უმუშევრობა, როგორც სოციალურ-ეკონომიკური პარაზიტი
ავტორის სტილი დაცულია
ნიკოლოზ ძაგანიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის IV კურსის სტუდენტი
Mr.dzaganishvili@gmail.com
ანოტაცია
მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უმუშევრობით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური შედეგები განიხილება ისეთ მნიშვნელოვან გლობალურ პრობლემებთან ერთად, როგორიცაა სიღარიბე და სოციალური სტაბილურობა. უმუშევრობა გვევლინება ქვეყნებში სიღარიბისა და კრიმინალის ზრდის განმაპირობებელ მთავარ ფაქტორად. ის ზრდის სოციალურ რისკებს, აფერხებს ეკონომიკურ ციკლებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს. სტატიაში განხილულია უმუშევრობის არსი, სახეები და წარმოქმნის მიზეზები. ასევე, ვისაუბრებ უმუშევრობის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე და დაწვრილებით განვიხილავ საქართველოს მაგალითს.
Annotation
The social and economic consequences of unemployment in any country of the world are considered in conjunction with important global problem such as poverty and social stability. Unemployment is a major factor in the growth of poverty and crime in countries. It increases social risks, disrupts economic cycles and threatens the country’s future. The article discusses the essence, types and causes of unemployment. I will also talk about the socio-economic consequences of unemployment and discuss the example of Georgia in detail.
უმუშევრობის არსი და სახეები
უმუშევრობა საბაზრო ეკონომიკის თანხმლები სოციალურ-ეკონომიკური მოვლენაა. უმუშევრობის პირობებში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ნაწილი ვერ იყენებს თავის სამუშაო ძალას. შრომის ბაზარზე დარღვეულია მოთხოვნასა და მიწოდებას შორის შესაბამისობა. სწორედ ამიტომ, სამუშაო ძალის მიწოდება აღემატება მასზე მოთხოვნას. მოთხოვნა-მიწოდებას შორის შეუსაბამობა შეიძლება არსებობდეს როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით. [1]
უმუშევრობა საბაზრო ეკონომიკის განუყოფელი მოვლენაა, რაც იმით აიხსნება, რომ დინამიკურ საზოგადოებას ესაჭიროება სივრცე შრომის ბაზარზე. ასეთ სივრცედ ეკონომისტები მიიჩნევდნენ სამუშაო ძალის სიჭარბეს და მიუთითებდნენ, რომ მისი გარკვეული დონით არსებობოა სრულიად დასაშვებია სრული დასაქმების პირობებში. ამდენად, უმუშევრობის გარკვეული დონის არსებობა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის გარდაუვალ თვისებას წარმოადგენს.
უმუშევრობა, როგორც სოციალურ-ეკონომიკური მოვლენა ახასიათებს იმ დაუსაქმებელ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც შრომის ბაზარზე წონასწორობის მუდმივი რყევის შედეგად, მოკლებულნი არიან მუშაობის შესაძლებლობებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებიდან გამომდინარე, ადამიანი უმუშევრად რომ ჩაითვალოს უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა მოთხოვნას:
- იყოს „სამუშაოს გარეშე“ ე. ი. არ გააჩნდეს ანაზღაურებად სამუშაო გარკვეული დროის განმავლობაში;
- „მზად იყოს მოცემულ მომენტში მუშაობისათვის“ ე. ი. მზად იყოს იმუშაოს დაქირავებით ან თვითონ დასაქმდეს;
- „ეძებდეს სამუშაოს“ ე. ი. კონკურენტულ ღონისძიებებს ახორციელებდეს ანაზღაურებადი სამუშაოს მოსაძებნად. [1]
გამოყოფენ უმუშევრობის შემდეგ ძირითად სახეებს ესენია: ფრიქციული, სტრუქტურული და ციკლური იმუშევრობა, განვიხილოთ თითოეული მათგანი:
ფრიქციული უმუშევრობა – ესაა მოკლევადიანი უმუშევრობა, რომელიც წარმოიშობა მომუშავის ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეზე გადასვლისას, როცა იგი „ორ სამუშაოს“ შორის მდგომარეობაში იმყოფება. მას მიეკუთვნება აგრეთვე შრომისუნარიანი მოსახლეობის დროებითი დაუსაქმებლობა, როდესაც მომუშავე პირველად გადის შრომის ბაზარზე ან უბრუნდება მას. რამ შეიძლება გამოიწვიოს ფრიქციული უმუშევრობა? არის რამდენიმე მიზეზი: შრომის ბაზრისათვის დამახასიათებელი დინამიკურობა, ინფორმაციული ნაკადების არასრულფასოვნება, რაშიც იგულისხმება ის, რომ ხშირად ინფორმაცია ვაკანტური ადგილების შესახებ მომენტალურად ვერ ფასდება, სწორედ ამიტომ დაუსაქმებელი პირები და დამქირავებლები მაშინვე ვერ პოულობენ ერთმანეთს.
