ახალგაზრდების დასაქმება და მისი გამოწვევები საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია

მარიამ პაიკიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
Paikidzemari2000@gmail.com

ანოტაცია

დასაქმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური კატეგორია და სოციალურ-ეკონომიკური მოვლენაა. ის უშუალოდ დაკავშირებულია ადამიანებთან, მათ შრომით საქმიანობასთან, მატერიალური და სულიერი დოვლათის შექმნასთან. ახალგაზრდების დასაქმება მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემაა და 21-ე საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. სტატიაში განხილულია ახალგაზრდების დასაქმების და მასთან არსებული პროცესების სირთულეები და გამოწვევები. აგრეთვე, განვიხილავ საქართველოს მაგალითზე ახალგაზრდების დასაქმების დღევანდელ მდგომარეობას და შევეცდები ჩამოვაყალიბო მისი განვითარების შესაძლებლობები.

Annotation

Employment is one of the important economic categories and socio-economic events. It is directly related to people, their labor activities, the creation of material and spiritual wealth. Youth employment is an acute socio-economic problem and one of the most important challenges of the 21st century. The article discusses the difficulties and challenges of youth employment and its processes. I will also discuss the current state of youth employment on the example of Georgia and try to outline its development opportunities.

ახალგაზრდების დასაქმება და მასთან დაკავშირებული პრობლემები

ახალგაზრდების დასაქმება განსაკუთრებულ დახმარებასა და ხელშეწყობას მოითხოვს. იგი მოსახლეობის სხვა სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფებისგან გამოირჩევა ჯანმრთელობით, განათლების მაღალი დონით, პროფესიული მომზადებით, მობილობით, სამუშაოსადმი წაყენებული მაღალი მოთხოვნებით და ა.შ. ყველა ეს ფაქტორი განსაზღვრავს მათ ქცევას შრომის ბაზარზე.

ახალგაზრდების დასაქმების პრობლემების გადაწყვეტა განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს, ვინაიდან იგი გვევლინება საზოგადოების ყველაზე მობილურ, აქტიურ და ამავე დროს ფეთქებად საშიშ ელემენტად, რომელიც მძაფრად რეაგირებს სოციალურ უსამართლობაზე და ადვილად ერთვება კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში.

ახალგაზრდების უმუშევრობა აღიარებულია ყველაზე მწვავე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემად და აქტუალურ გამოწვევად. სწორედ ის გვევლინება ქვეყნებში სიღარიბის განმაპირობებელ მთავარ ფაქტორად. [1]

უმუშევრების რიგებში ახალგაზრდებს დომინანტური წილი უკავიათ, რის გამოც იზრდება სოციალური რისკები, საფრთხე ექმნება ქვეყნის მომავალს. აგრეთვე უფასურდება ადამიანური კაპიტალი, რომლის განვითარებაც ინვესტირებულია სახელმწიფოს ან ოჯახის მიერ. საზოგადოება კარგავს ეკონომიკურ დოვლათს, რომლის მიღებაც შესაძლებელი იქნებოდა ახალგაზრდების ინტელექტურალური პოტენციალის ეფექტიანი გამოყენებით.

ახალგაზრდობა შრომითი რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილია. მათი რიცხოვნობა განსაზღვრავს ახალგაზრდების, როგორც სოციალურ – დემოგრაფიული ჯგუფის, დასაქმებას. ამ ფაქტორებს განეკუთვნება აგრეთვე ახალგაზრდობის წილი შრომისუნარიან მოსახლეობაში და სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა. [1]

ახალგაზრდობა ქვეყნის შრომითი პოტენციალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული რესურსია. ახალგაზრდების წილი მოსახლეობაში შესამჩნევად ცვლის არა მხოლოდ მის სქესობრივ-ასაკობრივ სტრუქტურას, არამედ შრომითი პოტენციალის პროფესიულ-კვალიფიციურ შემადგენლობას.

ახალგაზრდების დასაქმებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკური ფაქტორები. ეკონომიკური განვითარების ტემპი, ინვესტიციური და ინოვაციური აქტიურობა საგრძნობლად ცვლის ახალგაზრდობის სამუშაო ძალაზე მოთხოვნას.

მნიშვნელოვანია ასევე განათლების საკითხი. ახალგაზრდების უმრავლესობას აქვს მიღებული სერიოზული განათლება, ისინი მომზადებულნი არიან ინტელექტუალური საქმიანობისთვის და დიდი მოთხოვნებიც აქვთ სამუშაოს ხასიათის, შრომის პირობებისა და ანაზღაურების მიმართ. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთის დამახასიათებელია მკვეთრი დისბალანსი უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტთა მიწოდებასა და მათზე მოთხოვნას შორის.

