ბრძოლა შავი ზღვის ეკოლოგიურ პრობლემებთან

ნინო გოგუაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტუს I კურსის სტუდენტი
Goguadze3105@gmail.com

ანოტაცია

შავი ზღვის მნიშვნელობა საქართველოსათვის ფასდაუდებელია. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ქვეყნის ზოგადგეოგრაფიული მდებარეობისათვის, რესურსულ პოტენციალს, რეკრეაციულ ზონას და ძირითად სატრანსპორტო არტერიას. თუმცა სამწუხაროდ დღეს იგი უამრავი ეკოლოგიური პრობლემის წინაშე დგას.
შავი ზღვის ეკოსისტემის დეგრადაციის პირველი ნიშნები გასული საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა. მას შემდეგ ეკოლოგიური ვითარება საგრძნობლად გაუარესდა, რისი გამომწვევი მიზეზიც საყოფაცხოვრებლო და სამრეწველო ნარჩენები, საკანალიზაციო სისტემა, ჩამდინარე წყლები და სხვა მრავალია. მაგრამ ადამიანების ნაწილი დღეს უკვე მეტი შეგნებით ეკიდება გარემოს დაცვას, შესაბამისად, ნელ-ნელა მცირდება მავნე ზემოქმედება ეკოსისტემაზე. რასაკვირველია, შავი ზღვაც მოითხოვს გასუფთავებას, გაჯანსაღებას და ეკოსისტემის გაუმჯობესებას, რისთვისაც პირვველ რიგში აუცილებელია მეტი ყურადღება დაეთმოს წყლის მონიტორინგს და მაქსიმალურად შენარჩუნდეს შავი ზღვის უნიკალური და ძვირფასი ეკოსისტემა. ნაშრომის მიზანს სწორედ მოცემული პრობლემების ანალიზი და მათთან გამკლავების გზების წარმოჩენა წარმოადგენს.

The importance of the Black Sea is priceless for Georgia. It is one of the most important factors for the country’s general location, resource potential, recreational zone and main transport advantage. But, unfortunately, we have many ecological problems today.
The first signs of degradation of the Black Sea ecosystem appeared in the 60s of the last century. Since then, the ecological situation has deteriorated significantly due to the fact that domestic and industrial waste, sewage system, wastewater etc. are the reasons for this. But a part of people are already aware of environmental protection, and therefore slowly reduces harmful effects on ecosystems. Of course, the Black Sea also requires cleanliness, recovery and ecosystem improvement, for which the most important attention should be given to water monitoring and to maintain the unique and precious ecosystem of the Black Sea. The aim of the work is to analyze the problems and present ways to deal with them.

შავი ზღვის წინაშე მდგარი საფრთხეები

საქართველოს ისტორიაში შავი ზღვის ეკონომიკურმა მნიშვნელობას უდიდესი როლი ითამაშა. დღეს ნაოსნობის, თევზჭერისა და სამეურნეო საქმიანობის გარდა, შავი ზღვა წიაღისეულის მოპოვების, ტურიზმის, დასვენებისა და სამხედრო მიზნებისთვისაც გამოიყენება. თუმცა, ურბანული განვითარება, მრეწველობა, ჰიდროელექტრო და ბირთვული ენერგიის გამოყენება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და ნიადაგის ათვისება დიდად ვნებს შავი ზღვის აუზსა და ფსკერს. მის ეკოსისტემას საფრთხეს უქმნის მყარი თუ თხევადი მავნე ნარჩენები, ზღვის ფსკერის, სანაპიროსა და მდინარეების ფიზიკური ცვლილებები. ბუნებრივი რესურსების შეუქცევადი გამოფიტვა გადამეტებული ექსპლუატაციის გამო. ხელოვნური დაბინძურება, რომელსაც სამრეწველო, მდინარეების მიერ ჩატანილი მავნე ნარჩენები, ასევე გემებიდან შეგნებულად თუ შეუგნებლად ჩაცლილი ნაგავი იწვევს. შავ ზღვას საფრთხეს უქმნის ქიმიური (ორგანული მარილები, ნავთობპროდუქტები, მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები და მიკროელემენტები) და რადიაქტიური ნივთიერებები, მყარი ნარჩენები და შემოჭრილი (არამკვიდრი) ცოცხალი ორგანიზმები.

