მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერება
ავტორის სტილი დაცულია
ენრიკო კიკნაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
enriko.kiknadze650@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
თანამედროვე ეტაპზე მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერება მიმდინარეობს მთელს მსოფლიოში. თუ დღემდე მოსახლეობის დაბერება ერთი საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებში, ამჟამად ეს პროცესი დაიწყო თვით ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებშიც. დემოგრაფიული ტრანსფორმაცია დიდ ზეგავლენას მოახდენს მსოფლიო მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე. ნაშრომში განვიხილავ დემოგრაფიული დაბერების არსსა და მის გამომწვევ მიზეზებს, ასევე ავღწერ რეგიონალურ ჭრილში. ვისაუბრებ დემოგრაფიული დაბერების დადებით და უარყოფით მხარეებზე და მოსახლეობის დაბერების რამდენიმე დემოგრაფიულ ინდექსზე. ნაშრომის ბოლოს ვაჩვენებ 65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის სქესობრივ თანაფარდობას და ასევე დაბერების პოლიტიკას საქართველოში.
Annotation
At the present stage, the demographic aging of the population is taking place all over the world. If until now the aging of the population has been going on for a century only in developed countries, now this process has begun even in the least developed countries. Demographic transformation will have a major impact on the health, social and economic development of the world population. In this article, I discuss the essence of demographic aging and its causes, as well as describe it in a regional context. I will talk about the pros and cons of demographic aging and several demographic indices of population aging. At the end of the article I show the sex ratio of the population aged 65 and over and also the aging policy in Georgia.
დემოგრაფიული დაბერების არსი და მიზეზები
მოსახლეობის დაბერება ეს არის 65 წლის და ზედა ასაკის ადამიანთა ხვედრითი წილის ზრდა მოსახლეობის საერთო რაოდენობაში. მოსახლეობაში ხანდაზმულთა წილის ზრდა – მოსახლეობის დაბერება – წარმოადგენს ისეთი დემოგრაფიული პროცესების ერთობლივ შედეგს, როგორიცაა შობადობის შემცირება და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდა. გარდა ამისა, მასზე მნიშვნელოვან დამატებით გავლენას ახდენს მიგრაცია. გრძელვადიან პერსპექტივაში, შობადობა და მოკვდაობა გაცილებით უფრო ძლიერ ფაქტორებს წარმოადგენს მოსახლეობის ასაკობრივი განაწილების კუთხით, ვიდრე მიგრაცია. თუმცა ფართომასშტაბიან მიგრაციას შეიძლება მოყვეს მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის ცვლა დროის მოკლე პერიოდში, იმ შემთხვევაში, თუ იკვეთება კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის მიგრაცია. ქვეყნის მასშტაბით არსებული შობადობის, მკვდაობისა და საერთაშორისო მიგრაციის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად ზემოქმედებენ დაბერების ზოგად ტენდენციებზე. რატომ ბერდება მოსახლეობა? ჩვენ ვიცით, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მაშასადამე ეს ლოგიკურად ჩანს, რომ მოსახლეობის დაბერება ეს არის ადამიანთა ხანგრძლივი სიცოცხლის შედეგი. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის დაბერების ყველაზე ცნობილი ისტორიული ფაქტორი არის შობადობის შემცირება. როდესაც ბავშვთა შობადობა მცირდება ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა მოსახლეობის ხვედრითი წილი მცირდება მოსახლეობის საერთო რაოდენობაში, რაც ზრდის უფროსი ასაკის მოსახლეობის პროპორციულ მაჩვენებლებს. მოსახლეობის დაბერების გლობალური მოვლენა პირდაპირ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ფუნდამენტალურ ტრანსფორმაციასთან, რომელიც სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობს მთელს მსოფლიოში. ჯანმრთელობის ტრანსფორმაციას კიდევ უწოდებენ ეპიდემიოლოგიურ ტრანსფორმაციას. ჯანმრთელობის ტრანსფორმაცია უკავშირდება მოდერნიზაციას და ურბანიზაციას, როდესაც გაიზარდა ცხოვრების დონე და განათლება. ჯანმრთელობის ტრანსფორმაციის მონაპოვარი შეიძლება დაიკარგოს თუ ქვეყნის ეკონომიკა და საზოგადოებრივი მომსახურება განიცდის სტაგნაციას ან რეგრესს და რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სოციალური, პოლიტიკური ან ეკონომიკური ძვრების გამო.