ახალგაზრდობის დასაქმების პრობლემები ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. აღნიშნული პრობლემის მოგვარება იძლევა ქვეყნის შრომითი პოტენციალის ოპტიმალური გამოყენების შესაძლებლობას და მიმართულია ხარისხობრივად ისეთი შრომის ბაზრის ფორმირებისკენ, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს და საბაზრო ეკონომიკის ყველა სუბიექტის ინტერესებს.

ახალგაზრდების ეკონომიკური აქტივობის, შრომის ეფექტიანობის შემცირების და დასაქმების დაქვეითების არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია – უმუშევრობა. ახალგაზრდობის უმუშევრობის მაღალი დონის გამო მისი მნიშვნელოვანი ნაწილი იძულებულია, შრომითი საქმიანობა დაიწყოს არა იმ სფეროში, რომელიც მიღებულ განათლებას და კვალიფიკაციას შეესაბამება, არამედ იქ, სადაც შოულობს სამუშაოს, მათ შორის, ეკონომიკის ჩრდილოვან სექტორშიც.

ახალგაზრდობის მასობრივი უმუშევრობა საზოგადოების დეგრადაციას იწვევს. იგი წარმოშობს სიღარიბეს, ახალგაზრდებში ფსიქოლოგიურ სტრესს, საკუთარი შესაძლებლობის ურწმუნოებას, პიროვნების დეგრადაციას. ასევე ხელს უწყობს დანაშაულთა ზრდას, ოჯახის რღვევას და სხვა არასასურველ მოვლენას. [1]

ახალგაზრდების თვითდამკვიდრებისა და თვითრეალიზაციის საუკეთესო საშუალებაა მათი დასაქმება მიღებული განათლებისა და სპეციალობის შესაბამისად. ახალგაზრდების დასაქმება უნდა განხორციელდეს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველზე, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს სპეციალური ღონისძიებების სისტემის შემუშავებას, რომლითაც ახალგაზრდას საშუალება მიეცემა პრაქტიკულად გამოავლინოს მიღებული ცოდნა, განიმტკიცოს შრომითი უნარ-ჩვევები, აიმაღლოს კვალიფიკაციის დონე და დაიმკვიდროს სოციალური სტატუსი საზოგადოებაში.

ახალგაზრდების დასაქმება საქართველოში და მისი სრულყოფის შესაძლებლობები

საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების, ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და ინტეგრაციის პირობებში, განსაკუთრებული სიმწვავით წარმოჩინდა ზოგადად დასაქმების და კერძოდ, ახალგაზრდობის დასაქმების პრობლემები.  სახელმწიფო ახალგაზრდობას განიხილავს, როგორც აქტიურ საზოგადოებრივ ძალას და სტრატეგიულ ადამიანურ რესურსს.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოში უმუშევართა დიდ ნაწილს სწორედ ახალგაზრდები წარმოადგენენ. ახალგაზრდები, რომლებიც მომავალ თაობად გვევლინებიან და რომელთა ხელშიც ჩვენი ქვეყნის მომავალია. ახალგაზრდების უმეტესობას 18-24 წლამდე სტუდენტები წარმოადგენენ. ამ ასაკის უმუშევართა რაოდენობა კი საკმაოდ დიდია, რადგან მათ არ აქვთ საკმარისი პროფესიული მომზადება და ისინი ბევრად გამოუცდელები არიან, ვიდრე შედარებით უფროსი ასაკის (24-29) მოსახლეობა. ასევე სტუდენტები ცდილობენ მუშაობის დაწყებას სწავლის პარალელურად და ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ სათანადო განათლების მიღებას, რადგანაც სამუშაო განაკვეთი საკმაოდ დიდია და უმეტესად სტუდენტებს დამსაქმებლისგან ხელშეწყობა არ აქვთ.

უამრავი ახალგაზრდა მიდის ქვეყნიდან, რადგან სამსახურს ვერ შოულობს საკუთარ ქვეყანაში, მაშინ, როდესაც ყველა ასაკობრივ ჯგუფში 15-29 წლამდე დასაქმების სურვილი ყველაზე მაღალია. სამუშაო ადგილების არქონას, ის პრობლემაც ემატება, რომ დამსაქმებელი ითხოვს ხშირ შემთხვევაში გამოცდილ და კვალიფიციურ კადრს. სწორედ ამიტომ საკმაოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის პროგრამების ჩამოყალიბებას.

