ტურიზმი და მისი გავლენა ეკონომიკაზე

ავტორის სტილი დაცულია

მარიამ აფხაზიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  III კურსის სტუდენტი
Mariam.Apkhazishvili908@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

ტურიზმი — დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან ბიზნეს მიზნებით მოგზაურობას ნიშნავს.  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ტურისტებს შემდეგნაირად განმარტავს: „ხალხი, რომელიც ტოვებს თავის ჩვეულ გარემოს და მიემგზავრება სხვა ადგილას ერთ თანამიმდევრულ წელზე ნაკლები ხნით, დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან სხვა მიზნებით.“ ტურიზმის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდია. ნაშრომში განვიხილავ ტურიზმისა და ეკონომიკის კავშირს. ასევე იმას, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია ამ უკანასკნელს ეკონომიკაზე და რა როლი აქვს ამ ყველაფერში სახელმწიფოს. დასასრულს კი ვისაუბრებ საქართველოს მაგალითზე და ყურადღებას გავამახვილებ საქართველოს მდგომარეობაზე ტურიზმის კუთხით.

Annotation

Tourism – means leisure, leisure or travel for business purposes. The World Tourism Organization explains to tourists: “People who leave their usual environment and travel to other places for less than one consecutive year for leisure, leisure or other purposes.” The tourism industry is one of the largest and fastest growing. In the paper I discuss the connection between tourism and the economy. As well as what impact the latter can have on the economy and what role the state has in all this. In the end, I will talk about the example of Georgia and focus on the situation of Georgia in terms of tourism.

რა არის ტურიზმი?

ტურიზმი არის სოციალურ-კულტურული მომსახურება, რომელიც დიდ როლს ასრულებს საზოგადოების განვითარების ეკონომიკური და სოციალურ განვითარებაში, საზოგადოების მიზნების შესრულებაში. ტურიზმის დარგი ეხმარება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ხელს უწყობს დასაქმებას, მცირე ბიზნესის განვითარებას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მრავალ ქვეყანაში ეს დარგი სახელმწიფოს შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ტურიზმი ადამიანთა მოგზაურობას და საცხოვრებელი ადგილის გარეთ დასვენებას, ბიზნესს და სხვა მიზნით დარჩენას გულისხმობს, არა უმეტეს ერთი წლისა.ტურიზმი ითვალისწინებს სხვადასხვა ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული საქონლის მიწოდებას ადამიანის კულტურული და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით. ტურიზმის ადრეულ საწყისებად,მოგზაურობის ხანის საწყისად შეიძლება ჩაითვალოს შუმერების მიერ ფულის გამოგონება და ვაჭრობის განვითარება. ტურიზმის ინდუსტრია გლობალური სფეროა,რომელიც დღითიდღე ვითარდება. [1]

ტურიზმის სახეობებია:

სოციალური ტურიზმი – ევროპის ქვეყნებში, იგი ასოცირებულია დაბალი შემოსავლების მქონე იმ კლიენტებთან, რომლებიც მოკლებულნი არიან მაღალი ხარისხის ტურისტული მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობას. მოქალაქეების ეს კატეგორია საჭიროებს სოციალური ხასიათის შეღავათებს. მათ მიეკუთვნება მრავალშვილიანი ოჯახები, ობოლი ბავშვები, საბავშვო სახლისა და ინტერნატის აღსაზრდელები, მოსწავლე და დაბალანაზღაურებადი მომსახურე აღსაზრდელები, პენსიონერები და მცირე მატერიალური შესაძლებლობების მქონე მოქალაქეები.

სპეციალიზებული და სათავგადასავლო ტურიზმი – ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტურიზმის სახეობებია. მათ საფუძვლად შეიძლება დაედოს ნებისმიერი გატაცება-არქეოლოგიური გათხრებით დაწყებული, ფრინველებზე დაკვირვებით დამთავრებული. ასევე, დიდი პოპულარობით სარგებლობს სათავგადასავლო ტურიზმი-ლაშქრობა და ალპინიზმი, მთის მდინარეებზე ტივით დაშვება, ნადირობა, თევზაობა და ა. შ. სპეციალიზებული და სათავგადასავლო ტურიზმისათვის საჭიროა მცირერიცხოვანი საგანგებო ობიექტები (თუნდაც ცალკეული შემთხვევებისათვის). აქ, როგორც წესი, კვალიფიციური გიდები მუშაობენ და გარანტირებულია უსაფრთხოების მაღალ დონეზე დაცვა. ეკოლოგიურად მდგრად რაიონებში ასეთი სახის დასვენების ორგანიზაციისას მკაცრი ეკოლოგიური კონტროლი უნდა დაწესდეს.

