საფასო დისკრიმინაცია — მონოპოლიის თამაშის წესები
ავტორის სტილი დაცულია
თაკო ყოჩაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, III კურსი
ანოტაცია: თანამედროვე საბაზრო ეკონომიკა, კონკურენციის მასშტაბის მიხედვით, სხვადასხვა სახის ბაზრებისაგან შედგება. ისინი ერთმანეთისაგან მრავალი ნიშნით განსხვავდებიან, თუმცა გარკვეული საერთო მახასიათებლებიც გააჩნიათ. გამოიყოფა: მონოპოლიური, ოლიგოპოლიური, სრულყოფილი კონკურენციის და მონოპოლისტური კონკურენციის ბაზრები. სრულყოფილი კონკურენციის ბაზრის ტიპთან ერთად, საინტერესოა ასევე არასრულყოფილი ბაზრების თავისებურებების შესწავლაც. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია მონოპოლიური ბაზარი.
Annotation: Modern market economy, according to the scale of competition, consists of different types of markets. They differ from each other in many signs. However, they also have some common characteristics. There are: monopolistic, oligopolistic, perfect competition and monopolistic competition markets. Along with the perfect competition market type, it is also interesting to study the characteristics of imperfect markets. One of the most widespread of these is the monopoly markets.
შესავალი
მონოპოლიურ ბაზრებზე მოქმედი ფირმები ფლობენ საბაზრო ძალაუფლებას. მათ შეუძლიათ კონტროლის მოპოვება საბაზრო ფასსა და პროდუქციის რაოდენობაზე, ვინაიდან მონოპოლიური ფირმები ფასის დამწესებლები არიან და არა მიმღებნი. ასევე, მათი პროდუქცია უნიკალურია, არ გააჩნია ახლო შემცვლელები. მონოპოლისტი ფირმის მიერ დაწესებული ფასი ყოველთვის უფრო მაღლა, ვიდრე კონკურენტულის, შესაბამისად, მცირდება წარმოების მოცულობა. აღნიშნული ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია რესურსების არაეფექტიანი განაწილება. მონოპოლია ზღვრულ დანახარჯებზე მაღალ ფასს აწესებს და შესაბამისად, იღებს ეკონომიკურ მოგებას.
მონოპოლიური ძალაუფლების ფირმები მოგების გაზრდის მიზნით იყენებენ სხვადასხვა სახის საფასო დისკრიმინაციას. ამ დროს ისინი მომხმარებლებს სხვადასხვა ფასს უწესებენ ერთსა და იმავე საქონელზე (მომსახურებაზე).
მონოპოლიური ფირმებისათვის ყოველთვის მიმზიდველად გამოიყურება საფასო დისკრიმინაციის ხარჯზე ნამეტის გაზრდა, თუმცა მის განსახორციელებლად გარკვეული პირობების არსებობაა საჭირო:
- ფირმას უნდა გააჩნდეს ინდივიდუალურ მოთხოვნის მრუდებზე ინფორმაცია.
- ფირმა უნდა გამოყოფდეს სხვადასხვა მოთხოვნის მრუდის მქონე მომხმარებელთა ჯგუფებს.
- ფირმას უნდა შეეძლოს, რომ თავიდან აიცილოს ხელმეორედ გაყიდვები, ანუ ჩაკეტოს მომხმარებელთა ჯგუფები.
არსებობს სულ სამი სახის საფასო დისკრიმინაცია. ესენია: პირველი ხარისხის, მეორე ხარისხისა და მესამე ხარისხის საფასო დისკრიმინაცია. განვიხილოთ თითოეული მათგანი.
