OPEC – მსოფლიოს უდიდესი კარტელი და მისი როლი მსოფლიოსთვის

ავტორის სტილი დაცულია
მარიამ საჩეჩელაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის  III კურსის სტუდენტი
mariam.sachechelashvili@gmail.com

ანოტაცია

მსოფლიო ნავთობით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობზე მოთხოვნა მზარდი ტემპით ხასიათდება, საჭიროა ბაზარზე მიწოდება-მოთხოვნის რეგულირება, საბაზრო ფასის განსაზღვრა. ნავთობის მოპოვების მოცულობა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდება, ფასების პოლიტიკასთანაა დაკავშირებული. ისტორიულად 1870-1970 წლების მონაცემებით 1 ბარელი  ნავთობის საშუალო ფასი სტაბილურად 2 აშშ დოლარი იყო. [1] მასზე არ ზემოქმედებდა ეგზოგენური ფაქტორები, როგორებიც არის ომები, ეკონომიკური კრიზისები. სწორედ ამ ხელოვნურად შენარჩუნებული ნედლი ნავთობის დაბალი ფასების პოლიტიკასთან საბრძოლველად შეიქმნა კარტელი OPEC.

Annotation

It is one of the most important issue to provide the world with enough oil. Because of increasing demand on oil, it is really important to regulate supply-demand and market price. How much oil have to be gained and supplied to the market depends on price policy. During 1870-1970 the average price of barrel oil used to be 2$. Exogenous factors, for example wars, economic crisis, have no impact on oil prices. OPEC is an organization, which was created to fight against low prices. Before OPEC, low prices on oil had been sustained artificially for ages.

ისტორია და შექმნის მიზანი

OPEC (The Organization of Petroleum Exporting Countries) – ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია არის მთავრობათშორისი ორგანიზაცია, რომელიც 1960 წელს შეიქმნა ბაღდადის კონფერენციაზე, ირანის, ერაყის, ქუვეითის, საუდის არაბეთისა და ვენესუელას მიერ. მოგვიანებით ორგანიზაციას შეუერთდნენ კატარი, ინდონეზია, ლიბია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ალჟირი, ნიგერია, ეკვადორი, გაბონი, ანგოლა, ეკვადორული გვინეა და კონგო, თუმცა ეკვადორმა, კატარმა, ინდონეზიამ დატოვეს ორგანიზაცია და შესაბამისად ოპეკი აერთიანებს 13 ქვეყანას. OPEC-ის შტაბ-ბინა 1965 წლიდან მდებარეობს ვენაში, ავსტრიაში. [2]

OPEC-ის მიზანია ნავთობის პოლიტიკის კოორდინაცია წევრ ქვეყნებს შორის. ასევე მწარმოებელ ქვეყანათა ინტერესების დაცვა, რაც გამოიხატება მათთვის სტაბილური შემოსავლების უზრუნველყოფაში. ოპეკი ცდილობს ბაზარზე სამართლიანი ფასის დაწესებას და სტაბილურ მიწოდებას. [10]  1960 წელს ორგანიზაციის შექმნის მიზანი იყო ის რომ, მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობ კომპანიებისთვის ხელი შეეშალა ნავთობზე ფასის თვითნებური დაწევისთვის. როდესაც ერთი ქვეყანა თავის ნავთობზე ფასს დაწევს შესაბამისად სხვა ქვეყნებიც იგივეს გააკეთებენ, რათა კონკურენცია გაუწიონ ასეთ ქვეყნებს საერთაშორისო ბაზარზე. საბოლოოდ, ეს ყველაფერი გამოიწვევს ნავთობის მარაგების უფრო სწრაფი ტემპით შემცირებას.

1 ბარელი ნავთობის საბაზრო ფასი 70-80 დოლარამდე იყო 2018 წელს, რაც ბოლო 42 თვის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. [3] თუ ფასი საბაზრო ფასის ქვემოთ ჩამოვა, შესაბამისად წარმოიქმნება დეფიციტი, ამ დროს OPEC-ის ქვეყნები შეზღუდავენ თავიანთი ნავთობის მიწოდებას, რაც გამოიწვევს ფასების გაზრდას.

