მეწარმეობის როლი ეკონომიკურ განვითარებაში

ავტორის სტილი დაცულია

მარიამ პაიკიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
 III კურსის სტუდენტი
Paikidzemari2000@gmail.com

ანოტაცია

მეწარმე და მეწარმეობა დღევანდელი საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მართლაც რომ მნიშვნელოვანია. მეწარმეს აკისრია საკმაოდ მნიშვნელოვანი მისია და ამავდროულად რთული ამოცანა, რომლის შესრულება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. თუმცა, ეს ასე რომ არ იყოს, მეწარმეობა, ალბათ, არ იქნებოდა ისეთი მნიშვნელოვანი სექტორი ეკონომიკისთვის, რადგანაც, როგორც ამბობენ, „Who doesn’t take risks doesn’t drink champagne” („ვინც არ რისკავს, ის შამპანურს არ სვამს“). დღესდღეობით მეწარმეობა ეკონომიკური ზრდის და განვითარების ერთ-ერთი უმძლავრესი მამოძრავებელი ძალაა და სწორედ ამიტომ ჩავთვალე, რომ საინტერესო იქნება ამ საკითხის განხილვა. ნაშრომის პირველ ნაწილში ვისაუბრებ მეწარმეობის არსზე, მის ფორმებსა და სახეებზე. მომდევნო თავებში საუბარი მექნება მეწარმეობის შესახებ არსებული ეკონომიკური თეორიების ისტორიაზე და მეწარმეობის როლზე ეკონომიკურ განვითარებაში, რომელსაც, შედეგად, მთლიანად ქვეყნის კეთილდღეობის დონის ამაღლებაც მოჰყვება. დასასრულს, ვისაუბრებ საქართველოს მდგომარეობაზე, მოვიყვან საინტერესო ფაქტებს, რომლებსაც რეგრესიული ანალიზით გავამყარებ.

Annotation

Entrepreneur and entrepreneurship in today’s market economy are really important. An entrepreneur has a very important mission ant at the same time a difficult task, the performance of which is associated with certain risks. However, if this were not the case, entrepreneurship probably would not be such an important sector for the economy, because as the saying goes, “Who doesn’t take risks, doesn’t drink champagne. Entrepreneurship is one of the strongest driving force of economic growth and development today, and that is why I thought it would be interesting to discuss this issue. At first, I’m going to talk about the essence of entrepreneurship and its forms. Then in the following chapters I’m going to talk about the history of existing economic theories about entrepreneurship and the role  of entrepreneurship in economic development, which, as a result, will lead to raising  the level of prosperity. Finally I’m going to talk about the situation in Georgia, I will bring interesting facts, which I will support by regressive analysis.

მეწარმეობის არსი და ფორმები

სიტყვა „მეწარმე“ ფრანგული წარმოშობისაა და ნიშნავს „შუამავალს“, ადამიანს, რომელსაც უჭირავს შუა ადგილი. ანუ იგულისხმება ადამიანი, რომელიც კომერციას მისდევს. ფართო გაგებით ის ასევე მოიცავს ბიზნესის მფლოებელებსა და თვითდასაქმებულებს.

ტერმინი „მეწარმეობა“ პირველად გამოიყენა ფრანგმა ეკონომისტმა რ. კანტილიონმა მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში. იგი მეწარმეობას აიგივებდა ვაჭრობასთან და განასხვავებდა მას ფინანსური საქმიანობისგან. მისი აზრით „მეწარმე არის ინდივიდი, რომელსაც შეუძლია თავის თავზე აიღოს რისკი, მიისწრაფვის მომავლისკენ, იმედი აქვს მიიღოს შემოსავალი და მზადაა დანაკარგებისთვისაც“. [1]

ზოგადად, მეწარმეობა წარმოადგენს ეკონომიკური აქტივობის განსაკუთრებულ ფორმას, რომელიც ემყარება წარმოებისადმი და ბაზარზე საქონლის მიწოდებისადმი ინოვაციურ, დამოუკიდებელ მიდგომას, რომელსაც მეწარმისთვის მოაქვს შემოსავალი და ამავდროულად მისი, როგორც პიროვნების მნიშვნელობის გაცნობიერება.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეკონომიკური საქმიანობა ხორციელდება ეკონომიკის ძირითად რგოლში – ფირმაში, ხოლო სამეწარმეო აქტივობის ძირითადი სუბიექტია მეწარმე, რომელიც დაკავშირებულია ამ პროცესის სხვა მონაწილეებთამ – მომხმარებლებთან, სახელმწიფოსთან, პარტრნიორებთან, დაქირავებულ მუშაკებთან. სამეწარმეო საქმიანობის ობიექტს საქონელი წარმოადგენს. სამეწარმეო საქმიანობა იწყება აზროვნებიდან, სამეწარმეო იდეის დაბადებიდან გადაწყვეტილების მიღებამდე.

