საფასო დისკრიმინაცია

ავტორის სტილი დაცულია

გიორგი კოხრეიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის IVკურსის სტუდენტი
giokokhreidze1@gmail.com

ანოტაცია

მოცემულ ნაშრომში განხილულია ეკონომიკის საინტერესო და აქტუალური თემა -საფასო დისკრიმინაცია. ნაშრომის პირველ ნაწილს სწორედ საფასო დისკრიმინაციების არსსა და სახეებს მივუძღვნი. სიღრიმისეულად შევისწავლი თითოეულ მათგანს და განვიხილავ მაგალითებს, რომლებიც რეალობაში გვხვდება. შემდგომ, ვისაუბრებ იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს საფასო დისკრიმინაცია ეკონომიკაზე. აღვწერ საბაზრო ეკონომიკის რამდენიმე მთავარ კომპონენტს. ვისაუბრებ საფასო დისკრიმინაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე. განვიხილავ აგრეთვე, საქართველოს მაგალითს. საფასო დისკრიმინაციის სამართლიანობის საკითხი ეჭვქვეშ დგას არა მარტო ეკონომისტებში, არამედ მთლიან საზოგადოებაში. ამიტომ, მიზანშეწონილად ჩავთალე კვლევის ჩატარება. ნაშრომის ბოლოს გაგაცნობით ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

Annotation

This article discusses one of the most interesting and actual issue of economics – price discrimination. Firstly, I will begin with  essence  and types of price discrimination. I will study in  dept  each of them and show examples in real life. Next, I want to speak about influence of price discrimination on economics. I will describe the main components of market economy. Also, I will speak about positive and negative sides of price discrimination. In addition, I will  describe the example of Georgia. Both economists and whole society put in doubt the issue about justice of price discrimination. So, I decided to make an analysis and in the end of article I will publicize the results.

საფასო დისკრიმინაციის არსი და სახეები

საფასო დისკრიმინაცია ძალზე საინტერესო და აქტუალური თემაა დღესდღეობით. პირველი წარმოდგენები მის შესახებ შეგვიძლია მოვიძიოთ ჯონ ლარდნერის და ფრანგი ინჟინერ-ეკონომისტის ჟული დიუპიუს ნაშრომებში. მოგვიანებით საფასო დისკრიმინაციის საბოლოო სახე მიეცა არტურ სესილ პიგუს ნაშრომებში.

დიუპიუ იყო პირველი, ვინც მიიპყრო ეკონომისტების ყურადღება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. იგი წერდა, რომ ერთი და იგივე პროდუქცია იყიდება განსხვავებულ ფასად, მაგრამ ფასებში განსხვავება არ არის დამოკიდებული დანახარჯებზე. გარდა საფასო დისკრიმინაციის განსაზღვრებისა იგი აგრეთვე წერდა საფასო დისკრიმინაციის აუცილებელ პირობებზე. მისი აზრით, მწარმოებელს მოცემული ფასი შეუძლია დააწესოს იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკურენტი არ გააჩნია, ანუ არის მონოპოლისტი. მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმის გასაგებად, თუ საიდან ჩნდება ორი ან მეტი ფასი ერთსა და იმავე პროდუქციაზე, როცა დანახარჯებში განსხვავება ასეთი მცირეა, ან საერთოდაც არ არის.

ლარდნერის შეხედულება განსხვავდებოდა დიუპიუს შეხედულებებისგან. ის ამტკიცებდა, რომ საფასო დისკრიმინაცია შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც ინსტრუმენტი მაქსიმალური მოგების მისაღებად. მან სარკინიგზო ტარიფების ანალიზის საშუალებით შეძლო მათი დიფერენციაცია მანძილისა და გადასაზიდი ტვირთის მიხედვით. ეს დიფერენცირება მან ელასტიკური მოთხოვნით რკინიგზის ტრანსპორტზე ახსნა.

ნახევარი საუკუნის შემდეგ საფასო დისკრიმინაციის ცნება კიდევ უფრო განვითარდა. თუ ყურადღებას არ მივაქცევთ უმნიშვნელო დადასტურებებსა და დამატებებს, მაშინ საფასო დისკრიმინაციის საბოლოო განმარტება მოგვცა არტურ პიგუმ. მის ნაშრომში „კეთილდღეობის ეკონომიკის თეორია“ უფრო სირღმისეულად განხილულია მოცემული საკითხი. სწორედ პიგუმ განასხვავა საფასო დისკრიმინაციის ტიპები და გამოყენების პირობები იმ სახით, როგორსაც დღეს ვხედავთ.[https://studfile.net/preview/7354004/]

საფასო დისკრიმინაცია არის მიკროეკონომიკური საფასო სტრატეგია, სადაც ერთი პროვაიდერის მიერ მიწოდებული მსგავსი/იდენტური საქონელი ან მომსახურება სხვადასხვა ბაზრებზე სხვადასხვა ფასად იყიდება. ფასების ასეთი დიფერენცირება არსებითად ეყრდნობა მომხმარებლების მხრიდან გადახდის მზადყოფნის ცვალებადობასა და ან მოთხოვნის ელასტიკურობას. საფასო დისკრიმინაცია ეყრდნობა მონოპოლიურ ძალაუფლებას, ბაზრის წილსა და პროდუქტის უნიკალურობას.