მოსახლეობის დაბერების დადებითი და უარყოფითი მხარეები
მოსახლეობის დაბერება ერთის მხრივ შეიძლება განვიხილოთ როგორც კაცობრიობის წარმატება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, მედიცინისა და ეკონომიკის განვითარებაში, მრავალი დაავადებების აღმოფხვრაში, რაც ზღუდავდა ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობას საუკუნეების განმავლობაში. მეორის მხრივ ეს არის მსოფლიო მოვლენა რომელიც უქმნის მრავალ პრობლემას ქვეყნების ეროვნულ განვითარებას და ოჯახების მდგრადობას. იგი აქვეითებს ქვეყნების ხელისუფლების შესაძლებლობებს სოციალურად სათანადოდ უზრუნველყოს დაბერებული მოსახლეობა. პარალელურად, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის რაოდენობის შემცირება ნეგატიურად მოქმედებს საშემოსავლო გადასახადებზე, რომლის გარეშეც შეუძლებელია პენსიონერთა მზარდი რაოდენობის “რჩენა.” მოსახლეობის დაბერება ეს არის სერიოზული საფრთხე ყველა ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის ცხოვრების დონის.
მოსახლეობის დაბერება რეგიონალურ ჭრილში
მოსახლეობის დაბერებას ჩვეულებრივ უკავშირებენ ევროპას. დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით ევროპა ყველაზე მეტად ბერდება. სიცოცხლის მაღალი ხანგრძლივობა და შობადობის მაჩვენებლების მკვეთრი დაცემა იწვევს ოჯახური სტრუქტურის ცვლილებებს. მოსალოდნელია, რომ მოსახლეობის დაბერება გახდება მეტად სერიოზული პრობლემა მომავალში. ეს პროცესი უკვე საფრთხეს უქმნის ევროპული კეთილდღეობის სისტემების მდგრადობას და მთლიანობაში შეიძლება შეზღუდოს დასავლეთ ევროპის ეკონომიკური პოტენციალი. ევროკავშირის უმეტესმა ქვეყნებმა დასახეს პოლიტიკა რომელიც გამიზნულია რომ აღიკვეთოს დაბერების ტენდენციები.
განვითარებულ ქვეყნებზე უფრო სწრაფად „ბერდება“ განვითარებადი ქვეყნები. ამავე დროს მათი ადაპტაცია ახალ რეალობასთან ბევრად უფრო რთულია, ვიდრე აშშ-ში და ევროპაში. განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკების წინაშე დგება სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის ეფექტურად მოქმედი სისტემის შექმნის ამოცანა. ისინი იძულებულნი ხდებიან თავიანთი რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი წარმართონ მედიცინის მოდერნიზაციაზე და სოციალური უზრუნველყოფის უნივერსალური მოდელის შესაქმნელად. ამ ქვეყნებისათვის გარდუვალი ხდება ამჟამად მოქმედი საპენსიო სისტემის სრული გარდაქმნა. ტრადიციულად განვითარებად ქვეყნებში მოხუცებულ მშობლებს არჩენენ მათი შვილები. თუმცა უახლოეს მომავალში ეს შეიძლება შეუძლებელი გახდეს ახალგაზრდა თაობისთვის, რადგან სწრაფად იზრდება პენსიონერთა რაოდენობა და ამასთან ინტენსიურად მცირდება შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობა. გარდა ამისა, ობიექტური რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ სწრაფად ცვალებად მსოფლიოში ახალგაზრდა ადამიანები ყოველთვის მზად არ არიან უზრუნველყონ თავიანთი მშობლები მოხუცებულობის პერიოდში. უახლოეს მომავალში განვითარებადი ქვეყნების მთავრობები შეიძლება წააწყდნენ მასშტაბურ სოციალურ პრობლემებს.
