ციფრული ეკონომიკური პოლიტიკა

ავტორის სტილი დაცულია

ჩაჩუა ნინო
ივანე ჯავახიშცილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი
nino.chachua857@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

ციფრული რევოლუცია    საზოგადოების ცხოვრებას განუსაზღვრელი სიჩქარით და არნახული გაქანებით ცვლის, ამასთან წარმოშობს როგორც უზარმაზარ შესაძლებლობებს, ისე კოლოსალურ სიძნელეებს. ახალ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია მდგრადი განვითარების სფეროში მიზნების მიღწევის მიმართულებით.

მოცემულ ნაშრომში განხილულია ციფრული ეკონომიკური პოლიტიკა, მისი არსი და განვითარების ეტაპები; ინტერნეტის გამოყენების მიზნები და ინტერნეტის მომხმარებლები. მოცემულია ციფრული ეკონომიკური პოლიტიკის რიცხობრივი (სტატისტიკური) მაჩვენებლები. ასევე, ცალკე გამოყოფილია ზოგიერთი მაჩვენებელი საქართველოს მაგალითზე. განხილულია ციფრული ეკონომიკის როლის მნიშვნელოვანი როლი შექმნილი პანდემიური ვითარების ფონზე. დასასრულს წარმოდგენილია ავტორისეული დასკვნა.

Annotation

The digital revolution is changing the life of a society with indefinite speed and unprecedented momentum, creating both enormous opportunities and colossal difficulties. New technologies can make a significant contribution to achieving the goals of sustainable development.

The article discusses digital economic policy, its essence and stages of development; Purposes of Internet use and Internet users. Numerical (statistical) indicators of digital economic policy are given. Also, some indicators on the example of Georgia are separated. The important role of the digital economy in the context of the pandemic situation is discussed. An author’s conclusion is presented at the end.

ციფრული ეკონომიკური პოლიტიკის არსი და განვითარების ეტაპები

   ციფრული ეკონომიკის ქვეშ, როგორც წესი, იგულისხმება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქონლისა და მომსახურების წარმოებასთან, რეალიზაციასა და მოხმარებასთან ციფრული ტექნოლოგიების, ასევე ელექტრონული კომერციის და ინტერნეტეკონომიკის გამოყენებით. ციფრული ეკონომიკის როლი დღითიდღე განუხრელად იზრდება.

   მსოფლიო ბანკის განმარტებით,  ციფრული ეკონომიკა – ეს არის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ურთიერთობების სისტემა, რომელიც ეფუძნება ციფრული საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას (Ефимушкин В.А. и др. 2017: 16).

   ციფრული ეკონომიკის განვითარების ზუსტი საზღვრების დადგენა რთულია, თუმცა, პირობითად შეიძლება რამდენიმე პერიოდის გამოყოფა:

  1. მოსამზადებელი (XX საუკუნის 70-იანი წლები 90-იანი წლების დასაწყისი) -ძირითად აუდიტორიას შეადგენს აკადემიური წრე, სტუდენტები, მაღალტექნოლოგიური კომპანიის და საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებების თანამშრომლები. პატარა კომპანიებისთვის კერძო ქსელის ფართომასშტაბიანი გამოყენება ამ პერიოდისათვის ძალზე ძვირი იყო, ხოლო ფიზიკური პირებისათვის კი თითქმის შეუძლებელი;
  2. დამკვიდრება (დაარსება) – (XX საუკუნის 1993-1997 წლები) ინტერნეტი

აქტიურად გამოიყენება კომერციული მიზნებისათვის ბიზნეს დაჯგუფებების

და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ, იძენს პოპულარობას

საოფისე თანამშრომელთა რიგებში. ეს ეტაპი ხასიათდება ბრაუზერების

ომებით „Netscape Navigator“, რომელსაც თავდაპირველად ინტერნეტში

პროგრამული უზრუნველყოფის ბაზრის 80% ეკავა1994 წლის ოქტომბერში,

1995 წლის აგვისტოში გამოჩნდა Microsoft Internet Explorer, ხოლო 1998 წელს

გამოვიდა Google;