პირველი ხარისხის საფასო დისკრიმინაცია
პირველი ხარისხის საფასო დისკრიმინაციას სხვაგვარად სრულყოფილ საფასო დისკრიმინაციასაც უწოდებენ. ამ დროს ფირმა ცდილობს, მომხმარებლის გადახდისუნარიანობა მაქსიმალურად შეაფასოს და შესაბამისი ფასი დაუწესოს პროდუქტზე (მომსახურებაზე). [1] იგი მოგების გაზრდის ერთ-ერთი საშუალებაა. აღნიშნული საფასო დისკრიმინაციისას მოგება აღწევს მაქსიმუმს, ვინაიდან მომხმარებელი იხდის იმ მაქსიმალურ თანხას, რომლის გადასახდელადაც არის მზად.
ირველი ხარისხის საფასო დისკრიმინაციას პრაქტიკაში იშვიათად ვხვდებით, თუმცა მისი მიახლოებული ვარიანტები ფართოდაა გავრცელებული. მაგალითად, როდესაც ადამიანები ყიდიან უძრავ ან მოძრავ ქონებას, ცდილობენ მყიდველს მაქსიმალური ფასი დაუწესონ, რომლის გადახდისთვისაც იგი მზად იქნება. სწორედ ამიტომ, გამყიდველები თავდაპირველად შედარებით მაღალი ფასის გადახდას მოითხოვენ, საბოლოო შეთანხმება კი მოლაპარაკების საფუძველზე ხდება. პირველი ხარისხის საფასო დისკრიმინაციის მაგალითია სიტუაცია, როდესაც პროფესიონალი ბუღალტერი თავდაპირველად კლიენტის შემოსავლების სიდიდეს აფასებს და შემდგომ ისე მოითხოვს საკუთარი შრომის ანაზღაურების ოდენობას.
მეორე ხარისხის საფასო დისკრიმინაცია
მეორე ხარისხის საფასო დისკრიმინაცია პრაქტიკაში ძალიან ხშირად გვხვდება. თუ დავაკვირდებით დროის მოცემულ პერიოდში ბაზარზე მომხმარებელთა ქცევას, დავინახავთ, რომ ისინი პროდუქტისა და მომსახურების ერთ ერთეულზე მეტს ყიდულობენ. მაგალითად, ადამიანები ყოველთვიურად ბევრჯერ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე ბუნებრივი აირის, წყლის და ელექტროენერგიის მრავალ ერთეულს ყიდულობენ და ა.შ. მეორე ხარისხის საფასო დისკრიმინაცია სწორედ რაოდენობრიობასთანაა კავშირში. [2]
ხშირად რაოდენობრივ ფასდაკლებას არა მხოლოდ საფასო დისკრიმინაციის შედეგად ვხვდებით, არამედ დანახარჯების შემცირების მიზნითაც. მაგალითად, პროდუქციის დიდი პარტიებით გაყიდვისას მწარმოებელს ნაკლები ხარჯი აქვს შეფუთვაზე, ტრანსპორტირებაზე და სხვა. რაოდენობრივი ფასდაკლების მაგალითია კომპანია “McDonald’s”-ის მიერ შეთავაზებული აქცია „1+1“, რომელიც სხვადასხვა მენიუებზე ვრცელდება და გაყიდვების გაზრდას უწყობს ხელს. რაოდენობრივ ფასდაკლებას წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც მწარმოებელი პროდუქციის პირველ ერთეულს სხვა ფასად მიჰყიდის მომხმარებელს, დანარჩენს კი შემცირებული ღირებულებით.
ყურადღება უნდა გავამახვილოთ მეორე ხარისხის საფასო დისკრიმინაციის კიდევ ერთ სახეობაზე, რომელსაც წილობრივი ფასდაკლება ეწოდება. მას, ძირითადად, ვხვდებით ბითუმად და საცალო მოვაჭრეებს შორის. მაგალითად, როდესაც საცალო მოვაჭრე ობიექტი თავისი პროდუქციის ძირითად ნაწილს (60-70%) ყიდულობს ერთი კომპანიისაგან, ეს უკანასკნელ გარკვეულ ფასდაკლებას სთავაზობს.
