ნეოლიბერალიზმი და ეკონომიკა
ავტორის სტილი დაცულია
თორნიკე მაისაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
III კურსის სტუდენტი
Tornike.Maisashvili101@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
წარმოიდგინეთ, რომ საბჭოთა კავშირის მოსახლეობას არასოდეს გაეგო კომუნიზმის შესახებ. იდეოლოგიას, რომელიც ჩვენს ცხოვრებაზე ბატონობს, უმეტესი ჩვენგანისთვის სახელი არ აქვს. ახსენეთ იგი საუბარში და მიიღებთ მხოლოდ მხრების აჩეჩვას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენს მსენელებს ეს ტერმინი გაგონილი აქვთ, გაუჭირდებათ მისი ზუსტი მნიშვნელობის განსაზღვრა. ნეოლიბერალიზმი: იცით თუ არა, რა არის ეს?
ნაშრომი აერთიანებს ინფორმაციას ნაოლიბერალიზმის შესახებ, გარდა ამისა, ვსაუბრობ იმ პრობლემებზე, პარადოქსებსა და პოლიტიკურ წინააღმდეგობებზე, რომლებსაც ეკონომიკური ლიბერალიზაცია იწვევს.
Anotation
imagine if the people of the Soviet Union had never heard of communism. The ideology that dominates our lives has, for most of us, no name. Mention it in conversation and you’ll be rewarded with a shrug. Even if your listeners have heard the term before, they will struggle to define it. Neoliberalism: do you know what it is?
The article collects together information about neoliberalism. in addition, I talk about problems, paradoxes and politicals resistances, which are caused by the economic liberalization.
შესავალი
ნეოლიბერალიზმი ეს არის პოლიტიკურ-ეკონომიკური ფილოსოფია, რომელიც უარყოფს სახელმწიფოს ჩარევას (ინტერვენციას) ადგილობრივ ეკონომიკაში. ის ყურადღებას ამახვილებს თავისუფალ საბაზრო მეთოდებზე, საწარმოთა ფუქციონირებაში ნაკლებ შეზღუდვებსა და საკუთრების უფლებებზე.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ ნეოლიბერალიზმი უპირატესობას ანიჭებს უცხოეთის ბაზრების გახსნას პოლიტიკური მეთოდებით, ეკონომიკური ზეწოლის, დიპლომატიური ან/და სამხედრო ინტერვენციის გამოყენებით. ბაზრების გახსნაში მოიაზრება თავისუფალი ვაჭრობა და მუშახელის საერთაშორისო სპეციალიზაციის მიხედვით დაყოფა.
ნეოლიბერალიზმი მულტილატერულ[1] პოლიტიკურ ზეწოლას უჭერს მხარს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, როგორებიცაა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი. ის ასევე ქადაგებს ეროვნული მთავრობების როლის მინიმუმამდე დაყვანას. კორპორაციული ეფექტურობის გადაუმჯობესებლად ის მოუწოდებს პროფკავშირთა პოლიტიკის ზეგავლენის (მაგ., მინიმალური ხელფასის ზღვარი, ან მუშახელის კოლექტიური მოლაპარაკების უფლება) უარყოფას ან მინიმუმამდე დაყვანას. ნეოლიბერალიზმი ეწინააღმდეგება სოციალიზმს, პროტექციონიზმსა და მწვანეთა მოძრაობას უცხოეთის ბაზრებში. [3]
ნეოლიბერალიზმის თვალსაჩინო კრიტიკოსებად თეორიასა და პრაქტიკაში შედიან ეკონომისტები ჯოზეფ სტიგლიცი, ამარტია სენი, მაიკლ ჰადსონი და ა.შ
ხშირად შეხვდებით სტატიებს, რომლებიც ნეოლიბერალიზმის საწინააღმდეგოდაა მიმართული. მას მოიხსენიებენ, როგორც იდეოლოგიას, სადაც ჩვენი ყველა პრობლემის ფესვებია.[2]
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნეოლიბერალიზმის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოება ნაკლებად ინფორმირებულია და ადამიანთა უდიდეს ნაწილს მისი მნიშვნელობის ზუსტი განსაზღვრა უჭირს. ნეოლიბერალიზმის ანონიმურობა არის მისი ძლიერების როგორც სიმპტომი, ასევე – მიზეზი. მან მთავარი როლი შეასრულა მთელ რიგ აღსანიშნავ კრიზისებში: 2007-2008 წლების ფინანსური კრიზისი, სიმდიდრისა და ძალაუფლების ოფშორებად გარდაქმნა (რომლის სულ მცირედი ნაწილი იყო „პანამის სკანდალი“[3] ), საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და განათლების ნელი ნგრევა, ბავშვთა სიღარიბის კვლავ გააქტუალურება, მარტოობის ეპიდემია, ეკოსისტემის კოლაფსი, დონალდ ტრამპის აღზევება, მაგრამ ამ კრიზისებზე ისე გვაქვს რეაქცია, რომ მათ კონტექსტს არ განვიხილავთ.