ოპეკის გავლენა ბაზარზე ყოველთვის მასტაბილიზირებელი არ ყოფილა. 1973 წელს, ნავთობის კრიზისის დროს ორგანიზაცია შეეცადა ნავთობის ემბარგოს გამოყენებას, რამაც მაღალი ინფლაცია გამოიწვია, როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში. [2]

2018 წლის მონაცემებით ორგანიზაცია აკონტროლებს მსოფლიო ნავთობის რეზერვების 79,4%. იქიდან გამომდინარე, რომ OPEC-ის ქვეყნები აწარმოებენ მსოფლიო ნავთობის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შეუძლიათ მანიპულირება ერთი ბარელი ნავთობის ფასზე. ისინი აკონტროლებენ ერთ დღეში ბაზარზე გაყიდული ბარელების რაოდენობას და სწორედ ასე ახორციელებს ფასის კონტროლს. OPEC თვითონ წყვეტს ნავთობის წარმოება უნდა გაზარდოს თუ შეამციროს.

დიაგრამა 1: OPEC-ის წილი მსოფლიო ნავთობის მარაგებში, 2018 წელი

(https://www.opec.org/opec_web/en/data_graphs/330.htm)

დიაგრამაზე მოცემულია ოპეკის წევრი და არაწევრი ქვეყნების ნედლი ნავთობის რეზერვები 2018 წლის მონაცემებით, როგორც ვხედავთ ოპეკის წევრი ქვეყნების რეზერვები 1189,8 მილიარდი ბარელია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება არაწევრი ქვეყნების რეზერვებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვენესუელა ფლობს ყველაზე დიდ ნავთობის მარაგს ოპეკის წევრ ქვეყნებს შორის (25,5%-ია მთლიანად ოპეკის წევრი ქვეყნების მარაგების), სიდიდით მეორე ადგილზეა საუდის არაბეთი (22,4%), შემდგომ ირანი (13,1%), ერაყი (12,2%), ხოლო ხუთეულის ბოლო ქვეყანაა ქუვეითი (8,5%).

OPEC-ის საერთაშორისო განვითარების ფონდი

ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდი არის მრავალმხრივი განვითარების საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც 1976 წელს შეიქმნა. ის აერთიანებს 12 ქვეყანას: ალჟირი, ეკვადორი, გაბონი, ინდონეზია, ირანი, ერაყი, ქუვეითი, ლიბია, ნიგერია, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ვენესუელა. ოპეკის ფონდის მიზანია გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება სახელმწიფო, კერძო და სავაჭრო სექტორის დაფინანსებით, გრანტების გაცემით, მსოფლიოში მდგრადი და ეკონომიკური წინსვლისთვის. ოპეკის ფონდში ყურადღება ექცევა ისეთ საკითხებს როგორიცაა ენერგია, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, ჯანმრთელობა და განათლება.

ისეთ ქვეყნებს რომელთაც უჭირთ ფინანსური სახსრებით უზრუნველყოფა, ოპეკის ფონდი ეხმარება მათ საბაზრო პრობლემების გადაჭრაში. ფონდის რესურსები მოიცავს წევრი ქვეყნების ნებაყოფლობით შენატანებს და წლების განმავლობაში დაგროვილ რეზერვებს. [4]

აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ 2020 წლის მარტის თვეში თიბისი ბანკმა, ოპეკის საერთაშორისო განვითრების ფონდისგან 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. როგორც თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე განმარტავს, ამ თანამშრომლობის შედეგად მიღებული თანხით თიბისი ბანკი ადგილობრივი ბიზნესების აქტიურ მხარდაჭერას გააგრძელებს მათი საერთაშორისო ოპერაციების დაფინანსების მიმართულებით. [11]

მსოფლიოში უდიდესი კარტელი

კარტელი არის ორგანიზაცია, რომელიც იქმნება ოფიციალური შეთანხმების საფუძველზე, საქონლის ან მომსახურების მწარმოებელთა ჯგუფებს შორის, მიწოდების რეგულირების მიზნით, რადგან შემდგომ დაარეგულირონ ფასები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ , კარტელი არიას დამოუკიდებელი ბიზნესების ან ქვეყნების ერთობლიობა, რომლებიც მოქმედებენ ერთად, ისე თითქოს ისინი იყვნენ ერთადერთი მწარმოებლები ბაზარზე. ფასებს კი საქონელსა და მომსახურებაზე განსაზღვრავენ კონკურენციის გარეშე. კარტელი ოლიგოპოლიის ერთ-ერთი სახეა. [5] კარტელური შეთანხმების ეფექტიანობაზე მოქმედებს რიგი ფაქტორები:

  • ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის თავისებურებანი
  • მწარმოებელთა და გამყიდველთა რაოდენობა
  • ფირმების წარმომადგენელთა შორის ურთიერთობა
  • პროდუქტების ერთგვაროვნება
  • მოთხოვნის სტაბილურობა და ა.შ

კარტელური შეთანხმების ეფექტიანობა და კონკურენციის შემზღუდველი ქმედებები მოითხოვს რეგულირებას. იკრძალება ისეთი კარტელური საქმიანობა, რომელსაც არ მოაქვს დადებითი შედეგი. როგორიცაა ეკონომიკის ეფექტიანობა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ამაღლება. კარტელი რეგულირდება სამართლებრივი ნორმებით. ეს ნორმები კრძალავენ ძალაუფლების ბოროტულად გამოყენებასა და დემპინგს (უცხოურ ბაზარზე უფრო იაფად საქონლის გაყიდვას, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე). [6]

კარტელები უარყოფით გავლენას ახდენენ მომხმარებლებზე იმიტომ რომ კარტელური შეთანხმება იწვევს ფასების ზრდასა და მიწოდების შემცირებას. სწორედ ამიტომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD- The Organization for Economic Cooperation and Development) გადაწყვიტა კარტელების გამოვლენა და დევნა თავის ერთ-ერთ პოლიტიკურ მიზნად ექცია. [12]

კარტელის ქცევა უარყოფითად მოქმედებს ასევე სხვა თვალსაზრისითაც. კარტელები ერთგვარ ბარიერს წარმოადგენენ ბაზარზე შესვლის მოსურნე ახალი ფირმებისთვის. კონკურენციის არარსებობის გამო დაწესებული კარტელური ფასი წინ უძღვის ინოვაციების ნაკლებობას. [7]

ოპეკი წარმოადგენს მსოფლიოში უდიდეს კარტელს. 2016 წელს ოპეკმა შექმნა ახალი გაერთიანება ,კარტელი, ოპეკის არაწევრ ექსპორტიორ ქვეყნებთან, რომელიც OPEC PLUS-ის სახელწოდებითაა ცნობილი. უნდა აღინიშნოს, რომ ის უფრო ძლიერი სუბიექტია. კარტელის მიზანია გააკონტროლოს ბაზარი. OPEC PLUS აკონტროლებს 50% ნავთობის გლობალურ მიწოდებას. ეს დომინირებული პოზიცია კი უზრუნველყოფს იმას, რომ კარტელმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ნავთობის ფასზე, მინიმუმ მოკლევადიან პერიოდში.

როგორც კარტელი OPEC PLUS-ის წევრი ქვეყნები ერთობლივად თანხმდებიან იმაზე თუ რა რაოდენობის ნავთობი უნდა მოიპოვონ, რაც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ნედლი ნავთობის მსოფლიო მიწოდებაზე. OPEC PLUS მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნავთობის მსოფლიო საბაზრო ფასზე, თვალსაჩინოა რომ ის ცდილობს შეინარჩუნოს შედარებით მაღალი ფასი რათა მიიღოს მაქსიმალური მოგება. OPEC PLUS-ის წევრებისთვის მომგებიანი სიტუაციია მაშინ, როცა ნავთობის მიწოდების შემცირებით ფასებს ზრდიან. მაგრამ რეალობაში არცერთ ქვეყანას არ სურს მიწოდების შემცირება, რადგან ეს ასოცირდება შემოსავლების შემცირებასთან. იდეალურ შემთხვევაში მათ სურთ ნავთობზე ფასების ზრდა, როცა მიწოდება იზრდება ეს კი შემოსავლებსაც გაზრდის. [13]

რა ხდის OPEC-ს არაეფექტურს?