განვითარებად ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფად “ბერდება” ჩინეთი. 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში ჩინეთის მთავრობამ მიიღო ზომები, რომელიც ხელს უწყობდა ქორწინების გადავადებას და შობადობას შორის პერიოდის გაზრდას. ამავე პერიოდში შემოღებული იქნა წინააღმდეგობრივი დემოგრაფიული პოლიტიკა, რომელიც ოჯახებს ერთ ბავშვზე მეტის ყოლის უფლებას არ აძლევდა. სახელმწიფომ დაიწყო მოსახლეობის რაოდენობის შეზღუდვა ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზაციის მიზნით. ხელისუფლების ამ ინიციატივებმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა შობადობის დონეზე ჩინეთში, სადაც შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი შემცირდა 6,0-დან 1,6 ბავშვამდე. ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა ვიდრე აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ანალოგიური მაჩვენებლები. არსებული სიტუაცია საფრთხის ქვეშ აყენებს ჩინეთის მთავარ კონკურენციულ უპირატესობას, რაც გამოიხატება შრომისუნარიანი კონტინგენტის რაოდენობაში, რომელიც დღეს თითქმის 1 მილიარდ ადამიანს შეადგენს. სწორედ, ჩინეთის შრომითი რესურსების კოლოსალური რაოდენობის ორიენტაციამ ექსპორტზე დასაბამი მისცა ქვეყნის ნაციონალური ეკონომიკის სწრაფ განვითარებას ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ექსპერტთა შეფასებით ამჟამად ჩინეთის შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობა ყოველწლიურად 1,5%-ით მცირდება, რაც მომავალში აუცილებლად გამოიწვევს ხელფასების ზრდას და სამუშაო ძალის გაძვირებას. ჩინეთში ბიზნესიც დგება პრობლემის წინაშე. იზრდება მოხუცებულთა კონტინგენტი და მცირდება ახალგაზრდა ადამიანთა რაოდენობა. ფაქტია, რომ 30 წლის ასაკში მყოფ ადამიანს უფრო მეტი იდეები და მისწრაფება აქვს სამეწარმეო საქმიანობის წამოწყებისადმი ვიდრე 50 წლის ასაკში. ჩინეთი სხვა ქვეყნებთან შედარებით ადრე „დაბერდა.“
მოსახლეობის დაბერების პრობლემა მწვავედ დგას რუსეთშიც. ოფიციალური დემოგრაფიული პროგნოზის მიხედვით აქ 2030 წლისთვის 65 წლის და მასზე ზედა ასაკში მყოფი მოსახლეობის ხვედრითი წილი 28%-ს გადააჭარბებს. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში რუსეთში მცირდება შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობა. გაერო-ს პროგნოზის მიხედვით, 2050 წლისთვის, რუსეთში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (20-60 წელი) წილი ქვეყნის მთელ მოსახლეობაში თითქმის ნახევარი გახდება.
მოსახლეობის დაბერების დემოგრაფიული ინდექსი
არსებობს მოსახლეობის დაბერების რამდენიმე დემოგრაფიული ინდექსი. მათგან მნიშვნელოვანია: დაბერების ინდექსი, მედიანური ასაკი და სოციალური დახმარების თანაფარდობის მაჩვენებელი. დაბერების ინდექსი ეს არის მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის მაჩვენებელი, რომელიც უჩვენებს თუ 65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის რა რაოდენობა მოდის 15 წლამდე ასაკში მყოფ ყოველ 100 ბავშვზე.
მედიანური ასაკი ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც უჩვენებს ამა თუ იმ ქვეყანას რომელ ასაკში ჰყავს ნახევარი მოსახლეობა. მედიანური ასაკი მნიშვნელოვნად განსხვავდება მსოფლიოს ცალკეულ რეგიონებში და ქვეყნებში, რაც განპირობებულია მთელი რიგი ფაქტორებით, როგორიცაა შობადობის მაჩვენებლები, სოციალური და ეკონომიკური განვითარების დონეები და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა.
სოციალური დახმარების თანაფარდობის მაჩვენებელი უჩვენებს თუ 65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის რა რაოდენობა მოდის 20-64 წლის ასაკში მყოფ ყოველ 100 ადამიანზე, ე.ი. სამუშაო ასაკში მყოფ მოსახლეობაზე. მომავალში ათწლეულებში მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება განვითარებულ ქვეყნებში, რადგან მოსახლეობაში შობადობა მცირდება და იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა.
65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის სქესობრივი თანაფარდობა
ქალები შეადგენენ უმრავლესობას თითქმის ყველა ქვეყნის მოხუც მოსახლეობაში და მათი უმრავლესობა იზრდება ასაკთან ერთად. გენდერულ დისბალანსს მოხუცებულობის ასაკში აქვს მრავალი შედეგი მოსახლეობისათვის, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია ინდივიდების ოჯახური მდგომარეობა. ოჯახის წევრები წარმოადგენენ სულიერი და ეკონომიური დახმარების მთავარ წყაროს მოხუცი მოსახლეობისათვის განვითარებად ქვეყნებში, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა თავის თავზე იღებს ეკონომიური პასუხისმგებლობის დიდ წილს.
