ტექნოლოგიების გავლენა ეკონომიკურ ზრდასა და განვითრებაზე

ავტორის სტილი დაცულია

თორნიკე კოხრეიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის II კურსის სტუდენტი
tornike.kokhreidze598@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

მოცემულ ნაშრომში განხილულია ტექნოლოგიების გავლენა ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე. განხივლას დავიწყებ ტექნოლოგიების არსის განსაზღვრით, გაგაცნობთ ტექნოლოგიების განვითარების ისტორიას, კონკრეტულად კი, ხაზს გავუსვამ ტექნოლოგიების  ცვლილებებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კაცობრიობის ევოლუციაში.  ყურადღებას გავამახვილებ კვლევებსა და განვითარების პროცესებზე, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვნის ეკონომიკური ზრდის საკითხებში და აგრეთვე ვისაუბრებ კავშირზე ტექნოლოგიებსა და ეკონომიკურ განვითარებას შორის.

Annotation

This article discusses technologies influence both on economic growth and development. Firstly, I will begin with technologies essence and show their historical development. I will highlight changes in technologies that have an important role in humanity evolution. Then, I will focus on Research and Development (R&D) processes that are essential for economic growth. Finally, I will discuss about relation between technologies and economic development.

ტექნოლოგიების არსი და ისტორიული განვითარება

ტექნოლოგია არის ის წესი და საშუალება, რომლითაც ხდება საწყისი (ნედლი, ამოსავალი) მასალის დამუშავება და შემდგომ საჭირო საქონლად ან მომსახურებად გარდაქმნა. მას ასევე განმარტავენ, როგორც მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების, კვალიფიციური შრომის, ჩვევების, იდეებისა და შესაბამისი ტექნიკური ცოდნის შერწყმას. ამ ყველაფერს მივყავართ ტექნოლოგიურ ცოდნამდე.

ტექნოლოგიური ცოდნა არის საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად საუკეთესო (ეფექტური, ოპტიმალური) ტექნოლოგიების შერჩევა. მისი ფუნქციაა იმის ჩვენება თუ როგორ ერკვევიან ადამიანები ტექნოლოგიურ მიღწევებსა და პროგრესში. პროგრესში მოიაზრება ისტორიული განვითარება, რომლის ცოდნა აუცილებელია ტექნოლოგიების არსის სიღრმისეულ გააზრებაში.     

კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებული მოვლენებია: სამრეწველო რევოლუცია, მაღალი და ულტრა ტექნოლოგიების აღმოჩენა. მათი საშუალებით შესაძლებელი გახდა უწყვეტი წარმოება, მოქნილი საწარმოო ტექნოლოგიების სრულყოფა, ტრანსპორტირების, კომუნიკაციის ხარჯების შემცირება და სხვ.

ამგვარად, ტექნოლოგიური პროგრესი არის მეცნიერების და ტექნიკის ერთობლივი, ურთერთგანპირობებული განვითარება და სოციალური პროგრესის საფუძველი, რომელსაც გააჩნია რამდენიმე ეტაპი. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

პირველი ეტაპი მიმდინარეობდა XVI-XVIII საუკუნეებში, ამ დროს დაიწყო სამეცნიერო და ტექნიკური პროგრესების კონვერგენცია (დაახლოება). ეს განპირობებული იყო იმით, რომ მანუფაქტორულმა წარმოებამ, ვაჭრობის მოთხოვნილებებმა და ზღვაოსნებმა პრაქტიკული ამოცანების თეორიული და ექსპერტული გადაწყვეტა მოითხოვეს.

მეორე ეტაპი XVIII საუკუნის ბოლოს დაიწყო და დაკავშირებული იყო სამანქანო წარმოების განვითარებასთან. ამ პერიდოში მეცნიერება და ტექნიკა დაჩქარებული ტემპით ერთმანეთის განვითარების სტიმულირებას ახდენენ.

მესამე და ბოლო ეტაპი, რომელსაც თანამედროვეს უწოდობენ, დღესაც მიმდინარეობს და განპირობებულია სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციით.

სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუცია არის საწარმოო ძალის ძირფესვიანი გარდაქმნა, რომლის გაჩენის მიზეზი მეცნიერების, როგორც საზოგადოებრივი განვითარების ფაქტორად და უშუალოდ საწარმო ძალად ქცევა იყო.

