ინფლაცია და დეფლაცია – ორი უკიდურესობა

ავტორის სტილი დაცულია

ანი შანიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
ani.shanidze105@eab.tsu.edu.ge  

ანოტაცია

ინფლაცია – ეს არის ფულის გაუფასურება, მისი მსყიდველთუნარიანობის დაქვეითება. ინფლაცია არის დისბალანსი მოთხოვნა-მიწოდებას შორის. პირდაპირ თარგმანში ინფლაცია ნიშნავს „გაბერვას“ ე.ი. მიმოქცევის არხების გადატვირთვას მოჭარბებული ქაღალდის ფულით, რომელიც არაა უზრუნველყოფილი შესაბამისი საქონლის მასის ზრდის ნორმით. დეფლაცია არის ინფლაციის საპირისპირო პროცესი. თითქმის ყველგან მოვისმენთ, რომ ინფლაცია არის საშინელება და დიდი ზიანის მომტანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაგრამ რამდენად უსაფრთხოა დეფლაცია? მოცემულ ნაშრომში ვაპირებ ვაჩვენო, რომ დეფლაცია ინფლაციისგან დიდად არ განსხვავდება და ეკონომიკისთვის ისეთივე სახიფათოა, როგორც ინფლაცია.

Annotation

Inflation is the devaluation of money, the decline of its purchasing power. Inflation is an imbalance between supply and demand. Overloading the circulation channels with excess paper money that is not backed by the growth rate of the relevant commodity. Deflation is the opposite process of inflation. Almost everywhere we hear that inflation is terrible and harms  the country’s economy, but how safe is deflation? In this article I am going to show that deflation is not much different from inflation and is as dangerous for the economy as inflation.

ინფლაციის და დეფლაციის არსი

ინფლაცია ესაა – ფასების საერთო დონის ზრდა, მიმოქცევის არხების ფულადი მასით გადატვირთვა საქონელთბრუნვის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც იწვევს ფულადი ერთეულის გაუფასურებას და შედეგად ფასის ზრდას. ინფლაცია არის წმინდა სოციალურ-ეკონომიკური მოვლენა, რომელიც „იბადება“ საბაზრო მეურნეობის სხვადასხვა სფეროში წარმოების დისპროპორციით.

აღსანიშნავია, რომ ინფლაცია თანამედროვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების ყველაზე მწვავე პრობლემაა. ინფლაცია, როგორც წესი, წარმოიქმნდებოდა საგანგებო შემთხვევებში, როგორიცაა, მაგალითად, სახელმწიფოთა შორის ომები. ამ პერიოდში ქვეყნები დიდი რაოდენობით ქაღალდის ფულს უშვებდნენ, რათა საომარი ხარჯები დაეფარათ. ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ინფლაცია მრავალი ქვეყნის ეკონომიკის ქრონიკულ დაავადებად იქცა.

ინფლაციის გამომწვევი მიზეზებია :

  1. დისპროპორციულობა – სახელმწიფო შემოსავლებისა და ხარჯების არაბალანსირებულობა, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ხშირ შემთხვევაში იფარება სენიორაჟის გამოყენებით. სენიორაჟი არის შემოსავალი, რომელიც მიღებულია ფულის დაბეჭდვის შედეგად.
  2. ინფლაციურ-სახიფათო ინვესტიციები – ძირითადად ეკონომიკის მილიტარიზაციას გულისხმობს.
  3. თავისუფალი ბაზრისა და კონკურენციის არარსებობა – თანამედროვე ბაზარი გარკვეულ დონეზე ოლიგოპოლიზირებულია. ოლიგოპოლისტი ისწრაფვის შეინარჩუნოს ფასების მაღალი დონე და დაინტერესებულია დეფიციტის შექმნით.
  4. იმპორტირებული ინფლაცია – მისი როლი ეკონომიკის ღიაობის ზრდასთან ერთად იზრდება, სახელმწიფოს ბრძოლის შესაძლებლობები გარკვეულწილად შეზღუდული ხდება.
  5. ინფლაციური მოლოდინი – ამის მაგალითები ყოველდღიურ ცხოვრებაში შეინიშნება. თუ არსებობს ინფლაციის მოლოდინი, მაშინ ასეთი სიტუაცია იწვევს მოთხოვნის გაზრდას, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკაში სირთულეებს წარმოშობს და საზოგადოების მოთხოვნის რეალურ სურათს ცვლის.

