუქტურული გარდაქმნები მოითხოვს ახალ ტექნოლოგიებს, რაც იწვევს საწარმოო ძალების განლაგებისა და მასშტაბის შეცვლას. ამასთანავე იცვლება სხვა ფაქტორებიც, კერძოდ: პიროვნების დამოუკიდებლობა, ურბანიზაციის პროცესი და სხვა. [3]
ყველა აღნიშნული ფაქტორის დამაკავშირებელ ჯაჭვს წარმოადგენს ტექნოლოგიურ სიახლეთა მასობრივი გამოყენება და მისი მეშვეობით საზოგადოებრივი პროდუქტის ზრდა, რომლის ნაწილი გამოიყენება სამეცნიერო-ტექნიკურ დამუშავებებზე, რაც შესაბამისად, უფრო მეტად აჩქარებს ეკონომიკურ ზრდას. აქედან გამომდინარე, მდიდარ ქვეყნებს საშუალება აქვთ დააფინანსონ ფუნდამენტალური კვლევები, ხოლო ღარიბ ქვეყნებს ეს შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ. მდიდარ ქვეყნებს შესწევთ უნარი იქონიონ ტექნიკური და ეკონომიკური პროგრესის მხარდაჭერის მექანიზმი. ეს გარემოება განაპირობებს განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის შემოსავლების ჩამორჩენის გაღრმავებას.
განვითარებადი ქვეყნების მთავრობებმა, პირველ რიგში ყურადღებას აქტუალური პრობლემების გადაჭრაზე ამახვილებენ. ესენია: განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა, არსებული რესურსების სწორი შეფასება, საკუთრების უფლებების მკაფიო განსაზღვრა, პრიორიტეტებიდან გამომდინარე ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობა და მოსახლეობის დასაქმების ზრდა. განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს ტექნოლოგიურ ინოვაციებს. სამწუხაროდ, ამ ქვეყნებში სამრეწველო კომპანიები ჯერ არ არიან სათანადოდ ძლიერები, ამიტომ სახელმწიფომ უნდა მოიზიდოს ძლიერი კომპანიები და შესაბამისი მხარდაჭერა აღმოუჩინოს. განვითარებად ქვეყნებში სახელმწიფოს მნიშვნელოვან ფუნქციად უნდა იქცეს, ასევე, ხელსაყრელი გარემოს შექმნა სამეწარმეო სექტორის ტექნოლოგიურ ინოვაციათა მოღვაწეობისთვის.
ამისთვის გამოიყენება ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შემდეგი ღონისძიებები: კერძო სექტორში სამეცნიერო დამუშავებზე დანახარჯების გათვალისწინება პროდუქციის თვითღირებულებაში, სამეცნიერო დანიშნულების დანადგარ მოწყობილობების ჩამოწერა დაჩქარებული ამორტიზაციის ნორმებით. ასევე, მსხვილ კომპანიებში, მცირე და საშუალო ბიზნესში საინოვაციო საქმიანობით დაინტერესებულთათვის საგადასახადო შეღავათების მიზნობრივი დაწესება სამეცნიერო კვლევების მოცულობის გაზრდისთვის. მნიშვნელოვანია აგრეთვე, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ დამუშავებათა დაკრედიტება, მსხვილი პროექტების დაფინანსება და ამავდროულად, რეგიონებში სახელმწიფო ქონების ან უსასყიდლო ან შეღავათიანი პირობებით გადაცემა საინოვაციო საწარმოების და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. [3]
მინდა ხაზი გავუსვა ტექნოლოგიურ პროგრესს, რომელიც, როგორც აღვნიშნე, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქვეყნის ინოვაციურ განვითარებაში. ზოგადად, ტექნოლოგია არის ის წესი და საშუალება, რომლითაც ხდება საწყისი (ნედლი, ამოსავალი) მასალის დამუშავება და შემდგომ საჭირო საქონლად ან მომსახურებად გარდაქმნა. მას ასევე განმარტავენ, როგორც მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების, კვალიფიციური შრომის, ჩვევების, იდეებისა და შესაბამისი ტექნიკური ცოდნის შერწყმას. ამ ყველაფერს მივყავართ ტექნოლოგიურ ცოდნამდე.