შრომის ბაზარზე არის ვაკანსიები, მაგრამ ქვეყანაში არსებული სამუშაო ძალის კვალიფიკაცია არ შეესაბამება არსებულ მოთხოვნებს. აგრეთვე, ხშირია შემთხვევა, როდესაც კურსდამთავრებული, თავისი პროფესიის დამადასტურებელი დიპლომის მიუხედავად, ვერ აკმაყოფილებს დამსაქმებლის მოთხოვნებს.[2]

უმუშევართა წილი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხვში გაიზარდა ახალგაზრდების უმცროს ასაკობრივ ჯგუფში, რაც მოწმობს შრომის ბაზრის მაღალ მოთხოვნებს სამუშაო ძალის ხარისხის მიმართ, ასევე მათ სწრაფვას მაღალანაზღაურებადი სამუშაოსადმი.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების უმუშევრობა მაღალია, მნიშვნელოვნად განსხვავდება უმუშევართა ხვედრითი წილი ასაკობრივ ჭრილში.[2]

დიაგრამა 1: უმუშევრობის დონე ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, 2019 წელი,%

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba

საქართველოში უმუშევრობის დონე წლების განმავლობაში მაღალი, განსაკუთრებით 15-29 წლის ახალგაზრდებს შორის. ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის დონე თითქმის ორჯერ უფრო მაღალია მოსახლეობის დანარჩენ ნაწილთან შედარებით და 27,8%-ს შეადგენს. გარდამავალ პერიოდში, რასაც თან ახლდა სისტემური კრიზისი ეკონომიკაში და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ნაკლებ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდების დასაქმების პრობლემას. გარკვეულწილად, აღნიშნული პრობლემის არასათანადოდ გაცნობიერებამაც განაპირობა ახალგაზრდების უმუშევრობის მაღალი დონე. [5]

განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ახალგაზრდების მდგომარეობა შრომის ბაზარზე, რომელთაც უმაღლესი განათლება მიიღეს. ერთ-ერთ განსაკუთრებულ სოციალურ ჯგუფს სწორედ უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულები წარმოადგენენ.  და, როგორც აღვნიშნე, მოსახლეობის ამ კატეგორიას მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, მომზადებულია ინტელექტუალური საქმიანობისთვის  და დიდი მოთხოვნებიც აქვს სამუშაოს ხასიათის, შრომის პირობების და ანაზღაურების მიმართ, ამიტომ, ბუნებრივია, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის რეალობიდან გამომდინარე, რასაც თან ახლავს გაჭიანურებული ეკონომიკური კრიზისი. განსაკუთრებული სიმწვავით გამოიკვეთა ახალგაზრდობის დასაქმების პრობლემები. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ქვეყანაში არ არსებობს საბაზრო რეალობის შესაბამისად ახალგაზრდობის დასაქმების რეგულირების გამოცდილება. ქვეყანამ მემკვიდრეობით მიიღო ახალგაზრდა სპეციალისტების ცენტრალიზებული განაწილების სისტემა. ეს სისტემა ათეულების მანძილზე მოქმედებდა და ვრცელდებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულისათვის.[2]

სპეციალისტთა განაწილების ძველი სისტემა ეყრდნობოდა სახელმწიფო ორგანიზაციებს შორის არსებულ კონტაქტებს და ამის საფუძველზე აწვდიდა განაცხადს უმაღლეს სასწავლებლებს, გარკვეული პროფილის სპეციალისტების მომზადებაზე. თუმცა, განათლების სისტემა ერთგვარად მოწყვეტილი იყო წარმოებას, ამიტომ კურსდამთავრებულს 3 წლის განმავლობაში ე.წ. სავალდებულო განაწილებით საწარმოო პროცესთან რეალური ადაპტირების შესაძლებლობა ეძლეოდა, რათა საკუთარი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი გამოემუშავებინა.

ასეთი მიდგომით ახალი კურსდამთავრებულები გარანტირებული იყვნენ სამუშაო ადგილებით, ამასთან 2-3 წელი ის პერიოდია, როცა ადამიანი ეგუება შრომით კოლექტივს და გადის ადაპტაციის ყველა ეტაპს, იძენს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და ფაქტობრივად კოლექტივის სრულფასოვან წევრად ყალიბდება.