  • ინტერნეტის გაკომერციალება – პირობითად იწყება 1997 წლიდან. მყისიერად იზრდება ინტერნეტ პროექტებში ინვესტირება;
  • ინტერნეტში ინფორმაციის გასაზოგადოებრივება – ინტერნეტ ეკონომიკის

ფარგლებში აქტიურად ვითარდება არასაბაზრო ფორმები;

  • მობილურ ინტერნეტზე გადასვლა – პირობითად დაიწყო 2007 წელს. 2006 წელს

სამხრეთ კორეაში მუშაობა დაიწყო მსოფლიოში პირველმა მეოთხე თაობის

ქსელურმა კავშირმა „Mobile WiMAX“, ხოლო 2007 წლის ივნისში აშშ-ში

გაყიდვაში გამოვიდა „IPhone“.

ინტერნეტის გამოყენების მიზნები და მომხმარებლები

გარდა საქმიანი მიზნებისა, ინტერნეტი ასევე შესანიშნავი გზაა მთელ მსოფლიოსთან დასაკავშირებლად. უმეტესი ჩვენგანი იყენებს ინტერნეტს, როგორც სხვა ადამიანებთან დაკავშირების, ინფორმაციისა და ფაილების გაზიარების, გართობის, სოციალურ ურთიერთობათა საშუალებას; ასევე უმეტესად მცირე და საშუალო ბიზნესის მარკეტინგისა და რეკლამირებისთვის, ონლაინ შესყიდვებისთვის.

ადამიანები აგრეთვე სარგებლობენ ინტერნეტ-სესხებით, მობაილ-ბანკებითა და გადახდის საშუალებებით; ინტერნეტს გამოიყენებენ ონლაინ-კონფერენციებისთვის, ონლაინ ლექციებისა და სასკოლო მეცადინეობებისთვის (განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში). 

შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტმა მსოფლიო ,,დააპატარავა“, რადგან მსოფლიოს ერთიდან მეორე ადგილზე წვდომა უფრო მარტივი და მოსახერხებელია.

ინტერნეტ-მომხმარებელთა შემადგენლობა:

1991 წელს ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა 3 მლნ-ზე ნაკლები იყო, 1999 წელს კი 20 მლნ-მდე გაიზარდა. 2012 წლის „Social, Digital and Mobile Worldwide“- ს მოხსენების მიხედვით 2012 წლის იანვარში ინტერნეტში უკვე 2 მლრდ-ზე მეტი მომხმარებელი იყო გაწევრიანებული (მოსახლეობის 30%), ამავე დროისათვის მობილურ ოპერატორების აბონენტების რიცხვი 5.8 მლრდ-ზე მეტი იყო (მსოფლიო მოსახლეობის 86%), 2017 წელს ეს მონაცემი 2, 46 მლრდ იყო,  2020 წელს ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა 2,9 მლრდ-ს უტოლდება. აღნიშნულის საფუძველზე სავარაუდოა მომავალში ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის ზრდა.

სტატისტიკის მსოფლიო პორტალის მიხედვით, ყველაზე მეტ დროს ინტერნეტით სარგებლობაში ხარჯავენ ამერიკელები (ჩრდილ. ამერიკა ლიდერობს ინტერნეტში წვდომის ხარისხით – ზემოთ აღნიშნულ გამოცემაზე დაყრდნობით – მოსახლეობის 77%-ს ამარიკაში აქვს ინტერნეტი). ევროპაში ინტერნეტ მომხმარებელთა შედარებით აქტიურ ნაწილს მიეკუთვნება ინგლისელები, გერმანელები და ფრანგები (მოსახლეობის 70%). ინტერნეტ-მომხმარებელთა საშუალო ასაკი დაახლოებით 35 წელია. მომხმარებელთა 2/3 მამაკაცია. ამასთან ინტერნეტში მუშაობის უფრო დიდი გამოცდილება აქვთ ახალგაზრდებს 21-დან 30 წლამდე. ინტერნეტ მომხმარებელთა საშუალო წლიური შემოსავალი აღემატება საშუალოს. (სტატისტიკის მსოფლიო პორტალი, statistica.com)