ინფლაცია იწვევის ისეთ უარყოფით მოვლენებს, როგორიცაა:

  • შემოსავლისა და სიმდიდრის გადანაწილება
  • ეკონომიკური ინფორმაციის არასტაბილურობა
  • რეალური პროცენტის დაცემა
  • ხარჯების ზრდა, რაც მთლიან საზოგადოებას ძლიერ დარტყმას აყენებს
  • ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობის კლება
  • ეროვნული ვალუტის გაუფასურება უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში
  • რეალური მოგების კლება ბიზნესში
  • ინვესტიციებზე ამონაგების შემცირება
  • საპროცენტო განაკვეთის მატება, რაც აძვირებს კრედიტებს და ა.შ. [1] [2]

რაც შეეხება დეფლაციას, ესაა პროდუქტებისა და მომსახურების ფასების შემცირების გრძელვადიანი პროცესი. ის აღნიშნავს მოვლენას, როდესაც ინფლაციის დონე 0-ს ქვემოთ ეცემა და უარყოფითი ხდება. ხშირად ეს პროცესი ერევათ დეზინფლაციაში, რომლის დროსაც ინფლაციის წლიური პროცენტი ნელა მცირდება მის მინიმალურ მნიშვნელობამდე.

ყველაზე მთავარი შეკითხვა, რომელიც იბადება ამ ორი ეკონომიკური პროცესის შედარებისას – თუ ინფლაცია ტრადიციულად ითვლება ნეგატიურ მოვლენად, შეგვიძლია თუ არა ცალსახად ვთქვათ, რომ დეფლაცია იქნება დადებითი? ცხადია, არა. საქმე ისაა, რომ ფასების დონის შემცირება, ყოველთვის არაა კარგი ეკონომიკისთვის. კი, ზომიერი შემცირება ისეთი სახის საქონელზე როგორიცაა სურსათი ან ენერგია, დადებითად აისახება მომხმარებელთა მდგომარეობაზე. თუმცა, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ის მიზეზები, რომელიც იწვევს დეფლაციას და ასევე იმას თუ რამდენ ხანს გრძელდება ეს დეფლაცია.

ფასების დონე შეიძლება შემცირდეს პროდუქტზე მოთხოვნის შემცირების ან მიწოდების ზრდის გამო, ასევე ფულზე მოთხოვნის ზრდის შედეგად. დადებით მოვლენად დეფლაცია იქცევა თუ ფასების დონეს შემცირება გამოწვეულია ტექნოლოგიური პროგრესის ხარჯზე, რასაც საბოლოოდ წარმოების მოცულობაც მოჰყვება. [3]

თუმცა აღსანიშნავია, რომ დეფლაცია ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. მეცნიერების, კერძოდ, ეკონომისტების ყურადღებას ინფლაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები იპყრობს. მეორე მსოფლიო ომის და აგრეთვე რამდენიმე მსოფლიო კრიზისის გადალახვის შემდგომ, როგორც ცალკეული ქვეყნებისთვის, ასევე მთლიანად მსოფლიოსთვის, დეფლაცია აკადემიურ მოვლენად იქცა, რომელიც ინფლაციამ დაჩრდილა.

მაგრამ რა ცუდი შედეგი შეიძლება ჰქონდეს დეფლაციას? როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილმა თავჯდომარემ, კრისტინ ლაგარდმა აღნიშნა „თუ ინფლაცია ჯინია, დეფლაცია არის ურჩხული, რომელსაც რადიკალურად უნდა ვებრძოლოთ“ [3].

