საქართველოს საგარეო ვაჭრობა: მიმდინარე ტენდენციები და გამოწვევები

ავტორის სტილი დაცულია

ეკატერინე გოგიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
gogiashviliekaterine@gmail.com

ანოტაცია
თანამედროვე პირობებში წარმოუდგენელია ქვეყნის არსებობა და მისი ეკონომიკის განვითარება საგარეო ვაჭრობის გარეშე. მსოფლიოში არსებული გლობალიზაციისკენ მიმართული ტენდენციები მსოფლიო ვაჭრობას უწყობს ხელს. არც საქართველო გახლავთ ამ მხრივ გამონაკლისი, ისიც ჩართულია მსოფლიო სავაჭრო ქსელში. ამ სტატიაში საუბარი გვექნება სწორედ საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე, ქვეყანაში არსებულ მიმდინარე ტენდენციებსა და გამოწვევებზე.

Annotation

In modern world, the existence of a country and the development of its economy is unimaginable without foreign trade. Trends in globalization are the driving force in global trade. Georgia is no exception in this regard, it is also involved in the world trade network. In this article we will talk about Georgia’s foreign trade, current trends and related challenges in the country.

შესავალი

დღესდღეისობით ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ინტეგრაციის ხარისხი. ეს უკანასკნელი  შეგვიძლია შევაფასოთ ქვეყნის საგარეო ურთიერთობების, კერძოდ კი საგარეო ვაჭრობის ხარჯზე. საქართველოს მთავრობა წლიდან წლამდე ცდილობს გააფართოვოს ქვეყნის საგარეო ვაჭრობის არეალი, გაზარდოს ადგილობრივი საქონლის საექსპორტო პოტენციალი. ამ ეტაპზე, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: ექსპორტის თვალსაზრისით – ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და უკრაინა, ხოლო იმპორტის თვალსაზრისით – თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ და აზერბაიჯანი.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა: 2021 წლის იანვარი-ივნისი

 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 212.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 21.3%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 887.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (25.5%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 4 324.6 მლნ. აშშ დოლარი (19.5%-ით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ივნისში 2 437.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2%  შეადგინა. [1]

განვიხილოთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 13 ივლისს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2016-2021 წლების იანვარ-ივნისში ქვეყანაში არსებული ტენდენციები, რომლებიც მოცემულია შემდგომი გრაფიკის სახით:

გრაფიკი #1: საგარეო ვაჭრობის ტენდენციები საქართველოში

წყარო: https://www.geostat.ge/ka/single-news/2286/sakartvelos-sagareo-vachroba-2021-tslis-ianvari-ivnisi-ekspres-monatsemebi

2016-2018 წლების იანვარ-ივნისის საქონლის მთლიანი ბრუნვა, იმპორტი და ექსპორტი ხასიათდებოდა ზრდის ტენდენციით, ექსპორტი ასევე ზრდადია 2018-2019 წლების იანვარ-ივნისში (შესაბამისად ექსპორტ-იმპორტის სალდოც), ხოლო 2018-2020 წლების იანვარ-ივნისში შესაბამისი მონაცემები კლების ტენდენციით ხასიათდება. 2020-2021 წლებში კი კვლავ ზრდის ტენდენციით იცვლება. აღნიშნული კლება, გამოწვეულია მსოფლიოში არსებული კრიზისით, რომელიც თავის მხრივ მსოფლიო პანდემიის შედეგია.

2021 წლის იანვარ-ივნისის ექსპრეს მონაცემებით, ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში შეადგინა 78%. უმსხვილესი საექსპორტო სამეული გახლავთ: ჩინეთი (262.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (205.3 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (195.6 მლნ. აშშ დოლარი).
ხოლო რაც შეეხება იმპორტს,  ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში შეადგინა 70%. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (624.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (393.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (289.6 მლნ. აშშ დოლარი).[1]

გრაფიკი #2: უმსხვილესი საექსპორტო საქონელი

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/637/eksporti

აღნიშნულ გრაფიკზე მოცემულია უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფები, 2016-2021 წლებში. ამ დროის განმალობაში შეინიშნება გაკრვეული ცვლილებები, საექსპორტო საქონლის მთლიან მოცულობაში, ცალკეული ჯგუფის საქონლის წილში. 2016 წელს სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების წილი იყო ყველაზე მაღალი, მსუბუქი ავტომობილებისა და ფეროშენადნობების წილებს შორის არ შეიმჩნეოდა დიდი განსხვავება, ეს ტენდენცია შენარჩუნდა 2018 წლამდე. 2019 წელს კი მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის წილმა გადააჭარბა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების წილს, 2020-2021 წლებში კი კვლავ 2016-2018 წლების ტენდენცია შეინიშნებოდა.
2021 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით კი სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 327.2 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 21.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 165.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.8%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 144.3 მლნ. აშშ დოლარით (9.4 %).[2]

