აგრობიზნესი, როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარების ფაქტორი

ავტორის სტილი დაცულია

ეკატერინე გოგიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის III კურსის სტუდენტი
gogiashviliekaterine@gmail.com

ანოტაცია
აგრობიზნესის სექტორის განვითარების როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, არც საქართველოა ამ მხრივ გამონაკლისი. მოცემულ სტატიაში ვისაუბრებ ჩვენს ქვეყანაში აგრარული სექტორის განვითარების თავისებურებებზე, გლობალიზაციის პროცესის გავლენასა და ჩამორჩენილობის სხვადასხვა მიზეზებზე. გარდა ამისა, შევეხები სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ განვითარების სტრატეგიას. და ბოლოს, განვიხილავ მსოფლიოში არსებული პანდემიით გამოწვეულ შედეგებს საქართველოს აგრობიზნესში.

Annotation

The role of the development of the agrobusiness sector in the development of the country’s economy is quite important, definitely, Georgia is no exception. In this article I will talk about the peculiarities of the development of the agricultural sector in our country, the impact of the globalization process and the various reasons for slippage. In addition, I will touch upon the development strategy developed by the state. Finally, I will discuss the consequences of the existing word pandemic in Georgian agrobusiness.

შესავალი

უპირველეს ყოვლისა განვსაზღვროთ თუ რა არის სოფელი? სასოფლო ადგილი ან მოკლედ სოფელი წარმოადგენს დასახლებულ პუნქტს ქალაქების გარეშე. თანამედროვე მსოფლიოში არსებობს ორი ტიპის სოფლის მეურნებობა: განვითარებული ქვეყნების და განვითარებადი ქვეყნების აგრარული სექტორი. სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულია მსოფლიო მოსახლეობის 40-45%, ამასთან განვითარებულ ქვეეყნებში ეს მაჩვენებელი არ აღემატება 5-6%-ს. განვითარებული ქვეყნების აგრარული სექტორისთვის დამახასიათებელია: მაღალინტენსიური საქონლური სოფლის მეურნეობა, რომელიც იყენებს არა მხოლოდ მექანიზაციისა და ქიმიზაციის, არამედ ავტომატიზაციის მთელ არსენალს: სელექციის, გენეტიკის, ბიოტექნოლოგიის უახლეს მიღწევებს, რაც განაპირობებს შრომის მაღალმწარმოებლურობას, რომელიც უტოლდება მრეწველობაში არსებულ შრომის ნაყოფიერებას. აქ ფერმერთა მცირე რაოდენობა არჩენს მთელ ქვეყანას. ფერმერთა ფუნქციონიების პრინციპი თითქმის შეესაბარემა ფირმათა ფუნქციონირების პრინციპებს.
განვითარებადი ქვეყნებისათვის კი დამახასიათებელია დაბალგანვითარებული აგრარული სექტორი, სადაც ჭარბობს ტრადიციული (ნატურალური) მომხმარებლური სოფლის მეურნეობა, დიდრიცხოვანი ფერმებით, სადაც ადგილი აქვს დალამექანიზებულ წარმოებას, რომელიც ემყარება ისევ პრიმიტიული იარაღების გამოყენებას, რომელიც განაპირობებს შრომის დაბალნაყოფიერებას. განვითარებულ ქვეყნებში სოფლად არსებობს მაღალხარისხოვანი ინფრასტრუქტურა, რაც განაპირობებს ზღვრის წაშლას ქალაქსა და სოფელს შორის. განვითარებად ქვეყნებში კი მდგომარეობა სრულიად საპირისპიროა. მოსახლეობის დიდი რაოდენობა ცხოვრობს ანტისანიტარიის, წყლის, ბუნებრივი აირის და ა.შ უქონლობის პირობებში. ჯერ-ჯერობით დაბალია სოფლის განვითარების დონე ზოგიერთ პოსტ-საბჭოთა ქვეყანაშიც, მათ შორის საქართველოშიც. [1]