არსებობს მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც ოპეკს, როგორც კარტელს, ხდის არაეფექტურს. პირველი პრობლემა ისაა, რომ ოპეკი მსოფლიოში ნავთობის მიწოდების დიდ ნაწილს ვერ აკონტროლებს, ანუ მას არ აქვს საბაზრო ძალაუფლება. ბაზრის კონტროლის გარეშე ოპეკს მოუწევს კონკურენცია გაუწიოს ოპეკის არაწევრ ქვეყნებს, როგორიცაა კანადა, აშშ, ნორვეგია, მექსიკა, ბრაზილია და სხვა. ეს კი თავისთავად ნიშნავს იმას რომ ოპეკის წევრ ქვეყნებს უწევთ კონკურენციის გაწევა სხვა გლობალური მოთამაშეებისთვის, რომლებიც თავისუფლად მოქმედებენ ბაზარზე ისე როგორც მათ სურთ, განსხვავებით ოპეკის ქვეყნებისგან, რომლებიც ერთმანეთთან კოორდინირებულად მოქმედებენ.

მეორე პრობლემა დაკავშირებულია კოორდინაციასთან. კარტელის ბუნება დამოკიდებულია წევრების კოორდინირებულ მოქმედებაზე, ბაზრის შესაბამისი წილის მოსაპოვებლად და კონკურენტებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ოპეკის წევრ ქვეყნებს ერთმანეთთან ხშირ შემთხვევაში აქვთ კონფლიქტები. იქიდან გამომდინარე, რომ ოპეკის წევრი ქვეყნები მდებარეობენ ისეთ ადგილებში, რომლებიც მიდრეკილია გეოპოლიტიკური დაპირიპირებისკენ, არსებობს რიგი ეგზოგენური ფაქტორებისა, რომლებიც მოქმედებენ ოპეკზე, ესენია ომები, ტერორიზმი, მკვლელობა, მიმდინარე პოლიტიკური კონფლიქტები და სხვა. ოპეკმა, როგორც ყველა კარტელმა, წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს კარტელის წევრებს შორის კონკურენციას. ოპეკი იყენებს კვოტებს კონკურენციის შეზღუდვის მიზნითა და ფასების ამაღლებისთვის. ოპეკის წევრი ქვეყნები ხშირად,მაგრამ არა ყოველთვის, ეთანხმებიან კვოტებს, მაგრამ შემდგომ არღვევენ მათ , აძლიერებენ წარმოებას და ცდილობენ უფრო გაზარდონ თავიანთი ძალაუფლება ბაზარზე. ეს პრაქტიკა არღვევს კარტელის სტრუქტურას, მათ ერთობას და ამცირებს წევრ ქვეყნებს შორის ნდობას. ასეთი შემთხვევები ყოფილა ოპეკში, სადაც წევრმა ქვეყნებმა „მოიტყუეს“ ფულის გამო. სწორედ ამის დასტურია ეკვადორისა და გაბონის შემთხვევებიც, მათ ოპეკის წევრობა შეაჩერეს და მოითხოვდნენ კარტელის პირობებისგან გათავისუფლებას. ორივე მათგანი ცდილობდა წარმოების დონის გაზრდას კვოტებისგან დამოუკიდებლად. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ოპეკის წევრ ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური პირობები, რომელებიც მათთვის უნიკალურია. ყველა ამ პრობლემის კომბინაცია ართულებს კოორდინაციას, რადგან ერთი ქვეყნის ინტერესებს შეიძლება წინ აღუდგეს მეორეს ინტერესები, ან თვითონ ორგანიზაცია.