ციფრული ეკონომიკური პოლიტიკა რიცხვებში

მსოფლიოში ყველაზე ძვირი კომპანიების ათეულს სათავეში უდგას Microsoft – ი, იგი არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ტრანსნაციონალური კორპორაცია. კომპანია Microsoft-მა მთელ მსოფლიოში მომხმარებლები დაარწმუნა, რომ სწორედ Windows-ია მათთვის ყველაზე გონივრული მოთხოვნილება. შედეგად Windows-ის მომხმარებელთა რაოდენობა დღეისათვის ასობით მილიონს აჭარბებს. ბუნებრივია, რომ ისინი ავტომატურად ნებისმიერი იმ ახალი პროდუქტის პოტენციური მომხმარებლები ხდებიან, რომელიც Windows-ის ბაზაზეა შემუშავებული. ასეთია მაგალითად, სათამაშო და მულტიმედიური პროგრამები, ტექსტის პროექტირებისა და ბუღალტრული აღრიცხვის სისტემები და ა.შ. მეორე ადგილზეა კომპანია Apple – ამერიკული ტრანსნაციონალური კორპორაცია, რომელიც აწარმოებს სმარტფონებს, პლანშეტებს, კომპიუტერებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას. მესამე ადგილი მყარად უკავია კომპანია Amazon-ს, იგი წარმოადგენს ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულია ონლაინ გაყიდვებზე. მეოთხე ადგილი უკავია Alphabet-ს და წარმოადგენს ტექნოლოგიური კომპანიის Google-ს დედა კომპანიას. მეხუთე ადგილი საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-ს უკავია. ყველაზე ძვირი კომპანიების 2019 წლის რეიტინგის ტოპ 10-ში მოხვდა 6 ციფრული ტრანსნაციონალური კორპორაცია (PricewaterhouseCoopers-ის მონაცემებზე დაყრდნობით).

ციფრული კომპანიების კონცენტრაცია შეიმჩნევა რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში: აშშ, გერმანია და დიდი ბრიტანეთი. ეს შედეგი, ალბათ, გასაკვირი არაა, რადგან ჩამოთვლილი განვითარებული ქვეყნები ყოველგვარ რესურსს ფლობენ კომპანიების საჭირო მასალებით მოსამარაგებლად. 100 ციფრული ტრანსნაციონალური კორპორაციიდან 63 განთავსებულია აშშ-ში, მას მოჰყვება დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის  კორპორაციები. მსხვილი ციფრული კომპანიების ყოფნა განვითარებად ქვეყნებში უმნიშვნელოა, 100-დან მხოლოდ ოთხი არის განთავსებული ამ ქვეყნებში. კიდევ ერთ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ასეთი კომპანიების ფილიალების მნიშვნელოვანი რაოდენობა განლაგებულია  მათი შტაბბინების განთავსების ქვეყნებში. ასე მაგალითად, ციფრული ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და მათი შვილობილი კომპანიების ორი მესამედი იმყოფება აშშ-ში. ასევე 100 უმსხვილესი ციფრული ტრანსნაციონალური კომპანიების ფილიალების მხოლოდ 13%-ია განთავსებული განვითარებად ქვეყნებში (World Investment Report 2019).

   დიაგრამა 1.  ყველაზე ხშირად გამოყენებადი სოციალური პლათფორმები 2020 წლის იანვრის თვის მონაცემების მიხედვით (მლნ კაცი):

 წყარო: https://datareportal.com/reports/digital-2020-global-digital-overview

ალბათ, გასაკვირი არაა, რომ ამ სიის სათავეში მოხვდა Faceboock. იგი დაახლოებით 16 წლის წინ გაჩნდა სოციალურ მედიასივრცეში და დღეისათვის მისი აუდიტორია 1,95 მილიარდს, ანუ მთლიანი MAU-ს (monthly active users) დაახლოებით 80 პროცენტს შეადგენს (datareportal.com).