როგორც ვხედავთ, მეორე ხარისხის საფასო დისკრიმინაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება პირველი ხარისხის საფასო დისკრიმინაციისაგან. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მთელი ნამეტის მისაკუთრებას მწარმოებელი ცდილობს, მეორე ხარისხის საფასო დისკრიმინაცია კი სარგებლიანია როგორც მწარმოებლისთვის, ასევე მომხმარებლისთვის, ვინაიდან ნამეტს ორივე იღებს. [3]
მესამე ხარისხის საფასო დისკრიმინაცია
მესამე ხარისხის საფასო დისკრიმინაცია საბაზრო ეკონომიკაში ფართოდ გავრცელებული ფორმაა. იგი დაკავშირებულია ბაზრის სეგმენტაციასთან, ანუ მომხმარებელთა რაიმე ნიშნით დაჯგუფებასთან.
აღნიშნულ საფასო დისკრიმინაციას ყოველდღიურად ძალიან ხშირად ვხვდებით. მაგალითად, მესამე ხარისხის საფასო დისკრიმინაციას წარმოადგენს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფასდაკლება სტუდენტებისა და პენსიონერებისათვის. ასევე ფასდაკლება სტუდენტებისთვის კინოთეატრის, მატარებლისა და მუზეუმის ბილეთებზე, დღის სხვადასხვა მონაკვეთში კინოთეატრის ბილეთებზე განსხვავებული ფასები და ა. შ.
მესამე ხარისხის საფასო დისკრიმინაციას აქტიურად იყენებენ ფარმაცევტულ ბიზნესში. მედიკამენტების მწარმოებლები შედარებით მდიდარ ქვეყნებში უფრო მაღალ ფასებს აწესებენ, ვიდრე ღარიბ ქვეყნებში. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ფასები საგრძნობლად მაღალია. ერთი და იმავე მედიკამენტებზე ევროპულ ქვეყნებში იხდიან 56%-ს ამერიკაში არსებული ფასისა.
გამოყოფენ საფასო დისკრიმინაციას სქესის მიხედვითაც. მაგალითად, ისეთ ბარებში სადაც ტარდება ე.წ. „Ladies Nights”, ფასები შედარებით მცირეა ქალბატონებისთვის, ვიდრე მამაკაცებისთვის. [4]
მიბმითი გაყიდვები
საფასო დისკრიმინაციასთან ერთად, ზოგჯერ ფირმა მწარმოებლის ნამეტის გაზრდის მიზნით ე.წ. მიბმით გაყიდვებს იყენებს. აღნიშნული მეთოდის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელი კონკრეტულ პროდუქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ მწარმოებლის მიერ შეთავაზებულ სხვა პროდუქტსაც იყიდის. მიბმითი გაყიდვების გამოყენება ფირმისთვის ძალზედ მომგებიანია, ვინაიდან იგი ხელს უწყობს ბაზარზე ძალაუფლების გაფართოებას.
პაკეტირებით ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იძენს პროდუქტსა და მომსახურებას. მაგალითად განვიხილოთ პროგრამების პაკეტი Microsoft Office, მისი შეძენისას მომხმარებელი შესაძლოა აქტიურად იყენებდეს Word-ს, PowerPoint-ს, მაგრამ არ იყენებდეს Excel-ს, თუმცა შეძენისას მთლიან ღირებულებას იხდის. ფირმები ხშირად იყენებენ ურთიერთდაკავშირებული პროდუქტების პაკეტირებას, რადგან აღნიშნული მეთოდით მათი შეძენა მომხმარებლებისთვის უფრო მოსახერხებელი და სასიამოვნოა, მწარმოებლებისთვის კი მომგებიანი.
