ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ტენდენციები საქართველოში
ავტორის სტილი დაცულია
თამუნა მაზანიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
Tamuna.mazanishvili363@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
ინტერნეტი და ციფრული ტექნოლოგიები მრავალი ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს, ხოლო პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის ფონზე ამ ფრაზამ უფრო პირდაპირი დატვირთვა შეიძინა. შეზღუდული გადაადგილების პირობებში სასწავლო და სამუშაო პროცესი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის დისტანციურ რეჟიმში ინტერნეტის მეშვეობით მიმდინარეობს, გაზრდილია კერძო და საჯარო სერვისებზე ონლაინ წვდომის მოთხოვნაც. ასევე, აღსანიშნავია, ინტერნეტის მნიშვნელობა საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით. პანდემიის პირობებში მოსახლეობას ყოველდღიურად მიეწოდება სასიცოცხლო მნიშვნელობის და სწრაფად განახლებადი ინფორმაცია საჯარო განცხადებების, მონაცემების თუ რეკომენდაციების სახით.
შესაბამისად, ინტერნეტზე წვდომის უქონლობამ შესაძლოა სერიოზული დისკომფორტი შეუქმნას ადამიანს, განსაკუთრებით ასეთ პერიოდში. მიუხედავად ამისა, დღეის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ორ მეხუთედს ინტერნეტზე წვდომა არ გააჩნია.
Annotation
The Internet and digital technologies are vital to many people, and in the face of pandemics and emergencies, this phrase has taken on a more direct meaning. In the conditions of limited mobility, the educational and work process is carried out remotely through the Internet for a large part of the population, and the demand for online access to private and public services has also increased. Also noteworthy is the importance of the Internet in terms of informing the public. In a pandemic, the population is provided with vital and rapidly updated information on a daily basis in the form of public statements, data or recommendations.
Consequently, not having access to the internet can cause serious discomfort to a person, especially during such a period. Nevertheless, today about two-fifths of the Georgian population does not have access to the Internet.
სტატისტიკური მიმოხილვა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2020 წლის მონაცემებით, შინამეურნეობების 79% უზრუნველყოფილია ინტერნეტით. ქალაქებში ეს მაჩვენებელი 86%-ს აღწევს. თუმცა, მდგომარეობა უფრო სავალალოა სოფლებში, სადაც შინამეურნეობების მხოლოდ 69.9%-ია ინტერნეტზე წვდომით უზრუნველყოფილი.
დიაგრამა 1. ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი (%) 2020წლის იანვრის მდგომარეობით
2020 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტთა რაოდენობა 919,905-ს უტოლდება. თუმცა აღინიშნება დაფარვის სიმკვრივის მკვეთრი დისბალანსი ტერიტორიულ ერთეულებს შორის. რეგიონების მიხედვით, ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია, სადაც ინტერნეტ დაფარვის სიმკვრივე მხოლოდ 15%-ს შეადგენს და მთელი რეგიონის მასშტაბით მხოლოდ 2,175 აბონენტია. თბილისსა (125,7%) და აჭარაში (124%) სიმკვრივე 100% აღემატება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აბონენტების რაოდენობა შინამეურნეობების რაოდენობას აჭარბებს. [2]
დიაგრამა 2. ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტთა რაოდენობა, საქართველო, 2020 წ, იანვარი
წყარო: https://www.geostat.ge/media/33564/%E1%83%A8%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98—2020.pdf
საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის (ITU) 2020 წლის მონაცემებით, მეზობელ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ინტერნეტზე ყველაზე დაბალი ხელმისაწვდომობა უკრაინის და საქართველოს მოქალაქეებს აქვთ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემების თანახმად, 2019 წელს 3 მილიონზე მეტი აბონენტი სარგებლობდა მობილური ინტერნეტით და ეს ციფრი საკმაოდ სწრაფად იზრდება. თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე ტენდენციას.
დიაგრამა 3. მობილური ინტერნეტის აბონენტთა რაოდენობა 2016-2020 წლის ივლისი (%)
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მობილური ინტერნეტის მომხმარებლების ყოველწლიური ზრდის მიუხედავად, აბონენტების 45% პროცენტამდე მობილურ ინტერნეტს ვერ/არ იყენებს შესაბამისი უნარ-ჩვევების, ფინანსური შესაძლებლობის ან მხარდაჭერის მქონე ტელეფონის უქონლობის გამო. [3]
აღსანიშნავია, რომ ინტერნეტ-ინფრასტრუქტურაზე წვდომა არ არის მისი გამოყენების ერთადერთი მაჩვენებელი. ასევე, მნიშვნელოვანია, კომპიუტერით უზრუნველყოფის და ციფრული წიგნიერების სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც საქართველოში შინამეურნეობების მხოლოდ 62% პროცენტი ფლობს კომპიუტერს, ხოლო მოსახლეობის 46% პროცენტი თვლის, რომ არ გააჩნია მის გამოსაყენებლად საჭირო საწყისი ცოდნა.