 სასოფლო ანუ აგრარული ტურიზმი – ითვალისწინებს: ტურისტთა განთავსებას ადგილობრივი ტრადიციებით აგებულ სახლებში, კვებას – ადგილობრივი წარმოების კვების პროდუქტებით და მონაწილეობას – სოფლის ცხოვრებაში. ადგილობრივი მკვიდრნი სოფლად აშენებენ, ფლობენ და განკარგავენ ტურისტულ ობიექტებს, ქმნიან სამუშაო ადგილებს და ტურისტების მიერ გაწეული დანახარჯებიდან იღებენ პირდაპირ ეკონომიკურ მოგებას. სასოფლო ტურიზმის წარმატებული განვითარება არ ითხოვს დიდ კაპიტალდაბანდებას, მაგრამ საჭიროებს სრულყოფილ დაგეგმვას და პროგრამირებას. ადგილობრივმა მოსახლეობამ ობიექტთა მომსახურებისათვის უნდა გაიაროს სპეციალური მომზადება. პირველ ეტაპზე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს მცირე სესხები და ტექნიკური კონსულტაციები. მთავარია, რომ თითოეულ სოფელში შენარჩუნებული იქნას განვითარების ოპტიმალური დონე, რომ არ შეიქმნას ეკოლოგიური და სოციალური რობლემები. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია სოფლებში ახალი ტურისტული ობიექტები აშენდეს.
ფერმერული ტურიზმი – თითქმის სასოფლო ტურიზმის ანალოგიურია, დიდი პოპულარობით სარგებლობს ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში და მსოფლიოს მრავალ რეგიონში ვითარდება. ტურიზმის ეს სახეობა ტურისტებს საშუალებას აძლევს განთავსდნენ ფერმებში, რანჩოებსა და პლანტაციებში (ტროპიკულ რეგიონებში), ან სტუმრებისათვის განკუთვნილ ცალკე სახლებში (კვებით). ამასთან ერთად ტურისტებს საშუალება აქვთ გაეცნონ, ან მონაწილეობა მიიღონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. გარდა ამისა ზოგიერთი ფერმერი თავის ტერიტორიაზე აწყობს კემპინგებს და ტურისტებს თევზაობისა და ნადირობის საშუალებას აძლევს. ტურისტებს შეუძლიათ ფერმის ტერიტორიები გამოიყენონ ბაზებად, საიდანაც ლაშქრობები მოეწყობა. მეთევზეთა დასახლებებში ადგილობრივ მცხოვრებთ შეუძლიათ ტურისტებს მისცენ საცხოვრებელი და მონაწილეობა მიაღებინონ თევზაობაში. ტურიზმის ამ სახეობის ორგანიზებისათვის შეიძლება ტექნიკური დახმარება გახდეს საჭირო. როგორც წესი იმ სასოფლო რაიონებში, სადაც ტურიზმი ვითარდება, თავს იჩენს მომსახურების დაჯავშნის სისტემის შექმნის აუცილებლობა.
ეკოტურიზმი – ეს არის ისეთი მოგზაურობა ტურისტებისა, რომლებსაც გარემოსადმი თავიანთი პასუხისმგებლობა მკაფიოდ აქვთ გათვითცნობიერებული. ასეთი ტურების მიზანია ველურ ბუნებასთან ურთიერთობა. ეკოტურიზმს მინიმუმამდე დაჰყავს გარემოზე ეკოლოგიური და კულტურულ-სოციალური ხასიათის უარყოფითი ზეგავლენის შედეგები, ხელს უწყობს დაცული ტერიტორიებისა და რეგიონების მოსახლეობის ეკონომიკური შემოსავლების ზრდას. ეკოტურისტები შეიძლება იყვნენ ტყის მოყვარულები და აკვალანგისტები, რომლებსაც წყალქვეშა სამყარო აინტერესებთ, ასევე ფრინველების მოყვარულნი და ა. შ. ტურიზმის ეს სახეობა პოპულარულია ტურისტთა იმ კატეგორიებს შორის, რომლებსაც სურთ მიიღონ მეტი ინფორმაცია ადგილობრივ ეკოსისტემაზე, ეკოკულტურაზე და აღელვებთ გარემოს დაცვის პრობლემები. ტურიზმის ეს სახეობა დიდ კაპიტალ-დაბანდებას არ საჭიროებს, მაგრამ კვალიფიციური გიდების ყოფნა აუცილებელია, რადგან იმ ადგილებში სადაც ტურისტები მოძრაობენ საჭიროა ბუნების დაცვის მკაცრი პრევენციული ზომების გატარება.  [2]