ტექნოლოგიების განვითარებამ მნიშვნელოვანდ შეამცირა კომუნიკაციისა და  ტვირთის გადაზიდვის დანახარჯები. თანამედროვე სამყაროში პოპულარული გახდა მოსაზრება, რომ მსოფლიო დაპატარავდა. ამ მოსაზრებაში გარკვეული სიმართლე არის, კერძოდ, ინტერნეტი ერთმანეთისაგან ათასობით მილით დაშორებულ ადამიანებს შორის მყისიერი კომუნიკაციის საშუალებას იძლევა, ასევე თვითმფრინავის გაჩენასთან შესაძლებელი გახდა მსოფლიოს თითქმის ყველა ნაწილში ფიზიკურად სწრაფად მისვლა.

ტექნოლოგიურმა პროგრესმა საშუალება მოგვცა ვისარგებლოთ ცხოვრების მაღალი სტანდარტით. ავტომობილები, მაცივრები და ელექტროგანათებები, რომლებიც წინა საუკუნეში ფუფუნების საგნებად ითვლებოდა და ერთეულებს ჰქონდათ, დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

ტექნოლოგიური პროგრესი ვალუტამაც კი განიცადა. ამისი ნათელი მაგალითია ბიტკოინი (მსოფლიო მასშტაბის კრიპტავალუტა და ელექტრონული გადახდის საშუალებაა). იგი გამოგენებულ იქნა იაპონელი სატოში ნაკამატოს მიერ 2008 წელს და 2015 წლისთვის ის უკვე 100 000-ზე მეტ სავაჭრო დაწესებულებას გადახდის საშუალებად ქონდა მიღებული. კემბრიჯის მიერ ჩატარებულ კვლევაში ბიტკოინის მომხმარებელთა რაოდენობა 2013 წელს 300 000-დან 1,3 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო 2013-2017 წლებში აქტიურ მომხმრებელთა რაოდენობა 2,9 მილიონიდან 5,8 მილიონამდე.

წყარო: https://www.coindesk.com/price/bitcoin

ნახაზ 1-ზე გამოსახულია ბიტკოინის ფასების მერყეობა წლების მიხედვით. თუ ავიღებთ წლის დასაწყისისთვის (1 იანვრისთვის) შესაბამის მონაცემებს მივიღებთ, რომ 2014-2015 წწ-ში ზრდისა და მატების ტემპებმა, შესაბამისად, შეადგინეს 36,94% და -63,06; 2015-2016 წლებში 155,38% და 55,38%; 2016-2017 233,17% და 133,17%; 2017-2018 1297,02% და 1197,02%; 2018-2019 წწ-ში 27,66% და -72,34%; 2019-2020 წლებში 194,6% და 94,6%. როგორც ჩანს ზრდისა და მატების ტემპებმა თავის პიკს 2017-2018 წლებში მიაღწია, რაც ნახაზზე 2018 წელს ბიტკოინის ფასების მკვეთრი ზრდითაა ნაჩვენები. 2014-2020 საშუალოწლიური ზრდისა და მატებისა ტემპები შესაბამისად არის (2020 წლითვის 18 დეკემბრის მონაცემების ჩათვლით): 145% და 45% ე.ი საშუალოდ, წინა წელთან შედარებით, ბიტკოინის ფასი იზრდებოდა 1,45-ჯერ. ასევე ნახაზიდან ჩანს, რომ კრიპტალუტის უმაღლეს აბსოლუტურ მნიშვნელობას 2020 წელს 18 დეკემბერს მიაღწია.  [მსოფლიო ეკონომიკა ( თ. ზუბიაშვილი, შ.ვეშაპიძე; 2009; თსუ)] [საერთაშორისო ეკონომიკა (პოლ კრუგმანი; 2017; თსუ)]

ტექნოლოგიების როლი ეკონომიკურ ზრდაში

იმისათვის, რომ ვნახოთ ეკონომიკურ ზრდაში ტექნოლოგიების მნიშვნელობა, უბრალოდ უნდა მიმოვიხედოთ ირგლივ. ცხოვრების დონის ზრდა ისეა შებურვილი ტექნოლოგიური პროგრესით, რომ ხშირად ეს ორი განურჩეველია ერთმანეთისაგან. თანამედროვე გამოგონებებმა შეცვალა საქონლის წარმოების მეთოდები, რომლებიც მუშაკებს საშუალებას აძლევს აწარმოონ განუზომლად მეტი, ვიდრე რამდენიმე თაობის წინათ ახერხებდნენ. ტექნოლოგიურმა პროგრესმა ასევე მოგვცა საშუალება მოვიხმაროთ ახალი საქონელი და მომსახურება, დაწყებული საჰაერო მოგზაურობიდან, დამთავრებული ელვა შესაკვრით, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში არ არსებობდა.

