კრიზისის მართვის სახელმწიფო სტრატეგია

ავტორის სტილი დაცულია

მარიამ ყანდაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი

kandashvilimariami@gmail.com   

ანოტაცია

„სახელმწიფო არის ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია გარკვეულ ტერიტორიაზე ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება“. სახელმწიფოს უფლებები გარკვეულწილად მასზე დაკისრებული ფუნქციებიდან გამომდინარეობს (საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო). ხელისუფლების მხრიდან სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა განსაკუთრებით არსებითი გახდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე. კოვიდ პანდემია მსოფლიოს მასშტაბით სერიოზულ გამოწვევად იქცა. აღნიშნულმა მძიმე სოციალური და ეკონომიკური შედეგები მოუტანა მსოფლიოს. ასეთ დროს  კრიზისის მართვა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა კი სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. მოცემული განაპირობებს მოსახლეობაზე, მშვიდობაზე, სამუშაო გარემოსა და ცხოვრების ნორმალურ დონეზე შენარჩუნებაზე ზრუნვას, რისთვისაც სახელმწიფო ძირითადად ფუნქციონირებს სამი ძირითადი მიმართულებით, ესენია: მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ინვესტიციების მოზიდვა და ექსპორტის ხელშეწყობა. [1]

მოცემულ ნაშრომში ყურადღებას გავამახვილებ Covid-19-ით გამოწვეულ შეზღუდვებზე, ჩაკეტვებზე, ეკონომიკის მოგება/ზარალზე, უცხოურ რეზერვებზე, სოციალურ დახმარებებზე და სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომლებიც განაპირობებენ საქართველოს ამჟამინდელ და მომავალ მდგომარეობას.

Annotation

“The state is an organization that has a legitimate right to use force in a certain area.” The rights of the state derive to some extent from the functions assigned to it (legislative, executive, judicial). The right and important steps taken by the government have become especially important due to the pandemic situation over the past year. The Covid pandemic has become a serious challenge worldwide. This has had dire social and economic consequences for the world. Managing the crisis at such times and bringing the country out of the crisis is the most important responsibility of the state. This provides care for the population, peace, the working environment and the maintenance of a normal standard of living, for which the state mainly functions in three main areas: promoting small and medium-sized businesses, attracting investment and promoting exports.

In this article I will focus on the constraints caused by Covid-19, closures, economic gains /losses, foreign reserves, social assistance and other important economic indicators that determine the current and future state of Georgia.

Covid-19 და საქართველო

საქართველოს მთავრობის ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ ხუთ ეტაპს მოიცავს: [2]

  • ვირუსის გავრცელების „შეკავება“
  • ვირუსის გავრცელების „შენელება“
  • ვირუსის გავრცელების „მართვა“
  • ეტაპობრივი შემსუბუქება და ადაპტაცია
  • ვაქცინაცია

აღსანიშნავია ქვეყნის მობილიზების დონე. ამ მხრივ გამოსაყოფია ის ფაქტი, რომ საქართველოში ვირუსთან ბრძოლა მის დაფიქსირებამდე დაიწყო. ამ მიმართულებით აღნიშვნის ღირსია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნა და მისი აქტიური საქმიანობა. საკოორდინაციო საბჭოს პირველივე სხდომის შემდგომ გამოიყო პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც მიიჩნეოდა ქვეყნის ორიენტირად, კერძოდ: ჯანდაცვა, ეკონომიკა, უსაფრთხოება, მარაგები და ლოჯისტიკა.

ვირუსთან ბრძოლის შემდეგი ეტაპები მოიცავდა შეზღუდვების შემოღებას, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ვირუსის გავრცელება. ნახსენებს ეტაპობრივი ხასიათი ჰქონდა, რაც გარკვეულწილად სხვადასხვა ქვეყანაში პროცესების განსხვავებულად მიმდინარეობის შედეგი იყო. მაგალითისათვის, თავდაპირველად დაწესდა სავალდებულო იზოლაციის ნორმების დაცვა ჩინეთიდან და მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან, აეროპორტში დაიწყო თერმოსკრინინგი. პირველი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ კი შეჩერდა სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, შეჩერდა ხალხმრავლობასთან დაკავშორებული ღონისძიებები, შეჩერდა მიმოსვლა მეზობელ ქვეყნებთან და სხვა.

