ფემინიზმი და ქალთა ძირითადი პრობლემები ეკონომიკურ საქმიანობაში
ავტორის სტილი დაცულია
თიკო ელაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის III კურსის სტუდენტი
Tikoelashvili55@gmail.com
ანოტაცია
ფემინიზმი – საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების აღიარება და მათი გათანასწორება მამაკაცებთან ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა. ქალების სოციალურ-ეკონომიკური როლის შესახებ ხშირად საუბრობენ. კულტურების მიხედვით დამოკიდებულებები განსხვავებული და არაცალსახაა. თუმცა მხოლოდ კულტურა, რელიგია და სტერეოტიპული დამოკიდებულება არ არის ის, რაც აკნინებს ქალებს და დაუფასებელს ხდის. ნაშრომში განხილული ფემინიზმის არსი, მისი ისტორიული ხედი და განვითარება. აგრეთვე, ხაზს ვუსვამ ქალთა დასაქმების საკითხს და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს. აღვნიშნავ ასევე ქალთა უთანასწორობას და მის ტენდენციებს. განვიხილავ საქართველოს მაგალითს.
Annotation
Feminism is a range of social and political movements that aim to define and establish the political, economic, personal and social equality of the sexes. The socio-economic role of women is often talked about. Attitudes are different and ambiguous according to cultures. However, it is not just culture, religion and stereotypical attitudes that demean a women and make them unappreciated. This article discusses the essence of feminism, its historical perspective and development. I also emphasize the issue of women’s employment and related problems. I also note the inequality of women and its tendencies. Finally, I will consider the example of Georgia.
ფემინიზმის არსი და ისტორიული ხედი
ფემინიზმი არის მსოფლმხედველობა, რომლის მიხედვითაც ქალებს უნდა ჰქონდეთ ეკონომიკური, სოციალური, სამოქალაქო, პოლიტიკური და კულტურული უფლებები. ამ მიზნის მისაღწევად ქალებს ხანგრძლივი, წინააღმდეგობრივი და საინტერესო გზის გავლა მოუხდათ. ერთი მხრივ, ისინი იაზრებდნენ საკუთარ ადგილს საზოგადოებაში და მეორე მხრივ, იბრძოდნენ ჩაგვრის განმაპირობებელი კულტურული ნორმების შესაცვლელად.
ქალები, უხსოვარი დროიდან იჩაგრებოდნენ სხვადასხვა სფეროში, იქნებოდა ეს განათლება, სამსახური და სხვა.
ქალების განათლების პრობლემატიზაციას მძლავრი ბიძგი მისცა თავისუფლებისა და ადამიანის გონების არსის შესახებ დაწყებულმა ფილოსოფიურმა კამათმა რელიგიის შესახებ. მერი უოლსტენკრაფტი (1759-1797) დაუპირისპირდა ქალის ბუნების, აზროვნების, უნარებისა და დანიშნულების შესახებ არსებულ მოძველებულ შეხედულებებს. თავის ნაშრომში „ქალის უფლებების დაცვა“ (1792) ჟან ჟაკ რუსოს მოსაზრებებზე დაყრდნობით, დიდი ყურადღება გაამახვილა აღზრდის სისტემაზე, განათლებასა და პიროვნულ განვითარებაზე.
ჯონ სტიუარტ მილის ნაშრომი „ქალის დაქვემდებარებულობა“ ეძღვნება ქალების მძიმე პირობების აღწერას. ის სოციალური წნეხის და ცუდი განათლების, მათ შევიწროების, ჩაგვრის და შესაძლებლობათა შეზღუდვის წინააღმდეგ გამოსვლებს ემსახურება. ჯონ სტიუარტ მილი ქალის მენტალური, სოციალური, პოლიტიკური დაქვემდებარების საფუძველს იმაში ხედავს, რომ იგი მამისეულ და ქმრის სახლში ეკონომიკურად დამოკიდებულია მამაკაცებზე. სანამ ის თავისუფლად არ აირჩევს საქმიანობის სფეროს და ოჯახს ეკონომიკური აუცილებლობის გამო შექმნის, მანამდე არაფერი შეიცვლება.