ფასების დისკრიმინაციის შესახებ მრავალი  განმარტება არსებობს. ყველაზე მიახლოებული და მარტივი ეკუთვნის ამერიკელ ეკონომისტს, ჩიკაგოს ეკონომიკის სკოლის წარმომადგენელს ჯორჯ სტიგლერს : „ფასების დისკრიმინაცია არის ერთი და იმავე პროდუქტის გაყიდვა განსხვავებული ფასებით, რომლებიც პროდუქტის ზღვრულ დანახარჯებს აღემატება“  [ჯ.სტიგლერი; 1946]

ფასების დისკრიმინაცია ხორციელდება გამყიდველის რწმენის საფუძველზე, რომ გარკვეულ ჯგუფებში მყოფ მომხმარებლებს შეიძლება მოსთხოვონ მეტ-ნაკლები თანხის გადახდა გარკვეული დემოგრაფიული მონაცემების საფუძველზე ან იმაზე დაყრდნობით, თუ როგორ აფასებენ ისინი ამ პროდუქტსა და მომსახურებას.

ბაზარზე დომინანტი ფირმა ახორციელებს საფასო დისკრიმინაციას, რათა ბაზრის მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი მოიცვას და ამით მოგების მაქსიმიზაციას მიაღწიოს. ბევრი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ეს გზა არ ახდენს უარყოფით გავლენას საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე.

საფასო დისკრიმინაცია დომინანტ ფირმას საშუალებას აძლევს გააფართოვოს ბაზრის საზღვრები, რაც რეგიონებს შორის არბიტრაჟის საშუალებას იძლევა.

ფირმებს, რომლებიც ახდენენ საფასო დისკრიმინაციას, შეუძლიათ კონკურენტების ჩამოშორება და მონოპოლიური ძალაუფლების მთლიანად დასაკუთრება.

საფასო დისკრიმინაციის განსახორციელებლად საჭიროა არსებობდეს გარკვეული პირობები:

პირველ რიგში, ფირმას უნდა გააჩნდეს საბაზრო ძალაუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ფასის მიმღებია და ვერ შეძლებს განსხვავებული ფასების დაწესებას. ზოგიერთი დარგი შეიძლება არ იყოს მონოპოლიური, მაგრამ გააჩნდეს საბაზრო ძალაუფლება.

მეორე, ფირმას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია მომხმარებლის გადახდისადმი მზადყოფნის შესახებ. აგრეთვე უნდა იცოდეს, თუ როგორ იცვლება არსებული ფასები ან მოთხოვნის ელასტიკურობა.

ბოლოს, ფირმას უნდა შეეძლოს ხელმეორედ გაყიდვების თავიდან აცილება. იმ მომხმარებლებს, რომელიც დაბალ ფასად შეიძენს პროდუქტს, შეუძლია შუამავლის როლი შეასრულოს და დაბალ ფასად ნაყიდი პროდუქტი ხელმეორედ გაყიდოს. ასეთ დროს ფირმა კარგავს მოგებას. გამოყოფენ საფასო დისკრიმინაციის სამ სახეს: პირველი, მეორე და მესამე ხარისხის საფასო დისკრიმინაცია. [მიკროეკონომიკა – ე.ხარაიშვილი; ი.გაგნიძე; თბილისი, 2014, თსუ]

პირველი ხარისხის საფასო დისკრიმინაცია

პირველი ხარისხის საფასო დისკრიმინაცია (სრულყოფილი საფასო დისკრიმინაცია) გვიჩვენებს თანხის სიდიდეს, რომლის გადასახდელადაც მზად არის მომხმარებელი. ე.ი. პროდუქტის მოთხოვნის სკალა შესაძლებელია წარმოვადგინოთ როგორც გადახდისადმი მზადყოფნის სქემა. მოთხოვნის მრუდი დაღმავალია, ამიტომ მომხმარებელი, რომელიც პროდუქტის პირველ ერთეულს ყიდულობს, მზადაა უფრო მაღალი ფასი გადაიხადოს, ვიდრე ის მომხმარებელი, რომელიც მეორე ერთეულის ყიდვას აპირებს.