ქვეყნის ეკონომიკისათვის განსაკუთრებით მწვავე პერიოდი დადგა ვირუსთან ბრძოლის მესამე ეტაპზე, როდესაც შეიქმნა ვირუსის უკონტროლოდ გავრცელების საშიშროება და საჭირო შეიქმნა ე.წ. ლოქდაუნის ამოქმედება. შეზღუდვების დაწესება გამიზნული იყო მობილობის შემცირებაზე და ითვალისწინებდა კომენდანტის საათის დაწესებას, საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრის დასაშვები რაოდენობის 3-მდე შემცირებას, შეჩერდა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, ეტაპობრივად შეჩერდა სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური საქმიანობა.

შემდგომ ეტაპზე გადასვლის წინაპირობა შექმნა ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებლის შემცირებამ, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობამ, მობილობის შემცირებამ, სოციალური დისტანცირების ზრდამ და ა.შ.

ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამჟამად ხელმისაწვდომია ასტრაზენეკას, ფაიზერისა და სინოფარმის ვაქცინები. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა აღემატება მიწოდებას, საქართველო ნამდვილად ვერ დაიკვეხნის ვაქცინაციის სწრაფი ტემპით, რაც ერთგვარი ხელისშემშლელი ფაქტორია ეკონომიკის განვითარებისათვის.

ლოგიკურია, თუკი მოცემული ინფორმაციის საფუძველზე განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ შედეგებს, რომელიც გამოიწვია ქვეყანაში ლოქდაუნის ამოქმედებამ.

ეკონომიკის მოგება/ზარალი

კორონა ვირუსის პანდემია მსოფლიო ეკონომიკაზე მოქმედ მნიშვნელოვან უარყოფით ეფექტად მოგვევლინა. ქვეყნებში კლება დაფიქსირდა ეკონომიკის წამყვან სექტორებში და, რა თქმა უნდა, აღნიშნულმა ასახვა პოვა საქართველოს ეკონომიკაზეც. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად დაღი ტურიზმს დაესვა. ამ მიმართულებით აღსანიშნავია ორი ეფექტი. პირველი ესაა 2019 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ფრენების აკრძალვა. ვინაიდან ვიზიტორების მთლიან რიცხვში რუსი ტურისტები დაახლოებით მეხუთედს იკავებენ, [3] ეს უარყოფითად აისახა ტურიზმის დინამიკაზე. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ვერ შეედრება კოვიდ-19-ით გამოწვეულ შედეგებს. საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვების დაწესების შემდეგ გარე ტურიზმი საგრძნობლად შემცირდა და ბოლო პერიოდში გაუტოლდა შიდა ტურიზმს. [4]

