კონკურენციის ეკონომიკური პოლიტიკა

(კონკურენციის დაცვა)

ავტორის სტილი დაცულია

ლელა ღვინიაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის IV კურსის სტუდენტი
lela.ghviniashvili066@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

ნებისმიერი ეკონომისტი თანხმდება, რომ კონკურენცია მსოფლიო ბაზრის მნიშვნელოვანი საკითხია და მის გარეშე ბაზრის ფუნქციონირება შეუძლებელია. ამ თემაზე არჩევანი საქართველოში არსებულმა მდგომარეობამ გამაკეთებინა. როგორც ვიცით ბაზარზე არსებობს ჩავარდნები , როდესაც ბაზარი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს რესურსების ეფექტიან გადანაწილებას (მაგ., ბუნებრივი მონოპოლიების არსებობა) და შესაბამისად, თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა შეუძლებელია. საინტერესო იყო როგორ უდგებოდა საქართველოს ხელისუფლება და კომპეტენტური ორგანოები ამ პრობლემას და რა გადაწვეტილებებს იღებდნენ. გამოვიყენე დედუქციური მიდგომა , რაც გულისხმობს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს, ანუ პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ. დავიწყე განხილვა ზოგადად კონკურენციის პოლიტიკით და მივედი ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან როგორიცაა კონკურენციის დაცვა ბაზარზე.

Annotation

Any economist agrees that competition is an important issue in the world market and without it the market can not function.

The situation in Georgia made me choose this topic. As we know there are market failures when the market is unable to allocate resources effectively independently (eg, the existence of natural monopolies) and, consequently, free competition is impossible. It was interesting how the Georgian government and competent organizations faced this problem and what decisions they made.

I used a deductive approach, which means  a form of transfer of any subject knowledge, which is a logical process of discovering new knowledge based on general knowledge, therefore, the process is going from general to specific. I started discussing competition policy in general and I came across such an important issue as protecting competition in the market.

1.კონკურენცია

კონკურენცია  არის ეკონომიკურ აგენტებს (ბაზარზე მოქმედ კომპანიებს) შორის მეტოქეობა, ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად. კონკურენციის  სხვა განსაზღვრებები ასეთია: კონკურენცია არის ბაზარზე გარკვეული რაოდენობის, ერთნაირი საბაზრო ძალაუფლების მქონე ეკონომიკური აგენტების არსებობა, რომლებიც ერთმანეთთან შეუთანხმებლად მოქმედებენ; ასევე, კონკურენცია არის პროცესი, რომელიც აიძულებს ეკონომიკურ აგენტს, მომხმარებლის მოთხოვნები (პროდუქციის ფასი, ხარისხი და სხვა მახასიათებლები) გაითვალისწინოს.  დროთა განმავლობაში ეს პროცესი [კონკურენცია] მოქმედებს, როგორც შესარჩევი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც უფრო ეფექტიანი ეკონომიკური აგენტები ნაკლებად ეფექტიან ეკონომიკურ აგენტებს ჩაანაცვლებენ. კონკურენცია სწორედ იმ საკვანძო ფაქტორად არის მიჩნეული, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის გაცილებით სწრაფ ზრდას და მეტად კონკურენტუნარიანი, მომხმარებელზე ორიენტირებული ეკონომიკის არსებობას.

(კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში საერთაშორისო გამჭირვალობა, 2020)

2. კონკურენციის პოლიტიკა

თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ბიზნეს გარემოს მნიშვნელობას არაერთი აკადემიური კვლევის შედეგები ადასტურებს. კონკურენციის პოლიტიკის (ამერიკის შეერთებულ შტატებში მას ხშირად ანტიმონოპოლიურ პოლიტიკას უწოდებენ) მეშვეობით ხდება საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდა, რადგან თავისუფალი კონკურენცია განაპირობებს საქონლისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ფასების რეგულირებას (მათ შორის, შემცირებას), ხელს უწყობს სიახლეების დანერგვას, პროდუქტიულობის ამაღლებას და, შესაბამისად, საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას. ამასთანავე, კონკურენცია არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA) მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისათვის.  (ლექვინაძე, n.d.)