აშკარად, არაა გააზრებული, რომ ყველა ეს კრიზისი წახალისდა ან გამწვავდა ერთი თანმიმდევრული ფილოსოფიის მიერ. ფილოსოფიის, რომელსაც აქვს ან ჰქონდა სახელი. რომელია უფრო დიდი ძალაუფლება, ვიდრე ძალაუფლება, რომელიც უსახელოდ განაგებს?
ნეოლიბერალიზმი იმდენად ყოვლისმომცველი გახდა, ძალზე იშვიათად ვამჩნევთ, რომ იგი იდეოლოგიაა. ჩანს, ჩვენ ვაღიარებთ აზრს, რომ ეს უტოპიური[4], მილენარისტული[5] რწმენა ნეიტრალურ ძალას წარმოადგენს ბიოლოგიური კანონის მსგავსად, როგორც, მაგალითად, დარვინის ევოლუციური თეორია, მაგრამ ეს ფილოსოფია გაჩნდა, როგორც შეგნებული მცდელობა, ფორმა უცვალოს ადამიანის ცხოვრებას და ადგილი – ძალაუფლების კერას. [4]
ნეოლიბერალიზმი კონკურენციას ხედავს, როგორც ადამიანთა ურთიერთობების ღირებულებათა განსაზღვრის საშუალებას. იგი მოქალაქეებს განსაზღვრავს, როგორც მომხმარებლებს, რომლებიც დემოკრატიულ არჩევანს ყველაზე უკეთ ყიდვა-გაყიდვის საშუალებით აკეთებენ — პროცესით, რომელიც აჯილდოებს დამსახურებას და სჯის არაეფექტურობას. ეს გულისხმობს იმასაც, რომ „ბაზარი“ აწარმოებს მოგებას, რომელიც ვერასდროს მოიპოვება დაგეგმვით.
კონკურენციაში შეზღუდვის შემოტანის მცდელობები თავისუფლებისთვის საზიანოდაა მიჩნეული. გადასახადები და რეგულაციები მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი, საჯარო სამსახურები კი – პრივატიზებული. პროფკავშირების მიერ შრომის დანაწილება და ერთობლივი მოლაპარაკებები წარმოჩენილია, როგორც ბაზრის დამაზიანებლები, რომელიც აბრკოლებს გამარჯვებულებისა და დამარცხებულების (losers) „ბუნებრივი“ იერარქიის ფორმირებას. უთანასწორობა სათნოებად გვევლინება: ჯილდო სარგებლიანობისთვის და სიმდიდრის გენერატორი, რომელიც წალეკავს ყველაფერს, რათა ყველა მდიდარი უფრო გაამდიდროს. ამ იდეოლოგიის მიხედვით, ძალისხმევა მეტად თანასწორი საზოგადოების შესაქმნელად არის როგორც კონტრპროდუქტიული[6], ასევე მორალურად გამხრწნელი. ბაზარი გარანტიას იძლევა, რომ ყველა იღებს იმას, რასაც იმსახურებს.
თუ სტრუქტურული უმუშევრობა სუფევს და სამუშაო არ გაქვს პრობლემა მაინც შენშია – უუნარო ხარ. არ აქვს მნიშვნელობა, თუ ბინებს მიუწვდომელი ფასი ადევს, თუ შენი საკრედიტო ბარათი ამას ვერ წვდება – შენ უპასუხისმგებლო და მფლანგველი ხარ.სამყაროში, რომელსაც კონკურენცია მართავს, ის, ვინც ჩამორჩება, სხვებისა და საკუთარი თავის მიერაც ლუზერად მოიაზრება.
შედეგებს შორის, რომელსაც პოლ ფერჰეიგი აღწერს თავის წიგნში „What About Me?“[7] მოყვანილია თვითდაზიანების ეპიდემია, კვებითი დარღვევები, დეპრესია, მარტოობა, საჯარო გამოსვლის შფოთვა და სოციალური ფობია. მაგრამ, ალბათ, არცაა გასაკვირი, რომ ბრიტანეთი, სადაც ნეოლიბერალური იდეოლოგია ყველაზე მყარადაა დამკვიდრებული, ევროპის „მარტოობის“ დედაქალაქია. „ახლა ჩვენ ყველანი ნეოლიბერალები ვართ“ -წერს იგი. [5]
ნეოლიბერალიზმი როგორც ტერმინი
ტერმინი „ნეოლიბერალიზმი“ პირველად 1938 წელს პარიზში კრებაზე გამოიყენეს. დელეგატებს შორის იმყოფებოდა ორი ადამიანი, რომლებიც ამ იდეოლოგიის განსამარტად იყვნენ მოსულები – ლუდვიგ ფონ მიზესი და ფრიდრიჰ ჰაიეკი. ორივე ავსტრიიდან იყო გამოძევებული და ორივე ხედავდა სოციალ-დემოკრატიას ფრანკლინ რუზველტის ახალი გარიგებისა [8] და ბრიტანეთის კეთილდღეობის ხარისხის თანდათანობითი განვითარების მაგალითზე. მათთვის ეს კოლექტივიზმის ისეთი გამოვლინება იყო, რომელიც იმავე სპექტრს მოიცავდა, რასაც ნაციზმი და კომუნიზმი
თავის 1944 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „გზა ბატონყმობისკენ“, ჰაიეკმა გააკრიტიკა მთავრობის მიერ ეკონომიკის დაგეგმვა, რომელიც, მისი აზრით, ინდივიდუალიზმის ჩახშობით ხდება და შეუქცევადად მივყავართ ტოტალიტარული კონტროლისკენ. როგორც მიზესის წიგნი „ბიუროკრატია“, ასევე „გზა ბატონყმობისკენ“ ფართოდ გავრცელდა. ამ ნაშრომებმა უამრავი შეძლებული ადამიანის ყურადღება მიიპყრო. მათ დაინახეს გადასახადებისა და რეგულაციებისგან გათავისუფლების შესაძლებლობა. 1947 წელს, როცა ნეოლიბერალიზმის დოქტრინის გასავრცელებლად ჰაიეკმა პირველი ორგანიზაცია „მონ პელერინის საზოგადოება“ დააარსა, ამ გაერთიანებას ფინანსურად მხარს უჭერდნენ მილიონერები და მათი ფონდები.
