მცირე და საშუალო მეწარმეობა საქართველოში
ავტორის სტილი დაცულია
ნინო ჯაფარიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის IVკურსის სტუდენტი
biee3489@gmail.com
ანოტაცია
სამეწარმეო სექტორი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აუცილებელი ფაქტორია. მცირე და საშუალო საწარმოები ქმნის სამუშაო ადგილებს, ზრდის დასაქმებას და შეაქვს უდიდესი წვლილი ეკონომიკურ კეთილდღეობაში, აქედან გამომდინარე თავისუფლად შეიძლება იგი ჩავთვალოთ ეკონომიკის საყრდენად. თანამედროვე პერიოდში შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება კომერციის, წარმოების, ფინანსური ინსტიტუტების გარეშე, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. სტატიაში განხილული იქნება მცირე და საშუალო მეწარმეობის ზოგადი არსი, შემდეგ კი მისი სოციალურ-ეკონომიკური როლი და განვითარების სტრატეგია საქართველოში. გარდა ამისა, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი სტრუქტურები, სახელმწიფო პოლიტიკის როლი და Covid 19-ის ეფექტი ბიზნესზე.
Annotation
The entrepreneurial sector, especially small and medium-sized businesses, play an important role in the development of the economy and make a great contribution to economic growth. Small and medium-sized enterprises can be considered as a pillar of any country’s economy, given the potential for job creation, employment growth, economic development and growth. Nowadays, it is impossible to develop the country economically without commerce, production, financial institutions, which are an integral part of small and medium-sized businesses. The article will discuss the general essence of small and medium entrepreneurship, and then its socio-economic role and development strategy in Georgia. In addition, SME (Small and medium-sized enterprises) support structures, effect of government policy, and the impact of Covid 19 on business.
მცირე და საშუალო საწარმოების განმარტება
მცირე და საშუალო საწარმოების განმარტება ასეთია:
მცირე – საწარმო რომელშიც, დასაქმებულთა რაოდენობა არ აღემატება 20-მდე დასაქმებულს და წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 ათას ლარს.
საშუალო – დასაქმებულია რაოდენობა მერყეობს 20-დან 100 დასაქმებულამდე და რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 1,5 მლნ. ლარს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი (მოქმედი 2011 წლის იანვრიდან) განსაზღვრავს მცირე და მიკრო ბიზნესის კრიტერიუმებს. აღნიშნული განმარტებები საგადასახადო მიზნებისთვის გამოიყენება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება მეწარმეს (ფიზიკურ პირს), რომლის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ჯამური ერთობლივი შემოსავალი 1 წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს, ხოლო მიკრო ბიზნესის შემთხვევაში – 30 000 ლარს. [2]
მცირე მეწარმეობის განვითარების სტრატეგია
საქართველოში არსებული უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა მცირე მეწარმეობის მხარდაჭერაა. სახელმწიფო წლების მანძილზე თვლიდა, რომ საბაზრო ეკონომიკა თავად დაარეგულირებდა არსებულ პრობლემებს, თუმცა ეს ასე არ მოხდა. სწორედ ამიტომ გაჩნდა პრიორიტეტი – მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა.
3 მთავარი საკითხი, რომელიც ამ ამოცანას წყვეტს, შემდეგია:
1.მცირე მეწარმეობის წახალისება
2.მცირე მეწარმეების სწავლება.
3.მცირე მეწარმეების დახმარება გაყიდვებში. [3]
რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ინფორმირებული მცირე ბიზნესის წარმოების პროდუქტიულობაზე, მეტს მოუნდება მიბაძოს სხვებს, დაიწყოს ნულიდან და გახდეს წარმატებული. არსებული დადებითი პერსპექტივების გარდა, დამწყებ მეწარმეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია მმართველობით, ტექნიკურ მხარეზე, რაც პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტია.
და ბოლოს, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მათ ადრეულ გაყიდვებში, რადგან საწყის ეტაპზე მაინც რთულია სამეწარმეო აქტივობასთან ადაპტაცია და რისკებიც უფრო გამოკვეთილია.
მცირე მეწარმეობის სოციალურ–ეკონომიკური როლი საქართველოში
მცირე მეწარმეობას საქართველოსთვის დიდი სოციალურ–ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. მცირე ბიზნესი მნიშვნელოვან სოციალურ ეკონომიკურ ფუნქციას ასრულებს. კერძოდ,დასაქმების უზრუნველყოფა,სოციალური უთანაბრობის შერბილება, კონკურენტული გარემოს ფორმირება და სხვა. საწარმოები ზომის მიხედვით შემდეგნაირად იყოფა: მსხვილი ,საშუალო და მცირე. [4]
მცირე მეწარმეობაში გადაწყვეტილებათა მიღება შედარებით მარტივია და შესაბამისად,დანახარჯებიც დიდ ბიზნესთან შედარებით ნაკლები. მცირე საწარმოები უფრო სწრაფად ადაპტირდებიან ახალ იდეებთან. სწორედ მცირე მეწარმეობაა წინაპირობა იმ ინტერესებისა, რომელიც შემდგომ უკვე საშუალო და მსხვილ ბიზნესს აქვს.