პირველი ხარისხის საფასო დისკრიმინაცია იდეალურია გამყიდველისათვის. აღნიშნული სტრატეგიის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში იგი ყოველ ერთეულ პროდუქტს დააფასებს იმ მაქსიმალურ სიდიდედ, რომლის გადასახდელადაც მზად არიან მყიდველები.

პირველი ხარისხის საფასო დისკრიმინაციის ბევრი მაგალითი არსებობს. გამყიდველები ხშირად ცდილობენ გამოიცნონ თუ რისი გადახდისადმი არიან მზად მომხმარებლები, მიუხედავად იმისა, რომ მათი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ. თავდაპირველად, ისინი მოითხოვენ იმაზე მეტის გადახდას, ვიდრე ეს მომხმარებელს შეუძლია. გამყიდველი მყიდველს ფასზე მას შემდეგ შეუთანხმდება, როცა შევაჭრებით მოიპოვებს ინფორმაციას მყიდველზე.

პირველი ხარისხის საფასო დისკრიმინაციის მიახლოებულ სახეს აუქციონები და ტენდერები წარმოადგენენ, სადაც მონაწილეები კონვერტებით გადასცემენ თავიანთ პირობებს და შემდგომ ორგანიზატორები ერთდროულად ხსნიან მათ. ისინი აკმაყოფილებენ ზოგიერთ ხელსაყრელ წინადადებებს. მონაწილე განცხადებაში მიუთითებს ფასს, რომელიც სამართლიან ფასთან ახლოს არის და არ ახორციელებს ძალისხმევას სამომხმარებლო ნამეტის მისაღებად. უმეტეს შემთხვევაში მონოპოლისტს არ აქვს შესაძლებლობა ზუსტად გამოავლინოს ის ზღვრული თანხა, რომლის გადასახდელად მზად არის მომხმარებელი.

დისკრიმინაციის ეს სახე მონოპოლისტის იდეალს წარმოადგენს. იგი ახდენს დისკრიმინაციის შედეგების დემონსტრირებას: ფასობრივ დისკრიმინაციას მივყავართ წარმოების გაფართოებასთან და შესამაბისად მომხმარებლის სრულ დაკმაყოფილებასთან. იზრდება მონოპოლისტის შემოსავალი და მოგება. დამატებითი მოგება წარმოიშობა იმ საფუძველზე, რომ საშუალოდ მომხმარებელი ფასობრივი დისკრიმინაციისას მეტს იხდის, ვიდრე მის გარეშე. დამატებითი გადახდების ძირითადი ტვირთის მატარებელი არის გადახდისუნარიანი მომხმარებელი.

ნახაზი.1  პირველი ხარისხის საფასო დისკრიმინაცია

(წყარო: მიკროეკონომიკა – ე.ხარაიშვილი; ი.გაგნიძე; თბილისი, 2014, თსუ)

პირველი ხარისხის საფასო დისკრიმინაციის მაგალითი:  კომპანია Apple-მა გამოუშვა ახალი აიფონი და იწყებს მის გაყიდვას. თავდაპირველად იგი აწესებს უმაღლესს ფასს, ამ დროს მყიდველების რაოდენობა მცირეა. გარკვეული დროის შემდეგ კომპანია დაწევს ფასებს, რათა მიიზიდოს საშუალო ფენის მომხმარებლები. იგი დააკლებს ფასს იქამდე ვიდრე ის არ გაუტოლდება პროდუქციის ზღვრულ დანახარჯებს. ამ მეთოდით იგი ეტაპობრივად აწვდის თავის პროდუქციას სხვადასხვა ფენებს და იღებს მაქსიმალურ მოგებას.

 მეორე ხარისხის საფასო დისკრიმინაცია

ბაზარზე მომხმარებელი დროის მოცემულ პერიოდში პროდუქტის ან მომსახურების ერთ ერთეულზე მეტს ყიდულობს. მაგალითად, ყოველთვიურად მომხმარებლები ელექტროენერგიის და წყლის ბევრ ერთეულს ყიდულობენ. ადამიანები საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ და ბევრჯერ მგზავრობენ.

გამყიდველებმა იციან, რომ მომხმარებელთა მოთხოვნის მრუდი დაღმავალია, ანუ მომხმარებელთა გადახდისადმი მზადყოფნა ყოველი მომდევნო ერთეულის გაყიდვის შემდეგ კლებულობს. გამყიდველემა შეიძლება გამოიყენოს ეს ინფორმაცია, რათა გაზარდოს ნამეტი მომხმარებელთათვის რაოდენობრივი ფასდაკლების შეთავაზებით.