განვიხილოთ რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელმაც უზრუნველყო Facebook-ის პირველ პოზიციაზე ყოფნა:

  • Facebook-მა დაზოგა დრო – კომპანიებს მუდმივად სჭირდებათ მომხმარებელთან კომუნიკაცია, პროდუქტის ან მომსახურების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რაიმე შეთავაზების ან მთლიანად კომპანიის ცნობადობის გაზრდა. -ის მეშვეობით ინფორმაცია ყველაზე სწრაფად ვრცელდება, ასევე მოსახერხებელია გამოკითხვების ჩასატარებლადაც, როგორც დროის, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. მსოფლიოში არსებული სოციალური მედიასაშუალებების მომხმარებელთა შორის 71% Facebook-ს მოიხმარს. მათგან 64% კი Facebook-ს ყოველდღე სტუმრობს;
  • Facebook-მა დაზოგა ხარჯები – სარეკლამო კამპანიის სოციალურ მედიაში წარმოებამ კომპანიებს მისცა მარკეტინგული ხარჯების დაზოგვის საშუალება: მინიმალური დანახარჯით და უმოკლეს დროში Facebook–ი ახერხებს მისწვდეს მიზნობრივ აუდიტორიას და პარალელურ რეჟიმში უზრუნველყოს დახარჯული თანხის ანაზღაურება;
  • Facebook-მა შეცვალა მომხმარებელთა „წარმოშობის ადგილი“ –  ახალ მომხმარებელთა 77% Facebook-ის მეშვეობით მიდის კომპანიაში. ეს საუკეთესო წყაროა არა მხოლოდ საჭიროების შეცნობის მომენტში, არამედ ინფორმაციის მოძიების და ალტერნატივების შეფასების დროსაც;
  • Facebook-მა შეცვალა მარკეტინგული სტრატეგია – ის გამოიყენება ცნობადობის გასაზრდელად, ბრენდის პოზიციონირებისთვის, საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის, რეკლამის განსათავსებლად, გაყიდვების სტიმულირებისთვის და სხვა მარკეტინგული მიზნებისთვის, რომელიც ყველა კომპანიაში განსხვავებულია.
  • Facebook-მა კომპანიებს მისცა შესაძლებლობა უმოკლეს დროში აღმოაჩინონ და გამოასწორონ შეცდომები – მომხარებლებთან ინტენსიური ინტერაქცია მნიშვნელოვნად ეხმარება კომპანიებს დროულად აღმოაჩინონ საკუთარი ნაკლოვანებები და გამოასწორონ უმოკლეს დროში.

მსოფლიო მოსახლეობის 40% დაახლოებით 3,2 მილიარდი ადამიანი დარჩენილია ინტერნეტის გარეშე. 1 მილიარდზე მეტი ამ ჯგუფიდან ცხოვრობს სამხრეთ აზიაში (31%). აფრიკის ქვეყნებში მთლიანი რაოდენობის 27%, დაახლოებით 870 მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ ვერ სარგებლობს ინტერნეტით მთელ კონტინენტზე (datareportal.com). ამის მიზეზია ამ ტერიტორიებზე მდებარე  ქვეყნებში არსებული დაბალი ეკონომიკური და სოციალური პირობები, დაბალი სიმჭიდროვე, უდაბნოების არსებობა; მნიშვნელოვანია ისიც, რომ აფრიკის ქვეყებიდან მხოლოდ ეთიოპია და ლიბერია არ ყოფილა კოლონიური ქვეყანა, დანარჩენებმა კი ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს ,,დაწეოდნენ“ თანამედროვეობას.

ციფრული ეკონომიკის განვითარების ნეგატიური შედეგები

ინტერნეტის და ზოგადად ინტერნეტ ეკონომიკის განვითარების ძირითად დაბრკოლებად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ინტერნეტ ეკონომიკის საფუძვლების გლობალობა ეწინააღმდეგება ტრადიციულ ეკონომიკურ ფიზიკურ-გეოგრაფიულ და ინსტიტუციონალურ საფუძვლებს.