კოვიდ პანდემიით გამოწვეული შედეგების ანალიზისათვის მეტად საყურადღებოა, განვიხილოთ ერთობლივი მოთხოვნისა და ერთობლივი მიწოდების სტატიკური ანალიზი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ერთობლივი მოთხოვნა მოიცავს როგორც შიდა, ასევე გარე მოთხოვნას. მართალია ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთობლივი მოთხოვნა შემცირდა, მაგრამ აღნიშნულის განხილვა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე არ იქნება რელევანტური. რამდენადაც პანდემიურმა მდგომარეობამ განაპირობა ქვეყნის ჩაკეტვა, შეჩერდა საერთაშორისო ფრენები და, ამავე დროს, შემცირდა ექსპორტი, [5] ყოველივე ამან განაპირობა გარე მოთხოვნის შემცირება. შიდა მოთხოვნის უცვლელობის ფონზეც კი, რა თქმა უნდა, აღნიშნულმა უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე. მეორე მხარეს წარმოადგენს ერთობლივი მიწოდება. შემცირებული მოთხოვნის და პანდემიის პირობებში გაზრდილი საწარმოო ხარჯების ფონზე მრავალი დაწესებულება იძულებული გახდა, შეეჩერებინა ან შეეწყვიტა წარმოება. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ანტიკრიზისული პოლიტიკა ითვალისწინებდა ბიზნეს სექტორის შეძლებისდაგვარად დახმარებას, შეჩერებულმა წარმოებამ თავისი გავლენა იქონია და ერთობლივი მიწოდებაც შემცირდა. ეჭვგარეშეა, აღნიშნულს არ მივყავართ დადებით შედეგებამდე, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობა როგორც ერთობლივი მოთხოვნის, ისე ერთობლივი მიწოდების შემცირებამ, ესაა ინფლაციის „დაჭერა“. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ 2019 წლიდან 2020 წლამდე წლიურმა ინფლაციამ მხოლოდ 0,3 პროცენტული მუხლით მოიმატა და 5,2% შეადგინა. [6] აქვე აღსანიშნავია, რომ შეზღუდვების მოხსნა და, თუ შეიძლება ითქვას, ეკონომიკის ხელახლა დაბადება ნახსენების საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდას ითვალისწინებდა და ასეც მოხდა. 2021 წლის მარტის მონაცემებით წლიური ინფლაცია 7,2%-ს გაუტოლდა. [7] აღნიშნული განაპირობა სამომხმარებლო კალათში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების ცვლილებამ. მაგალითისათვის, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაზრდილია 3%-ით, ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე 8%-ით, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე 4,7%-ით და ა.შ. აღსანიშნავია, რომ პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე საგრძნობლადაა გაზრდილი ფასები ჯანდაცვაზე, კერძოდ, 13,8%-ით. [5]

ნახაზი 1. ინფლაციის დონე საქართველოში 1997-2021 წლებში

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

მთავრობის ვალი და ბიუჯეტის დეფიციტი

როგორც აღვნიშნე, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებდა მოქალაქეებზე და ბიზნეს სექტორზე ზრუნვას. ორივე მიმართულებით გატარებული ღონისძიებები ორ ეტაპად იყო დაყოფილი და გულისხმობდა კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური სიდუხჭირის შემსუბუქებას. [8]

მოქალაქეებზე ზრუნვის პირველი ეტაპიდან ცალკე აღნიშვნის ღირსია სუბსიდიები კომუნალურ გადასახადებზე. სუბსიდია სამი თვის განმავლობაში გაგრძელდა და ითვალისწინებდა ელექტრო ენერგიისა და ბუნებრივი აირის მოხმარების გარკვეულ ერთეულებამდე დაფინანსებას. პროგრამის ბიუჯეტმა ჯამში 170 მილიონი ლარი შეადგინა. მოქალაქეების დახმარების მეორე ეტაპი უშუალოდ მოიცავდა პირდაპირ ფინანსურ დახმარებებს, როგორებიცაა: უხელფასო შვებულებაში გაშვებული და სამსახურიდან გათავისუფლებული დაქირავებული პირებისათვის დახმარების გაცემა, ერთჯერადი დახმარება თვითდასაქმებულთათვის, სოციალურად დაუცველი პირის მქონე სტატუსის მოქალაქეებისათვის ფულადი დახმარება შესაბამისი სოციალური ქულის მიხედვით და ა.შ. ორივე ეტაპის ჯამურმა ბიუჯეტმა 1,04 მილიარდი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ბიზნეს სექტორისთვის გაწეულ დახმარებას, თავდაპირველ ეტაპზე ის მოიცავდა ისეთ არსებით ღონისძიებებს, როგორიცაა საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება 4 თვით, ავტომობილების განბაჟების გადასახადის გადავადება და სხვა. მეორე ეტაპზე ყურადღება გამახვილდა ბიზნეს სექტორის ხელშეწყობაზე, რისთვისაც ამოქმედდა დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი, გამოიყო თანხები ფინანსების ხელმისაწვდომობის და ლიკვიდობის გასაუმჯობესებლად, განხორციელდა ცვლილებები პროგრამის „აწარმოე საქართველოშის“ ფარგლებში და სხვა. საბოლოო ჯამში, ყოველივე აღნიშნულის განხორციელებისათვის გამოყოფილმა ბიუჯეტის სიდიდემ 1,76 მილიარდი ლარი შეადგინა.