ჩამორჩენილობის მიზეზები/გლობალიზაციის პროცესის შედეგები

გლობალიზაციის პროცესი გავლენას ახდენს ეროვნული ეკონომიკის ყველა სფეროსა და ყველა დარგის განვითარებაზე. ქვეყნის ცალკეულ დარგებში მოქმედი კომპანიები, საქონლისა და მომსახურების წარმოების და განაწილების ეფექტიანობის დონით, განსაზღვრავენ ეროვნული ეკონომიკის კონკურენტულ უპირატესობებს.
ზოგადად, ეკონომიკის განვითარება მხოლოდ ერთი კონკრეტული დარგის განვითარების ხელშეწყობით ვერ მიიღწევა. საჭიროა ამ საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა და ეკონომიკის განვითარების დარგთაშორისი სტრატეგიის შემუშავების საფუძველზე სინერგიულობის ეფექტის მიღწევა, რაც გულისხმობს არსებული რესურსების რაციონალურ გამოყენებას და ამგვარად მაღალი დამატებული ღირებულების საქონლისა და მომსახურების წარმოებას. [1]
ამის მიუხედავად, საქართველოში სოფლის მეურნეობა ყველა მთავრობისთვის პრიორიტეტული იყო და ყველა მთავრობაში შედიოდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც დარგის განვითარებაზე მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავდა.  პოლიტიკოსები და არამარტო პოლიტიკოსები ქვეყნის ეკონომიკის გაზრდის მთავარ წყაროდ სოფლის მეურნეობას ხშირად ასახელებენ, თუმცა რეალობა საპირისპიროა.
1998 წელს სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს ეკონომიკაში 28% იყო, 2008 წელს – 9.4%, ხოლო 2018 წელს კი 8%. (2018 წლის პირველი ნახევრის მიხედვით).
2013 წლიდან სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო მნიშვნელოვან სფეროდ გამოცხადდა და მეტად დაფინანსდა, ვიდრე 2012 წლამდე. განსაკუთრებით პრუდუქტიული აღმოჩნდა უფასო ხვნა-თესვის პროგრამა, რამაც 2013 წელს სექტორის 11.3%-იანი ზრდა გამოიწვია. ასევე აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან რუსეთმა სოფლის მეურნეობის ნაწარმზე ემბარგო მოგვიხსნა. თუმცა ამის შემდგომ, 2014-2015 წლებში, ზრდის ტემპი 1.5%-მდე შემცირდა, 2017-2018 წლებში კი ზრდის ნაცვლად სექტორი დაახლოებით წლიურ 3%-იან კლებას განიცდიდა. 2016 წლის შემდეგ წარმოებული პროდუქცია დაახლოებით 100 მლნ ლარით შემცირდა. შემცირდა როგორც ნათესი ფართობები, ასევე პირუტყვის სულადობა.
 საინტერესოა, თუ რამ გამოიწვია ეს კლება. ამ კითხვაზე პასუხი ხელისუფლების არასწორი ეკონომიკურ პოლიტიკაა. მაგალითად:

1. სოფლის მეურნეობის სუბსიდირებისთვის, მთავრობა ზედმეტ გადასახადს ახდევინებს იმ დარგებს, რომლებსაც სოფლის მოსახლეობის ნაწილი უნდა დაესაქმებინა;
2. სოფელში ცხოვრება მეტად არის სუბსიდირებული, ვიდრე ქალაქში ცხოვრება. პრობლემის მოსაგვარებლად მეტი ურბანიზაციაა საჭირო, მაგრამ მთავრობა პირიქით ხელს უწყობს ურბანიზაციის შეფერხებას.
3. უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვამ შეაფერხა დარგში ინვესტიციების, ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების შემოსვლა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, აზრთა სხვადასხვაობაა.
4. ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, რომელიც აგრარულ სექტორს ახასიათებს ეს არის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების სიმცირე. აგრარული სექტორი არ არის მიჩნეული პრესტიჟულ სექტორად, ამიტომ ხარისხიანი განათლების მიღების ალბათობაც მცირეა.
5. სოფლის მეურნეობის (და არა მარტო) განვითარების პოლიტიკას ერთი ფაქტორი განსაზღვრავს – თუ რა მიდგომა მოუტანს უფრო მეტ ხმას არჩევნებზე მმართველ პარტიას. სოფლის მეურნეობა, როგორც ეკონომიკის სექტორი, ეწირება სოციალურად პოპულისტურ და ყალბ ნაციონალისტურ მიდგომებს. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ სოფელიც იცლება და ქალაქიც, ემიგრაციის გამო ქვეყნის მოსახლეობა ბოლო 20 წელიწადში 1.5 მილიონი კაცით შემცირდა.  [3]
თანამედროვე ეტაპზე ხორციელდება მნიშვნელოვანი აგროპროექტები რომლებიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და ორიენტირებულნი არიან დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდაზე, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, კერძოდ: [5]
1. პროექტი „დანერგე მომავალი“. ემსახურება მრავალწლოვანი ბაღებისა და სანერგე მეურნეობების დაფინანსებას.
2. „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის“ მიზნებია: საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.
3. „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ მიზნებია: პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის, არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების, მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა.
4. „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის მიზანია ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება.
5. „აგროდაზღვევა“. ეს პროექტი მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.
6. „აწარმოე საქართველოში“ პროექტის მიზნებია: წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარების, ახალი საწარმოების შექმნის და არსებულის გაფართოების ხელშეწყობა; ,,აწარმოე საქართველოში” სახელმწიფო პროგრამის განხორციელებით მიღწეული შედეგები პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მხოლოდ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდა 170-მდე პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიცია 400 მილიონ ლარამდეა. პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით 100 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა,  მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში გადამზადებულია 9000-მდე ბენეფიციარი,თანადაფინანსება მიიღო 5000-მდე ბენეფიციარმა და შეიქმნა 5 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი სოფლად. [5]
ზემოთ ჩამოთვლილი პროექტების წარმატებით განხორციელება გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითრებას, საკუთარი მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფას, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას და ეროვნულ უსაფრთხოებას; გარდა ამისა, გამოიწვევს ტექნოლოგიურად დაკავშირებული სექტორების განვითარებას, წაახალისებს გლეხებს იმპორტჩანაცვლებადი სასოფლო – სამეურნეო პროდუქციის საწარმოებლად, რაც დადებითად აისახება მათ შემოსავლებზე და შეამცირებს ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას.

ექსპორტ-იმპორტის თავისებურებები

ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს საექსპორტო დანიშნულების პროდუქციის წარმოება და როგორც ძველ ტრადიციულ ბაზარზე პოზიციების აღდგენა, ასევე გასაღების ახალი ბაზრების მოძებნა. სოფლის მეურნეობის პროდუქტების სხვადასხვა კატეგორიის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია:

  •  ღვინო, არაალკოჰოლური და სპირტიანი სასმელები: ევროკავშირის ქვეყნებიდან ნიდერლანდები, საფრანგეთი, პოლონეთი, ლატვია და ლიტვა, ხოლო დსთ-ს ქვეყნებიდან – რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი;
  • თხილი და კაკალი: ევროკავშირის ქვეყნებიდან იტალია, გერმანია, ესპანეთი და ჩეხეთი, ხოლო დსთ-ს ქვეყნებიდან – რუსეთი და უკრაინა;
  • ხილის და ბოსტნეულის კონსერვები: გერმანია, ავსტრია, სლოვაკეთი;
  •  ხილის და ბოსტნეულის წვენები: გერმანია და საბერძნეთი;
  •  თხილის ფქვილი: გერმანია, საფრანგეთი;
  •  ციტრუსი: დსთ-ს ქვეყნებიდან რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი;
  • მსხვილფეხა და წვრილფეხა ცოცხალი პირუტყვი: აზერბაიჯანი, ლიბანი, საუდის არაბეთი.

სოფლის მეურნეობა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უფრო მგრძნობიარე დარგი, ერთნაირად მოითხოვს მომხმარებლის, მწარმოებლის, ფერმერის, მეცნიერის, მკვლევარისა თუ სახელმწიფოს ერთობლივ ძალისხმევასა და მხარდაჭერას. ცალსახაა, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა მაინც სახელმწიფოს ენიჭება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მცირე ბაზარი გააჩნია, უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში არსებობდეს მაქსიმალურად გააზრებული მიდგომა სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებით. საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი სოფლად ცხოვრობს, თუმცა ამ სექტორში წარმოებული პროდუქციის წილი, ქვეყნის მშპ-ში მცირეა და შიდა მოთხოვნა მხოლოდ მეხუთედით არის დაკმაყოფილებული. [4]

გრაფიკი #1.

