ინფლაციის არსი და მისი დღევანდელი ტენდენციები საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია

ნატალია ჭანუყვაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
natachanuyvadze@gmail.com

ანოტაცია

ინფლაცია, როგორც ეკონომიკური მოვლენა ხანგრძლივი პერიოდია არსებობს. ითვლება, რომ მისი აღმოცენება ნაწილობრივ უკავშირდება ფულის წარმოშობას, რომლის ფუნქციონირებაში ის განუწყვეტლივ მონაწილეობს. ტერმინი „ინფლაცია“ პირველად გამოიყენეს ჩრდილოეთ ამერიკაში სამოქალაქო ომის პერიოდში 1861-1865 წლებში და ის ნიშნავდა ფულადი მიმოქცევის პროცესის გაბერვას. სტატიაში განხილულია ინფლაციის არსი და მისი წარმოშობის მიზეზები. ასევე განვიხილავ ინფლაციის ტიპებს და მის გავლენას ეკონომიკაზე. შემდგომ, აღვწერ ანტიინფლაციური რეგულირების მეთოდების მონეტარულ და ფისკალურ ასპექტებს. საბოლოოდ, განვიხილავ ამ კუთხით საქართველოში მიმდინარე ტენდენციებს.

Annotation

Inflation as an economic event has existed for a long time. It is believed that its emergence is partly related to the origin of money, in the functioning of which it continuously participates. The term “inflation” was first used in North America during the Civil war in 1861-1865 and meant to inflate the process of money circulation. The article discusses the essence of inflation and the reasons for its origin. I will also discuss the types of inflation and its impact on the economy. Next, I describe the monetary and fiscal aspects of anti-inflation regulation methods. Finally, I will discuss the current trends in Georgia in this regard.

ინფლაციის არსი და მისი წარმოშობის მიზეზები

ინფლაცია – ეს არის ფულის გაუფასურება, მისი მსყიდველთუნარიანობის დაქვეითება. ინფლაცია არის დისბალანსი მოთხოვნა-მიწოდებას შორის. პირდაპირ თარგმანში ინფლაცია ნიშნავს „გაბერვას“ ე.ი. მიმოქცევის არხების გადატვირთვას მოჭარბებული ქაღალდის ფულით, რომელიც არაა უზრუნველყოფილი შესაბამისი საქონლის მასის ზრდის ნორმით. [1]

ინფლაციის ბევრად მისაღები განმარტებაა – ფასების საერთო დონის ზრდა, მიმოქცევის არხების ფულადი მასით გადატვირთვა საქონელთბრუნვის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც იწვევს ფულადი ერთეულის გაუფასურებას და შედეგად ფასის ზრდას. ინფლაცია არის წმინდა სოციალურ-ეკონომიკური მოვლენა, რომელიც „იბადება“ საბაზრო მეურნეობის სხვადასხვა სფეროში წარმოების დისპროპორციით.

აღსანიშნავია, რომ ინფლაცია თანამედროვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების ყველაზე მწვავე პრობლემაა. ინფლაცია, როგორც წესი, წარმოიქმნდებოდა საგანგებო შემთხვევებში, როგორიცაა, მაგალითად, სახელმწიფოთა შორის ომები. ამ პერიოდში ქვეყნები დიდი რაოდენობით ქაღალდის ფულს უშვებდნენ, რათა საომარი ხარჯები დაეფარათ. ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ინფლაცია მრავალი ქვეყნის ეკონომიკის ქრონიკულ დაავადებად იქცა.

