საერთაშორისო ბიზნესი და Covid-19
ავტორის სტილი დაცულია
ქეთი ზაუტაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის III კურსის სტუდენტი
zautashviliq@gmail.com
ანოტაცია
ნაშრომში განხილულია საერთაშორისო ბიზნესი, რომელიც წარმოადგენს საქმიანობის, ისეთ ფორმას, რომელიც ხორციელდება ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში. მისი განხორციელება შეუძლიათ ფიზიკურ და იურდიულ პირებს. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო ეკონომიკის ფუნქციონირებაში. მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ამჟამად იგი მსოფლიო ბრუნვის 90%-ს, ყველა ინოვაციის 3/4-ს და დაგროვილი უცხოური ინვესტიციების 90%-ზე მეტს უზრუნველყოფს. თავდაპირველად, ყურადღებას გავამახვილებ საერთაშორისო ბიზნესის არსზე და გარემოზე, ასევე დავახასიათებ მსოფლიოში გავრცელებულ ბიზნესის ფორმებს. შემდეგ, განვიხილავ covid-19-ის გავლენას საერთაშორისო ბიზნესზე. მისმა გავრცელებამ ბიზნესი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ბოლოს კი, განვიხილავ პრაქტიკულ მაგალითს, რომელიც უკეთ დაგვანახებს საერთაშორისო კომპანიების დღევადელ მდომარეობას. ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია McDonald’s-ფინანსური ანალიზის საფუძველზე დავინახავთ, თუ რა გავლენა იქონია კორონა ვირუსმა კომპანიის მოგებაზე და შემოსავალზე.
Annotation
This article discusses nternational business, which is a form of activity that takes place in one or more countries. It can be implemented by individuals and legal entities. It plays an important role in the functioning of the world economy. According to world statistics, it currently accounts for 90% of world turnover, ¾ part of all innovations and more than 90% of accumulated foreign investment. First of all, I will focus on the essence and environment of international business, as well as the forms of business around the world. Next, I discuss the impact of Covid-19 on international business. Its spread has posed new challenges to the business. Finally, I will discuss a practical example that will better illustrate the current state of international companies. Based on a financial analysis of McDonalds’s, one of the largest international companies, we will see how the Coronavirus has affected the company’s profits and revenue.
საერთაშორისო ბიზნესის არსი და გარემო
ბიზნესი ინგლისური სიტყვაა და ქართულად საქმეს ნიშნავს, თუმცა დღესდღეობით მას დაკარგული აქვს თავისი პირველადი მნიშვნელობა. იგი წარმოადგენს რისკის პირობებში მოგების ან სხვა რაიმე შემოსავლის მიღების მიზნით განხორციელებულ საქმიანობას. ფაქტობრივად ბიზნესი და ვაჭრობა ერთი და იგივე ეკონომიკური საქმიანობაა. ის უძველესი დროიდან არსებობს, იმ დროიდან, როცა ადამიანი ჯერ კიდევ არ იღებდა ამ საქმიანობაში ფულად ექვივალენტს. საშინაო ვაჭრობა ქვეყნის შიგნით განხორციელებული კომერციული საქმიანობაა, საგარეო ვაჭრობა კი სცდება ქვეყნის საზღვრებს და მოიცავს სხვა ქვეყნებსაც. შესაბამისად საერთაშორისო ბიზნესი ეს არის საქმიანობის სფერო, რომელიც ხორციელდება ორ ან მეტ პარტნიორ ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით.[1]
საერთაშორისო ბიზნესის კლასიკური მაგალითია: სხვა ქვეყანაში საქონლის გატანა გასაყიდად, ერთ ქვეყანაში ნედლეულის მასალების შესყიდვა და მეორეში შეტანა გადამუშავების ან მოხმარების მიზნით, ერთი ქვეყნიდან კაპიტალის გატანა მეორე ქვეყანაში პროდუქციისა და მომსახურების საწარმოებლად და მაშასადამე, შემოსავლის (მოგების) მისაღებად. ასევე საერთაშორისო ბიზნესი მოიცავს ერთი ქვეყნიდან მეორეში არამატერიალური ღირებულებების გადატანას, როგორიც არის ნოუ ჰაუ, პატენტი და ა.შ მათი რეალიზაციის მიზნით და პირიქით. [1]
საერთაშორისო ბიზნესი შეიძლება განახორციელონ როგორც ფიზიკურმა ასევე იურდიულმა პირებმა, სახელმწიფო და კერძო კომპანიებმა, კომპანიათა ჯგუფებმა და ა.შ
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე საერთაშორისო ბიზნესი განსხვავდება ქვეყნის შიგნით განხორციელებული საქმიანობისაგან. ძირითადი განსხვავება მდგომარეობს შემდეგში, შიგა ბიზნესი მოიცავს საქმიანი ოპერაციების შესრლებას, რომელიც არ სცილდება ქვეყნის საზღვრებს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობის დროს საქმიანი ოპერაციები კვეთს ქვეყნის საზღვრებს. ასევე აღსანიშნავია სხვა ნიშნები, რითაც განსხვავება ეს ორი საქმიანობა, კერძოდ:
- სხვადასხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩართულნი არიან საერთაშორისო ბიზნესში, გააჩნიათ და იყენებენ სხვადასხვა ვალუტებს, რაც წარმოშობს ერთი ქვეყნის მიერ ვალუტის კონვერტირების საჭიროებას;
- ხშირია საერთაშორისო ბიზნესში მონაწილე ქვეყნების სამართლებრივი სისტემებს შორის განსხვავება, რაც აიძულებს მონაწილე მხარეებს შეიტანონ კორექტივები თავიანთ მოქმედებებში, რათა ისინი მოიყვანონ კანონმდებლობის შესაბამისობაში;
- ქვეყნებს შორის ყოველთვიოს არსებობს კუტურული განსხვავებანი, რაც საერთაშორისო ბიზნესში ჩართულ მხარეებს აიძულებს თავისი ქცევის სტრატეგიის ფორმირება მოახდინონ მოლოდინების შესაბამისად;
- ქვეყნები განსხვავდებია წარმოების ფაქტორების უზრუნველყოფის დონით, რაც ზრდის ურთიერთდამოკიდებულების დონეს. მაგალითად, ერთ მხარეს შეიძლება გააჩნდეს ბუნებრივი რესურსების დიდი მარაგები, მაგრამ არ ყავდეს კვალიფიციური სამუშაო ძალა, მაშინ, როცა მეორე მხარეს გააჩნია მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა და ამავე დროს განიცდის ბუნებრივი რესურსების ნაკლებობას.[1]
ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, უმეტეს შემთხვევაში ის საბაზრო ჩვევები და ცოდნა, რომლებიც აუცილებელია, როგორც საერთაშორისო ბიზნესის, ისე შიდა საქმიანობის ოპერაციების წარმატებულად მართვისთვის ძირითადი არსით არ განსხვავდებიან. კერძოდ, ეს შეეხება მენეჯერებს, რომლებიც მუშაობენ მარკეტინგის, დაგეგმვის, კადრებსა და სხვა სფეროებში. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, ისიც, რომ საერთაშორისო ბიზნესში დაკავებული სპეციალისტები კარგად უნდა იყვნენ გათვითცნობიერებულნი ქვეყნებს შორის არსებული კულტურის, კანონმდებლობის, პოლიტიკურ და სოციალურ განსხვავებათა საკითხებში. [10]
საერთაშორისო ბიზნესის განხორციელებისას უცილებელია გავითვალისწინოთ გარემო, რომელშიც ხორციელდება საქმიანი ოპერაციები. საერთაშორისო ბიზნეს გარემოს ქმნის საერთაშორისო ბიზნესზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორები. იმისთვის, რომ კომპანია წამატებული გახდეს საერთაშორისო ბაზარზე საჭირო არის ჯერ კარგად იქნეს გამოკვლეული არსებული ბიზნეს გარემო. მკვლვარ-მეცნიერები გამოყოფენ პირდაპირ და ირიბ ზემოქმედების გარემოს. განვიხილავ თითოეულ მათგანს.
პირდაპირი ზემოქმედების გარემოში მოიაზრება ის ფაქტორები, რომლებიც უშუალოდ ზემოქმედებენ ბიზნეს ოპერაციებზე, როგორიცაა მიმწოდებლები, მომხმარებლები, საკანონმდებლო დაწესებულებები, კონკურენტები და ა.შ.
ირიბი ზემოქმედების ფაქტორები სწრაფ ზემოქმედებას არ ახდენენ ბიზნესზე, თუმცა მათი ზეგავლენა დროთაგანმავლობაში მაინც თვალსაჩინო ხდება. ამ ტიპის ფაქტორებს მიეკუთვნება ქვეყნის ეკონომიკის ზოგადი მდგომარეობა, ტექნოლოგიური პროგრესი, სოციალურ-კულტურული ცვლილებები და სხვა.[2]
საერთაშორისო ბიზნესის გარემო იყოფა ოთხ ძირითად ნაწილად, ესენია:
- სამართლებრივი გარემო
- პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემო
- სიციალურ-კულტურული გარემო
- ინფორმაციულ-ტექნოლოგიური გარემო
განვიხილავ რამდენიმე მათგანს, პირველი ეს არის სამართებრივი გარემო, რომელის ანალიზი გვეხმარება გამოვავლინოთ ქვეყნებს შორის არსებული კავშირები კანონმდებლობაში. ნებისმიერი ორგანიზაცია თუ კომპანია, რომელსაც სურს ბიზნესის გაფართოება სხვა ქვეყანაში, უნდა შეისწავლოს ამ ქვეყნის კანონმდებლობა. რადგან ნებისმიერი ბიზნესის წარმატება გარკვეულწილად დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ სამართლებრივ სისტემაზე. ყველა ქვყანას განსხვავებული სამართლებრივი სისტემა გააჩნია, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ისეთი საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც შესაბამისობაში მოვა ქვეყნის კანონმდებლობასთან, სადაც ხორციელდება საქმიანობის დაწყების დაგეგმვა. ამიტომ საერთაშორისო ბიზნესი დამოკიდებულია ამა თუ იმ სახელმწიფოში მოქმედ სამართლებრივ სისტემაზე.
სამართლებრივი სისტემა იყოფა შემდეგ ძირითად სისტემებად:
- ტრადიციული სამართლებრივი სისტემა, რომელიც დამოკიდებულია არსებულ წეს-ჩვეულებებზე;
- სამოქალაქო სამართლის სისტემა გავრცელებულია მსოფლიოს 70 ქვეყანაში, იგი დაფუძვნებულია კოდექსების ერთობლიობაზე, რომლის შემთხვევაში ძირითადი პრიორიტეტია არის კანონი და ფაქტები;
- თეოკრატიული სმართლებრივი სისტემა კი, ეფუძვნება რელიგიურ მცნებებს.[2]
ქვეყნების ერთ-ერთი განმასხვავებელი ფაქტორია პოლიტიკურ-ეკონომიკური ფაქტორი, რომლებიც დიდ ზეგავლენას ახდენს საერთაშორისო ბიზნესზე. პოლიტიკური სისტემა ეს არის იდეების, შეხედულებებისა და მიზნების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მართვის ფორმასა და სახელმწიფოს სოციალურ-პოლიტიკურ წყობას. ქვეყნების უმრავლესობა დემოკრატიის მიმდევარია, ამ ქვეყნებიდან უმრავლესობა კი, ირჩევს წარმომადგენლობითი დემოკრატიის სხვადასხვა ფორმას, რომელიც არიარებს სახელმწიფოს მართვის მრავალპარტიულ სისტემას. იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ პოლიტიკური გარემო საჭიროა განვსაზღვროთ ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა, პარტიულ-პოლიტიკური განვითარება, პროფკავშირების გავლენა, ინტეგრაცია შრომის საერთაშორისო ბაზარზე და სხვა. [10]
ეკონომიკურ სისტემა პოლიტიკის მსგავსად მრავალფეროვანია, ყველა ქვეყანას გააჩნია ინდივიდუალური პრობლემები და ამ პრობლემის გადაჭრის გზები. ეკონომიკური სისტემის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები: კორპორაციული კავშირები, ინფლაცია, კაპიტალის ბაზრის მდგომარეობა, კონკურენციის სიმძაფრე და ა.შ.
ნებისმიერი ბიზნესის წარმოებისას გასათვალისწინებელია კულტურული სხვაობები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელბს განასხვავებს ერთმანეთისაგან. კულტურული გარემოს არ ცოდნამ ნებისმიერი მოგება შეიძლება შეამციროს. [2]
დღესდღეობით, თანამდეროვე მსოფლიოსათვის დამახაისათებელია მსხვილი მანქანური წარმოება, რისი საშუალებითაც ხდება პროდუქციის მასობრივი წარმოება, შედეგად ადგილობრივი ბაზრების მიერ ვერ ხერხდება მზა პროდუქციის სრულად ათვისება, წორედ ეს ფაქტორი განაპირობებს მის გატანას ქვეყნის საზღვრებსს გარეთ, რომელიც ზრდის ფინანსურ მოგებას.
საერთაშორისო ბიზნესის ფორმები
ჩვენთვის ცნობილია საერთაშორისო ბიზნესის შემდეგი ფორმები:
- საქონლისა და მომსახურების ექსპორტ-იმპორტი;
- უცხოური ინვესტიციები;
- ლიცენზირება;
განვიხილავ თითოეულ მათგანს, საქონლის ექსპორტ-იმპორტი ნაკლებად სარისკოა და მოიცავს მინიმალურ ვალდებულებებს, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ექსპორტის დროს ხდება საქონლის გატანა ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ხოლო იმპორტი გულისხმობს საქონლის შემოტანას ქვეყანაში. საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციები იყოფა ორ ჯგუფად, პირველ ჯგუფს მიეკუთვნება საქონლის ვაჭრობა, რომელსაც მეორენაირად ,,ხილულ ვაჭრობას’’ უწოდებენ, ხოლო მეორე ჯგუფს წარმოადგენს მომსახურებით ვაჭრობა, ანუ არამატერიალური პროდუქტებით ვაჭრობა, რომელსაც მეორენაირად ,,არახილულ ვაჭრობას’’ უწოდებენ.
უცხოური ინვესტიციები ითვალისწინებს უცხოეთში საკუთრების ფლობას ფინანსური მოგების მიღების მიზნით. აღნიშნული საერთაშორისო ბიზნესის ფორმებიდან იგი წარმოადგენს ყველაზე მარტივ ფორმას, სწორედ ამის გამო მან დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰპოვა. უცხოური ინვესტიციები ნიშნავს ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ კაპიტალის გადაცემას მეორე ქვეყნის რეზიდენტისთვის გამოყენების მიზნით. უცხოური ინვესტიციები იყოფა ორ ჯგუფად, ესენია: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და პორტფელური ინვესტიციები. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გამოიყენება სხვა ქვეყანაში მთლიანი კომპანიის შესაძენად და რეალური კონტროლის განსახორციელებლად. პორტფელური ინვესტიციები კი, გამოიყენება უცხოური ფინანსური აქტივების შესაძენად და არ არის ორიენტირებული სრული კონტროლის მოპოვებაზე. პორტფელურ ინვესტიციებს მიეკუთვნება: აქციები, ობლიგაციები და დეპოზიტური სერთიფიკატები.
ლიცენზირება კი, წარმოადგენს საერთაშორისო ბიზნესის ერთ-ერთ ფორმას, რომლის დროსაც ერთ ქვეყანაში არსებული კომპანია აძლევს ლიცენზიას მეორე ქვეყნის კომპანიას თავისი არამატერიალური აქტივების გამოყენებაზე გარკვეული თანხის სანაცვლოდ. ასეთ არამატერიალურ აქტიივს განეკუთვნება: სავაჭრო მარკა, პატენტი, საავტორო უფლება და სხვა.[2]
ლიცენზირების განსაკუთრებული ფორმაა ფრენჩაიზინგი. ფრენჩაიზინგი ინგლისური სიტყვაა და პრივილეგიას ნიშნავს. ფრენჩაიზინგის დროს ერთ ქვეყანაში არსებული კომპანია ანუ ფრენჩაიზერი გადასცემს მეორე ქვეყანაში არსებულ კომპანიას ნებართვას თავისი ბრენდის, ტექნოლოოგის გამოყენებაზე და ახდევინებს გარკვეულ საფასურს. ფრენჩაიზინგის განმახორციელებელი საერთაშორისო კომპანიები არიან მაგალითად: McDonald’s, wendy’s, , Dunkin’donats და ა.შ.
Covid 19-ის გავლენა საერთაშორისო ბიზნესზე
2020 წლის დასაწყისში გაჩენილ პანდემიას 2.4 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ვირუსის გავრცელება ჯერ კიდევ არ შენელებულა და ახლა მსოფლიო ინფიცირების ,,მეორე ტალღა’’ ვრცელდება. მიუხედავად რთული გამოწვევებისა, რომლებმაც მძიმე გავლენა იქონიეს მსოფლიო ეკონომიკაზე ზაფხული შედარებით მსუბუქი აღმოჩდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც. სანამ ქვეყნები საზღვრებს ხელახლა ჩაკეტავდნენ, წინა პერიოდთან შედარებით, მესამე კვარტლის მონაცემები უფრო პოზიტიური იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკის -4.4%-ით შემცირებას პროგნოზირებდა. აღნიშნული ივნისში გამოთქმული ვარაუდის ფონზე უფრო პოზიტიურია. ამის მთავარი მიზეზი შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკის სწრფი აღდგენოს ტენდეცია გახდა.[3]
მიუხდავად იმისა, რომ ვაქცინების ბოლოდროინდელმა დამტკიცებებმა 2020 წლის ბოლოს პანდემიაში გარდამტეხი იმედი გააჩინა, მაინც არსებობს ვირუსის განახლებული ტალღები და ახალი ვარიანტები, რის ფონზეც ჯერ კიდევ გაურკვეველია სამომავლო პროცესები. აღსანიშნავია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა გაიზრდება 5.5%-ით, ხოლო 2022 წლისთვის 4.2%-ით. პროგნოზი ქმნის პოზიტიურ მოლოდინებს მსოფლიო ვაჭრობასთან მიმართებაშიც.[4]
საგარეო ვაჭრობის აღდგენა დაიწყო 2020 წლის ივნისში, მაშინ როცა მოიხსნა შეზღუდვები. მსოფლიო ვაჭრობის აღდგენაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩინეთმა, სადაც ექსპორტი გასული წლის დასაწყისში მკვეთრი ვარდნის შემდეგ, მნიშვნელოვნად აღდგა ეკონომიკის განახლებასა და სამედიცინო პროდუქტზე საერთაშორისო მოთხოვნის ზრდასთან ერთად. თუმცა მსოფლიო ვაჭრობის მაჩვენებელი წლის დასაწყისთან შედარებით საგრძნობლად დაბალია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით 2020 წელს მსოფლიო ვაჭრობა 10-%-ით შემცირდება, ისევე როგორც 2009 წლის ფინანსური კრიზისის შედეგად მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ უკლებლივ ყველა ქვეყნის ექსპორტი და იმპორტი შემცირდა, ზარალი არათანაბრად განაწილდა. ქვეყნებისთვის, რომელთა ეკონომიკაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ტურიზმის სექტორს შეაქვს, პროგნოზი მეტად პესიმისტურია, რასაც ერთი მხრივ, საერთაშორისო მგზავრობის შეზღუდვები განაპირობებს, ხოლო მეორე მხრივ მომხმარებლებში ვირუსით დაინფიცირების შიში. [5]
Covid 19-ის მიერ მსოფლიო ეკონომიკასათვის მიყენებული ზიანის აღრიცხვა ჯერ კიდევ რთულია რადგან ვირუსი დღემდე სწრაფად ვრცელდება ზოგიერთ ქვეყანაში.
Covid 19-მა დიდი გავლენა იქონია მსოფლიო ეკონომიკის სხვადასხვა დარგებზე, როგორიცაა:
- ტურიზმი;
- საფინანსო სექტორი;
- გადამამუშავებელი მრეწველობა;
- საცალო ვაჭრობა;
- გართობა და დასვენება; [4]
კორონა ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ დააწესა შეზღუდვები ერთად თავმოყრილი ადამიანების რაოდენობის შესახებ. აღნიშნულმა შეზღუდვებმა გავლენა იქონია ისეთ სუბიექტებზე, როგორიცაა კაფე-რესტორნები, სწრაფი კვება, სპორტული დარბაზები, და ა.შ. განსაკუთრებით საინტერესოა ამ მხრივ სწრაფი კვების ობიექტები, რადგან ვირუსმა ჩვენ კვებით ქცევაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. მეტიც, ადამიანები იმაზე მეტად გახდნენ დამოკიდებულები საკვებზე, ვიდრე ეს აქამდე იყო. შესაბამისად გაიზარდა საკვებზე მოთხოვნა და მიწოდებაც ადეკვატური უნდა ყოფილიყო. ამ მხრივ საინტერესოა McDonald’s-ის ქეისი, რადგანაც აღნიშნული კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არის წარმოდგენილი. ეპიდ სიტუაციიდან გამომდინარე კომპანიები იძულებულნი გახდნენ ერთგული მომხმარებლების შენარჩუნების მიზნით მორგებოდნენ არსებულ რეალობას და შეეთავაზებინათ იგივე პროდუქტი განსხვავებული მიწოდების გზით. იმისთვის, რომ კომპანიებმა შეინარჩუნონ თავიანთი მომხმარებლები საჭიროა ქონდეთ კომუნიკაცია მათთან, ამისთვის უნდა გამოიყენონ ყველა საკომუნიკაციო არხი, სოციალური მედიაც კი, როგორიცაა მაგალითად: facebook და instagram.
McDonald’s ანალიზი
იმისთვის, რომ უკეთ დავინახოთ, თუ როგორ იმოქმედა Covid 19-მა საერთაშორისო ვაჭრობაზე, ამისთვის განვიხილავ McDonald’s-ის შემთხვევას. დავიწყებ იმით, რომ კომპანია მსოფლიოში ყველაზე მსხვილი სწრაფი კვების რესტორნების ქსელია, რომლის ცენტრალური ოფისი მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის დაარსდა 1940 წლის 5 მაისს, მისი დამფუძნებლები არია ძმები დიკ და მაკ მაკდონალდები. პირველი მაკდონალდსი გაიხსნა კალიფორნიის შტატში, დღეს კი აღნიშნული კვების ობიექტი მსოფლიოს 118 ქვეყანაშია წარმოდგენილი. [6]
მაკდონალდსი ყურადღებით აკვირდება კორონა ვირუსის გავლენას იმ გარემოზე, სადაც კომპანიის თანამშრომლები და მომხმარებლები არაინ წარმოდგენილნი. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხოება, სწორედ ამიტომ Covid 19-ის გავრცელების სააწყის ეტაპზე გაამკაცრა უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ:
- გაიზარდა მაღალი შეხების წერტილების დასუფთავების გაწმენდისა და დეზინფექციის სიხშირე;
- თანამშრომლების ხელის დეზინფექცია ყოველ 15 წუთში ერთხელ ტარდება;
- ყოველი მომხმარებლის შემდეგ ხდება ინვეტარის დეზინფექცია;
- ყოველ 1 საათში დეზინფექცია უტარდება კარების სახელურს, სანაგვე ურნას, გადახდის ტერმინალებს და ონკანის საკეტებს;
- ყველა თანამშრომელს სამუშაო დღის დაწყებამდე უკონტროლდება ტემპერატურა;
ამრიგად, აღნიშნული ღონისძიებებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ McDonald’s მოქმედებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, იღებს თავის წილ სოციალურ პასუხისმგებლობას შექმნილ სიტუაციაში და ინფიცირების ფაქტის არსებობისთანავე აკეთებს განცხადებას.
მოგეხსენებათ, კორონა ვირუსის ინფიცირების შემთხვევები სწრაფი ტემპით იზრდება მსოფლიოში, შესაბამისად მაკდონალდსი ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩდა. მას მოუწია რესტორნებში სასადილო სივრცეების დახურვა, ამის საპასუხოდ მან ერთგუულ მომხმარებლებს შესთავაზა: McDelivery, Drive thru, მობილური აპლიკაციით შეკვეთა და უკონტაქტო გადახდა, რომლის საშუალებითაც, კომპანია ცდილობს წარმატებით განაგრძოს ბაზარზე ოპერირება და შეინარჩუნოს მომხმარებლების კეთილგანწობა. [4]
McDonald’s კვარტალში ერთხელ აქვეყნებს ფინანსურ მონაცემებს. გამოქვეყნებული ფინანსური მონაცემების ანალიზიდან ნათლად ჩანს რომ, მიუხედავად განხორცილებული ღონძიებებებისა კორონა ვირუსმა კომპანიის შემოსავლებზე და მოგებაზე გარკვეულ წილად მაინც მოახდინა გავლენა რამაც აღნიშნული მონაცემების შემცირება გამოიწვია.
კომპანიის შემოსავლად განისაზღვრება თანხის ოდენობა, რომელსაც იღებს მომხმარებლებისგან საქონლის ან მომსახურების გაყიდვის სანაცვლოდ. მთლიანი მოგება კი, განისაზღვრება, როგორც კომპანიის მიერ მიღებულ მოგებას გამოკლებული ცვლადი დანახარჯები, რაც პირდაპირ უკავშირდება მისი პროდუქციის დამზადებასა და გაყიდვას ან მის მომსახურებას.
ცხრილი 1: McDonald’s შემოსავალი და მოგება 2019-2020 წლები
თარიღი | შემოსავალი ( აშშ დოლარი) | მოგება (აშშ დოლარი) |
31/12/2020 | 5 314 000 000 | 2 780 000 000 |
30/09/2020 | 5 418 000 000 | 2 905 000 000 |
30/06/2020 | 3 762 000 000 | 1 725 000 000 |
31/03/2020 | 4 714 000 000 | 2 342 000 000 |
31/12/2019 | 5 140 000 000 | 2 804 000 000 |
30/09/2019 | 5 502 000 000 | 2 918 000 000 |
30/06/2019 | 5 410 000 000 | 2 843 000 000 |
31/03/2019 | 5 024 000 000 | 2 552 000 000 |
წყარო: [7]
ცხრილში 1. წარმოდგენილია 2019-2020 წლების McDonald’s-ის შემოსავლები და მოგება კვარტალურად, რომლის მიხედვითაც 2020 წლის პირველ კვარტალში კომპანიის მოგება და შემოსავალი შემცირდა 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით.
2020 წლის დასრულებული კვარტლისთვის კომპანიის შემოსავალმა შეადგინა 5 314 მლრდ აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 3,38%-ით მეტია. ამავე პერიოდისთვის კომპანიის შემოსავალი თორმეტი თვის განმავლობაში 19 208 მლრდ აშშ დოლარია, აღნიშნული მაჩნებელი წინა წლის ანალოგიურ მაჩვნებელთან შედარებით 8.87%-ით შემცირებული. [8]
2020 წლის ბოლო კვარტლის მონაცემებით კომპანიის მოგება შეადგენდა 2 780 მლრდ აშშ დოლარს 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებელი კი, 2 804 მლრდ აშშ დოლარია. 0.83%-იანი შემცირების ტენდენცია აღენიშნება კომპანიას, ასევე შემცირებულია 2020 წლის თორმეტი თვის განმავლობაში მიღებული მთლიანი მოგება, რომელიც 9 752 მლრდ აშშ დოლარია, 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 12.26%-ით. [9]
დიაგრამა 1. ასახავს ბოლო 10 წლის განმავლობაში მაკდონალდის მიერ მიღებულ კვარტალურ შემოსავალს. კომპანიამ ბოლო 2 წლის განმავლობაში მაქსიამლური შემოსავალი მიიღო 2019 წლის სექტემბერში, ხოლო მინიმალური შემოსავალი ფიქსირდება 2020 წლის ივნისში.