საქართველოში არსებული სამეწარმეო გარემოს განვითარების ხელშემწყობი არასამთავრობო ორგანიზაციებია:
- მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი
- საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო
- ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
- საქართველოს საწარმოთა ხელშეწყობის პროექტი
- საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების ფონდის FINKA international საქართველოს ფილიალი
- ღია საზოგადოება –საქართველოს ფონდი და ა.შ [1]
საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარების ხელს უშლის ბიზნესში დაბალი კვალიფიკაციის არსებობა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეების მომზადება, რათა უკეთ აუღონ ალღო ახალ პროგრამებს.
მცირე და საშუალო მეწარმეობის სამეწარმეო გარემო
საქართველოში ბოლო წლების მანძილზე გატარებული რეფორმების შედეგად ბიზნეს-გარემო ბევრად გაუმჯობესდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ იგი არ საჭიროებს არსებული ხარვეზების აღმოფხვრასა და ახალი ღონისძიებების გატარებას.
ძირითადი მიზეზები, რომელთა გამოც მეწარმეობის დაწყება ბევრად მარტივი გახდა, შემდეგია:
საგადასახადო პოლიტიკა – გადასახადების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. საქართველოში მოქმედებს 6 გადასახადი ნაცვლად 2006 წლამდე არსებული 21 გადასახადისა
საბაჟო პოლიტიკა – იმპორტის ტარიფები გაუქმდა პროდუქტების დაახლოებით 85%-ზე და ამჟამად მოქმედებს მხოლოდ 3 სატარიფო განაკვეთი (12%, 5% და 0%), ნაცვლად ადრე მოქმედი 16-სა. გარდა ამისა არ გვაქვს იმპორტის და ექსპორტის რაოდენობრივი შეზღუდვები, ე.წ ქვოტა.
ლიცენზიები, ნებართვები – 2005 წლიდან მათი რაოდენობა დაახლოებით 90 %-ით შემცირდა და ამჟამად გამოიყენება მხოლოდ მაღალრისკიანი პროდუქციის წარმოებისას და მომსახურების გაწევისას.
სახელწმიფო მმართველობა – ბიზნესთან დაკავშირებული მომსახურება ხორციელდება „ერთი სარკმლის პრინციპით“. 11 მომსახურების უმრავლესობის მიღება ელექტრონულად ხდება. ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა იუსტიციის სახლები, სადაც 400 დასახელების მომსახურების მიწოდება ხდება. ამან შეამცირა სასურველი მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი და დრო.
ბიზნესის კეთება საქართველოში საკმაოდ მარტივი გახდა. ამას ცხადყოფს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ერთობლივი კვლევა „Doing Business 2020“.
ცხრილი 1. ქვეყნების რეიტინგი ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით; პირველი ათეული, 2020 წელი
ქვეყანა | ადგილი | ქულა (100-დან) |
ახალი ზელანდია | 1 | 86.8 |
სინგაპური | 2 | 86.2 |
ჰონკონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჩინეთი | 3 | 85.3 |
დანია | 4 | 85.3 |
კორეის რესპუბლიკა | 5 | 84.0 |
აშშ | 6 | 84.0 |
საქართველო | 7 | 83.7 |
დიდი ბრიტანეთი | 8 | 83.5 |
ნორვეგია | 9 | 82.6 |
შვედეთი | 10 | 82.0 |
წყარო: [5]
ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოს ათეულშია (190 ქვეყნიდან), კერძოდ მე-7 ადგილზე 83.7 ქულით. ის 0.3 ქულით ჩამორჩება აშშ-ს, ხოლო 0.2-ით უსწრებს დიდ ბრიტანეთს. [5]
მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი ინსტიტუტები
მცირე და საშუალო საწარმოების შექმნის, განვითარების და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდის მხარდაჭერისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში, 2014 წლის თებერვალში შეიქმნა ორი უწყება – მეწარმეობის განვითარების სააგენტო და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. [2]
მეწარმეობის განვითარების სააგენტო – ეს არის პირველი სახელმწიფო უწყება, რომლის ფუნქციაა სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, მცირე და საშუალო საწარმოების და ექსპორტის ხელშეწყობა და კერძო სექტორის განვითარება. სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა იყო და მიმართულია წარმოების წახალისებაზე და მცირე და საშუალო ბიზნესის ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდაზე. [6]
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო –სააგენტოს მთავარი მიზნებია: ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის და მისი განვითარების პროცესის კოორდინაცია, ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების კომერციალიზაციისა და განვითარების ხელშეწყობა, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის გავრცელება ქვეყნის მასშტაბით და სხვ. [7]
მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი ბიზნეს ასოციაციები
საქართველოში მოქმედებს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი რამდენიმე ორგანიზაცია, მაგალითად:
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა – პალატის მთავარი ფუნქციებია ბიზნესებისთვის ისეთი მომსახურების გაწევა, რომელსაც საინფორმაციო და საკონსულტაციო ხასიათი აქვს, ასევე ბიზნეს უნარების და ბიზნესის დაგეგმვის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია – ასოციაცია უწევს საკონსულტაციო მომსახურებას მცირე და საშუალო მეწარმეებს და ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას სამეწარმეო ცოდნის თუ უნარების განვითარებისთვის.