ციფრული ეკონომიკის განვითარებას გარდა დიდი სარგებლისა, ასევე თან ახლავს რიგი ნეგატიური შედეგები. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი(Сидоров А.С. 2018. 123):

  • კიბერდანაშაულის ზრდა. მაგალითად კორპორაცია Microsoft-ის მონაცემებით, 2017 წლის პირველ კვარტალში მთელი მსოფლიოს მასშტაბით კომპიუტერების 9%-ზე მოხდა არასანქცირებული შეღწევა. საქართველოში კიბერდანაშაულის წინააღმდეგ 2012 წლის დეკემბრიდან  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში არსებობს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო.
  • შექმნილი ციფრული ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიური მოწყვლადობა. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ არასანქცირებული შეღწევები სამთავრობო და კერძო სტრუქტურების ვებგვერდებზე, ფულის არასანქცირებული გატანა კერძო ანგარიშებიდან ჰაკერების მიერ და ა.შ.
  • ტექნიკის სწრაფი მორალური დაძველება და, როგორც ამის შედეგი, მათი უტილიზაციის პრობლემა. ასევე ტექნოლოგიური და ეკონომიკური უსაფრთხოების შესუსტება როგორც მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, ისე კომპანიების დონეზე.

ციფრული ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში

აღსანიშნია, რომ საქართველოს გააჩნია მნიშვნელოვანი ციფრული ეკონომიკური რესურსი, განვითარებული ელექტრონული სერვისები და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. თუმცა, არ ფლობს ციფრულ ეკონომიკურ პოლიტიკას და ეფექტიან სტრატეგიას. ასევე მმართველობითი აქტივობის ტემპის, პროგრამების დეფიციტისა და პრაქტიკული მიდგომების ნაკლებობის გამო, ქვეყანაში მცირეა ციფრული ეკონომიკური დოვლათი.

რაც შეეხება ინტერნეტ- სტატისტიკას, 2020 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტთა რაოდენობა 919,905-ს უტოლდება. თუმცა, აღინიშნება დაფარვისსიმკვრივის მკვეთრი დისბალანსი ტერიტორიულ ერთეულებს შორის. რეგიონების მიხედვით, ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია, სადაც ინტერნეტდაფარვის სიმკვრივე (ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა გაყოფილი რეგიონში შინამეურნეობების (ოჯახების) ან მოსახლების რაოდენობაზე) მხოლოდ 15%-ს შეადგენს და მთელი რეგიონის მასშტაბით მხოლოდ 2,175 აბონენტია. სიმკვრივის დაბალი მაჩვენებელი არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგანაც ორივე რეგიონი მაღალმთიან მეჩხრად დასახლებულ ზონას მიეკუთვნება, შესაბამისად, ერთ მოსახლეზე მოდის საჭიროზე მეტი ფართობის ტერიტორიული ერთეული. თბილისსა (125,7%) და აჭარაში (124%) სიმკვრივე 100% აღემატება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აბონენტების რაოდენობა შინამეურნეობების რაოდენობაზე მეტია (idfi.ge).

საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებისათვის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია კვალიფიციური კადრების სიმცირე. მაგალითად აშშ-ში IT სპეციალისტების რაოდენობა შეადგენს მთელი შრომისუნარიანი მოსახლეობის 2,4%-ს, ხოლო გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში 4,3%-ს. ამ მხრივ საქართველოში საკმაოდ დიდი ჩამორჩენა გვაქვს(unctad.org). აუცილებელია ქვეყანაში გაიზარდოს მაღალკვალიფიციური IT სპეციალისტების რაოდენობა, ამ მიმართულებით აუცილებელია მოწესრიგდეს განათლების სისტემის ინფრასტრუქტურა, მომზადდეს ახალი პედაგოგები და აშ.

ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებლები შინამეურნეობებში

შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2020 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 83.8 პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.6 პროცენტული პუნქტით აღემატება. ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 4.6 პროცენტულიპუნქტით გაიზარდა როგორც საქალაქო, ისე სასოფლო დასახლებებში და შესაბამისად, 90.7 და 74.5 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა რეგიონების მიხედვითყველაზე მაღალი თბილისსა და აჭარის ა.რ.-ში დაფიქსირდა და 93.5 და 91.9 პროცენტი შეადგინა (გრაფიკულად იხილეთ დიაგრამა N2).