დიაგრამა 1: McDonald’s შემოსავალი კვარტალურად (2011-2020 წლები)
წყარო: https://www.macrotrends.net/stocks/charts/MCD/mcdonalds/income-statement?freq=Q
McDonald’s-ის მოგება ისევე როგორც შემოსავლები 2019 წლის მესამე კვარტლამდე იზრდებოდა, შემდეგ კი შემცირება დაიწყო. სექტემბრის ბოლოდან დეკემბრის ჩათვლით მოგება შემცირდა 72 მილიონი დოლარით, დაახლოებით 2%-ით. 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს თუ შევადარებთ 2020 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს ვნახავთ რომ მოგება შემცირდა 8%-ით, რაც საერთო ჯამში 210 000 000 დოლარია.
ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მაკდონალდსის წლიურმა შემოსავალმა 2020 წლისთვის შეადგინა 19 208 მილიარდი დოლარი, რაც 8.87%-ით შემცირებულია 2019 წელთან შედარებით. [7]
მსოფლიო პანდემიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა მაკდონალდსის ბიზნესი და ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. არსებული მომენტისთვის კი, კომპანია ცდილობს წარმატებით განაგრძოს პოზიციონირება ბაზარზე. ამ დროისთვის მსოფლიოს მაშტაბით რესტორნების 75% ფუნქციონირებს და მომხმარბელებს შეუფერხებლად ემსახურება, ის განუწყვეტლივ აწარმოებს მოლაპარაკაბებს თავის მომწოდებლებთან და ჯერ-ჯერობით მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს.
დასკვნა
ამრიგად, ვისაუბრე საერთაშორისო ბიზნესის არსზე და გარემოზე, რომლის პირობებშიც ხორციელდება საერთაშორისო ვაჭრობა. დავახასიათე საერთაშორისო ბიზნესის ფორმები და განსხვავებები შიდა ვაჭრობასა და გარე ვაჭრობას შორის. ყურადღება გავამახვილე დღესდღეობით ყველაზე აქტუალურ და მწვავე პრობლემაზე, რომელის წინაშეც აღმოჩდა მსოფლიოს საერთაშორისო კომპანიები და ორგანიზაციები. მაგალითის სახით, განვიხილე McDonald’s კომპანია, რადგან აღნიშნული კვების ობიექტი მსოფლიოს 118 ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანიის შემოსავლები პანდემიის პირობებში შემცირებულია, თუმცა აუცილებელია ფეხი აუწყოს მიმდინარე მოვლენებს, რათა არ ჩამორჩეს პროგრესს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძლიერი წინააღობები მნიშვნელოვანია სხვა კომპანიებმაც მიბაძონ მას, შეინარჩუნონ საკუთარი სტანდარტი და ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.
გამოყენებული წყაროები:
- შენგელია თ. საერთაშორისო ბიზნესი, გამომცემლობა უნივერსალი
- ქათამაძე დ. საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის საფუძვლები, გამომცემლობა „უნივერსალი“ თბილისი 2009
- https://openscience.ge/bitstream/1/2074/1/Lali%20Kalmakhelidze%20Samagistro.pdf
- საერთაშორისო სავალუტო ფონდი – ,,World Economic Outlook Update, January 2021: Policy Support and Vaccines Expected to Lift Activity’’. იხ: https://www.imf.org/en/Publications/WEO/
- https://eprc.ge/uploads/brosh/COVID__fin-geo.pdf
- https://www.mcdonalds.com/us/en-us.html
- https://www.macrotrends.net/stocks/charts/MCD/mcdonalds/income-statement?freq=Q
- https://www.macrotrends.net/stocks/charts/MCD/mcdonalds/revenue
- https://www.macrotrends.net/stocks/charts/MCD/mcdonalds/gross-profit
- https://ukbut.ru/ka/profil-mezhdunarodnyi-biznes-mezhdunarodnyi-biznes-obshchaya-harakteristika.html