ტექნოლოგიური ცოდნა არის საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად საუკეთესო (ეფექტური, ოპტიმალური) ტექნოლოგიების შერჩევა. მისი ფუნქციაა იმის ჩვენება თუ როგორ ერკვევიან ადამიანები ტექნოლოგიურ მიღწევებსა და პროგრესში. პროგრესში მოიაზრება ისტორიული განვითარება, რომლის ცოდნა აუცილებელია ტექნოლოგიების არსის სიღრმისეულ გააზრებაში. [1]
ტექნოლოგიურმა პროგრესმა საშუალება მოგვცა ვისარგებლოთ ცხოვრების მაღალი სტანდარტით. ავტომობილები, მაცივრები და ელექტროგანათებები, რომლებიც წინა საუკუნეში ფუფუნების საგნებად ითვლებოდა და ერთეულებს ჰქონდათ, დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
ტექნოლოგიური პროგრესი ვალუტამაც კი განიცადა. ამისი ნათელი მაგალითია ბიტკოინი (მსოფლიო მასშტაბის კრიპტოვალუტა და ელექტრონული გადახდის საშუალებაა). იგი გამოგენებულ იქნა იაპონელი სატოში ნაკამატოს მიერ 2008 წელს და 2015 წლისთვის ის უკვე 100 000-ზე მეტ სავაჭრო დაწესებულებას გადახდის საშუალებად ქონდა მიღებული. კემბრიჯის მიერ ჩატარებულ კვლევაში ბიტკოინის მომხმარებელთა რაოდენობა 2013 წელს 300 000-დან 1,3 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო 2013-2017 წლებში აქტიურ მომხმრებელთა რაოდენობა 2,9 მილიონიდან 5,8 მილიონამდე. ნახაზ 1-ზე ვხედავთ ბიტკოინის ფასის ცვლილებას 01.10.2013-დან 07.05.2021-მდე
ნახაზი 1: ბიტკოინის ფასი (01.10.2013-07.05.2021)
წყარო: https://www.coindesk.com/price/bitcoin
ვხედავთ, რომ 2014-2017 წლები არ ხასიათდებოდა დიდი მერყეობით და შეიძლება ითქვას ბიტკოინს არავინ „აფასებდა“. 2017 წლის მიწურულს მისი ფასი დაახლოებით 9-ჯერ გაიზარდა, რასაც შემდეგ 2018-2019 წლების პერიოდში კვლავ ფასების დაცემა მოჰყვა. კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა 2020 წლის შუა პერიოდიდან გაიზარდა რის შემდეგ მისმა ფასმა 5 000-დან 63 000 დოლარამდე გაიზარდა. [6]
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ინოვაციების კავშირი ქვეყნების კვლევებისა და განვითარების დანახარჯებთან. ინოვაციების შექმნა დამოკიდებულია ახალ ტექნოლოგიებზე. ახალი ტექნოლოგიების შექმნა მოითხოვს ინვესტიციებს. კაპიტალის შექმნის ანალოგიურად, აქაც ვინმემ უნდა გამოყოს რესურსები, რომლებიც მოხმარდება შექმნას სრულყოფას და მწარომებლური იდეის პრაქტიკულ განხორციელებას. ტექნოლოგიებში ამ ინვესტიციების ბრუნვა მნიშვნელოვნად განსხვავდება ადგილებისა და დროის მიხედვით. თანამედროვე ეკონომიკა უზარმაზარ რესურსებს მიმართავს კვლევებსა და განვითარებაში (R&D), სისტემატურად მიმართავს ძალისხმევას ახალი პროდუქტების ან პროცესის შესაქმნელად. [2]
ცხრილი 1: R&D-ის მიხედვით ტოპ 5-ეული ქვეყანა (2019-2020 წლები)
ქვეყანა | მილიონი აშშ დოლარი |
აშშ | 612 714 |
ჩინეთი | 514 798 |
ევროკავშირი | 390 520 |
იაპონია | 172 614 |
გერმანია | 131 932 |
წყარო: https://data.oecd.org/rd/gross-domestic-spending-on-r-d.htm
ვხედავთ, რომ მოწინავე პოზიციები განვითარებულ ქვეყნებს უჭირავს, რაც ლოგიკური და მოსალოდნელი შედეგია, ვინაიდან მათ სჭირდებათ მეტი ინოვაცია, მეტი სიახლე იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ გაიჭრან მსოფლიო ბაზარზე.
ამრიგად, ინოვაციები წარმოადგენენ ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმძლავრეს მექანიზმს. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ინოვაციის დანერგვა რიგ სიძნელეებს უკავშირდება, რომელთაც, როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური ხასიათი გააჩნია.
ინოვაციები საქართველოში: გზა და გამოწვევები
პოსტკომუნისტური ქვეყნებისთვის, ბალცეროვიჩის გეგმის თანახმად, განისაზღვრა ტრანსფორმაციის 2 გზა: „შოკური თერაპია“ და „გრადუალიზმი“.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო არაერთი პრობლემის წინაშე დადგა. ტრანსფორმაციის პროცესმა, რომელიც სოციალისტური ბაზრის წყობიდან კაპიტალისტურზე გადასვლას გულისხმობდა, დაგვანახა, რომ ქვეყანაში ბევრი რამ „მისახედია“.