მეწარმეობის როლი ეკონომიკაში

სამეწარმეო სექტორი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აუცილებელი ფაქტორია. ის ქმნის სამუშაო ადგილებს, ზრდის დასაქმებას და შეაქვს უდიდესი წვლილი ეკონომიკურ კეთილდღეობაში. აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკის საყრდენა.

თანამედროვე პერიოდში შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება კომერციის, წარმოების, ფინანსური ინსტიტუტების გარეშე, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განუყოფელი ნაწილია.

მცირე საწარმო ეწოდება ისეთ საწარმოს, რომელშიც დასაქმებულთა რაოდენობა არ აღემატება 20-მდე დასაქმებულს და წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 000 ლარს.

საშუალო საწარმო ეწოდება ისეთ საწარმოს, რომელშიც დასაქმებულთა რაოდენობა 20-100 დასაქმებულს მოიცავს და წლიური ბრუნვა არ აღემატება 1.5 მლნ ლარს. [6]

აღსანიშნავია მცირე მეწარმეობა, რომელზეც განვითარებულ ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის თითქმის ნახევარი მოდის. მისი უპირატესობაა ისაა, რომ იგი სიღარიბის და უმუშევრობის აღმოფხვრის, მაკროეკონომიკური და სოციალური წონასწორობის გარანტად გვევლინება. ის მეწარმეთა ფართო ფენის ჩამოყალიბებასა და მეწარმეობის განვითარების მძლავრ საშუალებად იქცევა და ხელს უწყობს კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებასა და ინოვაციების დანერგვას. [3]

მცირე და საშუალო მეწარმეობას საგრძნობი წვლილი შეაქვთ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში. ძლიერი და კონკურენტუნარიანი მცირე და საშუალო სამეწარმეო სექტორები ხელს უწყობს ექსპორტის წილის ზრდას, ინოვაციების განვითარებასა და სამეწარმეო კულტურის შექმნას. ამავე დროს ის განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყნის კეთილდღეობის დონის ზრდაში.

განვითარებულ ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოებზე მთლიანი სამამულო პროდუქტის დაახლოებით 2/3 მოდის. განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში დაახლოებით 1/5. [6]

საინტერესოდ მიმაჩნია აგრეთვე ის, რომ მეცნიერები ეძებენ კორელაციას უმუშევრობასა და სამეწარმეო საქმიანობას შორის. უმუშევრობის განხილვის დროს მნიშვნელოვანია მოხდეს დიფერენციაცია უმუშევრობის სხვადასხვა სახეობას შორის. სტრუქტურული უმუშევრობა არის უმუშევრობის სახე, რომელიც გამოწვეულია მრეწველობაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებებით, ხოლო ფრიქციული მოიცავს იმ ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან სამუშაოთა შორის. [4]

ქვეყნების სამთავრობო პოლიტიკა დღესაც ცდილობს შეამციროს სტრუქტურული უმუშევრობა თვითდასაქმების სუბსიდირებით და მხარდაჭერით. ფრიქციული უმუშევრობის წინააღმდეგ სახელმწიფო გასცემს სუბსიდიებს ბიზნესში მუშაკთა დაქირავებისთვის. დასტურდება, რომ უმუშევრობის მაჩვენებლები უმეტეს შემთხვევაში სამეწარმეო საქმიანობასთან უარყოფით კორელაციაში იმყოფება. [1]

ეკონომისტები ცდილობენ დაუკავსირონ ეკონომიკური განვითარება სამეწარმეო აქტიურობას. ემპირიული ანალიზის ჩატარება დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული, თუმცა თეორიულად შეგვიძლია გამოვყოთ 3 სხვადასხვა გზა, რომელიც განაპირობებს ეკონომიკურ განვითარებას.

პირველ რიგში – ძირითადი კაპიტალის ზრდა. კაპიტალი, მოგვეხსენება, წარმოადგენს მეწარმეობის ერთ-ერთ მთავარ ელემენტს და რაც უფრო მეტია კაპიტალი, მით უფრო მეტი გასაქანი აქვს სამეწარმეო საქმიანობას.

