ლოკოკინების   ბიზნესი   და  მისი   განვითარების   პოტენციალი  საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია                                                                                                                                     

 ლაშა ადონია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის .         .                                           ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის  II  კურსის სტუდენტი

lasha.adonia601@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

მცირე ბიზნესი ეს არის იმის  საშუალება, რომ  ადამიანები დასაქმდნენ და ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული სახელმწიფოზე.როცა  ხალხს ექნება საკუთარი შემოსავალი, სახელმწიფო  მოიხსნის სოციალურ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს. დღეს, როდესაც საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი  მაღალია, როდესაც  ქვეყანას  სჭირდება უფრო   მეტი   წარმოებული   პროდუქცია  და  როდესაც  კოვიდ  პანდემია   დიდ  უარყოფით  გავლენას ახდენს  ეკონომიკაზე,   განსაკუთრებით  მნიშვნელოვანი   ხდება   მცირე  ბიზნესი და მისი  განვითარება. ამ მხრივ, ძალიან საინტერესოა  საქართველოში  ლოკოკინების ბიზნესი, რომელიც დაახლოებით სამი  წელიწადია  რაც  ვითარდება, მაგრამ  ჯერ  ბევრმა არ იცის  მის შესახებ. ჩემს  ნაშრომში  განვიხილავ  ლოკოკინების  ბიზნესს,  იმას,  თუ  რა  განაპირობებს  მის წარმატებას, რა  მდგომარეობაა  ლოკოკინების საერთაშორისო   ბაზარზე, როგორ  ვითარდება  ის  საქართველოში და  რა  როლი  აკისრია  მას   ეკონომიკის  განვითარებაში. ასევე,   ყურადღება  გავამახვილე  იმაზე, რომ   კოვიდ პანდემიას  წარმოების  ამ  სფეროზე  არსებითი  გავლენა  არ  მოუხდენია.

Small Business This is a way to get people employed and less dependent on the state. When people have their own income, the state removes social obligations and responsibilities. Today, when the unemployment rate in Georgia is high, when the country needs more manufactured products and when the Covid Pandemic has a very negative impact on the economy, small business and its development become especially  important. In this regard, the snail business in Georgia is very interesting, which has been developing for about three years, but not many people know about it yet.   In my paper I discuss the snail business, what determines its success, what is the situation in the international snail market, how it develops in Georgia and what role it plays in the development of the economy. I also pointed out that Covid Pandemic had no significant impact on this area of ​​production.

მიწის  ლოკოკინა

ყველა მიწის ლოკოკინა გასტროპოდის მოლუსკია. გასტროპოდებს შეუძლიათ მოერგონ ცხოვრების სხვადასხვა პირობებს  და მათ არ სჭირდებათ დიდი რაოდენობით საკვები. მოშენებულ  ლოკოკინებს  იყენებენ  საკვებად, კოსმეტიკურ  საშუალებებსა  და  დეკორატიული  მიზნებისთვის. შეიძლება  ვიფიქროთ, რომ  ლოკოკინების  ჭამა  ახალი  მოდის  და  ტენდენციის  ნაწილია, მაგრამ  მისი  საკვებად  გამოყენება   ჯერ  კიდევ  პრეისტორიული  დროიდან  იწყება  და  ის  ელიტისთვის  განკუთვნილი  პრივილეგია  იყო. სტატისტიკური  მონაცემებით,  ბოლო  რამდენიმე  წლის  განმავლობაში   ლოკოკინების  ფერმების  რაოდენობა  სულ  უფრო  იზრდება. საკვებ  ლოკოკინებს– ბაღის  ლოკოკინებს ( Helix pomatia და Helix aspersa ) უწოდებენ. Helix pomatia  ცნობილია, როგორც  რომაული ლოკოკინა, ვაშლის  ლოკოკინა. ეს ლოკოკინები შეიძლება გაიზარდოს  45 მმ-მდე. ისინი  არიან  ევროპასა  და  აშშ-ში. თავისი მდიდარი არომატით, Helix pomatia- ს   სახეობები დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. Helix aspersa   არის  პატარა, ნაცრისფერი  ლოკოკინა. ისინი ცხოვრობენ ევროპის, აშშ-ს, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, ახალი ზელანდიის და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ნაწილში (მექსიკა, არგენტინა). Helix aspersa– ს სიცოცხლის ხანგრძლივობა 2 – დან 5 წლამდეა.  ლოკოკინის  ამ  სახეობას  შეუძლია   ადაპტირება თითქმის ნებისმიერ  კლიმატზე, ამიტომ Helix aspersa საკმაოდ  პოპულარულია  ფერმერებში.  [ 2 ]

