პროფესიული განათლება საქართველოში და მისი როლი ეკონომიკაში
ავტორის სტილი დაცულია
ლიკა სარაჯიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
Lika.sarajishvili106@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
ზოგადად განათლება და მასთან დაკავშირებული საკითხები არ კარგავს აქტუალობას და უფრო მეტიც, ქვეყნების მხრიდან განათლებით დაინტერესება სულ უფრო მეტად იზრდება. მით უფრო მაშინ თუ ამ უკანასკნელს ეკონომიკის მდგომარეობასთან მიმართებაში განვიხილავთ, საკითხი კიდევ უფრო საინტერესო ხდება. აქედან გამომდინარე ნაშრომში განვიხილავ სწორედ განათლებასა და მის როლს ეკონომიკაში. უფრო კონკრეტულად კი ვისაუბრებ საქართველოს მაგალითზე ამ კუთხით, მეტ ყურადღებას დავუთმობ პროფესიულ განათლებას, ვინაიდან ეს უკანასკნელი ყველაზე დიდი პრობლემების წინაშე დგას დღესდღეობით და ვფიქრობ საინტერესო იქნება თუ ამ თემას შევეხებით. ვისაუბრებ აღნიშნულ პრობლემებზე, საქართველოს მდგომარეობაზე ამ მიმართულებით და იმაზე, თუ რა როლი აქვს ყოველივე ზემოთქმულს საქართველოს ეკონომიკის განვვითარებაში. დასასრულს კი ასევე განვიხილავ პანდემიასა და იმ გავლენას, რომელიც იქონია ვირუსის გავრცელებამ განათლებაზე.
Annotation
Education in general and related issues are not losing relevance and moreover, the interest of countries in education is growing. All the more so if we consider education in relation to the state of economy, the issue becomes more interesting. Therefore, in the paper i discuss education and its role in the economy. More specifically, I will talk about the example of Georgia, I will pay more attention to vocational education, because it is facing big problems today and I think it will be interesting if we touch in this topic. I will talk about the mentioned problems, the situation of Georgia in this direction and the role of all the above in the development of the Georgian economy. Finally, I will discuss the pandemic and the impact, that the spread of the virus has had on education.
განათლების არსი და მისი სახეები
განათლება შეიძლება აღვწეროთ როგორც პროცესი, რომელიც მიმართულია ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური თუ მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ. უფრო კონკრეტულად ეს გახლავთ ცოდნის, უნარის, ხასიათის, დახელოვნებისა და სხვა თვისებების სწავლებისა და განვითარების პროცესი სასწავლო დაწესებულებებში. [1]
აქვე შეგვიძლია განვმარტოთ განათლების ეკონომიკის ცნება. ეს უკანასკნელი ეხება განათლებისა და ეკონომიკის ფუნქციების განხორციელებას და არის ერთგვარი ცოდნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აკეთებს ადამიანი და საზოგადოება არჩევანს ფულადი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით (ან უსასყიდლოდ) იმისათვის, რომ მიმართოს შეზღუდული რესურსები სხვადასხვა ტიპის სწავლების განსახორციელებლად, ცოდნის, აზროვნებისა თუ გონების განვითარებისათვის და სხვა. [1]
განათლების სახეებზე საუბრისას შეგვიძლია გამოვყოთ შემდეგი :
- ზოგადი განათლება. აღნიშნული მოიცავს 12 წლიან სწავლებას, რომელიც იყოფა 3 საფეხურად : დაწყებითი (I-VI კლასები), საბაზო (VII-IX კლასები) და საშუალო (X-XII კლასები) . ამასთან დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა. პირს აქვს უფლება საბაზო საფეხურის დაძლევისა და შესაბამისად საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის აღების შემდეგ სწავლა განაგრძოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან სურვილისამებრ მესამე საფეხურზე. უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად კი საჭიროა სამივე საფეხურის გავლა.
- პროფესიული განათლება. სახელობო განათლება, რომელიც საშუალებას აძლევს თითოეულ პირს (ვისაც აქვს საბაზო ზოგადი განათლება მიღებული ) დაეუფლოს ვაჭრობის, ხელოსნობის, ტექნიკური ტიპის, სხვადასვხა სფეროს დამხმარე სამუშაოების შესრულებასა და ა.შ.