ინფლაციის გამომწვევი მიზეზებია :

  • დისპროპორციულობა – სახელმწიფო შემოსავლებისა და ხარჯების არაბალანსირებულობა, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ხშირ შემთხვევაში იფარება სენიორაჟის გამოყენებით. სენიორაჟი არის შემოსავალი, რომელიც მიღებულია ფულის დაბეჭდვის შედეგად. [2]
  • ინფლაციურ-სახიფათო ინვესტიციები – ძირითადად ეკონომიკის მილიტარიზაციას გულისხმობს.
  • თავისუფალი ბაზრისა და კონკურენციის არარსებობა – თანამედროვე ბაზარი გარკვეულ დონეზე ოლიგოპოლიზირებულია. ოლიგოპოლისტი ისწრაფვის შეინარჩუნოს ფასების მაღალი დონე და დაინტერესებულია დეფიციტის შექმნით.
  • იმპორტირებული ინფლაცია – მისი როლი ეკონომიკის ღიაობის ზრდასთან ერთად იზრდება, სახელმწიფოს ბრძოლის შესაძლებლობები გარკვეულწილად შეზღუდული ხდება.
  • ინფლაციური მოლოდინი – ამის მაგალითები ყოველდღიურ ცხოვრებაში შეინიშნება. [1] თუ არსებობს ინფლაციის მოლოდინი, მაშინ ასეთი სიტუაცია იწვევს მოთხოვნის გაზრდას, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკაში სირთულეებს წარმოშობს და საზოგადოების მოთხოვნის რეალურ სურათს ცვლის.

ინფლაციის ტიპები და მისი გავლენა ეკონომიკაზე

ზოგადად ეკონომისტები 4 ტიპის ინფლაციას გამოყოფენ:

მოთხოვნით გამოწვეული ინფლაცია, როდესაც მთლიანი მოთხოვნა ეკონომიკაში აჭარბებს არსებულ მიწოდებას, ანუ სხვაგვარად ეს არის მონეტარული ინფლაცია.

ხარჯებით გამოწვეული ინფლაცია, როდესაც მზა პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასები იმატებს ნედლ მასალაზე ფასების ზრდის გამო ან როდესაც ხელფასების მატება წარმოებული პროდუქციის ერთულ ფასს ზრდის.

ფასწარმოქმნით გამოწვეული ინფლაცია ანუ დაწესებული ფასის ინფლაცია, როდესაც რამდენიმე ბიზნესი გადაწყვეტს, მოუმატოს ფასებს საკუთარი მოგების გაზრდის მიზნით. მას სხვანაირად ოლიგოპოლიურ ინფლაციასაც უწოდებენ. ოლიგოპოლიებს შეუძლიათ დააწესონ საკუთარი ფასები და გაზარდონ ისინი კარტეულური გარიგებებით.

სექტორული ინფლაცია, როდესაც ერთ დარგში ფასების ზრდა სხვა სექტორში ზრდის ფასებს. ამის მაგალითია ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა, რომელიც საკვებისა და სხვა სექტორებში ფასების ზრდას იწვევს. [1]

ფასების ზრდის ტემპების მიხედვით განასხვავებენ:

მცოცავი ინფლაცია, რომლისთვისაც დამახასიათებელია შედარებით ფასების ზრდის დაბალი ტემპი (წელიწადში 10% ან ოდნავ მეტი). ასეთი ტიპის ინფლაცია დამახასიათებელი განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების  უმეტესობისთვის და არ წარმოადგენს უჩვეულო მოვლენას.

გალოპირებული ინფლაცია – ფასების ზრდის 20-200%-ით ხასიათდება.

ჰიპერინფლაცია, რომლის დროსაც ფასები ასტრონომიულად იზრდება, კატასტროფულად განსხვავდება ფასები და ხელფასები, საზოგადოების ყველაზე უზრუნველყოფილი ფენების კეთილდღეობა ინგრევა, მსხვილი კომპანიები მოგების გარეშე რჩებიან.

ინფლაცია იწვევის ისეთ უარყოფით მოვლენებს, როგორიცაა:

  • შემოსავლისა და სიმდიდრის გადანაწილება
  • ეკონომიკური ინფორმაციის არასტაბილურობა
  • რეალური პროცენტის დაცემა
  • ხარჯების ზრდა, რაც მთლიან საზოგადოებას ძლიერ დარტყმას აყენებს
  • ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობის კლება
  • ეროვნული ვალუტის გაუფასურება უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში
  • რეალური მოგების კლება ბიზნესში
  • ინვესტიციებზე ამონაგების შემცირება
  • საპროცენტო განაკვეთის მატება, რაც აძვირებს კრედიტებს და ა.შ. [1] [2]

ამ მოვლენების, როგორც ცალ-ცალკე, ასევე კომბინირებულად არსებობა, თავისთავად, განაპირობებს ეკონომიკური ზრდის შეფერხებას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც აისახება. სწორედ ამიტომ ინფლაცია სამართლიანად მიჩნეულია მსოფლიოს ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად.