ისტორიის მანძილზე, მსგავსი ფემინისტური მოძრაობების კერები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაიწყო. 1869-1870 წლებში -აშშ; 1894 – ახალი ზელანდია, 1895-1897- ავსტრალია; 1906- ფინეთი; 1913 – ნორვეგია, დანია, ისლანდია, 1917 – რუსეთი; 1918 – დიდი ბრიტანეთი; 1919-1984 – ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
განსაკუთრებით აქტუალური ფემინიზმი ბოლო წლებში გახდა, როდესაც დღის წესრიგში მწვავედ იდგა გენდერული თანასწორობის საკითხი. ქალებს სურდათ უფრო პრესტიჟული სამუშაო პირობები, მაღალი ხელფასები და თავისუფალი არჩევანი.
მიუხედავად იმისა, რომ ფემინიზმი საკმაოდ რადიკალური და სწრაფადგავრცელებადი მოძრაობაა, ის არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მამაკაცთა უფლებებს. ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ფემინიზმი ნეგატიური მოვლენაა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ფემინიზმი, უბრალოდ ასწორებს და ათანასწორებს იმას, რაც უძველესი დროიდან ქალების მიმართ დისკრიმინაციად შეგვიძლია ვუწოდოთ. [3]
ქალთა დასაქმება და მისი ძირითადი პრობლემები
არ არის საიდუმლო, რომ შრომის ბაზარი და მისი მექანიზმები ეკონომიკისთვის ერთ-ერთ უმთავრეს სფეროს წარმოადგენს. ამიტომაც, საინტერესოა, რა ვითარებაა ამ მხრივ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებთან.
მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნებისა და, მათ შორის, საქართველოს შრომის ბაზარზე მეტად მწვავე პრობლემაა ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა და გენდერული თანასწორობის პრინციპების რეალიზება. ქალის როლის ამაღლება საზოგადოებაში არსებითად განაპირობებს ქალისა და მამაკაცის თანაბარ შესაძლებლობებს, უფლებებსა და პასუხისმგებლობას.
ქვეყნის განვითარების პროცესში ქალთა და მამაკაცთა სრულფასოვანი მონაწილეობისთვის აუცილებელია მათ თანაბრად მიუწვდებოდეთ ხელი სოციალურ და ეკონომიკურ რესურსებზე, მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
საბჭოთა პერიოდის ეროვნულ მეურნეობაში ქალთა ეკონომიკური აქტივობის შესაფასებლად, მნიშვნელოვანია ქალთა დასაქმების მაჩვენებლების განხილვა ცალკეული დარგების მიხედვით, სადაც ქალთა მონაწილეობა განსაკუთრებით მაღალი იყო. საბჭოურ დროში ქალები გამოირჩეოდნენ ისეთი პრესტიჟული პროფესიების მიხედვით, როგორებიცაა: ექიმი, მასწავლებელი, ხელოვნებისა და კულტურის დარგის მუშაკი, მსუბუქი და კვების მრეწველობის ძირითადი საინჟინრო პროფესიები. ქალთა კადრების სიჭარბე აღნიშნულ პროფესიებში დღესაც არის შენარჩუნებული.
საქართველოს ქალთა შრომითი და ინტელექტურალი პოტენციალის რეალიზება აუცილებელია. პირველ რიგში, თვით ქალთა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სტატუსის ასამაღლებლად, ვინაიდან თვითრეალიზაციისკენ, ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ და ბედნიერებისკენ სწრაფვა მათი უფლებაა. ამის გარდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქალის მიერ ოჯახში და ოჯახის გარეთ გაწეული შრომა მნიშვნელოვნად განამტკიცებს სახელმწიფოს ძლიერებას. საქართველოში 1990 წლამდე მაღალი იყო ქალთა დასაქმების მასშტაბები და, აქედან გამომდინარე, მათი როლი ეკონომიკურ ცხოვრებაში. [1]
დღევანდელი მდგომარეობით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქვეყანაში მაღალია, როგორც მთლიანად მოსახლეობის, ისე ქალების ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები. საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობა, ბევრი ექსპერტის აზრით, თითქმის არ განსხვავდება ევროკავშირის ქვეყნების ანალოგიური მაჩვენებლებისგან.