- უმაღლესი განათლება. ეს უკანასკნელი მოიცავს 3 საფეხურს : ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა. საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებია : კოლეჯი, სასწავლო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტი. როგორც უკვე აღვნიშნე უმაღლესი განათლების მიღების წინაპირობა გახლავთ სრული ზოგადი განათლების სამივე საფეხურის გავლა. აღნიშნულის უფლება კი (საქართველოში) აქვს იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ერთიანი ეროვნული გამოცდები. [3]
განათლების როლი ეკონომიკაში
ზოგადად ქვეყნები ბოლო პერიოდში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ განათლებას და შესაბამისად უფრო მეტ ხარჯებსაც გაიღებენ ამ უკანასკნელისათვის შეძლებისამებრ. რატომ ხდება ეს ასე? პასუხი გახლავთ ის, რომ განათლება არის ერთგვარი ინვესტიცია ადამიანისეული კაპიტალის შექმნაში. მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფო დღეს გაიღებს ხარჯებს კონკრეტული პირის განათლებაზე იმის გამო, რომ მომავალში სწორედ ამ პირისგან მიიღოს სარგებელი, შეიძლება იყოს ეს კონკრეტული სამუშაოს შესრულება, ტექნოლოგიურ პროგრესში მონაწილეობა, ინოვაციების დანერგვა თუ სხვა ნებისმიერი ფორმა, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ და ზოგადად არსებულ გარემოზე.
გარკვეულწილად განათლების დონეებში განსხვავებას შეუძლია ახსნას ქვეყნების შემოსავლებს შორის განსხვავებებიც, თუმცა არა ყოველთვის. სიმართლეა ის, რომ განათლების მაღალი დონე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის ასევე მაღალ დონეზე მიუთითებს. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე ნაწილობრივ, ვინაიდან არის სხვა უამრავი ფაქტორი, რომელთაც შესამჩნევი გავლენა აქვთ ეკონომიკაზე და მისი კარგი მდგომარეობის შესანარჩუნებლად მხოლოდ განათლების დონის მაღალი მაჩვენებელი არ კმარა. სხვა ფაქტორთა გავლენა სულ რომ უგულებელვყოთ, მაინც არის საკითხი, რომელიც იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. საჭირო რესურსების (ამ შემთხვევაში ვგულისხმობ განათლების მაღალი დონეს) ქონა გარანტირებულ კარგ შედეგებზე არ მიგვანიშნებს, საჭიროა ამ რესურსებისათვის სწორი მიმართულების მიცემა და მათი ეფექტიანი გამოყენება.
განათლებისა და ეკონომიკის ურთიერთკავშირის უკეთ გასაგებად აქვე შეგვიძლია მოკლედ ვისაუბროთ იმ ფაქტორებზე, რომლებიც მკვლევარების მიერ იქნა გამოყოფილი დროთა განმავლობაში და რომელთაც აქვთ უშუალო გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე:
- განათლება ზრდის ინოვაციურობის პოტენციალს, ეს უკანასკნელი კი საფუძველს უქმნის ეკონომიკურ ზრდას;
- განათლებული მუშახელი არის მეტად პროდუქტიული (მარტივად ითვისებს ტექნოლოგიებს) და შესაბამისად ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდასა და განვითარებას;
- განათლებაში ინვესტირებით უკეთესი გარემო იქმენა ტექნოლოგიური განვითარებისათვის, რაც ბუნებრივია დადებითად აისახება ასევე შრომის ნაყოფიერებისა თუ პროდუქტიულობის ზრდაზე და შესაბამისად ეკონომიკაზე.