ცნობილი ეკონომისტი, ნობელის ლაურეატი პოლ კრუგმანი ასახელებს რამდენიმე ძირითად მიზეზს იმისა, თუ რატომ უნდა გვეშინოდეს დეფლაციის. პირველ რიგში, დავფიქრდეთ იმაზე, რომ ფასების შემცირების კვალობაზე ხალხი მოხმარებას ამცირებს, ყიდულობს უფრო ნაკლებს, შესაბამისად ხარჯავს უფრო ნაკლებს. ფასების შემცირების დროს, ხალხს უჩნდება მოლოდინი იმისა, რომ ფასები მომავალში კიდევ უფრო დაიწევს, შესაბამისად, რა საჭიროა დღეს დახარჯონ მეტი, როცა მომავალში იგივე თანხით იყიდიან გაცილებით მეტს? თუმცა ეს მონეტის მხოლოდ ერთი მხარეა. მოხმარების შემცირების გამო, მცირდება მოთხოვნა, შესაბამისად მცირდება მიწოდებაც. ამ ყველაფრის ფონზე მცირდება წარმოების მოცულობაც, რაც უარყოფითად აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპებზე.

ამის გარდა, დეფლაციურ ეკონომიკაში ფასების მკვეთრი ვარდნა იწვევს ბიზნესში კომპანიების დანახარჯების შემცირებას, მათ შორის შრომის ანაზღაურების ხარჯების კლებასაც. ეს კი, ნეგატიურად აისახება დასაქმებულთა კეთილდღეობაზე. აღვმოჩნდებით ჩაკეტილ წრეში – ხალხი სამსახურს კარგავს, უმუშევრობის გამო ვერ ყიდულობს სათანადო რაოდენობის საქონელსა და მომსახურებას, რის გამოც, მოთხოვნა კვლავაც მცირდება.

დეფლაციურ ეკონომიკაში მომხმარებლებს ურჩევნიათ დაზოგონ, ვიდრე სესხი აიღონ. ლოგიკურიცაა, რადგან პროცენტის დაბრუნება გარკვეულ დამატებით დანახარჯებთან არის დაკავშირებული. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კარგი ეკონომიკური გარემოს პირობებში ეს ნაკლი, შეიძლება ანაზღაურდეს დაბალი საპროცენტო განაკვეთებით.

ბოლოს, მსესხებელთა მდგომარეობაც უარესდება. კერძოდ, შემოსავლები მცირდება, თუმცა ვალი იგივე რჩება. საბოლოო ჯამში, იზრდება დეფოლტების რიცხვი, რაც იწვევს ფინანსური სექტორის არამდგრადობას. ამ დროს მსხვილი ინვესტორები, და კაპიტალის მფლობელები თავისი აქტივების ამოღებას იწყებენ, მათი დაკარგვის შიშით. ყველაფერი ეს, საბოლოოდ, უარყოფითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, იწვევს ეკონომიკური ციკლის შეფერხებებს და ქმნის ეკონომიკური რღვევის პირობებს.

მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ინფლაცია უკეთესია? ცხადია, არა. ფასების დონის ძალიან მაღალი ზრდა არავის გაახარებს. თუ საპროცენტო განაკვეთი მას ვერ გადაფარავს, ფულის ღირებულება შემცირდება. და რაც უფრო მაღალია ეს ზრდა, მით უფრო ნაკლებია იმის შანსი, რომ დამბანდებლები რაიმე სახის უკუგებას მიიღებენ, რაც თავისთავად გააქტიურებს აქტივების ამოღების პროცესს.

გარდა ამისა, მაღალი ინფლაცია არაპროგნოზირებადია. მისი დონე შეიძლება უცებ შემცირდეს, ან პირიქით ნახტომისებურად გაიზარდოს, რაც, დიდი ალბათობით, ჰიპერინფლაციაში გადაიზარდება. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ფინანსური ბაზრების არასტაბილურობას, რაც მეწარმეებს უკარგავს გრძელვადიანი კრედიტების აღების სტიმულს. [3]

ეკონომისტთა უმრავლესობას მიზანშეწონილად და ოპტიმალურად მიაჩნიათ ზომიერი ინფლაცია, რომელიც კონტროლდება – საშუალოდ მიზნობრივი მაჩვენებელი 2-3%-ს აღწევს.

მაშასადამე, განვიხილოთ ინფლაციის და დეფლაციის რეალური მაგალითები. ჩემ ნაშრომში ინფლაციის ილუსტრირებისთვის გამოვიყენებ საქართველოს, ხოლო დეფლაციის საუკეთესო მაგალითად იაპონია მოგვევლინება.