რატომ  ლოკოკინების  ბიზნესი?!

საერთოდ,  ნებისმიერი    სახის    ბიზესის   წარმატება   დამოკიდებულია  მოთხოვნაზე, ლოკოკინაზე მოთხოვნა  კი  მაღალია  და  ამას    განაპირობებს      მისი     მრავალმხრივი    საჭიროება    და  სარგებლიანობა.  უამრავი   ექსპერიმენტული   კვლევა  არის   ჩატარებული     ლოკოკინის    ლორწოვანი  გარსის   სარგებლიანობაზე:

1.  ლოკოკინის მუცინის  გამოყენებამ  განკურნა რადიოდერმატიტი  ვირთაგვების  98% -ში  8  კვირის  განმავლობაში  ყოველდღიური  გამოყენების  შემდეგ.                                     2. ადამიანის  კანზე ლოკოკინის  ლორწოს გამოყენებამ,  გაზარდა რადიაციული დამწვრობისა და რადიოდერმატიტისგან  განკურნების სიჩქარე.                             3.ლოკოკინის ლორწოს  გამოყენებამ    ნაოჭების საწინააღმდეგოდ,  შეამცირა ნაოჭების წარმოქმნა.                                                                                                                                      4.კიდევ  ერთმა კვლევამ ხაზგასმით აჩვენა,  რომ ლოკოკინის ლორწოს   გამოყენებამ  კანის მელანომის სამკურნალოდ,   შეამცირა  მელანომის წარმოქმნა,  მელანომის   სამ უჯრედულ ხაზში. [ 5 ]

ამიტომაც  არის   მთელ მსოფლიოში  პოპულარული ლოკოკინების საკურორტო    თერაპია,    კანის  უჯრედების  განმაახლებელი და   სხვა  მრავალფუნქციური კრემები.  გარდა  ამისა,  ლოკოკინებისგან  ძალიან  გემრიელი  და   ჯანსაღი   კერძები   მზადდება.  ლოკოკინები  შეიძლება ითქვას, რომ  სუპერ საკვებია.

  ლოკოკინა  შეიცავს   (100 გრამზე):წყალი: 79 გრამი,  ცილა: 16 გრამი, ნახშირწყლები: 2 გრამი, ცხიმი: 1 გრამი, მაგნიუმი: 250 მგ,  კალციუმი: 170 მგ, რკინა: 3,5 მგ.   ნედლი ლოკოკინები ასევე შეიცავს ვიტამინს  A, ვიტამინს  B-12  და  ვიტამინს B-6.  ლოკოკინა   სასარგებლოა   ანემიის     განვითარების  საწინააღმდეგოდ, აუმჯობესებს  გულის  ჯანმრთელობას,  ხელს   უწყობს   გულის ცემის სტაბილურობას,  რასაც   მის   შემადგენლობაში   შემავალი  ომეგა-3    განაპირობებს.  ასევე,  მას    შეუძლია   წნევის   დაწევა   და     მისი  გამოყენება  კარგია  სისხლის    შედედების    საწინააღმდეგოდ. [ 3 ]

შესაბამისად,   კანის პრობლემების   არსებობა  და  ჯანსაღი  ცხოვრების  წესის პოპულარიზება განაპირობებს მზარდ მოთხოვნას   ლოკოკინებზე.   

