აგრარული სექტორი და კენკრის ბაზარი საქართველოში
ავტორის სტილი დაცულია
მარიამ დანელია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
mariam.danelia326@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
საქართველოში უძველესი დროიდან ეკონომიკაში სოფლის მეურნეობას წამყვანი ადგილი ეჭირა. დღეისათვის კი, ქვეყნის აგრარული სექტორი მრავალი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას. სტატიაში განხილულია საქართველოსა და ევროპის თანამშრომლობის შედეგად აგრარულ სექტორში განხორციელებული პროექტები. კერძოდ, კენკრის ბაზრის განვითარების შესაძლებლობები და ექსპორტი.
Annotation
Since ancient times, agriculture has played a leading role in the economy of Georgia. Today agricultural industry has to deal with many problems and challenges. The subject of the following article is about agricultural projects as the result of cooperation between Georgia and Europe ,more precisely, it is about opportunities of the berries market to develop and increase the export.
აგრარულ პოლიტიკას უძველესი ისტორია აქვს. საქართველოს ოდითგანვე იცნობდნენ როგორც აგრარულ ქვეყანას. დღესაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 41% ცხოვრობს სოფლად. თუმცა არაოფიციალურ რეალობას თუ გადავხედავთ, ცხადი გახდება, რომ რეგიონული ქალაქების მცხოვრებთა დიდი ნაწილი იმდენადვეა დამოკიდებული სასოფლო-სამეურნეო აქტივობებზე, რამდენადაც სოფლად მცხოვრები, შესაბამისად ეს მაჩვენებელი ბევრად გასცდება 50%-ს.[1]
აგროსასურსათო სექტორში ყველაზე რთული კონკურენციის გაწევაა-ფერმერთა 66.7% უჭირს კონკურენტებთან ბრძოლა, რამდენადაც იმპორტირებული პროდუქტები გამოირჩევიან დაბალი ფასით. [1]
აგრარული პოლიტიკის სტრატეგია მოიცავს ხედვას, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს სექტორი პერსპექტივაში. ამ მიმართებით ათვლის წერტილს აგრარულ სექტორში არსებული მდგომარეობა და მისი ანალიზი წამოადგენს.
სტრატეგია ტექნიკურად გამართულ პოლიტიკურ რეკომენდაციებს უნდა ითვალისწინებდეს. სხვა შემთხვევაში სტრატეგიის განხორციელებას რისკი ახლავს. მთლიანად სტრატეგია არ იქნება წარმატებული, თუ ის მხოლოდ აგრარულ სექტორს მოიცავს. სტრატეგიის საბოლოო შედეგები დამოკიდებულია ეროვნული დონის გადაწყვეტილებებზე, ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, სავალუტო კურსზე, მოგების ნორმაზე, ინვესტიციების განაწილებაზე სექტორებსა და რეგიონებს შორის და ა.შ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია შემუშავებული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ, ევროკავშირისა(EU) და გაეროს ორი სააგენტოს -გაეროს განვითარების პროგრამისა(UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)მხარდაჭერით,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD)ფარგლებში.
საქართველოში აგრარული პოლიტიკის გამტარებლები
დღეისათვის საქართველოში აგრარულ პოლიტიკას ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მასში შემავალი სსიპ-ები:
- სურსათის ეროვნული სააგენტო;
- ღვინის ეროვნული სააგენტო;
- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო;
- საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია;
- შპს „მექანიზატორი“;
- შპს სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია.