საქართველოს ეკონომიკამ ფაქტიურად დაამტკიცა ეკონომიკური თეორიის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, მონოპოლიის პირობებში მოთხოვნა-მიწოდება მერყეობს. სახელმწიფოს კონტროლი ფასებზე გარდაუვლად იწვევს ფასების ზრდას და ამავდროულად საწარმოების მოცულობის შემცირებას.
1991-1998 წლებში თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში, საქართველო აღმოჩნდა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში. მთლიანი სამამულო პროდუქტის მოცულობა მკვეთრად დაეცა.
შრომის მწარმოებლურობა 1998 წელს 1990 წელთან შედარებით 6-7-ჯერ შემორჩა. საქართველოს, შედარებით ხანმოკლე, მაგრამ ღრმა ეკონომიკური კრიზისი მოითხოვდა რადიკალური ცვლილებების გატარებას. რუსეთის საფინანსო კრიზისმა შეაფერხა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ დამოკიდებულები ვიყავით რუსულ ვალუტაზე. კატასრტოფულმა ინფლაციამ გამოიწვია უცხოური ვალუტის, განსაკუთრებით კი, დოლარის მნიშვნელობის ზრდა, რაც შემდეგ აისახა ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარებაში.
გატარდა რიგი რეფორმები ეკონომიკის სტაბილიზაციისა და ლიბერალიზაციის მიმართულებით. ცვლილებები განიცადა საბანკო სისტემამ, შემოღებული იქნა ეროვნული ვალუტა – ლარი. დაიწყო მცირე და საშუალო საწარმოების პრივატიზება, რაც ინოვაციურ-სამეწარმეო კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა. [3]
ძირითადი ბარიერი, რომელიც ხელს უშლიდა საქართველოს ეკონომიკის ზრდას, იყო ინვესტიციების დაბალი დონე და არასახარბიელო საინვესტიციო გარემო, რაც თავის მხრივ, განპირობებული იყო კორუფციის მაღალი დონით, ეთნოპოლიტიკური კონფლიქტებით და მათ მიერ გამოწვეული არასტაბილური გარემოთი. როგორც აღვნიშნე, ინოვაციებისთვის მნიშვნელოვანია ტექნოლოგიები, რომლებიც ინვესტიციების გარეშე ვერ შეიქმნებოდა. სწორედ ამიტომ სახელმწიფომ ფოკუსირება სწორედ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე გააკეთა, შექმნა მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა განვითარების შესაძლებლობის მომცემი პირობები.
2014 წლის თებერვალში საქართველოში შეიქმნა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. ის წარმოადგენს ცოდნასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების მხარდამჭერ ძირითად უწყებას.
სააგენტოს მთავარი მიზნებია: ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის და მისი განვითარების პროცესის კოორდინაცია, ინოვაციების, თანამედროვე ტექნოლოგიების, კვლევისა და განვითარების სტიმულირება, მათი კომერციალიზაციის და გამოყენების ხელშეწყობა და სხვა. მისი ხელშეწყობით, 2018 წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში 17 სტარტაპი დააფინანსდა, რომელთა საერთ ღირებულებამ 1.5 მილიონს გადააჭარბა. [3]
2019 წელს ინოვაციების სააგენტოს სტრატეგია მიმართული იყო კერძო ინვესტიციების მოზიდვაზე ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებაში. დაიგეგმა ინოვაციების ცენტრებში აქტივობების მაქსიმალური ზრდა, რაც, საბოლოო აისახა ინოვაციების გლობალური ინდექსის მნიშვნელობაზეც, როდესაც საქართველომ პირველად 50-ეულში მოხვდა (48-ე ადგილი 36.98 ქულით). [8]
მოგვეხსენება, რომ დღეს მთელი მსოფლიო უდიდესი პრობლემის წინაშე დგას კორონავირუსის პანდემიის სახით. უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩა, შიმშილობს და უკიდურესს სიღატაკეში იმყოფება. გარდა იმისა, რომ პანდემიამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ის მთელ მსოფლიოს რიგი ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა.
მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკას აზარალებს არა უშუალოდ ვირუსი, არამედ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებები. ადამიანები ცდილობენ თავი აარიდონ მოგზაურობას, ვაჭრობას, რაც, საბოლოო ჯამში, მოთხოვნას ამცირებს. კომპანიების გადაწყვეტილებები, შეაჩერონ საწარმოო პროცესები ამცირებს მიწოდებას. შემცირებული მოთხოვნა და მიწოდება ეკონომიკისთვის კარგს არაფერს ნიშნავს. მცირდება ინვესტიციებიც, რაც, შესაბამისად, უარყოფითად აისახება ინოვაციურ პროცესებზეც. ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ 2020 წლის რეიტინგში საქართველო 15 ადგილით ჩამოქვეითდა და მხოლოდ 63-ე ადგილით დაკმაყოფილდა.
ამავე სტატისტიკური ინფორმაციით საქართველო კერძო საბაზრო განვითარების კატეგორიაში 39-ე ადგილზე ჩამოქვეითდა (იყო მე-15-ზე), ინფრასტუქტურის კატეგორიაში 72-დან 81-ე ადგილზე, ბიზნესის განვითარების კატეგორიაში 70-დან აღმოჩნდა 79-ე ადგილზე. [8]
საერთო ჯამში, მიუხედავად ამ პრობლემებისა და განსაკუთრებით 2019-2020 წლებში მიმდინარე კორონავირუსის პანდემიისაა, ინოვაციების გლობალური ინდექსის კვლევამ დადებითად შეაფასა საქართველოში ინოვაციების განვითარების ტენდენცია, თუმცა ხაზი გაესვა პროგრესის აშკარა შენელებას. 2020 წლის შედეგებმა თვალსაჩინო გახადა კონკრეტულ სფეროებში ეკონომიკური და ინოვაციური შესაძლებლობები და მათი უმნიშვნელოვანესი როლი ეკონომიკის განვითარებაში.
ამრიგად, ნათელი გახდა, რომ მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯებისა, საქართველო საჭიროებს კიდევ უფრო მეტ დატვირთვას ამ სექტორებზე, ვინაიდან სწორედ ისინი განაპირობებენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.
დასკვნა
დასკვნის სახით მინდა შევაჯამო ჩემი ნამუშევარი. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, ინოვაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის განვითარების ხელშეწყობაში. ის ავითარებს არა მარტო ეკონომიკასა და ტექნოლოგიებს, არამედ ზრდის მოსახლეობის კეთილდღეობის დონესაც, რაც, საბოლოოდ, აისახება კაცობრიობის კომპლექსურ განვითარებაში.
ჩვენი ქვეყნის, საქართველოს, მაგალითზე ვნახეთ, რომ უმძიმესი წარსულის მიუხედავად, ნელი ნაბიჯებით წინ მივიწევთ, რაზეც საერთაშორისო კვლევებიც იუწყებიან.
საქართველოს ინოვაციური განვითარების დინამიკა ცალსახა არ არის. ის ხასიათდება ზრდის ტემპის სიჩქარის ცვლილებით და დიფერენცირებულია სხვადასხვა სფეროს მიხედვით. აღსანიშნავია ის, რომ სახელმწიფო გულგრილი არ არის ინოვაციური იდეების ხელშეწყობის მიმართ და ყველანაირად ცდილობს შექმნას კომფორტული გარემო, სადაც განვითარების პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება.
ცალკე ხაზგასასმელია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს როლი, რომელიც მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს დამწყებ ინოვატორებს და სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებს ამისთვის.
გასული წლების სამწუხარო სურათი, არამარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ნამდვილ გამოწვევად იქცა. კორონავირუსის პანდემია, რომელმაც არაერთი მილიონი სიცოცხლე შეიწირა, მსოფლიოში ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვია და რომელიც ჯერ კიდევ მძვინვარებს ქვეყნებში, კიდევ ერთი მსოფლიო კრიზისის საბაბი გახდა. და მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ტემპები შენელდა, კაცობრიობამ გაუძლო ამას, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის ფაქტი, რომ მის გზაზე არ არსებობს ისეთი ბარიერი, რომელიც შეაჩერებს განვითარებისკენ დაუოკებელ სწრაფვას.
გამოყენებული ლიტერატურა
1. ეკონომიკური განვითარება (რ. აბესაძე; 2018; თსუ)
2. ეკონომიკური ზრდა (დ. უელი; 2016; თსუ)
3. ინოვაციური სამეწარმეო პოლიტიკა (რიდერი; 2019; თსუ)
4. https://en.wikipedia.org/wiki/History_of_rail_transport
5. https://en.wikipedia.org/wiki/First_transcontinental_railroad
6. https://www.coindesk.com/price/bitcoin
7. https://data.oecd.org/rd/gross-domestic-spending-on-r-d.htm
8. https://idfi.ge/ge/georgia_in_the_global_innovation_index