შრომითი მიგრაცია და მისი გავლენა ეკონომიკაზე

ავტორის სტილი დაცულია
ქეთი სიდამონიძე     
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი
qsidamonidze@gmail.com

ანოტაცია

შრომითი მიგრაცია გლობალური ფენომენია და თანამედროვეობის გამოწვევას წარმოადგენს.იგი გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე და  სახელმწიფოში ადამიანური კაპიტალის ფორმირებაზე.მოცემულ ნაშრომში განხილურია შრომითი მიგრაცია,მისი არსი,როლი და გამომწვევი მიზეზები.ყურადღებას გავამახვილებთ მიგრაციის  როლზე ქვეყნის ეკონომიკის ფორმირებაში ,თუ როგორ ზემოქმედებს სამუშაო ძალის ნაკადები ქვეყნის ეკონომიკაზე . სიღრმისეულად შევისწავლით მის დადებით და უარყოფით გავლენას,როგორც მიმღებ,ისე მიმწოდებულ ქვეყნებზე.შრომითი მიგრაციული პროცესების მართვა არის ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ყოველმა სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს სამუშაო ძალის მიგრაციის დადებითი ეფექტი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.ზოგადი შედეგებისა და საქართველოს მაგალითის საფუძველზე კი გამოვიტანთ დასკვნას – შრომითი მიგრაცია არის ქვეყნის ეკონომიკის მასტიმულირებელი  თუ შემაფერხებელი ფაქტორი.

Annotation

Labor migration is a global phenomenon and a challenge of modernity. It affects the socio-economic development of the country and the formation of human capital in the state.The article discusses labor migration, its essence, role and causes. We will focus on the role of migration in shaping the country’s economy, how labor flows affect the country’s economy. We will study in depth its positive and negative impact on both recipient and supplied countries. Managing labor migration processes is one of the priorities of the country and every state should use the positive effects of labor migration for the development of the country’s economy. Based on the general results and the example of Georgia,  we will conclude that labor migration is a stimulating or hindering factor of the country’s economy.

შრომითი მიგრაციის არსი  და მიზეზები

ლიტერატურაში შრომითი მიგრაციის სხვადასხვა განმარტებებს ვხვდებით: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიხედვით სამუშაო ძალის მიგრაცია განისაზღვრება, როგორც დასაქმების მიზნით გადაადგილება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით კი, შრომითი  მიგრაცია არის გარკვეული დროით (3 თვეზე მეტი ხნით) საზღვარგარეთ დასაქმება, შემოსავლის მიღების მიზნით. იგი არის ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისგან თავის დაღწევის საკმაოდ ეფექტური გზა  გარდა ამისა ,იგი ცოდნისა და გამოცდილების მიღების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

ჟ.ზაიონჩკოვსკაია შრომით  მიგრაციას განმარტავს როგორც ადამიანთა დინამიურ, მოქნილ და ყველაზე დიდ მიგრაციულ ნაკადს, რომელიც სტიმულირდება მძიმე ეკონომიკური სიტუაციით. შრომითი მიგრაცია უკავშირდება ანაზღაურებას და გამომუშავებული თანხით განსაზღვრული პერიოდის ბოლოს უკან დაბრუნებას.

რ. ბილსბოროუსა და გ.ჰიუგოს განსაზღვრებით  შრომითი მიგრანტები არიან პირები, რომლებიც ქვეყნის მიერ  არიან მოზიდულნი მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობის მიზნით და არ წარმოადგენენ მათ მოქალაქეებს.

თუ შევაჯამებთ შრომითი მიგრაციის სხვადასხვა განმარტებებს მივიღებთ,რომ შრომითი მიგრაცია არის ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში დასაქმების მიზნით ხალხთა გადაადგილება.

სხვადასხვა წინააღმდეგობების მიუხედავად, უამრავი  ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას მიგრირების შესახებ, რათა თავიანთ ოჯახის წევრებს და ახლობელ ადამინებს  შესთავაზონ უკეთესი საცხოვრებელი პირობები და გააუმჯობესონ მათი ეკონომიკური მდგომარეობა . მიგრაციის წილი სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარებაში საკმაოდ დიდია. დიდია შრომითი  მიგრაციის როლი მსოფლიოს ქვეყნების განვითარებაში, მიუხედავად მოცემული ქვეყნების ნეგატიური განწყობისა.