მათი დახმარებით ჰაიეკმა დაიწყო იმის შექმნა, რასაც დენიელ სტედმენ ჯონსი თავის წიგნში „სამყაროს მბრძანებლები“ (Masters of the Universe) აღწერს, როგორც „ნეოლიბერალური ინტერნაციონალის სახეობას“- აკადემიების, ბიზნესმენების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების ტრანსატლანტიკური ქსელი. ამ მოძრაობაში ჩართულმა მდიდარმა ბანკირებმა დააფინანსეს მთელი რიგი „think tank“-ები (ანალიტიკური ცენტრები), რომლებსაც უნდა დაეხვეწათ და წაეხალისებინათ ნეოლიბერალური იდეოლოგია. მათ შორის იყო ამერიკის მეწარმეთა ინსტიტუტი (American Enterprise Institute), მემკვიდრეობის ფონდი (the Heritage Foundation), Cato-ს ინსტიტუტი ( the Cato Institute), ეკონომიკურ საქმეთა ინსტიტუტი (the Institute of Economic Affairs), პოლიტიკურ სწავლებათა ცენტრი (the Centre for Policy Studies) და ადამ სმითის ინსტიტუტი (the Adam Smith Institute). მათ ასევე დააფინანსეს აკადემიური პოზიციები და დეპარტამენტები, განსაკუთრებით – ჩიკაგოსა და ვირჯინიის უნივერსიტეტებში.
როგორც კი ეს პროცესი თანდათან განვითარდა, ნეოლიბერალიზმი უფრო მეტად მკვეთრი გახდა. ჰაიეკის შეხედულების მიხედვით, ხელისუფლებებმა უნდა დაარეგულირონ კონკურენცია, რათა თავიდან აიცილონ მონოპოლიების აქციათა ვარდნა. მის ამერიკელ მიმდევრებს შორის არიან ისეთები, მაგალითად, მილტონ ფრიდმანი, ვისაც სჯერათ, რომ მონოპოლიური ძალაუფლება უნდა განიხილებოდეს, როგორც ჯილდო ეფექტური მუშაობისთვის.
ამ ცვლილებების დროს სხვა რაღაც მოხდა: მოძრაობამ დაკარგა თავისი სახელი. 1951 წელს ფრიდმანი მოხარული იყო, საკუთარი თავისთვის ნეოლიბერალი ეწოდებინა. მაგრამ, შემდგომ ამისა, ტერმინმა გაქრობა დაიწყო. ჯერ კიდევ უცნობია, რატომ არ ჩანაცვლებულა დაკარგული სახელი სხვა ალტერნატივით მაშინ, როცა თავად იდეოლოგია უფრო აკურატული და მოძრაობა – უფრო თანმიმდევრული გახდა.
პირველ ეტაპზე, მიუხედავად გულუხვი დაფინანსებისა, ნეოლიბერალიზმი დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობდა. ომის შემდგომი შეთანხმება თითქმის უნივერსალური იყო: ჯონ მეინარდ კეინზის ეკონომიკური გეგმა ფართოდ გამოიყენებოდა, ყველას დასაქმება და ღარიბთა დახმარება ჩვეულებრივ მიზნებს წარმოადგენდა ამერიკისა და დასავლეთ ევროპის უდიდესი ნაწილისთვის; გადასახადების ქვედა ზღვარი მაღალი იყო და მთავრობები სოციალური შედეგების მიღწევას დაუბრკოლებლად ცდილობდნენ: ავითარებდნენ ახალ საჯარო სამსახურებსა და ფინანსური სისტემის სტაბილური ფუნქციონირების სისტემებს (სოციალურ სფეროში სახელმწიფოს მიერ ღარიბი ფენების დახმარების სისტემა).