ცალკე გამოსაყოფია ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზე გაწეული სახსრები. საქართელოში ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე საჭირო შეიქმნა კლინიკებში საწოლფონდების შექმნა, მათი საჭიროებისამებრ აღჭურვა, სამედიცინო პერსონალის გადამზადება. ჯანდაცვის სისტემისთვის გამოყოფილმა ბიუჯეტმა კი 350 მილიონი ლარი შეადგინა.

ყოველივე აღნიშნულისათვის საჭირო რესურსების მოძიება საქართველოს მთავრობას ვალის აღების გზით მოუწია. ამ მხრივ უნდა გამოვყოთ საგარეო და საშინაო ვალი. 2021 წლის 31 მარტის მონაცემებით საქართველოს მთვარობის საგარეო ვალმა 25 088 492 ლარი შეადგინა, ხოლო საშინაო ვალის დაუფარავი მოცულობა ნომინალებში 5 905 267,9 ათას ლარს უტოლდება. [9] საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 10,5 მილიარდი ლარი, ხოლო ხარჯებმა 12,5 მილიარდი ლარი შეადგინა და, შესაბამისად, ბიუჯეტის საოპერაციო სალდო -2 მილიარდს გაუტოლდა. [5]

ნახაზი 2. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, ხარჯები და საოპერაციო სალდო (2008-2020 წლები)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მნიშვნელოვანი აგრეთვე ის ფაქტიც, რომ 2021 წლის 27 აპრილს გამართულ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაალდები გაიყიდა. აუქციონზე, სადაც მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო, მინიმალურ საპროცენტო განაკვეთად დაფიქსირდა 8,45%, ხოლო მაქსიმალურად – 8,75%.

აქვე, როგორც შესავალ ნაწილში ვახსენე, სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნქცია ანტიკრიზისული პოლიტიკის განხორციელებისას მდგომარეობს ინვესტიციების მოზიდვაში. თუკი განვიხილავთ 2020 წლის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ნათელი იქნება, რომ წინა წლებთან შედარებით ვერ დავიკვეხნით. ფორბსის ვებ-გვერდსა და საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, [10] 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 53%-ითაა შემცირებული 2019 წელთან შედარებით. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა 2020 წლის მეოთხე კვარტალში, ვინაიდან მოხდა ქვეყნიდან ინვესტიციების გადინება. [5] კოვიდპანდემიურმა სიტუაციამ და ძირითადი აქტივების საქართველოს რეზიდენტთა საკუთრებაში გადასვლამ გამოიწვია ინვესტიციების საგრძნობლად შემცირება სასტუმროებსა და რესტორნებში, რაც საბოლოოდ 342 მილიონი დოლარით განისაზღვრება. ინვესტიციების მხრივ ეკონომიკის წამყვან სექტორებად გასულ წელს გვევლინებიან საფინანსო სექტორი, სამთომომპოვებელი მრეწველობა და უძრავი ქონება, ხოლო ყველაზე მსხვილ ინვესტორებად გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და თურქეთი.

რაც შეეხება ინვესტირებას ფასიან ქაღალდებში, 2021 წლის 15 აპრილს საქართველომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაცია განათავსა. აღნიშნული წარმატებულ ქმედებად მიიჩნევა, ვინაიდან ინვესტორების მოთხოვნა ოთხჯერ აღემატებოდა ბონდის ფასს და დაფიქსირდა რეგიონისათვის ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი – 2,75%. ევროობლიგაციების ვადა 5 წელია. ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საფონდო ბაზარზე დაფიქსირებული სიტუაცია ერთგვარი ნდობის გამოხატულებაა საქართველოს ეკონომიკის მიმართ და ყოველივე ეს მნიშვნელოვანია როგორც კაპიტალის ბაზრის, ასევე ქართული კომანიებისათვის თანხების მოძიების განვითარებისა და წინსვლისათვის. [11]