შრომითი მიგრაცის მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ მრავალი ფაქტორი და მათ შორის არის: უმუშევრობა,მცირე შემოსავალი,ქვეყნებს შორის შრომის ანაზღაურებაში დიდი განსხვავება,პოლიტიკური, სოციალური, დემოგრაფიული, რელიგიური, ეთნიკური და სხვა მრავალი  ფაქტორი,რომელიც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს მოსახლეობის მასობრივ გადადგილებას.

შრომითი მიგრაციის გამომწვევი მიზეზები იცვლება  მიგრანტთა რაოდენობის ცვლილებასთან ერთად.თუ გასული საუკუნის განმავლობაში სამუშაო ძალის მიგრაციის მთავარ მიზეზს წარმოადგენდა პოლიტიკური კონფლიქტები და ეთნიკურ-რელიგიური დევნა ,ახლა ამ მიზეზებს დაემატა უმუშევრობა,სოფლის მოსახლეობის ზრდა,  არასრული დასაქმება, კომუნიკაციის გაუმჯობესება და სატრანსპორტო მომსახურების ფასების მკვეთრად შემცირება, განსხვავება ქვეყნების ანაზღაურებებს შორის, მცირე შემოსავალი, ეკონომიური და სავაჭრო კავშირების განვითარება, უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტთა სიჭარბე და თანამედროვე ტექნოლოგიებთან შეუსაბამობა, ქვეყნის მოსახლეობის სიმჭიდროვე, დემოგრაფიულად დაბერებულ ქვეყნებში მუშახელზე მოთხოვნის ზრდა, მდიდარი და ღარიბი ქვეყნების ეკონომიკურ შესაძლებლობებს შორის მზარდი სხვაობა, ეკონომიკის გლობალიზაცია და ა.შ. (ჭელიძე, ნ. შრომითი ემიგრაცია პოსტსაბჭოთა საქართველოში ლეგა, (2006).გვ.5-7)