ისინი უზრუნველყოფენ სამინისტროს, ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელებასა და მონიტორინგს. ინფრასტრუქტურულ პროექტებს კი ახორციელებენ რეგიონული თვითმმართველობები. თითოეული ზემოთ აღნიშნული სსიპ-ები სოფლის მეურნეობის განვითარებაში მონაწილეობენ მათთვის დამახასიათებელი სპეციფიკური მიზნებისა და ამოცანების განხორციელებით. [2]
წესრიგის პოლიტიკის ფარგლებში აგრარული პოლიტიკის საკანონმდებლო ჩარჩო პირობების დადგენას უზრუნველყოფს პარლამენტი. მაგალითად: 2017 წლის 15 ივნისს, პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მიწის გაყიდვა აიკრძალა. მიღებული კანონდმებლობით ნარჩუნდება ის პრინციპი, რომ მიწა არის განსაკუთრებული რესურსი და მისი მესაკუთრე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. კანონპროექტით კომერციულ ბანკებს დ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეძლევათ ვალდებულება შესაბამისად, ორი და ერთი წლის ვადაში გაასხვისონ მათ საკუთრებაში არსებული მიწები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე. თუმცა, 2019 წელს ამ კანონის შესწორება მოხდა, რის შედეგადაც შესაძლებელია, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მიწის გასხვისება, მაგრამ მიწის მიღებიდან 6 თვის შემდეგ უცხოელი მოქალაქე ვალდებულია, აღნიშნული მიწა საქართველოს მოქალაქეზე გაყიდოს.[4]
ENPARD– ის მიზნები და შედეგები საქართველოს აგრარულ სექტორში
ამ პროგრამაში საქართველო 2013 წლიდან არის ჩართული. მის უმთავრეს მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს . პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას და ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს .ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში 2013-2022 წლებში 179.5 მილიონი ევროა.ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირის დახმარება 4 ძირითად საკითხს ითვალისწინებს:[5]
- სოფლის მეურნეობის ინსტიტუტების ეფექტიანობის გაუმჯობესება.
ამ მიმართულებით მთელი რიგი ღონისძიებები გატარდა, როგორიცაა- პოლიტიკის შემუშავება, ზედამხედველობისა და შეფასების მექანიზმების დანერგვა, ეფექტიანი სისტემების ჩამოყალიბება დონორებთან ურთიერობისათვის და სამინისტროს სააგენტოებთან კოორდინაციისათვის, ადამიანური რესურსების შეფასების, გადამზადებისა და განვითარების პროგრამების შექმნა და პრაქტიკაში დანერგვა, უსაინფორმაციო მომსახურების გაწევისა და საკონსულტაციო შესაძლებლობების გაუმჯობესება.
რის შედეგადაც შემუშავდა: 2015-2020 წლების საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია, 2018-2019 წლების სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგია, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჩამოყალიბდა პოლიტიკური ჯგუფი, გადამზადდა სოფლიის მეურნეობის სამინისტროს 400-ზე მეტი თანამშრომელი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლობისა და ფერმერული ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირებისთვის ევროკავშირის 6 ქვეყანაში მოეწყო სასწავლო ტურები, შეიქმნა სურსათის საბაზრო ფასების საინფორმაციო სისტემა, ჩამოყალიბდა და განხორციელდა სახელმწიფო დახმარების პროგრამები.[5]
2) სოფლად დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
პროგრამა მხარს უჭერს არასასოფლო-სამეურნეო აქტივობების დივერსიფიკაციას, ასევე გარემოს რესურსების განვითარებასა და მართვას, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. შედეგები:
- შემუშავდა საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2020 და სტრატეგიის განხორციელებისათვის 2017 და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა;
- 2015 წლიდან სოფლის განვითარების პროექტები სამ მუნიციპალიტეტში -ლაგოდეხში ,ბორჯომში და ყაზბეგში მიმდინარეობს ,ევროპული LEADER მიდგომის შესაბამისად ;
- სამივე მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG)და მომზადდა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები ;
- 2019 წელს ENPARD-ის ფარგლებში დამატებით 4 ახალი პროექტი დაიწყო -წალკის, ახმეტის, წყალტუბოსა და მესტიის მუნიციპალიტეტებში.[5]
სულ დღემდე, ევროკავშირმა 360 სოფლის განვითარების ინიციატივა დააფინანსა. მათ შორის: სოფლის მეურნეობის , ტურიზმის ,სოციალური, ინფრასტრუქტურული და გარემოს დაცვითი მიმართულებით. აღნიშნული ბიზნეს ინიციატივები 1000-ზე მეტ ადგილობრივ ოჯახს ასაქმებს და 10000-ზე მეტ სოფლად მცხოვრებ ადამიანს გაუმჯობესებულ საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს.[5]
3)მცირე ფერმერთა თანამშრომლობის გაძლიერება.
