არაფორმალური დასაქმება საქართველოში და მასთან დაკავშირებული გამოწვევები
ავტორის სტილი დაცულია
ქრისტინე გიორგაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
ანოტაცია
სტატიის შესავალში საუბარია არაფორმალური საქმიანობის სახეობებზე საქართველოში, თემის აქტუალურობასა და ზოგადად, მის როლზე ქვეყნის ეკონომიკისთვის. არაფორმალური დასაქმება მიმოხილულია ორი მხრიდან- განხილულია, როგორც მისი დადებითი მხარეები, ასევე- მისით გამოწვეული ნეგატიური შედეგები. სტატიის ძირითადი ნაწილი ეთმობა არაფორმალური დასაქმების არსსა და მის მახასიათებლებს. შემდგომ, სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, საუბარია არაფორმალური დასაქმების მზარდ ტენდენციაზე საქართველოში. სტატიაში ასევე განხილულია არაფორმალური დასაქმების მაგალითი სავაჭრო სექტორში- აქ არსებული პრობლემები და გამოწვევები. თემას განსაკუთრებულ აქტუალურობას მატებს პანდემია და პოსტპანდემიური კრიზისი ეკონომიკაში, რაც ასევე განხილულია სტატიის მეორე ნახევარში. რეკომენდაციების ნაწილი ეთმობა პანდემიით განპირობებული გამოწვევების გადაჭრის გზებს. დასკვნით ნაწილში წარმოდგენილია სტატიის მიზანი და ავტორისეული დასკვნა.
Annotation
The introduction of the article talks about the types of informal activities in Georgia, the urgency of the topic and, in general, its role for the country’s economy. Informal employment is reviewed from two perspectives – both its pros and cons – as well as its negative consequences. The main part of the article is devoted to the essence of informal employment and its characteristics. Furthermore, based on various statistics, we are talking about the growing trend of informal employment in Georgia. The article also discusses the example of informal employment in the trade sector – the problems and challenges here. The topic is especially relevant in the pandemic and post-pandemic crisis of the economy, which is also discussed in the second half of the article. Part of the recommendations is devoted to ways to address the challenges posed by pandemics. The concluding section presents the purpose of the article and the author’s conclusion.
შესავალი
არაფორმალური დასაქმება მსოფლიო ეკონომიკისთვის უდიდესი გამოწვევაა. კვლევების თანახმად, მსოფლიოს დასაქმებული მოსახლების თითქმის 61% – თითქმის 2 მილიარდი ადამიანი – არაფორმალურ ეკონომიკაშია ჩაბმული. თუ განვითარებულ ქვეყნებში არაფორმალური სექტორის წილი დაახლოებით 25%-ია, განვითარებად და ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 65-85%-ია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შრომის ბაზრის 49.2% არაფორმალურ სექტორსა და თვითდასაქმებულებს უჭირავს. [1]
ქვეყანაში დამკვიდრდა არაფორმალური საქმიანობის ისეთი სახეობები, როგორებიცაა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები, საშუამავლო საქმიანობა, ოჯახებში დამლაგებლებად, აღმზრდელებად მუშაობა, წვრილი ხელოსნობა, რეპეტიტორობა, სამედიცინო მომსახურება, ქუჩის ვაჭრობა და სხვა.
ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა კოვიდ პანდემიის პირობებში, გამომდინარე იქედან, რომ ამ სფეროში დასაქმებულთა უდიდეს ნაწილს შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული შეზღუდვები და მათ დაკარგეს თავიანთი საარსებო საშუალება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ ადამიანების ნაწილსარ შეეხოთ მთავრობის მიერ გატარებული სოციალური პროგრამები, რომლებიც სამუშაოს გარეშე დარჩენილი ადამიანების ფულად დახმარებას ითვალისწინებდა.
არაფორმალურ სექტორს შეიძლება ორი მხრიდან შევხედოთ-ერთი მხრივ, საჯარო მოხელეები ცდილობენ, ებრძოლონ არაფორმალურ დასაქმებას ძირითადად იმიტომ, რომ არაფორმალური საქმიანობა ხშირ შემთხვევაში „რადარს“ მიღმა მიმდინარეობს და შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი ნეგატიური შედეგები. კონკურენცია ირღვევა, რადგან კომპანიები, რომლებიც არაფორმალურად ასაქმებენ მუშახელს, სარგებლობენ დაუმსახურებელი შედარებითი უპირატესობით. ამავდროულად, სახელმწიფო ბიუჯეტი იღებს მცირე საგადასახადო შემოსავალს, რადგან არაფორმალურად დასაქმებული ადამიანი მიიჩნევა უმუშევრად, რომელსაც არ აქვს შემოსავალი და განიხილება მატერიალური შეღავათის კანდიდატად.