გზა ნარჩენებიდან ზღვის დაბინძურებამდე

შავ ზღვას აბინძურებს სასოფლო-სამეურნეო (სასუქები), ცხოველური, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენები და ორგანული თუ არაორგანული მარილები. მარილები ზღვაში ძირითადად მდინარეების წყალთან ერთად ჩაედინება. მარილების მოჭარბება ერთუჯრედიანი წყალმცენარეების სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს და თავის გადასარჩენად ისინი მეტი ინტენსივობით იწყებენ გამრავლებას. შესაბამისად იზრდება ფიტოპლანქტონის პოპულაცია, რასაც ზღვის ევტროფიკაცია (დაჭაობება) მოსდევს. მკვდარი ორგანული ნივთიერებების შლის შედეგად ზღვაში ჟანგბადის მოცულობა მცირდება. უჟანგბადობას კი მრავალი ცოცხალი არსება ეწირება, რაც, ბუნებრივია, დიდად ვნებს ბიომრავალფეროვნებას.

ნავთობი უმეტესად შავი ზღვის სანაპირო ზოლს აბინძურებსვმდინარის შესართავების, ჩამდინარე წყლების ჩაშვების წერტილების, პორტების და სამრეწველო ობიექტების გამო. გემებიდან ჩაღვრილი ნავთობპროდუქტები კი აბინძურებს არა მარტო სანაპირო ზოლს, არამედ ზღვასაც. დაუდევრობით ჩაღვრილი ნავთობი აზიანებს სანაპიროს ეკოსისტემას, ანადგურებს თევზის ქვირითსა და ლიფსიტებსაც.

მართალია, მძიმე მეტალებით დაბინძურების საფრთხე შავი ზღვის უმეტეს ნაწილს არ ემუქრება, მაგრამ იმ ადგილებში, სადაც სამრეწველო ობიექტებია განლაგებული, დიდი ოდენობით ილექება ქრომი, ტყვია, სპილენძი, კობალტი, ნიკელი, დარიშხანი, ვერცხლისწყალი და რკინა. ამ ელემენტებით დაბინძურებული გარემო მომწამვლელია ადამიანისთვის, ზღვის ფრინველებისა და ძუძუმწოვრებისთვის. მძიმე მეტალები ადვილად აღწევს კვებითი ჯაჭვის ზედა რგოლებში. მაგალითად, მათ დიდი ოდენობით იწოვს ზღვის ფსკერზე მობინადრე მიდია, რომლითაც სხვა ორგანიზმები იკვებებიან. მომწამვლელი ნივთიერებების საკვებთან ერთად მიღება იწვევს ქსოვილების, ორგანოების და ორგანოთა სისტემების პათოლოგიებს.

შავი ზღვის სანაპირო ძალიან დაბინძურებულია პლასტიკატის შემცველი მყარი ნარჩენებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის ზღვის ძუძუმწოვრებს(რადგან ისინი მათ ყლაპავენ). ხშირია შემთვევა, როცა ნაპირზე გამორიყული მკვდარი დელფინების კუჭში ნარჩენის აღმოჩენისა.

შავ ზღვას რადიაქტიური საფრთხეც ემუქრება. 1986 წელს. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ (საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის დროს) რადიაქტიური ნივთიერებები შავ ზღვაში მდინარეებისა და ნალექების მეშვეობით მოხვდა. შედეგად დაიღუპა ზღვის უამრავი არსება, თევზის ზოგიერთმა სახეობამ კი გამრავლების უნარი დაკარგა.

