შრომის ბაზარი COVID-19-ის პირობებში და სამთავრობო პოლიტიკა
ავტორის სტილი დაცულია
ზაირა კუნდუხაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი
zairakundukhashvili28@gmail.com
ანოტაცია
წინამდებარე სტატიაში განხილულია ის უარყოფითი შედეგები, რაც მიმდინარე წელს პანდემიამ და მისი გავრცელების შესაჩერებლად მთავრობის მიერ დაწესებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა გამოიწვია შრომის ბაზარზე. აგრეთვე მოცემულია შრომის ბაზარზე დასაქმებულთა სხვადსხვა ჯგუფის მდგომარეობის ანალიზი, რომლებმაც სამსახური და შემოსავლის წყარო დაკარგეს. აღმოჩნდა, რომ პანდემიამ არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემას მიაყენა დიდი ზიანი, არამედ შრომის ბაზარსაც. ამ კუთხით განხილულია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-2 ეტაპი შრომის ბაზართან მიმართებით, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სახის ფინანსური დახმარების გაწევასა და შეღავათის დაწესებას დაქირავებით დასაქმებულებისთვის, თვითდასაქმებულთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებისათვის.
Annotation
This article discusses the negative consequences of the pandemic this year and the severe restrictions imposed by the government to stop its spread in the labor market. It also provides an analysis of the situation of various groups of employees in the labor market who have lost their jobs and sources of income. It turned out that the pandemic not only caused great damage to the healthcare system, but also to the labor market.
In this regard, the second phase of the Georgian government’s anti-crisis plan for the labor market is discussed, which provides various types of financial assistance and benefits for hired employees, the self-employed and other vulnerable groups.
შომის ბაზარი კორონა ვირუსის შემდეგ
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორის და შრომის პოლიტიკის მკვლევარის, ანა დიაკონიძის შეფასებით, კორონავირუსის პირობებში დამდგარმა კრიზისმა კიდევ ერთხელ დაგვანახა არსებული სოციალური დაცვის სისტემების აცდენა ჩვენს ეკონომიკურ მოცემულობასთან და ადამიანთა საჭიროებებთან. პირველ რიგში, კრიზისმა ცხადყო ბაზისური შემოსავლის დაზღვევის აუცილებლობა, რაც დღეს ყველაზე მწვავედ დაუდგათ იმ ადამიანებს, ვინც სამსახურები დაკარგეს და უმუშევრები დარჩნენ. აქ შეიძლება არ ვისაუბროთ აუცილებლად უმუშევრობის დაზღვევაზე, არამედ მის ალტერნატივაზე, რომელიც უმუშევრობის შემწეობას გულისხმობს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მხოლოდ საარსებო შემწეობის სისტემა გვაქვს, რაც სოციალური უსაფრთხოების ერთადერთ ბადეს წარმოადგენს და რომლის სტრუქტურაც, როგორც ვიცით, ადამიანთა დიდ ნაწილს ამ ბადის მიღმა ტოვებს. არსებულ მოცემულობაში, სიტუაციას კიდევ ის ართულებს, რომ სოციალური დაცვის არსებულ მექანიზმს არ გააჩნია სწრაფი რეაგირების საშუალება. მოუქნელობის პრობლემა მწვავედ სწორედ მსგავსი კრიზისების დროს დგება, როდესაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანთა მყისიერი ჩართვა პროგრამაში. მეორე გამოწვევა, რაც კორონავირუსის