ტურიზმის ფაქტორი და მისი გავლენა ეკონომიკაზე

ტურიზმი, როგორც სოციალურ-ეკონომიკური კატეგორია, წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკის აღიარებულ სექტორს და საერთაშორისო მომსახურებით ვაჭრობის ლიდერს. ამ დარგის ფუნქციონირების ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული ფაქტორების ანალიზს, განვითარების თავისებურებისა და ტენდენციების შეფასებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეროვნული ეკონომიკის განვითარებისათვის. ტურიზმის ეკონომიკური ანალიზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი როლის განსაზღვრა ქვეყნის ეკონომიკაში, ქვეყნის შემოსავლების ზრდაში. ქვეყნის ეკონომიკისთვის ტურიზმი უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროა.

მსოფლიო ეკონომიკის მდგარდი განვითარების საკითხებზე მრავალი ფორუმია ჩატარებული, ერთ-ერთია იოჰანესბურგში ჩატარებული მსოფლიო სამიტი (2002 წ. 22 აგვისტო- 2 სექტემბერი). იოჰანესბურგის მსოფლიო სამიტი მსოფლიო ეკონომიკის მდგრადი განვითარების საკითხებზე მოეწყო, სადაც შეიკრიბა ათიათასობით მონაწილე, მათ შორის სახელმწიფოს მეთაურები და მთავრობის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები და წარმომადგენლები, ასევე ბიზნესმენები. საკითხები რომელიც მათ განიხილეს ეხებოდა ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას, მოსახლეობის ზრდას და მათ გაზრდილ 17 მოთხოვნებს საკვების, თავშესაფრის, წყლის, ელექტროენერგიის, ჯანდაცვის და ეკონომიკური უსაფრთხოების თემებს. ამ უმაღლესი დონის მეორე მსოფლიო შეხვედრაზე, მსოფლიო ეკონომიკის მდგრადი განვითარების მიღწევის პროცესში ტურიზმი ოფიციალურად იყო ჩართული. მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის „ათასწლეულის განვითარების“ მსოფლიო სამოქმედო პროგრამაში: „მდგრადი განვითარება- სიღარიბის დაძლევა“. (Johannesburg Summit.A/conf.199/20).

საქართველოს მთავრობის მიერ ტურიზმი ჩვენს ქვეყანაშიც აღიარებულია ეროვნული ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად. ტურიზმმა დიდი როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური წინსვლის უმნიშვნელოვანესი ამოცანების განხორციელებაში.

ტურიზმი 21-ე საუკუნის დასაწყისისათვის მსოფლიო კულტურასა და ეკონომიკაში მდგრადი განვითარების დარგად ჩამოყალიბდა, რომელმაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა გლობალურ ეკონომიკურ სტრუქტურაში. ტურიზმმა რომ ეკონომიკური მოგება 18 მოუტანოს ქვეყანას, ქალაქს, მისი განვითარება უნდა ატარებდეს მდგრად ხასიათს. განვითარების თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განახლების სისტემას, დასახლებათა ტრადიციულ არქიტექტურას და ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას. ტურიზმის განვითარებისთვის საჭიროა არსებობდეს შემდეგი კომპონენტები: 1) თავისუფალი დროის გატარების ფორმები და ღირშესანიშნაობები. 2) ტურისტული ნაკადების მიღების და მომსახურების ინფრასტრუქტურა. 3) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მომსახურება; 4) ადგილობრივი საინჟინრო -ტექნიკური ინფრასტრუქტურა; 5) მოგზაურობების ორგანიზება. ტურისტული საინფორმაციო მომსახურებისთვის საჭიროა სამსახურების არსებობა და ტურისტული პროდუქტის ბაზარზე გატანა. (ხაზარაძე 2008: 92-95). [3]