თუმცა, 1970 წელს, როცა კეინზიანურმა პოლიტიკამ დაღმასვლა დაიწყო და ეკონომიკურმა კრიზისებმა ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს დაარტყა, ნეოლიბერალურმა იდეებმა მეინსტრიმში შემოსვლა დაიწყეს. როგორც ფრიდმანმა აღნიშნა, „როცა ცვლილებების დრო მოვიდა… ალტერნატივა მზად იყო აღმასვლისთვის“. ამ იდეოლოგიის მიმართ კეთილგანწყობილი ჟურნალისტებისა და პოლიტიკური მრჩევლების დახმარებით, ნეოლიბერალიზმის ელემენტები, განსაკუთრებით კი სავალუტო პოლიტიკის გეგმა, მიღებულ იქნა ჯიმი კარტერის ადმინისტრაციის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჯიმ კალაჰანის მთავრობის მიერ ბრიტანეთში.
მარგარეტ ტეტჩერისა და რონალდ რეიგანის სათავეში მოსვლას მალე მოჰყვა მთელი რიგი ღონისძიებების გატარება: მდიდრებისთვის გადასახადების მასიური შემცირება, პროფკავშირების მოშლა, რეგულაციების გაუქმება, პრივატიზაციები, აუთსორსინგი[9] და კონკურენციები საჯარო სამსახურებს შორის. ნეოლიბერალური პოლიტიკა თავსმოხვეულ იქნა საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში, მაასტრიხტის ხელშეკრულებასა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, უმეტესად ყოველგვარი დემოკრატიული შეთანხმების გარეშე, და ეს ყველაფერი მსოფლიოს უდიდეს ნაწილს მოედო. მეტად აღსანიშნავია ამ იდეოლოგიის ატაცება ისეთი პარტიების მიერ, რომლებიც ადრე მემარცხენეები იყვნენ: ლეიბორისტებისა და დემოკრატების მიერ. როგორც სტედმენ ჯონსი წერს: „ძნელია, მოძებნო სხვა უტოპია, რომელიც ასე სრულად განხორციელებულიყოს“. [3]
ნეოლიბერალიზმის პარადოქსები
ცოტა უცნაურია, რომ დოქტრინის დაპირება თავისუფალ არჩევანზე და თავისუფლებაზე გამოხატული უნდა იყოს სლოგანით: „სხვა ალტერნატივა არ არსებობს“[10], მაგრამ ჰაიეკმა პინოჩეტის ჩილეში, ანუ ერთ-ერთ პირველ ქვეყანაში, სადაც ეს პროგრამა საყოველთაოდ მიიღეს, ვიზიტისას აღნიშნა, „მე პირადად უპირატესობას ვანიჭებ ლიბერალურ დიქტატურას, ვიდრე ლიბერალიზმს მოკლებულ დემოკრატიულ მთავრობას“. თავისუფლება, რომელსაც ნეოლიბერალიზმი გვთავაზობს, მაცდურად ჟღერს, როცა იგი გამოხატულია ზოგადი დებულებებით, მაგრამ, როგორც აღმოჩნდება ხოლმე, ესაა თავისუფლება მხოლოდ მსხვილი თევზებისთვის და არა ლიფსიტებისთვის.
გათავისუფლება პროფკავშირებისა და კოლექტიური დაბეგვრისგან ნიშნავს თავისუფლებას ხელფასების შეკვეცაში. რეგულაციებისგან გათავისუფლება ნიშნავს დაბინძურებული, მომწამვლელი მდინარეებისთვის გზის გახსნას, მუშებისთვის უსაფრთხოების ნორმების შემცირებას, ანუ მათ საფრთხეში ჩაგდებას, პროცენტის ნორმების უმართებულო ზრდასა და ეგზოტიკური ფინანსური ინსტრუმენტების შექმნას. გადასახადებისგან გათავისუფლება ნიშნავს სიმდიდრის დანაწილებისგან გათავისუფლებას, ანუ პროცესისგან, რომელსაც ადამიანები სიღარიბიდან ამოჰყავს.
როგორც ნაომი კლაინი წერს თავის წიგნში „შოკური დოქტრინა“ (The Shock Doctrine), ნეოლიბერალმა თეორეტიკოსებმა კრიზისები გამოიყენეს, რათა ხალხისთვის თავს მოეხვიათ არაპოპულარული პოლიტიკა მაშინ, როცა საზოგადოება დაბნეული იყო. მაგალითად, პინოჩეტის გადატრიალების შედეგი, ერაყის ომი და ქარიშხალი კატრინა, ფრიდმანმა ნიუ-ორლეანში ყოფნისას ასე შეაფასა: „განათლების სისტემაში რადიკალური რეფორმების გატარების შესაძლებლობა“.
ნეოლიბერალიზმის სხვა პარადოქსია უნივერსალური კონკურენცია, დაფუძნებული უნივერსალურ შედარებითობასა და რაოდენობითობაზე. შედეგი კი არის დასაქმებულების, სამუშაოს მაძიებლებისა და ნებისმიერი სახის საჯარო სერვისების უმნიშვნელო წვრილმანებად განხილვა. გამარჯვებულის ამოცნობასა და დამარცხებულის დასჯაზე მომართული სულისშემხუთველი განსჯის რეჟიმი. ფონ მიზესის შემოთავაზებულ დოქტრინას ცენტრალიზებული დაგეგმვის ბიუროკრატიული კოშმარისგან უნდა გავეთავისუფლებინეთ, მაგრამ ამის ნაცვლად მან მსგავსი კოშმარი წარმოშვა.
ნეოლიბერალიზმი არ იყო ჩაფიქრებული, როგორც საკუთარ ინტერესებზე მორგებული მაქინაცია, მაგრამ იგი ჩქარი ტემპით სწორედ ამად იქცა. ეკონომიკური წინსვლა აშკარად შენელებულია ნეოლიბერალურ ხანაში (1980 წლიდან ბრიტანეთში და აშშ-ში), ვიდრე ეს წინა ათწლეულებში იყო; თუმცა, არა – ძალიან მდიდრებისთვის. უთანასწორობა როგორც შემოსავლის, ისე დოვლათის დანაწილებაში 60-წლიანი დაღმასვლის შემდგომ ამ ხანაში სწრაფად აღორძინდა, რაც განპირობებულია პროფკავშირების მოშლით, გადასახადების დაწევით, ქირის გადასახადების ზრდით, პრივატიზაციებითა და რეგულაციების მოსპობით.
ნეოლიბერალური პოლიტიკა ყოველმხრივ ბაზრის მარცხებითაა მოცული. არა მარტო ისაა პრობლემა, რომ ბანკები ძალიან დიდები არიან ჩაძირვისთვის, ასევეა კორპორაციებიც, რომლებიც ახლა საჯარო სერვისების მოწოდებაზე იღებენ პასუხისმგებლობას. როგორც ტონი ჯუდმა აღნიშნა თავის ნაშრომში „Ill Fares the Land“, ჰაიეკს დაავიწყდა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული სერვისები მოშლას არ ექვემდებარება, რაც ნიშნავს, რომ კონკურენცია თავის საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანს. ბიზნესი იხვეჭს სარგებელს, სახელმწიფო კი რისკს წევს.
რაც უფრო დიდია მარცხი, მით უკიდურესი ხდება ნეოლიბერალური იდეოლოგია. მთავრობები ნეოლიბერალურ კრიზისებს იყენებენ როგორც საბაბად, ასევე შესაძლებლობად, დაწიონ გადასახადები, მოახდინონ დარჩენილი საჯარო სამსახურების პრივატიზაცია, გააჩინონ ხვრელები უსაფრთხოების ბადეში, კორპორაციებს მოუხსნან რეგულაციები, მოქალაქეებს კი – პირიქით. თვითდესტრუქციული სახელმწიფო ახლა უკვე საჯარო სექტორის ყველა ორგანოში ასობს კბილებს. [5]
ნეოლიბერალიზმი, პრობლემა ეკონომიკისა თუ პოლიტიკისთვის?
ალბათ ყველაზე საშიში გავლენა, რომელსაც ნეოლიბერალიზმი ახდენს, არა ეკონომიკური კრიზისები, არამედ პოლიტიკური კრიზისებია. რამდენადაც სახელმწიფოს საკუთრება მცირდება, იმდენად იკლებს ჩვენი შესაძლებლობა, შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების მიმართულება ხმის მიცემის მეშვეობით. ამის ნაცვლად, ნეოლიბერალური თეორია ირწმუნება, რომ ხალხს შეუძლია, არჩევანი გააკეთოს ფულის გადახდით. თუმცა, ზოგს უფრო მეტი აქვს დასახარჯავი, ვიდრე სხვებს: დიდი კონსუმერებისა და აქციონერების დემოკრატიაში ხმები თანაბრად განაწილებული არაა. შედეგად ვიღებთ დაბალი და საშუალო სოციალური ფენების ძალაუფლების შესუსტებას. როცა მემარჯვენე და ყოფილი მემარცხენე პარტიები ამგვარ ნეოლიბერალურ პოლიტიკას ატარებენ, ძალაუფლების შესუსტება სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევამდე მიდის. ხალხის დიდი ნაწილი პოლიტიკას უკვე ჩამოშორებულია.
ჯუდი განმარტავს, რომ მთავრობასა და ხალხს შორის ურთიერთკავშირის მსხვილი ძაფი მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებასა და მის დაქვემდებარებულებს შორის ურთიერთობამდე შემცირდა; ესაა ერთადერთი დარჩენილი ძალა, რომელიც სახელმწიფოს ძალაუფლების ქვეშ გვამყოფებს. ტოტალიტარიზმმა, რომლისაც ჰაიეკს ეშინოდა, უფრო დიდი შანსია, თავი იჩინოს მაშინ, როცა ხელისუფლებები მორალურ ავტორიტეტს კარგავენ, ეს კი წარმოჩნდება იმაში, რომ საჯარო სამსახურების მიწოდება დამდაბლდა „ხალხის დასამორჩილებელ მლიქვნელობად, მუქარად და ბოლოს – იძულებად“.
როგორც კომუნიზმი – ნეოლიბერალიზმიც ღმერთია, რომელმაც მარცხი განიცადა (the God that failed)[11]. მაგრამ ზომბი დოქტრინა კვლავ დაბარბაცებს, ესაა ერთ-ერთი მიზეზი მისი ანონიმურობისა. ან, უფრო სწორად, ანონიმურობების მთელი ნაკრებისა. [6]
პოლიტიკური წინააღმდეგობები
ნეოლიბერალიზმმა პოლიტიკური წინააღმდეგობის მრავალი შემთხვევა წარმოშვა:
- ევროპაში სიდუღჭირის საწინააღმდეგოდ მიმართული პარტიების აღზევებასა და 2015 წლის იანვარში რადიკალი-მემარცხენე პარტიის, SYRIZA–ს გამარჯვებას საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში მოჰყვა ისეთი განცხადებები როგორიცაა – „ნეოლიბერალიზმის დასასრული“
- ლათინურ ამერიკაში „ვარდისფერი ტალღა“, რომელმაც ათასწლეულის დასაწყისში მემარცხენე მთავრობები მოიყვანა სათავეში, შეიძლება შეფასდეს ნეოლიბერალური ჰეგემონიის წინააღმდეგ მიმართულ რეაქციად და მოსაზრებად, რომ ვაშინგტონის კონსენსუსის „ალტერნატივა არ არსებობს
- ნეოლიბერალური გლობალიზაციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, სამხრეთ კორეელმა ფერმერმა და კორეის მოწინავე ფერმერთა ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ლი კიუნგ-ჰეიმ მოიკლა თავი გულში თვითდაზიანების მიყენებით 2003 წელს მექსიკაში, კერძოდ, კანკუში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გამართულ შეხვედრაზე. იგი აპროტესტებდა სამხრეთ კორეის მთავრობის გადაწყვეტილებას ფერმერებისთვის სუბსიდიების შემცირების შესახებ
- კრისტენ გოდსის, პენსილვანიის უნივერსიტეტის რუსეთისა და აღმოსალლეთ ევროპის მცოდნეობის პროპესორისა და ეთნოგრაფის, კვლევამ აჩვენა, რომ ნეოლიბერალური კაპიტალიზმისადმი მასშტაბურმა უკმაყოფილებამ გამოიწვია „წითელი ნოსტალგია“ ძირითადად ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში. იგი აღნიშნავს, რომ „პოლიტიკური თავისუფლება, რომელიც დემოკრატიიდან მოდის, შეფუთული იყო ყველაზე ცუდი, დაურეგულირებელი თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმით, რამაც სრული დესტაბილიზაცია მოახდინა ყოველდღიური ცხოვრების რიტმში და მოიტანა დანაშაული, კორუფცია და ქაოსი, სადაც ადრე პროგნოზის გაკეთება მეტად მოსახერხებელი იყო“, ამ პროცესებმა საბოლოოდ განაპირობა ექსტრემისტული ნაციონალიზმის აღორძინება.
- 2010-იანი წლების ბოლოს, სხვადასხვა საპროტესტო ტალღა, როგორიცაა ყვითელი ჟილეტების მოძრაობა საფრანგეთში და 2019-2020 წლების ჩილეს საპროტესტო გამოსვლები, პირდაპირ ეწინააღმდეგება ნეოლიბერალურ მთავრობებსა და პოლიტიკას, მათ შორის პრივატიზაციასა და მკაცრ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელთაც ადანაშაულებენ ცხოვრების ხარჯების, დავალიანებებისა და ეკონომიკური უთანასწორობის ზრდაში.2019 წელს, 5 კონტინენტის, მრავალ ქვეყანაში ჩატარდა საპროტესტო გამოსვლები ნეოლიბერალური რეფორმების, პოლიტიკისა და მთავრობების წინააღმდეგ. მათი უმრავლესობა მიმართულია მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის, პრივატიზაციის და მუშათა კლასების გადასახადების ზრდის წინააღმდეგ . [3]
რაში მდგომარეობდა ნეოლიბერალიზმის მომხიბვლელობა?
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნეოლიბერალურ პროექტს აქვს რაღაც მომხიბვლელი, სულ ცოტა პირველ სტადიაზე მაინც ჰქონდა. ეს იყო გამორჩეული და ინოვაციური ფილოსოფია, მოქმედების ნათელი გეგმით, რომელიც მოაზროვნეებისა და აქტივისტების თანმიმდევრული ჯგუფის მიერაა დაფუძნებული. იგი იყო მომთმენი და შეუპოვარი. მაგრამ შემდეგში „გზა ბატონყმობისაკენ“ ძალაუფლებისაკენ მიმავალ გზად იქცა.
ნეოლიბერალიზმის ტრიუმფი, ამავე დროს, მემარცხენეების მარცხსაც გამოხატავს. როცა 1929 წელს laissez-faire[12] ეკონომიკამ კატასტროფა განიცადა, კეინზმა მის ჩასანაცვლებლად თანმიმდევრული ეკონომიკური თეორია შეიმუშავა. როცა 70-იან წლებში კეინზიანურმა „ეფექტიანმა მოთხოვნამ“[13] მარცხი განიცადა ალტერნატივა უკვე მზად იყო. თუმცა, როცა 2008 წელს ნეოლიბერალიზმი ჩამოიშალა, მისი არანაირი შემცვლელი არ არსებობდა. აი, რატომ დადის ზომბი. მემარცხენეებსა და ცენტრისტებს ბოლო 80 წლის მანძილზე ეკონომიკური აზრის ახალი, ზოგადი სისტემა არ შეუმუშავებიათ. [6]
ფინანსიალიზაცია
ნეოლიბერალური პოლიტიკის განხორციელება და ნეოლიბერალური ეკონომიკური თეორიების მიღება 1970-იან წლებში ზოგიერთი აკადემიკოსის მიერ აღიქმება, როგორც ფინანსიალიზაციის საფუძველი, რომლის ერთ-ერთ შედეგად დიდი რეცესია ითვლება. კერძოდ, სხვადასხვა ნეოლიბერალური იდეოლოგია, რომელსაც ელიტები დიდი ხნის განმავლობაში ემხრობოდნენ, როგორიცაა მონეტარიზმი და მიწოდებაზე ორიენტირებული ეკონომიკა, რეიგანის ადმინისტრაციამ მთავრობის პოლიტიკად გარდაქმნა, რამაც გამოიწვია სამთავრობო რეგულაციის შემცირება და გადასახადებით დაფინანსებული სახელმწიფოს სესხით დაფინანსებულით შეცვლა. მიუხედავად იმისა, რომ მრეწველობის მომგებიანობა და ეკონომიკური ზრდის ტემპი არასდროს გამოსწორებულა 1960-იანი წლების ბოლომდე, უოლ სტრიტის პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება და ფინანსური სარგებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფოს მიერ სესხების დაფინანსებიდან გამომდინარე. წლის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში (IMF) ადანაშაულებს გარკვეულ ნეოლიბერალურ პოლიტიკას მთელ მსოფლიოში ფინანსური კრიზისების გამწვავებაში, რის შედეგადაც ისინი იზრდებიან და უფრო საზიანო ხდებიან. [3] [7]
დასკვნა
ნაშრომი მიზნად ისახავს დაგვანახოს ნეოლიბერალიზმის, როგორც პოლიტიკურ- ეკონომიკური ფილოსოფიის მანკიერებები. საკითხის განხილვა დავიწყეთ ნეოლიბერალიზმის როგორც ტერმინის წარმოშობით, ასევე განვიხილეთ ნეოლიბერალიზმის ძლიერების მიზეზები, სიმპტომები, მასთან დაკავშირებული პარადოქსები. გარდა ამისა, ყურადრება გავამახვილეთ იმ წინააღმდეგობებზე რაც ახლო წარსულში ნეოლიბერალისტურ პოლიტიკას ახლდა. ბოლოს კი მიუხედავად მანკიერებებისა ხაზი გავუსვით საწყის ეტაპზე ნეოლიბერალიზმის მომხიბვლელობას.
როგორც კეინზიანიზმის, ასევე ნეოლიბერალიზმის ისტორია გვიჩვენებს, რომ ეს არაა საკმარისი მოშლილი სისტემისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. საჭიროა გონივრული ალტერნატივის შემოთავაზება. ლეიბორისტებისთვის, დემოკრატებისთის და მემარცხენეებისთვის ეკონომიკური აპოლოს პროგრამა მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს, ანუ შეგნებული მცდელობა 21-ე საუკუნის საჭიროებებზე მორგებული ახალი სისტემის დასაგეგმარებლად.
ფუკოს ანალიზს რომ რაღაც სტრუქტურული ფორმა მივცეთ, სასარგებლო იქნება განვიხილოთ, თუ თვითონ როგორ ხედავს განსხვავებას ლიბერალიზმსა და ნეოლიბერალიზმს შორის. ფუკოსთვის, ეს განსხვავება უნდა გაკეთდეს სხვადასხვა გზით, რომლებშიც თითოეული ეკონომიკურ აქტივობაზე იქნება ფოკუსირებული. კლასიკური ლიბერალიზმი აქცენტს გაცვლაზე (exchange) აკეთებდა, რასაც ადამ სმიტმა კაცობრიობის „საქონლის გაცვლაგამოცვლის, სავაჭრო გარიგების და გადაცვლის“ ტენდენცია უწოდა. ეს ახდენდა ბაზრის, როგორც სისტემის ნატურალიზებას თავის რაციონალობასთან, ინტერესებთან და მისთვის დამახასიათებელ ეფექტურობასთან ერთად. საბოლოოდ კი, როგორც საქონლისა და მომსახურების გამანაწილებელი, თავის აღმატებულ უპირატესობას ამტკიცებდა. ბაზარი გახდა ავტონომიური სივრცე, რომელიც ამ მდგომარეობიდან, კერძო საკუთრების უპირობო უფლების მეშვეობით უნდა გამოკვეთილიყო.
ამგვარად, ნეოლიბერალიზმი მხოლოდ კლასობრივი ძალაუფლების, როგორც ერთადერთი შესაძლო ეკონომიკური სისტემის „რესტავრაცია“ კი არა, კაპიტალიზმის, როგორც რაციონალობის სინონიმის აღდგენაც გამოდის. ამდენად, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, რატომ მაინცდამაინც ახლა, ან სულ ცოტა ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე, რატომ მოხდა რომ კაპიტალიზმმა ნეოლიბერალიზმში იბრუნა პირი? თუ ფუკოს მიერ ნაცისტური აჩრდილის მოხმობა კაპიტალიზმის სპეციფიკური ისტორიული ფორმის ნათელსაყოფად საკმარისი არაა, მარქსთან შეწინააღმდეგებაც ცოტას თუ დაგვეხმარება ნეოლიბიერალიზმის ამჟამინდელ ბატონობას ნათელი რომ მოვფინოთ. რაღაცნაირად პარადოქსულია, რომ ამ კითხვას მარქსისა და ნეოლიბერალიზმის ურთირთშეხების წერტილების მოძიებითაც სეიძლება სრულად არ გაეცეს პასუხი.
გამოყენებული ლიტერატურა:
- რ. კრუგმანი, მ. ობსტფელდი, მარკ ჯ. მელიტცი. (2018). საერთაშორისო ეკონომიკა: თეორია და პოლიტიკა. მეათე გამოცემა. თბილისი. გვ. 753
- რაინერ კლუმპი (2015): ეკონომიკური პოლიტიკა, მიზნები, ინსტრუმენტები და ინსტიტუციები (ქართულ ენაზე), თბილისი, 423 გვერდი.
- https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98
- https://www.theguardian.com/books/2016/apr/15/neoliberalism-ideology-problem-george-monbiot
- http://european.ge/neoliberalizmi-ideologia-sadac-chveni-yvela-problemis-fesvebia/
- https://younggreens.ge/en/publications/945
- https://emc.org.ge/ka/products/amerikuli-koshmari-neoliberalizmi-neokonservatizmi-da-demokratizatsia-vendi-brauni
[1] მულტილატერალიზმი — ტერმინი საერთაშორისო ურთიერთობებში, რომელიც მრავალი ქვეყნის ერთ საერთო საკითხზე თანამშრომლობას გულისხმობს.
[2] george monbiot , “Neoliberalism – the ideology at the root of all our problems” The guardians, 2016
[3] „პანამის დოკუმენტები“ 1977 წლიდან 2015 წლამდე პერიოდს მოიცავს. გამოძიების საფუძველზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის პოლიტიკოსების ფარული ქონება,
[4] უტოპია, უტოპიზმი— დადებითი მნიშვნელობით სრულყოფილი, მაგრამ მოცემულ პირობებში მიუღწევადი საზოგადოებრივი წყობა, წარმოსახვითი სრულყოფილი სამყარო.
[5] მილენარიზმი – პოლიტიკური მილენარიზმი სიღარიბისა და ჩაგვრისგან მყისიერი და სრული გათავისუფლების პერსპექტივას ასახავს (წყარო: nplg.gov.ge).
[6] კონტრპროდუქტიული– პროდუქტიულის საწინაააღმდეგო.
[7] P. Verhaeghe -„What About Me? – The Struggle For Identity In A Market-Based Society“
[8] ახალი გარიგება – (ინგ. new deal) ფრანკლინ რუზველტის მიერ განხორციელებული ფედერალური პროგრამების სერია, ფინანსური რეფორმები და რეგულაციები 1930-იან წლებში დიდი დეპრესიის საპასუხოდ.
[9] აუთსორსინგი – ისეთი სისტემატიზაცია, როცა რომელიმე კომპანიის საქმე სრულდება არა ამ კომპანიაში დასაქმებული ხალხის, არამედ სხვების მიერ. როგორც წესი, ეს ხორციელდება მოცემულ სფეროში ექსპერტი კომპანიის მიერ.
[10] სხვა ალტერნატივა არ არსებობს – (ინგ. There is no alternative) ბრიტანეთის კონსერვატორი პრემიერ მინისტრის – მარგარეტ ტეტჩერის მიერ ხშირად გამოყენებული სლოგანი. ტეტჩერი ირწმუნებოდა, რომ თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა ერთადერთი მუშა სისტემა იყო
[11] https://en.wikipedia.org/wiki/The_God_that_Failed
[12] თუ მთავრობა არის laissez-faire, ე.ი. მას არ აქვს ბევრი კანონი და წესი, რათა გააკონტროლოს საქონლისა და სერვისების ყიდვა-გაყიდვა.