საქსტატის 2020 წლის მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 86% ინტერნეტს იყენებს ონლაინ აუდიო/ვიდეო კავშირისთვის, 55% ახალი ამბების მოსაძიებლად, ხოლო 52% ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოსაძიებლად. საგანგებო მდგომარეობის პირობებში ამ მაჩვენებლების გაზრდა სავსებით მოსალოდნელია და საინტერსო იქნება 2021 წლისთვის ანალოგიური გამოკითხვით გამოვლენილი ახალი ტენდენციები. [2]
ინტერნეტი და განათლება
კორონავირუსის პრევენციის მიზნით სასწავლო პროცესი ნაწილობრივ შეჩერებულია. შექმნილ ვითარებაში სწავლების პროცესის წარმართვისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დისტანციურ სწავლების ელექტრონულ და სატელევიზიო ფორმატებს განიხილავს. საქართველოს საჯარო სკოლებისთვის (ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის) შეიქმნა Microsoft Office 365-ის მომხმარებლის პროფილი (600 000-მდე მოსწავლე და 55 000-მდე მასწავლებელი). ბოლო მონაცემებით პროგრამა Teams-ს უკვე იყენებს 213,919 მომხმარებელი.
დისტანციურ რეჟიმზე სწავლებას ხელს უწყობს სახელმწიფოს მიერ დარიგებული ნეტბუქები, რომლებიც 2011 წლიდან გადაეცემა ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში ყოველწლიურად საშუალოდ 45,000 პირველკლასელი ირიცხება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამჟამად 405,000-მდე მოსწავლე (საჯარო სკოლის მოსწავლეების 73.6%) ფლობს აღნიშნულ ნეტბუქს. ამ გამოთვლას ამყარებს ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის კვლევაც, რომლის მიხედვით საქართველოში მოსწავლეების დაახლოებით 78% ფლობს სასკოლო სამუშაოსთვის გამოსადეგ კომპიუტერს. ხოლო, რაც შეეხება ინტერნეტზე წვდომას, დღეს საქართველოში 78,000-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი. მათი 95% ცხოვრობს ინტერნეტის დაფარვის ზონაში, თუმცა ხელმოკლეობის გამო ვერ ახერხებს ინტერნეტის საფასურის გადახდას. [1]
განათლების სამინისტროს ძალისხმევის მისასალმებელია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება იმ ფაქტზე რომ ქართველი მოსწავლეების ერთი მეხუთედი ვერ ახერხებს სასწავლო პროცესში ეფექტურად ჩართვას ინტერნეტის ან კომპიუტერის უქონლობის გამო.
საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი
2015 წელს ააიპ „ოუფენ ნეტი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში დაფუძნდა და საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება დაევალა. 150$ მილიონიანი პროექტის მიზანი იყო 2020 წლისთვის, 8,000-კილომეტრიანი ოპტიკური ქსელის გაყვანა და 2,000-მდე დასახლებულ პუნქტში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის შეყვანა. „ოუფენ ნეტს“ უნდა აეშენებინა ინფრასტრუქტურა ისეთ ადგილებში, სადაც ინტერნეტ-პროვაიდერები, მაღალი ხარჯის ან მომხმარებელთა დაბალი მოთხოვნის გამო არ გეგმავდნენ ინვესტიციის ჩადებას. გაჟღერდა პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში მოხვედრილი 473 სოფლის სიაც, თუმცა ამ დრომდე ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ დაწყებულა. „ოუფენ ნეტს“ შესყიდვების სააგენტომ უფლება მისცა გამარტივებული შესყიდვით დაეწყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, თუმცა გამოცხადებული 20 მილიონიანი ტენდერი ჩაიშალა. [4]
ხელისუფლების და ინტერნეტ სერვის პროვაიდერების როლი
პანდემიის პირობებში, მსოფლიოში მრავალმა ინტერნეტ-პროვაიდერმა საზოგადოებას სხვადასხვა სახის შეღავათები შესთავაზა. მაგალითად, ურუგვაიში საჯარო სატელეკომუნიკაციო კომპანიამ 120,000 ოჯახს, უფასოდ გამოუყო 50 გეგაბაიტი ინტერნეტი. შეერთებულ შტატებში მოქმედმა პროვაიდერების უმრავლესობამ უფასო/დაბალ ტარიფიანი პაკეტები შემოიღო. არგენტინაში, პერუში, ელ-სალვადორში და აშშ-ს რამდენიმე შტატში ხელისუფლებამ ინტერნეტზე წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად სცნო და პროვაიდერებს საგანგებო მდგომარეობის ვადით აუკრძალა მომხმარებლებისთვის მიწოდების შეწყვეტა გადაუხდელობის გამო.