სახელმწიფოს როლი ტურიზმის ფაქტორის გათვალისწინებაში

ტურიზმს, ისე როგორც სხვა ეკონომიკურ სექტორს სტაბილურად განვითარებისათვის სჭირდება შესაბამისი პოლიტიკის ჩამოყალიბება, როგორც ეროვნული, ასევე ლოკალური, რეგიონული განვითარების თვალსაზრისით. ტურიზმში პოლიტიკის შემუშავება აუცილებელია იმისათვის, რომ ეფექტიანად მივაღწიოთ დასახულ მიზნებს, რომელიც ჩამოყალიბდა კონკრეტული ქვეყნის, ან რეგიონის მასშტაბით მოკლევადიან და გრძელვადიან დინამიკაში. სამეცნიერო ლიტერატურაში ტურიზმის პოლიტიკის სხვადასხვა განმარტებებია მოცემული, გელდნერის და რიტჩის მიხედვით იგი არის გარკვეული წესების, რეგულაციების, დირექტივების, სტრატეგიების, აქტივობების ნაკრები, რომელიც აუცილებელია დანიშნულების ადგილის განვითარებისა და კონკურენტული უპირატესობის მოპოვებისათვის [80, გვ.326]. ედგელი და სვანსონი  ყურადღებას ამახვილებენ მარკეტინგზე, დაგეგმვაზე, მდგრად განვითარებაზე. მათი აზრით ტურიზმის პოლიტიკა წარმოადგენს პროგრესულ კურსს, რომელიც მოიცავს მოქმედებებს, მიმართულებებს, დირექტივებს, პრინციპებს და პროცესებს, რომელიც მოქცეულია ეთიკურ ჩარჩოში და ფოკუსირებულია საზოგადოებაზე, რომელშიც მოქმედებების დაგეგმვით, განვითარებით, საქონლისა და მომსახურების წარმოებით, მდგრადი განვითარების პრინციპების გამოყენებით უნდა მოხდეს დანიშნულების ადგილის განვითარება [75, გვ.9-11]. პოლიტიკა, მისი თვისებრივი ხასიათიდან გამომდინარე, გავლენას ახდენს სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებზე, როგორიცაა ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლება, ტურისტები, ტურიზმის ინდუსტრიის ოპერაციული სექტორები: განთავსება, ატრაქციები, კვების სერვისები, სატრანსპორტო, ტურისტული სერვისები, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და ა.შ. თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისიდან გამომდინარე, პოლიტიკის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს სტეიკჰოლდერებისათვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, რომელშიც შესაძლებელი იქნება მაქსიმალური სარგებლის მიღება და ნეგატიური ეფექტების შეზღუდვა.  [4]

საქართველოში ტურიზმის დარგიდან მიღებული შემოსავლების ზრდა, ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტულ სფეროდ ტურიზმის აღიარებამ და მთავრობის მხრიდან მის მიმართ განსაკუთრებულმა ყურადღებამ განაპირობა. მოგზაურობისა და პრიორიტეტულობის რეიტინგში საქართველომ 72-ე ადგილიდან 31-ე ადგილზე 27 გადაინაცვლა და ამ მაჩვენებლით მეზობელ სახელმწიფოებს მნიშვნელოვნად გაუსწრო. ტურიზმის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის ზრდის, სხვა დარგების განვითარების და ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდის კარგი შესაძლებლობაა. ამიტომ სახელმწიფოები მის სტიმულირებას სხვადასხვა ღონისძიებებით ახორციელებენ. ერთ-ერთი მათგანია თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა. (გელაშვილი, დიხამინჯია 2016).

ტურიზმის განვითარება საქართველოში

ტურიზმი საქართველოში —  კავკასიის უძველეს ქვეყანაში, აქტიურადაა წახალისებული ქვექნის მთავრობის მიერ. ამ სექტორის მართვას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. საქართველოს კულტურა უძველესია, ადგილობრივი მოსახლეობა კი სიძველისა და თანამედროვების ნაზავია . ზოგიერთი ქვეყანა უცბად გიზიდავს,  საქართველო კი მაშინვე გაცდუნებს, როგორც კი მის მიწაზე დაადგამ ფეხს — კალპანა შაჰნის ციტატა საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდიდან.

საქართველოში ტურიზმის განვითარება მე-19 მე-20 საუკუნეების მიჯნაზე იწყება. ფაქტორბივად იგი მასშტაბურ ხასიათს მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლებიდან იღებს. ამ პერიოდში ექსპლუატაციაში შევიდა კეთილმოწყობილი ტურისტული ბაზები და სასტუმროები თბილისში, სოხუმში, ბათუმში, ქუთაისში, ვარძიაში და სხვა. დაიწყო ტურიზმის აღმშენებლობის პროცესი გაგრაში, ქობულეთში, აბასთუმანში, წყალტუბოში და სხვა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართელოს აღერიცხებოდა 624 სასტუმრო, ტურისტული ბაზა, მოტელი, კემპინგი და სხვა მსგავსი დაწესბულება, რაც ჯამში 1522 ათასს ადგილს შეადგენდა. შედარებით სუსტი იყო სამოქალაქო სასტუმროების ქსელის განვითარება. ეს მონაცემები თავისთავად მეტყველებდნენ საქართველოს დიდ ტურისტულ პოტენციალზე, მაგრამ მათ მიღმა უნდა დავინახოთ ის, რომ ტურიზმი, რომელიც არსებობდა გასული საუკუნის 80 წლებში, თავისი ფორმით და შინაარსით წარსულს ჩაბარდა. მასთანავე დაგვიტოვა ბევრი არასწორი შეხედულება და სტერეოტიპი.
ამჟამად საქართველოში ტურიზმი თვისობრივად ახალ სისტემაზე გადადის და ამ გარდამავალ ეტაპზე მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა უხდება. საქართველოს გააჩნია უდიდესი ტურისტული და საკურორტო პოტენციალი. საქართველო ამჟამად აღიქმება როგორც ახალი, ჯერ კიდევ უცნობი ქვეყანა და ამდენად საინტერესოა მისი აღმოჩენა ყოველი მოგზაურისთვის თუ ტურისტისთვის. ქვეყნის მონახულების სურვილს კიდევ უფრო აძლიერებს 1999 წელს ჩატარებული არქეოლოგიური აღმოჩენა, როდესაც თბილისის მახლობლად, დმანისში აღმოაჩინეს პალეოლითური ხანის უძველესი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტი, რომელიც თარიღდება 1 მილიონ 800 ათასი წლით. ამ აღმოჩენით საქართველო გახდა პირველი ევროპელის სამშობლო.
ქვეყანაში 12 000 ისტორიული ძეგლი, 150 მუზეუმი და მრავალი საგანძურია, რომელიც დღითიდღე, თანდათანობით იზრდება. საქართველო ოდითგანვე ცნობილია თავისი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებით, ამჟამად კი 102 კურორტი და 182 საკურორტო ადგილია, კურორტების ძირითადი ნაწილი ზღვის პირას და მთიან რეგიონებშია. საქართველოს წრმომადგენლობა გადის ქვეყნის გარეთ, საიდანაც უფრო მეტი ინფორმაციის გავრცელება ხდება საქართველოზე. რის შედეგადაც საქართველოში იმატებს ტურისტების რაოდენობა. მაგალითად.: 1998 წელს საქართველოს წარმომადგენლობის გახსნა მოხდა ისრაელში, ტელ-ავივში. ამავე წელს თბილისსში ჩატარდა ”დიდი აბრეშუმის გზის” ტურიზმის მსოფლიო ფორუმი, 2003 წელს კი თბილისში მოხდა მეოთხე საერთაშორისო ტურისტული ბაზრობის გახსნა.
როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა სისტემური ხასიათისაა არსებითად დამოკიდებულია, როგორც ეკონომიკურ ასევე პოლიტიკური ფაქტორების გამოყენების ფორმაზე, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების თვისებურებებზე. [2]

საქართველოს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია ვიზიტორებისთვის: მრავალფეროვანი ლანდშაფტი, თვალწარმტაცი ბუნება, შავი ზღვის სუბტროპიკული ზონა, მდინარეები და ჩანჩქერები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, კურორტები და მინერალური წყლები, ისტორიული ძეგლები, ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა, სამზარეულო. ტურიზმის სახეობები – ეკო ტური, ფოტო ტური, სალაშქრო ტური, კულტურული ტური, და სხვა. ტურისტული ბიზნესი საქართველოში საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის რთულ პროცესში ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი გახდა. საქართველო აღიქმება როგორც ახალი, ჯერ კიდევ უცნობი ქვეყანა და ამდენად საინტერესოა მისი გაცნობა ყოველი მოგზაურისათვის თუ ტურისტისათვის.

ტურიზმის სექტორი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი საქართველოში. მრავალი შესაძლებლობა არსებობს ამ სფეროში ინვესტიციების დაბანდებისას. 1993 წელს საქართველო გაწევრიანდა მსოფლიო ტურისტულ ორგანიზაციაში. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მდიდარია ტურისტული ღირშესანიშნაობებით. მაგრამ თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოწყობილი აქვს მათგან მხოლოდ 29%-ს. მნიშვნელოვანია გაირკვეს, რა ფორმით შეიძლება საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ტურისტული ბიზნესის ეფექტიანობის ამაღლებაში, ამისთვის რა წინაპირობები არსებობს. (ალფაიძე 2016).

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს სიღარიბე და უმუშევრობის პრობლემა. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთი გზა არის სწორედ ტურიზმის უფრო მეტად განვითარება ჩვენს ქვეყანაში. რასაც ცხადყოფს ზემოთ აღნიშნული რიგი მიზეზები. ქვემოთ ცხრილში მინდა წარმოვადგინო დასაქმებაში ტურიზმისა და მოგზაურობის სექტორის მთლიანი კონტრიბუცია 1000 მოსახლეზე, პანდემიამდე. 2010 წლიდან იყო მზარდი დინამიკა (2019 წელს შეინიშნებოდა მხოლოდ 0.3%-იანი შემცირება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით).

დიაგრამა 1: დასაქმებაში ტურიზმისა და მოგზაურობის სექტორის მთლიანი კონტრიბუცია (1000 მოსახლეზე)

წყარო: https://eap-csf.ge/wp-content/uploads/2021/03/EAP-%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98.pdf

პანდემიამდე არსებული სიტუაცია ტურიზმში

საერთაშორისო და შიდა ტურიზმი დიდ როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკაშიც. საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა, შედეგად 2019 წელს მისმა მოცულობამ 3.3 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. მშპ-ში წილმა კი 8.1%-ს მიაღწია. [5]

დიაგრამა 2: ტურიზმის წილი მშპ-ში.

წყარო: https://gnta.ge/ge/%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90/

პანდემიის (COVID 19)  გავლენა ტურიზმზე მსოფლიოსა და საქართველოში

ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმის სექტორმა მიიღო, ყველა იმ სფეროს ჩათვლით, რომელიც ერთიანობაში ამ ინდუსტრიას ქმნის. ტურიზმი ეკონომიკური აქტიურობის ზრდის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა და მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-იანი წილი უჭირავს. იგი ითვლება მოწყვლად ეკონომიკურ აქტიურობად, რადგან შედარებით უფრო მგრძნობიარეა გარე შოკების მიმართ. ტურიზმი არის მოსახლეობის დასაქმების, ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების, რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარების, ეკონომიკური და სოციალური პროგრესის, ქვეყანაში მრავალფეროვანი წარმოებისა თუ მომსახურების შექმნის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი წყარო. აქედან გამომდინარე, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები პირდაპირ აისახა ქვეყნების შემოსავლებზე, რამაც საბოლოო ჯამში, პირდაპირ თუ ირიბად დიდ დანაკარგებთან მიგვიყვანა. შეგვიძლია განვიხილოთ ძირითადი გავლენები და მოსალოდნელი შედეგები ტურიზმის სექტორში.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) განცხადებით ისტორიას არ ახსოვს მსგავსი სახის მასშტაბური კრიზისი გლობალური ტურიზმის ინდუსტრიაში. მათი განცხადებით: 2020 წელს მსოფლიო ტურიზმის ზრდა 3-4%-ით იგეგმებოდა, თუმცა COVID-19 ტიპის ვირუსის გავრცელებამ მანამდე არსებული სურათი რადიკალურად შეცვალა; ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით მილიარდ ნახევარი ტურისტის მიმოსვლა ხდება; გავლენა მსოფლიო ტურიზმზე ტურისტებს შორის გამოირჩევიან ჩინელები, რომლებიც ყველაზე მეტს მოგზაურობენ, და ყველაზე მხარჯველ ტურისტებად ითვლებიან. საერთაშორისო ტურისტული დანახარჯების 20% სწორედ ჩინელ ვიზიტორებზე მოდის; ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არსებული სცენარის გაგრძელების შემთხვევაში 2020 წელს ტურიზმის მთლიანი შემოსავლების 25-30%-იანი დანაკარგია მოსალოდნელი, რაც რიცხვებში გამოსახული დაახლოებით 30-50 მილიარდი დოლარია.

არსებულმა მძიმე მოცემულობამ მნიშვნელოვნად იმოქმედა მცირე და საშუალო საწარმოებზე, რომლებიც ტურიზმის სექტორის 80%-ზე მეტს შეადგენენ; ეს შეეხო მილიონობით ადამიანს მსოფლიოში, მათ შორის მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც დამოკიდებულები არიან უცხოელ ვიზიტორებზე, და საკუთარ რეგიონში ქმნიან განვითარებად და ინკლუზიურ ეკონომიკას; მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს ტურ ოპერატორებმა, სასტუმროებმა, რესტორნებმა და კაფე-ბარებმა, სატრანსპორტო და საექსკურსიო კომპანიებმა, ასევე სხვადასხვა სახის მომსახურების ცენტრებმა და სავაჭრო ობიექტებმა; [6]

საქართველოს ეკონომიკა ტურიზმის შემოსავლებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ აღნიშნული სექტორია რეგიონებში მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო.

2019 წელს ტურიზმის შემოსავლების ფარდობამ მშპ-სთან 21% შეადგინა, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულის პერიოდი ნაკლები ტურისტული ნაკადებითაა დატვირთული, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ სექტორში დანაკარგები იქნება მნიშვნელოვანი დარტყმა ქართული ეკონომიკისათვის, უფრო რეგიონულ დონეზე, რომლის აღდგენასაც საკმაო დრო და რესურსი დასჭირდება; დამაიმედებელი ფაქტორია საქართველოში, იანვარ-თებერვალში ტურიზმის ზრდა, რომელიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით არის გაზრდილი. იმის გათვალისწინებით, რომ თებერვლის მეორე ნახევარი ვირუსის გავრცელების შედეგად ნაკლები აქტიურობით გამოირჩეოდა; საქართველოში მიმდინარე წლის მარტი-აპრილში სასტუმროებზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 60%-ით არის შემცირებული, რაც ამ უკანასკნელებს საკმაოდ მძიმე ვითარებაში აყენებს, იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რაც სასტუმროებს მართებთ საკუთარი თანამშრომლებისა თუ კრედიტორების წინაშე; გავლენა ქართულ ტურიზმზე საქართველოს ეკონომიკა ტურიზმის შემოსავლებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ აღნიშნული სექტორია რეგიონებში მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო. რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ საკვები ობიექტებიც. მდგომარეობის გართულებამდე, პროცესს შედარებით ასტაბილურებდა რეზიდენტების მხრიდან მოხმარება, თუმცა ბოლო პერიოდში მომატებული შემთხვევებიდან გამომდინარე, არსებული ფონი დამძიმდა და უმეტესი მათგანი დროებით დაიკეტა.

გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული რიგი გადაწყვეტილებები შეიძლება შეფასდეს, როგორც არსებული დაძაბული ფონის დეესკალაციისაკენ გადადგმული ნაბიჯი. გადაწყვეტილების მიხედვით, ტურიზმის სექტორის ობიექტებს (სასტუმრები, რესტორნები, კაფე-ბარები, სატრანსპორტო და საექსკურსიო კომპანიები და სხვა) ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები 4 თვით გადაუვადდათ. ეს შეეხება 18 000-მდე კომპანიასა და 50 000-ზე მეტ დასაქმებულ პირს. აღნიშნული გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა ამ სექტორში 4 თვის განმავლობაში დარჩეს 100 მილიონზე მეტი ფინანსური რესურსი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს საბანკო სექტორის მხრიდან მხარდაჭერა, რომელმაც ფიზიკურ პირებს სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი შესთავაზა, ასევე ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დანერგეს დისტანციური მომსახურების სერვისი. საერთო ჯამში, ეს გადაწყვეტილებები ქმნიან ერთიან ჯაჭვს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური პირებისათვის, ასევე ბიზნესისათვის.

 ქვემოთ ცხრილში, წარმოდგენილი მაქვს ტურისტთა რაოდენობა პანდემიამდე და პანდემიის შემდგომ წლებში (2017-2021წწ).