სტრუქტურული უმუშევრობა – ესაა დროში უფრო მეტ ხანს გაწელილი პროცესი, რომელიც განპირობებულია სამუშაო ადგილებისა და მომუშავეთა პროფესიულ-კვალიფიციურ სტრუქტურაში არსებული განსხვავებით. სტრუქტურული უმუშევრობის ძირითადი მიზეზი ეკონომიკაში არის მიმდინარე სტრუქტურული ძვრები. წარმოების სტრუქტურის ცვლილება ცალკეული დარგებისა და სფეროებს შორის თანაფარდობის ცვლილებაში აისახება. არის დარგები სადაც ჩნდება სწრაფი განვითარების პერსპექტივები, იზრდება მოთხოვნა მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე, რასაც თან სდევს ინვესტიციების მოცულობის გადიდება და დასაქმების დონის ამაღლება. თუმცა ზოგიერთი დარგი უკვე ვეღარ ახორციელებს კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას, სწორედ ამიტომ ასეთი დარგები იძულებულები ხდებიან შეამცირონ წარმოების მასშტაბები და დასაქმების დონე, რაც იწვევს მომუშავეთა გამოთავისუფლებას და უმუშევართა რიგების ზრდას.
ციკლური უმუშევრობა – გამოწვეულია ეკონომიკური ციკლის იმ სტადიით, რომელიც ხასიათდება ერთობლივი დანახარჯების დაბალი დონით, როცა საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა მცირდება, მნიშვნელოვნად ეცემა წარმოების და დასაქმების დონე, იზრდება მომუშავეების გამოთავისუფლების მასშტაბები, შესაბამისად უმუშევრობის დონე მკვეთრად იზრდება. ასეთ უმუშევრობას ციკლური უმუშევრობა ეწოდება. ციკლური უმუშევრობის მასშტაბების ზრდა მეტად უარყოფითი მოვლენაა, რომელიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სოციალურ დანაკარგებს იწვევს საზოგადოებაში. ციკლური უმუშევრობის ზრდის თავიდან აცილება ნებისმიერი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. [1]
უმუშევრობის მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ აღსანიშნავია უმუშევრობის 2 სახე: ესაა კლასიკური, ანუ სტრუქტურული უმუშევრობა და კეინზიანური, ანუ კონიუნქტურული უმუშევრობა. [2]
კლასიკური უმუშევრობა წარმოიქმნება მოქმედი მინიმალური ფასის შედეგად. განვიხილოთ ნახაზი 1:
ნახაზი 1: კლასიკური (სტრუქტურული) უმუშევრობის წარმოშობა და მასთან ბრძოლა
წყარო: „ეკონომიკური პოლიტიკა“ (რ.კლუმპი; 2015; თსუ)
ნახაზიდან ჩანს, რომ რეალური ხელფასი W/P1, რომელიც წონასწორულ ხელფასს W/P0 – ს აღემატება, იწვევს ბაზარზე წონასწორობის დარღვევას. შესაბამისად, შიდა მეურნეობის მხრიდან შრომის მიწოდებასთან შედარებით, მეწარმეების მოთხოვნა დასაქმებაზე მცირდება. უმუშევრობის დონე შეადგენს N2-N1.