მეორე ხარისხის შემთხვევაში ეყრდნობიან პრინციპს „ყიდულობ მეტს, იხდი ნაკლებს“. მეორე ხარისხის საფასო დისკრიმინაციის ყველაზე პოპულარული ვერსიებია:  რაოდენობრივი ფასდაკლება, რომლის დროს ფასი მცირდება განსაზღვრული შკალით ერთჯერადი გაყიდვის ზომებთან დამოკიდებულებაში. მეორე – კუმულაციური ფასდაკლება, რომლის დროს ფასი მცირდება პროპორციულად საერთო გაყიდვებისა, იქიდან გამომდინარე, თუ რამდენს შეიძენს მოცემული მყიდველი დროის განსაზღვრულ პერიოდში. ბოლოს – წილობრივი ფასდაკლება ანუ ლოიალური ფასდაკლება, რომლის დროსაც ფასი მცირდება ამ მომწოდებელთან საქონლის შეძენის გამო.

მეორე ხარისხის დისკრიმინაციისას გასათვალისწინებელია ის, რომ პროდუქციის მსხვილი გაყიდვებისას გამყიდველის საოპერაციო ხარჯები მცირდება. ნაკლები დანახარჯებია შეფუთვაზე, მიწოდებაზე. ნაკლებია აგრეთვე შეკვეთების მიღებისა და დამუშავების საკანცელარიო დანახარჯები. მცირდება დროითი დანახარჯებიც. ამის გამო, დისკრიმინაციის ეს სახე ხარჯების თვალსაზრისით კიდევ უფრო მიმზიდველია.

ნახაზი 2. მეორე ხარისხის საფასო დისკრიმინაცია

(წყარო: http://www.feuerwehr-annaberg-lungoetz.at/assignment/price-discrimination-homework.php) 

მეორე ხარისხის საფასო დისკრიმინაციის მაგალითი: Coca-Cola-ს დისტრიბუტორები ყიდულობენ გარკვეული რაოდენობის შეკვრებს გაცილებით დაბალ ფასად, რადგან ისინი ყიდულობენ ბევრ შეკვრას.

 მესამე ხარისხის საფასო დისკრიმინაცია

მესამე ხარისხის დისკრიმინაციისას მწარმოებელი ყიდის სხვადასხვა მყიდველზე საქონელს სხვადასხვა ფასით, თუმცა თითოეულს ერთნაირი ფასი აქვს. ფირმას შეუძლია მომხმარებელთა სხვადასხვა სეგმენტის იდენტიფიკაცია. იგი მომხმარებელთა თითოეული ჯგუფისთვის მოთხოვნის მრუდს გამოიყენებს, რათა კონკრეტული სეგმენტისთვის მოგების მაქსიმიზაციის ფასი დააწესოს. თითოეული სეგმენტისთვის ფირმა ირჩევს ფასს, რომელიც ზღვრულ დანახარჯებსა და ზღვრულ ამონაგებს უტოლდება. მაგალითად: ავიაკომპანიები და რკინიგზა შემცირებულ ფასს უწესებს სტუდენტებს, მოსწავლეებს, პენსიონერებს, ჯარისკაცებსა და შშმ პირებს.

ძირითადი მასისთვის საერთო მონოპოლიური ფასის შეუმცირებლად შეღავათიანი ფასით მოიზიდება ნაკლებად უზრუნველყოფილი სოციალური ჯგუფები და საერთო კლიენტურა ფართოვდება.

მესამე ხარისხის საფასო დისკრიმინაცია, როგორც აღვნიშნეთ, მჭიდროდ უკავშირდება ბაზრის სეგმენტაციას. გაყიდვის სპეციალური წესები თვითმიზანი კი არ არის, არამედ საჭიროა სხვადასხვა მოთხოვნის მრუდის მქონე მომხმარებელთა ჯგუფების შესაბამისი სტიმულირება. აშკარაა, რომ ზოგიერთისთვის შეიძლება განსაკუთრებულად მიმზიდველი იყოს სხვაგვარი მიწოდება, როცა სხვა ჯგუფისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდეს.