კრიზისმა დაგვანახა, დაკავშირებულია არაფორმალურ სექტორში ჩართულ და არასტანდარტული თუ ატიპური შრომით დაკავებული ადამიანების (gig-workers) დიდ რაოდენობასთან, რომლებიც მოუხელთებელნი აღმოჩნდნენ დღეს არსებული სახელმწიფო სოციალური დაცვის სისტემებისთვის. არსებული კრიზისის გამო, ამ ადამიანთა აბსოლიტურმა უმრავლესობამ სამსახური და შემოსავალი დაკარგა (მათ შორის ტურ-გიდებმა, ტაქსის მძღოლებმა, აგრობაზრების ან წვრილი პროდუქტების მოვაჭრეებმა, ძიძებმა, სალონის თანამშრომლებმა, თუ სხვა), თუმცა მათი მყისიერი ჩართვა სოციალური დახმარების სქემაში რთული ამოცანაა – დიდია ალბათობა, რომ ბევრ მართგანს არ დაუკმაყოფილებენ განაცხადს, და რომც დაუკმაყოფილონ, ხანგრძლივი პერიოდი მოუწევთ მოცდა, რათა ბენეფიტი მიიღონ (ეს კი მაშინ, როდესაც ერთი კვირის სარჩოს დროული მიღებაც კი შესაძლოა ძალზე მნიშვნელოვანი იყოს, რადგან ისინი დღიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებულნი). თუმცა, მიუხედავად მიზნობრივ შემწეობასთან დაკავშირებული სირთულეებისა, როგორიცაა მოუქნელობა, ადმინისტრირების გამოწვევები თუ დროში გაწელილობა, კრიზისულ სიტუაციაში არის შესაძლებლობა, რომ რადიკალური ნაბიჯები იქნეს გადადგმული და გამარტივდეს ბიუროკრატიული პროცედურები. თუმცა, რჩება დიდი რისკი, რომ უმუშევრად დარჩენილი ადამიანები მაინც სისტემის მიღმა აღმოჩდნენ.
როგორი პოლიტიკის გატარება არის ადეკვატური სხვადასხვა ტიპის დასაქმებულთა მაქსიმალურად მოცვისთვის და მათი მხარდაჭერისთვის?
ადეკვატური იქნება საუბარი დავიწყოთ არა არსებული საარსებო შემწეობის გაცემის პროცედურების გამარტივებაზე, არამედ უმუშევრობის შემწეობის დანერგვაზე, რომელიც ზოგადი გადასახადებიდან და ბიუჯეტიდან იქნება დაფინანსებული. აქ ხაზგასასმელია ის განსხვავება, რაც უმუშევრობის შემწეობასა და საარსებო შემწეობას შორის არსებობს – უმუშევრობის შემწეობის მიმღები ადამიანი ჩართულია სამუშაო ძებნის პროცესში და მას დასაქმების სააგენტოები ეხმარებიან, რომ მოიძიოს სამსახური, გაიაროს სხვადასხვა ტრენინგი და პროფესიულად გადამზადდეს. შესაბამისად, ამ შემწეობის მიმღები ადამიანი განიხილება სამუშაოს მაძიებლად. საარსებო შემწეობა კი დაცულობის მინიმალურ ბადეს წარმოადგენს, რომელიც სქემაში ჩართულ ადამიანებს არ უყენებს მოთხოვნებს და პირობებს შრომის ბაზარზე დაბრუნების შესახებ, არამედ მიზნად ისახავს მათ საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფას. ჩვენს შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს ის, რომ არაფორმალურ და არასტანდარტული სამუშაოთი დაკავებული ადამიანები რთულად მოსახელთებელნი არიან და სახელმწიფო დონეზე თითქმის არ ხდება მათი აღრიცხვა. შესაბამისად, კრიზისის პირობებში, მაშინ, როდესაც არ გაქვს რეალური მონაცემები შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების შესახებ, შესაძლოა მყისიერად ბევრი ვერაფერი გააკეთო. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც შეიძლება, არის არსებული სოციალური დაცვის სისტემების გადააზრება, მის სტრუქტურული ცვლილებაზე მუშაობის დაწყება და მომავალი კრიზისებისთვის შემზადება, რათა ცოტა უფრო მომზადებული იყო.
რა არის მთავარი რეკომენდაციები ამ პოლიტიკის გასატარებლად?
ანა დიაკონიძის რეკომენდაციით, ამ შემთხვევაში საინტერესოა შევხედოთ ჩვენი მსგავსი კონტექსტის მქონე, თუმცა უფრო განვითარებულ ქვეყნებს. ძირითად ამოცანას, როდესაც ასეთი მასშტაბის არაფორმალური ეკონომიკა და მზარდი არასტანდარტული დასაქმების ადგილები გვაქვს, წარმოადგენს ორი რამ – ერთის მხრივ მოხდეს ყველა მშრომელის მაქსიმალური მოცვა, ხოლო მეორეს მხრივ მაქსიმალურად დაშორიშორდეს უმუშევრობის შემწეობა სამუშაო გამოცდილებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ გასაცემი შემწეობა არ განისაზღვროს ადამიანის სტაჟით თუ შენატანებით, არამედ ჰქონდეს უნივერსალური ხასიათი. დაახლოებით მსგავს სისტემას წარმოადგენს უნივერსალური საბაზიო შემოსავალიც (Universal Basic Income), რომელიც გადასახადებიდან იფარება და არ წარმოადგენს მიზნობრივ დახმარებას, არამედ უნივერსალურია. თუმცა, ეს სქემა დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ჯდება, მას ყველაზე გასცემ. ძირითადი რეკომენდაცია კი, ჩვენი მოცემულობის გათვალისწინებით, არის გაჩნდეს ისეთი სახის უმუშევრობის შემწეობა, რომელიც არსებულ მინიმალური შემწობის სქემიდან მოახდენს სამუშაო ძალის და დასაქმების მაძიებელი ადამიანების გამოხშირვას და მათ ჩართვას უმუშევრობის შემწეობის სქემაში, რითაც მათ მისცემს ბიძგს დაუბრუნდნენ შრომის ბაზარს და გახდნენ ფორმალურ სექტორში დასაქმებულები. ამასთან, ამ მექანიზმმა უნდა მოახდინოს არაფორმალურ სექტორსა თუ არასტანდარტულ სამსახურებში დასაქმებულების შემოერთებაც, რისი გარანტორიც ამ შემწეობის უნივერსალური ხასიათი გახდებოდა. (დიაკონიძე, 2020)
პროგნოზები შრომის ბაზართან დაკავშირებით COVID-19-ის გავრცელების ფონზე და დასაქმებულთა სხვადსხვა ჯგუფის მდგომარეობის ანალიზი
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის შეფასებით, მოკლევადიან პერიოდში, საქართელოში, უმუშევრობის მასშტაბური ზრდა არის მოსალოდნელი, რასაც მასიური სოციალური პრობლემები მოჰყვება. ვირუსის გავრცელების შესაკავებლად მიღებული ზომების ფარგლებში დასაქმებულებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ისინი, ვისაც სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა აქვს, შედარებით უკეთეს მდგომარეობაში არიან, განსხვავებით მრავალი მოწყვლადი ჯგუფისგან, რომელთა დასაქმებაზეც კარანტინმა გავლენა იქონია. ეკონომიკური საქმიანობის შემცირება გავლენას თითქმის ყველა ინდუსტრიაზე ახდენს; ყველაზე მოწყვლადი სექტორების სია კი შემდეგნაირად გამოიყურება: განთავსების საშუალებები და საკვების მიწოდების საქმიანობები, საბითუმო და საცალო ვაჭრობის დიდი წილი და გართობისა და დასვენების სექტორი. აღნიშნული სირთულეები ასობით ათას ადამიანს რისკის ქვეშ აყენებს, შემოსავლის ან სამუშაო საათების შემცირების ან სამუშაოს სრულად დაკარგვის კუთხით.
სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში დასაქმების კუთხით COVID-19-ის შესაძლო მოკლევადიანი ეფექტების შესაფასებლად, ჩვენ ხარისხობრივად განვსაზღვრეთ ქვესექტორულ დონეზე ეფექტის სიძლიერე, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: (1) ქვეყანაში კარანტინის დროს აკრძალული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი და მასშტაბები; (2) ტრანსპორტირებაზე დაწესებული შეზღუდვები;
(3) მოთხოვნის ვარდნა; (4)შუალედური მოხმარების პროდუქციის გამოყენების შემცირება.