ინფლაცია საქართველოში

როგორც უკვე აღვნიშნე, ინფლაცია აღიწერება როგორც ფულის რეალური ღირებულების გაუფასურება, რაშიც მსყიდველობითუნარიანობის დაქვეითება იგულისხმება. 2020 წლის სამომხმარებლო ფასების ინფლაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო ევროპის ქვეყნებს შორის, რაც, ერთი მხრივ, უშუალოდ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული, მსოფლიო დონეზე ინფლაციის ზრდის შედეგია, ხოლო მეორე მხრივ, ჩაკეტილი ეკონომიკის შედეგია. წლიური ინფლაციის დონემ 2020 წელს 6.4 % შეადგინა, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 3-ჯერ აღემატება, აგრეთვე 2-ჯერ აღემატებოდა ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს (3%-ს). [4] [5]

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი, რომელიც გულისხმობს ინფლაციის წინასწარ განსაზღვრული მაჩვენებლის მიღწევას საშუალოვადიან პერიოდში. ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა – ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, რომელიც ითვალისწინებს 2019-2021 წლებისთვის ინფლაციის დონის 3%-ზე შენარჩუნებას. [5]

განვიხილოთ გრაფიკი 1

გრაფიკი 1: ინფლაციის წლიური დონე საქართველოში (%) (2010-2021 წლები)

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/26/samomkhmareblo-fasebis-indeksi-inflatsia

ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2012 წელს ფიქსირდებოდა, ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში დეფლაციის – ფასების საერთო შემცირების ეტაპი იყო და -3,3%-ს შეადგენდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2011 წელს შეინიშნებოდა და 14,3%-ს გაუტოლდა. ნათლად ჩანს როგორ იზრდება ინფლაცია 2021 წლიდან. ყველაფერი ეს, ცხადია, კორონავირუსის „შოკის“ ეფექტით არის გამოწვეული და დღეისთვის ინფლაციის წლიური დონე 9.9%-ს შეადგენს რაც 3-ჯერ აღემატება მიზნობრივ მაჩვენებელს. [6]

ბოლო წლებში საქართველოში თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის განაკვეთის ზრდამ  შესაბამისი პროდუქციის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. რამაც ამ პროდუქციის მოხმარებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია და ასევე გავლენა ინფლაციის მაჩვენებელზე იქონია. აქედან გამომდინარე, ინფლაციის ძირითად მაჩვენებელთან ერთად საქსტატი ახალ ინდიკატორს-ინფლაციას თამბაქოს გარეშე გაიანგარიშებს და აქვეყნებს. [4]

საბაზო ინფლაციის გაანგარიშება ხდება სამომხმარებლო კალათიდან შემდეგი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების გამორიცხვით:  სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ენერგომატარებლები; ადმინისტრირებადი ტარიფები; ტრანსპორტის ცალკეული ტარიფები.  საბაზო ინფლაციამ 2021 წლის ივნისში გასულ წლის თამბაქოს გარეშე წლიური საბაზრო ინფლაციის მაჩვენებელი 5.9%-ით განისაზღვრა. [4] [6]

გრაფიკი 2: წლიური საბაზო ინფლაციის დონე საქართველოში (%) (2010-2021 წლები)

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/26/samomkhmareblo-fasebis-indeksi-inflatsia