ნახაზი 3. მესამე ხარისხის საფასო დისკრიმინაცია

(წყარო: https://www.tutor2u.net/economics/reference/monopoly-3rd-degree-price-discrimination)

მესამე ხარისხის საფასო დისკრიმინაციის მაგალითი: განვიხილოთ თბილისის მეტროპოლიტენი. იგი გარკვეულ შეღავათებს აწესებს მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტზე: სტუდენტები და პენსიონერბი სარგებლობენ გარკვეული შეღავათებით ხოლო მოსწავლეები უფასოდ მგზავრობენ. [მიკროეკონომიკა – ე.ხარაიშვილი; ი.გაგნიძე; თბილისი, 2014, თსუ] [მენეჯერული ეკონომიკა – Keat Paul G., თბილისი, 2013, თსუ]

 საფასო დისკრიმინაციის გავლენა ეკონომიკაზე

საბაზრო ეკონომიკის პირობებში სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი კონკურენციას უკავია. ეკონომიკის მთავარი მიზანია საზოგადოების კეთილდღეობის მაქსიმიზაციაა. ფირმებსა და მეწარმეებს კი ინდივიდუალური მიზნები ამოძრავებთ და კერძო ინტერესები გააჩნიათ. ისინი ცდილობენ მიიღონ მეტი შემოსავალი და მოახდინონ მოგების მაქსიმიზაცია, რაც ხშირად ეკონომიკის მთავარ მიზანთან თანხვედრაში არ მოდის.

განვიხილოთ მარტივი მონოპოლიის მაგალითი. მოკლევადიანი წონასწორობის მონოპოლისტის ცნობილი გრაფიკით (იხ. ნახ. 4) ფირმის მოგება შეადგენს  მართკუთხედს და ეს არის მაქსიმალური სიდიდე, რომელსაც იგი აირჩევდა. მაგრამ, ეს შედეგი სამართლიანია, თუ მონოპოლისტი ყველა მომხმარებლისთვის ერთიან ფასს ადგენს. ასეთი დაშვების არარსებობის შემთხვევაში მოგების მიღების პოტენციალი გაცილებით დიდია.

პირველ რიგში, შეიძლება ითქვას, რომ მოგების წმინდა დანაკარგია ე.წ. „ მონოპოლიის მკვდარი ტვირთი“. საქმე ისაა, რომ როცა მონოპოლისტი ზრდის ფასს, ამით იგი მოიკვეთს მომხმარებელთა იმ ნაწილს, რომლისთვისაც ეს ფასი საკმაოდ მაღალია. ამასთან ფასები, რომელშიც ზოგიერთ მომხმარებელს შეეძლო პროდუქციის შეძენა არამარტო საკმარისია ზღვრული დანახარჯების დასაფარავად, არამედ მონოპოლიურ მოგებასაც იძლევიან.

ნახაზი 4. მოკლევადიანი წონასწორობის მონოპოლია

(წყარო: მენეჯერული ეკონომიკა – Keat Paul G., თბილისი, 2013, თსუ)

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მონოპოლია ეკონომიკაზე ცუდად მოქმედებს, საფასო დისკრიმინაციას გააჩნია დადებითი მხარეებიც.

პირველ რიგში, ზოგიერთი სახის პროდუქტი და მომსახურება ძალზე ძვირია, რის გამოც მისი შეძენა მოსახლეობის ნაკლებშემოსავლიან ფენებს არ შეუძლია. საფასო დისკრიმინაციის შედეგად შესაძლებელი ხდება ასეთი ტიპის პროდუქტებისა და მომსახურების შეძენა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის.

მეორე – საფასო დისკრიმინაცია აძლევს საშუალებას სახელმწიფოს გაათანაბროს შემოსავლების სხვაობა მოსახლეობის ფენებს შორის.

მესამე – გაყიდვების მოცულობის ზრდა ამცირებს ფასების დონეს, რომელიც ხელს უწყობს თავისუფალ კონკურენციას.

თუმცა, არ უნდა შევცდეთ. ყველაფერს ორი მხარე აქვს და არც საფასო დისკრიმინაციაა გამონაკლისი. მთავარი სირთულე, რაც ინვესტორებს წინაშე დგას, არის ის, რომ კომპანიებს მოუწევთ სრულყოფილი ინფორმაციის მიღწევა თითოეული მომხმარებლის,  მათი პირადი შეღავათებისა და სურვილების შესახებ. გარდა ამისა, ბევრი მიმწოდებელი ხვდება, რომ მომხმარებელთან ფასის მოლაპარაკება შემაშფოთებელია და იყენებენ მენიუებსა და ფასების სიებს, რაც პირდაპირ გაყიდვებსა და გარიგებებს იწვევს.

მეორე, ფირმებს შეუძლიათ მწარმოებლის სუვერენიტეტის ათვისება. მომხმარებლებმა, რომლებსაც სრულყოფილი არაელასტიკური ან შედარებით არაელასტიკური მოთხოვნა აქვთ, შესაძლოა უფრო და უფრო მეტი ფასი გადაიხადონ, ვიდრე სურთ. მწარმოებლებმა იციან, რომ მათ შეუძლიათ მაღალი ფასები დააწესონ, რადგან დარწმუნებული იქნებიან მოთხოვნის არსებობაში. ეს ისე მთავრდება, რომ მომხმარებლები ყოველთვის იხდიან იმაზე მეტს, ვიდრე დისკრიმინაციის არარსებობის შემთხვევაში.