მესამე პრობლემას რაც შეეხება, კარტელები ჩვეულებრივ განიხილება, როგორც ბაზრის უარყოფითი მხარე, რადგან ხელს უშლიან კონკურენციას, ზრდიან ფასებს და ზღუდავენ მიწოდებას.ოპეკის შემთხვევაში, ოპეკის არაწევრი ქვეყნები სულაც არ ეწინააღმდეგებიან კარტელის საქმიანობას. იმის გამო რომ ოპეკი ცდილობს ხელოვნურად შეინარჩუნოს ნავთობის მაღალი ფასი, ოპეკის არაწევრი ქვეყნები სარგებელს იღებენ, რადგან მათ შეუძლიათ თავიანთი ნავთობის გაყიდვა იმავე ფასად (უფრო მაღალ ფასად). [14]

პანდემია ოპეკის წინააღმდეგ

2020 წელი ყველასთვის რთული წელი გამოდგა. იფეთქა პანდემიამ, რომელმაც დამანგრეველი ზეგავლენა იქონია მსოფლიო ეკონომიკაზე, შეცვალა დღის წესრიგი, მოსახლეობას მომავლის ხედვა შეუცვალა. ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების საფრთხის გამო შეწყდა ფრენები, აიკრძალა ქუჩებში სიარული, დაიხურა ყველანაირი დაწესებულება, მსოფლიო გაჩერდა. რა თქმა უნდა პანდემიამ გავლენა იქონია მსოფლიოში ნავთობის მოთხოვნა-მიწოდებაზეც. ჩაკეტილობამ და დისტანციამ გამოიწვია ნავთობის ბაზარზე ფასების ცვალებადობა, შემცირდა მოთხოვნა ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე.  2020 წლის მარტის თვეში ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა 20 დოლარამდე, ეს კი ბოლო 18 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი ნიშნულია. [8]

2020 წლის მარტის დასაწყისში ოპეკის გენერალურმა მდივანმა, მოჰამედ სანუსი ბარკინდომ და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბიროლმა, გლობალური ნავთობის ბაზარზე არსებული სიტუაციის გასაანალიზებლად ისაუბრეს ტელეფონით, სადაც შეშფოტება გამოთქვეს კორონავირუსის დამანგრეველი ზემოქმედების შესახებ, მათ ასევე აღნიშნეს რომ ვირუსის სწრაფად გავრცელება ნავთობის მსოფლიო ბაზარზე არასტაბილურობას იწვევს.  მათ ასევე ხაზი გაუსვეს იმას რომ 2020 წელს მათი შემოსავლები საშუალოდ 50-85%-ით შემცირდება. [15]

მარტის თვეში ნავთობის ფასი ლონდონის სანავთობო ბირჯაზე შემცირებული იყო 55,5%-ით და შეადგენა 51,9 დოლარს ბარელზე. ეს კი გამოწვეული იყო ნავთობზე 20-25%-იანი კლებით. მსოფლიოში ნავთობის მოხმარების 60 % საავტომობილო მოხმარებას განეკუთვნება, რადგან ავიამიმოსვლა შეჩერებულია, მანქანებიც ისეთი სიხშირით არარ მოძრაობენ როგორც წინა წლებში, მოთხოვნა იკლებს. [9]

მაისის თვეში ნავთობის ფასი ბარელზე 22,74 დოლარი იყო ხოლო ივნისის თვეში 41,51 დოლარი, ფასის მომატება უკავშირდებოდა მსოფლიო ქვეყნებში კარანტინის მოხსნას. [16] ოპეკის შეფასებით 2020 წელს მსოფლიო ნავთობზე მოთხოვნა დღე-ღამეში 90,72 მლნ ბარელს შეადგენს რაც 8,95 მლნ ბარელით ჩამორჩება 2019 წლის მონაცემს, მათი პროგნოზით, მას შემდეგ რაც მსოფლიო ნელ-ნელა დაუბრუნდება დღის წესრიგს, 2021 წელს ნავთობზე მოტხოვნა 97,72 მლნ ბარელი იქნება. [17]