ყოველივე განხილულიდან გამომდინარე, ნათლადაა შესაძლებელი იმის აღქმა, თუ რაოდენ დიდ დანახარჯებთან უწევდა და უწევს გამკლავება სახელმწიფოს პანდემიურ პერიოდში. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ბიუჯეტის დეფიციტმა მშპ-სთან მიმართებაში ზღვარს, 60%-ს, გადააჭარბა და, გარდა ამისა, ბიუჯეტის დეფიციტის დინამიკა მშპ-სთან მიმართებაში საგრძნობლადაა გაზრდილი ბოლო 1 წლის განმავლობაში. უფრო კონკრეტულად, 2020 წლის დასაწყისში საგარეო ვალმა 5,6 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ერთი წლის ინტერვალით საგარეო ვალმა 7,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. [9] კოვიდ-19 მოგვევლინა ისეთ ფორსმაჟრულ ფაქტორად, რომლის მართვა ერთი წლის შემდეგაც კი პრობლემას წარმოადგენს და ბოჭავს ეკონომიკას ჩვეულ რიტმში ფუნქციონირებისგან.

ნახაზი 3. მთვრობის საგარეო ვალის დინამიკა საქართველოში 2003-2021 წლებში.

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

უმუშევრობა და მშპ-ს დანაკარგები

გასულ წელს წარმოების შემცირებას თან მოჰყვა უმუშევართა რიგების ზრდა. ეკონომიკური კრიზისის გამო დამსაქმებლები იძლებულები შეიქმნენ, გაეთავისუფლებინათ დაბალკვალიფიციური თანამშრომლები. ამას ემატება უმუშევრობის დონის გაანგარიშების მეთოდოლოგიის შეცვლა, რამაც საბოლოოდ, 2020 წელს უმუშევრობის დონის პროცენტული მაჩვენებელი 18,5-ს გაუტოლა.

ქვეყნის ეკონომიკისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია მშპ. თუკი გამოვიყენებთ მონაცემებს საქართველოში არსებული ფაქტობრივი მშპ-ს მიმდინარე ფასებში(49,4 მილიარდი ლარი), უმუშევრობის დონისა (18,5%) და ბუნებრივი უმუშევრობის შესახებ (10%), ოუკენის კანონის დახმარებით სავსებით შესაძლებელია გავიანგარიშოთ მშპ-ს დანაკარგები. აღნიშნული მეთოდით Y*=62,73, ხოლო დანაკარგები გაუტოლდება 13,33 მილიარდ ლარს (62,73-49,4). აქვე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის მარტში გასული წლის მარტთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, სამი თვის ჯამში, შეინიშნება ეკონომიკის კლების ტემპი – 4,2%. რაც შეეხება პროგნოზებს, საქართველოს მთავრობა 2021 წელს ეკონომიკის 4,3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი აღნიშნულ მაჩვენებელს 0,8 პროცენტული მუხლით ჩამოუვარდება. [12]

ნახაზი 4. საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მსოფლიოს დახმარება საქართველოს

კოვიდ პანდემიამ მნიშვნელოვან ფინანსურ სიძნელეებთან მიიყვანა სახელმწიფო. ჯანდაცვა, ეკონომიკა, ცხოვრების დონე და მრავალი სხვა მიმართულება აურაცხელი მნიშვნელობის თანხებს მოითხოვდა არა მხოლოდ ფუნქციონირების გასაგრძელებლად, არამედ ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ ფინანსების ნაწილი საქართველოს მთავრობამ ვალის აღებით, ნაწილი კი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციების დახმარებით მოიპოვა. [8]