ანტიინფლაციური რეგულირების მეთოდები: მონეტარული და ფისკალური ასპექტები

ცხადია, რომ ისეთი მწვავე პრობლემის აღმოფხვრა, როგორიცაა ინფლაცია, მკაცრ და კარგად გააზრებულ ზომებს მოითხოვს მთავრობის მხრიდან. მთავრობამ უნდა შეძლოს მსოფლიო ეკონომიკის მხრიდან მოსული ინფლაციური იმპულსების ჩაქრობა.

ანტიინფლაციური სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ინფლაციური მოლოდინის ჩაქრობაა. ამის წარმატებით შესრულება კი დამოკიდებულია გარკვეულ გარემოებებზე:

პირველი ესაა საბაზრო სისტემის მექანიზმების ყოველმხრივი განმტკიცება. აქ მოიაზრება, მაგალითად, იმპორტული საბაჟო გადასახადების შესუსტება, მცირე ბიზნესის წახალისება, გაყიდვების დივერსიფიკაციის სტიმულირება, ფასების ლიბერალიზაცია და არასრულყოფილი კონკურენციის აღკვეთა. [2]

მეორე პირობა ისეთი მთავრობის არსებობაა, რომელიც ურყევად იცავს უმართავი ინფლაციის თანდათანობითი აღმოფხვრის კურსს და სარგებლობს მოსახლეობის უმრავლესობის ნდობით. ეს ხდება მაშინ, როდესაც მთავრობა მიზნად ისახავს სრულიად გარკვეულ, პრაქტიკულად განხორციელებად ანტიინფლაციურ ამოცანებს.

ანტიინფლაციური სტრატეგიის განუყოფელი კომპონენტია გრძელვადიანი ფულადი პოლიტიკაა. მისი განმასხვავებელი თავისებურება ფულის მასის ყოველწლიურ მატებაზე მკაცრი ლიმიტების შემოღებაა. ეს მაჩვენებელი ყალიბდება რეალური წარმოების ზრდის გრძელვადიანი ტემპისა და ინფლაციის ისეთი დონისგან, რომელსაც მთავრობა მისაღებად თვლის და მისი გაკონტროლების ვალდებულებას იღებს. იმისთვის, რომ ფულადი პოლიტიკა ნამდვილად ანტიინფლაციური იყოს, აღნიშნული ლიმიტი დიდი ხნის მანძილზე უნდა შენარჩუნდეს. ის აგრეთვე არ უნდა იყოს დამოკიდებული ბიუჯეტის მდგომარეობაზე, კაპიტალდაბანდების ინტენსიურობაზე, უმუშევრობის დონეზე და ა.შ.

აღსანიშნავია ამ სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი გარემოება. საკმარისია, მხოლოდ ფულადი შეზღუდვებით, როგორმე მოხერხდეს ფასების ზრდის ტემპის სტაბილიზება, რომ ცვლილებას იწყებს ინფლაციური მოლოდინი. მის კვალდაკვალ იცვლება პროპორცია ფულადი შემოსავლების მოსახმარებელ და დასაზოგ ნაწილებს შორის. დანაზოგის გაფართოება კი, საბიუჯეტო პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლევა.