მესამე, მონოპოლიური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა. თუ მომხმარებელთა უმეტესობა იმაზე მეტ ფასს იხდის, ვიდრე სხვები, მაშინ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს მონოპოლიის საწინდარია.

თუმცა, საფასო დისკრიმინაცია შესაძლოა მოგვევლინოს ასევე არასრულყოფილი კონკურენციის სხვა ტიპის ბაზრებზეც. ფასობრივი დისკრიმინაციის პოლიტიკა შეიძლება მიმზიდველი აღმოჩნდეს ნებისმიერი ფირმისთვის.

გლობალიზაციისა და საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების კვალობაზე, საფასო დისკრიმინაცია იძენს ინტერნაციონალურ ხასიათს. დემპინგი – არის ფასების საერთაშორისო დისკრიმინაცია, რომლის დროსაც ხდება საქონლის გაყიდვა უცხოეთის ბაზარზე შინაგანი ბაზრის ფასებთან შედარებით ბევრად იაფად, ზოგჯერ თვითღირებულებაზე ნაკლებადაც. ეს კეთდება იმისთვის, რომ შიდა ბაზრიდან ჩამოვიშოროთ უცხოური კონკურენტები.

[საერთაშორისო ეკონომიკა – პოლ კრუგმანი, თბილისი, 2017, თსუ]

საფასო დისკრიმინაციის ნებისმიერი გამოვლინება, რომელსაც არაკეთილსინდისიერი კონკურენციისკენ ან ბაზრის მონოპოლიზაციისკენ მივყავართ, კანონით აკრძალულია. აგრეთვე, ფასების დისკრიმინაცია მიჩნეულია უსამართლოდ, როდესაც ის განხორციელდება რასის, რელიგიის, ეროვნებისა ან სქესის საფუძველზე.

საფასო დისკრიმინაცია საქართველოში

როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც ვაწყდებით საფასო დისკრიმინაციის მრავალ სახეს, ფორმასა და გამოვლინებას. იგივე რკინიგზა და კინოთეატრები აწესებენ განახევრებულ ფასებს სტუდენტებისთვის, პენსიონერებისთვის და ა.შ.

საქართველოში საფასო დისკრიმინაციის ყველაზე დიდი მაგალითია სააფთიაქო სისტემა, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული მაგალითები.

სააფთიაქო სისტემა ცნობილია მეორე ხარისხის საფასო დისკრიინაციის ერთ-ერთი ფორმით, როგორიცაა ერთგულების ბარათები, ყულაბები და ა.შ.

საქართველოში გვხდება აგრეთვე საფასო დისკრიმინაცია შესყიდვის დროის მიხედვით. მაგალითად, როცა ზოგიერთი ბენზინგასამართი სადგული კვირაში ორ დღეს სთავაზობს პროდუქციას შედარებით დაბალ ფასად. ლოგიკა ისაა, რომ მხოლოდ  ფასისადმი ყველაზე მგრძნობიარე მომხმარებლები შეუდგებიან იმის გარკვევას, რომელ ორ დღეში აქვთ დაბალი ფასი საწვავზე და შემდეგ იმ დღეებში ბენზინგასამართ სადგურთან მიემგზავრებიან.

ანალოგიურად, შეიძლება განვიხილოთ ავიაკომპანიები. ისინი აწესებენ სხვადასხვა ფასებს, კვირის, სეზონის, და დღის შესაბამისად. მაგალითად აგვისტოსა და აღდგომის პერიოდში, არდადაგების პიკის დროს, ფასი უფრო მაღალი იქნება, რადგან მოთხოვნა უფრო დიდია და არაელასტიკური.

ბევრი კლუბი, ლაუნჯი და კაფე იყენებს მესამე ხარისხის საფასო დისკრიმინაციას და თავის ერთგულ მომხმარებლებს უწევს გარკვეულ ფასდაკლებებს.

მუზეუმების ბილეთი, ანალოგიურად, უცხოელებისთვის უფრო ძვირია, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

საფასო დისკრიმინაციის შემთხვევებს აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუციის კანონის „კონკურენციის შესახებ“ მე-6 მუხლი.[https://matsne.gov.ge/ka/document/view/1659450?publication=10]

 კვლევა

საბაზრო ეკონომიკის პირობებში არაერთი კვლევა ჩატარდა საფასო დისკრიმინაციის შესახებ. მათი უმეტესობა ემსახურებოდა მიზანს გაეგო, რამდენად ეთიკურია და სამართლიანია საფასო დისკრიმინაცია?