აქვე მაგალითის სახით მოვიყვან დ.კრუგერისა და ტ.ლინდალის კვლევებს, რომელიც გულისხმობდა ისეთი ინსტრუმენტის შექმნას, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მომხდარიყო სასკოლო წლების შედარება ეკონომიკურ ზრდასთან. აღნიშნულის შედეგი გახლდათ შემდეგი : ერთი დამატებითი განათლების წლიდან მიიღებოდა 10%-ზე მეტი ამონაგები. მიუხედავად იმ ხარვეზებისა, რომელიც ასეთ გაზომვას ახლდა თან, განათლებისა და ეკონომიკური ზრდის ურთიერთკავშირზე გარკვეული წარმოდგენის შექმნა მაინც შესაძლებელია . [2]
შემდეგი ასევე შეგვიძლია განვიხილოთ ე.ა.ჰანუშეკისა და ლ.უოსემანის, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორების მეთოდი, რომელიც ეხებოდა განათლების ხარისხისა და ეკონომიკური ზრდის შედარებას ქვეყნების მიხედვით. მეთოდში გამოყენებული იყო TIMSS-ისა და PISA-ს ტესტები, დაკვირვებამ კი საბოლოოდ აჩვენა, რომ ტესტების მაღალი შედეგები მიუთითებდა ეკონომიკური ზრდის შესაბამის გამოხატულებას მშპ-ს პროცენტებში. [2]
პროფესიული განათლების მნიშვნელობა ეკონომიკისათვის
ვნახეთ რა გავლენა აქვს განათლებას ეკონომიკაზე, ახლა კი შეგვიძლია უშუალოდ პროფესიულ განათლებაზე ვისაუბროთ. კონკრეტულად კი რატომ შეიძლება იყოს ეს უკანასკნელი კარგი შედეგების მომტანი ეკონომიკისა და მთლიანად ქვეყნისათვის.
ზოგადად ეკონომიკის ფუნქციონირებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უმუშევრობის დონე. უმუშევრობის მაღალ დონეს საკმაოდ შესამჩნევი და უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ეკონომიკასა და შესაბამისად საზოგადოების ცხოვრების დონეზე. იგი ასოცირდება დაბალ შემოსავლებთან, დაბალი შემოსავლები თავის მხრივ ცხოვრების დონის გაუარესებასა და მოხმარების შემცირებაზე მიგვანიშნებს. შემცირებული მოხმარება ბუნებრივია ასევე უარყოფითად აისახება გამოშვებაზე : არ არის მოთხოვნა, არ არის მიწოდება. შემცირებული გამოშვება კიდევ უფრო ზრდის უმუშევართა რიგებს და ასე დაუსრულებლად, რომ არა სხვადასხვა გატარებული ღონისძიებები სახელმწიფოს მხრიდან და აღნიშნულ პრობლემებთან ბრძოლა.
ერთი შეხედვით ალბათ უცნაურია პროფესიული განათლების განხილვა უმუშევრობისა და მისი ეკონომიკაზე გავლენის ანალიზით რომ დავიწყე, მაგრამ ვისაუბროთ სააქართველოს მაგალითზე და შევხედოთ სიტუაციას სხვა მხრიდან. სამწუხაროდ საქართველოში პროფესიული განათლება არც თუ ისე კარგ მდგომარეობაშია, სულ უფრო მეტი ადამიანი მიიღწვის უმაღლესი სასწავლებლებისაკენ და სულ უფრო ცოტანი რჩებიან პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რიგებში. ეს კი საბოლოოდ იწვევს იმას, რომ ქვეყანაში გვყავს ძალიან ბევრი უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული, რომელთა დასაქმებაც ფიზიკურად ვეღარ ხდება . რა მოხდება მაშინ თუ პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსურველთა რაოდენობა გადანაწილდება? ვფიქრობ რაც უფრო კარგი პირობები შეექმება პროფესიულ განათლებას, მით უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება ამ უკანასკნელით და ყოველივე ეს უმუშევრობის დონეზეც აისახება დადებითად. ვსაუბრობ შემთხვევაზე, როდესაც უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე ადამიანების გადანაწილება იქნება ლოგიკური, გაიზრდება მოთხოვნა პროფესიულ სასწავლებლებზე და მოხდება სწორი შესაბამისობა ვაკანტურ ადგილებსა და მომუშავეებს შორის. თუმცა ყოველივე განხილული არც თუ ისე მარტივია, ვინაიდან პროფესიული განათლება დგას სხვადასხვა პრობლემებისა და გამოწვევების (უფრო დეტალურად განვიხილავთ ქვემოთ) წინაშე.