მნიშვნელოვანია გამოვყოთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ფინანსური დახმარება. 2020 წლის 26 მარტის მონაცემებით აშშ-მ 1.1 მილიონი დოლარი გამოყო საქართველოსთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუმჯობესებაში კორონა ვირუსთან საბრძოლველად. Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული საფრთხის პრევენციის, გამოვლენისა და რეაგირებისათვის მსოფლიოს ბანკმა გასულ წელს საქართველოს დასახმარებლად 80 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებად სახელდებოდნენ მოსახლეობის ინფიცირებული და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ნაწილი, ღარიბი და მოწყვლადი შინამეურნეობები. აგრეთვე იგი ითვალისწინებდა ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, რაც გამოიხატებოდა დაავადებების შემთხვევების გამოვლენასა და დადასტურებაში, ტესტირების ზრდაში.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა დისტანციურმა საქმიანობამ, მათ შორის მუშაობამ და სწავლამ. დედაქალაქებისაგან განსხვავებით მოცემულ სიტუაციაში ნათელი გახდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების არსებობის მნიშვნელობა სოფლებში. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროექტია “Log-In Georgia”, რომლის განხორციელებაც მსოფლიოს ბანკის დახმარებით იგეგმება და მოიცავს 700-ზე მეტი სოფლის ინტერნეტთან დაკავშირებასთან. [9]

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველო გვხვდება იმ 46 ქვეყნის ჩამონათვალში, რომლებიც ისარგებლებენ გაეროს მიერ სოციო-ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერისათვის გამოყოფილი 1 მილიარდი აშშ დოლარის სასტარტო ფონდით. მოცემული რამდენიმე სფეროს მოიცავს, კერძოდ:

  • ჯანდაცვის სერვისებისა და სისტემების დაცვა;
  • სოციალური დაცვისა და ბაზისური სერვისების გაფართოება;
  • სამუშაო ადგილებისა და ბიზნესის სფეროს მხარდაჭერა, მათ შორის არაფორმალურ სექტორში;
  • დაფინანსების შენარჩუნება და მაკროეკონომოკური პოლიტიკისა და ვაჭრობის ადაპტირება ისე, რომ პოსტ-კრიზისულმა აღდგენამ ყველას ინტერესი გაითვალისწინოს;
  • სოციალური ერთობისა და საზოგადოებრივი მედეგობის ხელშეწყობა. [13]

ყოველივე ამის გათვალისწინებით თვალსაჩინოა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიოსგან ფინანსურ დახმარებას ისეთი პატარა ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა. საქართველოს მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს იმ ფაქტორს, რომ იგი განვითარებადი, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანაა და ფაქტობრივად შეუძლებელია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისაგან თავის დაღწევა. განსაკუთრებით კი კოვიდ პანდემიის პირობებში, ვინაიდან ვირუსმა საფრთხე შეუქმნა ისეთი ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებს როგორებიც არიან ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და სხვა.

პანდემიის გავლენა განათლებაზე

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ყურადღება ექცევა კოვიდ-19-ის გავლენის შედეგად განათლების სფეროა. ქვეყნები მსოფლიოს მასშტაბით იძულებულები გახდნენ დროის მოკლე მონაკვეთში სასწავლო პროგრამა გადაეწყოთ და მოერგოთ ონლაინ სიტემაზე, რაც ყოველთვის გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით კი ამ მიმართულებით რიგი პრობლემები წამოიწია საქართველოს მაგალითზე.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აღნიშნული მიმართულებით რაიმე სახის კვლევა ჯერ არ წარმოუდგენია და არსებული ინფორმაცია სრულიად ეყრდნობა ცალკეული მკვლევარებისა და ორგანიზაციების ანალიზს. მაგალითისათვის, საინვესტიციო კომპანია „გალთ&თაგართის“ მონაცემებზე დაყრდნობით 2019 წელს ინტერნეტზე წვდომა ქალაქად ჰქონდა მოსახლეობის 86%-ს, ხოლო სოფლად აღნიშნული მაჩვენებელი შედარებით დაბალია და 70%-ს შეადგენდა. ამ მიმართულებით გაუმჯობესების თვალსაზრისით აღსანიშნავია ჩემ მიერ ნახსენები პროექტი მსოფლიოს ბანკის ხელშეწყობით „Log-In Georgia”, რომელიც ითვალისწინებს 700-მდე სოფლის დაკავშირებას ფიჭური კავშირგაბმულობის ქსელებთან. გარდა ამისა, მნშვნელოვანია ღია საზოგადოების ფონდის დონორობით განხორციელებული პროექტი „ჩართე“. [16] აღნიშნულის მეშვეობით შემოწირულობების საფუძველზე   მაღალკურსელი სოციალურად დაუცველი პირის მქონე სტატუსის მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომი გახდა კომპიუტერული ტექნიკა და ინტერნეტთან წვდომა. ამჟამად პროექტში ჩართულია 1263 მოსწავლე, ხოლო  52 მოლოდინის რეჟიმშია. პროექტი საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხას მოითხოვ, კერძოდ, ყველა რეგისტრირებული მოსწავლისათვის ინტერნეტის გადასახადის დასაფარავად თვეში 27 000 ლარამდეა საჭირო.