დიაგრამა 2: ნავთობის ფასი 2013-2021 წლებში

წყარო: https://www.opec.org/opec_web/en/data_graphs/40.htm

როგორც გრაფიკზე ვხედავთ 2020 წელს ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა, მიზეზი კი როგორც უკვე აღვნიშნე კორონავირუსის პანდემიაა. 2021 წლის დასაწყისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაწყებულია ფართომასშტაბიანი ვაქციანაცია, ეს კი ნიადაგს ქმნის რომ ვივარაუდოდ კორონავირუსის პანდემიის შესუსტება და  ნავთობზე მოტხოვნის ზრდა უახლოეს მომავალში. შედეგი სახეზეა, 2021 წლის დასაწყისში მსოფლიოში ბარელი ნავთობის ფასი გაიზარდა.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ კარტელი ძირითადად უარყოფით ასპექტებტან ასოცირდება, ოპეკი მნიშვნელოვანი გაერთიანებაა მსოფლიოში ნავთობის ბაზარზე. როგორც ვნახეთ თავდაპირველად ოპეკი ვერ მოქმედებდა ისე როგორც კარტელი, ძალიან ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ბევრი ეგზოგენური ფაქტორის გამო, ფუნქციონირება ბაზარზე დაიწყო კრიზისებით, მაგრამ მალევე მოახერხა ბაზრის კონტროლი და მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა ბაზარზე, რომელიც არეგულირებს ქვეყნებს შორის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებასა და ფასებს.

კარტელური შეთანხმება ძალიან რთული გასაკონტროლებელია, რადგან შემავალი ქვეყნები ძირითადად მოქმედებენ ფარულად რათა უფრო გაფართოვდნენ ბაზარზე, ეს ყველაფერი ხელს უშლის კარტელის ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც საბოლოოდ შეიძლება კარტელის დაშლით დამთავრდეს. ჩემი აზრით, ოპეკი ძლიერი კარტელური სტრუქტურაა, რადგან მან გაუძლო უამრავ შიდა დაპირისპირებას წევრ ქვეყნებს შორის და დღემდე მნიშვნელოვანი ფიგურაა ნავთობის მსოფლიო ბაზარზე. მითუმეტეს  მსოფლიო ქვეყნების დიდ ნაწილი სწორედაც რომ დამოკიდებულია ოპეკის წევრი ან პარტნიორი ქვეყნების ნავთობის ექსპორტზე.

მიუხედავად იმისა რომ დღესდღეობით კოვიდ პანდემიის გამო ფასები მკვეთრად მცირდება ოპეკმა მოახერხა და ბარელი ნავთობის ფასი 50 დოლარის ნიშნულამდე აწია. ეს ნიშნული ამ რთულ პერიოდში მართლაც რომ ერთ-ერთი პოზიტიური შედეგია. თუმცა მდგომარეობა მაინც რთულია.

რაც შეეხება ოპეკის განვითარების ფონდს ვიქრობ რომ ასეთი წამოწყება დიდად წაადგება დაბალშემოსავლიან ქვეყნებს და ხელს შეუწყობს ამ ქვეყნების საზოგადოებრივი კეთილდღეობის  ამაღლებას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.marketwatch.com/story/about-150-years-of-oil-price-history-in-one-chart-illustrates-crudes-spectacular-plunge-below-0-a-barrel-2020-04-22
  2. https://www.opec.org/opec_web/en/about_us/24.htm
  3. https://forbes.ge/bareli-navthobis-phasi-72-dol/
  4. https://opecfund.org/who-we-are/at-a-glance
  5. https://www.investopedia.com/terms/c/cartel.asp
  6. ნოდარ ხადური, ნაზირა კაკულია, მურთაზ კვირკვაია, ვასილ კიკუტაძე, მანანა ლობჟანიძე, სლავა ფეტელავა, მალხაზ ჩიქობავა, ეთერ ხარაიშვილი. კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები, კონკურენციის პოლიტიკის მეორე საერთაშორისო კონფერენცია, თსუ. თბილისი 2018. გვ.32)
  7. https://www.investopedia.com/terms/c/cartel.asp
  8. https://www.opec.org/opec_web/en/5897.htm
  9. http://oilnews.ge/?lang=1&menuid=18&id=8394
  10. https://www.opec.org/opec_web/en/about_us/23.htm
  11. https://www.marketer.ge/tbc-opec-50-million-usd/
  12. http://www.oecd.org/competition/cartels/
  13. https://www.investopedia.com/ask/answers/060415/how-much-influence-does-opec-have-global-price-oil.asp
  14. https://energyeducation.ca/encyclopedia/OPEC_(cartel)
  15. https://www.opec.org/opec_web/en/press_room/5870.htm
  16. http://oilnews.ge/?lang=1&menuid=9&id=8712
  17. http://oilnews.ge/?lang=1&menuid=18&id=8799