ამ დროისთვის საქართველოში უკვე მოქმედებს სახელმწიფოს სუბსიდიები კომუნალურ გადასახადებზე, კერძოდ დენი და გაზი უსასყიდლოდ მიეწოდებათ იმ ოჯახებს რომელთა თვიური მოხმარება არ აღემატება 200 კილოვატს და 200 მ3. შეღავათები ასევე ვრცელდება დასუფთავებაზე და წყალ მომარაგებაზე, თუმცა არა ინტერნეტზე, რაც ალბათ მიუთითებს სახელმწიფოს მიერ მისი მნიშვნელობის არასათანადო შეფასებაზე.
2020 წლის იანვრის მონაცემით, საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტ აბონენტების 80%-ს ორი მსხვილი პროვაიდერები ემსახურება, მაგთიკომი (446,378 აბონენტი) და სილქნეტი (287,346 აბონენტი).
დიაგრამა 4. აბონენტების განაწილება კომპანიების მიხედვით 2020 წლის იანვარი
წყარო: https://comcom.ge/ge/the-commission/annual-report
2020 წლის იანვრის მდგომარეობით, მობილურ ინტერნეტს 3,189,300 მომხმარებელი იყენებს. ეს ბაზარი კიდევ უფრო ერთფეროვანია და მასში მხოლოდ სამი პროვაიდერი ფიგურირებს, მაგთიკომი, სილქნეტი (ყოფილი ჯეოსელი) და ვიონი საქართველო (ე.წ. ბილაინი).
დიაგრამა 5. მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა განაწილება კომპანიების მიხედვით, 2020წ
წყარო: https://comcom.ge/ge/the-commission/annual-report
ზევით მოყვანილი მაგალითებთან მიმართებაში სილქნეტმა და მაგთიკომმაც შესთავაზა მომხმარებელს სხვადასხვა შეღავათები, ახალი მომხმარებლებისთვის ფიქსირებული ინტერნეტის გადასახადის ორი თვით გაუქმება, მობილური ინტერნეტის იაფფასიანი ულიმიტო პაკეტები, უფასო ინსტალაცია და სხვა.
გარდა სახელმწიფო ინტერვენციისა და მსხვილი პროვაიდერების ქველმოქმედებისა არსებობს ამ პრობლემის მოგვარების სხვა გზებიც, სამოქალაქო ინიციატივა „ჩართე“ რიგით მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, დაუფინანსონ ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი ან კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს. ამჟამად, პროექტის მეშვეობით, ინტერნეტი მუდმივად მიეწოდება 700-მდე ოჯახს. [6]
დასკვნა
ფართოზოლოვანი ინტერნეტი წარმოადგენს მნიშვნელოვან საფუძველს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის დღევანდელ გლობალურ და სულ უფრო მეტად მზარდ ციფრულ ეკონომიკაში. ამჟამად საქართველოში ადგილი აქვს მკვეთრად გამოხატულ ციფრულ უთანასწორობას, რომელსაც ძირითადად გეოგრაფიული და ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს.
მიმდინარე კორონავირუსის პანდემიის ფონზე კიდევ უფრო მწვავედ გამოიკვეთა ინტერნეტ წვდომასთან დაკავშირებული პრობლემები. საგანგებო მდგომარეობის პირობებში ინტერნეტი ბევრისთვის არის ერთადერთი განათლების წყარო, სამუშაო საშუალება ან საჯარო სერვისების მიღების გზა. საგანგაშოა, როდესაც მოსახლეობის ერთ მეხუთედზე მეტი მოწყვეტილია ამ შესაძლებლობებს ფინანსური მდგომარეობის, არასაკმარისი უნარ-ჩვევების თუ გეოგრაფიული მდებარეობის გამო. მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ დროულად და ეფექტურად უზრუნველყოს საქართველოს მასშტაბით ინტერნეტიზაცია, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე, საზოგადოებაში მედია წიგნიერების ამაღლების თვალსაზრისით.
გამოყენებული ლიტერატურა
- https://idfi.ge/
- www.geostat.ge
- www.comcom.ge
- economy.ge
- www.unicef.org
- www.transparency.ge
- www.bsu.edu.ge