გრაფიკი #3: უმსხვილესი საიმპორტო საქონელი

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/638/importi

იმპორტთან მიმართებით ექსპორტისაგან განსხვავებული სურათი გვაქვს. 2016-2018 წლებში  ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის წილი, ქვეყნის მთლიანი იმპორტის უმსხილეს სასაქონლო ჯგუფებს შორის ყველაზე დიდი იყო, ხოლო მსუბუქი ავტომობილების იმპორტი წილობრივად მეორე ადგილს იკავებდა. 2019-2021 წლებში კი პირიქით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა დაიკავა პირველი ადგილი, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტმა კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

2021 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფების სამეული შემდეგნაირია: პირველ ადგილს კვლავ მსუბუქი ავტომობილები იკავებს, რომლის იმპორტმა 309.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.9% შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 255.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3%), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 233.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7%). [2]

2006-2013 წლის რუსული ემბარგო

მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო საგარეო ვაჭრობაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს პოლიტიკური სტაბილურობა, რადგან არავის სურს პოლიტიკურად არასტაბილურ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობის ქონა. ხშირად პოლიტიკური უთანხმოება იწვევს პარტნიორ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტას. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწავავე გამოწვევა საგარეო ვაჭრობის სფეროში. საქართველო-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობაც გარკვეული პერიოდით ემსხვერპლა პოლიტიკურ უთანხმოებას.

2005 წელს რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მიმართ სრულმასშტაბიანი ეკონომიკური ბლოკადის გატარება დაიწყო. სამიზნედ ამორჩეული იქნა სოფლის მეურნეობის სექტორი, რადგან ამ სექტორში წარმეობული საქონელი ყველაზე კარგად დამკვიდრდა რუსულ ბაზარზე და შესაბამისად მასზე ყველა სხვა სექტორზე მეტად დამოკიდებული იყო.

2005 წლის დეკემბერში, რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალურმა დეპარტამენტმა (როსლეხოზნადზორმა) მიკრობიოლოგიური შემადგენლობის სტანდარტების დარღვევის საბაბით, საქართველოდან რუსეთში ცოცხალი მცენარეული წარმოშობის პროდუქტების შეტანა აკრძალა. ამ გადაწყვეტილებიდან ერთ თვეში – 2006 წლის 22 იანვარს, საქართველო ენერგობლოკადაში აღმოჩნდა. ჩრდილოეთ კავკასიაში მაგისტრალური გაზსადენი აფეთქდა. ამ შემთხვევის შემდგომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ერთხელ და სამუდამოდ უარი ეთქვა რუსეთისგან ენერგო რესურსების მიღებაზე. ამ პერიოდიდან მოყოლებული ბუნებრივი აირის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანი გახდა. ამან რუსეთის გავლენა ენერგო სფეროზე საგრძნობლად შეასუსტა.

მილსადენის აფეთქებიდან ერთ თვეში – 2006 წლის მარტში რუსეთმა ემბარგოს არეალი გააფართოვა და საქართველოდან ღვინის ექსპორტი აკრძალა. ამ დროისთვის რუსეთზე მოდიოდა მთლიანი ექსპორტის 20% ($153 მილიონის ოდენობით). ბლოკადის შედეგად, პირველივე წელს ექსპორტი განახევრდა. ამის შემდგომ ქართველმა მეწარმეებმა დაიწყეს ახალი ბაზრების ძიება და საბოლოოდ 2019 წლისთვის რუსეთის წილი ქართულ ექსპორტში 2%-მდე დაეცა.

2006 წლის 2 ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან შეწყვიტა საფოსტო, საავტომობილო, საავიაციო, საზღვაო, სარკინიგზო კავშირი. დაარღვია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენცია, ასევე არაერთი ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსთან ჰქონდა გაფორმებული. 2008 წლის აგვისტოს ომმა კიდევ უფრო გაამწვავა მდგომარეობა. საბოლოოდ შვიდწლიანი ემბარგო 2013 წელს დასრულდა, ამავე წელს ექსპორტი რუსეთში გაოთხმაგდა, 2020 წელს 157 360.3 ათასი $ შეადგინა, ხოლო 2021 წლის წინასწარი მონაცემებით კი – 205 320.3 ათასი $.  [7]