 ლოკოკიების  ბიზნესი  არის  სოფლის  მეურნეობის  ქვეკატეგორია. ის  ცნობილია, როგორც  მეურნეობის  მომგებიანი  და  დაბალრისკიანი  ფორმა.  ის   მსოფლიოში    ითვლება   ერთ-ერთ   ყველაზე  წარმატებულ  და   ელიტარულ  ბიზნესად.  ლოკოკინა ადვილად ექსპორტირდება ცოცხლად, ვარგისიანობის ვადა 2-დან 6 თვემდეა,  ადვილია  მეურნეობაში სწორი ტექნიკის გამოყენება. საწყისი ინვესტიცია შედარებით დაბალია, ოპერაციული ინვესტიცია კი   უფრო  მაღალი,  თუმცა  მისი  ამოღება  წელიწად  ნახევარში  შეიძლება.  ლოკოკინა   უკვე 8  თვიდან რეალიზდება და  დღეს  ევროპის ბაზარზე  1 კილო ლოკოკინის ფასი 5 ევროა, ხოლო 1  კილო  ლორწოს  ღირებულება  18  ევროს  შეადგენს.  ყველა ხარჯის გამოკლების  შემდეგ,  კი ლოკოკინების ფერმა 75%-იან მოგებას იძლევა. [ 4 ]

ლოკოკინების  საერთაშორისო  ბაზარი

2020  წლის მონაცემებით ლოკოკინების ბიზნესი ბოლო 15  წელიწადში  150%-ით გაიზარდა და მოთხოვნის 40% მაინც დაუკმაყოფილებელია. ლოკოკინას დღეს ევროპის უკვე ბევრ ქვეყანაში  მოიხმარენ, მოთხოვნა იზრდება ჩინეთსა და ბრაზილიაშიც. მოთხოვნაა ლოკოკინის ლორწოზეც, რომელიც ანტისეპტიკია, ამიტომაც არ ემართებათ არანაირი დაავადება. საკვები ლოკოკინების მსოფლიო ბაზარი 300 000 ტონაა,1 მილიარდ ევროდ არის შეფასებული და ის წელიწადში 4,5% –ითიზრდება,  ხოლო ლოკოკინის  ლორწოვანი  გარსის    მსოფლიო  ბაზარი  3,7  მილიარდ  დოლარად  არის  შეფასებული  და  პროექტების  მართვის  ინსტიტუტის ( PMI ) პროგნოზით  2029  წელს  12  მილიარდს  მიაღწევს. [ 1 ]

 2020  წლის მონაცემებით  მსოფლიოში  ყველაზე  მეტ  ლოკოკინას  მოიხმარს  სამი  ქვეყანა,  ესენია:  ესპანეთი – 17000 ტონა,  მაროკო – 9000  ტონა,  საფრანგეთი – 3000  ტონა.  ამ  სამ  ქვეყანაზე  მოდის  მსოფლიო  მოხმარების  67%.  ასევე  მაღალია  ლოკოკინის  მოხმარება იტალიაში, ჩინეთში, უნგრეთში, ბულგარეთში, პორტუგალიაში, ინდონეზიასა  და  ბოსნია ჰერცოგოვინაში.  ყველაზე  მეტ  ლოკოკინას   აწარმოებს:  მაროკო – 1900 ტონა,  ესპანეთი – 6500 ტონა, ინდონეზია – 2500  ტონა. მათზე  მოდის  მსოფლიოში  წარმოებული  ლოკოკინების  60%. [ 6 ]

ცხრილი 1-ში  მოცემულია  ლოკოკინების  10  უდიდესი  ექსპორტიორი  ქვეყანა. ცხრილში  ვხედავთ  ექსპორტის  ზრდას  2017  წლიდან  2020  წლის  ჩათვლით,  ბოლო  ერთი  და  სამი  წლის   განმავლობაში. პირველ  ადგილს  მაროკო იკავებს  – 10.48  მლნ ($),    მეორე  ადგილზეა  ლიტვა –  5.78  მლნ ($),  მესამე  ადგილზე  კი  უკრაინა  –  1.9 მლნ ($). კიდევ  ერთი  ქვეყანა,  რომელსაც   ყურადღება  უნდა  მივაქციოთ,   არის  იტალია. იტალიაში  იმდენ   ლოკოკინას  არ  აწარმოებენ,  როგორც  დანარჩენ  ქვეყნებში, მაგრამ  2020  წელს  მან  7-ჯერ  გაზარდა  ექსპორტის  მოცულობა.  