ზრდის აღრიცხვის განხორციელება გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მწარმოებლობაში ცვლილებებმა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში. როდესაც მწარმოებლურობა უმჯობესდება, წარმოების ფაქტორების იმავე რაოდენობით შესაძლებელია მთლიანობაში მეტი პროდუქციის გამოშვება. მწარმოებლურობის გაუმჯობესებით ბუნებრივი ახსნა გაუმჯობესებული ტექნოლოგიაა, მაგალითად, ახალი საწარმოო პროცესის გამოგონება.

ახალი ტექნოლოგიების შექმნა მოითხოვს ინვესტიციებს. კაპიტალის შექმნის ანალოგიურად, აქაც ვინმემ უნდა გამოყოს რესურსები, რომლებიც მოხმარდება შექმნას სრულყოფას და მწარომებლური იდეის პრაქტიკულ განხორციელებას. ტექნოლოგიებში ამ ინვესტიციების ბრუნვა მნიშვნელოვნად განსხვავდება ადგილებისა და დროის მიხედვით. თანამედროვე ეკონომიკა უზარმაზარ რესურსებს მიმართავს კვლევებსა და განვითარებაში (R&D), სისტემატურად მიმართავს ძალისხმევას ახალი პროდუქტების ან პროცესის შესაქმნელად.

R&D დანახარჯების უმეტესობას ფირმები კონფედენციალურად ახორციელებენ. ტექნოლოგიის კონცენტრაცია კერძო სექტორში კიდევ უფრო აშკარა ხდება, როგორც კი ფორმალური R&D-ის ფარგლებს გავცდებით, რომელიც ტარდება ლაბორატორიებში. ფირმები ძალიან დიდ ძალისხმევებს მიმართავენ, რათა გარდაქმნან საწარმოო პროცესები ხარისხის ასამაღლებლად ან დანახარჯების შესამცირებლად – პროცესი, რომელიც ცნობილი საამქროს R&D-ის სახით. მაშასადამე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტექნოლოგიური ცვლილებების ტემპი დამოკიდებული იქნება კერძო ფირმების გადაწყვეტილებებზე და თუ გვსურს გავიგოთ R&D-ის დანახარჯების დეტერმინანტები, უნდა განვიხილოთ იმ ფირმების პრობლემები, რომლებიც ღებულობენ გადაწყვეტილებას, განახორციელოს თუ არა R&D და რამდენად დიდი უნდა იყოს ის.

მაგრამ სანამ გადავალთ ამ პრობლემების განხილვაზე, ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე დაგანახებთ, თუ რამდენს ხარჯავენ ქვეყნები ამ სისტემატურ კვლევებზე.

როგორც ვხედავთ, საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება კვლევებზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, იაპონია, გერმანია, ჩინეთი. ჩილეს მაგალითზე ვხედავთ, რომ კვლევებზე არც თუ ისე დიდ თანხას ხარჯავენ. ამის მიზეზად, პირველ რიგში, შეგვიძლია ეკონომიკის მოცულობები დავასახელოთ. ნათელია ტენდენცია, რომ განვითარებული ქვეყნები გაცილებით დიდ თანხებს ხარჯავენ კვლევებსა და განვითარებაში, რათა კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიონ ინოვაიცებსა და ეკონომიკური ზრდის საკითხებში. ჩილე და მისი მსგავსი განვითარებად ქვეყნებში კი, კვლევებისა და განვითარების წარმოება პრიორიტეტს არ წარმოადგენს. განვითარებულ ქვეყნებს თუ გადავხედავთ, მათთვის ასეთი უზარმაზარი თანხებიც კი არ წარმოადგენენ პრობლემას, რადგანაც მათი მთლიანი სამამულო პროდუქტის (GDP) 2-3 %-საც კი არ აჭარბებს.

როგორც ჩანს, იაპონიაში 2015 წლიდან დაწყებული კვლელებისა და განვითრების ბიუჯეტი ზრდის ტენდენციით ხასიათდება (არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ამომავალი მზის ქვეყანაში უკვე მუშა რობოტებიც არსებობენ), 2016 წლიდან კი მასშტაბიდან ზრდადი უკუგებითაც კი. აშშ-ში სიტუაცია ცოტა სხვაგვარადაა. 2015-2016 წლებში, ასევე 2017-2019 წლებში შეინიშნება ზრდადი, ხოლო 2016-2017 წწ-ში კლებადი ტენდენცია. 2017-2019 წწ-ში სახეზეა კლებადი ზღვრული უკუგება.