რაც შეეხება სახელმწიფო დონეზე გატარებულ ღონისძიებებს, ამ მხრივ გამოსაყოფია „ტელესკოლის“ პროგრამა, რომელმაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მოწონება დაიმსახურე და ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად დაასახელა. აღნიშნული პროექტის გამოცალკევების წინაპირობას სხვა პროექტებისაგან იძლევა მისი ხელმისაწვდომობა, ვინაიდან ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებას. მაგალითისათვის, ვარჯიშის პროგრამებს, ხელოვნებისა და მუსიკის ისტორიებს, ზოგადი ინგლისურის, აბიტურიენტის საათის თუ ქართული ჟესტური ენის პროგრამებს. [17] თუკი ამ დრომდე მოსწავლეთა გარკვეული ნაწილისათვის კვლავ კოლოსალურ თანხებთან ასოცირდებოდა განთლების მიღების შესაძლებლობა, „ტელესკოლა“ ამ მიმართულებით ხელშემწყობ ღონისძიებად გვევლინება. [8]

მოკლედ ვისაუბროთ განათლების ხარისხზე. ყოველივე ზემოთ აღნიშნული მოკლევადიან პერსპექტივად გვევლინება. განათლების ხარისხის შეფასება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია აღრიცხვის თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების გავლენა ამ მიმართულებით დროთა განმავლობაში გამოვლინდება და გრძელვადიანი ხასიათისაა.

დასკვნა

მაშასადამე, წინამდებარე ნაშრომში განვიხილეთ კოვიდ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შედეგები და სახელმწიფოს/მთავრობის რეაგირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ნათელი გახდა, როგორაა შესაძლებელი სრულიად მოულოდნელად ეკონომიკური კრიზისის ჩამოყალიბება და თუ რა გზებითაა შესაძლებელი ასეთ დროს „გადარჩენისთვის“ ბრძოლა. გარდა ეკონომიკური ასპექტისა, შევეხეთ სოციალურ მხარესაც, ვინაიდან ეკონომიკის დაცემას და ზრდის შეფერხებას მნიშვნელოვანი გავლენის ქონა შეუძლია რიგ სოციალურ და დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე.

მიუხედავად იმისა, რომ თვალსაჩინოა პანდემიის ზემოქმედებით განპირობებული უარყოფითი შედეგები, მეორე მხრივ, შეგვიძლია დავინახოთ შესაძლებლობები, რომელთა განვითარების მნიშვნელობაში დაგვარწმუნმა მოცემულმა სიტუაციამ. ასეთ მიმართულებათ შეიძლება გამოიყოს თუნდაც სოფლის მეურნეობა. ქვეყანაში ლოქდაუნის ამოქმედებამ საფრთხე შეუქმნა სასურსათო საქონელზე ფასების სტაბილურობას, რის გამოც მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, 5 ძირითად პროდუქტზე შეენარაჩუნებინა საბაზრო ფასი. ყოველივე ამან მთავრობაც და მოსახლეობაც დაარწმუნა ეროვნული პროდუქტის არსებობის მნიშვნელოვნებაში. ეჭვგარეშეა, კორონა ვირუსი დღესაც რჩება მრავალი ქვეყნისათვის და მათ შორის საქართველოსთვისაც მნიშვნელოვან და სერიოზულ გამოწვევად და მისი დაჯაბნის პარალელურად ყოველდღიურად მეტ აქტუალობას იძენს სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება სახელმწიფო დონეზე.