შრომითი მიგრაცია და ეკონომიკური ზრდა

შრომითი მიგრაციის გავლენა სხვადასხვანაირად  აისახება ეკონომიკაზე და მას შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი ისე უარყოფითი ეფექტები.ეკონომიკური თვალსაზრისით მიგრაცია  მოქმედებს: დასაქმებაზე, უმუშევრობაზე, ეროვნულ პროდუქტზე, საგადამხდელო ბალანსზე, უცხოური ვალუტის შემოდინებაზე ქვეყანაში და სხვა მრავალ ფაქტორზე. მიიჩნევა,რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს იმ ადამინთა ემიგრაცია,რომელთაც უმაღლესი განათლება და ადამიანური კაპიტალის სხვა მახასიათებლები გააჩნიათ. ამ  პროცესს კი „ინტელექტის გადინება“ ეწოდება .იგი შემაფერხებლად იმის გამო არის მიჩნეული ,რომ ქვეყანაში დარჩენილი დაბალკვალიფიციური მოსახლეობა ვერ ანაცვლებს მაღალკვალიფიციურ ემიგრანტებს თავისი მწარმოებლურობის დონით,თუმცა არაკვალიფიციური მშრომელების ემიგრაცია  ნაკლებ  გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარების ტემპზე. ხშირ შემთხვევაში  არაკვალიფიციური კადრები ჭარბობს ქვეყანაში, ამიტომ მათი დაკარგვა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს საწარმოო შესაძლებლობათა შემცირების თვალსაზრისით. ასეთი სახის ემიგრანტების პოზიტიური გავლენა ეკნომიკურ ზრდაზე შეიძლება მიმდინარეობდეს მათი კვალიფიკაციის ამაღლებიდან.სხვა ქვეყნიდან  დაბრუნებული არაკვალიფიციური მიგრანტები, ხშირ შემთხვევაში  იძენენ ეკონომიკური განვითარებისათვის საჭირო უნარებსა და გამოცდილებას. განვითარებადი ქვეყნებიდან უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების – მათ შორის, ექიმების, ინჟინრებისა და სხვა პროფესიონალების  ემიგრაცია განვითარებულ ქვეყნებში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ამ შემთხვევაში, ადამიანური კაპიტალის ფორმირებისათვის გაწეული ხარჯები გამგზავნ ქვეყნებში შეიძლება დაკარგულად ჩაითვალოს. ეკონომიკური ზრდის მოდელის მიხედვით, რომელიც ტექნოლოგიურ ცვლილებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, გამგზავნი ქვეყნების გრძელვადიანი  ეკონომიკური ზრდის ტემპი ემიგრაციის შედეგად კლებულობს,თუმცა თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედ სხვა მრავალ ფაქტორს, ემიგრაციას შეიძლება არ ჰქონდეს გამოკვეთილი უარყოფითი შედეგი.  ზემოთ მოყვანილი მსჯელობა ეხება ემიგრაციის უშუალო გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ ეკონომისტები ასევე განასხვავებენ ფულადი გზავნილების როლს ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში. არსებული კვლევები არ იძლევა საშუალებას, ზუსტად გავარკვიოთ ფულადი გზავნილების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე. ზოგიერთი მკვლევარი მიუთითებს დადებით გავლენას, რაც ძირითადად განპირობებულია შინამეურნეობათა შემოსავლების ზრდით ე.წ. მულტიპლიკატორის ეფექტი ზრდის ერთობლივ მოთხოვნას ეკონომიკაში, რაც, საბოლოოდ, აისახება წარმოების მოცულობაზე. ფულადი გზავნილების შემოდინება ასევე ეხმარება ქვეყანას უცხოური ვალუტის რეზერვთა შევსებაში, რაც აუცილებელია იმპორტირებული საქონლის შესაძენად, ეკონომისტები, რომელთა აზრით ფულადი გზავნილები არ ახდენს პოზიტიურ გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე, რადგან,ეს რესურსები ხშირად არააუცილებელ მოხმარებაზე იხარჯება და არ ბანდდება პროდუქტიულ ინვესტირებაში. კვლევები ასევე აჩვენებს, რომ ფულადი გზავნილები ეკონომიკური ზრდისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია ნაკლებად განვითარებული საფინანსო სისტემის მქონე ქვეყნებში, რადგან დაფინანსების ეს მეთოდი გვევლინება ინვესტირებისა და ლიკვიდურობის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ. რაც შეეხება ღარიბებზე ორიენტირებულ ეკონომიკურ ზრდას, ფულად გზავნილებს შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს პირდაპირ უცხოურ ინვესტიცებთან შედარებით, იმის გამოს, რომ ფულადი გზავნილების დიდი ნაწილი იხარჯება პირველადი მოხმარების პროდუქტებსა და მომსახურებაზე. პირველადი მოხმარება იწვევს მულტიპლიკატორის ეფექტსაც იმ პროდუქტებზე, რომლებიც ადგილობრივად იწარმოება და, შესაბამისად, ხელს უწყობს მოსახლეობის ღარიბი ნაწილისთვის სასიკეთო ეკონომიკურ ზრდას,მაშინ როდესაც უცხოური ინვესტიციები ძირითადად მიედინება ისეთ სექტორებში, რომლებიც უშუალოდ გავლენას არ ახდენენ ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.

(ჯანგველიძე გ.”სამუშაო ძალის მიგრაცია და მისი მაკროეკონომიკური შედეგები”, სამაგისტრო ნაშრომი.თსუ 2019) (Michaella Vanore and Melissa Siegel, The Evolution of Gendered Migration Trajectories from moldova and Georgia,)