დღემდე მიდის დავა საფასო დისკრიმინაციის ეთიკურობისა და სამართლიანობის შესახებ. კომპანიები ინახავენ თავიანთი მომხმარებლების პირად ინფორმაციას მარკეტინგული ქმედებების განსახორციელებლად. ამ მონაცემების გამოყენება ეთიკურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები კომპანიას ამაზე ნებას რთავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მოხდება ამ კონფიდენციალური მონაცემების გაყიდვა ან მანიპულირება, ეს ქმედება ეთიკისა და სამართლიანობის ყველანაირ ჩარჩოს სცდება.

დავინტერესდი, რას ფიქრობენ ჩვენი გარშემომყოფები და ჩავატარე კვლევა საფასო დისკრიმინაციის სამართლიანობის შესახებ.

კვლევის შედეგად გამოიკითხა 80 რესპოდენტი. შევნიშნავ, რომ უმეტესად ეკონომიკური განათლების მქონე რესპოდენტები იყვნენ.

გთავაზობთ კვლევის შედეგებს:

დიაგრამა 4.1 ასაკი

როგორც ვხედავთ, კვლევაში მონაწილეობა მიიღეს თითქმის ყველა ასაკის წარმომადგენელმა. 91,3%-ს 17-23 წლამდე, ანუ სტუდენტები წარმოადგენენ. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებულნი რა არის საფასო დისკრიმინაცია და ფლობენ შესაფერისს ეკონომიკურ განათლებას, იმისთვის, რომ ახსნან ეს მოვლენა.

24-40 წლამდე რესპოდენტების ნაწილი, თეორიულ ცოდნას, სავარაუდოდ პრაქტიკითაც ამყარებს. ბევრი მათგანი საფასო დისკრიმინაციას თავის სამსახურშივე ხვდება და შეუძლია გააკეთოს დასკვნა იმის შესახებ, თუ რამდენად სამართლიანია იგი.

41-60 წლამდე და 61+ მოსახლეობა, საკმაოდ გამოცდილი ადამიანები არიან. ბევრ მათგანს მოუწია რამდენიმე პოლიტიკური რეჟიმის შეცვლა და შეუძლიათ განასხვავონ ისინი.

დიაგრამა 4.2 სქესი

ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა გენდერული თანასწორობა სხვადასხვა საკითხში. არც ეკონომიკაა გამონაკლისი. დიაგრამაზე ასახულია რესპოდენტთა სქესი. ვხედავთ, რომ 72,5%-ს აქედან ქალები, ხოლო 27,5%-ს კაცები წარმოადგენენ. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ კვლევის მიხედვით, ქალები უფრო დაინტერესებულნი არიან საფასო დისკრიმინაციის საკითხით.

დიაგრამა 4.3 საფასო დისკრიმინაციის ცნობიერება

როგორც აღვნიშნეთ, რესპოდენტთა დიდი ნაწილი ეკონომიკური განათლების მქონეა. ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ გამოკითხულთა 90%-ზე მეტმა იცის, რა არის საფასო დისკრიმინაცია. ეკონომიკური განათლების მქონე ხალხის აზრს უპირატესობა მივანიჭეთ იმის გამო, რომ მათ, სხვებისგან განსხვავებით, შეუძლიათ ამ საკითხს შეხედონ, როგორც მოხმარებელთა, ასევე გამყიდველთა მხრიდან და შესაბამისად, ობიექტურად შეაფასონ.

დიაგრამა 4.4 საფასო დისკრიმინაცია პრაქტიკაში

აქ გამოსახულია საფასო დისკრიმინაციის რომელ სახეობას (სახეობებს) იყენებენ  რესპოდენტები პრაქტიკაში. კვლავ აღვნიშნავ, რომ მათი დიდი ნაწილი სტუდენტია, შესაბამისად მათ აქვთ გარკვეული პრივილეგიები, განსაკუთრებით მესამე ხარისხის საფასო დისკრიმინაციის მხრივ. ვხედავთ ასევე, რომ პირველი ხარისხის საფასო დისკრიმინაციას იყენებს გამოკითხულთა 15%, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ მათ გარკვეულწილად შეეძლოთ აუქციონებსა ან ტენდერებში მიეღოთ მონაწილეობა. მეორე ხარისხის საფასო დისკრიმინაცია, რასაკვირველია, ყველაზე პოპულარულია. მას იყენებს გამოკითხულთა 85% და ეს სულაც არაა გასაკვირი.