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია – ასოციაცია წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომლის მიზანია მცირე და საშუალო საწარმოთა ინტერესების დაცვა და ადვოკატირება. [2]
სახელმწიფო პოლიტიკის როლი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაში
საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის გაწეულ ძალისხმევაზე. მათ ხელს უწყობს სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთა ფუნქცია მცირე ბიზნსესის განვითარებაა. სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია იმ პრობლემების გადაჭრისკენ, რომლებიც საწარმოს მცირე შესაძლებლობების გამო ჩნდება და არათანაბარ კონკურენტულ პირობებს უქმნის მსხვილ საწარმოსთან მიმართებაში.
სახელმწიფო პოლიტიკა ორიენტირებულია წარმოების პროცესის გამარტივებასა და ხელშეწყობაზე, სწორედ ამან განაპირობა ბოლო პერიოდში მეწარმეობის განვითარება. [1]
COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის ეფექტი ბიზნესზე
ახალი კორონა ვირუსის მსოფლიოს ყველა ნაწილში სწრაფად გავრცელების გამო, საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესი დადგა ახალი გამოწვევების წინაშე–პანდემიის, ეპიდემიის, კარანტინისა და იმ შეზღუდვების, რომლებსაც სახელმწიფო მმართველობის ორგანოები იყენებენ პანდემიასთან ბრძოლისათვის. სწორედ ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ბიზნეს სუბიექტების ფუნქციონირებისა და შრომითი საკითხების რეგულირება. [8]
2020 წლის გაზაფხულზე შეიზღუდა შემდეგი საქმიანობები:
-ტვირთთა გადაზიდვა
-მიმოსვლა
-საკუთრების უფლება
-საქმიანობის უფლება
მოგვიანებით რეგულაციების გარკვეული ნაწილი მოიხსნა, შემდეგ კი შემოდგომიდან სახელმწიფომ ისევ გაამკაცრა პოლიტიკა. საერთო ჯამში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ბიზნეს სექტორში.
ცხრილი 2. ბიზნეს სექტორის მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემები, 2014 -2020 წლები
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/195/biznes-sektori
როგორც ვხედავთ, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წელს საგრძნობლად შემცირდა. 2019 წელს 109 მილიარდ ლარს შეადგენდა, 2020 წლის სამი კვარტლის მონაცემით კი 77,5 მილიარდს შეადგენს, თუმცა მესამე კვარტლის ბოლოს მოცულობამ შედარებით იმატა (29 მლრდ) პირველ ორ კვარტალთან შედარებით (26 და 22,3 მლრდ შესაბამისად). [9]
მკვეთრი რეგრესით ხასიათდება გამოშვებული პროდუქციის რაოდენობაც, 2014 წლიდან იგი ყოველწლიურად იზრდებოდა, 2020 წელს კი 47.5 მილიარდიდან 10.3-მდე ჩამოვიდა.
ასე რომ, პანდემიამ გარკვეულწილად შეაფერხა სამეწარმეო დინამიკა საქართველოში.
დასკვნა
მცირე და საშუალო მეწარმეობამ განვითარების დიდი გზა გაიარა. ამ განვითარებამ უზრუნველყო დასაქმების დონის და ზოგადად საზოგადოებრივი კეთილდღეობის ამაღლება. ის ხასიათდება ზრდის ტენდენციით, თუმცა კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო გარკვეულ ასპექტებში უარყოფითი ეფექტები იგრძნობა. სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო სამეწარმეო აქტივობას და სწორედ აქედან გამომდინარე, ბიზნესის კეთება საქართველოში უფრო და უფრო მარტივი ხდება. ეს ყოველივე ჯანსაღი ეკონომიკის ერთ-ერთი წინაპირობაა.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. რევაზ გველესიანი, ელგუჯა მექვაბიშვილი, ინეზა გაგნიძე, ეკა ლეკაშვილი, მარინა ნაცვალაძე – მეწარმეობის თეორიული საფუძვლები, 2009
2. http://gov.ge/files/439_54422_706524_100-1.pdf
4. https://www.geostat.ge/media/32247/shenishvnebi_biznesi.pdf
6. http://5.44.128.32/ge/minister/ministris-moadgile-325/mewarmeobis-ganvitarebis-saagento
7. https://gita.gov.ge/geo/static/3
9. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/195/biznes-sektori