მიუხედავად იმისა, რომ არაფორმალურ დასაქმების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბევრი კარგი მიზეზი გვაქვს, თვითონ ის ფაქტი, რომ ხშირ შემთხვევაში არაფორმალური დასაქმება არის არა არჩევანი, არამედ საჭიროება, მოითხოვს სიფრთხილესა და გააზრებულ მიდგომას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ არაფორმალური სექტორი არის ერთგვარი „ალტერნატიული (ან დამატებითი) უსაფრთხოების ქსელი“, რაც ზოგ შემთხვევაში ხელსაც კი უწყობს ადამიანური და ფინანსური კაპიტალის დაგროვებას, წმინდად რეპრესიული მიდგომის დანერგვას რეალურად შეიძლება უკუეფექტი ჰქონდეს, რადგან უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის პერსპექტივების განვითარებაზე და გაზრდის საჯარო მოხელეებსა და საჯარო ფინანსებზე არსებულ ზეწოლას. [2]
არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები ფაქტიურად არსად ირიცხებიან, თუმცა ყველამ კარგად ვიცით მათი არსებობის შესახებ. სწორედ ეს ადამიანები ქმნიან ქვეყნის მშპ-ს უდიდეს წილს. არაფორმალური სექტორი ყოველთვის არსებობდა, არსებობს და კვლავაც იარსებებს. მნიშვნელოვანია დაცული იყოს ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების უფლებები, შეიქმნას ინსპექტირების სამსახურები, მათი აღრიცხვის სისტემა და საკანონმდებლო ჩარჩო არფორმალური საქმიანობის რეგულირებისთვის.
არაფორმალური დასაქმების არსი და მისი მახასიათებლები
არაფორმალური სექტორი განისაზღვრება როგორც წვრილი სამეურნეო, სამეწარმეო ერთეულების მიერ განხორციელებული დამოუკიდებელი საქმიანობა საქონლის, მომსახურების წარმოებისა და რეალიზაციის მიზნით, სადაც ძირითადად გამოიყენება ოჯახის წევრებისა და მათ მიერ დაქირავებულ მომუშავეთა შრომა. ზოგადად, არაფორმალური დასაქმება უნდა განვიხილოთ, როგორც იმ დასაქმებულთა ოფიციალურად არარეგისტრირებული ეკონომიკური საქმიანობა, რომლებიც არ იხდიან კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს. დაქირავებული მომუშავეების დასაქმება ითვლება არაფორმალურად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი შრომითი ურთიერთობები პრაქტიკულად არ რეგულირდება (არ რეგისტრირდება) ეროვნული შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად, მათი შემოსავლები არ იბეგრება, მათზე არ ვრცელდება სოციალური დაცვის სისტემა და მთელი რიგი შეღავათები დასაქმების სფეროში.
საქართველოში არაფორმალური დასაქმების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია 2017 წლიდან ჩნდება. საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ:
- არაფორმალური დასაქმება ძირითადად მოიცავს შრომითი საქმიანობის რამდენიმე სფეროს. კერძოდ, საცალო ვაჭრობას, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს, ცალკეული სახეობის სამედიცინო და საგანმანათლებლო მომსახურებას;
- არაფორმალური დასაქმება უმთავრესად გამოხატულია თვითდასაქმებით, დაქირავებული შრომა გამოიყენება მხოლოდ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე;
- დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის აღნიშნული საქმიანობა საარსებო სახსრების მოპოვების საშუალებაა. არაფორმალური დასაქმება დამოუკიდებლობის გამოვლენის, მოქნილი შრომის რეჟიმით მუშაობის შესაძლებლობის, ან სოლიდური შემოსავლების უფრო იოლი გზით მიღების საშუალებას მხოლოდ დასაქმებულთა მცირე ნაწილისათვის წარმოადგენს;
არაფორმალური დასაქმება უმთავრესად მძიმე შრომას უკავშირდება. მომუშავენი ძირითადად არაპრესტიჟულ, არამიმზიდველ სამუშაოებს ასრულებენ და პროფესიული ზრდის პერსპექტივა არ აქვთ. [3]
არაფორმალური დასაქმება საქართველოში
საქართველოს, ისევე, როგორც სხვა მსგავსი განვითარების ქვეყნების, შრომის ბაზრის ერთ-ერთი თავისებურებაა არაფორმალური დასაქმების მაღალი წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში. საქართველოში დასაქმებულთა 2/3 თვითდასაქმებული და არაფორმალურად დასაქმებულია. არაფორმალური დასაქმების დიდი მასშტაბები განპირობებულია იმ რთული სოციალურ-ეკონომიკური პროცესებით, რომლებიც განვითარდა ქვეყანაში 90-იან წლებში. არაფორმალური დასაქმების ზრდა რეალურად არის მოსახლეობის რეაქცია დასაქმების პირობების გაუარესებაზე, უმუშევრობის ზრდაზე, ცხოვრების დონის დაცემაზე და ა.შ. საქართველოში დასაქმებულთა საერთო რაოდენობიდან მხოლოდ 38%-ია დაქირავებით მომუშავე, დანარჩენი კი თვითდასაქმებული და არაფორმალურად დასაქმებულია. [3]
ცხრილი 1: არაფორმალური დასაქმება ქალაქ-სოფლისა და გენდერულ ჭრილში.