ანტიინფლაციური რეგულირების კიდევ ერთი სტრატეგიული ამოცანაა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაა მისი სრული ლიკვიდაციის პერსპექტივით. დაფინანსების ნებისმიერი წესის დროს ის გარდაუვალად აძლიერებს ინფლაციას. ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელი ხდება ორი გზით – გადასახადების გადიდებით ან სახელმწიფო ხარჯების შემცირებით. [2] ამ ორი გზიდან უპირატესობა მეორეს ენიჭება, ვინაიდან, საგადასახადო წნეხის გამკაცრებამ შეიძლება მოიტანოს მხოლოდ წუთიერი ანტიდეფიციტური შედეგი, ხოლო ხანგრძლივი ვადით, ის იწვევს შრომისა და ინვესტირების სტიმულების შემცირებას, ეკონომიკური განვითარების შემცირებას და საბოლოოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის შენატანების შემცირებას.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საგადასახადო სისტემის სრულყოფა შეიძლება დაუბრკოლებლივ გარდაიქმნას ანტიინფლაციური სტრატეგიის ელემენტად. მოგებაზე გადასახადის განაკვეთის შემცირება დამატებით იმპულლს მისცემს საინვესტიციო პროცესს, რისგანაც შორეულ პერსპექტივაში მოსალოდნელია წარმოების, დასაქმების და დასაბეგრი შემოსავლების გაზრდა. შედეგად, მოსალოდნელი იქნება სახელმწიფო შემოსავლების ზრდა და დეფიციტის შემცირება.

საბოლოოდ, შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს გააჩნია ასეთი მძლავრი ბერკეტები ანტიინფლაციური პოლიტიკის გასატარებლად, ინფლაციის სრულყოფილი აღმოფხვრა შეუძლებელია. გამორიცხული არაა, როცა მთავრობა ცდილობს ინფლაციის შეზღუდვას, მაგრამ აკეთებს მას ძალიან აჩქარებით, სახელმწიფო ხარჯების მასირებული შემცირების გრძელვადიანი შედეგების გაუთვალისწინებლად, ის წააწყდება დეფიციტის გაზრდის, ინფლაციის დაჩქარების უკუმოქმედ ეფექტს. მაგალითად, აშშ-ში უმუშევრობის მხოლოდ 1% ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტს ზრდის მინიმუმ 30 მლრდ დოლარით. [2] ცხადია, ინფლაციის სრულყოფილი აღმოფხვრისთვის საჭიროა მისი გამომწვევი ყველა მიზეზის აღკვეთა. თუმცა, ძნელია ისეთი ეკონომიკის წარმოდგენა, სადაც ყოველთვის დაცულია ბიუჯეტის წონასწორობა და არ არის წარმოების გარკვეული სტრუქტურული ანომალიები, სადაც ადგილი არ რჩებათ მონოპოლიებს. ამიტომ, ინფლაციის აღმოფხვრა, რეალური საბაზრო ეკონომიკის პირობებში, პრაქტიკულად არ არის განხორციელებადი.

ინფლაცია საქართველოში

როგორც აღვნიშნე, ინფლაცია აღიწერება როგორც ფულის რეალური ღირებულების გაუფასურება, რაშიც მსყიდველობითუნარიანობის დაქვეითება იგულისხმება. 2020 წლის სამომხმარებლო ფასების ინფლაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო ევროპის ქვეყნებს შორის. 2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,4% შეადგინა, რაც საგრძნობლად აღემატება ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (2.11%) და ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს, რაც 3%-ია. [3] [4]

საქართველოში მოქმედებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი, რომელიც გულისხმობს ინფლაციის წინასწარ განსაზღვრული მაჩვენებლის მიღწევას საშუალოვადიან პერიოდში. ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა – ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, რომელიც ითვალისწინებს 2019-2021 წლებისთვის ინფლაციის დონის 3%-ზე შენარჩუნებას. [4]

გრაფიკი 1: წლიური ინფლაციის დონე (%) (2010-2021 წლები)

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/26/samomkhmareblo-fasebis-indeksi-inflatsia

ვხედავთ, რომ მიუხედავად თავისი არასტაბილურობისა, 2021 წლის მაჩვენებელი დაახლოებით ისეთია, როგორიც 2010 წელს იყო და 2,8%-ს შეადგენს. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2012 წელს ფიქსირდებოდა, ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში დეფლაციის – ფასების საერთო შემცირების ეტაპი იყო და -3,3%-ს შეადგენდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2011 წელს შეინიშნებოდა და 14,3%-ს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, 2019-2020 წლებში ინფლაციის დონე საგრძნობლად არ გაზრდილა. [5]