კლასიკური უმუშევრობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა რეალური ხელფასის შემცირება, რომელიც შრომის ბაზარზე არსებულ წონასწორობასთან შედარებით, მეტისმეტად მაღალია. აგრეთვე კლასიკური უმუშევრობის დაძლევა შესაძლებელია მუდმივი ნომინალური ხელფასის დროს ფასების დონის ზრდით ან ღონისძიებებით, რომელთა შედეგადაც მოხდება შრომის მოთხოვნის მრუდის გადაადგილება. [2]
კეინზიანური უმუშევრობის მიზეზს ერთობლივი მოთხოვნის სიმცირე წარმოადგენს. განვიხილოთ ნახაზი 2:
ნახაზი 2: კეინზიანური უმუშევრობის წარმოშობა
წყარო: „ეკონომიკური პოლიტიკა“ (რ.კლუმპი; 2015; თსუ)
კეინზიანური უმუშევრობა წარმოიქმნება, როდესაც შრომის მოთხოვნა შეზღუდულია საქონელზე მოთხოვნის დონით. რეალური ხელფასის დონის მიუხედავად, შრომის მოთხოვნა მდებარეობს N3-თან და უმუშევრობა შეადგენს N0-N3-ს. მეწარმეები თავიანთ წარმოებას მიუსადაგებენ შემცირებულ მოთხოვნას.
კეინზიანური უმუშევრობის დაძლევა შესაძლებელია არა რეალური ხელფასის ცვლილებით, არამედ მხოლოდ ერთობლივი მოთხოვნის ზრდით. [2]
უმუშევრობის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები
უმუშევრობა მთელ მსოფლიოში განიხილება, როგორც უმწვავესი სოციალურ-ეკონომიკური მოვლენა და ფენომენი, რომელიც ნათლად ასახავს ცალკეული ქვეყნის განვითარების სპეციფიკას.
უმუშევრობას საზოგადოებისთვის მოაქვს საკმაოდ ნეგატიური სოციალური და ეკონომიკური შედეგები, რაც ადეკვატურ ასახვას პოულობს მოსახლეობის ცხოვრების დონესა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესზე. უმუშევრობით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების შეფასება, საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე, შედარებით ადვილად ხორციელდება. სოციალური შედეგები კი, რთული გასამიჯნია და ატარებს კომპლექსურ ხასიათს. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის უარყოფითი შედეგები და მისი გავლენის ხარისხი სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, სოციალური მდგომარეობის კონკრეტულ პარამეტრებზე. [1]
უმუშევრობით გამოწვეული ყველაზე დიდი ნეგატიური შედეგი გამოშვებული პროდუქციის და გაწეული მომსახურების შემცირებაა. როდესაც სამუშაოს მსურველთა უმრავლესობა ვერ პოულობს სამუშაოს, საქონლისა და მომსახურების პოტენციური წარმოება უკვალოდ იკარგება, რასაც ეკონომისტები უწოდებენ ჩამორჩენას მთლიანი შიდა პროდუქტიდან.
გაცილებით ფატალური „დარტყმა“ მოდის სოციალურ შედეგებზე. მეცნიერების ნაწილი ხაზს უსვამს უმუშევრობის დონესა და სოციალური პათოლოგიის მაჩვენებლებს შორის კავშირის არსებობას. მათი გამოკვლევებით დადასტურდა, რომ უმუშევრობის ზრდა იწვევს მასტიმულირებელ ეფექტს სოციალური პათოლოგიის მაჩვენებლების ზრდაში.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეკონომიკური დაღმავლობის პერიოდში უფრო მეტ ადამიანს აქვს მოტივი, რომ ჩაიდინოს დანაშაული. ცუდი ეკონომიკური პირობების გამო უფრო მეტი ადამიანი ჩადის დანაშაულს საკუთრების წინააღმდეგ. ამ გზით ისინი ცდილობენ მიიღონ ის, რისი შეძენის საშუალებაც მათ არ აქვთ. ეკონომიკური სიდუხჭირე იწვევს ასევე მეტ ოჯახურ და სხვა ტიპის ძალადობას.