წყარო: დასაქმება და შრომის ბაზრის რეგულირება (მ.ცარციძე; თსუ; თბილისი)
როგორც ცხრილიდან ჩანს, არაფორმალურად დასაქმების მაჩვენებელი სოფლად უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქად. კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, სოფლად არაფორმალურად დასაქმებულთა წილი 2019 წელს იყო 36.8%-ს, ხოლო ქალაქად კი 33.8%-ს. წლიურად სოფლად მაჩვენებელი 3.2%-ით შემცირდა, ხოლო ქალაქად კი 0.8%-ით. საქართველოში არაფორმალურად დასაქმებული კაცების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ქალების. კერძოდ, 2019 წლის მონაცემებით, კაცებში არაფორმალური დასაქმების მაჩვენებელი 39.3%-ს შეადგენს, ხოლო ქალებში კი 29.2%-ს. 2019 წელს სოფლად არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა წილი არის 36.8%, ქალაქად კი-33.8%. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით ორივ მაჩვენებლი კლების ტენდენციით ხასიათდება. [4]
ფაქტობრივად არაფორმალური სექტორი გახდა შრომის ბაზრის დამოუკიდებელი სეგმენტი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსახლეობის დასაქმებასა და მთლიანად ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. [3]
საშინაო შრომა, როგორც არაფორმალური დასაქმების ყველაზე გავრცელებული სახე
არაფორმალური დასაქმების მნიშვნელოვანი წილი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, საშინაო შრომაში დასაქმებულ ადამიანებზე მოდის. დასაქმებული შეიძლება მუშაობდეს მხოლოდ ერთი, ან ერთბაშად რამდენიმე მიმართულებით. საშინაო შრომაში ჩაბმული ადამიანების რიცხვი მსოფლიოს მასტაბით 67 მილიონს აღწევს. აღსანიშნავია, რომ მათგან 80% ქალია. მსოფლიოს მასშტაბით, დასაქმებული ქალების 4% საშინაო შრომაშია ჩაბმული. სამწუხაროდ, შესაბამისი კვლევების სიმწირის გამო, საქართველოში საშინაო შრომაში ჩართული ადამიანების რაოდენობა უცნობია.
არაფორმალურად დასაქმების ნაკლოვანებები ყველაზე მძაფრად სწორედ საშინაო შრომაში დასაქმებულების მაგალითზე ჩანს. შრომითი ხელშეკრულებების არარსებობისა და ურთიერთობის სამართლებრივი მოუწესრიგებლობის პირობებში, საშინაო მშრომელები განსაკუთრებულად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფია. მინიმალური ანაზღაურება, დასვენებისა და შესვენების უფლების გარეშე ხანგრძლივი სამუშაო კვირა და შეზღუდული გადაადგილების უფლება, რასობრივი და გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, სექსუალური და ფიზიკური ძალადობა საშინაო შრომასთან დაკავშირებული გავრცელებული პრაქტიკებია.
კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის პირობებში, საშიანო შრომაში დასაქმებული ადამიანების პრობლემები კიდევ უფრო მკაფიოდ და მწვავედ გამოიხატა. სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით, საშიანო მშრომელები Covid-19 ინფექციის რისკჯგუფის წინა ხაზზე აღმოჩდნენ. ამასთან, შრომითი ხელშეკრულებების არარსებობის პირობებში, დასაქმებულებმა ვერ ისარგებლეს ბიულეტენის აღების შესაძლებლობით, უსაფრთხო შრომის, ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტისგან დაცვის გარანტიებითა თუ შრომის კოდექსით გათვალისწინებული სხვა მნიშვნელოვანი მექანიზმებით. აღსანიშნავია, რომ საშინაო შრომაში დასაქმებული ადამიანების გამოვლენის პრობლემისა და არაფორმალურად დასაქმებულების მხრიდან შემოსავლის დაკარგვის ფაქტის დადასტურების სირთულის გამო, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფულადი დახმარებით კერძო ოჯახებში დასაქმებული ძიძებისა და მომვლელების, ისევე როგორც არაფორმალურად დასაქმებული სხვა ადამიანების დიდი ნაწილი ვერ სარგებლობს. 2020 წლის 21 ივლისის მონაცემებით, სახელმწიფოს დახმარებისთვის 220 000-მდე არაფორმალურად დასაქმებულმა მიმართა, დახმარება კი მხოლოდ 55%-ზე გაიცა.
ყოველივე ზემოაღნიშნული ნათლად აჩვენებს საშინაო შრომაში ჩაბმული ადამიანების გამოწვევების გააზრების მნიშვნელობას. სახელმწიფოს მხრიდან ამ ადამიანების დანახვა, მათი პრობლემების გამოვლენა, საქმიანობის ფორმალიზების მიზნით საკანონმდებლო რეფორმების გატარება და აღსრულების მექანიზმების შემუშავება ქვეყანაში ღირსეული შრომის დამკვიდრების აუცილებელი წინაპირობაა. რაც მთავარია, მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივ დონეზე იმის გააზრება, რომ არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმება არა არჩევანი, არამედ ფორმალურ ეკონომიკაში შესაძლებლობებისა და საარსებო წყაროს სხვა საშუალების არარსებობის შედეგია. [1]
კოვიდპანდემიის გავლენა არაფორმალურ სექტორზე
ISET-ის მიერ აპრილში მომზადებული ანგარიშის თანახმად, COVID 19-ის გავლენამ ყველაზე მეტად მშენებლობის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის და კერძო საოჯახო მეურნეობებში დაქირავებული მომსახურეები დააზიანა. აქვე საგულისხმოა, რომ არაფორმალურ დასაქმებაზე, ისევე როგორც ფორმალურად დასაქმებული სხვა მშრომელების შემთხვევაში, COVID 19-ის გავლენას მაღალი გენდერული მდგენელი გააჩნია. იმის გათვალისწინებით, რომ დასაქმების ისეთ სფეროებში, როგორიცაა მომსახურების სფერო, გარევაჭრობა თუ საოჯახო შრომა – უმეტესწილად ქალი დასაქმებულები ჭარბობენ, იქმნება წინაპირობა, რომ პანდემიის გავლენა ქალ დასაქმებულებზე გაცილებით მწვავე და პირდაპირი იქნება.
როგორც საველე სამუშაოებისა და ჯგუფური ინტერვიუების დროს გამოვლინდა, ცენტრალურ ბაზართან მყოფი გარემოვაჭრეები, რომლებიც საკუთარ თავს „წვრილმანების გამყიდველად“ ან, უბრალოდ, „მეწვრილმანეებად“ მოიხსენიებენ, კითხვაზე, იქონია თუ არა COVID 19-ის გამო ტურისტების შემცირებამ პირდაპირი გავლენა მათ შემოსავლებზე, აღნიშნავდნენ, რომ მათი „წვრილმანი“ საქონელი ტურისტებზე არ ყოფილა გათვლილი, არამედ უფრო ადგილობრივ, რიგით ადამიანებზე, რომლებიც ბაზარში სავაჭროდ მისულები „უკანა გზაზე ხელს გააყოლებენ ასეთ წვრილმანებს“. თუმცა, ამის მიუხედავად, სხვა გამოწვევებთან ერთად, ტურისტების რაოდენობის შემცირებამ მათ გაყიდვებზე პირდაპირი თუ არა, ირიბი გავლენა მაინც იქონია – კერძოდ, ტურისტული ნაკადის შემცირებამ მათ მომხმარებლებს შეუმცირა ფინანსური შემოსავლები, რამაც იმოქმედა ადგილობრივ მცხოვრებთა მსყიდველუნარიანობაზე, ამან კი ასევე შეუმცირა გარემოვაჭრეებს საქონლის რეალიზების შესაძლებლობები.