შეგვიძლია განვიხილოთ საქართველოში ბოლო 3-4 წლის ტენდენციები დასაქმების დონეში. მნიშვნელოვანი მაჩვენებლები, როგორიცაა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობა, სამუშაო ძალა, დასაქმებულთა და უმუშევართა რიცხოვნობა, აგრეთვე დასაქმებისა და უმუშევრობის დონეები და სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, მოცემულია ცხრილ 1-ში. [2]
ცხრილის მონაცემებიდან ვხედავთ, რომ 2016-2019 წლებში ქალთა დასაქმების დონე მეტნაკლებად სტაბილურია და 36-37%-ს შორისაა. ვხედავთ, რომ სხვა მონაცემებიც შედარებით სტაბილურია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2018-2019 წლებში გაიზარდა სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობა, რაც სავარაუდოდ, ხანდაზმულ ქალთა პენსიაზე გასვლით არის განპირობებული.
ქალთა დასაქმების მდგომარეობის თავისებურებებისა და პრობლემების ანალიზმა შეიძლება მთელ რიგ ტენდენციამდე მიგვიყვანოს.
პირველ რიგში, უფრო გაშლილად განვიხილოთ დასაქმებულ ქალთა რიცხოვნობა და გამოვყოთ დაქირავებით დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა ჯგუფები.
დაქირავებით დასაქმებული – 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ასრულებდა განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით. აგრეთვე, პირი, რომელსაც აქვს სამუშაო ადგილი, მაგრამ დროებით არ მუშაობს შვებულების, ავადმყოფობის, წარმოების დროებით გაჩერების, სამუშაოდან დროებით დათხოვნის ან მსგავსი მიზეზის გამო. [1]
თვითდასაქმებული – მესაკუთრის საქმიანობა საანგარიშო პერიოდში, მოგების ან ოჯახური შემოსავლის (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით, აგრეთვე ოჯახუ საწარმოში/მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავე პირი. [1]
ცხრილის მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იზრდება დასაქმებულ ქალთა დაქირავებული წილი, განსაკუთრებით ეს 2017-2018 წლებში შეინიშნება. თვითდასაქმებულთა წილი 2017 წლიდან მიყოლებული მცირდება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლამდე მათი წილი იზრდებოდა. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ ქალთა თვითდასაქმება, მკვლევარების აზრით, არაეფექტიანია. მათი უმეტესი ნაწილი ოჯახუ საწარმოში უსასყიდლოდ მომუშავე ან მეურნეა დაქირავებული პირის გარეშე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქალთა სამეწარმეო ინიციატივა და აქტივობა დაბალია.
ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებასაც, რომ ეკონომიკის კერძო სექტორებში კადრების დაქირავებისას უპირატესობა ენიჭება მამაკაცთა სამუშაო ძალას, რაც აძლიერებს ქალთა დისკრიმინაციას შრომის ბაზარზე. დისკრიმინაციის მსხვერპლები ასევე ფეხმძიმე ქალები არიან და ისინი, ვისაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს.
თუმცა, რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, ქალთა უმუშევრობის დონე დაბალია კაცების უმუშევრობის დონეზე.
ნახაზი 1: უმუშევრობის დონე სქესობრივ ჭრილში. % 2010-2019 წლები
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/ddu
ნახაზიდან ჩანს, რომ, როგორც ქალების, ასევე კაცების უმუშევრობის დონე, ცვლილების თითქმის ერთნაირი ტენდენციით ხასიათდება. 2019 წელს ქალების უმუშევრობის დონე 16% იყო, მაშინ, როცა კაცების ანალოგიური მაჩვენებელი 18.9%-ს შეადგენდა.