შრომის ბაზრის შეფასების მთავარი დასკვნები:
• დაქირავებული მუშახელის თითქმის 30 პროცენტი სამუშაოს დაკარგვის მაღალი რისკის წინაშე დგას, რაც ძირითადად გამოწვეულია ეკონომიკური საქმიანობის მოსალოდნელი ვარდნით ვაჭრობის, მშენებლობის, წარმოების, განთავსებისა და საკვების მიწოდების სექტორებში.
• ყველაზე ნაკლებად განათლების, სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის, კომუნალური მომსახურების და ჯანდაცვის სფეროები დაზარალდება;
• თვითდასაქმებულთა უმეტესი ნაწილი სოფლის მეურნეობის სექტორშია ჩართული, სადაც საშუალო სიმძლავრის ეფექტია მოსალოდნელი ღია სასურსათო ბაზრების დახურვის, ტრანსპორტირების შეზღუდვისა და მოთხოვნის ნაწილობრივი ვარდნის (ძირითადად საკვების მიწოდების სექტორის მხრიდან) გამო. მოსალოდნელია, რომ სოფლის მეურნეობა ნაკლებად დაზარალდება, თუმცა ამ სექტორში თვითდასაქმებულთა (უმეტესწილად თვითუზრუნველყოფაზე მყოფი ფერმერები)
მნიშვნელოვანი ნაწილი, საშუალო საბაზისოსთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალი შემოსავლების გამო, შესაძლოა სპეციფიურად მორგებული პოლიტიკის საჭიროების წინაშე იდგეს.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სექტორებზე გავლენის სიმძიმე, კარანტინის პირობებში დაწესებული შემზღუდველი ზომების ხანგრძლივობასა და სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან მიმართებაში მათი გაუქმებისთან მიმდევრობაზე იქნება დამოკიდებული.
მოკლევადიან პერიოდში სამუშაოს დაკარგვის შესაძლო რისკები მოწყვლად სექტორებში
მკაცრი, მოკლევადიანი კარანტინის პირობებში შრომის ბაზრის შოკით გამოწვეული პრობლემების შერბილებისთვის მნიშვნელოვანია სოციალური უსაფრთხოების მექანიზმების არსებობა, რაც თავისთავად აჩენს მნიშვნელოვან კითხვას: როგორ უნდა შემუშავდეს ეს პროგრამები და ვინ უნდა იყოს ამ პროგრამების ბენეფიციარები.
სოციალური პროგრამების შემუშავების საკითხის განხილვისას საჭიროა პოტენციური სამიზნე ჯგუფების დეტალური ანალიზი. კარანტინისა და იზოლაციის მკაცრი ზომების შემოღების შემდეგ, საქართველოში უამრავი ადამიანი დადგა სამუშაოს დაკარგვისა თუ შემოსავლის შემცირების რისკის წინაშე. ეს თავისთავად იწვევს სოციალურ პრობლემებს: უამრავი ადამიანი ვეღარ ახერხებს სურსათისა თუ სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენას. ყველაზე დაზარალებული ჯგუფები შეიძლება დაჯგუფდეს ეკონომიკის შემდეგ სექტორებში:
- განთავსების საშუალებები და საკვების მიწოდების საქმიანობები არის ის სექტორი, რომელიც პირდაპირ და ყველაზე მეტად დაზარალდა. სასტუმროები და რესტორნები გაუკრვეველი დროით დაიხურა, გამონაკლისია საკვების ადგილზე მიტანის ბიზნესი. თუმცა აქაც გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, რადგან საგანგებო მდგომარეობის წესების მიხედვით 21:00 სთ-დან ყოველგვარი მოძრაობა, მათ შორის ადგილზე მიტანის სერვისიც აკრძალულია. განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის სექტორში დაქირავებით დასაქმებულ ადამიანთა უმეტესობამ დროებით დაკარგა სამსახური. ამ ჯგუფში შედიან სასტუმროს ადმინისტრაციული პერსონალი, დამლაგებელი პერსონალი, სასტუმროების რესტორნებში მომუშავე პერსონალი და სხვ.