ექსპორტის  სიდიდით  აღსანიშნავია  უკრაინაც.  უკრაინელი  ფერმერები  მზად  იყვნენ  2020  წელს  ბაზრისთვის  1000  ტონა  ლოკოკინა  შეეთავაზებინათ, მაგრამ  პანდემიის  გამო  1000  ტონა  ლოკოკინის   ექსპორტირება  ვერ  მოხერხდა. [ 6 ]

ცხრილი 1: ტოპ  10  ლოკოკინების  ექსპორტიორი  ქვეყანა

     ქვეყანაქვეყნის        
წილი ( % )
ექსპორტის
ღირებულება
( მლნ $ )
1 წლიანი   
ზრდა ( % )
3 წლიანი       
ზრდა ( % )
  2020წ.2020წ.2019წ.2017წ.
1მაროკო33,6210,48+4,14+10,37
2ლიტვა18,545,78+50,48+24,02
3უკრაინა6,081,9+283,10+383,90
4დიდი ბრიტანეთი5,391,68-27,16+29,15
5ირლანდია3,961,23+41,67+203,90
6საფრანგეთი3,751,17-64,89-87,64
7საბერძნეთი3,291,02+7,29-22,67
8სერბეთი3,200,99828-66,55-44,67
9იტალია3,160,98627+615,81+355,51
10ბულგარეთი2,910,90656-10,98-25,66

წყარო:https://www.tridge.com/intelligences/snail

ცხრილი  2-ში  ვხედავთ  ლოკოკინების   უდიდეს  იმპორტიორ  ქვეყნებს. 2019  წლიდან 2020  წლამდე   10  ქვეყნიდან  8  ქვეყანას  აქვს  ზრდა,  ხოლო  ათიდან  ათივეს  აქვს   ზრდა  ბოლო  სამი   წლის   განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ 2020  წელს  მაკედონიამ  იმპორტი  გაზარდა  6-ჯერ.

ცხრილი 2:  ტოპ  10  ლოკოკინების  იმპორტიორი  ქვეყანა

ქვეყანაქვეყნის წილი ( % )იმპორტის
ღირებულება (მლნ $)
1 წლიანი
ზრდა ( % )
3 წლიანი
ზრდა   ( % )
  2020წ.2020წ.2019წ.  2017წ.
1ესპანეთი38.712,89+3,61+25,92
2საფრანგეთი16.575,52-61,84-73,88
3პორტუგალია9.123,04-2,20-39,33
4ლიტვა7.22                2,4+52,42+104,70
5დიდი ბრიტანეთი6.582,19-18,91+19,14
6საბერძნეთი3.991,33+169,29+133,24
7ჩინეთი3.411,14-56,96-48,72
8ჰონგ კონგი2.330,77672-58,44-70,71
9გერმანია2.220,7387-14,00+39,95
10მაკედონია1.510,50248+581,32                           0