წყარო: საქსტატ

მემცენარეობა და მეცხოველეობა

მემცენარეობა ორ ძირითად ნაწილად იყოფა: ა) ერთწლიანი კულტურების და ბ) მრავალწლიანი კულტურების წარმოებად. ერთწლიანი კულტურები მარცვლეულის, ბოსტნეულის და ბაღჩეულის (საზამთრო, ნესვი, გოგრა) წარმოებას მოიცავს. 2012 წელს საქართველოში მარცვლეულის მოსავალი 370 ათასი ტონა იყო, რაც 6 ათასი ტონით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე. მოსავალმა მაქსიმუმს – 483 ათას ტონას 2013 წელს მიაღწია, ყველაზე ნაკლები მოსავალი კი – 288 ათასი ტონა 2017 წელს იყო. საქართველოში ძირითადი მარცვლეული კულტურები სიმინდი და ხორბალია. 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს ხორბლის მოსავალი 33%-ით არის გაზრდილი, თუმცა ჩამორჩება 2015-2016 წლების მაჩვენებელს. რაც შეეხება სიმინდის მოსავალს, 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს იგი 27%-ით შემცირდა. 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, ხორბლის და სიმინდის მოსავალი გაიზარდა.

გრაფიკი #2.

წყარო: საქსტატი


საქართველოში ბოსტნეულიდან ყველაზე მეტად მოხმარებადი კარტოფილი და პომიდორია. წონის მიხედვით საქართველოში მოყვანილი ბოსტნეულის ნახევარზე მეტი კარტოფილზე მოდის. 2018 წელს საქართველოში 238 ათასი ტონა კარტოფილი მოიყვანეს, რაც 5%-ით ნაკლებია 2012 წლის მაჩვენებელზე. 2017 წელთან შედარებით, კარტოფილის მოსავალი 32%-ით არის გაზრდილი, მაგრამ 2013 და 2016 წლების მაჩვენებელს კვლავ ჩამორჩება. კარტოფილის მოსავლის 62% სამცხე-ჯავახეთზე მოდის, ხოლო 20% – ქვემო ქართლზე. შემცირების ტენდენცია აქვს პომიდვრის, კომბოსტოს, ხახვის და დანარჩენი ბოსტნეულის (ლობიო, ნიორი, სტაფილო, წიწაკა და ა.შ.) მოსავალს. ზრდა მხოლოდ კიტრის მოყვანაში არის.

გრაფიკი #3.

წყარო: საქსტატი

მეცხოველეობა: 2018 წლის ბოლოს საქართველოში ფერმერულ და საოჯახო მეურნეობებს ჯამში 912 ათასი პირუტყვი (მსხვილფეხა რქოსანი, ღორი, ცხვარი და თხა) ჰყავდათ. ეს რაოდენობა 2012 წლის მაჩვენებელზე 8%-ით, ხოლო 2014 წლის მაჩვენებელზე 7%-ით ნაკლებია. 2012 წელთან შედარებით, კლებაა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის რაოდენობაში, ხოლო ცხვრის და თხის რაოდენობა გაზრდილია. 2014 წელთან შედარებით კი, სამივეს რაოდენობები შემცირებულია ჯამში 148 ათასი სულით. 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს მხოლოდ ღორის რაოდენობაა გაზრდილი 13 ათასი სულით, დანარჩენის რაოდენობა კი 141 ათასი სულითაა შემცირებული. უკვე ცნობილია 2019 წლის პირველი ნახევრის მონაცემებიც, რომლის მიხედვით, ივნისის ბოლოს  188 ათასი სული პირუტყვი იყო საქართველოში, რაც 3.3%-ით ნაკლებია 2018 წლის ივნისის ბოლოს არსებულ რაოდენობაზე. კლება სამივე სახეობის ცხოველების შემთხვევაში აღინიშნება.
2012 წელთან შედარებით, 2018 წელს 32%-ით არის გაზრდილი ფრინველის რაოდენობა.
თუმცა, 2015 წლის შემდეგ ფრინველის რაოდენობის კლების ტენდენციაა. მაგალითად,
2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, წარმოება 198 ათასი ფრთით შემცირდა და
111 ათასი ფრთა შეადგინა. ფრინველების რაოდენობის კლება გაგრძელდა 2019 წელსაც. წლის პირველ ნახევარში, 2018 წლის პირველ ნახევართან შედარებით, ფრინველების რაოდენობა 5%-ით – 497 ათასი ფრთით შემცირდა. [5]