უკვე 10 წელზე მეტია უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტების მომზადება ქაოსურად, ყოველგვარი დაგეგმვისა და დასაბუთების გარეშე მიმდინარეობს. მაშინ როდესაც უკანასკნელ წლებში ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებებიდან გამომდინარე, სპეციალისტებზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირებულია.

უნდა აღინიშნოს კადრების ცენტრალიზებული განაწილების უარყოფითი მხარეებიც, რაც იმაში გამოიხატება, რომ ადმინისტრაციულ-მბრძანებლური ეკონომიკის პირობებში, ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საწარმოთა მხრიდან გადაჭარბებულ საკადრო შეკვეთებს, რაც იწვევდა სახელფასო ფონდის მკვეთრ შემცირებას. საბოლოო ჯამში, უმაღლეს დამთავრებულთა შრომითი მოწყობის ეს სისტემა მაინც არაეფექტიანად მუშაობდა.[2]

ახალგაზრდების დასაქმების სფეროში არსებული კრიზისული მდგომარეობის და მაღალი უმუშევროვის დაძლევა, სახელმწიფოს მხრიდან მასშტაბურ და გონივრულ ჩარევას მოითხოვს. სამომავლო პერსპექტივებისთვის საჭიროა გატარდეს ახალგაზრდების ეფექტიანი და მოქნილი დასაქმების აქტიური პოლიტიკა, რომლის რეალიზაციას შესაფერისი ეკონომიკური და სამართლებრივი გარემო ესაჭიროება.

ახალგაზრდების დასაქმების რეგულირებაში მნიშვნელოვანია რამდენიმე ასპექტი:

  • შრომის ბაზრის კონიუნქტურის შესწავლა და პროგნოზირება
  • სამუშაო ძალის ფორმირების განაწილებისა და გადანაწილების პროგნოზირება
  • სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ცვლილებების ტენდენციების პროგნოზირება
  • შრომის ბაზრის სტრუქტურის ცვლილების ანალიზი და პროგნოზი
  • დასაქმების დინამიკის შესწავლა
  • სამუშაო ადგილების სტრუქტურის და მათი ხარისხობრივი მახასიათებლების ანალიზი
  • პროფორიენტაციის მიზნით ჩატარებული სამუშაოების ანალიზი
  • დასაქმების სფეროში სოციალურ პარტრნიორებს შორის საქმიანი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა

ასევე, აუცილებელია, სამუშაოს მაძიებელთა მომავლის პროფესიათა უნარების დაუფლებაზე ორიენტირებული პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ორგანიზება.

ქვეყნის ინოვაციური განვითარების დაჩქარებისა და, ამდენად, მისი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის, უნდა შემუშავდეს და რეალიზებულ იქნეს დასაქმების სტრატეგია, რომელშიც კომპლექსურად იქნება წარმოდგენილი ახალგაზრდების დასაქმების, მათი შრომის ბაზარზე მორგებული კვალიფიკაციისა და უნარების, შრომით პროცესში უმტკივნეულოდ ჩართვის ღონისძიებები.[3]

ახალგაზრდებში არსებული უმუშევრობის მაღალი დონის გადალახვისათვის საჭიროა სახელმწიფო დონეზე  შემუშავდეს სპეციალური ადაპტაციის პროგრამები, რაც ახალგაზრდებს დაეხმარება სოციალურ-შრომითი ურთიერთობების ადეკვატურ აღქმასა და შრომის ბაზარზე ინტეგრაციის სირთულეების გადალახვის უნარების გამომუშავებაში. ასევე მიზანშეწონილია ისეთი ღონისძიებების შემუშავება და გატარება, როგორიცაა საჯარო დასაქმების პროგრამები, ხელფასებისა და ტრენინგის სუბსიდიები და ახალგაზრდობის დასაქმების სხვა ღონისძიებები.

ახალგაზრდა სპეციალისტთა მხარდაჭერისა და მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნის მიზნით, მიზანშეწონილად მიმაჩნია განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

1) მთავრობის მიერ ახალგაზრდების დასაქმების პოლიტიკისა და დასაქმების პროგრამების შემუშავების პროცესში ბიზნეს სუბიექტების ჩართულობის სტიმულირება და მოტივაციის გაზრდა, შეღავათიანი საგადასახადო პოლიტიკის გატარება და სახელმწიფოს მიერ კომპანიისათვის გრძელვადიანი და შეღავათიანი სესხების გაცემის სისტემების დანერგვა იმ დამსაქმებლებისთვის, რომლებიც დაასაქმებენ 15-29 წლის ახალგაზრდა სპეციალისტებს.