უმუშევრობა რომ უგულებელვყოთ (რაც საკმაოდ რთულია საქართველოს შემთხვევაში), ის პროფესიები, რომელთა დაუფლების საშუალებასაც სწორედ პროფესიული სასწავლებლები იძლევა, საკმაოდ დიდი მნიშვნელობის მატარებელია ეკონომიკისათვის. კარგია უმაღლესი განათლება, კარგია ტექნოლოგიური პროგრესის საფუძვლის შექმნა და ინოვაციურობის ხარისხის ზრდა, მაგრამ ყოველივე ეს ასევე საჭიროებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებს.
მარტივი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ პროფესიული განათლების როლის უკეთ გასაგებად. ვიცით რომ განათლებაზე სახელმწიფო გაიღებს რესურსებს, თავის მხრივ ინდივიდი ასევე ხარჯავს განათლებაზე ფულად რესურსებსა და ამასთანავე დროს, მაგრამ ხშირად გაწეული ხარჯები მეტია, მიღებული სარგებელი კი ნაკლები. ეს შეიძლება იყოს განათლების სისტემის, თავად სტუდენტის ნაკლები შრომის ან სხვა მიზეზის გამო. თუმცა ფაქტი რომ განათლებაზე დასაწყისში მოხდა ხარჯების გაღება , არ იცვლება. ამ დროს კი მივდივართ სიტუაციამდე, როდესაც გაღებული ხარჯები და დრო ფუჭია. პროფესიული განათლება კი მოითხოვს (ხშირ შემთხვევაში) ნაკლებ ხარჯებსა და რაც მთავარია დროს, რაც შეეხება შედეგებს, სრულიად შესაძლებელია პროფესიული განათლების მქონე ადამიანს ჰქონდეს უფრო მეტი შემოსავალი, შეეძლოს მეტი სამუშაოს შესრულება და შესაბამისად უფრო მეტი სარგებლის მოტანა ეკონომიკისა და საკუთარი თავისათვის, ვიდრე ამას შეძლებდა უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ პროფესიული განათლება ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში და მით უფრო რესურსების ეფექტიან განაწილებაში (რასაც ბუნებრივია ახლავს ეკონომიკის მდგომარეობის გაუმჯობესება).
პროფესიული განათლება საქართველოში – პრობლემების პირისპირ
პროფესიული განათლებას როგორც უკვე აღვნიშნე თან ახლავს დადებითი ეფექტები ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებაში, მაგრამ რა ხდება მაშინ როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს მაგალითზე? რეალობა გახლავთ ის, რომ საქართველოში პროფესიული განათლება დგას სხვადასხვა საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე. არავინ დაობს იმაზე, რომ ეკონომიკას ესაჭიროება როგორც უმაღლესი, ასევე პროფესიული განათლების მქონე ადამიანები, მაგრამ რეალობა აღნიშნულისაგან განსხვავდება. დავიწყოთ საქართველოს შრომის ბაზრის განხილვით.
უამრავი კვლევა მიმდინარეობს მსოფლიოს მასშტაბით პროფესიული განათლების განვითარების კუთხით. უფრო კონკრეტულად ხდება გამოკვლევა იმისა, თუ როგორი სიტუაციაა შრომის ბაზარზე, რომელ პროფესიებზეა მეტი მოთხოვნა, რა წინაპირობებია და ა.შ, რაც შემდგომში , როგორც უკვე აღვნიშნე, ხდება საფუძველი პროფესიული განათლების ხელშეწყობისა. მაგრამ მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ ერთი ქვეყნის კვლევა და შედეგები ვერ იქნება გამოსადეგი (ხშირ შემთხვევაში) სხვა ქვეყნისათვის. ე.ი თუ ვსაუბრობთ საქართველოს მაგალითზე, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საჭიროა მსგავსი კვლევები საქართველომ თავად აწარმოოს, გააანალიზოს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა, გაითვალისწინოს მოსალოდნელი და მიმდინარე ტენდენციები, დამსაქმებლების მოთხოვნები, გამოიკვლიოს უმუშევრობის მიზეზები და ა.შ, რაც რეალურად ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. ეს კი კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აყენებს განათლების სისტემას და ბუნებრივია პროფესიული განათლების განვითარების საკითხსაც.