რისთვის გვჭირდება კონკურენციის პოლიტიკა?

ეკონომიკის თეორიიდან ცნობილია, რომ ბაზარზე არსებობს ჩავარდნები , როდესაც ბაზარი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს რესურსების ეფექტიან გადანაწილებას (მაგ., ბუნებრივი მონოპოლიების არსებობა) და, შესაბამისად, თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა შეუძლებელია. კომპანიის დომინირებული პოზიცია (კომპანიას ბაზარზე დომინირებული პოზიცია აქვს, როდესაც ის მნიშვნელოვან საბაზრო წილს ფლობს და კონკურენტი კომპანიები მის ეკონომიკურ გადაწყვეტილებაზე არსებით გავლენას ვერ ახდენენ.) ბაზარზე შესვლის ლეგალური ბარიერების არარსებობის (თავისუფალი შესვლა) შემთხვევაშიც კი შეიძლება შენარჩუნდეს შემდეგი მიზეზების გამო:

· სექტორისათვის დამახასიათებელი ფიქსირებული ხარჯები

 · ქსელური ეფექტები

· ჩაკეტილი წრის ეფექტი და გადართვის ხარჯები

ასევე შესაძლებელია, ბაზარზე არსებულმა კომპანიებმა შესაბამისი მონიტორინგის არარსებობის პირობებში გარკვეული ქმედებებით ისე გაზარდონ საკუთარი მოგება, რომ ამით ზიანი მიაყენონ საზოგადოების ეკონომიკურ კეთილდღეობას. ასეთი ქმედებები შეიძლება იყოს:

· გარიგება, რომელიც მიზანმიმართულად და არამართლზომიერად ზღუდავს კონკურენციას; 

· ორი ან ორზე მეტი დამოუკიდებელი კომპანიის შერწყმა, რაც კონკურენციის შესუსტებას იწვევს;

· კომპანიების მიერ შეთანხმებული ფასის დაწესება მომხმარებლის საზიანოდ;

· სხვა კომპანიების კონკურენტუნარიანობის შეზღუდვა.

ქვეყანაში გატარებულ ეკონომიკურ რეფორმებს, კერძოდ, ვაჭრობისა და საინვესტიციო გარემოს ლიბერალიზაციას, პრივატიზებასა და დერეგულაციას, შეუძლია მნიშვნელოვნად აამაღლოს კონკურენციის დონე, მაგრამ ეს ნაბიჯები ყოველთვის არ არის საკმარისი კონკურენციასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის სრულად გადაჭრისათვის. ეკონომიკის დერეგულაციის, პრივატიზებისა და შიგა ბაზარზე შესასვლელი ფორმალური ბარიერების მოხსნის პარალელურად, კვლავ არსებობს დომინირებული პოზიციის მქონე კომპანიის მიერ ბაზრის რემონოპოლიზაციის საფრთხე. შესაბამისად, ლიბერალიზაციისა და დერეგულაციის პროცესი კონკურენციის ეფექტიანი პოლიტიკის გარეშე წარმატებული ვერ იქნება. კონკურენციის პოლიტიკა, თავის მხრივ, მიზნად ისახავს, უზრუნველყოს ისეთი პირობების არსებობა, როდესაც კონკურენცია ბაზარზე ისე არ შეიზღუდება, რომ საზოგადოების ეკონომიკურ კეთილდღეობას ზიანი მიადგეს. კონკურენციის პოლიტიკის საბოლოო მიზანია მომხმარებელთა საჭიროებების დაკმაყოფილება. იგი ცდილობს, ერთმანეთისგან გამიჯნული იყოს კონკურენციის დაცვა და კონკურენტი ეკონომიკური აგენტების დაცვა. შიგა ბაზარზე არსებული კონკურენცია ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ბაზარზე მოქმედი კომპანიებისათვის, რათა მათ მოახდინონ ინვესტირება თავიანთი კონკურენტული შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. შესაბამისად, რაც უფრო მაღალია კონკურენცია შიგა ბაზარზე, მით უფრო მეტი მოტივაცია აქვთ კომპანიებს, რომ შეამცირონ ხარჯები და გააუმჯობესონ პროდუქციის ხარისხი. აკადემიური კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ კონკურენციასა და ეფექტიანობას შორის და კონკურენციასა და პროდუქტიულობის ზრდის ტემპს შორის დადებითი კორელაცია არსებობს, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა. (ლექვინაძე, თ. გ.)