ცხრილი 1: 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა, ათასი

2017540.2
2018600.3
2019643.8
2020126.1
2021 I კვარტალი43.4

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/102/utskhoel-vizitorta-statistika

ეს ცხრილი ცხადყოფს, რომ პანდემიამდე, ყოველწლიურად იმატებდა ტურისტთა რიცხვი ჩვენს ქვეყანაში, რაც რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახებოდა, თუმცა პანდემიისაგან გამოწვეულმა კრიზისმა სრულიად შეცვალა ეს მდგომარეობა უარესობისაკენ. ზოგადად ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებამ გლობალური დღის წესრიგი საგრძნობლად შეცვალა. თუმცა იმდეს ვიტოვებთ,  რომ ვირუსის დამარცხების შემდეგ, მსოფლიო სწრაფად მოახერხებს ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას. სწორედ ამიტომ, ვითარების განმუხტვის შემდეგ, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია იმ ქვეყნებს, რომლებმაც ყველაზე დიდი დარტყმა მიიღეს სთავაზობს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭრას იმ ღონისძიებებისათვის, რაც სტაბილურობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. ამასთან ერთად, დაეხმარება საერთაშორისო განვითარებისა და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და კოორდინაციაში, ასევე ეკონომიკის აღდგენის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში. ერთობლივი ძალისხმევით კი აუცილებლად მოხდება არსებული ფონის დასტაბილურება და მსოფლიო ეკონომიკის საკუთარ რელსებზე დაბრუნება.

დასკვნა

ზემოთ განხილული თემების შემდეგ პირველი დასკვნა, რაც შეიძლება ჩამოვაყალიბო არის ის, რომ ტურიზმსა და ეკონომიკას, განსაკუთრებით კი ეკონომიკის განვითარებას შორის მჭიდრო კავშირია. ტურიზმის პრობლემებს უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაზე.

თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ტურიზმის განვითარება სახელმწიფოს და რაიონს მთლიანად, როგორც დაინტერესებულ (მონაწილე) მხარეს, უქმნის შესაბამისი სტიმულების ნაირსახეობას:

სამუშაო ადგილები და საწარმოები; დამატებითი შემოსავლები; ადგილობრივი პროდუქციისათვის ახალი გასაღების ბაზრები; ინფრასტრუქტურის, ასევე კომუნალური მომსახურების ობიექტებისა და სამსახურების მოდერნიზაცია; ახალი პროფესიები და ტექნოლოგიები; საზოგადოების მიერ გარე სამყაროსა და კულტურული მემკვიდრეობის პრობლემებისა და მათი დაცვის აუცილებლობის საფუძვლიანი გაგება; ახალი მიდგომები მიწათსარგებლობაში.

რაც შეეხება პანდემიით შექმნილი ვითარების შემდგომ ცვლილებასა და მოვლენების სავარაუდო განვითარებას, ვფიქრობ, რომ ქვეყანათა ეკონომიკური უარყოფითი გავლენისა და მისი განვითარების შენელების მიუხედავად, მაინც უნდა გვქონდეს სტიმული იმისა, რომ ტურიზმი უფრო მეტად გააქტიურდეს და სწორედ ეს გახდეს ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, რადგანაც  ქვეყნის რესურსული პოტენციალიდან გამომდინარე, საქართველოსათვის პრიორიტეტულია ტურიზმის განვითარება. ქვეყანამ უნდა გამოიყენოს გეოსტრატეგიული მდებარეობა.  სწორედ ეს იქნება გზა ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისათვის.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმის განვითარება იმ ქვეყანაში, რომელსაც რეალურად გააჩნია ტურისტული პოტენციალი და ფლობს გარკვეულ კონკურენტულ უპირატესობებს ამ კუთხით, უნდა იყოს ქვეყნის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი.    

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ბარბაქაძე 2012: ბარბაქაძე კ., ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის სიახლეები საქართველოში, 2012;
  2. https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/sakartvelo-da-turizmis-ganvitareba/turizmis-sakheobebi
  3. http://dl.sangu.edu.ge/pdf/dissertacia/mgavasheli.pdf
  4. http://press.tsu.ge/data/image_db_innova/Disertaciebi_economics/merab_xoxobaia.pdf
  5. https://eap-csf.ge/wp-content/uploads/2021/03/EAP-%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98.pdf
  6. https://sector3.ge/Libraries/Download/381

ბურკაძე 2004: ბურკაძე თ, ტურიზმის ადგილი საქართველოს ეკონომიკაში და მისი განვითარების პერსპექტივა, ჟურნალი -ეკონომიკა