თუ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პროფესიული სასწავლებლები საკმაოდ სასურველად აღიქმება და არსებობს კიდეც მასზე მოთხოვნა, საქართველოში სხვა სიტუაცია გვაქვს. პროფესიული განათლების ხელშეწყობა და მეტწილად მისით დაინტერესება იწყება 2011 წლიდან. ვერ ვიტყვით, რომ არ არის მოთხოვნა ისეთ სამუშაოებზე, რომლებიც უკავშირდება მომსახურებასა და ვაჭრობას, პირიქით, საკმაოდ დიდი მოთხოვნაა მათზე, მაგრამ უპირატესობით საქართველოში მაინც უმაღლესი სასწავლებლები სარგებლობენ. ამ შემთხვევაში ვფიქრობ საქმე გვაქვს მენტალობასთან. 2015 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთავრობის პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, გამოკითხულთა 73%-მა აღნიშნა, რომ სურდათ მათ შვილებს მიეღოთ უმაღლესი განათლება, ე.ი ეწინააღმდეგებოდნენ პროფესიულ განათლებას. ეს ერთგვარი გავრცელებული მცდარი და ულოგიკო მოსაზრებაა იმის შესახებ, რომ უმაღლესი განათლება ბევრად უკეთესია პროფესიულ განათლებაზე. რეალურად უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია სწავლების ხარისხი, მონდომება, ბაზარზე არსებულ მოთხოვნა და საჭიროებები, თითოეული მოსწავლისა თუ სტუდენტის უნარ-ჩვევები და ა.შ, ყოველივე ამის გათვალისწინებით კი ვფიქრობ ნამდვილად შეიძლება ხშირ შემთხვევაში პროფესიული განათლება უკეთ იყოს გამოყენებული უმაღლეს განათლებასთან შედარებით. [6]
საქსტატის ბოლოდროინდელ (2020 წლის) მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობა შემცირდა, რაც ნამდვილად არ არის კარგი. შემცირებული ასევე იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა, რომლებიც პროფესიულ პროგრამებზე იღებდნენ სტუდენტებს. პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის კლება ნაჩვენებია პირველ გრაფიკზე. [4]
გრაფიკი 1. სტუდენტების მიღება პროფესიულ პროგრამებზე, 2013-2020 წლები
ავტორისეული გრაფიკი. წყარო : საქსტატი
უნდა აღინიშნოს რომ პროფესიულ სასწავლებლებზე მოთხოვნის დიდი ნაწილი მოდიოდა უფრო ასაკის მოსახლეობისაგან და მოსწავლეების მხრიდან ეს უკანასკნელი საკმაოდ მცირე იყო, თუმცა ბოლო პერიოდში მდგომარეობა იცვლება. მეორე დიაგრამაზე წარმოდგენილია 2019 წლისა ( დიაგრამა ,,ა“) და 2020 წლის (დიაგრამა ,,ბ“) მონაცემები პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების შესახებ, რომელიც დაყოფილი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. შევნიშნოთ რომ 2019 წელთან შედარებით 2020 წელს 15-20 წლის ჯგუფის პროცენტული მაჩვენებელი იზრდება. [4]
დიაგრამა 1. სტუდენტების განაწილება პროფესიულ სასწავლებლებში ასაკის მიხედვით, 2019-2020 წლები
ავტორისეული გრაფიკი. წყარო: საქსტატი
ერთ-ერთ პრობლემად პროფესიულ განათლებასთანნ დაკავშირებით ასევე განიხილება არასაკმარისი დაფინანსება. მას შემდეგ რაც 2013 წელს შემუშავდა პროფესიული განათლების რეფორმის (2013-2020 წლებისათვის) სტრატეგია ევროკავშირის მხარდამჭერთა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, დაიწყო შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხორციელება და პროფესიულ საგანმანათლებლო სისტემამ უფრო მეტი ყურადღება დაიმსახურა. სწორედ ამ პერიოდში დაინერგა დაფინანსების ახალი მოდელი და პროფესიული განათლების სახელმწიფო დაფინანსება 5-ჯერ გაიზარდა, 2020 წლისათვის კი 54 მლნ ლარი შეადგინა, მაგრამ ეს უკანასკნელი მაინც დაბალი მაჩვენებელია მთლიანი საგანმანათლებლო ხარჯების გათვალისწინებით. პროფესიულ განათლებაზე გაწეული ხარჯები განათლებაზე გაწეული მთლიანი ხარჯების მხოლოდ 3.6%-ს შეადგენს (გრაფიკი 3). [4] [5]