 შრომითი მიგრაცია და ადამიანური კაპიტალი

 ეკონომიკურ  ზრდაზე დიდ გავლენას ახდენს ადამიანური კაპიტალი,რომელში  ინვესტირებით ადამიანები ზრდიან თავიანთი შემოსავლების პოტენციალს და ხელს უწყობენ  მთლიანი ეკონომიკის ზრდას . ადამიანურ კაპიტალს მრავალი ცნება შეესაბამება ,მაგრამ მასში ძირითადად  გულისხმობენ :ინდივიდთა განათლებას, უნარ-ჩვევებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი ფორმირება, შესაბამისად, გულისხმობს პროცესს, რომლითაც რესურსები მიემართება ადამიანთა განათლების დონის ამაღლებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. არსებობს რამდენიმე მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელია  ადამიანური კაპიტალის ფორმირება  დაკავშირებული იყოს  მოსახლეობის ქვეყნიდან გადინებასთან.პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ემიგრაციის საშუალებით ინდივიდები თავიანთი განათლებისა და უნარ-ჩვევების სანაცვლოდ უფრო მაღალ უკუგებას იღებენ, ვიდრე საკუთარ სამშობლოში,თუმცა ინტელექტის გადინება აფერხებს ქვეყნების განვითარებას. აქვე უნდა გავითვალისწინოთ,რომ  ემიგრანტების მიერ საზღვარგარეთ მიღებული განათლების და კვალიფიკაციის წარმოშობის ქვეყნისკენ მიმართვა და ამ პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება მნიშვნელოვანი წამახალისებელი ძალა შეიძლება იყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ანალოგიურად, ქვეყანაში შემოსული უცხოელები წარმოადგენენ მნიშვნელოვან ადამიანურ, ინტელექტუალურ თუ ფინანსურ რესურსს მიმღები ქვეყნის ეკონომიკისათვის. მსოფლიოს არაერთი იმიგრაციული ქვეყანა სწორედ იმიგრანტების რესურსის გამოყენებით ახერხებს შრომის ბაზრისა და მზარდი ეკონომიკის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. კვლევების თანახმად, მიგრანტები, როგორც მიმღებ, ისე წარმოშობის ქვეყანაში უფრო მეტი ინიციატივით და მეწარმეობისადმი ინტერესით ხასიათდებიან, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა ,ამასთან, გამოკითხული დაბრუნებული მიგრანტების 19-20% თავად არის დამსაქმებელი ან თვითდასაქმებული. (ჯანგველიძე გ.”სამუშაო ძალის მიგრაცია და მისი მაკროეკონომიკური შედეგები”, სამაგისტრო ნაშრომი.თსუ 2019)

მიგრაციის გავლენა ინფლაციასა და გაცვლით კურსზე

სამუშაო ძალის მიგრაცია   ქვეყანაში ფასების ზრდაზე ძირითადად გავლენას ახდენს  ემიგრანტთა ფულადი გზავნილების საშუალებით  ვინაიდან ამ გზავნილების შემოსვლა ქმნის  დამატებით ეკონომიკურ აქტივობას, პროდუქციასა და მომსახურებაზე მოთხოვნისა და მოხმარების ზრდასთან ერთად.გრძელვადიან პერიოდში ფულადი გზავნილები ხელს უწყობს ინფლაციის პროცესებს.მრავალი კვლევა ადასტურებს  ფულადი გზავნილების დადებით ზემოქმედებას ინფლაციაზე. მიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფული ზრდის მოთხოვნას საქონელსა და მომსახურებაზე ,რაც თავისთავად მოთხოვნას ზრდის ეროვნულ ვალუტაზე,ხოლო  გაზრდილი მოთხოვნა ადგილობრივ ვალუტაზე იწვევს მისი ფასის ზრდას, ანუ გაცვლიი კურსის გამყარებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფულადი გზავნილების მსყიდველუნარიანობის შემცირება. იმ ქვეყნებში, სადაც მოხმარებული საქონლის დიდი ნაწილი იმპორტირებულია, ეროვნული ვალუტის გამყარებამ შეიძლება გამოიწვიოს ფასების შემცირება.ზემოთ აღნიშნული მოთხოვნის ზრდა იწვევს ფასების მომატებას, თუმცა ეს გავლენა შეიძლება  სულაც არ იყოს მნიშვნელოვანი,რადგან ზოგჯერ ფულადი გზავნილების წილი შედარებით მცირეა მოსახლეობის მთლიან შემოსავლებში. (ჯანგველიძე გ.”სამუშაო ძალის მიგრაცია და მისი მაკროეკონომიკური შედეგები”, სამაგისტრო ნაშრომი.თსუ 2019) (ჭელიძე, ნ. შრომითი ემიგრაცია პოსტსაბჭოთა საქართველოში ლეგა, (2006))