დიაგრამა 2. ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი, 2020 (%):

წყარო: www.geostat.ge  

როგორც დიაგრამაზე ჩანს, ინტერნეტით უზრუნველყოფილი მოსახლეობის წილი შედარებით დაბალია მაღალმთიან რეგიონებში. თუმცა, თუ საერთო სურათს შევხედავთ, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი გაზრდილია, რაც შესაძლოა პანდემიას დავუკავშიროთ. რადგანაც, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან ერთად გაიზარდა ინტერნეტის მოხმარების სიხშირეც. ამაში გვარწმუნებს შემდეგი ორი დიაგრამა, სადაც ინტერნეტის მოხმარების კუთხით ლიდერობენ 15-29 წლის ასაკოვანი კატეგორია. ამ კატეგორიას ძირითადად მიეკუთვნება შრომისუნარიანი მოსახლეობის მნიშვნელვანი ნაწილი, სტუნდენტები და სკოლის მოსწავლეები, რომელთათვისაც ყველაზე მეტად გაიზარდა ინტერნეტის მოხმარების საჭიროება.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 3 თვის განმავლობაში (ივლისი-სექტემბერი, 2020) ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 74.0 პროცენტმა, რაც 3.4 პროცენტული პუნქტით აღემატებაწინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 82.4 პროცენტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 61.6 პროცენტით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელიქალების შემთხვევაში 73.2 პროცენტს, ხოლო კაცების შემთხვევაში 74.9 პროცენტს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლისმოსახლეობაში და 97.2 პროცენტს შეადგენს (გრაფიკულად იხილეთ დიაგრამა N3).

დიაგრამა 3. 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი, რომელმაც ბოლო 3 თვის განმავლობაში გამოიყენა ინტერნეტი, 2020 (%):

წყარო: www.geostat.ge  

15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც  3 თვის განმავლობაში (ივლისი-სექტემბერი, 2020) სარგებლობდნენ ინტერნეტით, 89.2 პროცენტი ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღემოიხმარდა, 9.4 პროცენტი – კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 1.4 პროცენტი კი -უფრო იშვიათად (გრაფიკულად იხილეთ დიაგრამა N4).

დიაგრამა 4.  6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი, რომლებმაც ბოლო 3 თვის განმავლობაში გამოიყენეს ინტერნეტი, 2020 (%):

წყარო: www.geostat.ge  

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის, სამ თვეში (ივლისი-სექტემბერი, 2020)  ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ინტერნეტის გამოყენების ძირითად მიზნებს წარმოადგენს სოციალური ქსელების გამოყენება (95.2%), ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (86.1%), ონლაინახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (54.9%), ჯანმრთელობის საკითხებზეინფორმაციის მოძიება (51.4%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (47.6%), საქონლისა და მომსახურებისშესახებ ინფორმაციის მოძიება (38.5%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (34.7%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (17.9%) და სამუშაოს ძიება/ სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (14.2%).

ციფრული ეკონომიკური პოლიტიკის როლი პანდემიის პერიოდში

პერსონალის მასობრივმა გადაყვანამ დისტანციურ რეჟიმში, ასევე ვიდეოსერვისების და ვიდეოკონფერენციების სისტემების მოთხოვნის გაზრდამ, ინტერნეტმოხმარების მნიშვნელოვანი ზრდა და მისი სტრუქტურის ცვლილებები გამოიწვია. DE-CIX-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მონაცემთა ნაკადის ზრდა საშუალოდ 10 %-ს შეადგენს. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიდეოკონფერენციების პორტალების როლი (Skype, Zoom, Team, WebEx და ა.შ.), ასევე, შეინიშნება სოციალური ქსელების ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდაც. მაგალითად, ერთ-ერთი ვიდეო-პლატფორმის Zoom Video Communications-ის აქციების ფასი ბოლო პერიოდში 135%-ით გაიზარდა. კომპანიის კაპიტალიზაციამ კი 39,7 მლრდ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 31 იანვრიდან, Zoom-ის აქციების ღირებულება გაორმაგდა, ეს იმ დროს, როდესაც S&P 500-მა იგივე პერიოდის განმავლობაში დაკარგა დაახლოებით 30%, ხოლო NASDAQ-მა დაახლოებით 26%(bpn.ge).