გრაფიკი 3. სახელმწიფო დანახარჯები პროფესიულ განათლებაზე , 2008-2020 წლები
წყარო: ფინანსთა სამინისტრო
აგრეთვე პრობლემას წარმოადგენს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. საქმე ის გახლავთ, რომ პროფესიული სასწავლებლები ძირითადად განთავსებულია თბილისში (გამონაკლისია აჭარა), ეს კი რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს უქმნის პრობლემას და ქმნის მათთვის დამატებით ხარჯებს, რაც გარკვეულწილად შესაძლოა გახდეს სწორედ მიზეზი იმისა, რატომაც იტყვიან ისინი უარს პროფესიული განათლების მიღებაზე.
პანდემიის გავლენა განათლებაზე
თანამედროვე მსოფლიო გარკვეული პრობლემებისა და საფრთხეების წინაშე დადგა, რაც გამოიწვია ახალი ვირუსის, COVID 19-ის გლობალურმა გავრცელებამ. ვირუსის გავრცელება 2019 წლის ბოლოს დაიწყო ჩინეთში, ქალაქ უხანში და მალევე მსოფლიო პანდემიად იქცა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა როგორც ქვეყანათა ეკონომიკებს, ასევე საზოგადოების თითოეულ წევრს.
თითოეული ქვეყანა აღმოჩნდა ვირუსის პირისპირ ყოველგვარი საბრძოლო იარაღისა და მომზადების გარეშე, აქედან გამომდინარე ერთადერთი ეფექტური საშუალება, რაც დასაწყისშივე გამოიკვეთა და რომელსაც მიმართა ფაქტობრივად მთელ მსოფლიომ, გახლდათ სოციალური დისტანცირება. შესაბამისად ყოველივე ეს აისახა სასწავლო პროცესებზეც და სწავლა გაგრძელდა ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად.
რა შეიძლება ითქვას გავლენაზე, რომელიც იქონია პანდემიამ განათლებასთან მიმართებაში? ვფიქრობ ცალსახად იმის თქმა აღნიშნული გავლენა უარყოფითი იყო თუ დადებითი, რთულია. ერთი მხრივ პანდემიამ განათლებაში სტრუქტურული ცვლილებები დააჩქარა, მეორე მხრივ კი ვფიქრობ ონლაინ სწავლებამ განათლების ხარისხი გააუარესა. უფრო კონკრეტულად პანდემიის გავლენა შეგვიძლია აღვწეროთ შემდეგნაირად: მოხდა სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების დაჩქარებული ადაპტაცია; ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება მთავრობისა თუ საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ; ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდა რეგიონებში; მოსწავლეების, მასწავლებლებისა თუ მშობლების ჩართვა ციფრულ სასწავლო პროცესში და სხვა, რაც დადებითი მოვლენაა, ვინაიდან თითოეულის მისაღწევად ბევრად უფრო მეტი დრო იქნებოდა საჭირო, ვიდრე ეს პანდემიის პირობებში მოხდა. მაგრამ გვაქვს მეორე მხარეც, ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ონლაინ სწავლებაზე გადასვლამ უფრო გაამარტივა სწავლა, გამოცდების ჩაბარება და ა.შ. სტუდენტებისა და მოსწავლეების შედეგები (შეფასებები) გაუმჯობესდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს უკანასკნელი რეალურად ვერ აფასებს არსებულს და შედეგებიც გადაჭარბებულია, ე.ი სწავლების ხარისხი გაუარესდა. [6]
დასკვნა
ზემოთ განხილული საკითხების შეჯამებით, შესაძლოა ერთიანი დასკვნა ჩამოვაყალიბოთ. ვნახეთ რომ განათლება თითოეული ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი როლის მატარებელია, მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ასევე ზოგადად ქვეყნის მდგომარეობისათვის. ისტორიასა და ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ განათლების დონეში განსხვავებები ხშირად შემოსავლებში განსხვავებებსაც ხსნის, რაც მის მნიშვნელოვან როლს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუმცა არა ყოველთვის. ვინაიდან არსებობს სხვა არაერთი ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ასევე ზემოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე.
შემდგომ ნაწილში ვისაუბრეთ უშუალოდ საქართველოს მაგალითზე და პროფესიულ განათლებაზე. პროფესიული განათლების ხელშეწყობა, განსაკუთრებით საქართველოს შემთხვევაში, ვფიქრობ იქნება ერთ-ერთი საშუალება უმუშევრობის დონის შემცირებისა და შრომის ბაზრის ეფექტიანი ფორმირებისათვის. თუმცა მიუხედავად იმისა რომ მრავალ ქვეყანაში პროფესიული განათლება პოპულარობით სარგებლობს, საქართველოში ამ უკანასკნელისადმი დამოკიდებულება საკმაოდ უარყოფითია. მოსწავლეთა უმრავლესობა სიტუაციისა და მოსალოდნელი შედეგების გააანალიზების გარეშე, ბრმად ირჩევს უმაღლეს განათლებას, ხშირ შემთხვევაში კი მივდივართ განათლებაზე გაწეულ ისეთ დანახარჯებთან, იქნება ეს ფულადი რესურსები თუ სტუდენტთა შრომა და დრო, რომელიც ფუჭია, ვგულისხმობ შემთხვევას, როდესაც გაწეული დანახარჯები განათლებაზე აჭარბებს მიღებულ სარგებელს.
მართალია 2013 წლიდან სახელმწიფო და სხვადასხვა დაინტერესებული დაწესებულებები გააქტიურდნენ და მეტ ყურადღებას უთმობენ პროფესიულ განათლებას, რაზეც მასზე გაწეული ხარჯების ზრდაც მიგვანიშნებს, მაგრამ სიტუაცია ამ კუთხით მაინც არ გაუმჯობესებულა. მდგომარეობა ასევე გააუარესა ბოლოდროინდელ მოვლენებმა. პანდემიის შედეგად გარდა იმისა რომ პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა, გაუარესდა ზოგადად მიღებული განათლების ხარისხი.
ვფიქრობ პროფესიული განათლების ხელშეწყობა აუცილებლად გაგვიყვანს სასურველ შედეგებზე, როგორც საქართველოს ეკონომიკის, ასევე ზოგადად ქვეყანაში არსებული მდგომარეობუს თვალსაზრისით. უბრალოდ საჭიროა კიდევ უფრო მეტი ჩართულობა სახელმწიფოს მხრიდან და შესაბამისად მეტი სწორად წარმართულ ღონისძიება, ინფორმირებულობის დონის ამაღლება საზოგადოებაში და ყველანაირი წინაპირობის შექმნა იმისათვის, რომ პროფესიულ სასწავლებლებისადმი დამოკიდებულება შეიცვალოს მაქსიმალურად დადებითად. ყოველივე ეს კი საბოლოოდ აუცილებლად გახდება ხელშემწყობი ფაქტორი განათლების დონისა თუ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
გამოყენებული ლიტერატურა
- კეთილდღეობის ეკონომიკა, რიდერი, შემდგ. ასოც. პროფ. ი.გაგნიძე, 2015 წ
- ,,განათლება და ეკონომიკური ზრდა“, მუხრან გულიაშვილი (https://edu.aris.ge/news/ganatleba-da-ekonomikuri-zrda.html )
- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (https://emis.ge/)
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (https://www.geostat.ge)
- საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (https://www.mof.ge/)
- GALT & TAGGART research (https://galtandtaggart.com/upload/reports/14673.pdf?fbclid=IwAR1RH9s-byzN6lDygeWZ9W_K2DhXUU7Zpp3cOMDwxT4ymHigpQRDqersm6I )