უცხო, არამკვიდრ სახეობათა შემოჭრა თითქმის უკონტროლო პროცესია და დიდად ვნებს შავი ზღვის ეკოსისტემას. ზღვის უცხო არსებები, რომლებიც ბიოლოგიურად აბინძურებენ გარემოს, შორეული ნაოსნობიდან მომავალ გემებთან ერთად შემოდიან შავ ზღვაში (გემების კორპუსებს ეკვრიან ან თხევად ბალასტში ხვდებიან). ამჟამად შავ ზღვაში კიბორჩხალების, მედუზების, მოლუსკების, რგოლოვანი ჭიებისა და ერთუჯრედიანი წყალმცენარეების რამდენიმე უცხო სახეობა ბინადრობს. მათ მე-20 საუკუნეში მოიკიდეს ფეხი. მაგალითად, მედუზა სავარცხლურა (Mnemiopsis leidyi) შემთხვევით მოხვდა შავ ზღვაში გასული საუკუნის 80-იან წლებში და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა პელაგიაულურ თევზებს, ძირითადად ქაფშიასა და სტავრიდას, რადგან მისი ძირითადი საკვების, ზოოპლანქტონის შემცირების გამო, ამ თევზების ქვირითსა და ლიფსიტებს დაერია. ამას დაემატა გადამეტებული თევზჭერა და, შედეგად, გასული საუკუნის 90-იან წლებში თევზების ამ სახეობათა რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა. (საინტერესოა, რომ ეს მავნე პროცესი ნაწილობრივ შეაჩერა სავარცხლურას მონათესავე მედუზამ, რომლის სახელწოდებაა Beroe ovata. ის შავ ზღვაში თხევად ბალასტს შემოჰყვა გასული საუკუნის 90-იან წლებში).

შავ ზღვაზე თევზაობას მრავალწლიანი ისტორია აქვს. ძველი ბერძენი ისტორიკოს ჰეროდოტეს წყაროებში ნახსენებია ქაფშიის, სარდინისა და ტარაღანას ქარავნები, რომლებიც შავ ზღვას სერავდნენ. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საგანგაშოდ შეამცირა თევზების პოპულაციები. მიზეზი კი გამუდმებით თევზაობა იყო. ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს, რომ გადამეტებეული თევზჭერის გამო თევზების ზოგიერთ სახეობას გადაშენების საფრთხე დაემუქრა.

შავი ზღვის ზოგადი კვლევები და მათი შედეგები

შავი ზღვის ცენტრალური ღრმა წყლიანი ნაწილი სრულყოფილად იქნა გამოკვლეული 1990-იან წლებში, როდესაც მრავალი თანამედროვე მეთოდი ჯერ კიდევ არ არსებობდა. აღსანიშნავია საქართველო-უკრაინის პირველი ერთობლივი კვლევები, რომლის თანახმად ჩატარებული იქნა სინჯების ერთობლივი აღება და უკრაინასა და საქართველოს მეცნიერებს შორის მონაცემების გაცვლა ერთიანი ევროპული მეთოდების შესაბამისად. ასევე, პირველად განისაზღვრა უნიკალური კვლევა შავი ზღვის „კარგი ეკოლოგიური მდგომარეობის “ შესახებ.