3.კონკურენციის დაცვის ეკონომიკური პოლიტიკა

განვითარებული საბაზრო ეკონომიკის, კონკურენტუნარიანი ბაზრის ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანია ბაზარზე სამართლიანი წესების დაცვა. ეკონომიკური თეორია და პრაქტიკა ცხადყოფს, რომ გარკვეულ ბიზნეს სექტორებში, სადაც ბაზრის მექანიზმების დამოუკიდებელი მოქმედება არაეფექტურია და ვერ ხდება კონკურენციის უზრუნველყოფა, ძირითად მოთამაშედ გვევლინება სახელმწიფო. ეკონომიკის ლიბერალური სკოლის წარმომადგენელის მილტონ ფრიდმანის შეფასებით, სახელმწიფოს ერთ–ერთი ფუნქცია არის კონკურენციის დაცვა საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიების ზემოქმედებისაგან, რომელთაც შესაძლოა ბოროტად გამოიყენონ საკუთარი დომინანტური მდგომარეობა

კონკურენციის დაცვა, ანუ ბაზარზე სამართლიანი ღია, თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომლის მოწესრიგება ასოცირების შეთანხმების დადების წინაპირობას წარმოადგენდა (მენაბდიშვილი, 2018)

რატომ არის საჭირო კონკურენციის დაცვა?

სამომხმარებლო საქონელი იწარმოება იმისთვის, რომ მოვიხმაროთ. ისტორიამ აჩვენა, რომ მოხმარებასა და წარმოებას შორის საუკეთესო უკუკავშირი თავისუფალი ბაზარია. საბაზრო ეკონომიკის ძირითადი პარადიგმა მდგომარეობს იმაში, რომ ბაზრის მოთამაშეები დამოუკიდებლად და თავისუფლად განსაზღვრავენ, თუ რა გაყიდონ და რა შეიძინონ. თავისუფალი ბაზარი და მასზე პროდუქციის ფასის თავისუფალი ცვლილება შესაძლებლობას აძლევს მეწარმეს დაადგინოს, რა პროდუქცია სჭირდება მომხმარებელს და სწორედ ის აწარმოოს. ანუ, საბოლოოდ, თავისუფალ ბაზარზე მომხმარებელი განსაზღვრავს, თუ რა უნდა იწარმოებოდეს. თუმცა იმისთვის, რომ რესურსების ეფექტური გამანაწილებლის როლი შეასრულოს, აუცილებელია ბაზარი „თავისუფალი“ იყოს. ეს ნიშნავს შეთავაზებისა და არჩევანის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას. არჩევანი კი გულისხმობს მრავალფეროვნებას – პირველ რიგში ფასისა და ხარისხის, აგრეთვე სხვა მახასიათებლების მიხედვით. ამდენად არჩევანისთვის გადამწყვეტია ბაზარზე მსგავსი, მაგრამ მრავალფეროვანი საქონლის არსებობა და ამ საქონლის შეჯიბრება. სწორედ ეს არის კონკურენცია. (რატომ სჭირდება კონკურენციას დაცვა, 2016)

რატომ აქვს მეწარმეს კონკურენციის შეზღუდვის ცდუნება?