უმუშევრობის უარყოფითი სოციალური შედეგები ვლინდება საზოგადოებისთვის ისეთ არასასურველ მოვლენებში, როგორიცაა: ქორწინების შემცირება ან განქორწინების გაზრდა. ქორწინების შემცირებას, ბუნებრივია, ოჯახებში ბავშვთა რაოდენობის შემცირება მოჰყვება, რაც უარყოფითად აისახება საერთო დემოგრაფიულ სიტუაციაზე.
უმუშევრობა თავის უარყოფით კვალს ტოვებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მოკვდაობის მიზეზებიდან მატულობს სისხლის მიმოქცევის სისტემის, საჭმლის მომნელებელი ორგანოების, სუნთქვის ორგანოების დაავადებებით გარდაცვლილთა რაოდენობა, რაც უკავშირდება არასრულფასოვან კვებას, ნერვულ დაძაბულობას, უიმედობას და სხვა არაჯანსაღ მოვლენებს, რომელიც უმუშევრობით არის გამოწვეული. [1]
მართალია უმუშევრობის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები აშკარად თვალშისაცემია და სპეციალისტების მიერ უარყოფითად ფასდება, მაგრამ, როგორც ყველა მოვლენას, უმუშევრობასაც შრომის ბაზარზე ზემოქმედების თვალსაზრისით, გარკვეული დადებითი ასპექტებიც აქვს.
აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის გარკვეული დონით არსებობა განაპირობებს:
- სამუშაო ძალის რეზერვის მუდმივ შენარჩუნებას
- კონკურენციას მომუშავეებს შორის
- შრომის მწარმოებლურობისა და ინტენსივობის სტიმულირებას
- შრომის სოციალური მნიშვნელობისა და როლის ამაღლებას საზოგადოებაში
- დასაქმებულის სოციალური სტატუსის ზრდას
- სამუშაო ადგილის არჩევანის თავისუფლებას და სხვა [1]
საბოლოოდ, უმუშევრობის უარყოფითი და დადებითი მხარეები შეიძლება შემდეგნაირად წამოვადგინოთ:
ცხრილი 1: უმუშევრობის დადებითი და უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები
ეკონომიკური შედეგები | სოციალური შედეგები | |
დადებითი | სამუშაო ძალის რეზერვის შექმნა ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნებისთვის კონკურენცია მომუშავეებს შორის, როგორც შრომის სტიმულის, უნარის გაუმჯობესების საშუალება შრომის მწარმოებლურობისა და ინტენსივობის ზრდის სტიმულირება | სამუშაო ადგილის სოციალური სტატუსის და დატვირთვის ამაღლება სამუშაო ადგილის არჩევანის თავისუფლება შრომის სოციალური მნიშვნელობისა და როლის ამაღლება |
უარყოფითი | მთლიანი სამამულო პროდუქტის დანაკარგებიწარმოების მასშტაბების შემცირება მომზადებაზე გაწეული ხარჯების არაეფექტიანობაუმუშევრებზე გაწეული შემწეობების ხარჯების ზრდა კვალიფიკაციის დაქვეითებასაგადასახადი შემოსავლების შემცირება | საზოგადოების მთავარი მწარმოებლური ძალის ფუნქციონირების ეფექტიანობის შემცირებამოსახლეობის ძირითადი ფენების ცხოვრების დონის დაქვეითება სოციალური დაძაბულობა და პოლიტიკური დესტაბილიზაცია კრიმინალური მდგომარეობის გაუარესებაშრომითი აქტივობის დაქვეითება ფიზიკური და სულიერი დაავადებების ზრდასოციალური დიფერენციაციის ზრდა |
წყარო: „დასაქმება და შრომის ბაზრის რეგულირება“ (მ.ცარციძე; თსუ; 2017)
უმუშევრობა საქართველოში
საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, უმუშევრობა „სოციალურ-ეკონომიკურ პარაზიტად“ გვევლინება. საქართველოში სიღარიბის გამომწვევი ძირითადი მიზეზი სწორედ უმუშევრობაა.