ახლა დავუბრუნდეთ კვლევებისა და განვითარების დეტერმინანტებს.

პირველი პრობლემა არის მოგების გათვალისწინება. ფირმები მონაწილეობას მიიღებენ R&D-ში იმ იმედით, რომ რაღაცას გამოიგონებენ. თუ ფირმა წარმატებას მიაღწევს, მას შეუძლია საკუთარი მოგების გაზრდა. ფირმის თვალსაზრისით, საუკეთესო შემთხვევაში, ეს გამოგონება მას მისცემს მონოპოლიას ზოგიერთი პროდუქტის გაყიდვაზე, რაც მას ხელს შეუწყობს გამოიმუშავოს ზემოგება. გარდა ამისა, ახალმა შეიძლება ფირმას მისცეი იმ პროდუქციის წარმოების საშუალება, რომელიც იყიდება სხვა ფირმების მიერ, მაგრამ ეს პროდუქცია მან შეიძლება აწარმოოს უფრო იაფად. ნებისმიერ შემთხვევაში, დამატებითი მოგება, რომელიც ფირმას უბიძგებს პირველმა განახორციელოს R&D. რაც უფრო მაღალია რაიმეს გამოგონებასთან დაკავშირებული მოგება, მით უფრო მზად იქნება ფირმა მეტი დახარჯოს მისი გამოგონების მცდელობაში.

მეორე – შემოქმედებითი ნგრევა. ეს არის ფირმის სტიმული განახორციელოს R&D, რომელიც ნათლად გვიჩვენებს კიდევ ერთ მომენტს: ხანგრძლივ პერიოდში მოგება, რომელსაც ფირმა ღებულობს ახალი ტექნოლოგიის შექმნის შედეგად, წარმოიქმნება სხვა ფირმების ხარჯზე. ეკონომისტმა ჯოზეფ შუმპეტერმა შემოქმედებითი ნგრევის სახელი უწოდა პროცესს, რომლის მეშვეობითაც ახალი გამოგონებები ქმნის მოგებას ფირმებისათვის. პირველ რიგში, ეს მოგება სტიმულს იძლევა სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობისთვის, ხოლო ამგვარად შექმნილი ახალი ტექნოლოგიები საბოლოო ჯამში, გამოიდევნება კიდევ უფრო ახალი ტექნოლოგიებით.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად აღვნიშნავთ ახალი ტექნოლოგიების ტრიუმფს, ჩვენი ენთუზიაზმი ახდენს ფირმებისა და მუშაკების მიერ განცდილი დეზორგანიზების იგნორირებას, რომლებსაც ახალი ტექნოლოგიები იწვევს. ისტორია სავსეა მაგალითებით, როცა ადამიანები დაზარალდნენ ტექნოლოგიური პროგრესით და ისინიც ეწინააღმდეგებოდნენ მას. ყველაზე ცნობილი მაგალითია ლუდიტების მაგალითი, როცა საფეიქრო მუშები მე-19 საუკუნის დასაწყისში ანადგურებდნენ საფეიქრო მანქანებს, რომლებიც მათ აკარგვინებდა სამუშაოს. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ბაზარზე დომინირებადი ტექნოლოგიების მქონე ფირმები ხშირად ცდილობდნენ ჩაეხშოთ ახალი თაობების ტექნოლოგიები. მაგალითად, 2000 წელს აშშ-ის საოლქო სასამართლომ დამნაშევედ სცნო Microsoft-ი იმაში, რომ მან ბოროტად გამოიყენა თავისი მონოპოლიური მდგომარეობა კომპიუტერულ ინდუსტრიაში ინოვაციების ჩიხში მოსაქცევად.