2) ახალგაზრდებში სამეწარმეო საქმიანობისა და ,,მომავალი დამსაქმებლის” უნარ-ჩვევების განვითარება. ამ მიმართულებით, მეტად აქტუალურია ბიზნეს-ინკუბატორის ორგანიზება სამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფართო ჩართულობით.

3) შრომის ბაზარზე ახალგაზრდა სპეციალისტთა კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, აუცილებელია ახალგაზრდების პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ორგანიზება[3]

ბოლოს, გარანტირებული სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, სახელმწიფო უნდა უზრუნველყოს პრიორიტეტული პროფესიების ჩამონათვალის შემუშავება-დამტკიცება საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე. [2]

დასაქმების ხელშეწყობასთან ერთად, რაც ახალგაზრდების მატერიალურ სტიმულირებას უზრუნველყოფს, არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და საზოგადოებრივ რეაბლიტიაციას.

დასკვნა

ამ ნაშრომმა ნათლად დაგვანახა ის, რომ უმუშევრობა ერთ-ერთი სერიოზული და უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია  ახალგაზრდების უმუშევრობა, რადგან სწორედ მათ ხელშია ქვეყნის მომავალი.

როგორც აღვნიშნე, ახალგაზრდების უდიდეს ნაწილს სტუდენტები წარმოადგენენ, რომელთა უმრავლესობას სხვადასხვა სახის პრობლემები ექმნება, იქიდან გამომდინარე, რომ სამსახურსა და სასწავლებელს ვერ უთავსებენ ერთმანეთს. სტუდენტები შეგვიძლია სოციალურად დაუცველ ჯგუფს მივაკუთვნოთ, რადგანაც მათ არ აქვთ საქმარისი პროფესიონალიზმი. ამ პრობლემების აღმოფხვრისათვის საჭიროა სახელმწიფოს აქტიური ჩარევა შრომის ბაზარზე და ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია კადრების სტაჟირების ხელშეწყობა.

საკმაოდ მნიშვნელოვანია, აგრეთვე, დამსაქმებლის მხრიდან არაკვალიფიციურ დასაქმებულს მისცეს კარიერულად განვითარების შესაძლებლობა. ამაში კი, ჩემი აზრით, დიდ როლს თამაშობს, თუნდაც გამოუცდელი სტუდენტის სამსახურში აყვანა.

ვფიქრობ, ასევე საკმაოდ დადებით შედეგს გამოიღებს სახელმწიფოს მხრიდან შრომის ბაზრის კვლევის ჩატარება. ამით შეძლებს გაიგოს თუ რა პრობლემების წინაშე დგას შრომის ბაზარი და შეეცდება ამ პრობლემების აღმოფხვრას.

ნაშრომიდან ასევე კარგად იკვეთება ის ფაქტი, რომ უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტებსაც კი არ ეძლევათ  პროფესიის შესაბამის სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა. ამით  კიდევ ერთ პრობლემას ესმევა ხაზი, რაც არანაკლებ საყურადღებოა.

ამრიგად, ვხედავთ, რომ ახალგაზრდების დასაქმება, მართლაც, დიდი გამოწვევების წინაშე დგას, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც. არაეფექტიანი დასაქმების პოლიტიკა, არახელსაყრელი პირობები და რიგი სხვა მიზეზი ხელს უწყობს ახალგაზრდების უმუშევრობის ზრდას. ეს ნეგატიურად აისახება მათზე, ვის ხელშიც ჩვენი ქვეყნის მომავალია. ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად იზრუნოს ჩვენს მომავალზე და ახალგაზრდებს შეუქმნას ისეთი პირობები, რომ მათ არ მოუწიოს წასვლა საზღვარგარეთ და დასაქმება ჩრდილოვან სექტორებში. ისეთი პირობები, რომ მათ ჰქონდეთ მიღებული განათლების შესაბამისი სამსახური და უზრუნველყოფილნი იყონ ღირსეული შემოსავლით.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. „დასაქმება და შრომის ბაზრის რეგულირება“ (მ.ცარციძე; 2017; თსუ; თბილისი)
  2. https://openscience.ge/bitstream/1/925/1/samagistro%20lashkhi%20ana.pdf
  3. https://dspace.tsu.ge/bitstream/handle/123456789/538/Youth%20unemployment%20in%20Georgia%20and%20the%20ways%20for%20its%20reduction.pdf?sequence=1&isAllowed=y
  4. https://www.geostat.ge/ka
  5. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba