კოვიდ პანდემიის გავლენა საქართველოს ვაჭრობასა და სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე
ავტორის სტილი დაცულია
ირაკლი კვანტალიანი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
irakli.lvantaliani800@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
თანამედროვე მსოფლიოს გლობალიზაციის ფონზე სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს ეკონომიკის მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი, საგარეო სავაჭრო ურთიერთობების არსისა და თავისებურებების შესწავლა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგარეო სავაჭრო მოვლენებისა და პროცესების დონის, დინამიკისა და განვითარების ტენდენციების დადგენაში, ასევე არსებული მდგომარეობის ანალიზისა და შეფასების საკითხებში.
მოცემულ ნაშრომში განხილულია საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, გაანალიზებულია სტატისტიკური მონაცემები და შეფასებულია კოვიდ პანდემიის გავლენა.
annotation
Against the background of the globalization of the modern world, the process of integration of the Georgian economy in the world economic space, the study of the essence and peculiarities of foreign trade relations is deepening. It is especially important in determining the level, dynamics and development trends of foreign trade events and processes, as well as in analyzing and evaluating the current situation. This article discusses Georgia’s trade and economic relations, analyzes statistics and assesses the impact of the Covid Pandemic.
საქართველოს სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა
საქართველოსათვის მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარება და განმტკიცება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ურთიერთ ინტერესებზე დამყარებული სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებას, ასევე, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას.
საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან – აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და კულტურის სფეროებში. ქვეყნის წინაშე არსებული მიზნების მისაღწევად, მნიშვნელოვანი იქნება მხარეებს შორის ვიზიტების ურთიერთგაცვლის არსებული აქტიური დინამიკის შენარჩუნება და ძალისხმევის გააქტიურება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის დასრულების მიზნით.
საქართველო ესწრაფვის მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავებას და სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროებში ურთიერთობის შემდგომ განვითარებას თურქეთის რესპუბლიკასთან, რომელიც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იქნება ურთიერთქმედება მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში.
სომხეთის რესპუბლიკასთან მიმართებაში, საქართველოს მიზანია ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომი განვითარება. მნიშვნელოვანი იქნება ურთიერთხელსაყრელი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ასევე მუშაობის გააქტიურება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის დასრულების მიზნით.
მნიშვნელოვანია მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელება შავი ზღვის რეგიონში საქართველოს მოსაზღვრე ბულგარეთის რესპუბლიკასთან და რუმინეთთან. მათთან ურთიერთობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და სავაჭროეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობას, მათ შორის სატრანსპორტოენერგეტიკული სატრანზიტო დერეფნის განვითარებასა და ერთობლივი ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების განხორციელებას.
გაგრძელდება ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ნატოში გაწევრიანებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, აღნიშნული ქვეყნების მხარდაჭერის შენარჩუნებისა და გამოცდილების გაზიარების, ასევე კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ურთიერთობების განვითარების მიმართულებით.
საქართველო მიისწრაფვის, რეგიონის ქვეყნებთან – უკრაინასთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან მეგობრული და ურთიერთ სასარგებლო, მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებისაკენ.
საქართველოს მიზანია რუსეთის ფედერაციასთან დაძაბული ურთიერთობების დეესკალაცია და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის პატივისცემის საფუძველზე ურთიერთობების ნორმალიზაცია, რისი საწინდარიც უნდა გახდეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და მის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების გაუქმება. უსაფრთხოების, სტაბილურობის, იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მთავარი ფორმატი, კვლავ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები იქნება.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კეთილმეზობლური ურთიერთობების გაგრძელება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, რომლის როლი ძალზედ მნიშვნელოვანია, რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. საერთაშორისო გარემოს გათვალისწინებით, საქართველო გააგრძელებს ირანთან ორმხრივი ურთიერთობების წარმართვას ეკონომიკის, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების, ასევე სატრანსპორტო და ენერგეტიკულ საკითხებში თანამშრომლობის განვითარების კუთხით. ასევე გრძელდება მეგობრული ურთიერთობების განვითარება ბელარუსის რესპუბლიკასთან, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების გზით. [1]
საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული, ოთხი მიმართულების გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს უსაფრთხოებასა და თავდაცვას; ეკონომიკას, ვაჭრობასა და ენერგეტიკას; დემოკრატიულ მმართველობასა და სამოქალაქო საზოგადოებას; ხალხთაშორის და კულტურულ კონტაქტებს.
საქართველო ასევე გააგრძელებს აშშ-სთან წარმატებულ თანამშრომლობას „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) ფარგლებში. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება. ამ მხრივ, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება როგორც მთავრობათაშორისი, ისე ბიზნეს წრეებს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად.
საქართველო ესწრაფვის კანადასთან, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკურ და პოლიტიკურ აქტორთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ეტაპობრივ განვითარებას.
საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში კანადის მხარდაჭერა და მასთან სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გაღრმავება. აღნიშნულის მისაღწევად, განხორციელდება ძალისხმევა, ქვეყნებს შორის ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის, პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გააქტიურების, სამართლებრივი ბაზის განვითარების, კანადაში საქართველოს ცნობადობის ამაღლების, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისა და ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებით .[1]
საქართველო, როგორც ევროპის აზიასთან დამაკავშირებელი ბუნებრივი რგოლი, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და გლობალური უსაფრთხოების სფეროებში. ჩვენი მიზანია საქართველოს, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული აბრეშუმის გზის ქვეყნის, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი სატრანზიტო ფუნქციის მაქსიმალური გამოყენება და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხალხის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით ნახშირწყალბადების ტრანსპორტირება ევროპისაკენ და აქედან გამომდინარე ორმხრივი სატრანსპორტო ურთიერთობების ინტენსიფიკაცია და კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის სრულყოფა, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებში ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა და ტურისტებისა და ინვესტიციების მოზიდვა.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონი დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური კვანძია – ამ რეგიონში განვითარებული პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში ხელშესახები წინსვლა. საქართველო სასიცოცხლოდაა დაინტერესებული მის უშუალო სამეზობლოში არასტაბილურობის აღმოფხვრით და მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას გადადგას ეფექტური ნაბიჯები კონფლიქტის მოგვარებისთვის, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ძალადობის შეწყვეტისა და ადამიანთა ღირსების, უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. [2]
საქართველო ესწრაფვის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკას წარმოადგენს და შედის საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში. საქართველოს ამოცანაა ჩინეთთან პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარება, მათ შორის ჩინეთის ბაზარზე საქართველოს პროდუქციის ექსპორტის მოცულობისა და ქართულ ბაზარზე ჩინური ინვესტიციების მოცულობის გაზრდის კუთხით.
ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებაა ასევე თანამშრომლობა „ახალიაბრეშუმის გზის“ პროექტის აღორძინების კუთხით, რათა სრულად იქნას გამოყენებული საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ტრადიციული სატრანზიტო დერეფნის პოტენციალი. [3]
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დინამიკა
2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 822.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.1 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 822.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (26.7 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 8 999.3 მლნ. აშშ დოლარს (24.5 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარნოემბერში, 5 176.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტია. საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2016-2021 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.[4]
ცხრილი 1. საგარეო ვაჭრობის ზოგადი მაჩვენებლები 2016-2021 წწ. იანვარ- ნოემბერში(მლნ.აშშ დოლარი)
ცხრილი:სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ქვეყნების ჯგუფების წილს საქართველოს მთლიან ექსპორტსა და იმპორტში.
ცხრილი 2. ქვეყნების ჯგუფების წილი ექსპორტში 2021 წლის იანვარ-ნოემბერში
ცხრილი:სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ცხრილი 3. ქვეყნების ჯგუფების წილი იმპორტში 2021 წლის იანვარ-ნოემბერში
ცხრილი:სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2021 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (569.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (549.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (488.3 მლნ. აშშ დოლარი).[4]
კოვიდ-19-ის გავლენა საქართველოს ვაჭრობასა და სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე
გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE-ს) მიერ მიმდინარე წლის მაისი-ივლისში ჩატარდა კვლევა და მომზადდა ანგარიში „კოვიდ-19-ის გავლენა საქართველოს ვაჭრობასა და სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე.“ კვლევაში დადებითადაა შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად განხორციელებული ღონისძიებები. [5]
კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს უჭირავს წამყვანი ადგილი რეგიონში სავაჭრო რეფორმატორთა შორის, ხოლო შეფასებამ აჩვენა, რომ „მთავრობამ გადააჭარბა მოლოდინს მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მხრივ. მან მინიმუმამდე დაიყვანა სავაჭრო შეზღუდვები; სწრაფად გააფართოვა და ხელმისაწვდომი გახადა საწარმოებისთვის ვაჭრობის გამარტივებისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი და შეიმუშავა დახმარების ზომები მოსახლეობის დაუცველი ფენებისთვის, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებთათვის, და ასევე მძიმედ დაზარალებული სექტორების დასახმარებლად“.
ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისათვის. მასში ხაზგასმულია ვაჭრობის წვლილის გაზრდის მნიშვნელობა COVID-19 პანდემიის შემდეგ ძლიერი და მდგრადი ეკონომიკის მშენებლობაში.
კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული მთავრობის მიერ გატარებულ შემდეგ ზომებზე:
- ვაჭრობაში გამჭვირვალობის ეფექტიანი უზრუნველყოფა, განსაკუთრებით სავაჭრო საქმიანობასთან დაკავშირებული ახალი მარეგულირებელი და პროცედურული ზომების გამოქვეყნებით.
- სავაჭრო დოკუმენტების ონლაინ გაცემა;
- შესაბამისმა უწყებებმა გაზარდეს ძალისხმევა ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის სხვადასხვა სახის საჭირო დოკუმენტების დაჩქარებულ რეჟიმში გასაცემად;
- სასაზღვრო კონტროლი ხორციელდებოდა ეფექტიანი რისკზე დაფუძნებული ინტეგრირებული საზღვრის მართვის სისტემით.
- სასაზღვრო კონტროლის პუნქტების განტვირთვის მიზნით განხორციელდა ტვირთების ფიზიკური ინსპექტირების რეალოკაცია.
- საბაჟო და გადასახადების გადახდა გაგრძელდა ონლაინ რეჟიმში, რასაც დაემატა გადასახადის დაბრუნების გამარტივებული პროცედურა.
- ტრანზიტული მოძრაობა კვლავ ეფუძნებოდა რეგიონული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პირობებს და მეზობელ ქვეყნებთან მონაცემთა ელექტრონულ მიმოცვლას.[5]
დასკვნა
საქართველოსათვის მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარება და განმტკიცება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ურთიერთ ინტერესებზე დამყარებული სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებას, ასევე, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას.
კოვიდ პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე.პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მთავრობამ განახორციელა გარკვეული ღონისძიებები,რომლებიც განხილულია მოცემულ ნაშრომში. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველოს უჭირავს წამყვანი ადგილი რეგიონში სავაჭრო რეფორმატორთა შორის. მნიშვნელოვანია ვაჭრობის წვლილის გაზრდა COVID-19 პანდემიის შემდეგ ძლიერი და მდგრადი ეკონომიკის მშენებლობაში.
გამოყენებული ლიტერატურა
- ხატია დოლიძე. 2019. ,, საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობები’’, სამაგისტრო ნაშრომი.
- პაპავა ვ. პოსტკომუნისტური საქართველოს ეკონომიკური განვითარების ვექტორის შესახებ. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი, 2013;
- https://mfa.gov.ge/
- https://www.geostat.ge
- http://www.economy.ge/?page=news&nw=1580