მსგავს მდგომარეობაში არიან რესტორნებისა და კაფეების თანამშრომლები, რომლებიც სამსახურის დაკარგვის ან ხელფასის შემცირების წინაშე არიან. ამ სექტორში ერთ-ერთ მსხვილ ჯგუფს წარმოადგენენ თვითდასაქმებულებიც. მცირე საოჯახო სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელები, როგორც წესი, დამოკიდებული არიან ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე, შესაბამისად, ახლა ყოველგვარი სახსრების გარეშე არიან დარჩენილები.
- დაიხურა საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორის ობიექტების დიდი ნაწილიც. სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების თანამშრომლები გაურკვეველი ვადით დარჩნენ სამსახურების გარეშე. ესენი არიან, მაგალითად, ტანსაცმლის, ტექნიკის, საყოფაცხოვრებო ნივთების და სხვა მაღაზიების კონსულტანტები. მაღაზიების მცირე ნაწილმა, რომლებიც ონლაინ გაყიდვებზე გადავიდნენ, შეინარჩუნეს თანამშრომელთა მცირე ნაწილი, თუმცა შემცირებული ხელფასით.
სიტუაცია მძიმეა საცალო ვაჭრობის სექტორში თვითდასაქმებულებისთვისაც. დაიხურა ღია ბაზრები, მათ შორის სამშენებლო მასალებისა და სურსათის ბაზრები, აქ დასაქმებული ადამიანები კი ყოველგვარი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დასაქმებულთა დიდი ნაწილი შედარებით დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეიძლება არ ჰქონდეთ საკმარისი დანაზოგი კარანტინის პერიოდში თავის გასატანად.
- რაც შეეხება შედარებით მცირე, თუმცა არანაკლებ დაზარალებულ ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორს, გალერეები, მუზეუმები, ღამის კლუბები, თეატრები, კინოთეატრები, სპორტული და გამაჯანსაღებელი დაწესებულებები მათი ‘არასასიცოცხლო’ მნიშვნელობის გათვალისწინებით დაიხურა. ამ სექტორებში დასაქმებული და თვითდასაქმებული ადამიანები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მალევე დარჩნენ სამუშაოს გარეშე.
- მნიშვნელოვნად დაზარალდნენ ტრანსპორტირების ქვედარგებში დასაქმებული და თვითდასაქმებული ჯგუფებიც. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებამ უსამსახუროდ დატოვა ავტობუსების, მეტროსა და სამარშტრუტო ტაქსების მძღოლები.
- მნიშვნელოვნად დაზარალდნენ შინამეურნეობებში დასაქმებული ადამიანებიც. ესენი არიან დამლაგებლები, ძიძები, კერძო რეპეტიტორები, ხელოსნები და სხვ.
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის სექტორი, რომელზეც დასაქმების ყველაზე დიდი წილი მოდის, შედარებით ნაკლებად დაზარალდა, თუმცა რესტორნებისა და კაფეების მხრიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირების გამო შეზღუდვები ამ სექტორსაც შეეხო.
თვითდასაქმებულებისა და შინამეურნეობებში დასაქმებულების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ უამრავი მათგანი არაფორმალურად არის დასაქმებული, რაც ართულებს ოფიციალური წყაროების მხრიდან (მაგ. აღრიცხული საგადასახადო შემოსავლები ან მცირე ბიზნესების რეგისტრი) მათ იდენტიფიცირებას. ამრიგად, პოტენციურად დაზარალებულთა ჯგუფების სიმრავლე, და ამ ჯგუფებს შორის ეფექტის ხარისხის სწორად შეფასების სირთულე კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია დროებითი სოციალური დაცვის მექანიზმების არსებობა, რომლებიც ყველა დაზარალებულ მხარეს მოიცავს, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფებში შემავალი ადამიანები ჩვეულებრივ არ არიან სოციალური დახმარების პროგრამების ბენეფიციარები. (ლევან ფავლენიშვილი, 2020)
მთავრობის ანტიკრიზისული პოლიტიკა შრომის ბაზართან მიმართებით
ანტიკრიზისული გეგმის მე-2 ეტაპი ითვალისწინებს პირდაპირ ფინანსურ დახმარებას მოქალაქეების სხვადასხვა კატეგორიებისთვის. მხარდაჭერა ეხებათ როგორც დაქირავებით დასაქმებულებს, ისე თვითდასაქმებულებს და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს. კერძოდ:
- დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, დახმარების სახით მიიღებენ 1200 ლარს 6 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარს. დახმარებით სარგებლობა შეეძლება დაახლოებით 350 000 მოქალაქეს. პროგრამის ბიუჯეტი 450 მლნ. ლარამდეა.
- სხვადასხვა კატეგორიის თვითდასაქმებულები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 300 ლარს. პირების იდენტიფიცირებისთვის გამოყენებული იქნება მოქალაქის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდება, რომ ეპიდემიამდე აღნიშნულ მოქალაქეს ჰქონდა შემოსავალი. პროგრამის ბიუჯეტი 75 მლნ. ლარს შეადგენს.
- სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, დამსაქმებელი მიიღებს საგადასახადო შეღავათს – 6 თვის
განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. 1500 ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. პროგრამის ბიუჯეტი 250 მლნ. ლარია. (მთავრობა, 2020)
დასკვნა. COVID-19-მა დიდი ზიანი მიაყენა ეკონომიკის სხვადსხვა სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, რაც ზოგიერთისთვის სამუშაოს დაკარგვაში აისახა, ზოგიერთისათვის კი შემოსავლის მნიშვნელოვნად შემცირებაში. როგორც ზემოთ განხილული კვლევიდან ჩანს, პროგნოზები ასეთია : დასაქმებულთა დაახლოებით 30% სამუშაოს მიღმა დარჩება. დასაქმებულთა ის ნაწილი, რომლებიც განათლების, ჯანდაცვის, ან სამთავრობო სექტორში არიან დასაქმებულები, შედარებით ნაკლებად დაზარალდებიან. სოფლის მეურნეობის სექტორში თვითდასაქმებულებს საქონლის გასაღების პრობლემა შეექმნებათ, რადგან ახალი რეგულაციების მიხედვით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა და დაიხურა ღია და დახურული ტიპის ბაზრობები. დასაქმებულთა სხვადსხვა ჯგუფზე აღნიშნულმა შეზღუდვებმა სხვადსხვაგვარად იმოქმედა, რაც კიდევ უფრო ართულებს ისეთი სოციალური პროგრამის გატარებას, რომელიც ყველა მათგანს მოერგება.
გამოყენებული ლიტერატურა
დიაკონიძე, ა. (2020). როგორ გარდაიქმნება შრომითი ბაზარი კორონავირუსის კრიზისის შედეგად? EMC. Retrieved from https://emc.org.ge/ka/products/ekonomikuri-politika-krizisis-dros-interviuebi-ekonomikis-mkvlevrebtan
ლევან ფავლენიშვილი, ა. ბ.-ი. (2020). COVID-19-ის სოციალური ეფექტი – უნივერსალური დახმარების შემოღების საფუძველი? Retrieved from https://drive.google.com/file/d/1O_6b3eglhhQXSeTzoTlX8G90tRjh87E_/view
მთავრობა, ს. (2020, აპრილი 24). gov.ge. Retrieved from http://gov.ge/files/76338_76338_444796_COVID-19angarishi…pdf