დეფლაცია იაპონიაში

იაპონია, ამომავალი მზის ქვეყანა, ცნობილია თავისი ძლიერი ეკონომიკითა და ტექნოლოგიური პროგრესით. როდესაც დეფლაციაზე გვაქვს საუბარი, პირველ რიგში, სწორედ იაპონია გვახსენდება. ამის მიზეზი ისაა, რომ იაპონიის მთავრობამ და ცენტრალურმა ბანკმა ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რითაც ხანგრძლივი დეფლაცია გამოიწვიეს. დეფლაცია 1990-იან წლებში დაიწყო და დიდი გავლენა მოახდინა როგორც ცენტრალური ბანკის, ასევე ზოგადად ეკონომიკურ პოლიტიკაზე. იაპონიაში მომხდარ ამ ფენომენზე საუბრობენ, როგორც „იაპონურ დაავადებაზე“. მიუხედავად ამ ყველაფრისა, იაპონიამ მილტონ ფრიდმანის რჩევა გაითვალისწინა და ამ პერიოდში ფულის მარაგი იმდენად გაზარდა, რამდენიც საკმარისი იყო ფასების არც გაზდისთვის და არც შემცირებისთვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ 1991-98 წლებში იენის მარაგი წელიწადი 2.8%-ით იზრდებოდა და სამომხმარებლო ფასის ინდექსი სტაბილური იყო. უკვე 1997 წლის  ბოლოსთვის, მაშინ, როდესაც ფრიდმენმა ფულის მასის გაზრდა მოითხოვა, იაპონიის ბანკი მას უკვე ზრდიდა და ის წელიწადში 3%-ით მატულობდა 1994 წლიდან. ხოლო შემდგომ უკვე 1997 წელს  5%-ით გაიზარდა და  1998 წელს 4%-ით. ამ ყველაფრის შედეგად კი,  1997 წელს მშპ 0,5%-ით შემცირდა, 1998 წელს კვლავ 2.8%-ით შემცირდა და საბოლოოდ დასტაბილურდა მხოლოდ 2000-იანი წლების დასაწყისში. [8]

მეცნიერები ასახელებენ იაპონიის დეფლაციის რამდენიმე ძირითად მიზეზს:

პირველ რიგში ესაა ცენტრალური ბანკის პოლიტიკა. კერძოდ, იაპონიის ბანკი ატარებს რესტრიქციულ მონეტარულ პოლიტიკას დეფლაციის დროს და გადადის ექსპანსიურზე როცა დეფლაცია მთავრდება. დეფლაციის ხაფანგიდან თავის დაღწევას ცდილობდა იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სინძო აბე, რის საფუძველზე გაატარა სპეციფიკური პოლიტიკა. მან ხელოვნურად გამოიწვია ეროვნული ვალუტის – იენის დევალვაცია ფულის მასის გაორმაგების გზით. გარდა ამისა ამ პოლიტიკის მთავარი მიზანი იყო ფისკალური სტიმულირება და სტრუქტურული რეფორმები. თუმცა, სამწუხაროდ, ამ რეფორმებმა ვერ გაამართლა.[7]

მეორე ძირითადი მიზეზი არის ის, რომ იაპონიაში მწვავედ დგას მოსახლეობის დაბერების საკითხი. დღესდღეობით იაპონელები ყველაზე სწრაფად ბერდებიან (უახლესი მონაცემებით იაპონიაში 65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობა 28.8%-ს შეადგენს [7]). მოხმარება მცირდება მოსახლეობის შემცირების კვალობაზე, რომელიც, თავის მხრივ, გამოწვეულია სიკვდილიანობის მაჩვენებლის მეტობით შობადობის მაჩვენებელზე და ასევე, მკაცრი იმიგრაციული პოლიტიკით. როგორც აქამდე აღვნიშნე, დეფლაციურ ეკონომიკაში მოსახლეობა ზოგავს მეტს, ვიდრე მოიხმარს, შესაბამისად, ფასების შემცირების კვალობაზე საქონლისა და მომსახურების შეძენის მომენტი დროში იწელება.

მორიგი მნიშვნელოვანი მიზეზი არის აქტივების ფასების შემცირება. ეს ფენომენი დაკავშირებულია 1980-1990 წლებში იაპონიაში  ე.წ. „ფინანსური ბუშტის“ წარმოქმნასთან. როდესაც უძრავი ქონების ფასი დაეცა, კრედიტები, რომელიც მასზე გაცემული იყო არ კომპენსირდა, რის გამოც, ბანკებმა გადახდის ვადები გადაწიეს იმ იმედით, რომ მომავალში ფასები გაიზრდება. თუმცა ეს ასე არ მოხდა და ბანკებმა იზარალეს, რაც აისახა მათ ქმედითუნარიანობაზე.