შექმნილი სიტუაციის გამო, ევროკავშირი იძულებული გახდა, უკიდურესი ზომები მიეღო და პოპულარული მულტიმედიური სერვისების კომპანიებს სამაუწყებლო ვიდეოს ხარისხის შემცირებისკენ მოუწოდა მონაცემთა ცენტრებში გაზრდილი დატვირთვის შემცირების მიზნით. რეგულირების რეკომენდაციებს უსწრაფესი რეაგირება მოჰყვა YouTube-ის, Netflix-ის, Facebook-ის, Instagram-ის და სხვა მრავალი მედიამომსახურების მხრიდან.

კორონავირუსი უახლოეს და შორეულ მომავალში რადიკალურად შეცვლის ძალაუფლების ბალანსს მთელი მსოფლიოს ბაზარზე. კრიზისის გამო, კომპანიები Dell, VMware, Twitter, იძულებული გახდნენ, უკვე გადაეხედათ თავიანთი ფინანსური პროგნოზებისთვის.

დასკვნა

ციფრული ეკონომიკა მზარდი სფეროა. უდიდეს პოტენციალთან ერთად, ციფრული ეკონომიკა მნიშვნელოვნად ამცირებს ახალი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის განვითარების შანსებს და ამავდროულად უამრავ ახალგაზრდას სთავაზობს სტაბილურ სამსახურს, რადგან სწორედ მათთვისაა კომპიუტერი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ციფრული ტექნოლოგიები შეგვიძლია მოვისაზროთ როგორც მსოფლიო ეკონომიკის ზრდის კატალიზატორი.

ინტერნეტ ეკონომიკა გლობალიზაციის წამყვანი საშუალება გახდა. იგი ასტიმულირებს ეკონომიკურ ზრდას მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, ხოლო ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს საშუალებას აძლევს მიაღწიონ უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას და ჩაერთონ მსოფლიო ეკონომიკაში.

საქართველოც გლობალური სამყაროს ნაწილია და გასათვალისწინებელია მიმდინარე ტენდენციები, რაც მხოლოდ წინაკრიზისული ანალიზია, ხოლო მისი დასრულების ეტაპზე უფრო ნათლად გამოჩნდება ერთიანი სურათი, რომლის შემდეგ გაცილებით ადვილი გახდება იმ პერსპექტივის დანახვა, თუ როგორ უნდა მოხდეს შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა და სიღრმისეული ანალიზი მომავალი განვითარებისთვის. თუმცა, ამისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება როგორც ვირუსის შეჩერებას, ასევე, მომავალი ეკონომიკური კრიზისის სიმძიმეს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეკონომიკური პოლიტიკა (რ.კლუმპი; 2015; თსუ; თბილისი)
  2. www.statista.com  
  3. www.oecd.org  
  4. www.isoconsulting.ge
  5. www.datareportal.com  
  6. www.unctad.org
  7. PwC. Global Top 100 companies by market capitalization. 2019.
  8. https://www.pwc.com/gx/en/audit-services/publications/assets/global-top-100-companies-2019.pdf(ბოლოს გადამოწმებულია 12.05.2020).  [World Investment Report 2019]
  9. http://www.rfej.ru/rvv/id/9004BAF9A/$file/119-128.pdf 
  10. Сидоров А.С. Влияние цифровой технологий на экономику страны. Российский внешнеэкономический вестник. 2018. №8. С.119-128)
  11. www.idfi.ge
  12. www.bpn.ge
  13. www.entrepreneur.com   
  14. www.statistica.com
  15. https://www.geostat.ge/media/33564/%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98—2020.pdf