მეწარმის ძირითადი მამოძრავებელი ძალა არის მოგება. მოგება მით მეტია, რაც ნაკლებია დანახარჯები პროდუქციის წარმოებაზე და მეტია მისი გასაყიდი ფასი. თუ პროდუქტი თავისუფალ ბაზარზე იყიდება, მომხმარებლის მოსაზიდად მეწარმე იძულებულია შეამციროს პროდუქციის გასაყიდი ფასი და გააუმჯობესოს მისი ხარისხი – ანუ გაზარდოს პროდუქციის წარმოებაზე გაწეული დანახარჯები. შედეგად, გაწონასწორებულ კონკურენტულ ბაზარზე მეწარმის მოგება მინიმალურია. მაგრამ თუკი მეწარმემ რაიმე საშუალებით მოახერხა კონკურენციის მოსპობა და დაიბეგრა მომხმარებლები, რომლებიც იძულებულნი არიან პროდუქტი მხოლოდ მისგან შეიძინონ, მას შეუძლია გაზარდოს გასაყიდი ფასი და გააუარესოს პროდუქციის ხარისხი (და ამით შეამციროს პროდუქციის წარმოებაზე გაწეული დანახარჯები) – პროდუქტი მაინც გაეყიდება და მეწარმე გაცილებით მაღალ მოგებას მიიღებს. გასაგებია, რომ ყველა მეწარმეს აქვს ბუნებრივი მისწრაფება კონკურენციისგან „თავის დაძვრენისკენ“  ეს ხომ მას უფრო იოლ და უფრო მაღალ მოგებას უქადის.

კონკურენციის დარღვევის/შეზღუდვის სამი ძირითადი ტიპი არსებობს:

  • კონკურენციის შეზღუდვა ერთი მეწარმის მიერ, დამოუკიდებლად (მონოპოლია, ოლიგოპოლია, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება);
  • კონკურენციის შეზღუდვა რამოდენიმე მეწარმის მიერ ერთობლივად (კარტელი, კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებები და ერთობლივი ქმედებები);
  • კონკურენციის შეზღუდვა სახელმწიფოს მიერ (რომელიმე მეწარმის ან ნეწარმეთა ჯგუფის დახმარება ან პირიქით, შეზღუდვა).

კონკურენციის შეზღუდვა და მოსპობა ყოველთვის საზიანოა მომხმარებლისთვის: მას უწევს პროდუქტში მეტი ფასის გადახდა, იღებს უფრო მდარე ხარისხის პროდუქტს და მომსახურებას. გარდა ამისა, კონკურენციის მოსპობა ან შეზღუდვა საზიანოა საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისთვის. მეტი მოგების ძიება ხომ აიძულებდა მეწარმეებს პროდუქტის უფრო იოლად და იაფად წარმოების გზები ეძებნათ, ეს კი ტექნოლოგიური პროგრესის მამოძრავებელი ძალაა. კონკურენციის გაქრობისას ეს მამოძრავებელი ქრება და ტექნოლოგიური პროგრესი ჩერდება.

რომ შევაჯამოთ: მეწარმეთა კონკურენცია, თავისუფალი ბაზარი არის ის ველი, სადაც მეწარმისა და საზოგადოების ინტერესები ურთიერთბალანსდება. მეწარმე მუდმივად, ბუნებრივად ეცდება კონკურენციას დაუძვრეს. მომხმარებლის და ტექნოლოგიური პროგრესის ინტერესებისათვის საზოგადოება ასევე მუდმივად უნდა ცდილობდეს დაიცვას და შეინარჩუნოს თავისუფალი კონკურენცია ბაზარზე. (მენაბდიშვილი, 2018)

4.კონკურენციის დაცვა საქართველოში

კონკურენციის დაცვა, ანუ ბაზარზე სამართლიანი ღია, თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომლის მოწესრიგება ასოცირების შეთანხმების დადების წინაპირობას წარმოადგენდა. ამ მიმართულებით ქართული კანონმდებლობა ევროპულთან შესაბამისობაში ძირითადად 2014 წელს, ასოცირების შეთანხმების დადებამდე მოვიდა. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მთავარი ვალდებულება კი ამ კონკურენციის დაცვის სისტემის ეფექტური ფუნქციონიებაა. 2018 წლის მდგომარეობით, ევროკავშირის კონკურენციის დაცვის კანონმდებლობა საქართველოში ძირითადად გადმოტანილია. აგრეთვე შექმნილია და ფუნქციონირებს კონკურენციის სააგენტოც. თუმცა, საქართველოს კონკურენციის დაცვის კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში ჯერ კიდევ არ არის. კერძოდ, ძირითადი ნაკლოვანებებია:

1. კონკურენციის სააგენტოს არ აქვს საწარმოთა კონცენტრაციის ეფექტური კონტროლის საშუალება. კერძოდ:
კანონით არ არის გათვალისწინებული რაიმე სანქცია კონცენტრაციის წინასწარი შეტყობინების გარეშე განხორციელების შემთხვევაში, ან სააგენტოს დასკვნის არ-დალოდების, ან სააგენტოს უარყოფითი დასკვნის უგულებელყოფის შემთხვევაში.
• არ არსებობს პროცედურები კონკურენციის სააგენტოს დასკვნის გარეშე კონცენტრაციის ეფექტური პრევენციისათვის. მართალია საჯარო რეესტრს, მეწარმეთა გაერთიანების რეგისტრაციისას, ევალება სააგენტოს მიერ გამოცემული უარყოფითი დასკვნის გათვალისწინება, თუმცა, დიდი ალბათობით, მას არასოდეს მოუთხოვია კონცენტრაციის მხარეებისათვის სააგენტოს შეფასების წარდგენა.
• კონკურენციის სააგენტოს ძალიან მცირე ვადა აქვს მისთვის შეტყობინებული კონცენტრაციების შესასწავლად და შესაფასებლად (1 თვე, რომელიც საქმის სირთულიდან გამომდინარე კიდევ 2 კვირით შეიძლება გაგრძელდეს. ამ ვადაში სააგენტოს მხრიდან შეტყობინებულ კონცენტრაციაზე პასუხის გაუცემლობა დადებით პასუხად ითვლება), რაც საქმის სრულყოფილი ანალიზისათვის საკმარისი დრო არ არის, განსაკუთრებით კი რთული კონცენტრაციების შემთხვევაში.
• კონკურენციის სააგენტოს არასათანადო უფლებამოსილება გააჩნია კონკურენციის კანონმდებლობის ეფექტიან აღსრულებისათვის. კერძოდ, მას არ აქვს კანონით პირდაპირ მინიჭებული უფლება ეკონომიკური აგენტების სასამართლოს წინასწარი თანხმობით გარეშე შემოწმებისათვის. ასეთი შემოწმებების გარეშე კი კარტელების გამოვლენა შეუძლებელია.

2. საქართველოში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა მცირეა ევროკავშირთან შედარებით. კერძოდ:
• საქართველოში კარტელის შექმნისათვისან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისათვის შეიძლება ეკონომიკურ აგენტებს დაეკისროთ მათი წლიური ბრუნვის არაუმეტეს 5%-მდე ჯარიმა, მაშინ როდესაც ევროკავშირში ჯარიმების ზედა ზღვარი წლიური ბრუნვის 10%-ა.
• საქართველოს კონკურენციის სააგენტოს, განსხვავებით ევროკავშირის კონკურენციის ორგანოსაგან, არ აქვს უფლება პერიოდული (ყოველდღიური) ჯარიმები დაუწესოს ეკონომიკურ აგენტებს მათი შესაბამისი (დღიური) ბრუნვის 1-5 პროცენტამდე, რათა ისინი აიძულოს დაემორჩილოს კონკურენციის ორგანოს გადაწყვეტილებას.
3. საქართველოში კონკურენციის კანონმდებლობის ხანდაზმულობის ვადები უფრო მცირეა, ვიდრე ევროკავშირში. კერძოდ, საქართველოში ხანდაზმულობის ვადა 3 წელია, რომლის ათვლა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან იწყება. ევროკავშირში კი ხანდაზმულობის ვადა 5 წელია, რომელიც სამართალდარღვევის დასრულების/შეწყვეტის მომენტიდან აითვლება. (კონკურენციის დაცვა საქართველოში, 2019)

5.საქართველოს კონკურენციის სააგენტო

საქართველოს კონკურენციის სააგენტო შექმნილია კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად. კონკურენციის სააგენტო წარმოადგენს დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ მინისტრისა და საზოგადოების წინაშე. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნა, დაცვა და ამ მიზნით ყველა ტიპის ანტიკონკურენციული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა. (საქართველოს კონკურენციის სააგენტო, n.d.)

მათი მიზანია:

  • ბაზარზე უზრუნველყოფილი იყოს ეკონომიკური აგენტების თავისუფალი დაშვებისათვის სათანადო პირობები, გამოვლენილ და აღმოფხვრილ იქნას ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერები.
  • დაცული იყოს ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპი და მიღწეულ იქნეს კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა.
  • უზრუნველყოფილი იყოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას საჯაროობის, ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა.