მოკლევადიან პერიოდში, იმისათვის, რომ ეკონომიკა საწყის ნიშნულს დაუბრუნდეს ფისკალური პოლიტიკა გადამწყვეტ როლს თამაშობს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ბიუჯეტის დეფიციტი ამჟამად საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. იმისათვის, რომ აღნიშნული გარკვეულწილად აღმოიფხვრას საჭირო გახდება გადასახადების გაზრდა ან სამთავრობო ხარჯების შემცირება. აღნიშნული თავდაპირველ ეტაპზე გამოშვების შემცირებას გამოიწვევს, რასაც თან სდევს საპროცენტო განაკვეთისა და ფასების დონის მცირედი შემცირება. აღნიშნული ორმხრივ შედეგს იძლევა ვინაიდა, ნაკლები გამოშვება დაბრკოლებას ქმნის წარმოებაში ინვესტირებისთვის, ხოლო დაბალი საპროცენტო განაკვეთი სტიმულის მიმცემია. ამ მხრივ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვვნელოვანი ფაქტი. 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ბიუჯეტის შემოსავლებმა ხარჯებს მხოლოდ იანვარში გადააჭარბა, მეტიც ვირუსის დაფიქსირებული შემთხვევებისს მატების ტენდენცია ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ სახელმწიფო ხარჯები დროთა განმავლობაში კვლავ გაიზრდება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთავრობის ვალის სრულად დაფარვა 2051 წლისთვისაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მონეტარული შეზღუდვის განხორციელება საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან, რომელიც გაზრდილი წლიური ინფლაციის კვალობაზე რეფინანსირების განაკვეთს 9,5%-მდე ზრდის, რაც გამოშვების შემცირების კიდევ ერთი წინაპირობაა.

რაც შეეხება გრძელვადიან ეფექტს,  ისევე როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური პოლიტიკის შედეგები საბოლოოდ გამოშვებას ბუნებრივ დონემდე დააბრუნებს. ცვლილება ძირითად ასახვას საპროცენტო განაკვეთსა და ფასების დონეზე პოვებს, თუმცა ხაზგასმით იმის თქმა, საბოლოოდ რა შედეგებთან გვექნება საქმე დამოკიდებულია მოვლენების განვითარების ტენდენციაზე.

საბოლოოდ, ეჭვგარეშეა, სახელმწიფოს შემდგომი ქმედება დამოკიდებულია ეპიდსიტუაციასა და ვაქცინაციის პროცესზე.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. „ანტიკრიზისული მენეჯმენტი“ გ. ქეშელაშვილი თბილისი, 2019წ.
  2. http://gov.ge/files/76338_76338_444796_COVID-19angarishi…pdf
  3. https://factcheck.ge/ka
  4. https://fb.watch/5d-OP5sD0b/
  5. https://www.geostat.ge/ka
  6. https://www.imf.org/en/Countries/GEO
  7. https://www.nbg.gov.ge/index.php?m=2
  8. https://stopcov.ge/ka/Gegma
  9. https://www.mof.ge
  10. https://forbes.ge/2020-tsels-saqarthveloshi-pirdapiri-utskhouri-investitsiebi-53-protsentith-shemtsirda/
  11. https://forbes.ge/saqarthvelom-500-milioni-dolaris-evroobligatsiebi-ganathavsa/
  12. https://forbes.ge/martshi-saqarthvelos-ekonomika-4-protsentith-gaizarda/
  13. https://www.ge.undp.org/content/georgia/ka/home/presscenter/pressreleases/2020/covid-recovery-plan.html
  14. http://pbo.parliament.ge/media/k2/attachments/Macroeconomic_Forecasts_November_2020_FINAL_GE.pdf
  15. https://www.unicef.org/georgia/ka
  16. https://charte.ge/?fbclid=IwAR3A68dr0XyIt4DEiY3T_7KIJb_7d62ZVBvNQRcHCr9g_py44oe4M9FBy_k
  17. https://1tv.ge/tv-radio/arkhebi/pirveli-arkhi-ganatleba/