შრომითი მიგრაციის  დადებითი და უარყოფი ეფექტები მიმღები ქვეყნისთვის

დადებითი ეფექტები:

  • წარმოშობის ქვეყნებიდან მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვის შემთხვევაში, ეკონომიკას აქვს მეტი შესაძლებლობა მიიღოს მოგება, რადგან მიმღები ქვეყანა იყენებს უკვე მომზადებულ კადრებს, არ უწევს ახალ კადრებზე სახსრების გამოყოფა, მათი განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.
  • შრომითი მიგრანტების სახით იაფი სამუშაო ძალის გამოყენება ნაწილობრივ ეხმარება მიმღებ ქვეყნებს გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები და მიმზიდველი ინვესტორებისთვის.
  • შრომით მიგრაციის ხარჯზე სამუშაო ძალის დეფიციტის შევსებითა და საჭირო ადამიანური რესურსების მიღებით ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

უარყოფითი ეფექტები:

  • მიგრაციასთან დაკავშირებული საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პრობლემების გართულება, აღნიშნული ჯგუფის საქონელზე ერთობლივი მოთხოვნის ზრდის გამო ფასების მატება.
  • მიგრანტთა ინტეგრაციის მხარდამჭერ პროგრამებზე მაგალითად, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება, თავშესაფრის და სხვა სოციალური დახმარებების უზრუნველყოფაზე გაწეულ დახმარებებზე დამატებითი დანახარჯების ზრდა.
  • იაფი სამუშაო ძალის შემოდინების გამო, დემპინგი შრომის ბაზარზე, რაც ადგილობრივი სამუშაო ძალის ხელფასის შემცირებასაც განაპირობებს.

(ჯანგველიძე გ.”სამუშაო ძალის მიგრაცია და მისი მაკროეკონომიკური შედეგები”, სამაგისტრო ნაშრომი.თსუ 2019)

მიმწოდებელი ქვეყნისთვის შრომითი მიგრაციის დადებითი და უარყოფითი ეფექტები:

დადებითი ეფექტები:

  • შრომითი ემიგრანტების ფულადი გზავნილების ხარჯზე სამშობლოში დარჩენილი ოჯახების შემოსავლების ზრდა, სიღარიბის შემცირება და ცხოვრების დონის გაუმჯობესება.
  • მიგრანტთა დაბრუნების შემთხვევაში, მათ მიერ უცხოეთში მუშაობისას დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის, ახალი საწარმოო და ორგანიზაციული უნარების იმპორტი სამშობლოში და ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის გაზრდა.
  • მიმღებ და წარმოშობის ქვეყნებს შორის სამეურნეო კავშირების დამყარების, ერთობლივი საწარმოების დაფუძნების მეტი შესაძლებლობის არსებობა.

უარყოფითი ეფექტები:

  • ფულადი გზავნილების დიდი რაოდენობის შემოდინების შემთხვევაში, ინფლაციის ზრდა და გარკვეული ჯგუფის საქონელზე, უმეტესად ბინებზე მანქანებზე და სხვა საქონელზე, ფასების მატება.
  • მაღალკვალიფიციური კადრების გადინების შემთხვევაში, ქვეყნის სამუშაო ძალის ხარისხობრივი გაუარესება, ეკონომიკის მთელ რიგ სფეროებში საჭირო კვალიფიკაციის კადრების ნაკლებობა, ახალი კადრების მომზადებაზე დანახარჯების ზრდა.
  • არალეგალური შრომითი მიგრაციის შემთხვევაში, სამუშაო ძალის მიწოდების გამო, მიგრანტების პოტენციალის გამოუყენებლობა და მათი ადამიანური კაპიტალის გაუფასურება.