აგრეთვე, ცნობილია, რომ იაპონია იაფფასიანი სამომხმარებლო პროდუქციის იმპორტს ეწევა ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან (რადგანაც იმ ქვეყნებში შრომის ანაზღაურება უფრო დაბალია [7]). იმპორტულ პროდუქციაზე ფასები მცირდება და ადგილობრივ მეწარმეებს უწევს ამ ფასებთან კონკურენცია, რაც შედეგად, ადგილობრივ ფასებსაც მკვეთრათ ამცირებს და იწვევს დეფლაციას.

განვიხილოთ გრაფიკი 3

გრაფიკი 3: ინფლაციის(დეფლაციის) დონე იაპონიაში (%) (2010-2021 წლები)

წყარო: https://tradingeconomics.com/japan/inflation-cpi

ნათლად ვხედავთ, რომ იაპონიისთვის დამახასიათებელია დაბალი ინფლაცია პერიოდული დეფლაციის სეზონებით. აღსანიშნავია, რომ 2013-2015 წლებში იაპონიაში შეინიშნებოდა ინფლაციის დონის საგრძნობი ზრდა, რომელიც, მიუხედავად ამისა, 4%-საც ვერ გადააჭარბა. კორონავირუსის პანდემიის პიკზე, როცა მთელ მსოფლიოში ინფლაცია ზევით და ზევით მიდიოდა, იაპონიასთან შეინიშნება აშკარა დეფლაცია, რაც, ერთი მხრივ, საკმაოდ უცნაურია, მეორე მხრივ, გვაფიქრებინებს, რომ იაპონიის ცენტრალური ბანკი კვლავ ხელოვნურად ახდენს ვალუტის დევალვაციას. ბოლო მონაცემებით, იაპონიაში ინფლაციის დონე 0.14%-ს შეადგენს [9]

დასკვნა

ამრიგად, ვნახეთ, რომ როგორც ინფლაციას, ასევე დეფლაციას გააჩნია თავისი უარყოფითი მხარეები. განვიხილეთ მათი წარმოშობის მიზეზები და მათ მიერ გამოწვეული შედეგები. საქართველოს მაგალითზე განვიხილეთ ინფლაცია, ხოლო იაპონიის მაგალითზე გავეცანით დეფლაციის უცნაურ ფენომენს – „იაპონურ დაავადებას“.

ვფიქრობ, ამ ყველაფრის შემდეგ, აღარ გაგვიჩნდება კითხვა, თუ რომელი პროცესი ჯობია ინფლაცია თუ დეფლაცია, ვინაიდან უკვე ვიცით, რომ ეს ორი უკიდურესობაა და ორივეს შეუძლია გამოიწვიოს ქვეყნის ეკონომიკისთვის სავალალო შედეგები. ინფლაციასა და დეფლაციას შორის არჩევანი ჰგავს ბეწვის ხიდზე სიარულს და არავინ იცის წინასწარ რას მოგვიტანს ან ერთი ან მეორე. ამიტომაც, საჭიროა მათ შორის იდეალური ბალანსის დაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სრულყოფილ განვითარებასა და ეროვნული კეთილდღეობის ამაღლებას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.lari.ge/149-ekonomika-da-biznesi/454-inflacia-misi-arsi-da-tipebi.html
  2. „ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება“ (მ.ჩიქობავა; ნ.კაკულია; თსუ)
  3. https://tass.ru/ekonomika/6778763?fbclid=IwAR2a8VACANuctgiaRx4zkYXMGHdllgBiSGmxrJJImHy8UwenQMzcGdSJAng
  4. https://www.geostat.ge/media/29221/CPI-Press-Release_01.2020_GEO.pdf?
  5. https://www.nbg.gov.ge/index.php?m=550
  6. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/26/samomkhmareblo-fasebis-indeksi-inflatsia
  7. https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%94%D0%B5%D1%84%D0%BB%D1%8F%D1%86%D0%B8%D1%8F_(%D1%8D%D0%BA%D0%BE%D0%BD%D0%BE%D0%BC%D0%B8%D0%BA%D0%B0)
  8. https://nes-g.org/ka/articles-ge/2021-03-24-12-03-26
  9. https://tradingeconomics.com/japan/inflation-cpi