შედეგად მიღებულ იქნა:
- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონი;
- ჩამოყალიბდა და სააგენტოს ბაზაში რეგისტრაცია გაიარა 1500-ზე მეტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა,რომელიც 15000-ზე მეტ ფერმერს აერთიანებს;
- ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გადამზადდა 8000-ზე მეტი ფერმერი.[5]
4)მცირე ფერმერების ქმედითუნარიანობის ამაღლება.
პროგრამის დახმარებით რეგიონალურ დონეზე დაფუძნდა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები. შედეგად:
- ქვეყნის მასშტაბით 59 საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი შეიქმნა;
- გადამზადნენ ექსტენციის ცენტრების თანამშრომლები;
- 250 000-ზე მეტმა მცირე ფერმერმა ისარგებლა სამინისტროს რეგიონული ცენტრების მომსახურებით;[5]
- სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები იღებენ დახმარებას ტრენინგებისა და ფინანსური მხარდაჭერის სახით.
კენკრის ბაზარი საქართველოში
საქართველოში თუ მარწყვს არ ჩავთვლით, კენკრის ბაღები რამდენიმე წლის წინ შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ არსებობდა. ბაღების გაშენიანება დონორი ორგანიზაციების მიერ კენკრის ნერგების გადაცემით დაიწყო. კენკრის წარმოებამ მასშტაბური ხასიათი კი 2015 წლიდან მიიღო. მას შემდეგ , რაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“ დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ,რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს , კენკრის ბაღების სუბსიდირება მოხდა. შედეგად, ბევრმა ფერმერმა დაიწყო კენკრის მოყვანა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამ, კენკრის წარმოებას დამატებითი სტიმული მისცა. იმ თვალსაზრისით, რომ მათ კენკრის გატანა ევროკავშირის ბაზარზე შეეძლოთ. საქართველოში კენკრის გაშენებას ხელს უწყობს ისეთი ფაქტორები,, როგორიცაა:
- ხელსაყრელი კლიმატური პირობები;
- იაფი რესურსები-ელექტროენერგია, წყალი, მუშახელი;
- ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა: ადვილად ხელმისაწვდომი ევროპის , დსთ-ს და აზიის ბაზრები;
- მზარდი კენკროვნების ინდუსტრია და სახელმწიფოს სტიმულირება კენკროვანი კულტურების პლანტაციების გაშენებაზე-პროექტი „დანერგე მომავალი“, შეღავათიანი აგროკრედიტი,პროგრამა „აწარმოე საქართელოში“.
- საერთაშორისო დონორების მხარდაჭერა;
- ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება(DCFTA).[9]
ადგილობრივი კენკრის გასაღების უმთავრესი ბაზარია -რუსეთი. ასევე, საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალშია-არაბეთის გაერთიანებული საემიროები, კატარი, სომხეთი და ლიბანი.