რამოდენიმე წლის წინ პირველად დაიგეგმა ახალი ორგანული დამაბინძურებლების სკრინინგი. ეს მეთოდები შეიცავენ ზღვის წყლის დიდი მოცულობით გაფილტვრას სპეციალური კარტრიჯების საშუალებით, რომლებიც სორბენტებით არის ავსებული, რომლის მსვლელობის დროსაც მეცნიერები აკვირდებიან მომწამლავი ნივთიერებების კონცენტრირებას, რომლებიც გახსნილია ასობით ლიტრ წყალში – ერთ სინჯარაში კონცენტრირებამდე, რომლის გამოვლინებაც შეუძლიათ მაღალი სიზუსტის ძვირადღირებულ დანადგარებს. ხდება პასიური სინჯების აღება, რომლის დროსაც ზოგიერთი ტოქსიკური ნივთიერება იფილტრება, აგრეთვე ორგანული დამაბინძურებელი ნივთიერებების სკრინინგი, ანუ ევროპული კავშირის ერთერთი წამყვანი ლაბორატორიის ანალიტიკური მეთოდების ყველა ორგანული დამაბინძურებელის სრული შემადგენლობა (მაღალეფექტური ქრომატოგრაფია და ატომური მას-სპექტრომეტრია), რომლებიც შედეგს ავლენს ზღვის წყლის სინჯებში, თუ ისინი აღმოჩნდებიან „ნაკვალევის“ (განსაკუთრებით დაბალი) რაოდენობით. ტარდება ფსკერის დანალექის, თევზებისა და მოლუსკების ასობით ტოქსიკური ნივთიერების სკრინინგი. ჩვეულებრივად ასეთი სკრინინგი იძლევა რამდენიმე ასეული მომწამლავი ნივთიერების სიას, თუმცა შემდგომი კომპიუტერული გამოთვლების თანამედროვე ალგორითმი საშუალებას იძლევა საერთო სიიდან გამოცალკევდეს ათეული ან ცოტა მეტი ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც უფრო მეტად დამახასიათებელია კონკრეტულად შავი ზღვისათვის და სავარაუდოდ განსაკუთრებულ ზიანს აყენებს აქაურ ეკოსისტემას. ესენია ეგრეთწოდებული „სპეციფიური ადგილობრივი დამაბინძურებლები“. ეს შავიზღვისპირა ქვეყნებს საშუალებას აძლევს დიდი თანხები დაზოგოს იმის ხარჯზე, რომ შემდგომი შავი ზღვის საერთო ქართულ-უკრაინული კვლევის მონიტორინგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სპეციფიური ადგილობრივი ,,დამაბინძურებლების“ მოძებნასა და გამოვლენას.

საზღვაო ნაგვის ფართომაშტაბიანი გამოკვლევა

შავი ზღვის ერთობლივი კვლევის მსვლელობისას პირველად იქნა შექმნილი ნაგვის კომპლექსური მონიტორინგი . ნაგავს „დაიჭერენ“ ყველა მრავალფეროვანი ხერხით. ნაგვის მონიტორინგი ტარდება სამეცნიერო-კვლევითი გემის ბორტიდან პლანშეტისა და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, რომელიც შემუშავებულია ევროპული კომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრის მიერ. გარდა ამისა, სპეციალური ტრალის საშუალებით შესაძლებელია ნაგვის ამოღება ზღვის ფსკერიდანაც და შემდეგ კლასიფიცირდება გემის ბორტზე შესაბამისად. ყველა მიღებული მონაცემი გადაეცემა ზღვისა და მდინარეების ნაგვის მონაცემების ევროპულ ბაზას, რომელიც მდებარეობს ერთიან კვლევით ცენტრში.

შავი ზღვის დელფინთა კვლევა

შავი ზღვის დელფინების პოპულაციის მდგომარეობის გამოკვლევა რამდენიმე თანამედროვე მეთოდის გამოყენებით ხდება. მაღალხარისხიანი ოპტიკის გამოყენებით დგინდება ფოტოგრაფიული იდენტიფიკაციური კატალოგი, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, თუ რამდენ ლოკალურ ჯგუფად იყოფა დელფინების სანაპირო პოპულაცია, რამდენად იზოლირებულნი არიან ისინი ერთმანეთისაგან. ოდესის ოლქის პლიაჟზე ზღვის მიერ გამორიყული მკვდარი დელფინებისაგან შესაძლებელია ქსოვილის ანაჭრების ამოღება და შემგდომ ტარდება პოპულაციის სტრუქტურის გენეტიკური ანალიზი.