COVID-19-ის პანდემია და საქართველოს საგარეო ვაჭრობა

ამჟამად ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მთავარი გამოწვევა მდგომარეობს მსოფლიო პანდემიის შედეგად არსებული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში. მოგეხსენებათ, რომ COVID-19-ის პანდემიამ საქართველოს მძიმე დარტყმა მიაყენა. კაპიტალის მობილობისა და გადაადგილების შეზღუდვამ, საერთაშორისო ტურისტების ჩამოსვლის მოულოდნელმა შეჩერებამ და სუსტმა საგარეო მოთხოვნამ 2020 წელს 6.2 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია. სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 5.4%-ით გაიზარდა. სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა. ფისკალურმა დეფიციტმა და სახელმწიფო ვალმა დადგენილ ზღვარს გადააჭარბა, ფისკალურ და საგარეო სავაჭრო ბალანსზე კრიზისის ზეწოლის პირობებში. [5]

2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.6%-ით შემცირდა. ექსპორტი 11.3%-ით შემცირდა და 3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 16%-ით შემცირდა და 7.2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ექსპორტის შემცირება ძირითადად შემდეგმა პროდუქტებმა განაპირობა: მსუბუქი ავტომობილები (-269 მლნ დოლარი), სამკურნალო საშუალებები (-73 მლნ დოლარი), ფეროშენადნობები (-30 მლნ დოლარი) და მინერალური წყლები (-19 მლნ დოლარი). მნიშვნელოვნად გაიზარდა ძვირფასი ლითონების (+86 მლნ დოლარი) და სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (+78 მლნ დოლარი) ექსპორტი. ქვეყნების მიხედვით ექსპორტი ყველაზე მეტად შემცირდა სომხეთში (-206 მლნ დოლარი), რუსეთში (-57 მლნ დოლარი) და აზერბაიჯანში (-53 მლნ დოლარი). ყველაზე მეტად გაიზარდა ჩინეთში (+253 მლნ დოლარი) და ესპანეთში (+43 მლნ დოლარი).

იმპორტის შემცირება ძირითადად მსუბუქი ავტომობილების (-326 მლნ დოლარი), და ნავთობპროდუქტების (-235 მლნ დოლარი) შემოტანის კლებამ განაპირობა.

ქვეყნების მიხედვით იმპორტი ყველაზე მეტად თურქეთიდან (-194 მლნ დოლარი), ჩინეთიდან (140 მლნ დოლარი) და აშშ- დან (-119 მლნ დოლარი) შემცირდა.

საბოლოოდ, ექსპორტზე მეტად იმპორტის შემცირების გამო, იანვარ-ნოემბერში სავაჭრო დეფიციტი 971 მლნ დოლარით შემცირდა და 4.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. [6]

პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 5 პროცენტით გაიზრდება. ეკონომიკის გაუმჯობესების მიუხედავად, მთლიანი გამოშვება COVID-19-მდე არსებულ დონემდე 2022 წლის ბოლომდე ვერ აღდგება, რასაც დიდწილად განაპირობებს საერთაშორისო ტურიზმის პერსპექტივებზე არადამაიმედებელი პროგნოზები. [5]

დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის საგარეო ვაჭრობის წარმატებით წარმართა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. საერთაშორისო ვაჭრობა გლობალიზაციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ გლობალიზაცია თავის მხრივ ხელს უწყობს სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებასაც. მართალია, 2019-2021 წლის მსოფლიო პანდემიამ გარკვეულწილად, შეაფერხა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები, ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წლებში საქართველოს საგარეო ექსპორტი წლიდან წლამდე იზრდება, რასაც გვიდასტურებს სტატისტიკური მონაცემები. თუ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნებული იქნება მომავალშიც, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას.

გამოყენებული რესურსები:

  1. https://www.geostat.ge/ka/single-news/2286/sakartvelos-sagareo-vachroba-2021-tslis-ianvari-ivnisi-ekspres-monatsemebi
  2. https://www.geostat.ge/ka/single-news/2273/sakartvelos-sagareo-vachroba-2021-ts-ianvari-maisi-tsinastsari
  3. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/637/eksporti
  4. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/638/importi
  5. https://thedocs.worldbank.org/en/doc/2e5409c131739aead82fb401a6b1ca03-0080012021/original/Press-Release-WB-ECA-Economic-Update-Georgia-March-2021-GEO.pdf
  6. https://forbes.ge/gasuli-tseli-da-2021-tslis-gamotsvevebi/
  7. https://www.bm.ge/ka/article/rusuli-embargos-qronologia-saqartveloshi/35815