კენკრის სახეობებს შორის საქართველოში მოყვანილი მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია . 2019 წლის პირველ ორ კვარტალში,კენკრის მთლიანი ექსპორტის 90%-ს მოცვი შეადგენდა.მაგრამ უნდა აღინიშნოს ,რომ 2019 წელს ყველაზე დიდი ზრდა მარწყვის ექსპორტმა აჩვენა,7თვის განმავლობაში ქვეყნიდან 147,1 ტონა მარწყვი გავიდა ,რაც 2018 წელთან შედარებით 217%-ით მეტია.[6]
2020 წელს საქართველომ ექსპორტზე ჯამში 3.8 მლნ დოლარის მოცვი გაიტანა. ექსპორტის უდიდესი წილი -95% რუსეთზე მოდის.12 ტონა გავიდა პოლონეთში,6-8 ტონა, კი სომხეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და უკრაინაში.[7]
ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია “ეფკო“ 2020 წელს 60 ტონა მოცვის გერმანიაში, პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში გატანას გეგმავდა, მაგრამ COVID-19-ის პანდეემის გამო კომპანიამ ვერ მოახერხა ევროკავშირში ექსპორტირებისთვის საჭირო სერთიფიკატის აღება.[8]
თუკი არ იქნება ამინდის სერიოზული ანომალიები,უკვე 2021 წელს საქართველოში მოცვის მოსავალმა 1300-1500 ტონა უნდა შეადგინოს. ეს ნიშნავს, რომ 2021 წელს, საქართველო შეძლებს მოცვის ექსპორტიორი 25 უმსხვილესი ქვეყნის სიაში შევიდეს. EastFruit-ის პროგნოზით 2023 წლისთვის მოცვის ექსპორტმა შესაძლოა 5000 ტონა შეადგინოს.[7]
ასევე იგეგმება მაყვლის ცუკატების წარმოება და მათი ექსპორტზე გატანა. სატესტოდ მცირე რაოდენობის წარმოება იგეგმება, რომელსაც კენკრის მწარმოებელთა ასოციაცია გალფის ქვეყნების წარმომადგენლებს წარუდგენს.
კენკრის ბაზარზე არსებული პრობლემები
კვლავ ძალიან მცირეა ევროკავშირის ბაზარზე ქართული კენკრის ექსპორტი. ბაზრის ანალიზი აჩვენებს, რომ ადგილობრივი კენკრის მწარმოებლები ღირებულების ჯაჭვის ყველა ეტაპზე დიდი გამოწვევების წინაშე დგანან. მიუხედავად იმისა , რომ მთავრობა მათ ბაღების გაშენებისთვის სუბსიდიას აძლევს , შემდეგ ეტაპზე შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღარ უზრუნველყოფს. სათანადოდ არ მუშაობს სარწყავი სისტემები, რომლებიც კენკრისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.მიუხედავად იმისა, რომ „დანერგე მომავალი“ მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ პროექტად მიიჩნევა, მთავრობას კენკრის სექტორის განვითარების სტრატეგია მკაფიოდ ჩამოყალიბებული არ აქვს .
სოფლის მეურნეობის სფეროში სირთულეს ქმნის ინტელექტუალური რესურსების ნაკლებობა.ქვეყანა გამოცდილი აგრონომების ნაკლებობას განიცდის .სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ რეგიონებში გახსნილი საკონსულტაციო ცენტრების მიერ მიწოდებული მომსახურების ხარისხი არ არის მაღალი .შედეგად, ადგილობრივ მწარმოებლებს საკუთარ შეცდომებზე სწავლა უხდებათ , რაც საბოლლოდ ძალიან ძვირი უჯდებათ.
კენკრის მწარმოებლებს პრობლემას ისიც უქმნის, რომ არსებული ლაბორატორიები პროდუქტის სრულყოფილი ანალიზის ჩატარებას ვერ უზრუნველყოფენ. ამის გამო, ფერმერებს არ შეუძლიათ, პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ უცხოელ დამკვეთებს. თუ მწარმოებელს საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანა სურს , ნიმუშები დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლაბორატორიაში უნდა გაგზავნოს, რაც რა თქმა უნდა, დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და ფერმერებისთვის ხელმიუწვდომელია .
ქვეყანაში არსებული კენკრის ბაღების უმეტესი ნაწილი არ არის სერთიფიცირებული.ამის გამო არ არსებობს ინფორმაცია ნერგების, ასევე იმ პესტიციდების შესახებ ,რომლებიც წარმოებაში გამოიყენება.