(ჯანგველიძე გ.”სამუშაო ძალის მიგრაცია და მისი მაკროეკონომიკური შედეგები”, სამაგისტრო ნაშრომი.თსუ 2019) (Michaella Vanore and Melissa Siegel, The Evolution of Gendered Migration Trajectories from moldova and Georgia,)

შრომითი მიგრაციის გავლენა  საქართველოს ეკონომიკაზე

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მიგრაციის გამომწვევი მიზეზები კომპლექსურია და დაკავშირებულია როგორც ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ ცვლილებებთან, ისე ადამიანების ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან. საქართველოს უახლეს ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც ემიგრაცია, ძირითადად, ქვეყანაში არსებული არასტაბილურობით და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარემოებებით იყო გამოწვეული,თუმცა მოგვიანებით ემიგრაციული ნაკადების ზრდაში უფრო მნიშვნელოვანი როლი ეკონომიკურმა და სოციალურმა ფაქტორებმა ითამაშეს.ემიგრაციის სხვა ხელშემწყობ ფაქტორებს შორის არანაკლებ მნიშვნელოვანია უკვე ჩამოყალიბებული დიასპორული ქსელები და გაერთიანებები, რომელთაც ასევე შეუძლიათ, ხელი შეუწყონ მიგრაციას. უკანასკნელ ათწლეულში ქვეყანაში გატარებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა, პოლიტიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან ერთად, ხელი შეუწყო იმიგრაციული ნაკადების ზრდასაც. თუმცა, ემიგრაციის მასშტაბები ამით მაინც არ შემცირებულა, რადგან ქართველი მიგრანტების ძირითადი დანიშნულების ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ეკონომიკა შედარებით შეზღუდული დასაქმების შესაძლებლობებს, შრომის ანაზღაურებას, სოციალურ დახმარებასა თუ ცხოვრების ხარისხს სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს.

საქართველოდან სამუშაო ძალის მიგრაციაზე საუბრისას გამოყოფენ სამ ძირითად ტალღას:

  • პირველი ტალღა ემთხვევა 1990-1995 წლებს, რაც უკავშირდება ეკონომიკურ ვარდნასა და კონფლიქტებს (ქვეყანა დატოვა დაახლოებით 650-მა ათასმა ადამიანმა ).
  • მეორე ტალღა გამოიწვია 1996 წლიდან 2004 წლამდე ეკონომიკურმა არასტაბილურობამ.
  • მესამე ტალღა 2004 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.

მოცემული ცხრილში ასახულია ევროკავშირის ქვეყნებში ბინადარი საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა წლებისა და საფუძვლების მიხედვით,აქედან გამომდინარე ჩანს , რომ შრომითი საქმიანობის მიზნით წასულთა რაოდენობის წილი  საკმაოდ დიდია მთლიანი ემიგრანტების რაოდენობაში ,უფრო კონკრეტულად ,2015 წელს 25 % -ს აღწევს ეს მაჩვენებელი ,2016 წელს 24,5 % -ს ,2017 წელს 23%-ს ,ხოლო 2018 წლის მონაცემებით 22,7%.მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლიდან 2018 წლამდე პროცენტული ცვლილება კლებადია ,მაინც საკმაოდ დიდი წილი აქვს შრომით ემიგრაციას ,მთლიან ემიგრანტთა რაოდენობაში.

სამუშაო ძალის მიგრაცია საქართველოს ეკონომიკაზე აქვს როგორც დადებითი ,ისე უარყოფითი ეფექტები.შრომითი მიგრაციის დადებითი გავლენა ეკონომიკაზე იმით გამოიხატება ,რომ ქვეყნიდან წასული პირები  ფულადი გზავნილების საშუალებით  ქმნიან დამატებით ეკონომიკურ აქტივობას, პროდუქციასა და მომსახურებაზე მოთხოვნისა და მოხმარების ზრდასთან ერთად.ხოლო უარყოფითი ეფექტად შეგვიძლია ის ჩავთვალოთ ,რომ ქვეყნიდან ხდება შრომისუნარიანი და განათლებული ხალხის გადინება ,რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის განვითარებასა და მწარმოებლურობაზე.

მსსკ-ის სამდივნოს დაკვეთით შინამეურნეობიდან 2019 წელს გამოკითხული იყო 499 ადამიანი და  ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ იმ ოჯახების თითქმის ნახევრისთვის (46%), ვისაც ერთი წევრი მაინც ჰყავს ან ჰყოლია საზღვარგარეთ, ეს წევრი საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში ოჯახის ძირითადი მარჩენალი იყო. ხოლო გამოკითხული ოჯახების ნახევარზე მეტი (57%) სისტემატურად იღებს/ იღებდა ფულს საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრისგან.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოცემულია ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ცხრილი ,რომელშიც განხილულია 2018 ,2019,2020 წლის ნოემბრის თვის მონაცემები.