მეორე ესაა ტექნოლოგიური პროგრესი. სამეწარმეო საქმიანობის მიმართ ის ასევე ენდოგენური ფაქტორია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ტექნოლოგიები მეწარმისთვის ყოველთვის არ არის მისაღები.

მესამე ეს არის პერსონალური ქონების ენდოგენური მატება. თუ მეწარმე დააგროვებს ქონებას თავისი პირადი შრომიდან, სრულიად მოსალოდნელია, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნება ახალ სამეწარმეო საქმიანობაში. [1]

ამრიგად, სამეწარმეო საქმიანობას უდიდესი როლი ეკისრება, როგორც მიკროდონეზე ცალკეულ ბაზრებზე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების სახეების შეთავაზებით, ასევე მაკროეკონომიკური მასშტაბით დასაქმების დონის გაზრდასა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში. ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ მეწარმეობა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ეკონომიკური ზრდა და, შემდგომ, ეკონომიკური განვითარება კი, მთელი ქვეყნის კეთილდღეობის მაღალი დონის გარანტია.

მეწარმეობა საქართველოში

საქართველოსთვის მეწარმეობას დიდი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. ის ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციებს, როგორიცაა დასაქმების უზრუნველყოფა, სოციალური უთანაბრობის შერბილება, კონკურენტული გარემოს ფორმირება და სხვა.

საქართველოში 2014 წელს შეიქმნა მეწარმეობის განვითარების სააგენტო. ის წარმოადგენს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი პოლიტიკისა და პროგრამების განხორციელების ერთ-ერთ მაკოორდინირებელ სტრუქტურას საქართველოში. მისი ძირითადი მიზნებია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, დამწყები ბიზნესების მხარდაჭერა, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრება და სხვა. [1]

გარდა ამისა, საქართველოში არსებობს სამეწარმეო გარემოს განვითარების ხელშემწყობი არასამთავრობ ორგანიზაციებიც:

  • მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი
  • საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო
  • ევროპის რეკონსტრუციისა და განვითარების ბანკი
  • ღია საზოგადოება – საქართველოს ფონდი და სხვა. [2]

როგორც აქამდეც აღვნიშნე, ეკონომეტრიკის განვითარება, ხელი შეუწყო მეწარმეობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრების გაკეთებას. და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩამეტარებინა საქართველოს მეწარმეობის რეგრესიული ანალიზი, სადაც ენდოგენურ ცვლადად განვიხილე :

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა – bemp (ათასი კაცი) [9]

თვითდასაქმებულთა რაოდენობა – semp (ათასი კაცი) [7]

უმუშევრობის დონე – unemr (%) [7]

საშუალოთვიური ნომინალური ხელფასი – nwage (ლარი) [8]

კორონავირუსის პანდემიის აღმნიშვნელი ფიქტიური ცვლადი – covid19

შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე აგებულმა მოდელმა მიიღო სახე:

მაშასადამე, მიღებული შედეგი გვეუბნება, რომ მოდელი ახსნილია დაახლოებით 95.52%-ით. გარდა ამისა, სხვა თანაბარ პირობებში, თვითდასაქმებულთა 1000 კაცით ზრდა იწვევს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა 450 კაცით ზრდას. უმუშევრობის დონის 1%-იანი ზრდა იწვევს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა 17 740 კაცით შემცირებას. ხელფასის ზრდა იწვევს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის 235 კაცით ზრდას, ხოლო კორონავირუსის პანდემიამ 95 880 კაცით შეამცირა ეს მაჩვენებელი, რაც რეალურ მაჩვენებელთან ძალიან ახლოსაა (უახლესი სტატისტისტიკით, 2019 – 2020 წლებში ამ მაჩვენებელთა სხვაობამ 115 300 კაცი შეადგინა) [5] [10] [11]

შეგვიძლია განვიხილოთ საქართველოს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა

ნახაზი 1: ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა (1999-2021 წლები)

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/326/sacarmota-statistikuri-gamokvleva

შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ დადებითი ტენდენციები 2011-2012 წლებიდან შეინიშნება, უფრო მკვეთრად იზრდება 2014 წლიდან (რომელიც არის მეწარმეობის განვითარების სააგენტოს გახსნის წელი). თუმცა ვხედავთ, რომ 2019 წლის შემდეგ, კორონავირუსის გამო, ეს მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა. მცირეოდენო ზრდა შეინიშნებოდა 2020 წლის მე-3 კვარტალში, თუმცა მე-4 კვარტალში იგი კვლავ შემცირდა. 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა კვლავ კლებულობს და უკვე 622 ათასს შეადგენს. [10] ეს, სავარაუდოდ იმითაა გამოწვეული, რომ მოსახლეობას არ აქვს ოპტიმისტური მოლოდინები ბიზნეს სექტორში მუშაობის მიმართულებით. გარდა ამისა, პანდემიამ დიდი ზარალი მიაყენა საწარმოებს და, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ცდილობს დაეხმაროს მცირე და საშუალო საწარმოებს, რესურსების შეზღუდულობის გამო, ყველას დახმარება შეუძლებელია. შედეგად, ბევრი საწარმო ზარალდება და კოტრდება კიდევაც და ამის შეჩერების მიზნით, ისინი ამცირებენ ანაზღაურების ხარჯებს, სამსახურიდან უშვებენ კადრებს და ა.შ. ეს კი უარყოფითად აისახება ეკონომიკურ კვლავწარმოებაზე. ვიმედოვნებ, რომ ამ წლის სტატისტიკაში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა კვლავ იმატებს.

ამისთვის, რასაკვირველია საჭიროა გარკვეული ღონისძიებები სახელმწიფოს მხრიდან. მან უნდა უზრუნველყოს პირველ რიგში ზოგადად დასაქმების აქტიური პოლიტიკის გატარება. ამ პოლიტიკის ფარგლებში უნდა მოხდეს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ფორმირება, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. უნდა გაიზარდოს მოთხოვნა სამუშაო ძალაზე და ამისთვის საჭიროა ხელისუფლებამ უზრუნველყოს სხავდასხვა დარგში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, კერძო სექტორის წახალისება და ინვესტიციების მოზიდვა. [4]

გარდა ამისა, საჭიროდ მიმაჩნია,  უმუშევრობის შემწეობის კიდევ 1-2-ჯერ დარიგება.

მნიშვნელოვანია ასევე განვიხილოთ თვითდასაქმებულთა რაოდენობა

ნახაზი 2: თვითდასაქმებულთა რაოდენობა (1999-2020 წლები)

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba

ვხედავთ, რომ 2009-2010 წელს შეინიშნება მკვეთრი ვარდნა, რაც გამოწვეულია ახალი მეთოდოლოგიური დანერგვით. [11]

ამრიგად, საქართველოში მეწარმეობა არც თუ ისე განვითარებულია, თუმცა, ცალსახაა, რომ მას გააჩნია პერსპექტივები. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ სახელმწიფო და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ მეწარმეობის როლი გაზარდონ და არ იშურებენ ამისთვის არც დროს, არც ბიუჯეტის სახსრებს.

დასკვნა

ამრიგად, მეწარმეობამ განვითარების დიდი გზა გაიარა. ამ განვითარებამ უზრუნველყო დასაქმების დონის და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ამაღლება.

ის მნიშვნელოვანია, როგორც მიკრო, ასევე მაკროდონეზე. მეწარმეობა დიდ წილს იკავებს არამარტო ქვეყნის შიდა ბაზრებზე, არამედ მის გარეთ, საერთაშორისო ასპარეზზე.

ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, ვხედავთ, რომ მეწარმეობა თავისი ცვალებადი ტენდენციისა და იმ უარყოფითი ფაქტორებისა, რომლებიც გარკვეულწილად აფერხებენ მის განვითარებას, ნელ-ნელა მაინც წინ მიიწევს. სახელმწიფოსა და სხვა უწყებების მხრიდან იგრძნობა ხელისშეწყობა, რომელიც ზრდის მეწარმეების სტიმულებს და, ცხადია, დადებითად აისახება ქვეყნის როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ მხარეზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ინოვაციური სამეწარმეო პოლიტიკა
2. მეწარმეობის საფუძვლები (გ.ერქომაიშვილი, ლ.გიგაური, ნ.ტალახაძე; 2009; თსუ)
3. ეკონომიკური განვითარება (რ. აბესაძე; 2018; თსუ)
4. დასაქმება და შრომის ბაზრის რეგულირება (მ.ცარციძე, ნ.ლაცაბიძე; 2017; თსუ)
5. ეკონომეტრიკა (ი.ანანიაშვილი; 2012; თსუ)
6. http://gov.ge/files/439_54422_706524_100-1.pdf
7. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
8. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/39/khelfasebi
9. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/195/biznes-sektori
10. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/326/sacarmota-statistikuri-gamokvleva
11. პროგრამული უზრუნველყოფა – STATA https://www.stata.com/