ფერმერები და დისტრიბუტორები ,ვისაც კენკრის ექსპორტის სურვილი აქვთ, სტაციონალური და მობილური მაცივრების ნაკლებობას განიცდიან. საქართელოში მოყვანილი მოცვის მოსავლის 80% ე.წ. „ფრეშ მარკეტზე“ ხვდება, ხოლო დანარჩენი 20%-ის გაყინვა ხდება. მარწყვის, ჟოლოს და მაყვლის შემთხვევაში 60% ცოცხალი სახით ადგილობრივ ბაზარზე იყიდება ,ხოლო დარჩენილი 40% გაყინული სახით გადის ბაზარზე ან მისი ჯემის, ჩირისა და წვენის სახით გადამუშავება ხდება.[9]
ამის გარდა, შესაფუთი მასალები, რასაც საერთაშორისო ბაზრები მოითხოვენ, ქვეყანაში არ იწარმოება.მწარმოებლები იძულებულები არიან, იმპორტირებული მასალები შეიძინონ, რაც პროდუქციას კიდევ უფრო აძვირებს.
პრობლემათა მთელი ჯაჭვი იქმნება კენკრის საჰაერო გადაზიდვის დროსაც.ადგილობრივ დისტრიბუტორებს კენკრის ტრანსპორტირება სამგზავრო თვითმფრინავით უწევთ ,რაც ერთის მხრივ- ძალიან ძვირია, მეორეს მხრივ -ტვირთის მოცულობა შეზღუდულია.
კენკრის მწარმოებლებისთვის ასევე ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დაბალი კვალიფიკაციის სამუშაო ძალა. მუშები დაბალი კვალიფიკაციის გამო, ვერ იცავენ სათანადო წესებს და ვერ ახერხებენ კენკრის დაზიანების გარეშე მოკრეფას,რაც ხარისხზე უარყოფით გავლენას ახდენს.მუშების დაქირავება ძვირი ჯდება,რაც სეზონის პიკზე, როცა კენკრის ფასი ბაზარზე დაბალია,მათ მოგებას მინიმუმამდე ამცირებს.
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აგრარული სექტორის განვითარების და მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობისათვის საჭიროა, სწორი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება. რის შედეგადაც, არამარტო კენკრა, არამედ ისეთი პროდუქტები, როგორებიცა: ღვინო, თხილი, ჩაი, აგრეთვე მეფუტკრეობის პროდუქტები და ცხვარი შეძლებენ მოიპოვონ საკუთარი ნიშა მსოფლიო ბაზარზე.
გამოყენებული ლიტერატურა
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდი: https://www.geostat.ge/ka
- ეკონომიკური პოლიტიკა, წიგნი II, ი.გოგორიშვილისა და რ.გველესიანის ავტორობით;
- საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდი: https://mepa.gov.ge/
- https://matsne.gov.ge/ka/document/view/32998?publication=18
- http://enpard.ge/ge/
- http://eugeorgia.info/ka/article/806/ra-problemebi-aqvs-kenkris-seqtors-saqartveloshi/
- https://www.business-partner.ge/soflis-meurneoba/2021-tsels-sakartvelo-motsvis-25-umskhviles-eksportiors-shoris-ikneba?fbclid=IwAR0zP2jGhVpnulxaXNVFm_BWHWkPXXxVnG-GN5udGazdXwiOzq3lgkWIzxs
- https://bm.ge/ka/article/ratom-ver-gavida-wels-lurji-mocvi-eqsportze-evropashi—efko/66045
- http://eugeorgia.info/ka/latestarticle/444/2021-wlistvis-kenkris-fartobebi-saqartveloshi-1000-heqtars-miagwevs-/?fbclid=IwAR1SzSdqFnTOLiUE17hj13lxjM5-SfdIxIpuzOKlY_08sKHbUWUN82wHrEI