სააგენტო უფლებამოსილია:

– გამოავლინოს დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევები და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;
– გამოავლინოს ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებები და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდინოს მათზე შესაბამისი რეაგირება;
– შეაფასოს დაგეგმილი კონცენტრაციების კონკურენტულ გარემოსთან შესაბამისობა და მიიღოს გადაწყვეტილება კონცენტრაციის დასაშვებობის ან დაუშვებლობის თაობაზე;
– გამოავლინოს ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;
– შეისწავლოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობა;
–აკონტროლოს სახელმწიფო დახმარებების კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადობა;
– განახორციელოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგი და ანალიზი კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოსავლენად.

სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო შეთანხმებებით, კანონით, სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არის დამოუკიდებელი.
სააგენტოს საქმიანობის პრინციპებია: დამოუკიდებლობა, არადისკრიმინაციულობა, მიუკერძოებლობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მისი გადაწყვეტილება ყოველთვის საჯაროა.(საქართველოს კონკურენციის სააგენტო, თ. გ.)

დასკვნა

როგორც უკვე აღვნიშნეთ კონკურენციის დაცვა ისევე როგორც კონკურენციის პოლიტიკა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზარზე არსებული სიტუაციებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. პირველ რიგში კონკურენციის დაცვა საჭიროა რათა არ მოხდეს ბაზრის ჩაყლაპვა მონოპოლისტი კომპანიების მიერ, რაც თავისთავად ბაზარზე გამოიწვევს როგორც ფასის, ისე წარმოების მოცულობის რღვევას. ასევე კონკურენციის სააგენტო, რომელიც შეძლებისდაგვარად, ეფექტურად იცავს კონკურენციას, მათი ინფორმაციები გამჭირვალეა და ნათლად ჩანს რა რეგულაციები ტარდება ზემოთ აღნიშნულიდან თავის დასაცავად. თუმცა დღევანდელი მდგომარეობით ვთვლი რომ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო რათა საქართველო ეკონომიკური პოლიტიკის მაჩვენებლებით წინა პლანზე იყოს.

გამოყენებული ლიტერატურა
  1. (n.d.). Retrieved from საქართველოს კონკურენციის სააგენტო: https://competition.ge/?fbclid=IwAR3G5-WhblEqWV2-pXv4VnDqewHsf_JbvuYaZZ0Z5nur55y1y2lIkT5B-mU
  2. გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი. (2014-2015).
  3. კონკურენციის დაცვა საქართველოში. (2019, 01 01). Retrieved from ასოცირება.ge: http://asocireba.ge/show_article.php?id=1&fbclid=IwAR3CaXCNjn9zhViZgS577mdyQauK1fq2jy8RlG9hW-tuQ6sbBZiNuDWorbw
  4. კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში საერთაშორისო გამჭირვალობა. (2020). Retrieved from https://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/Competition%20Policy%20in%20Georgia%20%28GEO%29.pdf?fbclid=IwAR2R2upBfD6EMjLLI0lDvvS-j7RygsUj6cSyV47ZpfWNQ79I0SUNMTy6LLE
  5. ლექვინაძე, ი. (n.d.). ეკონომიკური პოლიტიკის და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების გავლენა კონკურენციაზე საქართველოში. Retrieved from https://iliauni.edu.ge/uploads/other/33/33280.pdf?fbclid=IwAR1w__ULzwBw3Q4hI0ufmUVM_qk2K3-coUQf6B9aC1bIFjJz3mw1AlBV9pg
  6. მენაბდიშვილი, ს. (2018). საქართველოს კონკურენციის სამართლის შესაბამისობა ევროკავშირის კონკურენციის სამართლის ნორმებთან.
  7. რატომ სჭირდება კონკურენციას დაცვა. (2016, 01 01). Retrieved from ასოცირება.ge: http://asocireba.ge/show_article.php?id=209&fbclid=IwAR1WC2_uLiA2AgiZNxUcCKMLESNHWGJOrNTmHKpznVQGQlW3f8bzhfhILc4