ბოლო წლებში საქართველოში თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის განაკვეთის ზრდამ  შესაბამისი პროდუქციის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. რამაც ამ პროდუქციის მოხმარებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია და ასევე გავლენა ინფლაციის მაჩვენებელზე იქონია. აქედან გამომდინარე, ინფლაციის ძირითად მაჩვენებელთან ერთად საქსტატი ახალ ინდიკატორს-ინფლაციას თამბაქოს გარეშე გაიანგარიშებს და აქვეყნებს. [3] [6]

საბაზო ინფლაციის გაანგარიშება ხდება სამომხმარებლო კალათიდან შემდეგი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების გამორიცხვით:  სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ენერგომატარებლები; ადმინისტრირებადი ტარიფები; ტრანსპორტის ცალკეული ტარიფები.  საბაზო ინფლაციამ 2020 წლის იანვარში გასულ წლის იანვართან შედარებით 4,4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზრო ინფლაციის მაჩვენებელი 3,4%-ით განისაზღვრა. [3] [5]

გრაფიკი 2: წლიური საბაზო ინფლაციის დონე (%)  (2010-2021 წლები)

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/26/samomkhmareblo-fasebis-indeksi-inflatsia

გრაფიკიდან ჩანს, რომ საბაზო ინფლაცია მეტად არასტაბილური მოვლენაა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილება შემდეგ სასაქონლო ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასების 11,3%-იანი ზრდა;
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასების 11,2%-იანი ზრდა;
  • ტრანსპორტი: ფასების 3,3%-იანი ზრდა.

სურსათისა და სხვა პირველადი საჭიროების საქონელსა და მომსახურებაზე ფასების მატება უარყოფით გავლენას ახდენს საოჯახო მეურნეობების მსყიდველობითუნარიანობაზე.  გასულ წლებში, კორონავირუსის პანდემიის შედეგად გლობალური ერთობლივი მოთხოვნის შემცირების გამო ფასების ზრდის ტენდენციას აბრკოლებდა საერთაშორისო ბაზარზე ენერგომატარებლებსა და სურსათზე ფასების კლება. მაგრამ მიმდინარე პერიოდში გლობალურ მოთხოვნის ზრდას ემატება იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება და გაცვლითი კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურება, რაც ინფლაციურ მოლოდინებს ზრდის და იწვევს მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებლისგან გადახრას. [4]

დასკვნა

ამრიგად, ნაშრომში განსაზღვრულია, თუ რა არის ინფლაცია და რა უარყოფითი შედეგები მოაქვს მას ქვეყნის ეკონომიკისთვის.  ასევე მოყვანილია ინფლაციის სხვადასხვა ტიპები და მისი წარმოშობის მიზეზები. წარმოდგენილია ის სტრატეგიები, რომელთა საშუალებით სახელმწიფოს შეუძლია ნაწილობრივ მაინც აღმოფხვრას ინფლაციის პრობლემა. ჩვენი ქვეყნის მაგალითზე ასევე წარმოვადგინე უკანასკნელი წლების მდგომარეობა და აღვნიშნე თანამედროვე ტენდენციები.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.lari.ge/149-ekonomika-da-biznesi/454-inflacia-misi-arsi-da-tipebi.html
  2. „ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება“ (მ.ჩიქობავა; ნ.კაკულია; თსუ)
  3. https://www.geostat.ge/media/29221/CPI-Press-Release_01.2020_GEO.pdf?
  4. https://www.nbg.gov.ge/index.php?m=550
  5. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/26/samomkhmareblo-fasebis-indeksi-inflatsia
  6. https://www.geostat.ge/ka/single-news/1637/sakstati-inflatsiis-damatebiti-machveneblis-gamokveqnebas-itsqebs