გრაფიკი #4

წყარო: საქსტატი

2015-2020 წლის სტრატეგია


საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და მიზნობრივი გამოყენება ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, დადებითი შედეგის მიღწევის უპირველესი გარანტია იქნება მკაფიოდ განსაზღვრული, კონკურენტუნარიანი წარმოებისკენ მიმართული აგრარული პოლიტიკის შემუშავება და ეკონომიკის ამ სექტორში ფინანსური რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა. ამავე დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის საკითხი, რაც საქართველოს მთავრობის, კერძოდ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ძირითადი ვალდებულებაა. [6]
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ფერმერებისა და სოფლად დასაქმებულთა უნარებისა და შესაძლებლობების ამაღლება, რათა გაუმჯობესდეს სოფლის მეურნეობის დარგის პროდუქტიულობა და კონკურენტუნარიანობა. [6]
ამჟამად, ფერმერების უმეტესობა ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, მოძველებულ ტექნოლოგიებს იყენებს. მათთვის ხელმიუწვდომელია ინფორმაცია თანამედროვე აგროტექნოლოგიების შესახებ. სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, რომლებიც გააუმჯობესებენ ფერმერებთან კომუნიკაციას, განსაზღვრავენ პრიორიტეტებს და უზრუნველყოფენ შესაბამის მომსახურებას. სამუშაო პროცესისა და მომსახურების გასაუმჯობესებლად, მაქსიმალურად გაითვალისწინებენ ფერმერებისა და დაინტერესებული პირების საჭიროებებს.
სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს სოფლის, როგორც ტერიტორიული და სოციალური ერთეულის განვითარების აუცილებლობა. [6]
სოფლის განვითარება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მაგალითად, ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არასასოფლოსამეურნეო საქმიანობისთვისაა საჭირო, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობაზე, აქედან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვადასხვა უწყებასთან ერთად, ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის შედეგად, შეიმუშავა სოფლის განვითარების პოლიტიკა, სადაც გათვალისწინებულია ადგილობრივი, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული თავისებურებები. ჩამოყალიბდა ერთიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ეფუძნება მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში განსახორციელებელ ღონისძიებებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მაღალმთიანი და სასაზღვრო რეგიონების განვითარების სამოქმედო გეგმას. სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაციის ზონების გათვალისწინებით, შეიქმნა და განხორციელდა შესაბამისი დარგობრივი პროგრამები. ცხადია, საკუთრივ სოფლის მეურნეობა ვერ შეძლებდა სოფლად მცხოვრებთათვის საკმარისი რაოდენობით სამუშაო ადგილების შექმნას. ამიტომ, მთავრობა გეგმავს ხელი შეუწყოს სოფლად არასასოფლო საწარმოების განვითარების წახალისებას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მომსახურება, გადამმუშავებელი საწარმოები, აგროტურიზმი და სხვა. გამოვლინდება და გავრცელდება წარმატებული ინიციატივები რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეზე, ასევე გათვალისწინებული იქნება ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება ამ მიმართულებით. სოფლის მეურნეობის სამინისტრო თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ამ სქემების რეალიზებისათვის საჭირო ტექნიკური და ფინანსური პროგრამების შესამუშავებლად. თითოეული რეგიონისთვის ჩატარდა კაპიტალდაბანდების შესაძლებლობებისა და საწარმოო პრაქტიკის დეტალური კვლევა. კვლევის შედეგები ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული მხარისთვის, მათ შორის, პოტენციური ინვესტორებისათვის. პროცესების განვითარების შესაბამისად, კვლევები რეგულარულად განახლდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დარგობრივი და რეგიონალური პროგრამების შემუშავებას, რომლებშიც პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, გათვალისწინებული იქნება ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, ინსტიტუციური მოწყობის სრულყოფა, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, ისტორიულ-კულტურული თავისებურებები და სხვ. [6]

აგრობიზნესი პანდემიის პირობებში

საქართველოს მოქმედმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა: „პანდემიის პირობებში, სოფლის მეურნეობის დარგში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა რთველი 2020 და ყურძნის ჭარბი მოსავლის დაბინავება იყო. სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად, 280 ათასზე მეტი ტონა ყურძენი სრულად დაბინავდა. ღვინის საწარმოებს ყურძენი 25 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. მათ შემოსავლების სახით, 310 მლნ ლარამდე მიიღეს“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  რთველი 2020-ის სუბსიდირება განხორციელდა. ამით, ათასობით მევენახეს 1 კგ რქაწითელის 80 თეთრად რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცა. რომ არა სახელმწიფო სუბსიდია, ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ფერმერებს 1 კგ რქაწითელის გაყიდვა 50 თეთრად მოუწევდათ, რაც თვითღირებულების ხარჯებსაც ვერ დაფარავდა. ყურძნის სუბსიდირების თანხამ 51 მლნ ლარს მიაღწია.
სახელმწიფო საწარმოებმა მევენახეებისგან ჭარბი ყურძენიც შეისყიდა, რომელზეც კერძოს სექტორის მხრიდან მოთხოვნა არ იყო. ჯამში, 83 მლნ ლარის ღირებულების. რომ არა ეს მხარდაჭერა, 10 ათასამდე მევენახე ვერ შეძლებდა 94 ათასამდე ტონა ყურძნის რეალიზაციას. სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად, შესაძლებელი გახდა ბოლო 30 წლის რეკორდული, 280 ათასზე მეტი ტონა ყურძნის მოსავლის სრულად დაბინავება. ღვინის საწარმოებს ყურძენი 25 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. მათ შემოსავლების სახით, 310 მლნ ლარამდე მიიღეს. [4]გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უკანასკნელ წლებში ბაზრების დივერსიფიკაციის და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით გაწეული სამუშაოების შედეგად, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, საქართველოდან შეუფერხებლად ხორციელდება ქართული აგრარული პროდუქციის ექსპორტი, მათ შორის:

2020 წლის 1 აგვისტოდან 13 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა:

  • 25 287 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი (1 მაისიდან), რომლის ღირებულებამ 21.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; 
  •  6 739 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 2.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 
  • 12 664 ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 65.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 
  • 10 834 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 5.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 სექტემბრიდან). 
  • 16 062 ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 7.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 სექტემბრიდან). 
  • 674 ტონა მოცვის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 3.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 ივნისიდან) [4]

დასკვნა

საბოლოო ჯამში უნდა აღინიშნოს, რომ აგრობიზნესის განვითარების პროცესში სახელმწიფო დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიღებს სასურველ შედეგს, როდესაც მთლიანად ეკონომიკაში გატარებული იქნება სწორი პოლიტიკა. ძლიერი სოფელი წარმატების საწინდარია, მაგრამ სოფლის მეურნეობის წარმატებული განვითარებისთვის აუცილებელია მთლიანად ეკონომიკის განვითარება, განსაკუთრებით მრეწველობის დარგის. აგრობიზნესის მაღალ დონეზე განვითარება სპეციალიზებულ ცოდნას მოითხოვს, ამიტომ სახელმწიფოს ვალია შექმნას პერსპექტიული გარემო ახალგაზრდებისთვის, რათა მათ გაუჩნდეთ სურვილი და მოტივაცია, რომ მიიღონ შესაბამისი განათლება, ჩაერთონ სხვადასხვა პროექტებში ან დაარსონ საკუთარი მცირე ბიზნესი ამ დარგში. აღსანიშნავია ისიც რომ სოფლის განვითარებასთან ერთად სულ უფრო მცირე რაოდენობის მუშახელი ხდება საჭირო ამ სფეროში, რის გამოც აუცილებელია არსებობდეს ალტერნატივა ამ მუშახელისათვის მრეწველობის დარგში. ეფექტური სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ ალტერნატივას და საბოლოოდ ერთობლივი ძალებით, მიიღწევა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაღალი დონე.


გამოყენებული რესურსები:

1. „ეკონომიკური განვითარება“ -რამაზ აბესაძე. (მესამე გამოცემა).
2. https://www.geostat.ge/media/19569/SPAERS.pdf
3. https://forbes.ge/news/5143/ratom-ver-viTardeba-soflis-meurneoba
4. https://mepa.gov.ge/Ge/News/Details/20179
5. https://transparency.ge/ge/post/sakartvelos-soplis-meurneobis-sektorshi-2012-2019-clebshi-arsebuli-ziritadi-tendenciebi
6. საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015 – 2020 წწ.pdf