რადგანაც ტექნოლოგიური ცვლილება ესოდენ დამანგრეველი შეიძლება იყოს, ისეთი ეკონომიკური სისტემის შექმნა, რომელიც წაახალისებს ტექნოლოგიურ ცვლილებას, დელიკატური საქმეა. იმდენად, რამდენადაც ეკონომიკური სისტემები ყოველთვის ვერ უზრუნველყოფენ მართებულ სტიმულს, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ხშირად იბლოკება. [ეკონომიკური ზრდა ( დევიდ ნ. უელი; 2016; თსუ)]

ტექნოლოგიების როლი ეკონომიკურ განვითარებაში

ეკონომიკური განვითარება ეკონომიკის მასშტაბების თვისებრივად ახალ, უფრო სრულყოფილ მდგომარეობაში გადასვლას ნიშნავს. გასაკვირი არაა, რომ სწორედ ტექნოლოგიური პროგრესი გვაძლევს ბიძგს ამ პროცესის სწორად წარმართვისთვის.

როგორც აქამდე აღვნიშნეთ, ტექნოლოგიური პროცესი ხორციელდება ინოვაციების მეშვეობით. ასეთი იყო სამრეწველო რევოლუცია, სტანდარტიზაცია, მექანიზაცია, კონვეიერული ხაზები. მათი მეშვეობით შესაძლებელი გახდა უწყვეტი, მოქნილი საწარმოო ტექნოლოგიის სრულყოფა, რამაც მწარმოებლურობის ამაღლება გამოიწვია. ამას თან დასდევს ადამიანის როლისა და ფუნქციების შეცვლა წარმოების პროცესში და საბოლოოდ, ქვეყნის საწარმოო შესაძლებლობათა ზრდა.

ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში მნიშვნელოვანი ადგილი მაღალ ტექნოლოგიებს უკავია. განსაკუთრებულ ცვლილებებს იწვევს მათი გამოყენება ეკონომიკაში. მაღალი ტექნოლოგიები ეკონომიკის განვითარების ტენდენციებს ცვლის, როგორც ლოკალური, ისე გლობალური მასშტაბით. ის, ქვეყანაში კონკურენტუნარიანობისა და კეთილდღეობის ზრდის კვალობაზე, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ეროვნული ეკონომიკის ადგილს მსოფლიო ეკონომიკაში.

მაღალი ტექნოლოგიების საფუძველზე წარმოების ორგანიზაციის სრულყოფის, საქონლისა და მომსახურების ახალ სახეობათა შექმნის შედეგად, მცირდება ტრანსაქციური და ტრანსფორმაციული დანახარჯები. იზრდება რესურსების რაციონალური გამოყენების შესაძლებლობები. იცვლება წარმოების ორგანიზაციის ფორმები და მეთოდები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანის ადგილი და როლი, როგორც წარმოებაში, ისე ყოფა-ცხოვრებაში. თუ გადავავლებთ თვალს კაცობრიობის ისტორიას, საზოგადოების პროგრესი და  მისი გადასვლა ახალ თვისებრივობაში ყოველთვის დაკავშირებული იყო ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან.

ბუნებრივია, გარკვეული დროის შემდეგ მაღალი ტექნოლოგიები კარგავენ თავიანთ მნიშვნელობას და ადგილს უთმობენ სულ უფრო და უფრო ახალ ტექნოლოგიებს. მაგალითად, თანამედროვე ეტაპზე უმაღლესი ტექნოლოგიების დარგებიდან გამოირჩევა ელექტრონიკა. სწორედ მისმა განვითარებამ გახადა შესაძლებელი, შექმნილიყო გამოთვლითი ტექნიკა, საინფორმაციო-გამზომი სისტემები, ინტეგრალური სქემები, კონდენსატორები, რადიო, ტელევიზორი, კომპიუტერი, რობოტები და ა.შ.. აშკარაა, რომ მათი გამოყენების გარეშე ვერ იარსებებდა ეკონომიკის ვერცერთი დარგი და ადამიანთა საქმიანობის ვერცერთი სფერო. ეს კი, წარმოუდგენელს ხდის ინფორმაციის მოპოვების, გადამუშავების, გადაცემისა და გამოყენების თანამედროვე დონეს.

აღსანიშნავია აგრეთვე ინფორმაციული და ტელეკომუნიკაციური ტექნოლოგიების მნიშვნელობა, ვინაიდან ისინი განაპირობებს ეკონომიკაში ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც მოიცავს ეკონომიკური და სოციალური საქმიანობის თითქმის ყველა სფეროს.

მაღალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფერო. ეს გახლავთ ხელოვნური ინტელექტი. ის გულისხმობს ისეთი მანქანების შექმნას, რომელსაც გააჩნია ცოცხალი ორგანიზმის, მათ შორის ადამიანის, ნიშნები, როგორიცაა მსჯელობა, აღქმა, მოძრაობა და სხვა. დღეისათვის საუბარი შეგვიძლია არა მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტზე, არამედ „მოაზროვნე“ მანქანებზე, რომელთაც აქვთ ადამიანის ტვინის მსგავსი მოწყობილობები.