 წყარო:  https://www.tridge.com/intelligences/snail

COVID-19-ის   გავრცელების  საწინააღმდეგოდ დაწესებულმა  ანტიპანდემიურმა  შეზღუდევბმა  რიგ   სექტორებში   ეკონომიკური აქტივობა  შეაჩერა. თავისთავად,  პანდემიამ  ლოკოკინების  ბიზნესზეც  იქონია  მცირედი  ზეგავლენა. ცხრილი 1-ის  და  ცხრილი 2-ის  მიხედვით    შეგვიძლია  ვთქვათ, რომ    რამდენიმე  ქვეყანაში  იყო   ექსპორტისა  და  იმპორტის  შემცირება,  მაგალითად   საფრანგეთმა  ექსპორტი  შეამცირა  64%-ით,  ხოლო  იმპორტი 61%-ით,  თუმცა  პანდემიის  მიუხედავად,  ბევრ  ქვეყანაში  გაიზარდა  იმპორტიც  და  ექსპორტიც.  საერთო  ჯამში  კი  ზრდა  უფრო  მეტი  იყო  ვიდრე  კლება,  ეს  კი  იმაზე  მიუთითებს, რომ  პანდემია  წარმოების  ამ  დარგზე  დიდ   გავლენას  ვერ  ახდენს.

ლოკოკინების  ბიზნესი  საქართველოში

რამოდენიმე წლის წინ, ახალციხეში ერთმა იმერელმა ქალმა ლოკოკინების ფერმა გააშენა, თავდაპირველად ამ ამბავმა ყველა გააკვირვა, მაგრამ სიახლემ  მალე გაამართლა  და დღეს არაერთი  ლოკოკინების ფერმა  არსებობს.   პირველ  პროექტს  საფუძველი ჩაეყარა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში, სადაც ბიზნესმენმა მერაბ ნადარაიამ სახელმწიფოს დახმარებით  2018  წელს  თანამედროვე  სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ ჩამოაყალიბა.  ფერმა 6 ჰექტარზეა   გაშენებული.  აღმოჩნდა,  რომ   საქართველოს   კლიმატი  ლოკოკინების  მოშენებისთვის   შესაფერისია.  ერთ  ჰექტარზე  დაახლოებით  80 000 ევროს  ინვესტიციაა საჭირო,  რომლის  ამოღებაც  წელიწად ნახევარში  არის  შესაძლებელი, ინვესტირებაში კი დიდი  მხარდაჭერაა  სახელმწიფოს  მხრიდან.    2019  წლის  დასაწყისში  15 ფერმა  იყო,  2020 წელს  კი,  50 ახალი ფერმის გაშენება  დაიწყო.   2020  წელს  ექსპორტის  სიდიდე   გაიზარდა სამჯერ  და ქვეყნიდან  300  ტონა ლოკოკინა გავიდა,  რაც დაახლოებით 720 000 ევროს შემოსავალს ნიშნავს. ასე რომ, ამ საქმეს ქვეყნისთვის დიდი პერსპექტივა აქვს.  ქვეყანაში  მოქმედი ფერმებიდან ყველაზე მსხვილი ,,ნადი გრუპია”, რომელმაც 2020  წელს  45 ტონა ლოკოკინა  გაიტანა  ექსპორტზე,   2021  წლის  ბოლოსთვის  კი  100 ტონა  ლოკოკინის ექსპორტირება  იგეგმება.  აღსანიშნავია, რომ კომპანია მზად  არის,  სრულიად  უსასყიდლოდ    გაუწიოს  კონსულტაცია  ყველას,  ვისაც   სურს  ლოკოკინების  მოშენება.  2020 წელს  „ნადიგრუპმა“  იტალიური ინვესტიციით ხობში ლოკოკინების ნახევარ ფაბრიკატების ქარხნის მშენებლობა  გადაწყვიტა.  დღეს   ხელშეკრულება  უკვე დადებულია, პროექტი  მზადაა  და  აღსანიშნავია  ის, რომ  ლოკოკინის ნახევარ ფაბრიკატებზე დიდი  მოთხოვნაა  საქართველოშიც  და  საზღვარგარეთაც. 2020   წლის  აპრილის  თვიდან  ამუშავდა  ლოკოკინების ინკუბატორი (ლოკოკინგი),  სადაც  ხდება  საჯიშე  ლოკოკინების  გამოყვანა  მოთხოვნის  შესაბამისად.  აქ   მამაკაცებთან  ერთად  ქალბატონებიც     მუშაობენ. ლოკოკინებისთვის  საჭირო  საკვების  შეძენა  2018-2019 წლებში  ხდებოდა  საზღვარგარეთიდან,  2020  წლის  მარტიდან  კი,  მისი  წარმოება  საქართველოში  დაიწყო.  „ნადი გრუპი“ ფარმაცევტული  და კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი კომპანიებისთვის საჭირო  ნედლეულის წარმოებასაც გეგმავს. საუბარია, ლოკოკინის ლორწოზე, რომელსაც სამედიცინო დანიშნულება აქვს.  ასევე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს   ჩინეთთან  და  თუ  ყველაფერი   დადებითად გადაწყდა, ჩინეთში  ლოკოკინის ხორცის პირველი პარტია 2021  წლის ბოლოსთვის გავა.  [ 4 ] [ 7 ]

ლოკოკინების წარმოების უდიდესი იტალიური ჯგუფის წარმომადგენლის,  იტალიური წარმოების მოლუსკების, კვებისა და ლოკოკინების თერაპიის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის,  სიმონე  სამპოსის  ვარაუდით  საქართველოში   მომავალი  5  წლის  განმავლობაში  3500  ჰექტრის  ფართობზე,  3000-ზე  მეტი  ფერმა  გაიხსნება,  რომელიც  80 000-მდე   ახალი   სამუშაო   ადგილის   გაჩენას   გამოიწვევს.       [ 7 ]

ნებისმიერი    სახის  საექსპორტო     პროდუქტს    სახელმწიფოსთვის   ძალიან    დიდი     მნიშვნელობა    აქვს. ამ  ბიზნესის  განვითარება  კი, იქნება  ერთ-ერთი  ხელშემწყობი  საშუალება  ქვეყანაში  არსებული მძიმე ეკონომიკური  მდგომარეობის  გასაუმჯობესებლად. ლოკოკინების  ბიზნესის  განვითარება  ხელს უწყობს  უმუშევრობის  შემცირებას რეგიონებში. ფერმების  რაოდენობა  სულ  უფრო  იზრდება,  თითოეულ  ფერმაში  მუდმივად  დაახლოებით   15  ადამიანი  არის   დასაქმებული, ფერმის  გაშენების  დროს  კი  უფრო  მეტი  მუშახელია  საჭირო.  ეს  ბიზნესი  კარგია  იმიტომაც, რომ   ლოკოკინების  მოშენება  შესაძლებელია  სახლის  პირობებშიც. ყველა  ოჯახს  შეუძლია  რამდენიმე  სექციის გაშენება  და ამით  დამატებითი  შემოსავლის  მიღება.