დიაგრამა 4.5 დამოკიდებულება საფასო დისკრიმინაციის მიმართ

ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვან დიაგრამაზე ვხედავთ რესპოდენტთა დამოკიდებულებას საფასო დისკრიმინაციის მიმართ. 71,3% მიიჩნევს, რომ საფასო დისკრიმინაცია სამართლიანი მოვლენაა, 21,3% იზიარებს საწინააღმდეგო აზრს, ხოლო 7,4%-ს გააჩნია ორაზროვანი დამოკიდებულება.

ამრიგად, როგორც აქამდე აღვნიშნე, საფასო დისკრიმინაციის სამართლიანობის შესახებ დავა ხშირია, თუმცა რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, გარკვეულწილად აზრი მართლა ორაზროვანია. ერთი მხრივ, საფასო დისკრიმინაციაში არაფერი უკანონო არ უნდა იყოს, ვინაიდან ფირმა ცდილობს მიაღწიოს მოგების მაქსიმიზაციას და ამისთვის მას ყველანაირი უფლება გააჩნია. მეორე მხრივ, სასწორზე დგას საზოგადოება და მისი კეთილდღეობა. ფირმის კერძო ინტერესები არ უნდა გამოიწვიოს საზოგადოების კეთილდღეობის დონის შემცირება, რადგანაც როგორც მორალური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, არ შეიძლება ფირმის ან მეწარმის კერძო ინტერესები მთელი საზოგადოების ინტერესებზე მაღლა იდგეს.[https://forms.gle/65suTxU3EDYnno758]

დასკვნა

პირველ რიგში, როგორც აღვნიშნე, საფასო დისკრიმინაცია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ფირმების ხელში. ვნახეთ, რომ მისი გამოყენებისთვის არ არის საჭირო ფირმა აუცილებლად მონოპოლისტად  გვევლინებოდეს. აგრეთვე ვნახეთ ისიც, რომ სწორი საფასო პოლიტიკის გატარებისთვის ფირმამ უნდა დააკმაყოფილოს გარკვეული პირობები.

მორიგი საინტერესო დასკვნა გამომდინარეობს საფასო დისკრიმინაციის გავლენიდან ეკონომიკაზე. როგორც აღვნიშნე, საბაზრო ეკონომიკის სისტემაში მნიშვნელოვანი კომპონენტებია – კონკურენცია, სახელმწიფო როლი და საერთაშორისო ასპარეზი. კონკურენციასთან საფასო დისკრიმინაცია პირდაპირკავშირშია. მას ახლავს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მოვლენებიც. სახელმწიფოს, როგორც ბაზრის მექანიზმის „მცველს“ აკისრია უამრავი ფუნქცია, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია – საკანონმდებლო ბაზა. ამიტომ სახელმწიფომ ყველანაირი ბერკეტისა და ინსტრუმენტის საშუალებით, მკაცრად და სამართლიანად უნდა დაარეგულიროს საფასო დისკრიმინაციის პოლიტიკა. საერთაშორისო ასპარეზზე საფასო დისკრიმინაცია გვევლინება უცხოური კონკურენტების ჩამომაშორებელ ბერკეტად დემპინგის სახით.

განვიხილე საქართველოს მაგალითიც და ბოლოს, წამოვაჭერი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ისეთივე ძველია, როგორც თვითონ საფასო დისკრიმინაცია. რამდენად სამართლიანია და რამდენად ეთიკურია ფასების ამგვარი მანიპულირება? როგორც გავიგე უამრავი კვლევის საფუძველზე, არამარტო ექსპერტებში, არამედ მთელ საზოგადოებში ეს მწვავე პოლემიკის საგანია. საინტერესოდ ჩავთვალე, გამერკვია, რას ფიქრობენ ჩვენი მეგობრები, ახლობლები თუ კოლეგები ამ საკითხზე. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევების შედეგადაც ვრწმუნდებით, რომ საფასო დისკრიმინაცია იყო, არის და იქნება დავის საგანი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. მენეჯერული ეკონომიკა – Keat Paul G., თბილისი, 2013, თსუ
  2. მიკროეკონომიკა – ე.ხარაიშვილი; ი.გაგნიძე; თბილისი, 2014, თსუ
  3. საერთაშორისო ეკონომიკა – პოლ კრუგმანი, თბილისი, 2017, თსუ
  4. https://studfile.net/preview/2103679/
  5. https://studfile.net/preview/7354004/
  6. https://matsne.gov.ge/ka/document/view/1659450?publication=10
  7. http://www.feuerwehr-annaberg-lungoetz.at/assignment/price-discrimination-homework.php
  8. https://www.tutor2u.net/economics/reference/monopoly-3rd-degree-price-discrimination
  9. https://forms.gle/65suTxU3EDYnno758