მეტად მწვავეა ასევე უთანასწორობა თანამდებობაზე დანიშვნისა და სამსახურეობრივი დაწინაურებისას. ხშირია დასაოჯახებელ ქალთა დისკრიმინაციის შემთხვევებიც. სამუშაო ადგილებში შრომის პირობების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები ასევე გვევლინება ნეგატიურ ტენდენციად.
ქალთა დასაქმების სირთულეები განპირობებულია მათი შრომითი ქცევის თავისებურებებით, რაზეც უდიდეს გავლენას სოციალურ-ეკონომიკური რეფორმებით გამოწვეული დაძაბულობა შრომის ბაზარზე ახდენს. პრინციპული მნიშვნელობა აქვს ქალთა შრომით ორიენტაციას, ანუ შრომით საქმიანობასა და საოჯახო მეურნეობაში დასაქმების ურთიერთშესაბამისობის პროცესს. ცალკეული მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ქალთა დასაქმების მნიშვნელოვანი თავისებურება ისაა, რომ ქალები შებოჭილნი არიან „ქალთა პროფესიებით“, რომლებიც, როგორც წესი, ნაკლებშემოსავლიანი და ნაკლებ პრესტიჟულია. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ქალებს, უძველესი დროიდან მოყოლებული, ყოველთვის ასოცირებდნენ ოჯახში დასაქმებასთან, საოჯახო მეურნეობის გაძღოლასთან.
ქალთა ეკონომიკური აქტივობის ზრდა, რომელიც შეინიშნება ბოლო წლებში, მიუთითებს იმაზე, რომ მათ უმრავლესობას შრომაში საქმიანობაში ჩართვის სურვილი აქვს. ხშირ შემთხვევაში შრომის მძიმე და მავნე პირობები, მოუწესრიგებელი შრომის რეჟიმი და სხვა ფაქტორები იწვევს სტრესს, გადაღლას და სხვა არანორმალურ მოვლენებს, რაც აქვეითებს ქალების საქმიანობის ხარისხს. მოგვეხსენება, რომ ქალები მამაკაცებზე უფრო მგრძნობიარენი არიან გარე ფაქტორების მიმართ, რის გამოც, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ქალებიც კი, ბოლომდე ვერ ახერხებენ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას.
ქალთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით აქტიურად უნდა გამოვიყენოთ მსოფლიოს სამეურნეო პრაქტიკაში ფართოდ გავრცელებული და რეკომენდირებული პროგრამები. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სპეციალური პროგრამების შემუშავება არ იქნება საკმარისი. აუცილებელია ქალთა დასაქმების უზრუნველყოფის ღონისძიებათა სისტემის ცალკე გამოყოფა, როგორც ქვეყნის, ისე ცალკეული რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამაში. [1] [2]
ქალების თანამედროვე ტენდენციები
ცხადზე ცხადია, რომ გენდერული პრობლემების სწრაფად და ერთბაშად მოგვარება საკმაოდ რთულია. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან თანასწორობის იდეის პოპულარიზაცია სხვადასხვა ჯგუფის მიერ სისტემურ ხასიათს ატარებს. საინტერესოა ვიაზრებთ თუ არა პრობლემის მნიშვნელობას ადეკვატურად და რა პოლიტიკური კონიუნქტურა არსებობს გენდერული თანასწორობის ჭრილში.
ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, არაცალსახა დამოკიდებულებაა გენდერული დისბალანსის მიმართ. მაგალითად, საქართველოში 2010 წელს, პარლამენტმა მიიღო კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, რომლის მთავარი არსი სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობაა. ქვეყანაში ასევე მოქმედებს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რომელიც ქალსა და კაცს თანაბარ პირობებში აქცევს.
თუმცა, სამწუხაროდ, რეალობა ცდება კანონით განსაზღვრულ რეგულაციებს. 2013 წელს ინფორმაციის განვითარების თავისუფალმა ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, სადაც გაირკვა, რომ დასაქმებულის 70.7% კაცები არიან და 29.3% ქალები. სტატისტიკას თავი რომ დავანებოთ, ქალების მიმართ დისკრიმინაციული შემთხვევების რიცხვები და მასშტაბები სულ უფრო იზრდება. ქალებს ცუდ, ხანდახან გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა, რაც აისახება მათ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე.