დიაგრამაში ნათლად ჩანს ,რომ 2019 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 151,0 მლნ.აშშ დოლარს მიაღწია,რაც 13,3% -ით  მეტია 2018 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ,თუმცა 2020 წელს წინა წელთან შედარებით კიდე უფრო გაიზარდა ეს მაჩვენებელი (12,9 %)-ით ) და 169,9 მილიონი აშშ დოლარია. ეს ყველაფერი კი იმაზე მიგვანიშნებს ,რომ ყოველწლიურად ქვეყანაში შემოსული გზავნილების მოცულობა მზარდია და ზრდის  სახელმწიფოს ეკონომიკასაც,რაც  ქვეყნის გარეთ მყოფი სამუშაო ძალის დამსახურებაა.

ფულადი გზავნილების მოცულობა მშპ-ს მნიშვნელოვან წილს წარმოადგენს და ქვემოთ მოცემულ დიაგრამაში ასახულია 2015-2018 წლის ფულადი გზავნილების წილი მშპ-ში.

დიაგრამაზე გამოსახული მონაცემებით შეგვიძლია დავასკვნათ ,რომ 2015 წლიდან მოყოლებული ზრდადია ფულადი გზავნილების პროცენტული წილი ქვეყნის მშპ-ში და 2018 წელს 2015 წელთან შედარებით 2%- ით გაიზარდა ეს მაჩვენებელი ,რაც იმაზე მეტყველებს ,რომ მისი ფულადი გზავნილების წვლილი ქვეყნის მშპ-ს ფორმირებაში იზრდება და უფრო მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია მას ქვეყნის ეკონომიკაზე. (http://migration.commission.ge/files/mp19_web3.pdf)

 დასკვნა

მიგრაცია დღეისთვის უკვე აღარ წარმოადგენს უცხო მოვლენას და შეგვიძლია ვთქვათ ,რომ იგი გარდაუვალია  განვითარებადი ქვეყნებისათვის,სადაც მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ვერ ახერხებს საკუთარი თავის რეალიზაციას უნარ-ჩვევებით,განათლებით ,სამუშაო გამოცდილებითა თუ სხვა ფაქტორებით,რის შედეგადაც ქვეყნიდან ხდება ინტელექტის გადინება.რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი მიგრაციის ერთ-ერთი უარყოფითი მხარეა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკასთან. შრომით მიგრაციას თან ახლავს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური შედეგები,რაც ზემოთ უფრო დაწვრილებით განვიხილეთ როგორც მსოფლიოს ,ისე საქართველოს მაგალითზე. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ ,რომ შრომითი მიგრაცია არის ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორი ეკონომიკისთვის და მისი არსებობა გარკვეულწილად საჭიროა ,რათა არსებობდეს საერთაშორისო გზავნილები,ადგილობრივმა  მოსახლეობამ შეძლოს მაღალგანვითარებადი ტექნოლოგიების შესწავლა და მიიღოს გარკვეული გამოცდილება ,რომლის გაზიარებასაც მოახერხებს შემდგომ უკვე თავის ქვეყანაში,თუმცა თითოეულმა ქვეყანამ უნდა აკონტროლოს შრომითი მიგრაციის დროს ე.წ. ,,ტვინების გადინება’’ ,რათა სამუძაო ძალის  მიგრაცია იყოს  ქვეყნის ეკონომიკის მასტიმულირებელი  და არა  შემაფერხებელი ფაქტორი.

გამოყენებული ლიტერატურა

1.ჯანგველიძე გ.”სამუშაო ძალის მიგრაცია და მისი მაკროეკონომიკური შედეგები”, სამაგისტრო ნაშრომი.თსუ 2019.
2. ჭელიძე, ნ. შრომითი ემიგრაცია პოსტსაბჭოთა საქართველოში ლეგა, (2006).
3.Michaella Vanore and Melissa Siegel, The Evolution of Gendered Migration Trajectories from moldova and Georgia,.
4. http://migration.commission.ge/files/mp19_web3.pdf
5. https://migrationdataportal.org/
6. https://www.imf.org/