დასკვნა

ამგვარად,  ქვეყანაში  არსებული  მძიმე  ეკონომიკური  მდგომარეობის  გათვალისწინებით,   აუცილებელია  მცირე  ბიზნესის  განვითარება, რომელიც  უფრო  ნაკლებად  დამოკიდებულს  ხდის  ადამიანს  სახელმწიფოზე.   ისტორიაში  არ  არსებობს  ისეთი  წარმატებული  და  განვითარებული  ქვეყანა,  რომელმაც  წარმოების  გაფართოების  გარეშე   მოახერხა  ეკონომიკის  გაძლიერება.  მცირე  ბიზნესი  კი სწორედ  ამის  შესაძლებლობას  იძლევა.  როგორც  ამერიკელები  ამბობენ  ის  არის  ,,ეკონომიკის   კუნთები’’.   წარმატებულ  მცირე ბიზნესად   კი    შეგვიძლია   ჩავთვალოთ   ლოკოკინების  ბიზნესი,   რომელმაც   მოკლე  დროში  განვითარების  დიდი  პოტენციალი  აჩვენა.  აღსანიშნავია,  რომ  დასავლეთ  საქართველოს  კლიმატი  სრულიად  შესაფერისია  მისი  მოშენებისთვის.   მართალია,  იმის  თქმა, რომ   ლოკოკინების   ბიზნესი   ქვეყანაში   ეკონომიკურ     პრობლემებს    მოაგვარებს    გადაჭარბებულია,  მაგრამ  ფაქტია,   რომ   მისი     განვითარება   იქნება    ერთ-ერთი   ხელშემწყობი  საშუალება,   ქვეყანაში  არსებული   მძიმე   ეკონომიკური   მდგომარეობის   გასაუმჯობესებლად.  ამ   ბიზნესმა   მასთან    დაკავშირებული  წარმოებების   გაჩენაც   განაპირობა:   საქართველოშივე   დაიწყო   ლოკოკინების  საკვები  პროდუქტების     წარმოება,     რომელიც     ადრე   საზღვარგარეთიდან     შემოჰქონდათ,    აშენდა  ინკუბატორები ( ლოკოკინგი ),  რომლებიც   ლოკოკინის  ფერმის  გაშენების  მსურველებს  საშუალებას  აძლევს  საჯიშე   ლოკოკინები  საქართველოშივე  შეიძინონ, დაწყებულია  ლოკოკინების  ნახევარფაბრიკატების    ქარხნის    აშენება,   იგეგმება ფარმაცევტული  და კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი კომპანიებისთვის საჭირო  ნედლეულის  წარმოება,   გაფართოების  კუთხით კი  მოლაპარაკებები  მიმდინარეობს  ჩინეთთან.    ეს     ყველაფერი    კი    დასაქმებულთა     რაოდენობას    ზრდის,  ამცირებს  რეგიონებში  სიღარიბის  დონეს  და  ზრდის   ქვეყნის  ექსპორტს. საერთაშორისო  ბაზარზე  მუდმივად  იზრდება  ლოკოკინებზე  მოთხოვნა,  ამიტომ   ვერ  ხდება  მისი  დაკმაყოფილება.  ეს  უკანასკნელი დიდ  შესაძლებლობას  აძლევს  ლოკოკინის  მწარმოებელ  ქვეყნებს,  რომ  გაზარდონ  ექსპორტი  და  ბაზარზე  დომინანტური  პოზიცია  დაიკავონ,  ვფიქრობ  ეს  შანსი  აუცილებლად  უნდა  გამოიყენოს  საქართველომ.  აღსანიშნავია,  რომ სიმონე  სამპოს  ვარაუდით  2026  წელს    ფერმების  რაოდენობა  3000-ზე მეტი  იქნება,  ეს   კიდევ  ერთხელ  ადასტურებს  ამ  ბიზნესის  განვითარების  დიდ  პოტენციალს.  მიუხედავად  ამისა,  ვფიქრობ   უმჯობესია  პროცესის  დაჩქარება  იმისათვის, რომ  ლოკოკინებზე  მოთხოვნის  უფრო  მეტი  წილი საქართველომ  დააკმაყოფილოს  და   საერთაშორისო  ბაზარზე  გახდეს  ერთ-ერთი  მსხვილი  ექსპორტიორი.  ამისათვის  კი,  საჭიროა  სახელმწიფოს  მხრიდან  მეტი  სტიმულირება  და   მოსახლეობაში  ინფორმირებულბის  გაზრდა,  რადგან  დასავლეთ  საქართველოში  ხალხის  გარკვეული  ნაწილი  ჯერ  კიდევ  სკეპტიკურად  არის  განწყობილი  ლოკოკინების  ბიზნესის  მიმართ, ზოგმა  კი  საერთოდ  არ  იცის  ამის  შესახებ.

  ლოკოკინების  ბიზნესის  გავითარება  არის  იმის  მაგალითი, რომ  საქართველოში  სხვა  მრავალი  მცირე  ბიზნესის  განვითარების  შესაძლებლობა  არსებობს.

გამოყენებული  ლიტერატურა:

1.https://www.pmi.org

2.  https://www.snail-world.com

3. https://www.webmd.com › … › Reference

4.http://nadigroupsnails.com

5. https://theconversation.com › topics › snails-40436

 6. https://www.tridge.com/intelligences/snail

 7. https://www.entrepreneur.com › article