საქართველოში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ გენდერული დისბალანსი ყველა სფეროში და დონეზე გვხვდება. საჭიროა მრავალწლიანი ტრანსფორმაცია, რათა შეიქმნას გენდერული თანასწორობის მქონე კულტურა. [4]
მოგვეხსენება, რომ მსოფლიოში 2019 წლიდან კორონავირუსი მძვინვარებს. ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება, რომელიც პანდემიად მოგვევლინა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცხოვრების ჩვეული რითმი შეცვალა. უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩა, შიმშილობს და არ გააჩნია ღირსეული შემოსავალი ცხოვრების და კეთილდღეობის მინიმალური პირობების უზრუნველყოფისთვის. ჩვენ გვაინტერესებს რა როლი ითამაშა Covid-19-ის პანდემიამ ქალთა ეკონომიკურ აქტივობაზე საქართველოში.
პარლამენტის გენდრულ საბჭოს სხდომაზე, პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შევამციროთ პანდემიის გავლენა გოგონებსა და ქალებზე. მისი თქმით, პანდემია გლობალური საფრთხეა, რომელსაც განსხვავებული გავლენა აქვს ქალებსა და მამაკაცებში, როგორც ჯანმრთელობის, ასევე სოციალურ-ეკონომიკური კუთხით. [5]
დასკვნა
ამრიგად, ფემინიზმის პროცესის მიუხედავად, ქალები დღესაც დისკრიმინაციის მსხვერპლები ხდებიან ქუჩაში, სამსახურში, სახლში. ქალთა გაძლიერებისთვის აუცილებელი წინაპირობაა, მივცეთ მათ საშუალება, სრულად გამოიყენონ თავიანთი ეკონომიკური პოტენციალი. მნიშვნელოვანია ქალებს მიეცეს თავისუფალი არჩევნის უფლება. ქალმა თვითონ უნდა განსაზღვროს, სად, როგორ და რა პირობებში იმუშაოს, რაც დღესდღეობით, სამწუხაროდ, მწვავე პრობლემაა, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში.
განვიხილეთ ქალთა დასაქმების პრობლემა, რომელიც, ჩემი აზრით, საკმაოდ მწვავე და მნიშვნელოვანია დღევანდელი ეკონომიკისთვის. ჩვენი ქვეყნის მაგალითზე განვიხილეთ ქალთა დასაქმების თავისებურებები და ვიმსჯელეთ შესაძლო გამოსავალზე.
მოკლედ მიმოვიხილეთ უახლესი ტენდენციები, რომელიც შეინიშნება მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც, გენდერული თანასწორობის მიმართ. ვისაუბრეთ უახლეს მოვლენებზე კორონავირუსის პანდემიის სახით და აღვნიშნეთ, რომ აუცილებელია პანდემიის ქალებზე გავლენის შემცირება.
დღის წესრიგში დგება საკითხი – რამდენად არსებობს ქალთა უფლებების დაცვის პროცესის ხელშემწყობი ნება მოცემულ საზოგადოებაში. სტერეოტიპული აზროვნება, პატრიარქალურ-დომინანტური პრეფერენციები, რელიგია, კულტურია არის ის სფეროები, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს კონკრეტულ საკითხებზე, რომელსაც გენდერული იდენტობის ნიშნით განვსაზღვრავთ. ისინი ზღუდავენ ქალის თვითრეალიზაციის არეალს, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- „დასაქმება და შრომის ბაზრის რეგულირება“ (მ.ცარციძე; 2017; თსუ; თბილისი)
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/ddu
- http://feminism-boell.org/ka/2014/05/08/peminizmi-da-kalis-uplebebi-mozraoba-napiridan-centrisaken
- https://forbes.ge/news/231/
- http://newpress.ge/ra-gavlenas-axdens-pandemia-qalta-ekonomikur-aqtoivobaze