მიბმითი გაყიდვების კიდევ ერთი სახეობაა შერეული პაკეტირება. იგი ასახავს სიტუაციას, როდესაც ფირმები მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ პროდუქცია შეიძინონ როგორც ცალ-ცალკე, ასევე პაკეტირების მეშვეობითაც. მაგალითად კომპანია „PANTENE” ქალბატონებს თმის მოვლის საშუალებებს სთავაზობს პაკეტით, რომელიც მოიცავს შამპუნს, ბალზამსა და თმის ნიღაბს. ჩამოთვლილი პროდუქტების ფასი ცალ-ცალკე გაცილებით მეტია, ვიდრე პაკეტით შეძენისას. აღნიშნული მეთოდი მწარმოებლისთვის ოპტიმალურია, ვინაიდან იგი მომხმარებელს უკარგავს სურვილს, რომ პროდუქცია ცალ-ცალკე იყიდოს, ყოველივე ეს კი ფირმის მოგებაზე დადებითად აისახება.
დასკვნა
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საფასო დისკრიმინაცია საბაზრო ძალაუფლების მქონე ფირმებისთვის შემოსავლების გაზრდის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. განხილული საკითხებიდან ნათლად ჩანს ის თავისებურებები, რომლებიც თითოეული სახის საფასო დისკრიმინაციას ერთმანეთისგან განასხვავებს. შევაჯამოთ თითოეული საფასო დისკრიმინაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები:
პირველი ხარისხის საფასო დისკრიმინაცია მომგებიანია მხოლოდ მწარმოებლისთვის, ვინაიდან მთელი ნამეტის მისაკუთრებას სწორედ ის ცდილობს, მომხმარებლის ნამეტი კი აღარ არსებობს. სწორედ ამ უარყოფითი თვისებიდან გამომდინარე აღნიშნული საფასო დისკრიმინაცია უფრო თეორიული ვერსიაა, ვიდრე პრაქტიკული. რეალურ ეკონომიკაში მხოლოდ მასთან მიახლოებულ ვარიანტებს ვხვდებით.
მეორე ხარისხის საფასო დისკრიმინაციისას გამოშვებული პროდუქციის რაოდენობა იზრდება, ფასები კი მცირდება. სწორედ ამიტომ, იგი კეთილდღეობის მომტანია მთლიანად საზოგადოებისთვის, ვინაიდან ნამეტს იღებს როგორც მწარმოებელი, ასევე მომხმარებელი. აღნიშნული თვისებიდან გამომდინარე იგი საბაზრო ეკონომიკაში ფართოდ გამოიყენება.
მესამე ხარისხის საფასო დისკრიმინაციისას ფირმა ისეთ მომხმარებლებს, რომლებიც მოთხოვნის მაღალი ელასტიკურობთ ხასიათდებიან, საშუალებას აძლევს პროდუქცია უფრო ნაკლებ ფასად შეიძინონ. ეს ყოველივე კი მომგებიანია, როგორც მყიდველებისთვის, ასევე გამყიდველებისთვის, რადგან ორივე იღებს კუთვნილ ნამეტს.
მიბმითი გაყიდვების გამოყენება ფირმისათვის სახარბიელოა, ვინაიდან შემოსავლების გაზრდას ემსახურება, მომხმარებელს კი პროდუქციას ნაკლებ ფასად სთავაზობს. პაკეტირებისას მყიდველები ზღვრულ დანახარჯებზე გაცილებით მაღალ ფასს იხდიან პროდუქტსა და მომსახურებაში.
გამოყენებული მასალები
- Pettinger, T. (2019, December 14). Price Discrimination. Economics Help. https://www.economicshelp.org/microessays/pd/price-discrimination/
- ე. ხარაიშვილი, მ. ჩავლეიშვილი, ნ. დამენია, ც. მიქატაძე, „მენეჯერული ეკონომიკა“, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2015.
- Krylovskiy, N. (2020, January 26). Price discrimination | Maximising profits. Economics Online | Economics Online. https://www.economicsonline.co.uk/Business_economics/Price_discrimination.html?fbclid=IwAR1B-DsHJ6tw7mAietAL1irFJfSp1pLfPYP2MwUCZaJK3kvVjw9x24p5e44
- https://courses.lumenlearning.com/boundless-economics/chapter/price-discrimination/