რაც შეეხება უახლოეს კვლევებს, 2017 წლის, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა განიხილეს. კონვენციის ხედვა შემდეგნაირია : „უნდა მოხდეს შავი ზღვის უნიკალური და ძვირფასი ეკოსისტემის შენარჩუნება საზღვაო და სანაპირო რესურსების მდგრადი გამოყენებით და სანაპიროს ქვეყნების ეკონომიკური განვითარების, მოსახლეობის კეთილდღეობის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის ინტერესების სრული გათვალისწინებით. ბუქარესტის კონვენციას აქვს მოქმედების არეალი – შავი ზღვა, თუმცა, ის ასევე მოიცავს დაბინძურების სახმელეთო წყაროებსაც. კონვენციის მიხედვით, ხარისხის მიზნები არის კომერციული საზღვაო სახეობების დაცვა, ზღვის ბიომრავალფეროვნების დაცვა და ადამიანის ჯანმრთელობის, რეკრეაციის და ზღვის ბიოლოგიური სახეობებისთვის ზღვის წყლის კარგი ხარისხის უზრუნველყოფა“. კვლევები ჩატარდა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ შელფზე (15 სადგურით), შავ ზღვაში ოდესიდან-ბათუმამდე 14 სადგურით და შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საქართველოს სანაპიროზე 15 სადგურით. კვლევებმა და ექსპედიციებმა აჩვენა, რომ ზღვის წყლებში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია განისაზღვრა ზღვის წყალში, ფსკერულ დანალექში, თევზების სხეულში. გაანალიზებული იქნა 2100-მდე დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაცია. შავ ზღვაში კვლევის დროს დამატებით განისაზღვრა 2041 სამიზნე ნივთიერების არსებობა. საქართველოს სანაპიროს გასწვრივ აღებულ წყლის სინჯებში დაფიქსირდა პესტიციდების მაღალი კონცენტრაცია, რაც მიუთითებს ამ დამაბინძურებლის ადგილობრივი წყაროების არსებობას. ასევე, ამ სინჯებში განისაზღვრა მძიმე ლითონების შემცველობები. გარემოს დაცვის კომიტეტის თქმით, შავი ზღვის სანაპიროს ბიოლოგიური მონიტორინგი მიმდინარეობდა წელიწადში 6-ჯერ. გასული წლიდან კი ეს მონიტორინგი პერმანენტული დაკვირვების სადგურზეც წარიმართება. პროექტის ფარგლებში უკვე შესწავლილია ზღვის ძუძუმწოვრების მდგომარეობა და მყარი ნარჩენების არსებობა. როგორც კომიტეტი ამბობს, კარგ სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ექსპედიციისას გამოიკვეთა ინვაზიური სახეობების რაოდენობრივი კლების ტენდენცია. ასევე, გამოიკვეთა, რომ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში კარგი ეკოლოგიური სტატუსის მაჩვენებელია.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ შავი ზღვის გავლენა საქართველოს ეკოსისტემებზე უდიდესია. ნებისმიერმა უარყოფითმა ფაქტორმა კი შეიძლება დიდი საფრთხე შეუქმნას მის რეზერვუარს. დღეისათვის ჩვენი მთავარი ამოცანა ქვეყნის ფარგლებში შემავალი შავი ზღვის ნაწილის დეტალური კვლევაა- წყლის ხარისხის, ეკოლოგიის, სანაპირო ზოლზე მიმდინარე პროცესებისა და სხვა. საჭიროა ზღვის წყლის მუდმივი მონიტორინგი, მასში შეწონილი ნაწილაკების მაჩვენებლის განსაზღვრა, ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის დადგენა და შესაბამისი პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება. შავი ზღვის დაბინძურებისგან განთავისუფლება კი წყლის ჯანსაღი გარემოს შექმნის საფუძველია.

გამოყენებული ლიტერატურა
1. მ. ელიზბარაშვილი, კ. ბილიკაშვილი, ნ. წივწივაძე „ზღვის ეკოლოგია“ (2009)
2. საქართველოს პარლამენტი. შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის კონვენციის ოქმი შავი ზღვის ბიოლოგიური მრავალფეროვნების და ლანდშაპტის შენარჩუნების შესახებ (24.09.2009)
3. EU / UNDP project „Improving Enviromental Monitoring in the Black Sea – Selected Measures”
4. emblasproject.org
5. სოციალურ-პოლიტიკური ჟურნალი „ლიბერალი“.გარემოს დაცვის სააგენტოს მოხსენება (06.11.2017)
6. ncp.ge
7. O. Kimball Armayor/ Harvard Studies in Classical Philology/ page 45