„მოაზროვნე“ მანქანების საკითხთან დაკავშირებით, ბევრ მკვლევარს მიაჩნია, რომ დაიწყება „მოაზროვნე ტექნოსფეროს ეპოქა“. ტექნოსფერო წარმოადგენს ტერმინს თანამედროვე ცივილიზაციის აღსაწერად, რომელიც ხასიათდება ტექნოლოგიისა და მეცნიერული მეთოდების ფართო გამოყენებით სინამდვილის გარდასაქმნელად. იგი შექმნილია ადამიანების მიერ და მასში მთავარ როლს ასრულებს ინფორმაციულ-ტელეკომუნიკაციური ტექნოლოგიები. მოაზროვნე ტექნოსფერო ისარგებლებს გაცილებით დიდი შესაძლებლობებით ვიდრე ცალკე აღებული მოაზროვნე მანქანა, რადგანაც მოაზროვნე ტექნოსფერო წარმოადგენს ასეთი მანქანების მოწესრიგებულ ერთობლიობას.

ამრიგად, მაღალი ტექნოლოგიები ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, ვინაიდან იგი იწვევს ეკონომიკური სისტემის ყველა ელემენტის განვითარებასა და სრულყოფას. [ეკონომიკური განვითარება ( რ.აბესაძე; 2018; თსუ)]

დასკვნა

შევაჯამოთ ნაშრომის ძირითადი საკითხები: პირველ რიგში, ტექნოლოგიური განვითარება, კაცობრიობის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე, განაპირობებდა ადამიანის საცხოვრებელი პირობებისა და უშუალოდ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ცეცხლის აღმოჩენიდან მოყოლებული და უახლესი, მოდერნიზებული რობოტოტექნიკის წარმოებამდე მოსული ტექნოლოგიამ გრძელი და საინტერესო გზა გაიარა. აგრეთვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ტექნოლოგიის განვითარება უწყვეტად ხდება, ვინაიდან ადამიანს მუდმივად სჭირდება გაუმჯობესებული და უფრო მაღალი დონის პირობები.

მეორე, გავაანალიზეთ ტექნოლოგიური პროგრესის როლი ეკონომიკურ ზრდაში. ტექნოლოგიებში გაუმჯობესება ნიშნავს იმას, რომ იმავე რესურსებით შესაძლებელია პროდუქციის უფრო მეტი რაოდენობის წარმოება. ამგვარად, ტექნოლოგიური პროგრესი მუდმივი ეკონომიკური ზრდის გასაღებია. აღვნიშნეთ ისიც, რომ ახალი ტექნოლოგიების შექმნა მოითხოვს რესურსების დაბანდებას და განვიხილეთ, თუ როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ, მსოფლიოს ქვეყნებში.

ბოლოს, ვისაუბრეთ ტექნოლოგიებისა და ეკონომიკური განვითარების კავშირზე. აღვნიშნეთ, რომ სწორედ მაღალი დონის ტექნოლოგიები აიძულებს ეკონომიკას გადავიდეს ახალ, უფრო სრულყოფილ მდგომარეობაში. ტექნოლოგიების მზარდი დონე იწვევს ეკონომიკის სისტემის თითოეული ელემენტის განვითარებასა და სრულყოფას. ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტექნოლოგიები წარმოადგენს კაცობრიობის განვითარების უმძლავრეს მექანიზმს, რომლის საშუალებით, ადამიანს შეუძლია განუწყვეტლივ გაიუმჯობესოს ცხოვრება.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეკონომიკური განვითარება ( რ.აბესაძე; 2018; თსუ)
  2. ეკონომიკური ზრდა ( დევიდ ნ. უელი; 2016; თსუ)
  3. მაკროეკონომიკა (ო. ბლანშარი; 2010; თსუ)
  4. მსოფლიო ეკონომიკა ( თ. ზუბიაშვილი, შ.ვეშაპიძე; 2009; თსუ)
  5. საერთაშორისო ეკონომიკა (პოლ კრუგმანი; 2017; თსუ)
  6. https://data.oecd.org/rd/gross-domestic-spending-on-r-d.htm
  7. https://www.coindesk.com/price/bitcoin
  8. https://ka.wikipedia.org/wiki