რაც შეეხება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გაცემულ დახმარებებს, სამწუხაროდ არაფორმალურად დასაქმებულთა ნაწილი ამ პროგრამების მიღმა დარჩა.
დაქირავებით დასაქმებული არაფორმალური მუშაკები (მათ შორის, საოჯახო მშრომელები, იოგას ინსტრუქტორი, ბარმენი, მიმტანი, მუსიკალური დიჯეი, მსახიობი) მიუთითებდნენ, რომ ისინი მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, მიეღოთ დაქირავებით დასაქმებულებისთვის დაწესებული 1200 ლარიანი დახმარება, რადგან საამისოდ სახელფასო ჩარიცხვების ამონაწერის წარდგენა მოეთხოვებოდათ. ეს ცნობა კი, დასაქმების ხელშეკრულების არარსებობის და საბანკო ისტორიის არქონის გამო, მათთვის ხელმიუწვდომელი იყო. პრობლემა შეექმნათ იმ არაფორმალურად დასაქმებულებსაც, რომლებიც შემოსავლის დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის გამო ვერ ახერხებდნენ 300 ლარიანი დახმარების მიღებას. შემოსავლის დადასტურების ფაქტობრივად ნულოვანი შანსი ჰქონდათ გარემოვაჭრეებს, რომლებიც ბაზრობების ტერიტორიაზე დღის განმავლობაში გასაყიდი პროდუქციით (მზა საკვები, სასმელები, სხვა საქონელი) გადაადგილდებიან. მათ ბაზრობის ადმინისტრაციასთან არც ფორმალური შეთანხმება ჰქონიათ და არც არაფორმალური, და ვერც შესაბამის ცნობებს მოიპოვებდნენ. [5]
არაფორმალური დასაქმების შედეგად მშპ-ის გარკვეული ნაწილი იქმნება, მისი შემცირების აუცილებლობას განაპირობებს რიგი მოვლენები, რომელთაგან მნიშვნელოვანია ის, რომ იგი მოქცეულია საკანონდებლო ჩარჩოს ფარგლებს გარეთ და აღნიშნული სექტორიდან არ ხდება გადასახადების ამოღება. მეორე მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ არაფორმალური დასაქმება მოსახლეობის გარკვეული ნაწილისათვის არსებობისა და თავის გადარჩენის საშუალებაა. ამიტომ ცხადია, რომ უახლოეს პერიოდში არაფორმალური დასაქმების მასშტაბების აღმოფხვრა ვერ მოხერხდება, მაგრამ საჭიროა არაფორმალური დასაქმების ტენდენციები და თავისებურებები გათვალისწინებულ იქნეს დასაქმების რეგიონული პოლიტიკის შემუშავებისას. პრობლემის გადაწყვეტა, პირველ რიგში, გულისხმობს ეფექტიანი დასაქმების ღონისძიებების დასახვას და რეალიზაციას. აღნიშნული ღონისძიებები უნდა იყოს პრაქტიკული ხასიათის და მოიცავდეს როგორც რეგიონის, ასევე საწარმოს დონეზე განსახორციელებელ რაციონალურ ეკონომიკურ პოლიტიკას, შრომის ანაზღაურების სისტემის მოწესრიგებას, დასაქმებულთა და უმუშევართა აღრიცხვის სრულყოფას, დასახულ ღონისძებათა საკანონმდებლო უზრუნველყოფას და ა.შ. ამ მხრივ ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2019-2023 წლების ეროვნული სტრატეგია. [3]
რაც შეეხება პანდემიით გამოწვეული კრიზისს დაძლევის გზებს, იქიდან გამომდინარე რომ არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა იდენტიფიცირება რთულია, შეუძლებელია მხოლოდ მათზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავება. მნიშვნელოვანი ზოგადი და უნივერსალური ხასიათის მექანიზმები განხილულია OSGF-ის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა 2020 წლის 4 აპრილს. დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციების პაკეტს საქართველოს მთავრობისთვის, მათ შორის არაფორმალურად დასაქმებული მომუშავეების შესახებ, კერძოდ:
- კრიზისის პერიოდში შეჩერებული უნდა იყოს პირთა გამოსახლება მფლობელობაში არსებული ბინიდან/საცხოვრისიდან;
- კომუნალურ გადასახადებზე გამოცხადებულ შეღავათებზე დამატებით მოსახლეობას უნდა მიეცეს შესაძლებლობა კრიზისის პერიოდში გადაავადოს აღნიშნული გადასახადების
- მნიშვნელოვანია, რამდენიმე მსხვილი ბანკის ინიციატივა საშეღავათო პერიოდის შესახებ გაიზიარონ სხვა ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმაც და მისცენ მოსახლეობას საშუალება გადაავადონ სესხების გადახდა;
- სოციალური დახმარების პროგრამამ უნდა გააფართოვოს მოცვა და გასცეს სოციალური დახმარებები იმ ოჯახებზე, რომელთა შეფასებაც განხორციელებულია, თუმცა სარეიტინგო ქულა საარსებო შემწეობისთვის საჭირო ზღვრულ ქულას არ აღემატება.
- უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისათვის განკუთვნილი ბენეფიტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ასევე არაფორმალურად მშრომელებისათვის, რომელთა თვიური შემოსავალი საარსებო მინიმუმზე დაბალ მაჩვენებელზე დაეცა და რომელთაც აღნიშნულის დადასტურება შეუძლიათ რაიმე სახის დოკუმენტით (მაგ. აპლიკაციის საშუალებით მომუშავე ტაქსის მძღოლებს და კურიერებს შემოსავალი საბანკო ანგარიშზე ერიცხებათ). ასეთ დროს, ამ პირების მიმართ არ უნდა იქნას გამოყენებული საგადასახადო პასუხისმგებლობის ზომები დაუბეგრავი შემოსავლის გაცხადებისთვის;
- არაფორმალურად დასაქმებული მშრომელების დასახმარებლად, რომელთაც კრიზისის შედეგად შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგეს, მნიშვნელოვანია არასამთავრობო და სხვა სათემო ორგანიზაციების მობილიზება, რომლებიც მუშაობენ აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებთან;
ბაზრობების ან სხვა მსგავსი ობიექტები დახურვის პარალელურად, უნდა მოხდეს იქ (არაფორმალურად) დასაქმებული პირების აღრიცხვა და მათთვის ბენეფიტების დანიშვნა მე-3 პუნქტში განსაზღვრული წესის შესაბამისად. [1]
დასკვნა
სტატიის მიზანს არაფორმალური დასაქმების მნიშვნელობის განსაზღვრა და საქართველოს ეკონომიკაში მისი როლის წარმოჩენა წარმოადგენს. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური შედეგების ფონზე. კოვიდ პანდემიამ ძალიან დიდი ზარალი მიაყენა არაფორმალურ სექტორს. დასაქმებულთა უმეტესობა დარჩა სამუშაოს გარეშე და მათ გარკვეულ ნაწილს არ ეხებათ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სოციალური პროგრამები, შემწეობები, დახმარებები, რადგან არ იხდიან გადასახადებს და არ ირიცხებიან ფორმალურ დასაქმებულებად. ამიტომ სახელმწიფომ სამომავლოდ უნდა განხორციელოს არაფორმალური დასაქმების კვლევა. აღნიშნული კვლევა ხორციელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) ფლობს არაფორმალური დასაქმების კვლევის აპრობირებულ მეთოდიკას, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნას საქართველოს შემთხვევაშიც. ამასთან, აუცილებელია მოხდეს ქმედითი და ეფექტური შრომის ინსპექციის ფორმირება საქართველოში და შეიქმნას სანქცირების მექანიზმი. ასევე, აუციელებელია, შრომის ინსპექციას შეეძლოს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცულობის მონიტორინგი, რათა ყველა დასაქმებულმა შეძლოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უფლებების რეალიზება, არ იმუშაოს აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური საათებით, მიიღოს კუთვნილი შვებულება და სხვა სოციალური სიკეთეები.
გამოყენებული ლიტერატურა
- https://osgf.ge/wp-content/uploads/2020/04/Labor-and-Social-Security-during-COVID19_Policy-Brief_OSGF.pdf
- https://iset-pi.ge/index.php/ka/iset-economist-blog/entry/2016-01-05-14-08-49
- 3.დასაქმება და შრომის ბაზრის რეგულირება (მ.ცარციძე; თსუ; თბილისი)
- https://www.geostat.ge/ka
- https://osgf.ge/wp-content/uploads/2020/12/Labor-Relations_geo_10_12_2020.pdf