მთავარი მიზეზი ქალთა სიჭარბისა მოხუცებულ ასაკობრივ ჯგუფებში არის ის, რომ კაცების სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველა ასაკობრივ ჯგუფებში ჭარბობს ქალების სიკვდილიანობის მაჩვენებელს. თუ რატომ ცოცხლობენ ქალები მეტ ხანს, ამას განაპირობებს ბიოლოგიურ, სოციალური და ქცევითი პირობების ურთიერქმედების მთელი კომპლექსი. მამაკაცების მაღალ სიკვდილიანობას განაპირობებს ისეთი რისკი ფაქტორები როგორიცაა თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება და პროფესიული საქმიანობა. თუ ეს მართალია, მაშინ მამაკაცებისა და ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობაში განსხვავება უნდა შემცირდეს, რადგან იზრდება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება ქალების მიერ და მათი მონაწილეობა სამუშაო ძალაში. მომავალში მოსალოდნელია, რომ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მოხუცი მოსახლეობის სქესთა თანაფარდობაში მოხდება ცვლილებები. კერძოდ განვითარებულ ქვეყნებში განსხვავება სქესთა თანაფარდობაში შემცირდება, რადგან აქ მცირდება განსხვავება სქესთა სიცოცხლის ხანგრძლივობაში, ხოლო განვითარებად ქვეყნებში მოხდება პირიქით, გაიზრდება განსხვავება სქესთა თანაფარდობაში, რადგან აქ იცვლება ისტორიული ტენდენციები ქალების მიმართ დამოკიდებულებაში. იზრდება ქალთა განათლების დონე და უმჯობესდება მათი ჯანმრთელობა. გარდა ამისა ბევრ განვითარებად ქვეყნებში იზრდება ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება, სატრანსპორტო და საწაარმოო შემთხვევები. ყოველივე ეს ტენდენცია უარყოფითად მოქმედებს უფრო მეტად მამაკაცებზე, ვიდრე ქალებზე. მიუხედავად აღნიშნული ტენდენციებისა, მოსალოდნელია რომ მთელი 21 საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს მოხუც მოსახლეობაში ქალები შეინარჩუნებენ უმრავლესობის სტატუსს.
დაბერების პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაბერება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მონაცემებით, 2010 წელს 4.4 მილიონი ადამიანიდან 14%-ზე მეტი 65 წლის და მეტის იყო, ხოლო ერთი მესამედი – 50 წლის და მეტის. ფონდის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის მაჩვენებელი 21%-მდე გაიზარდოს, ხოლო 50 წლის და მეტის – 40%-მდე. პროგნოზის მიხედვით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, რომელიც 2010 წელს 78 წელი იყო საქართველოს ქალებისთვის და 71 წელი – მამაკაცებისთვის, 2030 წლისთვის გაიზრდება 80-მდე (ქალებისთვის) და 73 წლამდე (მამაკაცებისთვის). საქართველოში ერის აქტიური დაბერება 1990-იანი წლებიდან მიმდინარეობს. ერის დაბერება, რა თქმა უნდა, ნეგატიური არ არის, რადგან ეს მიუთითებს იმაზე, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იზრდება. ძალიან კარგია, როცა ასაკის საშუალო ხანგრძლივობა იზრდება, მაგრამ, თუ ამას არ მოჰყვა შობადობის ზრდა, ეს ქვეყნისთვის უკვე საგანგაშო ხდება, რადგან ქვეყანას მწარმოებელი ფენა აღარ ეყოლება და იქნება მხოლოდ შესანახი ფენა. ამას კი ვერც ერთი სახელმწიფოს ბიუჯეტი ვერ გაუძლებს.
დასკვნა
დღეს მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერება მსოფლიო განვითარების გლობალური საკითხი გახდა. ასაკობრივ სტრუქტურებში მომხდარი ღრმა ცვლილებები ბევრი ქვეყნის ხელისუფლებას კარნახობს გადასინჯოს სტრატეგია და ეკონომიკური აზროვნება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ. ქვეყნები, სადაც მოსახლეობა ნელა იზრდება, ან საერთოდ არ იზრდება, განიცდიან ახალგაზრდა მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას. ასეთ ქვეყნებში უკვე მწვავედ დგება შეიარაღებული ძალების შევსებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის პრობლემა. ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც მაღალი შობადობაა, არის ახალგაზრდა მოსახლეობის სიჭარბე. ახალგაზრდა მოსახლეობა არის არა მარტო დასაქმების წყარო, არამედ იგი ქვეყნის ეროვნულ სიძლიერეს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დაბერებას მოსდევს მრავალი უარყოფითი შედეგი, უფროსი თაობის მოსახლეობა წარმოადგენს ღირებულ და პროდუქტიულ რესურს, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს საზოგადოებრივი საქმიანობის ნებისმიერ სფეროში. მოსალოდნელია, რომ მოსახლეობის მტკიცე და განუხრელი დაბერება მთელს მსოფლიოში 21-ე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოგრაფიული მოვლენა იქნება. მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურაში მიმდინარე ცვლილებები მოითხოვს ახალი სოციალური და ინოვაციური პოლიტიკის შემუშავებას. რადგან დემოგრაფიულ დაბერებას მოსდევს მრავალმხრივი შედეგი, იგი მრავალი დისციპლინის კომპლექსური შესწავლის საგანი უნდა გახდეს.
გამოყენებული ლიტერატურა
მოსახლეობა და მსოფლიო განვითარება – თამაზ ზუბიაშვილი (ლექციების კურსი,თბილისი, 2009.)
საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი
US Census Bureau, International Data Base
https://www.un.org/en/
http://www.parliament.ge/files/714_9879_969641_demografiulisibere.pdf