საქართველოში უმუშევრობის დონე ბოლო წლებში კლების ტენდენციით ხასიათდება.
ნახაზი 3: უმუშევრობის დონე საქართველოში, %, 2010-2019 წლები
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
უნდა აღინიშნოს, რომ ეს კლების ტენდენცია არ არის გამოწვეული უშუალოდ უმუშევრობის დაძლევითა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნით. პირველ რიგში, ეს უშუალოდ, მოსახლეობის შემცირებით არის გამოწვეული და აგრეთვე იმ გარემოებით, რომ ბევრი მოქალაქე სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდის, რის გამოც უმუშევრობის დონე ხელოვნურად მცირდება.
საქართველოს უმუშევრობის დონე და მასშტაბები განპირობებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების თავისებურებებითა და შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი ქვეყანაში 17.6% იყო, რაც წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებული შედეგია, თუმცა ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, სადაც უმშევრობის საშუალო მაჩვენებელი 6.7%-ია, თითქმის სამჯერ მაღალია. 2019 წელს, საქართველში 1.573 მილიონი ადამიანი იყო ეკონომიკურად აქტიური, მათგან 1.296 მილიონი დასაქმებული, ხოლო 277 ათასი უმუშევარი. [4] ყოველწლიურად დაუსაქმებელი ადამიანების რაოდენობა მცირდებოდა და ასე უნდა მომხდარიყო 2020 წელსაც, თუმცა კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ სულ სხვა რეალობის წინაშე დაგვაყენა. საქსტატის მონაცემებით. 2020 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა და 18.3 პროცენტი შეადგინა. [4]
საქართველოში უმუშევრობის მთავარ მიზეზად, როგორც წესი, მიიჩნევენ ინვესტიციების სიმცირეს, არაკვალიფიცურ მუშა-ხელს და არასტაბილურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს. თუმცა, ამ მიზეზებს ახლა დაემატა კიდევ ერთი – ესაა პანდემია. [3]
მოგვეხსენება, რომ დღეს მთელი მსოფლიო უდიდესი პრობლემის წინაშე დგას კორონავირუსის პანდემიის სახით. უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩა, შიმშილობს და უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდა. მრავალი აქტივობა და ღონისძიება გაურკვეველი ვადით გადაიდო ან გაუქმდა. გართობა, პარკებში სეირნობა და გარეთ ფეხბურთის თამაში იშვიათი მოვლენა გახდა და ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმი შეწყდა. გარდა იმისა, რომ პანდემიამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ის მთელ მსოფლიოს რიგი ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა.
ცალსახაა, რომ პანდემიის გამო, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში, ბევრმა ადამიანმა სამსახური დაკარგა. საქართველოში დასაქმების პრობლემა კორონავირუსამდეც იყო, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად მცირე პროგრესი იგრძნობოდა დასაქმების კუთხით.
ბევრი ეკონომისტი ვერ თანხმდება იმაზე, თუ ვინ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები ქვეყანაში პოსტპანდემიურ პერიოდში. ერთი ნაწილი თვლის, რომ სამუშაო ადგილების შექმნა და ხელფასების ზრდა სწორედ სახელმწიფოს მოვალეობაა, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს საერთოდ არ ევალება სამუშაო ადგილების შექმნა და, მითუმეტეს, ხელფასების ზრდა. ერთადერთი რაც სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს დასაქმებისთვის ამ პერიოდში, ეს ისეთი ინსტიტუციების შექმნაა, რომლებიც უცხოელ და ადგილობრივ მეწარმეებს შეუქმნიან სანდო გარემოს, რათა მათ სურვილი გაუჩნდეთ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა სწორედ ჩვენ ქვეყანაში დაიწყონ.
ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ქმედებებს ახორციელებს სახელმწიფო. ძირითადად სახელმწიფო განაგრძობს სუბსიდირებების გაცემას სხვადასხვა აქტივობებზე, რაც დასაქმებას ხელს შეუწყობს ან უკვე დასაქმებულ ადამიანებს ხელოვნურად შეუნარჩუნებს სამუშაო ადგილებს. შეიძლება ითქვას, რომ მოცემული ქმედება ნაკლებ ეფექტურია, თუმცა, სახელმწიფო მაინც აქტიურად ცდილობს მოსახლეობას სხვადასხვა სოციალური პაკეტების შეთავაზებას, რათა მათ სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ ან დარჩნენ იმ სექტორში, რომელიც ისედაც არაეფექტურია (შეღავათიანი აგროკრედიტები, ხვნა-თესვის ვაუჩერები და სხვა).
სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს, რომ მაღალპროდუქტიული სექტორები კვლავ გამოაცოცხლოს და კვლავ ეკონომიკურ აქტიურობას დააბრუნოს. ასეთი სექტორია, მაგალითად ტურიზმი, რომელიც პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა.
განვიხილოთ ნახაზი 4:
ნახაზი 4: ანტიკრიზისული გეგმის განსახორციელებლად ბიუჯეტის რესურსები (მლნ)
წყარო: https://www.mof.ge/
ანტიკრიზისული გეგმის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პანდემიის პერიოდში უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დახმარება 200 ლარით 6 თვის განმავლობაში, რაზეც 450 მილიონია გამოყოფილი, ასევე თვითდასაქმებულების ერთჯერადად 300 ლარით დახმარება, რაზეც დაიხარჯება 75 მილიონი ლარი, საშემოსავლო შეღავათები დამსაქმებლებისთვის 250 მილიონია გამოყოფილი. [3], [5]
მართალია, რომ მსგავსი დახმარებები მოკლევადიან პერიოდში ზრდის ადამიანების მოტივაციას ეკონომიკურად აქტიურნი გახდნენ, თუმცა, გრძელვადიან პერიოდში მსგავსი პოლიტიკა ხალხს და მთლიანად სახელმწიფოს, შესაძლოა, ძვირი დაუჯდეს.
დასკვნა
ამრიგად, განვიხილეთ უმუშევრობის არსი, მისი სახეები და წარმოქმნის მიზეზები. მიუხედავად იმისა, ხანმოკლე თუ ხანგრძლივია უმუშევრობა, მას სერიოზული ზიანი მოაქვს, როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე მოსახლეობის სოციალურ ცხოვრებისთვის.
განვიხილე თუ რა უარყოფითი შედეგები მოსდევს უმუშევრობას, სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტებში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უმუშევრობა, მიუხედავად თავისი ნეგატიური ზეგავლენისა, პოტენციალს აძლევს ქვეყანას და მას გააჩნია რიგი დადებითი თვისებებიც.
ჩვენი ქვეყნის, საქართველოს, მაგალითზე განვიხილეთ უმუშევრობის მდგომარეობა, ვისაუბრეთ გამომწვევ მიზეზებზე და მსოფლიოს უახლეს მთავარ გამოწვევაზე – კორონავირუსის პანდემიაზე. აღვნიშნე სახელმწიფომ რა პასუხი გასცა პანდემიას უმუშევრობის აღმოფხვრისა და დასაქმების სტაბილიზაციის კუთხით. აგრეთვე, შევნიშნე, რომ ხანგრძლივი „შეღავათები“ როგორც ხალხის, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმუშევრობა კვლავაც რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და უმწვავეს პრობლემად, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის.
გამოყენებული ლიტერატურა:
- „დასაქმება და შრომის ბაზრის რეგულირება“ (მ.ცარციძე; თსუ; 2017)
- „ეკონომიკური პოლიტიკა“ (რ.კლუმპი; 2015; თსუ)
- https://forbes.ge/blogs/umushevroba-saqarthvelos-d/?fbclid=IwAR32QcwcpB8oTzhqRqL8m7bcMY-3rucOq8xyk_IJAx7AMhBzi6xj5AmrIdE
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
- https://www.mof.ge/