ქვეყნების ეკონომიკური რეიტინგები
ავტორის სტილი დაცულია
ენრიკო კიკნაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
enriko.kiknadze650@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
შეპირისპირებულ მონაცემთა არსებობა საშუალებას იძლევა დავახარისხოთ ქვეყნები სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით მათი ეკონომიკების მიმდინარე მდგომარეობის შედარების მიზნით, აგრეთვე ამ ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პოტენციალის, საინვესტიციო მიმზიდველობის და განვითარების პერპსპექტივების შესაფასებლად. ნაშრომში განხილულია ქვეყნების ეკონომიკური რეიტინგები. ვისაუბრებთ ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე, ასევე GDP მოსახლეობის ერთ სულზე მაჩვენებლის მიხედვით ყველაზე მდიდარ ქვეყნებზე. ქვეყნებს განვიხილავთ ისეთი მაჩვენებლების მიხედვით, როგორებიცაა ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსი, ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგები, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი. ნაშრომის ბოლოს ყურადღება გამახვილებულია საქართველოს პოზიციონირებაზე მსოფლიო რეიტინგებში, საქართველოს დაწინაურებაზე ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში (Doing Business) და მის გამომწვევ მიზეზებზე.
Annotation
The existence of conflicting data allows us to sort countries by different indicators to compare the current state of their economies, as well as to assess the socio-economic development potential, investment attractiveness and development perspectives of these countries. This article discusses the economic raiting of the countries. I will talk about the countries with the largest economies, as well as the richest countries in terms of GDP per capita. Also, I will rank countries according to indicators such as the index of economic globalization, the raitings of the happiest countries and the index of economic freedom. In conclusion, I will focus on Georgia’s position in the world rankings and speak about Georgia’s promotion in the Doing Business index and the reasons of it.
1.ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები
მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP) არის ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საზღვრებში წარმოებული მთლიანი საბოლოო პროდუქტისა და მომსახურების საერთო ღირებულება. ეს უმნიშვნელოვანესი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკის ზომას და მისი მიმდინარე საქმიანობის შედეგებს. მსოფლიო GDP შეადგენს 91,98 ტრილიონ დოლარს. მისი განაწილება ქვეყნების მიხედვით დიაგრამაზე გამოიყურება შემდეგნაირად:
1.მსოფლიო GDP ქვეყნების მიხედვით.
წყარო: IMF – საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა არის აშშ 20.49 ტრილიონი დოლარის GDP-ით. აშშ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და ტექნოლოგიურად მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. მისი კომპანიები ტექნოლოგიურ სფეროში მოწინავე პოზიციებზე არიან. ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით: ქვანახშირი, სპილენძი, ტყვია, მოლიბდენი, ფოსფატები, ურანი, ბოქსიტები, ოქრო, რკინა, ვერცხლისწყალი, ნიკელი, ვერცხლი, ვოლფრამი, თუთია, ნავთი, ბუნებრივი აირი, საშენი ხე-ტყე. აშშ ცნობილია საფონდო ბირჟის ინდექსებით: Dow Jones, Nasdaq, S & P 500. აშშ-ს დოლარი არის მსოფლიოში აღიარებული ვალუტა, რომელიც ყველაზე მეტად გამოიყენება საერთაშორისო ტრანზაქციებში და განიხილება ქვეყნების სარეზერვო ვალუტად. აშშ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყანაა, ქვეყნის მთავარი იმპორტიორები არიან: ჩინეთი, მექსიკა, კანადა, იაპონია, გერმანია. ქვეყნის მთავარი ექსპორტი ხდება შემდეგ ქვეყნებში: კანადა, მექსიკა, ჩინეთი, იაპონია, გაერთიანებული სამეფო.
ჩინეთი იკავებს მეორე ადგილს 13,4 ტრილიონი დოლარის GDP-ით. ჩინეთის ეკონომიკის განვითარება მას შემდეგ დაიწყო, რაც გეგმიური მმართველობიდან უფრო მეტად საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა გახდა. მოხდა კერძო სექტორის როლის ზრდა და შესაბამისად გაიზარდა საბაზრო ეკონომიკის წილი. საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი პრივატიზდა, ქვეყანაში შეიქმნა თავისუფალი ეკონომიკური ზონები, ქვეყანაში დაუშვეს საერთაშორისო ვაჭრობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა. ჩინეთში მნიშვნელოვნად განვითარდა წარმოება და მსოფლიოში არის ყველაზე სწრაფად მზარდი სამომხმარებლო ბაზარი. იაფი მუშახელი ჩინური საქონლის დაბალ თვითღირებულებას უზრუნველყოფს და ამ მხრივადაც მიმზიდველია ჩინეთის ბაზარი, თუმცა ზოგჯერ ჩინეთის ეკონომიკის განვითარებას, სწორედ ქვეყანაში იაფი მუშა ხელის არსებობას უკავშირებენ, რაც ასე არ არის, ჩინეთს წლების განმავლობაში ჰყავდა იაფი მუშა ხელი, თუმცა ეკონომიკური განვითარება, მხოლოდ საბაზრო ეკონომიკის რელსზებზე გადასვლის შემდეგ დაიწყო. დღეს, მსოფლიოს 500 უმსხვილესი კომპანიის 129 სათაო ოფისი ჩინეთშია. ჩინეთი ცნობილია შანხაისა და შენჟენის საფონდო ბირჟებით, რომლებიც ერთ-ერთი უდიდესი ბირჟებია თავიანთი კაპიტალიზაციითა და ვაჭრობის მოცულობით.
შემდეგ მოდის იაპონია 4,97 ტრილიონი დოლარის GDP-ით. იაპონიაში საბაზრო ეკონომიკა მაღალ დონეზეა განვითარებული, ,,Blue chip’’ წარმოადგენს მსოფლიოს მესამე ყველაზე დიდ საფონდო ბირჟას და მონაწილეობს დოუ ჯონსის საშუალო ინდექსის გაანგარიშებაში. იაპონიას აქვს სიდიდით მეორე სავალუტო რეზერვები, ასევე არის მსოფლიოში სიდიდით მესამე სამომხმარებლო ბაზარი. ქვეყანაში მნიშვნელოვნად არის განვითარებული საავტომობილო წარმოება, ელექტრონული პროდუქციის წარმოება. იაპონია ითვლება ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიების მთავარ მიმწოდებლად და ინოვატორად. იაპონიის საზოგადოების იერარქიულობის მკაცრი დაცვა, კოლექტიურობა, დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, იაპონია იშვიათი ქვეყანაა სადაც ქვეყნის კულტურის გავლენა მნიშვნელოვნად იგრძნობა ეკონომიკაზე.
გერმანია იკავებს მეოთხე ადგილს 4 ტრილიონი დოლარის GDP-ით. გერმანია მსოფლიოში ერთ-ერთი მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, ხოლო ევროპაში პირველი ქვეყანაა GDP-ის მოცულობით. გერმანია არის ევროზონისა და ევროკავშირის დამფუძნებელი წევრი. გერმანიაში მაღალ დონეზეა განვითარებული მრეწველობა, შესაბამისად მისი ეკონომიკა უმსხვილესი საწარმოო ეკონომიკაა ევროპაში და მასზე ფინანსურ რეცესიებს ნაკლებად შეეძლებათ გავლენის მოხდენა. გერმანიაში ენერგიას ძირითადად იღებენ წიაღისეული საწვავით (50%), შემდეგ მოდის ბირთვული ენერგია, გაზი, ქარი, ბიომასა, ჰიდრო და მზის ენერგიები. მსხვილი საერთაშორისო სავაჭრო ბაზრობები და კონგრესები წარმოდგენილია გერმანიის რამდენიმე ქალაქში, როგორებიცაა: ჰანოვერი, ფრანკფურტი, კიოლნი, ლაიფციგი და დიუსელდორფი. გერმანია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია, გერმანიის მთავარი საექსპორტო ქვეყნებია: აშშ, საფრანგეთი, ჩინეთი, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო, ხოლო ქვეყნის მთავარი იმპორტიორები არიან: ჩინეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, აშშ, იტალია.
1.1 ყველაზე მდიდარი ქვეყნები
მსოფლიო მეურნეობაში ქვეყნის მწარმოებლურობის და მისი სოციალურ-ეკონომიკური დონის დასახასიათებლად გამოიყენება ისეთი მაჩვენებელი, როგორიცაა GDP მოსახლეობის ერთ სულზე. მისი გამოთვლისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის მოსახლეობა, რის გამო ქვეყნის პოზიციონირება GDP-ის და მოსახლეობის ერთ სულზე GDP-ის მიხედვით შესაძლებელია მკვეთრად განსხვავებული იყოს.
მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავალი უფრო ბუნებრივი საზომია. იტალიისა და ბრაზილიის მთლიანი GDP დაახლოებით ერთმანეთის ტოლია (2,09 ტრილიონი დოლარი იტალიაში და 2,06 ტრილიონი დოლარი ბრაზილიაში) მაგრამ იტალიას (სადაც მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავალი 34,575 დოლარია) განვიხილავთ, როგორც მდიდარ ქვეყანას, ხოლო ბრაზილიას (სადაც მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავალი 9,703 დოლარია) როგორც საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანას. რასაკვირველია, უმრავლესობა ამჯობინებდა იმ ქვეყანაში ცხოვრებას, რომელიც „მდიდარია“ მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავლით და „ღარიბია“ მთლიანი გამოშვების დონით, ვიდრე იმ ქვეყანაში, რომელიც „მდიდარია“ დაბალშემოსავლიანი მრავალი ადამიანით. მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რა გვაინტერესებს, მოსახლეობის ერთ სულზე GDP-ის გამოყენება ყოველთვის არ არის მართებული საზომი. ქვეყნის მმართველი უნდა ზრუნავდეს იმაზე, თუ რა რაოდენობის გადასახადის აკრეფაა შესაძლებელი და აქედან გამომდინარე, უნდა ფიქრობდეს ეროვნული შემოსავლის მთლიან სიდიდეზე და არა მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავალზე. ანალოგიურად, თუ ჩვენ გვაინტერესებს რამდენად შეიძლება არმიის ზრდა, მაშინ მთლიანი მოსახლეობა უფრო რელევანტური იქნება, ვიდრე მთლიანი შემოსავალი. ქვეყნებს შორის მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავლებში განსხვავება უფრო მეტად ამოუხსნელია, ვიდრე GDP-ის საერთო მოცულობაში განსხვავება. ზოგიერთ ქვეყანას უფრო მაღალი მთლიანი GDP გააჩნია უბრალოდ იმიტომ, რომ იქ მეტი მოსახლეობაა.
2. ყველაზე ბედნიერი ქვეყნები
გაერო 2020 წლის ყველაზე ბედნიერ ქვეყნებს ასახელებს. კვლევას, რომელიც სულ 156 ქვეყანაში ჩატარდა, 6 ინდიკატორი ჰქონდა, რის მიხედვითაც ქვეყნის ბედნიერების ინდექსი დგინდება. ეს ინდიკატორებია: GDP მოსახლეობის ერთ სულზე, სოციალური მხარდაჭერა, ჯანსაღი ცხოვრება, თავისუფლება, მასპინძლობა და კორუფციის დონე.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში პირველ ადგილს უკვე მე-3 წელია უცვლელად ფინეთი იკავებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში ნორდიკული ქვეყნები ლიდერობენ. კვლევის მიხედვით, 2020 წლის მსოფლიო ბედნიერების ანგარიშში 156 ქვეყანას შორის საქართველო 117-ე ადგილზე მოხვდა. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, სომხეთი 116-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 89-ე, თურქეთი 93-ე, ხოლო რუსეთი 73-ე ადგილზე იმყოფება. მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება: ფინეთი, დანია, შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია, ნიდერლანდები, შვედეთი, ახალი ზელანდია, ავსტრია და ლუქსემბურგი.
ფინეთი სულაც არაა გასაკვირი, რომ კვლავ დასახელდა ყველაზე ბედნიერ ქვეყნად მსოფლიოში. ფინეთი უკვე ზედიზედ მესამედ იკავებს ამ ადგილს, რადგანაც, მცხოვრები ხალხი დადებითად აფასებს ცხოვრების პირობებს და ძლიერ კმაყოფილებას გამოთქვამს. მათი თქმით ფინეთში ყველა ადამიანი ერთმანეთზე ზრუნავს. კერძოდ, ფინეთის დედაქალაქი, ჰელსინკი, დასახელდა ყველაზე ბედნიერ ქალაქად.
დანიამ აღნიშნულ რეიტინგში მოწინავე პოზიციები აიღო 2012, 2013 და 2016 წელს. თუმცა დანიაში ახლაც არის ბედნიერების სრულყოფილი უზრუნველყოფა მცხოვრები მოსახლეობისათვის. დანიელები ცნობილნი არიან თავისი დამოკიდებულებით ცხოვრებისადმი. დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენი კი, მუდმივად სახელდება ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქად მსოფლიოში.
შვეიცარია 2015 წელს დასახელდა ყველაზე ბედნიერ ქვეყნად მსოფლიოში. ქვეყანა დღესაც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ცხოვრების მოყვარულ ადგილად მსოფლიოში. შვეიცარია ცნობილია ბუნებრივი სილამაზით, ალპების მთებითა ჟენევას ტბით. გამოკითხვის თანახმად, ადგილობრივი მოსახლეობა ფიქრობს, რომ პირდაპირი კავშირი არსებობს მწვანე ადგილებსა და ბედნიერებას შორის. ამასთან, შვეიცარია შოკოლადის სახლად ითვლება, რაც კიდევ უფრო მატებს ბედნიერების შეგრძნებას.
ისლანდია არის კიდევ ერთი წარმატებული ქვეყანა, რომელიც დასახალედა ბედნიერი ქვეყნების სიაში მოწინავე ადგილას. ის მდებარეობს ევროპაში, ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. ისლანდიაში ყოველთვის ტურისტების ბუმია. ისლანდია ვულკანური წარმოშობის ყველაზე დიდი კუნძულია მსოფლიოში. ქვეყნის ტერიტორიაზე ბუნების ნამდვილი ძეგლებია წარმოდგენილი: უზარმაზარი ჩანჩქერები, გეიზერები, ყინულის გამოქვაბულები. ისლანდია ძალიან საინტერესო ადგილია, სადაც ათასწლიანი ყინულები ცხელ ვულკანებთან მეზობლობს.
3.ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგი
გლობალიზაციის ინდექსს ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ყოველწლიურად აქვეყნებს, რომელიც 203 ქვეყანას მოიცავს. ინდექსის მაჩვენებლები 3 ძირითად კატეგორიადაა დაყოფილი, რომლებიც შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმებს მოიცავენ. ეკონომიკური გლობალიზაციის დონე საერთაშორისო ვაჭრობის და უცხოური კაპიტალის მოძრაობის სხვადასხვა კრიტერიუმებით განისაზღვრება.
ქვეყნების გლობალიზაციის რეიტინგის 2019 წლის კვლევის თანახმად, საქართველო ეკონომიკური გლობალიზაციის მიხედვით მსოფლიოში 22-ე ადგილს იკავებს 82,02 ქულით. 2018 წელს ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში საქართველოს 23-ე ადგილი, ხოლო 2017-ში მე-18 ადგილი ეკავა. ზოგადად გლობალიზაციის დონით საქართველო 43-ე ადგილზეა. ქვეყნის გლობალიზაციის დონე გვიჩვენებს, თუ რამდენად არის ქვეყანა ინტეგრირებული მსოფლიოში ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კუთხით. გლობალიზაციის მაღალი დონე ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ხელშემწყობ ფაქტორადაა მიჩნეულია.
3. 2019 წლის ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგის ათეული.
1. სინგაპური – 94 ქულა
2. ნიდერლანდები – 88,66 ქულა
3. ბელგია – 88,54 ქულა
4. ლუქსემბურგი – 88,3 ქულა
5. ჰონგ კონგი – 88,21 ქულა
6. ირლანდია – 87,97 ქულა
7. შვეიცარია – 86,79 ქულა
8. მალტა – 86,5 ქულა
9. ესტონეთი – 86,27 ქულა
10. არაბთა გაერთიან. საამიროები – 85,95 ქულა
წყარო: ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
ეკონომიკური გლობალიზაცია გამოანგარიშებულია ვაჭრობის, პირდაპირი და პორტფელური ინვესტიციების და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის შრომის ანაზღაურების პროცენტული შეფარდებით მიმდინარე მთლიან შიდა პროდუქტთან, აგრეთვე გათვალისწინებულია გადასახადები და ტარიფები საერთაშორისო ვაჭრობაზე, არასატარიფო ბარიერები და მიმდინარე ანგარიშის თავისებურებები. რაც შეეხება გლობალიზაციის KOF ინდექსს, ის ამა თუ იმ ქვეყნის მსოფლიო სივრცეში ინტეგრირების ხარისხის შესაფასებლად გამოიყენება. ეს აგრეგირებული მაჩვენებელია და მოიცავს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს, ხოლო ამ სამი ინდექსის შეწონის შედეგად ერთიანი გლობალიზაციის ინდექსს ანგარიშობენ. ერთიან KOF ინდექსში ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსს აქვს 37%-ული წილი, სოციალური გლობალიზაციისას – 37%-ული, ხოლო პოლიტიკური გლობალიზაციის ინდექსს – 26%-ული.
4. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი
ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი შეიქმნა 1995 წელს აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევითი ორგანიზაციის – The Heritage Foundation-ის მიერ. ინდექსი ყოველწლიურად ზომავს 180-მე ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას 12 რაოდენობრივი და თვისობრივი პარამეტრის მიხედვით, რომლებიც 4 ძირითად კატეგორიაშია მოქცეული:
კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, მთავრობის კეთილსინდისიერება);
მთავრობის ზომა (ფისკალური სიჯანსაღე, საბიუჯეტო დანახარჯები, საგადასახადო ტვირთი);
რეგულირების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება);
ბაზრის ღიაობა (ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება).
თითოეული პარამეტრი ფასდება 0-დან 100-მდე სკალით, რაც შედეგების პროცენტული სახით გამოხატვის საშუალებას იძლევა (მაგ., 70%-ით თავისუფალი). ქვეყნის საერთო ქულის მისაღებად თორმეტივე პარამეტრს ენიჭება თანაბარი წონა და გამოითვლება მათი საშუალო არითმეტიკული.
შედეგების შეფასების მიზნით, 100 ქულიანი შკალა დაყოფილია ეკონომიკური თავისუფლების 5 დონედ: თავისუფალი (80-100); უმეტესად თავისუფალი (70-79.9); ზომიერად თავისუფალი (60-69.9); უმეტესად არათავისუფალი (50-59.9); არათავისუფალი (0-49.9).
2020 წლის ეკონომიკური თავისუფლების ტოპ ათეული ასე გამოიყურება: სინგაპური 89,4 ქულით, ჰონგ კონგი 89,1 ქულით, ახალი ზელანდია 84,1 ქულით, ავსტრალია 82,6 ქულით, შვეიცარია 82 ქულით, ირლანდია 80,9 ქულით, გაერთიანებული სამეფო 79,3 ქულით, დანია 78,3 ქულით, კანადა 78,2 ქულით, ესტონეთი 77,7 ქულით. პირველი ექვსი ქვეყანა ეკუთვნის თავისუფალ დონეს, ხოლო გაერთიანებული სამეფო, დანია, კანადა და ესტონეთი – უმეტესად თავისუფალ დონეს.
4.1 საქართველოს რეიტინგი „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“
Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულამ ისტორიული მაქსიმუმი 77.1 ქულა შეადგინა, მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-12 პოზიცია დაიკავა. წინა წელთან შედარებით საქართველო ევროპის რეგიონში 2 პოზიციით დაწინაურდა – ამ შედეგით საქართველო ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით. როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს საერთო ქულა აღემატება როგორც რეგიონის (69.8 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო ქულას (61.6 ქულა). აღსანიშნავია, რომ რეიტინგის 12 კომპონენტიდან საქართველომ მდგომარეობა გაიუმჯობესა 5 ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: საკუთრების უფლება (68.6 ქულა), მთავრობის სამართლიანობა (64.8 ქულა), სასამართლოს ეფექტიანობა (57.9 ქულა), მონეტარული თავისუფლება (78.3 ქულა) და ფისკალური თავისუფლება (94.4 ქულა). 2020 წელს საკუთრების უფლების ინდიკატორში საქართველომ უპრეცენდენტო აღიარება მოიპოვა და ქვეყნის შეფასებამ 68.6 ქულა შეადგინა. 2012 წელს ქვეყანას აღნიშნულ ინდიკატორში მხოლოდ 40.0 ქულა ჰქონდა. მთავრობის სამართლიანობის კომპონენტში საქართველოს შეფასება 6.3. ქულით გაუმჯობესდა და 64.8 ქულა შეადგინა. კომპონენტის შეფასება ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს“, მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსს (WJP), საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსს“ და „Trace Matrix” რეიტინგს. აღნიშნული კი კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოში კორუფციის არ არსებობის აღიარებას და მთავრობის ეფექტიანობას.
Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2020 წლის კვლევის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა კვლავ აგრძელებს თავის შთამბეჭდავ 7 წლიანი ზრდას თავისუფლების სხვადასხვა მიმართულებებით. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმები. მრავალწლიანი რეფორმების შედეგია კორუფციის აღმოფხვრა, რეგულაციების შემცირება და გადასახადების გამარტივება. ყოველივემ ხელი შეუწყო ყველა ასპექტში ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების გაუმჯობესებას. ბოლო 5 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა მდგრადი ტემპით.
რეტინგში პოზიტიურად ფასდება ის ქმედებები, რაც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის დასაცავად იქნა გადადგმული.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შეფასება ძირითადად ეყრდნობა ისეთი საერთაშორისო რეიტინგების წყაროებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგი (Doing Business), გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI), კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) და მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსი (WJP).
5. ბიზნესის კეთების რეიტინგი
მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად გამოსცემს ანგარიშს ბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ. ეს ანგარიში ზომავს და ადარებს ადგილობრივი ბიზნესის რეგულირების ხარისხსა და ეფექტურობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
2020 წლის ანგარიში (გამოცემული 2019 წელს) 11 ინდიკატორს და 190 ქვეყანას მოიცავს. ინდექსი ყოველწლიურად უფრო კომპლექსური ხდება, ფართოვდება იმ ქვეყნების არეალი, რომელთა ბიზნესრეგულირებასაც მსოფლიო ბანკი შეისწავლის, იხვეწება არსებული და ემატება ახალი ინდიკატორები.
ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსის დასადგენად გამოიყენება თერთმეტი ინდიკატორი: 1) ბიზნესის დაწყება; 2) მშენებლობის ნებართვა; 3) ელექტროენერგიის მიღება; 4) ქონების რეგისტრაცია; 5) კრედიტის ხელმისაწვდომობა; 6) მინორიტარული ინვესტორების უფლებების დაცულობა; 7) გადასახადების გადახდა; 8) საერთაშორისო ვაჭრობა; 9) კონტრაქტების აღსრულება; 10) გადახდისუუნარობა; 11) თანამშრომელთა დაქირავება;
თითოეულ ინდიკატორში ქულა ფასდება მკაცრად გაწერილი მეთოდოლოგიით, კონკრეტული ქეისის საფუძველზე. მაგალითად, მშენებლობის ნებართვის ინდიკატორში განხილულია მაგალითი – მეწარმემ უნდა ააშენოს ორსართულიანი საწყობი ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქის გარეუბანში. ინდექსი კი აფასებს მშენებლობის ნებართვების, ინსპექციების, კომუნალურ კომუნიკაციებთან დაერთების და ექსპლუატაციაში მიღების პროცედურებს, დროს და ფასს. ასევე ფასდება მშენებლობის კონტროლის ხარისხი.
4. 2020 წლის ბიზნესის კეთების სიმარტივით ქვეყნების ტოპ ათეული
1. ახალი ზელანდია – 86.8 ქულა
2. სინგაპური – 86.2 ქულა
3. ჰონგ კონგი – 85.3 ქულა
4. დანია – 85.3 ქულა
5. კორეა – 84 ქულა
6. აშშ – 84 ქულა
7. საქართველო – 83.7 ქულა
8. გაერთიანებული სამეფო – 83.5 ქულა
9. ნორვეგია – 82.6 ქულა
10. შვედეთი – 82 ქულა
5.1 საქართველოს ადგილი „ბიზნესის კეთების რეიტინგში“
მსოფლიო ბანკმა ბიზნესის კეთების სიმარტივის 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველომ ანგარიშში ერთი პოზიციით უკან დაიხია და მე-7 ადგილი დაიკავა. თუმცა საქართველოს აბსოლუტური მაჩვენებელი 0,2 ქულით გაიზარდა. რეიტინგში პოზიციის დათმობა კი იმის შედეგია, რომ სხვა ქვეყნებმა უფრო მეტად გააუმჯობესეს ბიზნესის რეგულირება და საქართველოზე უკეთესი ადგილი დაიკავეს.
ზემოთ მოცემული ინდიკატორებიდან საქართველოს მაღალი შედეგი აქვს ბიზნესის დაწყებაში (მე-2 ადგილი მსოფლიოში) და ქონების რეგისტრაციაში (მე-5 ადგილი მსოფლიოში). მართლაც, საქართველოში შესაძლებელია ერთი პროცედურით და ერთ დღეში როგორც ბიზნესის, ისე ქონების რეგისტრაცია. ხოლო ყველაზე დაბალი შედეგი საქართველოს გადახდისუუნარობის ინდიკატორში აქვს – 64-ე პოზიცია. მსოფლიო ბანკის შეფასებით, გადახდისუუნარობის დეკლარირების პროცესს საქართველოში ორი წელი სჭირდება და ამოღების კოეფიცინეტიც დაბალია.
5. საქართველოს პოზიცია ბიზნესის კეთების რეიტინგში ბოლო წლებში.
წყარო: მსოფლიო ბანკი
საქართველომ ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია. ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მე-100 (ან უარესი) პოზიციიდან მოახერხა საუკეთესო ათეულში მოხვედრა.
ასეთი სწრაფი პროგრესის მიზეზი რეფორმათა რაოდენობა გახდა, რომლებიც ბიზნესის კეთების გამარტივებას უწყობდა ხელს. რეფორმები შეეხო ყველა სექტორს და, შესაბამისად, თითოეულ ინდიკატორში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა. 2005-2019 წლებში ჩატარებული რეფორმების მიხედვით, რომლებიც მსოფლიო ბანკმა აღნუსხა, საქართველო, 50 გატარებული რეფორმით, მე-2 ადგილს იკავებს და მხოლოდ რუანდას ჩამორჩება. 2006-2011 წლებში გატარებული რეფორმებით მსოფლიო ბანკმა საქართველო საუკეთესო რეფორმატორ ქვეყნად დაასახელა. მნიშვნელოვან რეფორმებს შორის, რომლებმაც გავლენა იქონია რეიტინგში პროგრესზე, იყო საჯარო რეესტრის რეფორმა. ამით გაუმჯობესდა ბიზნესის დაწყებისა და ქონების რეგისტრაციის ინდიკატორები, მოხერხდა მშენებლობის ნებართვების შესახებ მთავრობის დადგენილების მიღება, გადასახადების გაუქმება და განაკვეთების შემცირება, საბაჟოს რეფორმა და საგადასახადო სამსახურთან გაერთიანება, საკრედიტო ბიუროს შექმნა, გადახდისუუნარობის კანონის მიღება და სხვა.
მოაქვს თუ არა რეიტინგში ასეთ პოზიციას პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საკამათო საკითხია. ამასთან დაკავშირებით არაერთი კვლევაა ჩატარებული. ზოგი კვლევის მიხედვით ინვესტიციების რაოდენობასა და ინდექსს შორის კავშირი არსებობს, ზოგიერთი კი ასეთი კორელაციის არსებობას უარყოფს.
2020 წლის ანგარიშში მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი დავიდ მალპასი წერს: „მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის კეთების ინდექსი არ იყოს აღქმული ინვესტორთა სახელმძღვანელოდ, არამედ ის უნდა გამოიყენებოდეს ბიზნესის კეთების სიმარტივის შესაფასებლად. პოტენციური ინვესტორები ითვალისწინებენ ბევრ სხვა ფაქტორს, როგორებიცაა: ზოგადი ბიზნესგარემო და ქვეყნის კონკურენტუნარიანობა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ფინანსური სისტემის დონე, ბაზრის სიდიდე, კანონის უზენაესობა და სამუშაო ძალის კვალიფიციურობა“.
ინდექსში მაღალი პოზიციის დაკავება მნიშვნელოვანია და მთავრობა მას ყურადღებით უნდა მოეკიდოს. თითოეული ინდიკატორის გაუმჯობესება უფრო მარტივს ხდის მოსახლეობის ურთიერთობას სახელმწიფოსთან. მაგალითად, გაუმჯობესებული ელექტროენერგიის მიღების ინდიკატორი ნიშნავს, რომ მოქალაქეს ექნება საშუალება, რომ შენობა ელექტროსისტემას უფრო სწრაფად, ნაკლები პროცედურით და იაფად მიუერთოს. ქონების რეგისტრაციის გაუმჯობესებული ინდიკატორი ნიშნავს, რომ ქვეყანაში ქონების, მაგალითად მიწის, უფრო დიდი ნაწილია რეგისტრირებული. საერთაშორისო ვაჭრობის გაუმჯობესებული ინდიკატორი კი – სხვა ფაქტორებთან ერთად – ნიშნავს, რომ მეწარმეებს ექსპორტისთვის ნაკლები დოკუმენტაციის მომზადება დასჭირდებათ.
თუ საქართველოში სისტემური პრობლემები არ გადაიჭრება, ეს რეფორმები, ალბათ, ვერ გახდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის საწინდარი, თუმცა, ამ რეფორმების განხორციელების შემთხვევაში, საზოგადოების ნაწილს გაცილებით გაუმარტივდება ბიზნესის წარმართვა.
დასკვნა
რეიტინგები ქმნის ქვეყნის სახეს და მიმზიდველობას. ქვეყნები ცდილობენ რეიტინგებში დაწინაურებას, რათა ისინი კარგად იქნენ პოზიციონირებული, როგორც ტურისტების, ისე ბიზნესმენებისათვის. ნაშრომში განვიხილეთ ქვეყნების რეიტინგები სხვადასხვა ასპექტში, როგორიც არის მაგალითად, ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსი, რითაც ისინი იზიდავენ კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებსაც სურთ თავისი ბიზნესი განავრცონ მსოფლიოს მასშტაბით და გაცდნენ საკუთარი ქვეყნის საზღვრებს. ეკონომისტებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი არის მთლიანი შიდა პროდუქტი, რითაც ფასდება ქვეყნის სიმდიდრე და პოტენციალი, ასევე მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე, რომელიც უფრო ბუნებრივი საზომია. ვისაც სურს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მისთვის უფრო უპრიანი იქნება ქვეყნის განხილვა ისეთ ინდექსში, როგორიც არის ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი. საბოლოოდ, აუცილებელია ქვეყანა განვიხილოთ ყველა ასპექტში და შევქმნათ ერთიანი სურათი, როგორც ინვესტორებისათვის, ისე უბრალოდ ადგილობრივი მოსახლეობისათვისაც.
გამოყენებული ლიტერატურა
მსოფლიო ეკონომიკა – თამაზ ზუბიაშვილი
www.contiki.com
www.doingbusiness.org
worldpopulationreview.com
statisticstimes.com
www.statista.com
www.heritage.org
www.economy.ge